„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 26.01.2023
ძალაში შესვლა 01.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №25-23
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016728
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2023
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს მთავრობის სახელით | დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით |
| _________ხელმოწერილია____________ | _________ხელმოწერილია____________ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
საქართველოს მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა (შემდგომში ცალ-ცალკე მოხსენიებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი);
განზრახული აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით,
სურთ რა, წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, შეიმუშავონ სწრაფი და ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, კერძოდ: „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციიდან, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციიდან და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის 1967 წლის 31 იანვრის ოქმიდან.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
„საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა;
„გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით განსაზღვრული გაერთიანებული სამეფოს ბინადრობის უფლებით;
„მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის გარდა;
„მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა;
„ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;
„ვიზა“ ნიშნავს საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტულად გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;
„მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან გაერთიანებული სამეფო), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;
„მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან გაერთიანებული სამეფო), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;
„კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-19(1)(a) მუხლის შესაბამისად;
„ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;
„სასაზღვრო რეგიონი“ ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო პორტების, ეკონომიკური საზღვრის კვეთის ზონების ჩათვლით, და საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიიდან 5 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება;
„გაერთიანებული სამეფო“ გულისხმობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და გიბრალტარის ტერიტორიებს, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვაზეც პასუხისმგებლობა აკისრია გაერთიანებულ სამეფოს.
ნაწილი I
საქართველოს რეადმისიის ვალდებულებები
მუხლი 2🔗
საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
საქართველო, გაერთიანებული სამეფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ, დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.
საქართველო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა და მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და
პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც დაკარგეს ან რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან სულ მცირე მიღებული ჰქონდათ ნატურალიზაციის პირობა.
რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს გაერთიანებული სამეფოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს გაერთიანებული სამეფოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მუხლი 3🔗
მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
საქართველო, გაერთიანებული სამეფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე;
პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
გაერთიანებულმა სამეფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
პირს გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;
გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან
პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.
საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.
რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს გაერთიანებული სამეფოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ნაწილი II
გაერთიანებული სამეფოს რეადმისიის ვალდებულებები
მუხლი 4🔗
საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
გაერთიანებული სამეფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები არიან.
გაერთიანებული სამეფო, ასევე, განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და
პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
გაერთიანებული სამეფო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებიც გავიდნენ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს სულ მცირე მიღებული ჰქონდათ ნატურალიზაციის პირობა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისაგან.
რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ გაერთიანებულმა სამეფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ გაერთიანებულმა სამეფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
მუხლი 5🔗
მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
გაერთიანებული სამეფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
პირს გააჩნია გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;
საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან
პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას;
გაერთიანებულმა სამეფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.
რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაერთიანებული სამეფო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ გაერთიანებულმა სამეფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
ნაწილი III
რეადმისიის პროცედურა
მუხლი 6🔗
პრინციპები
მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.
თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-11(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში (აეროპორტების ჩათვლით), მას შემდეგ რაც მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ 2 დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა).
მუხლი 7🔗
რეადმისიის განაცხადი
შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა ან/და მეუღლეების შესახებ;
საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;
მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონო შესვლის და ცხოვრების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;
რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;
თითების ანაბეჭდები.
შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება, ან მზრუნველობა, იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;
დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.
რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით.
რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საკომუნიკაციო საშუალებების გზით, რაც არ გამორიცხავს ელექტრონულ საშუალებებსაც.
მუხლი 8🔗
მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის 6 თვემდე ვადაგასული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად ცნობენ მოქალაქეობას შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.
მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს შესაძლებელია წარმოადგენდეს განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და გაერთიანებული სამეფო მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.
თუ პირველ და მე-2 დანართში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან, თუ ისინი სრულად არაა წარმოდგენილი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე, მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთი გასაუბრების ჩატარების პროცედურა შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საიმპლემენტაციო ოქმში.
მუხლი 9🔗
მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტაცია. საქართველო და გაერთიანებული სამეფო ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე.
მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და გაერთიანებული სამეფო გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება არ ხერხდება.
ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას.
მუხლი 10🔗
ვადები
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.
რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით:
2 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-6(3) მუხლი); ან
12 კალენდარული დღის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.
ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით.
თანხმობის მიცემის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება 3 თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად.
მუხლი 11🔗
გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
მე-6(2) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, შესვლის პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.
ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან, მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქეთა შემთხვევაში, ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა ისინი უნდა იყვნენ საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მიერ უფლებამოსილი პირები.
მუხლი 12🔗
შეცდომით განხორციელებული რეადმისია
მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები არ არის დაკმაყოფილებული.
ასეთ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით (mutatis mutandis) და წარმოდგენილ იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.
ნაწილი IV
სატრანზიტი ოპერაციები
მუხლი 13🔗
პრინციპები
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეზღუდონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.
საქართველო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო გაერთიანებული სამეფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.
საქართველომ ან გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა უარი თქვას ტრანზიტზე:
თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ნამდვილად ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;
თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან
ჯანდაცვის, სახელმწიფო ან ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველომ ან გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან, თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.
მუხლი 14🔗
სატრანზიტო პროცედურა
სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;
პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ქორწინებამდელი გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);
შესვლის სავარაუდო პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;
დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-13(2) მუხლის ყველა პირობა და მე-13(3) მუხლის შესაბამისად, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით, აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს საზღვრის გადაკვეთის პუნქტი და შეშვების დრო, ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და აცნობოს უარის მიზეზები.
თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.
პირების ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
ნაწილი V
ხარჯები
მუხლი 15🔗
ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები
კომპეტენტურ ორგანოთა უფლების შეუზღუდავად, მოითხოვონ რეადმისიასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება რეადმისიას დაქვემდებარებული პირისგან ან მესამე მხარეებისგან, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.
ნაწილი VI
მონაცემთა დაცვა და შეუზღუდველობის დათქმა
მუხლი 16🔗
მონაცემთა დაცვა
მხარეები არ გამოიყენებენ, გასცემენ ან შეინახავენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად აღნიშნული ემსახურება პირთა დაბრუნებისა და რეადმისიის მიზანს, მოცემული შეთანხმების შესაბამისად.
მხარეებმა, პირთა უკან დაბრუნებისა და რეადმისიის განხორციელების მიზნით, შესაძლოა განახორციელონ მოცემული შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის იმ კომპეტენტური შიდა უწყებებისთვის გადაცემა, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას ეროვნული კანონმდებლობისა და მე-16 მუხლში მოცემული გარანტიების შესაბამისად.
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მოცემული შეთანხმების საფუძველზე გაცემული ინფორმაციის შესაბამისობა, რელევანტურობა და წარდგენა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა აღნიშნული შეთანხმების მიზნის მისაღწევად და შეიძლება მოიცავდეს:
პირთა ბიოგრაფიული მონაცემები (სახელები, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ეროვნება, შერქმეული სახელები, ინფორმაცია გენდერისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ);
ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ (დოკუმენტის ტიპი (პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა), დოკუმენტის ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი უწყება, გაცემის ადგილი);
მოგზაურობის მარშრუტი;
სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ვინაობის დასადგენად ან მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმებისათვის.
მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლიან ინფორმაციას წერილობითი ფორმით და უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, პირობა ან სპეციალური ინსტრუქცია სათანადოდ იქნება მოწოდებული წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციასთან ერთად. მოცემული შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, ასლების დამზადების, გამოყენების, მოდიფიცირების ან განკარგვის თავიდან ასაცილებლად, მხარეები შეზღუდავენ ინფორმაციაზე წვდომას გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროება პირთა უკან დაბრუნებისა და რეადმისიის განხორციელების მიზნით საკუთარი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისთვის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ უსაფრთხოების აღიარებულ მექანიზმებს, როგორებიცაა პაროლები, დაშიფრვა და სხვა გონივრული ღონისძიებები. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ყველა პირს, რომელსაც ხელი მიუწვდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე, მოცემული ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების თაობაზე არსებული შეზღუდვების შესახებ მიღებული აქვს სათანადო ინსტრუქტაჟი და მიზნად ისახავს ინფორმაციის დაცვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
თითოეული მხარე მეორე მხარეს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა უსაფრთხოების ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ, შესაძლო მოკლე ვადაში, აცნობებს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი შემთხვევითი ან არაავტორიზებული წვდომის, ინფორმაციის გამოყენების, გამჟღავნების, მოდიფიცირების ან განკარგვის ფაქტის შესახებ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა უსაფრთხოების ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ და სათანადო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში მიაწვდის ინფორმაციას ყველა საჭირო დეტალის შესახებ, რომელიც ეხება ინფორმაციაზე შემთხვევითი ან არაავტორიზებული წვდომის, მისი გამოყენების, გამჟღავნების, მოდიფიცირების ან განკარგვის ფაქტს.
მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან მათთვის ხელმისაწვდომ ყველაზე აქტუალურ და ზუსტ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდება, რომ ინფორმაცია რომელსაც იგი ეყრდნობა არაზუსტია, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს და შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწვდის შემასწორებელ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც მხარე მიიღებს შემასწორებელ ინფორმაციას, მხარე უზრუნველყოფს არაზუსტი ინფორმაციისა და მისგან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაციის შესწორებას, ანოტაციასა და განკარგვას, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეული მხარე ადასტურებს, რომ აქვს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პირებს შეუძლიათ მოითხოვონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მათ შესახებ მხარეთა შორის გაცვლილი ინფორმაცია და იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინფორმაციის პირზე გაცემის შესაძლებლობა, პირს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ აქვს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პირებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოსწორება ან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება მათთვის მათი პირადი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
თითოეული მხარე შეაფასებს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის რელევანტურობას მუდმივ რეჟიმში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია აღარ არის რელევანტური, უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოდ განკარგვას, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
თითოეულ მხარეს მეორე მხარისაგან შეუძლია მოითხოვოს გარანტია, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციასთან მიმართებით დაცული იქნება შესაბამისი პოლიტიკა, სამართლებრივი ან ტექნიკური გარანტიები და მოითხოვოს აღნიშნული გარანტიების გადახედვა. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს დასკვნის მოთხოვნას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. თითოეულ მხარეს, თუ ის არ არის კმაყოფილი წარმოდგენილი გარანტიებით, გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრამდე შეუძლია უარი განაცხადოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე.
მხარეებმა უნდა განიხილონ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ინფორმაციის გაცვლის ღონისძიებები. პირველი განხილვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუადრეს ერთი წლის და არაუგვიანეს ხუთი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარის შიდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება საჭიროებს დაუყოვნებელ გადახედვას, და შედგომში, მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 17🔗
შეუზღუდველობის დათქმა
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან:
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;
საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავენ თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს;
„ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენცია და მისი ოქმები;
„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია;
საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ;
მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია.
წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.
ნაწილი VII
იმპლემენტაცია და გამოყენება
მუხლი 18🔗
ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფი
მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით ისინი შექმნიან ექსპერტთა ერთობლივ ჯგუფს (შემდგომში წოდებული როგორც „ექსპერტთა ჯგუფი“), რომელიც, კერძოდ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;
წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.
ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 19🔗
საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნით, საქართველო და გაერთიანებული სამეფო შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც, მათ შორის, შედის შემდეგი წესები:
კომპეტენტური ორგანოებისა და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა;
ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;
საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;
დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები; და
გასაუბრების პროცედურა.
პირველ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევა მხოლოდ მე-18 მუხლში მითითებული ექსპერტთა ჯგუფისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.
ნაწილი VIII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 20🔗
შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების 21-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 21🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 22🔗
დანართები
1-6 დანართები შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია, ქ. ლონდონში, 2023 წლის 26 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენაზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით
_________ხელმოწერილია____________
_________ხელმოწერილია____________
დანართი 1
იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს
(მე-2 (1), მე-4 (1) და მე-8 (1) მუხლები)
ნებისმიერი ტიპის პასპორტი (ეროვნული პასპორტები, დიპლომატიური პასპორტები, სამსახურებრივი პასპორტები, კოლექტიური პასპორტები და სუროგატული პასპორტები, ბავშვების პასპორტების ჩათვლით);
სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობები (დროებითი და წინასწარი მოწმობების ჩათვლით);
მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია ან მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.
დანართი 2
იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ
prima facie მტკიცებულებას
(მე-2 (1), მე-4 (1) და მე-8 (2) მუხლები)
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის საქართველო ან გაერთიანებული სამეფო:
პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები, რომელთაც ვადა 6 თვეზე მეტი ხნის წინ გაუვიდა;
წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ფოტოასლები;
მართვის მოწმობები ან მათი ფოტოასლები;
დაბადების მოწმობები ან მათი ფოტოასლები;
კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ფოტოასლები;
მოწმეთა ჩვენებები;
შესაბამისი პირის მიერ მიცემული ჩვენებები და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის მიხედვით;
ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პირის მოქალაქეობის დადგენას;
სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები;
მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები;
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს საშვი (laissez-passer).
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის საქართველო:
ვინაობის დადგენა სავიზო საინფორმაციო სისტემაში ძიების შედეგად;
პოზიტიური იდენტიფიკაცია გაერთიანებული სამეფოს სავიზო განაცხადების რეესტრიდან.
დანართი 3
იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს
(მე-3 (1), მე-5 (1) და მე-9 (1) მუხლები)
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა ან/და ცხოვრების ნებართვა;
პირის სამგზავრო დოკუმენტში შესვლის/გასვლის დამადასტურებელი ბეჭედი ან სხვა მსგავსი აღნიშვნა, ან შესვლის/გასვლის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება (მაგ. ფოტოგრაფიული).
დანართი 4
იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას
(მე-3 (1), მე-5 (1) და მე-9 (2) მუხლები)
მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ იმ გარემოებათა და ადგილის აღწერა, სადაც მოხდა პირის დაკავება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი შესვლის შემდეგ;
საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგ. UNHCR) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის ვინაობასთან ან/და ქვეყანაში მის ყოფნასთან დაკავშირებით;
ოჯახის წევრების, თანმხლები პირების და სხვების მიერ ინფორმაციის მიწოდება/დადასტურება;
მოცემული პირის ჩვენება;
ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კურიერის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას;
მიცემული ოფიციალური ჩვენებები, კერძოდ, სასაზღვრო ორგანოს პერსონალის და სხვა მოწმეთა მიერ, რომლებიც ადასტურებს პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს;
პირის მიერ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიცემული ოფიციალური ჩვენება;
დოკუმენტები, სერტიფიკატები და ნებისმიერი სახის ანგარიშები (მაგ. სასტუმროს ანგარიში, ექიმთან/დანტისტთან მიღებაზე ყოფნის დამადასტურებელი ბარათი, საჯარო/კერძო დაწესებულებაში შესვლის საშვი, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები, სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის სახელობითი ბილეთები, ან/და მგზავრთა სიები, რომლებიც ადასტურებს პირის ყოფნას და გადაადგილების მარშრუტს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
დანართი 5
………………………………………….. ………………………………………..
(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო) (ადგილი და თარიღი)
საკითხი: ………………………………………………..
ვის:
…………………………………………………………
…………………………………………………………
…………………………………………………………
(მოთხოვნის მიმღები ორგანო)
დაჩქარებული პროცედურა (მე-6 (3) მუხლი)
გასაუბრების მოთხოვნა (მე-8 (3) მუხლი)
(2)
(3) რეადმისიის განაცხადი
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად
A. პერსონალური მონაცემები
1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):
………………………………………………………………………………………
ფოტოსურათი
2. ქორწინებამდელი გვარი:
………………………………………………………………………………………
3. დაბადების თარიღი და ადგილი:
………………………………………………………………………………………
4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები და სხვ.):
………………………………………………………………………………………………………
5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):
………………………………………………………………………………………………………
6. მოქალაქეობა და ენა:
………………………………………………………………………………………………………
7. სამოქალაქო სტატუსი:: □ დაოჯახებული □ დასაოჯახებელი □ განქორწინებული □ ქვრივი
თუ დაქორწინებულია: მეუღლის სახელი და გვარი …………………………………………………
შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს) ………………………………………….
………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………
8. ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში:
………………………………………………………………………………………………
B. მეუღლის პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)
1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი): …………………………………………………………………….
2. ქორწინებამდელი გვარი: ………………………………………………………………………………..
3. დაბადების თარიღი და ადგილი: ………………………………………………………………………
4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):
………………………………………………………………………………………………………………….
5. ასევე ცნობილია როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):
…………………………………………………………………………………………………………………….
6. მოქალაქეობა და ენა:
…………………………………………………………………………………………………………………….
C. შვილების პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)
1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი): ……………………………………………………………………..
2. დაბადების თარიღი და ადგილი: …………………………………………………………………….
3. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):
………………………………………………………………………………………………………………….
4. მოქალაქეობა და ენა:
……………………………………………………………………………………………………………….
D. გადასაცემ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები
1. ჯანმრთელობის მდგომარეობა
(მაგ., სპეციალური სამედიცინო დახმარების აუცილებლობა; გადამდები დაავადების ლათინური სახელწოდება):
…………………………………………………………………………………………………………..
2. მითითება, თუ პირი განსაკუთრებით სახიფათოა
(მაგ., ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულის ჩადენაში; გამოირჩევა აგრესიული ქცევით):
………………………………………………………………………………………………………….
E. თანდართული მტკიცებულებები
1. ……………………………… ………………………………………
(პასპორტის ნომერი.) (გაცემის თარიღი და ადგილი)
…………………………………… ………………………………………
(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)
2. .………………………………………. ………………………………………
(პირადობის მოწმობის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)
………………………………………… ………………………………………
(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)
3. …………………………………………. …………………………………………..
(მართვის მოწმობის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)
………………………………………….. ………………………………………
(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)
4. ………………………………………. ……………………………………………..
(სხვა ოფიციალური დოკუმენტის ნომერი) (გაცემის თარიღი და ადგილი)
………………………………………………. ………………………………………….
(გამცემი ორგანო) (ვადის გასვლის თარიღი)
F. შენიშვნები
…………………………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………………………….
………………………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………
(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)
დანართი 6
………………………………………. ……………………………………………..
(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო) (ადგილი და თარიღი)
საკითხი:
………………………………………………..
ვის:
…………………………………………………………
…………………………………………………………
…………………………………………………………
(მოთხოვნის მიმღები ორგანო)
ტრანზიტის განაცხადი
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად
A. პერსონალური მონაცემები
1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):
……………………………………………………………………………………….
ფოტოსურათი
2. ქორწინებამდელი გვარი:
………………………………………………………………………………………
3. დაბადების თარიღი და ადგილი:
………………………………………………………………………………………
4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ.):
………………………………………………………………………………………………
5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):
………………………………………………………………………………………………
6. მოქალაქეობა და ენა:
……………………………………………………………………………………………
7. სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი:
……………………………………………………………………………………………
B. სატრანზიტო ოპერაცია
1. ტრანზიტის ტიპი:
□ საჰაერო □ სახმელეთო
2. საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო:
……………………………………………………………………………………………………
3. ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები:
………………………………………………………………………………………………….
4. საზღვრის გადაკვეთის შემოთავაზებული პუნქტი, თარიღი, გადაცემის დრო და შესაძლო თანხლება:
…………………………………………………………………………………………………….
………………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
5. ტრანზიტის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში შეშვება გარანტირებულია (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი):
□ დიახ □ არა
6. ტრანზიტზე უარის თქმის მიზეზი ცნობილია (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი):
□ დიახ □ არა
C. შენიშვნები
…………………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………………….
(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)
ერთობლივი დეკლარაცია
მე-3 (1) და მე-5 (1) მუხლებთან დაკავშირებით
მხარეები თანხმდებიან, რომ პირის „შესვლა პირდაპირ“ საქართველოს ტერიტორიიდან ამ დებულებების კონტექსტში ნიშნავს, რომ პირი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად ან, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფო, საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად. მესამე ქვეყნის საჰაერო ზონაში ტრანზიტული ყოფნა არ ჩაითვლება შესვლად.