,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატთან იუსტიციის ომბუდსმენტის ოფისის შექმნისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №158 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№536
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.006.486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 11/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №536

2004 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატთან იუსტიციის ომბუდსმენის ოფისის შექმნისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №158 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №158 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულებას (შემდგომ – დებულების) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  მუხლი:

„მუხლი 41

მინისტრის აპარატს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც იგი იყენებს სამინისტროს ორგანოებთან ურთიერთობისას.”.

2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1  ქვეპუნქტი:

„ბ1 “ ხელმძღვანელობს იუსტიციის ომბუდსმენის ოფისის საქმიანობას.”.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის III1  თავი:

 

„თავი III1 . იუსტიციის ომბუდსმენის ოფისი

მუხლი 91 .

1. იუსტიციის მინისტრის აპარატის შემადგენლობაშია იუსტიციის ომბუდსმენის ოფისი, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის ომბუდსმენი.

2. იუსტიციის ომბუდსმენის ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.”.

4. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრის აპარატის პერსონალი შედგება იუსტიციის ომბუდსმენისა და სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.”.

მუხლი 2. დამტკიცდეს იუსტიციის ომბუდსმენის ოფისის თანდართული დებულება.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

 

 გ. პაპუაშვილი

 

 

იუსტიციის ომბუდსმენის ოფისის

დებულება

 

პრეამბულა

 

იუსტიციის ომბუდსმენი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების პატვისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრინციპით.

 

მუხლი 1. იუსტიციის ომბუდსმენი

1. იუსტიციის ომბუდსმენის ოფისი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს. მის საქმიანობას ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მინისტრის აპარატის უფროსი.

2. იუსტიციის ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.

3. იუსტიციის ომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. თავისი ფუნქციების განხორციელებისას იუსტიციის ომბუდსმენი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, იუსტიციის სამინისტროს და წინამდებარე დებულებით.

5. იუსტიციის ომბუდსმენს აქვს საკუთარი ბლანკი „იუსტიციის ომბუდსმენის” სახელმწოდებით, რომელსაც იგი იყენებს სამინისტროს სისტემის ორგანოებთან ურთიერთობებში.

 

მუხლი 2. იუსტიციის ომბუდსმენის ამოცანები

იუსტიციის ომბუდსმენის ამოცანებია:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა) განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე შესაბამისი ზომების მიღება;

ბ) მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციის უზრუნველყოფა მათთან შეთანხმებით.

 

მუხლი 3. ომბუდსმენის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი

1. იუსტიციის ომბუდსმენი:

ა) იღებს, შეისწავლის და განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ზეპირ და წერილობით განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების საქმიანობაში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ აღმოფხვრას. ასევე უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტები მოახსენოს მინისტრს;

ბ) პირადად აწარმოებს მოქალაქეთა ყოველდღიურ მიღებას განმცხადებლის (მომჩივანის) მიერ დასმული საკითხების დეტალურად გასარკვევად;

გ) მოითხოვოს და მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, სამინისტროში შემავალი დაწესებულებებიდან;

დ) პირადად შეხვდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა თანამდებობის პირებს, მიიღოს მათგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ე) ორგანიზაცია გაუკეთოს მოქალაქეთა შეხვედრას მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან;

ვ) მოქალაქის განცხადებას (საჩივარს) საქმის შესწავლილ გარემოებებთან ერთად გააცნობს შესაბამისი სამსახურის უფროსს მისი გადაწყვეტის მიზნით, და საჭიროების შემთხვევაში, შედეგების შესახებ მოახსენებს მინისტრს;

ზ) თავისი ინიციატივით და აპარატის უფროსის თანხმობით უფლებამოსილია მინისტრს მიმართოს შუამდგომლობით მოქალაქის საჩივრის პირადად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ომბუდსმენი კონტროლს უწევს მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციას სამინისტროს ქვედანაყოფისა და სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან;

თ) ორ თვეში ერთხელ მუშაობის ანგარიშს წარუდგენს იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსს მისი შემდგომში მინისტრის ინფორმირების მიზნით;

ი) უზრუნველყოფს სატელეფონო “ცხელი ხაზის” გამართულ მუშაობას.

2. იუსტიციის ომბუდსმენს კონტროლზე აყავს მოქალაქეთა განცხადებებზე მიღებული გადაწყვეტილებების დადგენილი წესით შესრულება, განიხილავს საჩივრებს მოქალაქეობისა და სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე განცხადებების განხილვის გაჭიანურების შესახებ.