ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 11.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/4/1432
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016816
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2023
matsne.gov.ge 818 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 28.11.2025 ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 90% 27.12.2024 გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 89% 27.10.2023 ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 88% 24.05.2019 რუსლან ალექსიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 88% 11.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/4/1432  2023 წლის 11 მაისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ. დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის, 80​1 მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1432) მომართეს ციცი ჭელიძემ, სოფიკო ჯიჭონაიამ, ანა გაგუამ, მარიამ შათირიშვილმა, სოფიკო თვალაბეიშვილმა, თამარ სტეფანიშვილმა და მარიამ ბარსონიძემ. №1432 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 19 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს. 2. №1432 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. სადავო ნორმები ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს. გასაჩივრებული წესის თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით. 4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს მოქალაქეთა უფლებას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. 5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები იღებენ ან მიღებული აქვთ განათლება ერთ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე და, შესაბამისად, სადავო ნორმები მათ ართმევს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ხელახლა მოიპოვონ. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ზღუდავს პირის უფლებას, საკუთარი შესაძლებლობებიდან და სურვილიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუნდაც იმავე საფეხურზე. 6. მოსარჩელეთა პოზიციით, განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომლის წახალისების უზრუნველსაყოფადაც, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს, იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს მიანიჭოს, უმაღლესი განათლების სტადიაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმები ბლანკეტურად უკრძალავს პირს იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტის ხელმეორედ მოპოვების უფლებას. 7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა და ხარჯის შემცირება, თუმცა პირთა განათლების უფლების რეალიზებისაკენ მიმართული ხარჯი ვერ ჩაითვლება არამიზნობრივად ან ნაკლებად მნიშვნელოვან დანახარჯად. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განათლების უფლება გულისხმობს, მის მისაღებად ყველა საჭირო პირობების შექმნას და არსებული დროისათვის ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას ამ უფლების უკეთ რეალიზებისათვის. ამის საპირისპიროდ, სადავო რეგულირებით, პირს ეკრძალება სახელმწიფო დაფინანსების ხელახლა მოპოვების უფლება, რითაც მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, ხდება განათლების მიღების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. 8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა იურისდიქციის სასამართლოების პრაქტიკას. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1432 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1432 კონსტიტუციური სარჩელი („ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). 2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში