გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330210323006979992 2/6889-23
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
20 23 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – არჩილ კოჭლამაზაშვილი
განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – შოთა ფანცულაია
მოვალე – შპს ,,კავკაზ კაბელი“ (ს/ნ 400015951)
მოთხოვნა – გაკოტრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გამოარკვია
2023 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „კავკაზ კაბელი“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,კავკაზ კაბელი“ (ს/ნ 400015951) დაფუძნდა 2011 წლის 11 თებერვალს. 2013 წლის 23 აპრილს შპს „კავკაზ კაბელის“ 100% წილი ელჩინ ჰუმატოვისაგან 120 000 (ასოცი ათას) აშშ დოლარად შეიძინა ნუსრატ მამედოვმა, რომელიც ამჟამად არის სამეწარმეო საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე. 2017 წლის 28 აპრილიდან დღემდე სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი გახლავთ არიფ გურბანოვი. 10.02.2011 წლის წესდების შესაბამისად შპს ,,კავკაზ კაბელის“ საქმიანობის საგანი გახლავთ ყველა სახის კაბელის წარმოება, ექსპორტი-იმპორტი, ვაჭრობა; ყველა სახის ენერგო გადამცემი კაბელების წარმოება. ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. ყველა სახის მანქანა-დანადგარების წარმოება, ექსპორტი, იმპორტი წარმოება. ყველა სახის პლასტიკური ნედლეულის, დამხმარე მასალის და პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. საპროექტო, სარემონტო, სამშენებლო სადიზაინერო, სარესტავრაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება; საკომუნიკაციო საშუალებების ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობა. ტექსტილის წარმოება ექსპორტ-იმპორტი, რეექსპორტი და ვაჭრობა; კომერციული საქმიანობა, საცალო და საბითუმო ვაჭრობა; სასაწყობო მომსახურება.
განმცხადებლის განმარტებით ასევე შპს „კავკაზ კაბელი“ არის გადახდისუუნარო. საყოველთაოდ ცნობილმა კოვიდპანდემიამ შპს „კავკაზ კაბელის“ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებაზე გარდამტეხი როლი მოახდინა, პანდემიის დაწყებისთანავე შპს „კავკაზ კაბელმა“ შეწყვიტა ფუნქციონირება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მოვალის ეკონომიკური საქმიანობა მთლიანად დამოკიდებული გახლდათ პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე. ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვამ და საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია შპს „კავკაზ კაბელის“ ფუნქციონირების შეწყვეტა. ამ ეტაპზე შპს „კავკაზ კაბელის“ გააჩნია ვადამოსული ვალდებულებები სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 07.03.2023 წლის შედარების აქტის მონაცემების მიხედვით 2 503 598, 18 ლარი ხოლო, BM., LLC-ის მიმართ 29,07,2019 წლის ინვოისის მიხედვით 21 804.00 დოლარი რაც წინამდებარე განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით (კურსი; 2,5973) წარმოადგენს 56 631, 53 ლარს, ამასთანავე მოვალეს არ აქვს არც ფულადი და არც სხვა მატერიალური რესურსი, რომ დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები.
შპს „კავკაზ კაბელის“ საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, წილი სხვა კომპანიაში, აგრეთვე, საკუთრებაში არ ერიცხება და არც ჰქონია საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალება, საბანკო ანგარიშებზე არ უფიქსირდება თანხა და არც თანხის ბრუნვა, არსებობს დებიტორული მოთხოვნა, თუმცა, დებიტორულ მოთხოვნას რეალური ღირებულება არ გააჩნია. შპს „კავკაზ კაბელი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ: 400015951) წარმომადგენელს - გიორგი გელაძეს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებით აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებგვერდზე; ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია; განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 13 აპრილს შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, წარმოდგენილ იქნა განცხადება. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას წარმოადგენს გაკოტრების რეჟიმის გახსნა, ვინაიდან მოვალეს ბიუჯეტის მიმართ აქვს 2,504,822 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით შემოსავლების სამსახურის დაუდგინდა ხარვეზი.
სსიპ – შემოსავლების სამსახურს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2023 წლის 24 აპრილს კანონით დადგენილ ვადაში შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „კავკაზ კაბელის“ მიმართ უნდა გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება ცნობილ იქნეს დასაშვებად.
2. შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ 400015951)მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „კავკაზ კაბელის“ (ს/ნ 400015951) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - სოფიო მაჭავარიანი (პ/ნ 01010002298, ტელ.: 591 906040), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი