გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10482-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   
   
საქმე N2/10482-23

330216923007141656

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

2023 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

 

განმცხადებელი – შპს „თნთფარმა“

წარმომადგენელი  ოთარ მამულია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ საქმის წარმოების დაწყება

 სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „თნთფარმას“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თნთფარმას“ წარმომადგენელმა, ოთარ მამულიამ, რომელმაც მოითხოვა შპს „თნთფარმა“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს და არც გააჩნია ასეთი საქმიანობის გაგრძელების სურვილი და შესაძლებლობა, ასევე, კომპანიას დღეის მდგომარეობით ჰყავს 5 კრედიტორი, რომელთა მიმართ დავალიანება შეადგენს 32 944.71 ლარს, ამასთან, მოვალეს სახელმწიფოს მიმართ არ გააჩნია არანაირი საგადასახადო დავალიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით განმცხადებელ შპს „თნთფარმას“ განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადა. ხარვეზი შევსებული იქნა დანიშნულ ვადაში.

 

 სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თნთფარმას“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „თნთფარმას“ აქტივს წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა – 315 ლარი და ავტომობილი OPEL COMBO (ს.ნ.WOLOXCF2543058149, სახ. ნომერი VP924VP), ასევე 4 ცალი სალარო აპარატი, რომელთა ღირებულება ჯამურად შეადგენს 8700 ლარს. საზოგადოებას ბალანსზე სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).

 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული კანონის მოყვანილ ნორმათა ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ავტომობილით OPEL COMBO (ს.ნ.WOLOXCF2543058149, სახ. ნომერი VP924VP) და 4 ცალი სალარო აპარატით, ასევე საბანკო ანგარიშზე განთავსებული 315 ლარით ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი. შესაბამისად, არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები.

 

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „თნთფარმას“ (ს.ნ.405019518) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

 მოსამართლე                                                                      ზაალ მარუაშვილი