„საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა (2023-2027 წლები)“

მიღების თარიღი 21.04.2023
ძალაში შესვლა 21.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №60-27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016731
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2023
matsne.gov.ge 1,976 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2023 მიღება
21.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საქართველოს მთავრობის სახელით იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ილია დარჩიაშვილი ანტონიო ტაიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 27.02.2015 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 13.09.2022 საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015-2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 08.06.2015 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 26.01.2024

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა (2023-2027 წლები)“ საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა (2023-2027 წლები) საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 მაისს, ქ. რომში ხელმოწერილი კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების თანახმად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთკავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების სურვილისა და კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა და განვითარების ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეთანხმდნენ 2023-2027 წლებისთვის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის წინამდებარე აღმასრულებელი პროგრამის თაობაზე. მხარეებმა შეათანხმეს პრიორიტეტული სფეროები: განათლების სფერო და ენის პოპულარიზაცია. კულტურული ღონისძიებები. კულტურული მემკვიდრეობა. სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა. თანამშრომლობა ინფორმაციისა და რადიო-სატელევიზიო კომუნიკაციის კუთხით. სპორტი და ახალგაზრდობა. ადამიანის უფლებები. 1. განათლების სფერო და ენის პოპულარიზაცია ზოგადი განათლება 1.1. მხარეები ითანამშრომლებენ ზოგადი განათლების სფეროში სხვადასხვა ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც განისაზღვრება ქვეყნების შესაბამის სამინისტროებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით. ამ მიზნით, იტალიური მხარე აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს: საქართველოსა და იტალიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას; ორი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას; აკადემიური პერსონალის მომზადებას, პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებასა და მეთოდური მასალებით უზრუნველყოფას; შესაბამისი ენებისა და კულტურების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 1.2. მხარეები კმაყოფილებით აღნიშნავენ შპს – ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლაში „ცისკარი“ ორენოვანი, ქართულ-იტალიური სასწავლო პროგრამის დანერგვას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში 2016 წლის 7 ნოემბერს, ქ. თბილისში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იტალიური ენის სწავლებას დაახლოებით 7000 მოსწავლისათვის. მხარეები გააგრძელებენ ამ სასწავლო პროგრამის ხელშეწყობას და მის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას. პროფესიული განათლება (VET) 1.3. ურთიერთშეთანხმებით და ორ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ პროფესიული განათლების (VET) სფეროში სხვადასხვა ინიციატივის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, მხარეები აცხადებენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ: საქართველოსა და იტალიის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას; ორი ქვეყნის ექსპერტების, პროფესიული მასწავლებლების, ინსტრუქტორებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას წინამდებარე შეთანხმების თანახმად; პროფესიული განათლების (VET) პოლიტიკის განვითარების შესახებ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას; პროფესიული განათლების სისტემასა და მართვის ინოვაციურ მოდელებზე, ასევე ახალ საგანმანათლებლო მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე, ინფორმაციის გაცვლას; ხარისხის მართვასა და კვალიფიკაციების განვითარებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას; სასწავლო რესურსების, ინფორმაციისა და სადემონსტრაციო მასალის ერთობლივ შემუშავებას და გაზიარებას; თანამშრომლობას აკადემიური კრედიტების ტრანსფერის კუთხით და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; პროფესიული განათლების (VET) სფეროში თანამშრომლობას კონკურსების, კონფერენციების, გამოფენებისა და სემინარების ორგანიზების კუთხით; შეძლებისდაგვარად, გამოცდილების გაზიარებას ევროკავშირის ისეთ პროგრამებთან დაკავშირებით, როგორიცაა Erasmus+, „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe”) და სხვ. უმაღლესი განათლება 1.4. ურთიერთშეთანხმებით და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებს სამეცნიერო კვლევისა და საერთო ინტერესების სფეროთა განსაზღვრისათვის. ქართული და იტალიური ენის სწავლება და პოპულარიზაცია 1.5.1 მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში შესაბამისი ენისა და კულტურის გავრცელებას. 1.5.2. იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, განიხილავს შესაძლებლობას, ფინანსურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს იტალიური ენის კათედრების ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე, იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებისათვის იმ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც შესაბამის მოთხოვნას დიპლომატიური არხებით გააგზავნიან. 1.5.3. იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, განიხილავს შესაძლებლობას, უზრუნველყოს იტალიური სასწავლო მასალების, აგრეთვე, იტალიური ენის შესწავლისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული განვითარების კურსების ორგანიზებისათვის აუცილებელი წიგნებისა და აუდიო-ვიდეო მასალების მიწოდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კულტურის დაწესებულებებისათვის, რომლებიც შესაბამის მოთხოვნას დიპლომატიური არხებით გააგზავნიან. 1.5.4.მხარეები გამოხატავენ მზაობას, ხელი შეუწყონ დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობას საქართველოში, რომელსაც ამ საზოგადოების თბილისის კომიტეტი ახორციელებს და ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას დიდაქტიკური და კულტურული აქტივობების ორგანიზების მეშვეობით, წიგნების მარაგის განახლებას, სისტემის „Cliq” ფარგლებში იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის “Plida” (“Progetto Lingua Italiana Dante Alighieri”) და იტალიური ენის შემსწავლელი კურსის “ADA” (“Attestato Dante Alighieri”) გავრცელებას. 2021 წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ციფრულ პლატფორმა DANTE.GLOBAL -თან მიერთების შესახებ. სასწავლო სტიპენდიები 1.6. იტალიური მხარე, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად გასცემს სასწავლო სტიპენდიებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სასწავლო კურსებზე, სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებზე, სპეციალიზაციისა და იტალიური ენის კურსებზე სასწავლებლად. იტალიური მხარე, ყოველწლიურად, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინებს სასწავლო სტიპენდიების რაოდენობას, თანხობრივ ოდენობასა და მათი გაცემის პირობებს. გარდა ამისა, სტიპენდიანტებისთვის გამოყოფილი იქნება ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა, გარდა ქრონიკული დაავადებებისა და ორთოდონტული სტომატოლოგიური მომსახურეობის შემთხვევებისა, და გათვალისწინებული იქნება საუნივერსიტეტო გადასახდელებისგან ნაწილობრივი გათავისუფლება, თუ ეს გადასახდელები განსაზღვრულია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. ამ კუთხით, იტალიური მხარე განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ქართველი სტუდენტების სწავლასა და დახელოვნებას იტალიაში რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში. 1.7. მხარეები კმაყოფილებით აღნიშნავენ ქართველი სტუდენტებისთვის იტალიაში სასწავლებლად განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამის თანადაფინანსების პროგრამის განხორციელებას სსიპ – საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის 2018 წლის 16 ივლისს თბილისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. 2. კულტურული ღონისძიებები წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, ორივე მხარე ხელს შეუწყობს ინიციატივების განხორციელებას შემდეგ სფეროებში: გამოფენები 2.1. ორივე მხარე, ურთიერთშეთანხმებით და საკუთარი ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს მაღალი დონის გამოფენების გამართვას და, ასევე, გამორჩეული მხატვრული ღირებულებების მქონე შედევრების ორმხრივ გაცვლას დროის გარკვეული პერიოდით, ორივე ქვეყანაში მათი პოპულარიზაციის მიზნით. მუსიკა, ქორეოგრაფია, თეატრი, კინო 2.2. წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები ურთიერთშეთანხმებით ხელს შეუწყობენ გამორჩეული ჯგუფებისა თუ ცალკეული ხელოვანების სპექტაკლებისა და გასტროლების განხორციელებასა და თანამშრომლობას ორი ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებებსა და ასოციაციებს შორის. 2.3. მხარეები  ურთიერთშეთანხმებით ხელს შეუწყობენ კინემატოგრაფის დარგში თანამშრომლობას, საქართველოსა და იტალიაში გამართულ კინოფესტივალებში კინოხელოვანების მონაწილეობას, პოპულარიზაციას გაუწევენ კინო კვირეულებისა და კინოჩვენებების გამართვას და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის კინემატოგრაფის დარგში მომუშავე დაწესებულებებს, ასოციაციებსა და პროფესიონალებს შორის. ფესტივალები, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები 2.4. მხარეები გაცვლიან ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ორივე ქვეყნის ფესტივალებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების გამართვის თაობაზე და ურთიერთშეთანხმებით გაამარტივებენ გამორჩეული ქართული და იტალიური ჯგუფებისა თუ ცალკეული ხელოვანების მონაწილეობას ამ ღონისძიებებში. 2.5. მხარეები გაცვლიან გამოცდილებას ევროკავშირის პროგრამებისა და კულტურის სფეროში, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe”) ინიციატივებთან დაკავშირებით. 2.6. მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა შემოქმედებითი ინდუსტრიების პარტნიორობას და, შესაბამისად, გაცვლიან შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულებს, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის. 2.7. მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სტრატეგიების (სამთავრობო, რეგიონული და დარგობრივი) შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების, მათი მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, რისთვისაც ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ექსპერტების, პუბლიკაციების და ა.შ. ურთიერთგაცვლას; ჩაერთვებიან მხარეთა მიერ კულტურის პოლიტიკის კვლევასა და შემუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.). იტალიური მხარე იუწყება, რომ უცხოეთში მისი კულტურული საქმიანობის ყოველწლიურ პროგრამაში ზოგიერთი პრიორიტეტული სფეროსთვის (იტალიური ენა, თანამედროვე ხელოვნება, მუსიკა, კინემატოგრაფი და შემოქმედებითი ინდუსტრია) განსაზღვრულია ღონისძიებები, რომლებიც ერთდროულად იმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 3. კულტურული მემკვიდრეობა არქივები 3.1. ორივე მხარე, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე და ორმხრივობის პრინციპის დაცვით, გამოცემების, მიკროფილმებისა და სხვა დოკუმენტაციის გაცვლის მეშვეობით, წაახალისებს ქვეყნების საარქივო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და სასწავლო და კვლევითი ვიზიტების განხორციელებას. ბიბლიოთეკები 3.2. მხარეები, ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, წაახალისებენ თანამშრომლობას ბიბლიოთეკებს, აკადემიებსა და კულტურულ ინსტიტუციებს შორის წიგნების, გამოცემების, პრესის, მიკროფილმებისა და შესაბამისი ასლების გაცვლის მეშვეობით. 3.2.1. იტალიური მხარე ვალდებულებას იღებს, საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსებული სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური წიგნების საცავის გამდიდრებას, რომელიც შედგება თბილისში იტალიის საელჩოს მიერ საჩუქრად გადაცემული 4600-მდე წიგნისგან. საგამომცემლო საქმიანობა 3.3. მხარეები ხელს შეუწყობენ მაღალი ღირებულების მქონე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას, რაც დაეხმარება ორივე ქვეყნის ლიტერატურის, სამეცნიერო და სამხატვრო ნამუშევრების უკეთ გაცნობას. 3.4. იტალიური მხარე ვალდებულებას იღებს, შეატყობინოს ქართულ მხარეს უცხო ენაზე იტალიური წიგნების მთარგმნელებისათვის შემდეგი პრემიებისა და გრანტების მისაღებ კონკურსებში მონაწილეობის წესების შესახებ: „ეროვნული პრემია თარგმანისათვის“ უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლობებისათვის, რომელსაც გასცემს კულტურის სამინისტრო, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით; ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმებისა და ფართო მასებისათვის განკუთვნილი სერიალების თარგმანის, ტიტრების მომზადებისა და დუბლირებისათვის, გამომცემლებისა და იტალიელი და/ან უცხოელი მთარგმნელებისათვის განკუთვნილი პრემიები და ფინანსური გრანტები, რომლებსაც იტალიური კულტურის გავრცელების მიზნით, პერიოდულად გასცემს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო სამინისტროს საჯარო დიპლომატიის გენერალური დირექცია. არქეოლოგია, მუზეუმები, რესტავრაცია, არქიტექტურა და თანამედროვე ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა 3.5. მხარეები ურთიერთშეთანხმებით წაახალისებენ თანამშრომლობას არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის, კონსერვაციისა და დაცვის სფეროში კომპეტენტურ სამინისტროებს შორის. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრულ პროექტებს რესტავრაციისა და კონსერვაციის დარგში. 3.5.1. მხარეები გამოთქვამენ სურვილს, განსაზღვრონ სარესტავრაციო პროექტები, რომლებსაც ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ. 3.6. პრევენციული და აღმკვეთი ზომების მეშვეობით, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის გამოვლენის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ითანამშრომლონ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობებისა და „კულტურულ ღირებულებათა უკანონო შემოტანის, გატანისა და საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვისა და აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ“ 1970 წლის იუნესკოს კონვენციის თანახმად. მხარეები, შესაძლებლობის ფარგლებში, ითანამშრომლებენ წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, წყალქვეშა არქეოლოგიასთან დაკავშირებული ორივე ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იუნესკოს 2001 წლის საერთაშორისო კონვენციის დებულებების შესაბამისად. 3.7. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ თანამშრომლობას იუნესკოს მიერ 1972 წელს მიღებული მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და 2003 წელს მიღებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მხარეები ვალდებულებას იღებენ ასევე ითანამშრომლონ იუნესკოს მიერ 2005 წელს კულტურული თვითგამოხატვის, მრავალფეროვნების, დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ მიღებული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. 4. სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა 4.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მეცნიერების ორივე მხარისათვის საინტერესო ყველა დარგში. 4.2. მხარეები კეთილგანწყობით ეკიდებიან არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის, როგორც  ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროგრამის, ასევე ფონდის ორგანიზაციულ-ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. 4.3. მხარეები ხელს შეუწყობენ, ევროკავშირის პროგრამის “Horizon Europe” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, მოქმედ კონსორციუმ(ებ)ში ორივე ქვეყნის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, მცირე და საშუალო საწარმოების ჩართვას. 4.4. მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გამყარების მიზნით მხარეები წაახალისებენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ინდუსტრიულ საწარმოებს შორის თანამშრომლობას. 4.5. მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ინსტიტუციებს, შესაბამის საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს შორის მიღწეული ურთიერთობების განვითარებას შემდეგი მიზნით: ერთმანეთთან შეთანხმებულ სამეცნიერო სფეროებში კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად განხორციელებისათვის; სამეცნიერო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლისათვის; სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად და გამოცდილების გაზიარების გასაფართოებლად სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის ვიზიტების ორგანიზებისათვის; კონფერენციების, სემინარებისა და სხვა სახის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზებისათვის. 4.6. მხარეები მიესალმებიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდს (COTEC) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განუსაზღვრელი დროით განახლებას, რომელსაც ხელი მოეწერა თბილისში, 2020 წლის 25 ნოემბერს, ამ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების იტალიაში სასწავლო ვიზიტების პროგრამის გააქტიურებასა და ამ სფეროში კონტაქტების შემდგომ გაძლიერებას. 5. ინფორმირება და თანამშრომლობა რადიო და სატელევიზიო კომუნიკაციის სფეროში 5.1. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებს რადიო და სატელევიზიო კომუნიკაციის სფეროში კომპეტენტურ და დაინტერესებულ უწყებებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების გზით. 6. სპორტი და ახალგაზრდობა 6.1. მხარეები ითანამშრომლებენ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სფეროში, რომელიც რეგულირდება ამ სფეროში პერიოდულად გაფორმებული ხელშეკრულებების მეშვეობით. 6.2. მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში თანამშრომლობის განვითარებას, ორი ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, შესაბამის ოლიმპიურ კომიტეტებს შორის კონტაქტების მეშვეობით. ზემოაღნიშნული კონტაქტების ორგანიზებისთვის საჭირო ნებისმიერ ხარჯს თითოეული მხარე გაიღებს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე. 6.3. მხარეები, შესაბამისი პროგრამების მეშვეობით, ხელს შეუწყობენ სპორტში ძალადობის, დისკრიმინაციის, დოპინგისა და თაღლითობის გამოვლენას. 6.4. მხარეები ითანამშრომლებენ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ექსპლუატაციის თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით, ასევე, ხელს შეუწყობენ ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას. 7. ადამიანის უფლებები 7.1. მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული ღონისძიებების გამართვას ადამიანის უფლებათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოპულარიზაციისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით; კერძოდ, ხელს შეუწყობენ იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი გენდერული თანასწორობის დაცვა, ქალთა და გოგონათა STEM - განათლებაში ჩართულობა, ქალთა შემოქმედებითობისა და კულტურის სფეროში საქმიანობის როლის ხაზგასმა და ასევე, მამაკაცთა მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. 7.2. წინამდებარე პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული მიზნების მისაღწევად, მხარეები გამოიყენებენ წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული კულტურული თანამშრომლობის ღონისძიებებს. 8. დასკვნითი დებულებები 8.1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. 8.2. წინამდებარე პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც ძალაში შევა იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე პროგრამის ძალაში შესვლისათვის, და მისი განუყოფელი ნაწილი იქნება. 8.3. წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მომდევნო პროგრამის ხელმოწერამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. პროგრამა მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები განხორციელდება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვითა და იტალიის ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად. ხელმოწერილია ქ. რომში, 2023 წლის 21 აპრილს, ქართულ და იტალიურ ენებზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ დედნად. საქართველოს მთავრობის სახელით იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ილია დარჩიაშვილი ანტონიო ტაიანი საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი