საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.05.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №79/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი) პაპუნა ლეჟავა | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№79/04
2023 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 482 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)პაპუნა ლეჟავა
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის (შემდგომში – წესი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერების ფინანსურ სტაბილურობას.
2. ამ წესით დგინდება მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები, საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სავალდებულოა საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის (შემდგომში – „პროვაიდერი“).
3. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერზე ეს წესი ვრცელდება პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გაუნაწილებელი მოგება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (შემდგომში – ფასს) განმარტებული გაუნაწილებელი მოგება;
ბ) სხვა სრული შემოსავალი – ფასს-ით განმარტებული სხვა სრული შემოსავალი;
გ) სხვა რეზერვები – ფასს-ით განმარტებული სხვა რეზერვები;
დ) განაღდებული კაპიტალი – განთავსებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;
ე) განთავსებული კაპიტალი – სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა. განთავსებული კაპიტალი უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი, ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს აგრეთვე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას (გარდა სააქციო საზოგადოებისა) განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით;
ვ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც პროვაიდერი/გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ქმნის თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;
ზ) დაკავშირებული პირი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით განსაზღვრული დაკავშირებული პირი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗.
მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი
1. პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) თუ პროვაიდერი ახორციელებს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი“) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 125 000 ლარზე ნაკლები;
ბ) თუ პროვაიდერი ახორციელებს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 350 000 ლარზე ნაკლები.
2. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს მხოლოდ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
3. თუ პროვაიდერი ახორციელებს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ მომსახურებებს და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე მოთხოვნას, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს მათ შორის უდიდეს მაჩვენებელზე ნაკლები.
4. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შედგებოდეს მხოლოდ პირველადი კაპიტალის ელემენტებისგან.
მუხლი 4🔗.
პირველადი კაპიტალი
1. პირველადი კაპიტალის ელემენტებია:
ა) კაპიტალის ინსტრუმენტები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიასთან;
გ) გაუნაწილებელი მოგება;
დ) აკუმულირებული სხვა სრული შემოსავლები;
ე) სხვა რეზერვები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელემენტების აღიარება დასაშვებია პირველადი კაპიტალის ელემენტებად, თუ ამ ელემენტების გამოყენება შესაძლებელია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დასაფარად, ისე რომ პროვაიდერმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება.
3. პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები (შემდგომში - ინსტრუმენტები) უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) ინსტრუმენტი გამოშვებულია უშუალოდ პროვაიდერის მიერ ამ პროვაიდერის აქციონერთა/პარტნიორთა კრების ან პროვაიდერის წესდებით განსაზღვრული და უფლებამოსილი მმართველობითი ორგანოს თანხმობით;
ბ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და მისი შეძენა არ არის დაფინანსებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით პროვაიდერის მიერ;
გ) ინსტრუმენტი კლასიფიცირებულია, როგორც საკუთარი კაპიტალი ფასს-ის მიხედვით;
დ) ინსტრუმენტი არის გარკვევით და ცალკე ასახული პროვაიდერის საბალანსო უწყისში;
ე) ინსტრუმენტი არის უვადო და ძირი თანხის შემცირება ან გადახდა დაუშვებელია, გარდა პროვაიდერის ლიკვიდაციის შემთხვევისა ან როდესაც ხორციელდება ნებაყოფლობითი გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) ინსტრუმენტების გამოშვებისას პროვაიდერის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს;
ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი. ასევე, არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად ან არაჯეროვნად შესრულებად;
თ) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემენტების დონეზე);
ი) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად;
კ) პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ინსტრუმენტი სხვა ყველა მოთხოვნასთან შედარებით ბოლო ადგილს იკავებს;
ლ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად;
მ) ინსტრუმენტი არ არის უზრუნველყოფილი, ან მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს;
ნ) ინსტრუმენტი არ არის რაიმე მოლაპარაკების, ხელშეკრულების ან სხვა ტიპის შეთანხმების საგანი, რომელიც აღნიშნულ ინსტრუმენტზე მოთხოვნის უპირატესობას ანიჭებს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗.
მეორადი კაპიტალი
1. მეორად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული ან მიღებულია სუბორდინირებული ვალი;
ბ) პროვაიდერს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც პროვაიდერს აქვს კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტი ან არ უნდა იყოს მიღებული სუბორდინირებული ვალი აღნიშნული პირისგან, ასევე, პირდაპირ ან/და არაპირდაპირ, პროვაიდერს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ყიდვის ან სუბორდინირებული ვალის მიღების ოპერაცია;
გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის გამომშვების/სუბორდინირებული ვალის მიმღების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს პროვაიდერის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში;
დ) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს სულ მცირე ხუთი წელი;
ე) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია;
ვ) სუბორდინირებული ვალი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან წინასწარ დაიფაროს სულ მცირე ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ გამომშვების მიერ:
ვ.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვისთვის პროვაიდერმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა საქართველოს ეროვნული ბანკისაგან;
ვ.ბ) პროვაიდერმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის მოლოდინი;
ვ.გ) პროვაიდერმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება ან წინსწრებით არ უნდა დაფაროს სუბორდინირებული ვალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება იმავე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით ან სუბორდინირებული ვალით და აღნიშნული კაპიტალის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება პროვაიდერის შემოსავლის მასშტაბებს ან პროვაიდერს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში პროვაიდერის კაპიტალი საკმარისად აღემატება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს;
ზ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (პროცენტი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემთხვევების გარდა;
თ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა ან სუბორდინირებულ ვალზე პროცენტის გადახდა არ უნდა იყოს პროვაიდერის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/პროცენტის ცვლილებას პროვაიდერის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;
ი) სუბორდინირებულია პროვაიდერის მომხმარებლების და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ;
კ) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა და სუბორდინირებული ვალისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.
2. მეორად კაპიტალში ჩართული ინსტრუმენტისა ან/და სუბორდინირებული ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
3. პროვაიდერს ეკრძალება სუბორდინირებული ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა პროვაიდერის პარტნიორი/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა.
4. დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სუბორდინირებული ვალის აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად.
5. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე.
მუხლი 6🔗.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა
ნებისმიერი ახლად გამოშვებული კაპიტალის ინსტრუმენტის ან სუბორდინირებული ვალის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე პროვაიდერმა უნდა მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს პროვაიდერის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ წესის შესაბამის მუხლებში მითითებულ კრიტერიუმებთან.
მუხლი 7🔗.
საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა
1. საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამისგან, სადაც სულ მცირე 75% უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტები, ხოლო მეორადი კაპიტალის ელემენტები ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტების 1/3-ის.
2. პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უთანაბრდებოდეს ან აღემატებოდეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულიდან უდიდესს:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შესაბამის ოდენობას;
ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ საზედამხედველო კაპიტალს.
3. თუ პროვაიდერი განეკუთვნება ჯგუფს, რომელშიც შედის სხვა ფინანსური ინსტიტუტები, დაუშვებელია საზედამხედველო კაპიტალის გამოანგარიშებისას იმ ელემენტების მრავალჯერადი გამოყენება, რომელიც მონაწილეობს ჯგუფში შემავალი სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალის დათვლაში.
4. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პროვაიდერმა დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს კაპიტალის შევსების გეგმა. ცალკეულ შემთხვევებში, პროვაიდერის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს 10 სამუშაო დღემდე.
5. კაპიტალის შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) ფინანსური მაჩვენებლების შეფასებასა და პროგნოზს;
ბ) საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის გეგმებსა და ვადებს;
გ) დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კაპიტალის შევსების გეგმის შესაფასებლად.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს პროვაიდერის მიერ წარდგენილ კაპიტალის შევსების გეგმას და მას მისაღებად მიიჩნევს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს კაპიტალის იმგვარად შენარჩუნებას ან ზრდას, რომ პროვაიდერი შეძლებს დააკმაყოფილოს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. პროვაიდერის მიერ წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმის მისაღებად მიჩნევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი თანხმობას იძლევა და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს პროვაიდერს.
7. თუ პროვაიდერმა არ წარადგინა კაპიტალის შევსების გეგმა ან საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების შედეგად, წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს პროვაიდერს მითითებულ ვადაში კაპიტალის შევსება განსაზღვრულ დონემდე, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს;
ბ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია, მათ შორის, ფულადი ჯარიმა.
8. კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერი გაათავისუფლოს ამ წესით გათვალისწინებული საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისგან.
9. პროვაიდერის მიერ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროვაიდერს ეკრძალება კაპიტალის განაწილება, კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით განსაზღვრული სხვა ისეთი ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც იწვევს პროვაიდერისგან ფულადი სახსრების გადინებას იმ პერიოდში, როდესაც პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს.
10. საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების განაწილებამდე, პროვაიდერმა უნდა შეაფასოს აღნიშნული განაწილების გავლენა მისი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელზე და უზრუნველყოს მისი განაწილება იმგვარად, რომ არ დაირღვეს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდები
1. პროვაიდერი ვალდებულია ნებისმიერ დროს ჰქონდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენებით გაანგარიშებული საზედამხედველო კაპიტალი.
2. თუ ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერი ახორციელებს:
ა) კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, იმავე მუხლით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას/მომსახურებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული ელექტრონული ფულის გამოშვებასთან, პროვაიდერმა, აღნიშნული მომსახურებების შემთხვევაში, საზედამხედველო კაპიტალი უნდა გამოიანგარიშოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდის შესაბამისად;
ბ) კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას/მომსახურებებს, საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებისას უნდა გამოიყენოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდი.
3. ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უთანაბრდებოდეს ან აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდებით დათვლილი ოდენობების ჯამს.
4. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდებია:
ა) მეთოდი ა: პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალი უნდა უტოლდებოდეს სულ მცირე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ელემენტების შეწონილი მნიშვნელობების ჯამი გამრავლებული მასშტაბის k კოეფიციენტზე, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით. გადახდების მოცულობა წარმოადგენს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროვაიდერის მიერ/მეშვეობით განხორციელებული გადახდის ოპერაციების (მათ შორის, პროვაიდერის აგენტების მეშვეობით განხორციელებული) მოცულობის 1/12-ს;
ბ) მეთოდი ბ: პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს მოცემული მნიშვნელობებიდან უდიდესი:
ბ.ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ელემენტების შეწონილი მნიშვნელობების ჯამი, სადაც გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი მაჩვენებელი წარმოადგენს ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი ოდენობის 1/12-ის;
ბ.ბ) პროვაიდერის მიერ ბოლო 6 თვის საშუალო დღიური გამოშვებული ელექტრონული ფულის (ნაშთის) 2%.
5. ელექტრონული ფულის მნიშვნელოვან პროვაიდერს, რომელიც ახორციელებს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას/მომსახურებებს და არ არის დაკავშირებული ელექტრონული ფულის გამოშვებასთან და გამოსაშვები ელექტრონული ფულის რაოდენობა წინასწარ ცნობილი არ არის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნება დართოს ელექტრონული ფულის მნიშვნელოვან პროვაიდერს გამოთვალოს საზედამხედველო კაპიტალი გონივრულად შეფასებული ისტორიული მონაცემების მიხედვით, რომელიც წინასწარ უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეროვნული ბანკთან მონაცემების წარდგენამდე 10 კალენდარული დღით ადრე. თუ საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებისას საქმიანობის/ოპერირების დაწყებიდან არ არის გასული საკმარისი პერიოდი, ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანმა პროვაიდერმა უნდა გამოიყენოს ბიზნესგეგმაში წარდგენილი ინფორმაცია გამოსაშვებ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებით, რომელიც ასევე წინასწარ უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან მონაცემების წარდგენამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასშტაბის k კოეფიციენტი არის:
ა) 0.5, თუ პროვაიდერი ახორციელებს მხოლოდ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას;
ბ) 1, თუ პროვაიდერი ახორციელებს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას/მომსახურებებს.
7. პროვაიდერის რისკის მართვის პროცესის, დანაკარგების რისკების მონაცემებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს დაუწესოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ ოდენობაზე 20%-ით მეტი ან 20%-ით ნაკლები საზედამხედველო კაპიტალი.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელემენტებია ყველა შემდეგი ელემენტის ჯამი:
ა) 5 მილიონ ლარამდე გადახდების მოცულობის 4%;
ბ) 5-დან 10 მილიონ ლარამდე გადახდების მოცულობის/გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი ოდენობის 2.5%;
გ) 10-დან 100 მილიონ ლარამდე გადახდების მოცულობის/გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი ოდენობის 1%;
დ) 100-დან 250 მილიონ ლარამდე გადახდების მოცულობის/გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი ოდენობის 0.5%;
ე) 250 მილიონ ლარზე მეტი გადახდების მოცულობის/გამოშვებულ და დაფარულ ელექტრონულ ფულს შორის უდიდესი ოდენობის 0,25%.
9. მინიმალური და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებიდან უნდა დაიქვითოს:
ა) აქტივების გადაფასების რეზერვი;
ბ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება;
გ) ინვესტიციები სხვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.
10. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გადახდის ოპერაციების მოცულობა კაპიტალის დაანგარიშებაში მონაწილეობს ყოველი თვის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში, ხოლო ელექტრონული ფულის ნაშთი – საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში.
მუხლი 9🔗.
ანგარიშგებების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის ვადა და მეთოდი
1. პროვაიდერი ვალდებულია:
ა) ყოველი კალენდარული კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის დანართი 1-ის შემდეგი ანგარიშგების ფორმები:
ა.ა) ინსტრუქცია;
ა.ბ) მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი – MSC;
ა.გ) საზედამხედველო კაპიტალის კალკულატორი – SCC;
ა.დ) სუბორდინირებული ვალდებულების ფორმა – SL;
ბ) ყოველი კალენდარული წლის მომდევნო წლის 15 თებერვლამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დანართი 2-ის შემდეგი ანგარიშგების ფორმები:
ბ.ა) ინფორმაცია პროვაიდერის შესახებ – info;
ბ.ბ) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება – FP;
ბ.გ) მოგება-ზარალის ანგარიშგება – PL;
ბ.დ) საკომისიო შემოსავლები – CI;
ბ.ე) საკომისიო ხარჯები – CE;
ბ.ვ) ელექტრონული ფულით განხორციელებული ოპერაციები – EM.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ერთჯერადად, წერილობით მოსთხოვოს პროვაიდერს წლიურად ან/და კვარტალურად წარსადგენი ყველა ან ცალკეული ფორმის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკრეტულ პროვაიდერს წერილობით განუსაზღვროს წლიურად ან/და კვარტალურად წარსადგენი ფორმების უფრო მეტი სიხშირით წარდგენის ვალდებულება.
3. პროვაიდერი ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივლისამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია პროვაიდერმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
5. პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმებით საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია.
მუხლი 10🔗.
გარდამავალი დებულება
პროვაიდერებმა, მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერებმა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების სრულად შესრულება უნდა უზრუნველყონ 2025 წლის 1 იანვრამდე კვარტალურად, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) I კვარტალი – 25%;
ბ) II კვარტალი – 50%;
გ) III კვარტალი – 75%;
დ) IV კვარტალი – 100%.