რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია

მიღების თარიღი 16.04.1999
ძალაში შესვლა 02.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14-27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016734
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2023
matsne.gov.ge 3,420 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.1999 მიღება
02.07.1999 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 26.06.1945 შეტყობინებების პროცედურების თაობაზე ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 19.12.2011 ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 28.02.2012 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 20.07.2009 საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 18.10.1907

დოკუმენტის ტექსტი

რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია მიღებულია და ხელმოსაწერად და სარატიფიკაციოდ ღიაა გენერალური ასამბლეის 1965 წლის 21 დეკემბრის 2106 (XX) რეზოლუციით ძალაშია 1969 წლის 4 იანვრიდან, მე-19 მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მხარეები, ითვალისწინებენ რა, რომ გაეროს ქარტია დაფუძნებულია ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებზე, და რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ პირობა დადო, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, განახორციელოს ერთობლივი და ცალკეული ქმედებები გაეროს მიზნებს შორის ერთ-ერთის მისაღწევად, რაც არის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, საყოველთაო პატივისცემისა და უზრუნველყოფის ხელშეწყობა ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად, ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ყველა ადამიანს, ღირსებისა და უფლების მხრივ, აცხადებს დაბადებით თავისუფალსა და თანასწორს და ადგენს, რომ ყველა, ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის გარეშე, კერძოდ კი რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმოშობის მიუხედავად, უფლებამოსილია ფლობდეს წინამდებარე კონვენციაში გაწერილ ყველა უფლებასა და თავისუფლებას, ითვალისწინებენ რა, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი და ყველა ექვემდებარება კანონით დაცვას ნებისმიერი დისკრიმინაციის და დისკრიმინაციისკენ მოწოდების წინაშე, ითვალისწინებენ რა, რომ გაერომ დაგმო კოლონიალიზმი და მასთან დაკავშირებული სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის ყველა მიმდევრობა, განურჩევლად მათი ფორმისა და ადგილმდებარეობისა, და რომ კოლონიური ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციამ (გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1514 (XV)) დაადგინა და ოფიციალურად გამოაცხადა მისი დაუყოვნებელი და უპირობო ლიკვიდაციის აუცილებლობა, ითვალისწინებენ რა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ 1963 წლის 20 ნოემბრის გაეროს დეკლარაცია (გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1904 (XVIII)) ოფიციალურად ამტკიცებს მსოფლიოში არსებული რასობრივი დისკრიმინაციის, მისი ყველა ფორმითა და გამოხატულებითურთ, დაუყოვნებელი ლიკვიდაციის და ადამიანის პიროვნების ღირსების პატივისცემის გაცნობიერების უზრუნველყოფის აუცილებლობას, დარწმუნებულნი არიან რა, რომ რასობრივ განსხვავებაზე დაფუძნებული  ნებისმიერი უპირატესობის დოქტრინა არის მეცნიერულად მცდარი, მორალურად გაკიცხვადი, სოციალურად უსამართლო და სახიფათო, და რომ არსად, არც თეორიაში ან პრაქტიკაში, რასობრივი დისკრიმინაციისთვის არ არსებობს არავითარი გამართლება, კვლავაც ადასტურებენ რა, რომ რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის საფუძვლებზე ადამიანებს შორის დისკრიმინაცია არის ერებს შორის მეგობრულ და მშვიდობიან ურთიერთობათა დამაბრკოლებელი გარემოება და მას შეუძლია ხელყოს ხალხთა შორის არსებული მშვიდობა და უსაფრთხოება და ერთსა და იმავე სახელმწიფოშიც კი გვერდიგვერდ მცხოვრებ პირთა ჰარმონია, დარწმუნებულნი არიან რა, რომ რასობრივი ბარიერები ადამიანთა ნებისმიერი საზოგადოების იდეალებისთვის არის შეუთავსებელი, შეშფოთებულნი არიან რა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რასობრივი დისკრიმინაციის კვლავაც აშკარა გამოვლინებებით და რასობრივ უპირატესობაზე ან სიძულვილზე დაფუძნებული სამთავრობო პოლიტიკით, როგორიც არის აპართეიდი, სეგრეგაცია და განცალკევება, გადაწყვეტილი აქვთ რა, მიიღონ რასობრივი დისკრიმინაციისა და მისი ყველა ფორმისა და გამოვლინების დაუყოვნებელი ლიკვიდაციისთვის ყველა აუცილებელი ზომა და აღკვეთონ და ებრძოლონ რასისტულ დოქტრინებსა და მიმდევრობებს, რათა ხელი შეუწყონ რასებს შორის ურთიერთგაგებას და ააშენონ რასობრივი სეგრეგაციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფალი საერთაშორისო საზოგადოება, მხედველობაში იღებენ რა, შრომასთან და დასაქმებასთან მიმართებით დისკრიმინაციის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1958 წელს მიღებულ კონვენციას, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ 1960 წელს მიღებულ განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციას, სურთ რა, შეასრულონ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ გაეროს დეკლარაციაში გაწერილი პრინციპები და ამ მხრივ, უზრუნველყონ პრაქტიკული ზომების ვადამდელი მიღება, შეთანხმდნენ შემდეგზე: I ნაწილი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე კონვენციაში, ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ ნიშნავს რასის, კანის ფერის, წარმომავლობის ან ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის ნიადაგზე ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რომლის მიზანი ან ეფექტი არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროში არსებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების, თანაბარ გარემოებებში აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების უარყოფა ან შეზღუდვა. 2. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება იმ განსხვავებებზე, გამორიცხვებზე, შეზღუდვებზე ან უპირატესობის მინიჭებებზე, რომლებსაც ამ კონვენციის მხარე სახელმწიფო ახორციელებს მოქალაქეებთან და არამოქალაქეებთან მიმართებით. 3. წინამდებარე კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რაც რამენაირად გავლენას მოახდენს ეროვნებასთან, მოქალაქეობასთან ან ნატურალიზაციასთან დაკავშირებულ სახელმწიფო მხარეების სამართლებრივ ნორმებზე, თუ ამგვარი ნორმები არ ახდენენ ნებისმიერი ცალკეული ეროვნების დისკრიმინაციას. 4. გარკვეული დაცვის საჭიროების მქონე ცალკეული რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფების ან პირების მხოლოდ სათანადო დაწინაურების გარანტირების მიზნით მიღებული სპეციალური ზომები, რომელთა მიზანიც არის ამგვარი ჯგუფების ან პირებისთვის ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტალური თავისუფლებებით თანასწორი სარგებლობისა და გამოყენების უზრუნველყოფა, არ ითვლება რასობრივ დისკრიმინაციად, იმ პირობით, თუ აღნიშნული ზომები შედეგად არ იწვევს განსხვავებული რასობრივი ჯგუფებისთვის, განცალკევებული უფლებების შენარჩუნებას და რომ ისინი არ უნდა შენარჩუნდეს მას შემდეგ, რაც მათი ამოქმედების მიზნები მიღწეულია. მუხლი 2🔗 1. სახელმწიფო მხარეები გმობენ რასობრივ დისკრიმინაციას და კისრულობენ, ყველა სათანადო საშუალებითა და დაყოვნების გარეშე, მისდიონ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის პოლიტიკას და უზრუნველყონ რასებს შორის ურთიერთგაგება, და ამ მიზნით: ა) თითოეული სახელმწიფო მხარე კისრულობს არ მიიღოს მონაწილეობა პირების, პირთა ჯგუფების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული რასობრივი დისკრიმინაციის არც ერთ მოქმედებასა თუ მიმდევრობაში და უზრუნველყოს, რომ ყველა საჯარო ორგანო და საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო თუ ადგილობრივი, მოქმედებს აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად; ბ) თითოეული სახელმწიფო მხარე კისრულობს არ დააფინანსოს, დაიცვას ან მხარი დაუჭიროს ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ წარმოებულ რასობრივ დისკრიმინაციას; გ) თითოეული სახელმწიფო მხარე იღებს ეფექტიან ზომებს სამთავრობო, სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის გადასახედად და იმ ნებისმიერი კანონისა და რეგულაციის შესაცვლელად, გასაუქმებლად ან ანულირებისთვის, რომელსაც აქვს რასობრივი დისკრიმინაციის წარმოქმნის ან განმტკიცების ეფექტი, სადაც არ უნდა არსებობდეს იგი; დ) თითოეული სახელმწიფო მხარე, ყველა სათანადო საშუალებით, მათ შორის გარემოებებისდა მიხედვით მოთხოვნილი კანონმდებლობით, კრძალავს და აღკვეთს ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ წარმოებულ რასობრივ დისკრიმინაციას; ე) თითოეული სახელმწიფო მხარე, სათანადო შემთხვევაში, კისრულობს მრავალრასობრივი ინტეგრაციული ორგანიზაციებისა და მოძრაობების და რასებს შორის ბარიერების აღმომფხვრელი სხვა საშუალებების წახალისებას, და რასობრივი განხეთქილების გაძლიერებისკენ მიმართული ნებისმიერი მიმდევრობის დაგმობას. 2. თითოეული სახელმწიფო მხარე, როდესაც ამას ამართლებს გარემოებები, ცალკეული რასობრივი ჯგუფების ან მათ მიკუთვნებული პირების ადეკვატური განვითარებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებს სპეციალურ და კონკრეტულ ზომებს მათთვის ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტალური თავისუფლებებით სრული და თანასწორი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ზომები არავითარ შემთხვევაში შედეგად არ უნდა იწვევდეს განსხვავებული რასობრივი ჯგუფებისთვის არათანაბარი ან განცალკევებული უფლებების შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც მათი მიღების მიზნები მიღწეულია. მუხლი 3🔗 სახელმწიფო მხარეები განსაკუთრებით გმობენ რასობრივ სეგრეგაციასა და აპართეიდს და კისრულობენ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე აღკვეთონ, აკრძალონ და აღმოფხვრან ამ სახის მიმდევრობები. მუხლი 4🔗 სახელმწიფო მხარეები გმობენ ყველა პროპაგანდასა და ყველა ორგანიზაციას, რომლებიც დაფუძნებულია ერთი რასის ან ერთი კანის ფერის მქონე პირთა ჯგუფის ან ეთნიკური წარმოშობის უპირატესობის თეორიებზე ან იდეებზე ან რომელიც ცდილობს გაამართლოს ან წაახალისოს რასობრივი სიძულვილი და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, და კისრულობენ მიიღონ დაუყოვნებელი და პოზიტიური ზომები ამგვარი დისკრიმინაციის ყველა წამახალისებელი ფაქტორის ან ქმედებების აღმოსაფხვრელად და ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაწერილი პრინციპებისა და წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლში მკაფიოდ განსაზღვრული უფლებების გათვალისწინებით, inter alia: ა) კანონით დასჯად დანაშაულად აცხადებენ რასობრივ უპირატესობაზე ან სიძულვილზე დაფუძნებული იდეების ყოველგვარ გავრცელებას, რასობრივი დისკრიმინაციის წახალისებას, ისევე როგორც ნებისმიერი რასის ან განსხვავებული კანის ფერის მქონე ან ეთნიკური წარმოშობის პირთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ყველა მოქმედებას ან ამგვარი მოქმედებების წახალისებას, და აგრეთვე რასისტული მოქმედებებისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევას, მათ შორის ფინანსური ხასიათის დახმარებას; ბ) უკანონოდ აცხადებენ და კრძალავენ ორგანიზაციებს, და აგრეთვე ორგანიზებულ და ყველა სხვა სახის საპროპაგანდო ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობენ და ახალისებენ რასობრივ დისკრიმინაციას, და კანონით დასჯად დანაშაულად აცხადებენ ამგვარ ორგანიზაციებში ან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; გ) არ რთავენ ნებას საჯარო ორგანოებს ან საჯარო დაწესებულებებს, სახელმწიფოს თუ ადგილობრივს, ხელი შეუწყონ ან წაახალისონ რასობრივი დისკრიმინაცია. მუხლი 5🔗 წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლში გაწერილი ფუნდამენტალური ვალდებულებების გათვალისწინებით, სახელმწიფო მხარეები კისრულობენ აკრძალონ და აღმოფხვრან რასობრივი დისკრიმინაცია მისი გამოვლინების ყველა ფორმაში და რასის, კანის ფერის ან ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის განურჩევლად, ყველასათვის უზრუნველყონ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების სარგებლობის მხრივ: ა) სასამართლოებსა და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირებად ყველა სხვა ორგანოში თანასწორი მოპყრობის უფლება; ბ) პირის უსაფრთხოებისა და ძალადობის ან ფიზიკური ზიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლება, იმისდა მიუხედავად, იგი მომდინარეობს თუ არა თანამდებობის პირებისგან თუ ნებისმიერი ცალკეული ჯგუფის ან დაწესებულებისგან; გ) პოლიტიკური უფლებები, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება – საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ხმის მიცემა და არჩევა, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ნებისმიერ დონეზე საჯარო საქმეების მართვის უფლება და საჯარო მომსახურებაზე თანასწორი წვდომის ქონა; დ) სხვა სამოქალაქო უფლებები, კერძოდ: i) სახელმწიფოს საზღვრებში თავისუფალი მიმოსვლისა და ცხოვრების უფლება; ii) ნებისმიერი ქვეყნიდან გასვლის უფლება, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან, და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება; iii) მოქალაქეობის უფლება; iv) ქორწინებისა და მეუღლის არჩევის უფლება; v) ინდივიდუალური და კოლექტიური საკუთრების უფლება; vi) მემკვიდრეობის უფლება; vii) ფიქრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; viii) აზრისა და გამოხატვის თავისუფლება; ix) მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; ე) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, კერძოდ: i) შრომის, საქმიანობის თავისუფლად არჩევის, სამართლიან და ხელსაყრელ პირობებში შრომის, უმუშევრობისგან დაცვის, თანაბრად გაწეული შრომისთვის თანაბარი ხელფასისა და სამართლიანი და ხელსაყრელი ანაზღაურების უფლებები; ii) პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლება; iii) საცხოვრებლის უფლება; iv) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარების, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური მომსახურების უფლება; v) განათლების და სწავლების უფლება; vi) კულტურულ ღონისძიებებში თანასწორი მონაწილეობის უფლება; ვ) საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ნებისმიერ დაწესებულებაზე თუ მომსახურებაზე წვდომის უფლება, როგორიც არის ტრანსპორტი, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, თეატრები და პარკები. მუხლი 6🔗 სახელმწიფო მხარეები მათი იურისდიქციის ფარგლებში, კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა მეშვეობით, რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერ აქტთან მიმართებით, რომელიც წინამდებარე კონვენციის საწინააღმდეგოდ არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ყველას უზრუნველყოფენ ეფექტიანი დაცვითა და სამართლებრივი საშუალებებით, ისევე როგორც უფლებით, აღნიშნული სასამართლოებისგან მოიპოვონ სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია ან მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მათ ამგვარი დისკრიმინაციის შედეგად მიადგათ. მუხლი 7🔗 სახელმწიფო მხარეები კისრულობენ მიიღონ დაუყოვნებელი და ეფექტიანი ზომები, განსაკუთრებით კი სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროებში, იმ უარყოფით განწყობებთან ბრძოლისათვის, რომლებიც იწვევს რასობრივ დისკრიმინაციას, და ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, შემწყნარებლობისა და მეგობრობის წახალისებისათვის, ისევე როგორც გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ გაეროს დეკლარაციისა და წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და პრინციპების გავრცელებისთვის. II ნაწილი მუხლი 8🔗 1. იქმნება რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი (შემდგომში მოხსენიებული როგორც კომიტეტი), რომელიც შედგება სახელმწიფო მხარეების მიერ, თავიანთ მოქალაქეებს შორის არჩეული  თვრამეტი მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და გაცნობიერებული მიუკერძოებლობის მქონე ექსპერტისგან, რომლებიც მოქმედებენ პერსონალური უფლებაუნარიანობით. სათანადო მნიშვნელობა ენიჭება თანაბარ გეოგრაფიულ გადანაწილებასა და სხვადასხვა სახის ცივილიზაციების, ისევე როგორც ძირითადი იურიდიული სისტემების წარმოდგენას. 2. კომიტეტის წევრები, ფარული კენჭისყრით, ირჩევიან სახელმწიფო მხარეების მიერ ნომინირებული პირების ნუსხიდან. 3. თავდაპირველი არჩვენები ტარდება კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ. თითოეული არჩვენების თარიღამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გაეროს გენერალური მდივანი წერილით მიმართავს სახელმწიფო მხარეებს, თავიანთი კანდიდატურები წარმოადგინონ ორი თვის ვადაში. გენერალური მდივანი, ყველა ნომინირებულ პირთაგან, ანბანის წყობით ადგენს ნუსხას, სადაც მითითებულია ის სახელმწიფო მხარეები, რომელთაც წარადგინეს კანდიდატურები, და წარუდგენს მას სახელმწიფო მხარეებს. 4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება გაეროს შტაბ-ბინაში, გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ სახელმწიფო მხარეთა შეხვედრაზე. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომლის კვორუმსაც შეადგენს სახელმწიფო მხარეთა ორი მესამედი, კომიტეტში არჩეული პირები არიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფო მხარეთა წარმომადგენელთა ხმების სრული უმრავლესობა. 5. ა) კომიტეტის წევრები ირჩევიან ოთხი წლის ვადით. ამავდროულად, თავდაპირველი არჩევნების შედეგად არჩეული ცხრა წევრის ვადა იწურება ორ წელიწადში; თავდაპირველი არჩევნების ჩატარებისთანავე, აღნიშნული ცხრა წევრის სახელები ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ჩატარებული წილისყრით;   ბ) დროებითი ვაკანსიების შესავსებად, ის სახელმწიფო მხარე, რომლის ექსპერტმაც შეწყვიტა კომიტეტის წევრად ფუნქციონირება, საკუთარ მოქალაქეებს შორის ნიშნავს ახალ ექსპერტს, რაც ექვემდებარება კომიტეტის დასტურს. 6. სახელმწიფო მხარეები პასუხისმგებელნი არიან კომიტეტის წევრთა ხარჯებზე, მათ მიერ თავიანთ საკომიტეტო მოვალეობათა შესრულებისას. მუხლი 9🔗 1. სახელმწიფო მხარეები კისრულობენ, კომიტეტის მიერ განსახილველად, გაეროს გენერალურ მდივანს წარუდგინონ მათ მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებების შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომების შესახებ ანგარიში: ა)  ყოველი სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში; ბ) აღნიშნულის შემდგომ, ყოველ ორ წელიწადში და აგრეთვე მაშინ, როდესაც კომიტეტი მოითხოვს ამგვარ ანგარიშს. კომიტეტს შეუძლია სახელმწიფო მხარეებისგან მოითხოვოს სხვა ინფორმაცია. 2. კომიტეტი, გენერალური მდივნის მეშვეობით, გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს საკუთარი საქმიანობების შესახებ ანგარიშს და სახელმწიფო მხარეებისგან მიღებული ანგარიშებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, შეუძლია გასცეს მოსაზრებები და ზოგადი რეკომენდაციები. ამგვარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, სახელმწიფო მხარეების მიერ გაკეთებული შენიშვნებითურთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაეცემა გენერალურ ასამბლეას. მუხლი 10🔗 1. კომიტეტი იღებს საკუთარ საპროცედურო წესებს. 2. კომიტეტი საკუთარ თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. 3. კომიტეტის სამდივნო უზრუნველყოფილია გაეროს გენერალური მდივნის მიერ. 4. კომიტეტის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება გაეროს შტაბ-ბინაში. მუხლი 11🔗 1. თუ სახელმწიფო მხარეს მიაჩნია, რომ სხვა სახელმწიფო მხარე არ ასრულებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს, მას შეუძლია აღნიშნული საკითხი გადასცეს კომიტეტს. შემდგომ ამისა, კომიტეტი დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეს გადაუგზავნის შეტყობინებას. სამი თვის ვადაში, შეტყობინების მიმღები სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს განმარტებებსა და განცხადებებს, რომლებიც ხსნიან დასმულ საკითხს და აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული სახელმწიფოს მიერ სიტუაციის გამოსასწორებლად მიღებულ ზომებზე ინფორმაციას. 2. თუ ორმხრივი მოლაპარაკებების ან მათთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა პროცედურის მეშვეობით, საკითხი არ გადაწყდება ორივე მხარის სურვილისამებრ, მიმღები სახელმწიფოს მიერ პირველადი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, საკითხი კვლავ გადასცეს კომიტეტს მისთვის და ასევე მეორე სახელმწიფოსთვის შეტყობინების გაგზავნის გზით. 3. კომიტეტი, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემულ საკითხს მას შემდეგ აგვარებს, რაც ასკვნის, რომ საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული და ამოწურულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი მექანიზმების გამოყენება არაგონივრულად ხანგრძლივდება. 4. მისთვის გადაცემულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეებს მოსთხოვოს სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება. 5. როდესაც წინამდებარე მუხლის მიხედვით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი კომიტეტის მიერ განიხილება, დაინტერესებულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება კომიტეტში მიმდინარე პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ხმის მიცემის უფლების გარეშე, საქმის განხილვის განმავლობაში მიავლინონ წარმომადგენლები. მუხლი 12🔗 1. ა) მას შემდეგ რაც კომიტეტი მოიპოვებს და განიხილავს მის მიერ საჭიროდ მიჩნეულ ინფორმაციას, თავმჯდომარე ნიშნავს ხუთი პირისგან შემდგარ ad hoc შერიგების კომისიას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც კომისია), რომლებიც შეიძლება იყვნენ ან არ იყვნენ კომიტეტის წევრები. კომისიის წევრები ინიშნებიან დავის მხარეთა ერთობლივი თანხმობით, და მათი სამსახურები დაინტერესებულ სახელმწიფოთათვის ხელმისაწვდომია საკითხის მეგობრულად გადაწყვეტის შემართებით, წინამდებარე კონვენციის დაცვის საფუძველზე; ბ) თუ დავის სახელმწიფო მხარეები სამი თვის ვადაში ვერ აღწევენ შეთანხმებას კომისიის სრულად ან ნაწილობრივ დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეთა მიერ შეუთანხმებელი კომისიის წევრები ფარული კენჭისყრის გზით, კომიტეტის წევრებიდან აირჩევიან ორი მესამედის უმრავლესობით. 2. კომისიის წევრები მოქმედებენ პერსონალური უფლებაუნარიანობით. ისინი არ არიან დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მხარეები. 3. კომისია ირჩევს საკუთარ თავმჯდომარეს და იღებს საკუთარ საპროცედურო წესებს. 4. კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება გაეროს შტაბ-ბინაში ან კომისიის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა მოსახერხებელ ადგილას. 5. წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამდივნო, აგრეთვე ემსახურება კომისიას, როდესაც სახელმწიფო მხარეებს შორის დავა წარმოშობს ამგვარ კომისიას. 6. დავაში მონაწილე სახელმწიფო მხარეები კომისიის წევრთა ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ გაეროს გენერალური მდივნის მიერ განსაზღვრული სახარჯთაღრიცხვო ოდენობების შესაბამისად. 7. გენერალური მდივანი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დაფაროს კომისიის წევრთა ხარჯები, იქამდე ვიდრე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დავაში მონაწილე მხარები განახორციელებენ ანაზღაურებას. 8. კომიტეტის მიერ მოპოვებული და განხილული ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიისათვის, და კომისიას შეუძლია დაინტერესებულ სახელმწიფოებს მოუწოდოს სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებისაკენ. მუხლი 13🔗 1. როდესაც კომისია სრულად განიხილავს საკითხს, იგი ამზადებს და კომიტეტის თავმჯდომარეს წარუდგენს მხარეებს შორის არსებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი შეკითხვების თაობაზე მიღებული დასკვნებისგან შემდგარ ანგარიშს, რომელიც შეიცავს იმგვარ რეკომენდაციებს, როგორებიც მას შეუძლია ჩათვალოს დავის მეგობრულად გადაწყვეტისთვის სათანადოდ. 2. კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშს გადაუგზავნის დავის თითოეულ სახელმწიფო მხარეს. აღნიშნული სახელმწიფოები, სამი თვის ვადაში, კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობებენ იღებენ თუ არა ისინი კომისიის ანგარიშში შეტანილ რეკომენდაციებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრული ვადის შემდგომ, კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ანგარიშსა და დაინტერესებული სახელმწიფო მხარეების დეკლარაციებს გადაუგზავნის კონვენციის სხვა სახელმწიფო მხარეებს. მუხლი 14🔗 1. სახელმწიფო მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს, წარადგინოს დეკლარაცია, რომ იგი აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს მის იურისდიქციაში შემავალი იმ პირების ან პირთა ჯგუფების  განაცხადები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან აღნიშნული სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციაში გაწერილი ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლნი. კომიტეტი არ იღებს არც ერთ განაცხადს თუ იგი ეხება იმ სახელმწიფო მხარეს, რომელსაც არ გაუკეთებია ამგვარი დეკლარაცია. 2. ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, რომელიც წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარადგენს დეკლარაციას, შეუძლია, თავის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სისტემაში შექმნას ან განაწესოს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მის იურისდიქციაში შემავალი იმ პირების ან პირთა ჯგუფების მიმართვების მიღებასა და განხილვაზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან წინამდებარე კონვენციით გაწერილი ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლნი და თუ მათ ამოწურეს სხვა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებები. 3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დეკლარაცია და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანოს დასახელება დაინტერესებული სახელმწიფო მხარის მიერ გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც აღნიშნულის ასლებს გადაუგზავნის სხვა სახელმწიფო მხარეებს. დეკლარაციის უკან გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გენერალურ მდივანთან გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით, თუმცა ამგვარი გამოთხოვა არ ვრცელდება იმ განაცხადებზე, რომელთაც კომიტეტი იმ მომენტისთვის განიხილავს. 4. მიმართვების რეგისტრატურას მართავს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანო, და რეგისტრატურის დამოწმებული ასლები, სათანადო არხების მეშვეობით, წლიურად გადაეცემა გენერალურ მდივანს იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მათი გასაჯაროება. 5. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ან განწესებული ორგანოსგან დამაკმაყოფილებელი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, მიმართვის წარმდგენს აქვს უფლება, ექვსი თვის ვადაში, საკითხი გადასცეს კომიტეტს. 6. ა) კომიტეტი, მისთვის გადაცემულ ნებისმიერ განაცხადს, კონფიდენციალურობის დაცვით, წარუდგენს იმ სახელმწიფო მხარეს, რომელიც ითვლება კონვენციის ნებისმიერი დებულების დამრღვევად, თუმცა დაინტერესებული პირის ან პირთა ჯგუფის იდენტობის გამხელა არ ხდება მისი ან მათი მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე. კომიტეტი არ იღებს ანონიმურ განაცხადებს; ბ) სამი თვის ვადაში, მიმღები სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს წერილობით ახსნა-განმარტებებს ან განცხადებებს რომლებიც აზუსტებენ საკითხს და მათი არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეიძლება უზრუნველყოს აღნიშნულმა სახელმწიფომ. 7. ა) კომიტეტი განაცხადებს განიხილავს, დაინტერესებული სახელმწიფო მხარისა და განმცხადებლის მიერ მისთვის წარდგენილი ყველა ინფორმაციის მხედველობაში მიღებით. კომიტეტი არ განიხილავს განმცხადებლის არც ერთ განაცხადს თუ იგი არ დაადგენს, რომ განმცხადებელმა ამოწურა ყველა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევისას, როდესაც აღნიშნული დაცვის საშუალებები არაგონივრულად ხანგრძლივდება; ბ) კომიტეტი თავის მითითებებსა და რეკომენდაციებს, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში, გადასცემს დაინტერესებულ სახელმწიფო მხარესა და განმცხადებელს. 8. კომიტეტს, საკუთარ წლიურ ანგარიშში, შეაქვს ამგვარი განაცხადების განხილვის შეჯამება, და სათანადო შემთხვევაში, დაინტერესებულ სახელმწიფო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და განაცხადების და საკუთარი მითითებებისა და რეკომენდაციების შეჯამება. 9. კომიტეტი უფლებამოსილია წინამდებარე მუხლში გაწერილი ფუნქციები განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენციის სულ მცირე ათი სახელმწიფო მხარე ამ მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად წარადგენს აღიარების დეკლარაციას. მუხლი 15🔗 1. კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბრის 1514 (XV) დეკლარაციაში შეტანილი მიზნების შესრულებამდე, წინამდებარე კონვენციის დებულებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს, სხვა საერთაშორისო აქტებით ან გაეროს და მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ, აღნიშნული ხალხისთვის მინიჭებული მიმართვის უფლებას. 2. ა) წინამდებარე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომიტეტი გაეროს იმ ორგანოებისგან იღებს მიმართვების ასლებს, რომლებიც სამეურვეო და არათვითმმართველ ტერიტორიებზე და ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუცია, მაცხოვრებელთა მიმართვების განხილვისას უშუალოდ ეხებიან წინამდებარე კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს და ამავე ორგანოებს წარუდგენს აღნიშნულ მიმართვებთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციას და რომელიც განიხილება აღნიშნული ორგანოების მიერ. ბ) კომიტეტი გაეროს კომპეტენტური ორგანოებისგან იღებს წინამდებარე პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოხსენიებული ტერიტორიების მმართველი ხელისუფლების მიერ წინამდებარე კონვენციის პრინციპებთან და მიზნებთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის ზომების თაობაზე ანგარიშების ასლებს, და გასცემს საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს აღნიშნული ორგანოებისთვის. 3. კომიტეტს, გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენ საკუთარ წლიურ ანგარიშში, შეაქვს მიმართვებისა და იმ ანგარიშების შეჯამება, რომელიც მან მიიღო გაეროს ორგანოებისგან, და აღნიშნულ მიმართვებთან და ანგარიშებთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრებები და რეკომენდაციები. 4. კომიტეტი გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვს კონვენციის მიზნებთან დაკავშირებულ და მისთვის ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში ნახსენებ ტერიტორიებთან მიმართებით. მუხლი 16🔗 ამ კონვენციაში, დავების მოგვარებასთან ან საჩივრებთან დაკავშირებული დებულებები გამოიყენება,  გაეროსა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების სადამფუძნებლო ან მათ მიერ მიღებულ დოკუმენტებში დისკრიმინაციის სფეროსთან დაკავშირებულ დავების მოგვარებისა და საჩივრების სხვა პროცედურების ხელყოფის გარეშე, და იგი სახელმწიფო მხარეებს ხელს არ უშლის, დავების მოგვარების მიზნით, მიმართონ სხვა პროცედურებს, რომლებიც დადგენილია მათ შორის მოქმედ ზოგად ან სპეციალურ შეთანხმებებში. III ნაწილი მუხლი 17🔗 1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღია არის გაეროს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის ან ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოს წევრისათვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების ნებისმიერი სახელმწიფო მხარისათვის და სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწვია წინამდებარე კონვენციის მხარედ. 2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელები გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს. მუხლი 18🔗 1. წინამდებარე კონვენცია შეერთებისათვის ღია არის წინამდებარე კონვენციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. 2. შეერთება ამოქმედდება შეერთების სიგელის გაეროს გენერალური მდივნისთვის გადაცემით. მუხლი 19🔗 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაეროს გენერალური მდივნისთვის ოცდამეშვიდე რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღის შემდგომ ოცდამეათე დღეს. 2. ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ან შეერთებას ახდენს ოცდამეშვიდე რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომ, კონვენცია ძალაში შედის თავისი რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღის შემდგომ ოცდამეათე დღეს. მუხლი 20🔗 1. გაეროს გენერალური მდივანი იღებს და ყველა იმ სახელმწიფოს გადასცემს რატიფიკაციისას ან შეერთებისას სახელმწიფოების მიერ გაკეთებულ დათქმებს, რომლებიც შეიძლება გახდნენ წინამდებარე კონვენციის მხარეები. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება დათქმას, შესაბამისი შეტყობინებიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, გენერალურ მდივანს აცნობებს საკუთარი უარყოფითი პოზიციის შესახებ. 2. არ დაიშვება დათქმა, რომელიც წინამდებარე კონვენციის მიზნისა და დანიშნულებისთვის შეუსაბამოა, აგრეთვე დაუშვებელია ისეთი დათქმა, რომელიც შეაფერხებს წინამდებარე კონვენციით შექმნილი ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებას. დათქმა ითვლება შეუსაბამოდ ან შემაფერხებლად თუ წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მხარეთა ორი მესამედი ეწინააღმდეგება მას. 3. დათქმები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ნებისმიერი დროს, ამ მიზნით, გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით. ამგვარი შეტყობინება ამოქმედდება მისი მიღების თარიღიდან. მუხლი 21🔗 ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, გაეროს გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ. მუხლი 22🔗 წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, ორ ან მეტ სახელმწიფო მხარეს შორის არსებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება მოლაპარაკებების ან წინამდებარე კონვენციაში მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების მეშვეობით, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, გადაწყვეტილებისთვის გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, თუ დავის მხარეები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების სხვა საშუალებაზე. მუხლი 23🔗 1. ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს წინამდებარე კონვენციის გადახედვა. 2. გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას თუ რა სახის მოქმედებები უნდა განხორციელდეს ამგვარ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მუხლი 24🔗 გაეროს გენერალური მდივანი, წინამდებარე კონვენციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ყველა სახელმწიფოს ატყობინებს შემდეგს: ა) მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე განხორციელებული ხელმოწერები, რატიფიკაციები და შეერთებები; ბ) მე-19 მუხლის საფუძველზე, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი; გ) მე-14, მე-20 და 23-ე მუხლების საფუძველზე მიღებული შეტყობინებები და დეკლარაციები; დ) 21-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებული დენონსაციები. მუხლი 25🔗 1. წინამდებარე კონვენცია, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაეროს არქივებს. 2. გაეროს გენერალური მდივანი, წინამდებარე კონვენციის სერტიფიცირებულ ასლებს გადასცემს ამ კონვენციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებ ნებისმიერ კატეგორიას მიკუთვნებულ ყველა სახელმწიფოს.