NN საჩივარი N მომჩივანი დაბადების თარიღი საცხოვრებელი ადგილი უფლებადამცველი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57864/17; 79087/17; 55353/19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

მეხუთე სექცია

საქმე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივრები NN57864/17, 79087/17 და 55353/19)

გადაწყვეტილება

მუხლი 8 • პოზიტიური ვალდებულებები • პირადი ცხოვრება • არაზუსტი საკანონმდებლო ბაზის გამო, ტრანსგენდერი მამაკაცებისთვის შეუძლებელია მოიპოვონ თავიანთი სქესის სამართლებრივი აღიარება სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების გავლის გარეშე • ეროვნულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები🔗

სტრასბურგი

2022 წლის 1 დეკემბერი

ეს გადაწყვეტილება საბოლოო ხდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ჟორჟ რავარანი, თავმჯდომარე,კარლო რანსონი,მარტიშ მიტსი,სტეფანი მოურუ-ვიქსტრომი,ლადო ჭანტურია,მატიას გიომარი,კატერინა შიმაჩკოვა, მოსამართლეები,და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი

გაითვალისწინა რა:

საქართველოს სამი მოქალაქის, ბ-ნი ა.დ.-ს (შემდგომში „პირველი მომჩივანი“), ბ-ნი ა.კ.-ს (შემდგომში „მეორე მომჩივანი“) და ბ-ნი ნიკოლო ღვინიაშვილის (შემდგომში „მესამე მომჩივანი“) მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 1 აგვისტოს და 10 ნოემბერს და 2019 წლის 18 ოქტომბერს შეტანილი საჩივრები (NN57864/17, 79087/17 და 55353/19), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად;

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საჩივრების შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლების შესაბამისად;

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ გამჟღავნდეს პირველი და მეორე მომჩივნების სახელები და გვარები;

მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მომჩივნების მიერ საპასუხოდ წარმოდგენილი მოსაზრებები;

საქართველოს სახალხო დამცველის, გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექსთა საერთაშორისო ასოციაციის ევროპული რეგიონის – ილგა-ევროპის (ILGA-Europe) და ტრანსგენდერი ევროპის (TGEU) მიერ წარმოდგენილი კომენტარები, რომლებიც სექციის თავმჯდომარემ მიავლინა პროცესში მონაწილეობისთვის (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად);

2022 წლის 8 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. წინამდებარე საქმე ეხება მომჩივნების მიერ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ შეძლეს სქესის სამართლებრივი აღიარების მოპოვება სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების გავლის გარეშე.

ფაქტები

2. მომჩივნების დაბადების თარიღები, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილები და სასამართლო პროცესზე მომჩივნების უფლებადამცველების სახელები და გვარები წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

საჩივრები NN57864/17 და 79087/17

5. პირველი და მეორე მომჩივნები არიან ტრანსგენდერი მამაკაცები (რომლებსაც დაბადებისას დაუფქსირდათ მდედრობითი სქესი).

6. 2014 წლის 29 მაისს და 2015 წლის 22 იანვარს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტომ (შემდგომში „სააგენტო“) მომჩივნებს, მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, დაუფიქსირა სახელები, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცის სახელებად იყო მიჩნეული ქალის იმ ტრადიციული სახელების სანაცვლოდ, რომლებიც მითითებული იყო სამოქალაქო აქტების შესაბამის ჩანაწერებში.

7. 2014 წლის 11 ოქტომბერს და 2015 წლის 15 აპრილს, თბილისში, ფსიქოლოგების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობების მიხედვით, მომჩივნებს დაესვათ შემდეგი დიაგნოზი: „გენდერული იდენტობის დარღვევა (ტრანსსექსუალიზმი)“.

8. 2014 წლის 9 დეკემბერს და 2015 წლის 24 აპრილს მომჩივნებმა სააგენტოს მიმართეს თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს ზემოაღნიშნული სამედიცინო ცნობების საფუძველზე, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში მდედრობითი სქესის/გენდერის მარკერი შეეცვალა მამრობითი სქესის/გენდერის მარკერით (ადმინისტრაციული პროცედურა, რომელიც იურიდიულ ლიტერატურაში ასევე მოხსენიებულია, როგორც „სქესის სამართლებრივი აღიარება“). ორგანომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები იმ მოტივით, რომ მომჩივნებს არ დაუმტკიცებიათ სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების ჩატარება.

9. მომჩივნებმა საჩივრებით მიმართეს სასამართლოებს. საქმისწარმოებისას გამოვლინდა, რომ მეორე მომჩივანს, განსხვავებით პირველი მომჩივნისგან, ჩატარებული ჰქონდა ჰორმონალური თერაპია (ტესტოსტერონის დონის ამაღლების მიზნით) და ასევე მკერდის ქირურგიული მოცილების (მასტექტომია) პროცედურა.

10. 2015 წლის 8 დეკემბერს და 2016 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები იმ მოტივით, რომ მომჩივნების გენდერული თვითიდენტიფიკაციის მიუხედავად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში არსებული სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის წინაპირობა, 2011 წლის 20 დეკემბრის სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის შესაბამისად (შემდგომში „2011 წლის კანონი“), იყო სქესის შეცვლა. აქედან გამომდინარე, რადგან არც ერთ მომჩივანს არ ჩაუტარებია სქესის შეცვლის არც ერთი არსებული პროცედურა, მათი მოთხოვნა სქესის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით არ შეიძლება ყოფილიყო ნებადართული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სანდოობისა და თანამიმდევრულობის ინტერესებიდან გამომდინარე.

11. შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების საბოლოო შედეგი იყო ის, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მიერ წარდგენილი საჩივრები მატერიალური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. საჩივართან N57864/17 დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების წერილობითი ასლი 2017 წლის 1 თებერვალს გადაეცა პირველ მომჩივანს. საჩივართან N79087/17 დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის საბოლოო გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 10 მაისს გადაეცა მეორე მომჩივანს.

12. სასამართლო პროცესის დროს სააგენტოს წარმომადგენელმა, როდესაც პასუხობდა მოსამართლეების შეკითხვებს, ცალსახად აღიარა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით არ იყო ზუსტად განსაზღვრული, რომელი სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო ან რა სახის სამედიცინო ცნობა იყო საჭირო „სქესის შეცვლისთვის“ 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში (ეს აღიარება გაკეთდა 2015 წლის 3 დეკემბერს, პირველი მომჩივნის საქმეზე სასამართლო მოსმენის დროს და 2016 წლის 13 აპრილს, მეორე მომჩივნის საქმეზე სასამართლო მოსმენის დროს). მთლიანობაში საფუძვლები, რომლებიც ეროვნულმა ორგანოებმა წარმოადგინეს მათი იმ გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად, რომლითაც სქესის სამართლებრივი აღიარების შესახებ პირველი და მეორე მომჩივნების საჩივრები არ დაკმაყოფილდა, მსგავსი იყო იმ საფუძვლებისა, რომლებიც წარმოადგინეს სააგენტომ და სასამართლოებმა, როდესაც მათ განიხილეს მესამე მომჩივნის საქმე (იხ., ქვემოთ, მე-14-32-ე პუნქტები), მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელ საქმეში საფუძვლები უფრო დეტალურად იყო წარმოდგენილი.

13. 2019 წლის აპრილში მეორე მომჩივანმა და მის არაოფიციალურმა პარტნიორმა, რომლისაგანაც იგი ელოდა ბავშვს (ბავშვი ჩაისახა დონორის სპერმის გამოყენებით), დატოვეს საქართველო და საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში. 2020 წლის მარტში, მეორე მომჩივანმა შეაცვლევინა მისი სქესის/გენდერის მარკერი ბელგიის მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და 2021 წლის თებერვალში მან და მისმა მეუღლემ დაარეგისტრირეს მათი ქორწინება ანტვერპენის სამოქალაქო სერვისების ფედერალურ სააგენტოში.

საჩივარი N55353/19

ადმინისტრაციული წარმოება

14. მესამე მომჩივანი, ასევე, ტრანსგენდერი მამაკაცია (დაბადებისას მას დაუფიქსირდა მდედრობითი სქესი). მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა წინა ქორწინება (ქორწინებაში იმყოფებოდა 1992 წლიდან 1997 წლამდე), რომლის განმავლობაშიც გაუჩნდა გოგონა, მან გადაწყვიტა, რომ შეეცვალა თავისი გენდერული იდენტობა. მან დაიწყო ჰორმონალური თერაპიის კურსის ჩატარება, რაც დაეხმარა იმაში, რომ მისი ოჯახის, მეგობრებისა და სხვა სოციალური წრეების მიერ მისი მამაკაცად აღქმა უფრო მარტივად მოხდა. 2011 წლის 15 თებერვალს, მისი განცხადების მიღებისთანავე, სააგენტომ დაარეგისტრირა მომჩივანი ახალი, მამაკაცისთვის ტრადიციულად მიჩნეული სახელით და გააუქმა მას ძველი, ტრადიციულად ქალის სახელად მიჩნეული სახელი.

15. 2015 წლის 9 თებერვალს, მესამე მომჩივანმა განცხადებით მიმართა სააგენტოს, 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში მისი მდედრობითი სქესის/გენდერის მარკერის მამრობითი სქესის/გენდერის მარკერად შეცვლასთან დაკავშირებით. მისი განცხადების გასამყარებლად მან წარადგინა 2014 წლის 31 ოქტომბერს, ფსიქოლოგის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა (შემდგომში „2014 წლის 31 ოქტომბრის სამედიცინო დასკვნა“), რომელშიც მითითებული იყო მისი შემდეგი დიაგნოზი: „გენდერული იდენტობის დარღვევა (ტრანსსექსუალიზმი)“.

16. 2015 წლის 10 ივნისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა მესამე მომჩივნის მოთხოვნა. მისი განცხადებით, მომჩივნის დაბადებასთან, ქორწინებასთან, მშობლის სტატუსთან, განქორწინებასა და სახელის შეცვლასთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ არსად არ იყო რაიმე მითითება, რაც დაამტკიცებდა, რომ მომჩივანმა შეიცვალა სქესი 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მომჩივანს დაესვა სამედიცინო დიაგნოზი, მაგრამ მასში არ დასტურდებოდა მომჩივნის მიერ სქესის შეცვლა.

17. 2015 წლის 8 ივლისს, მესამე მომჩივანმა გაასაჩივრა სააგენტოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტი არ უნდა ყოფილიყო განმარტებული, როგორც სქესის შეცვლის მოთხოვნა, ხოლო ის ფაქტი, რომ მომჩივანი საკუთარ თავს მამაკაცად მიიჩნევდა, რაც ასევე დასტურდებოდა 2014 წლის 31 ოქტომბრის სამედიცინო დასკვნით, ასევე ჰორმონალური თერაპია, რომელიც მან ჩაიტარა და მისი „სოციალური ქცევის, გარეგნობისა და ტანისამოსის სტილის“ შეცვლა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი დებულების მიზნებისთვის. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ ქალის ტრადიციულ სახელად მიჩნეული სახელი მან გადაიკეთა ახალ, მამაკაცის ტრადიციულ სახელად მიჩნეული სახელით.

18. 2015 წლის 5 აგვისტოს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა მესამე მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და გაიმეორა 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაში მოცემული საფუძვლები.

19. ამის შემდეგ, მესამე მომჩივანმა შეიტანა კიდევ ერთი საჩივარი სქესის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სააგენტომ კვლავ არ დააკმაყოფილა იგი და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2015 წლის 1 დეკემბერს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სააგენტომ აღიარა, რომ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ზუსტად არ იყო განსაზღვრული, თუ რას გულისხმობდა „სქესის შეცვლა“, თუმცა ეს ტერმინი გამოყენებული იყო 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტში. მიუხედავად ამისა, ორგანო მაინც ამტკიცებდა, რომ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მისი სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის მოთხოვნამდე, მას აუცილებლად უნდა წარმოედგინა სამედიცინო ცნობა, სადაც მითითებული იქნებოდა ასევე მისი ბიოლოგიური ან/და ფიზიოლოგიური სქესობრივი მახასიათებლების შეცვლის შესახებ.

სასამართლო პროცესები

საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

20. 2015 წლის 7 სექტემბერს, მესამე მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა სააგენტოს უარი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში მისი სქესის/გენდერის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით. სხვა არგუმენტებთან ერთად ის დავობდა, რომ სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის არც ერთი სამართლებრივი დებულებით არ მოითხოვებოდა ანატომიური/ფიზიოლოგიური მახასიათებლების შეცვლა. მისი აზრით, საჩივრის დაკმაყოფილებაზე ორგანოს უარი წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. იგი ასევე ჩიოდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და მიუთითა სხვადასხვა ტრანსფობიური დამოკიდებულებების, დამცინავი, სიძულვილის გამომხატველი საუბრის და შეურაცხყოფის მაგალითებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმის გამო, რომ მისი დაბადებისას დაფიქსირებული სქესი (მდედრობითი) და მისი ამჟამინდელი გენდერული იდენტობა (მამრობითი) არ ემთხვეოდა ერთმანეთს იდენტობის განმსაზღვრელ ოფიციალურ დოკუმენტებში.

21. მოპასუხე ორგანომ საპასუხოდ წარმოადგინა თავისი კომენტარები, რომლითაც იცავდა საკუთარ პოზიციას, რომ „სქესის შეცვლა“, 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, ნიშნავდა სწორედ ბიოლოგიური ან/და ფიზიოლოგიური კუთხით სქესობრივი მახასიათებლების შეცვლას. ორგანოს არგუმენტით, თუ კანონმდებლობას სურდა განეხილა „სქესის შეცვლა“ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის/გენდერის მარკერის ცვლილების საფუძვლად, რასაც მომჩივანი ამტკიცებდა თავის სარჩელში, იგი ამას ზუსტად დააფიქსირებდა 2011 წლის კანონში, რადგან სხვაობა ორ ტერმინს – „გენდერსა“ და „სქესს“ შორის – ზოგადი სამართალმცოდნეობის საკითხი იყო.

22. სასამართლო პროცესის ფარგლებში სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების კოლეგიის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მომჩივანი სქესობრივი ცხოვრების დროს ავლენდა ორივე გენდერისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და პრობლემები ჰქონდა სქესობრივი ადაპტაციის თვალსაზრისით.

23. საქალაქო სასამართლომ ასევე მოუსმინა ექსპერტ-ფსიქოლოგს, რომელსაც ჰქონდა ტრანსგენდერ პირებთან მუშაობის დიდი გამოცდილება და რომელმაც განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ მიუხედავად იმისა, ასეთი შემთხვევა იშვიათი იყო, ტრანსგენდერ პირს, მისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, შესაძლოა მაინც გადაეწყვიტა მისი თავდაპირველი სქესის დაბრუნება.

24. 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და განაცხადა, რომ 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის საფუძველზე სქესის/გენდერის მარკერის შეცვლა სამოქალაქო აქტების სხვადასხვა ჩანაწერში შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა სქესის შესაბამისი შეცვლა. თუმცა, კონკრეტული პროცედურების მითითებების გარეშე სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის სქესი შესაძლებელია შეცვლილიყო მხოლოდ სამედიცინო პროცედურების მეშვეობით. მომჩივნის მიერ კონვენციის მე-8 მუხლზე მითითებასთან დაკავშირებული საქალაქო სასამართლოს არგუმენტით, ადგილი არ ჰქონდა მომჩივნის უფლებაში რაიმე ჩარევას აღნიშნული დებულების საფუძველზე, რადგან სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლაზე უარის თქმას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მომჩივნის გენდერული თვითიდენტიფიკაციის უფლებასთან. მართლაც, სახელმწიფოს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია მომჩივნის გენდერული იდენტობა, რადგან უდავო იყო, რომ მომჩივანს შეეძლო ეცხოვრა მამაკაცის საზოგადოებრივი ცხოვრებით, რაიმე ჩარევის გარეშე. სასამართლომ დაასკვნა, რომ მხოლოდ იმ ტრანსგენდერებს, რომლებმაც ჩაიტარეს სქესის შეცვლის ოპერაცია, ჰქონდათ სქესის სამართლებრივი აღიარების უფლება.

საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში

25. 2017 წლის 6 თებერვალს მომჩივანმა გაასაჩივრა 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული მოსმენის დროს, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 4 ივლისს, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იგი არ თვლიდა თავს კანონის წინაშე ვალდებულად, რომ წარმოედგინა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა სქესის შეცვლას. მან განაცხადა, რომ მისი გენდერული თვითიდენტიფიკაცია საკმარისი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ორგანოსთვის, რომ დაეკმაყოფილებინა მისი საჩივარი გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ. მან ასევე მოითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გაეთვალისწინებინა სასამართლოს მიერ ახლო წარსულში გამოტანილი განჩინება საქმეზე A.P., Garçon and Nicot v. France (no. no. 79885/12 და 2 სხვები, §§ 92-154, 2017 წლის 6 აპრილი).

27. მოპასუხე ორგანომ პასუხად დააფიქსირა, რომ სახელმწიფო არ დაინტერესებულა მომჩივნის ამჟამინდელი გენდერის საკითხით, ანუ ფაქტით, რომ იგი თავს თვლიდა მამაკაცად. საინტერესო იყო მომჩივნის სქესის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ მან სქესი შეიცვალა. სამედიცინო დასკვნა, რომლითაც მომჩივანს „გენდერული იდენტობის დარღვევის“ დიაგნოზი დაესვა, ან რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მომჩივანი ავლენდა ორივე სქესისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ ნიშნებს (იხ., ზემოთ, მე-15 და 22-ე პუნქტები) საკმარისი არ იყო. სააგენტომ აღნიშნა, რომ მიმდინარე დავამდე იყო მხოლოდ ორი მსგავსი საქმე, რომლის დროსაც წარმოდგენილი მსგავსი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა „გენდერული იდენტობის დარღვევის“ დიაგნოზი, არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტის მიზნებისთვის (იხ., ზემოთ მე- 5-მე-12პუნქტები).

28. ზეპირი მოსმენის დროს, სააპელაციო პალატის ერთ-ერთმა მოსამართლემ მოპასუხე ორგანოს ჰკითხა, კონკრეტულად რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება უწევდა მომჩივანს იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სქესის შეცვლის დამტკიცება, ასეთი პროცედურების ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქირურგიული ჩარევით, თუ საკმარისი იქნებოდა სხვა, ნაკლებად ინტრუზიული პროცედურების გამოყენება და აღნიშნულთან დაკავშირებით, იყო თუ არა აუცილებელი დამატებითი სიზუსტის შეტანა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში. მოპასუხე ორგანომ მოკლედ უპასუხა, რომ შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში უკვე ნათლად იყო განმარტებული, თუ რას წარმოადგენდა სქესის შეცვლა და რომ აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი იყო „ქირურგიული პროცედურების“ მეშვეობით.

29. 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ძირითადად იმავე საფუძვლით, რომელსაც ეყრდნობოდა ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება. მან დაამატა, რომ საქმის მასალებში არსებული არცერთი სამედიცინო დასკვნა (იხ., ზემოთ, მე-15და 22-ე პუნქტები) არ ადასტურებდა, რომ მესამე მომჩივანმა შეიცვალა სქესი. რაც შეეხება მის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში A.P., Garçon and Nicot (ციტირებული ზემოთ), სასამართლოს ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, საფრანგეთის ჩათვლით, დაუშვა სქესის/გენდერის მარკერის შეცვლა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში პირის გენდერული თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობამ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლა დაუქვემდებარა „ქირურგიული გზით“ სქესის შეცვლას. იქვე დაკონკრეტებულია, რომ მნიშვნელოვანია „სქესის შეცვლის მიზნით ჩატარებულ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას ჰქონდეს შეუქცევადი ეფექტი და ეს შეუქცევადობა არ მიიღწევა მხოლოდ ჰორმონალური თერაპიის გზით. ... სქესის მეორადი მახასიათებლების შეცვლა თავისთავად ვერ ჩაითვლება სქესის შეცვლად.“

საქმისწარმოება საკასაციო სასამართლოში

30. 2018 წლის 2 მაისს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მატერიალური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, სადაც მან გაიმეორა წინა არგუმენტი, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, კერძოდ 2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტი, არ შეიძლება ყოფილიყო განმარტებული ისე, თითქოს ტრანსგენდერ პირს უპირობოდ მოეთხოვებოდა ქირურგიული გზით სქესის შეცვლა სქესის სამართლებრივი აღიარების მიზნით. მან კვლავ მიუთითა სასამართლოს განჩინებაზე საქმეში A.P., Garçon and Nicot (ციტირებული ზემოთ).

31. 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი მატერიალური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, რადგან იგი ჩათვალა მიუღებლად და უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების ძირითადი საფუძვლები, რომლებიც მეტწილად ემთხვეოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძვლებს, შესაბამის ნაწილებში გადმოცემული იყო შემდეგი სახით:

„[მომჩივნის] განცხადებით, ჰორმონალური თერაპიის ჩატარების შემდეგ და მას შემდეგ, რაც იგი გარეგნულად შეიცვალა, ის თავს კომფორტულად გრძნობდა და არ სურდა ქირურგიული ჩარევა. ყველა შემთხვევაში, მისი პოზიცია სახელმწიფოს უნდა დაეცვა. თუმცა, . . . პირის სქესი გამოიხატება არა მხოლოდ მის ფიზიკურ გარეგნობაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მის ბიოლოგიურ მახასიათებლებში. ...

ყველა პირს აქვს უფლება, რომ შეცვალოს სქესის/გენდერის მარკერი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთხოვნილი ცვლილება შეესაბამება პირის სქესობრივ მახასიათებლებს. ...

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში უნდა აისახოს ობიექტური მონაცემები... ასეთი ჩანაწერების სიზუსტე, თანამიმდევრულობა და სანდოობა სახელმწიფოს ინტერესებშია. ეს უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სქესის შეცვლის მიზნით ჩატარებული პროცედურები იყოს შეუქცევადი ხასიათის. ...

მომჩივნის მითითება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში [A.P., Garçon and Nicot] არ არის რელევანტური მოცემული საქმის გარემოებებში, რადგან მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩატარებული ჰორმონალური თერაპია შეუქცევადი ხასიათის იყო. ასევე, „ფრანგული“ საქმის ვითარებებისგან განსხვავებით, ერთ-ერთი სამედიცინო დასკვნის დიაგნოზის მიხედვით, მომჩივანი ავლენდა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ფსიქოლოგიურ ნიშნებს. ...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სააგენტომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გაიგივდეს მომჩივნის გენდერული თვითიდენტიფიკაციის უფლების დარღვევასთან. ...”

32. დამატებითი არგუმენტის სახით, რომელიც უზენაესმა სასამართლომ საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად წარმოადგინა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ როდესაც სააგენტომ არ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებული მოთხოვნა, არ შეიძლება ჩათვლილიყო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად, მოიხსენია საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 30 (1), რომელშიც ნათქვამია, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონსტიტუცია არ ცნობდა ერთსქესიანთა ქორწინებას. ამავე ფაქტზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ განაგრძო მსჯელობა, რომ თუ ტრანსგენდერებს მიეცემოდათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის/გენდერული მარკერების შეცვლის უფლება მხოლოდ გენდერული თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, სქესის შეცვლის გარეშე, ამას შესაძლოა შედეგად მოჰყოლოდა ერთსქესიანი წყვილების დაქორწინების თავისუფლება, რაც იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით საქმეზე Hämäläinen v. Finland ([GC], no. 37359/09, § 71, ECHR 2014), უზენაესმა სასამართლომ კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განმარტებულიყო ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებოდათ ერთსქესიანი წყვილების ქორწინების ხელმისაწვდომობის დაწესების ვალდებულება.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და საპროცესო ნორმები

ეროვნული კანონმდებლობა

33. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:

მუხლი 12 – პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება🔗

„ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“.

34. მის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ბურჯანაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება [საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით] მოიცავს ... საკუთარ სქესსა (სქესი) და სექსუალურ ორიენტაციაში თვითგამორკვევის უფლებას, რაც ასევე გულისხმობს სქესის შეცვლის უფლებას. .“

35. ეროვნულმა კანონმდებლობამ ჯერ კიდევ 1998 წელს აღიარა სამოქალაქო აქტების რეესტრში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის შესაძლებლობა. კერძოდ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის 106-ე მუხლში ცალსახად იყო აღნიშნული, რომ „სქესის შეცვლა“ წარმოადგენდა საფუძველს როგორც სააგენტოსთვის, ასევე იუსტიციის სამინისტროსთვის, რომ შეეტანათ აუცილებელი ცვლილებები სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში. გარდა ამისა, 2010 წლის 15 დეკემბრამდე (აღნიშნული დებულების გაუქმების თარიღი), 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მუხლი 107 (1) განმარტავდა, რომ სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის შესახებ მოთხოვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო „სქესის შეცვლის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა.“

36. 2011 წლის 20 დეკემბერს გაუქმდა 1998 წლის 15 ოქტომბრის ზემოაღნიშნული კანონი და იგი ჩანაცვლდა სამოქალაქო აქტების შესახებ ახალი კანონით, რომელიც ამჟამადაც ძალაშია. აღნიშნული ახალი კანონის 78-ე მუხლის ფორმულირებაში (იხ., ზემოთ, ასევე მე-10 პუნქტი), აღნიშნული იყო შემდეგი:

მუხლი 78 – სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საფუძველი🔗

„სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ...

ზ) სქესის შეცვლა, თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა.“.

37. სამოქალაქო აქტების შესახებ 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი და არც სხვა კანონმდებლობა არ შეიცავს დამატებით მონაცემებს იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს მოთხოვნის წარდგენა სქესის/გენდერის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას წარმოადგენს სქესის შეცვლა და კონკრეტულად რა სამედიცინო პროცედურებია საჭირო გენდერის შეცვლის სამართლებრივი აღიარების მოსაპოვებლად.

საერთაშორისო მასალა

38. 2018 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ვიზიტისას მომზადებულ მოხსენებაში, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა გააკეთა შემდეგი დასკვნები:

„66. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის სრული შეცვლის ქირურგიული ჩარევა, რომელსაც წინ უძღვის ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების შეფასება და ჰორმონალური თერაპია, არის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გენდერის მარკერების შეცვლის წინაპირობა. დამოუკიდებელი ექსპერტი უკიდურესად შეშფოთდა, როდესაც შეიტყო, რომ ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების შეფასების საფუძველზე ქირურგი წყვეტს, არის თუ არა პაციენტი „ნამდვილი ტრანსსექსუალი“ იმის მიხედვით, სურს თუ არა პაციენტს ჩაიტაროს სქესის შეცვლის სრული თუ ნაწილობრივი პროცედურები. დამოუკიდებელი ექსპერტი უკიდურესად შეშფოთებულია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი მოთხოვნებია დაწესებული იმ სამედიცინო ექსპერტების შეხედულების საფუძველზე, რომლებსაც აშკარად არ აქვთ ცოდნა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სფეროში. გარდა ამისა ის აღნიშნავს, რომ „ნამდვილი ტრანსსექსუალებისთვის“ რეკომენდებული ქირურგიული ჩარევა იწვევს სრულიად არასაჭირო დასახიჩრებას, სტერილიზაციას, დიდ ტკივილსა და ტანჯვას.

67. ამგვარმა თერაპიამ და პროცედურებმა შეიძლება გამოიწვიონ ძლიერი და სამუდამო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი, ხოლო თუ ეს განხორციელდა იძულებით, ძალადობით, ან სხვაგვარად, პაციენტის თავისუფალი ნების გარეშე, შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლება იყოს დაცული წამებისაგან და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისაგან. სტერილიზაციის მოთხოვნები ეწინააღმდეგება სხეულის ხელშეუხებლობის, თვითგამორკვევისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს და შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

68. ამასთან, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არის არსებითი ელემენტი სათანადოდ მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ემსახურება თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების, წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის მიზანს, ვინაიდან ცალსახადაა დადგენილი, რომ თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერ სიტუაციაში, პირის სათანადო იდენტიფიკაცია სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების უპირველესი გარანტიაა. მის გარეშე, ტრანსგენდერი ადამიანები ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის დასაქმების, განსახლების, სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ხშირად ისინი საზოგადოებისგან გარიყულნი არიან და ხდებიან ძლიერი ძალადობის მსხვერპლნი. ამასთან, მათ შეიძლება შეეზღუდოთ გადაადგილების თავისუფლების უფლება. ამ მიზეზების გამო, გენდერის აღიარების ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსგენდერ პირებს, შეიცვალონ სახელი და გენდერული მარკერები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, უნდა მოიცავდეს მარტივ ადმინისტრაციულ პროცესს, რომელიც დამოკიდებული იქნება იმ პირის თვითგამორკვევაზე, რომელსაც სურს შეიცვალოს გენდერი. ამასთან, ეს პროცესი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და, რამდენადაც შესაძლებელია, უფასო.

39. 2016 წლის 1 მარტის მოხსენებაში საქართველოს შესახებ (მონიტორინგის მეხუთე ციკლი), რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) გასცა შემდეგი რეკომენდაცია:

„100. სქესის შეცვლის ოპერაციის კრიტერიუმები გაურკვეველი და არასტანდარტიზებულია. ბუნდოვანია ასევე მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის აღიარებასა და მასთან დაკავშირებით დოკუმენტების ცვლილებასთან მიმართებით. ...

111. ECRI-ის რეკომენდაციით, ხელისუფლების ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათ ოფიციალურ აღიარებასთან დაკავშირებით.“

40. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის გაგზავნილ თავის 2016 წლის 5 იანვრის მოხსენებაში (A/HRC/31/57), სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში ხაზგასმით აღნიშნა შემდეგი (49-ე პუნქტი):

„49. ტრანსგენდერ პირებს ხშირად ექმნებათ სირთულეები სათანადო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მათ შორის, განიცდიან დისკრიმინაციას ჯანდაცვის მუშაკების მხრიდან; ასევე არასაკმარისი ცოდნის ან მათი საჭიროებების სენსიტიურობის გამო. ბევრ სახელმწიფოში მათ უარს ეუბნებიან სასურველი სქესის სამართლებრივ აღიარებაზე, რაც იწვევს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას; მათ შორის, ექმნებათ დაბრკოლებები განათლების მიღებასთან, დასაქმებასთან, ჯანდაცვისა და სხვა აუცილებელი მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოებში, სადაც დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერული მარკერების შეცვლა, შეიძლება დაწესდეს შეურაცხმყოფელი მოთხოვნები, როგორიცაა იძულებითი ან სხვა მხრივ არანებაყოფლობითი სქესის შეცვლის ოპერაცია, სტერილიზაცია ან სხვა იძულებითი სამედიცინო პროცედურები (A/HRC/29/23). იმ ადგილებშიც კი, სადაც საკანონმდებლო მოთხოვნები არ არსებობს, ხშირია სქესის შეცვლის მსურველთა იძულებითი სტერილიზაცია. ეს ხდება დისკრიმინაციის გამო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, რაც არღვევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თვითგამორკვევის უფლებებს და უტოლდება არასათანადო მოპყრობას ან წამებას“.

41. ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი 2015 წლის 4 მაისის მოხსენებაში, სახელწოდებით „დისკრიმინაციული კანონმდებლობა და პრაქტიკა და ძალადობის აქტები პირების მიმართ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე“ (A/HRC/29/23), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გამოთქვა შემდეგი მოსაზრება (პუნქტები 70 და 79):

„70. სახელმწიფოების რეგულაციები, რომლებიც აღიარებენ გენდერულ ცვლილებებს, აღიარების წინაპირობის სახით ხშირად აწესებენ შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს, მაგალითად, რომ გენდერის შეცვლის მსურველები იყვნენ დაუქორწინებლები და ჩაიტარონ იძულებითი სტერილიზაცია, სქესის იძულებითი შეცვლა და სხვა სამედიცინო პროცედურები, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით. ...

79. სახელმწიფოებმა დისკრიმინაციის მიმართ უნდა გამოიყენონ შემდეგი ზომები: ... (i) [i] გასცენ ლეგალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოთხოვნის საფუძველზე, სადაც დაფიქსირებული იქნება სასურველი სქესი; გააუქმონ შეურაცხმყოფელი წინაპირობები, როგორიცაა სტერილიზაცია, იძულებითი თერაპია და განქორწინება; ...“

42. 2016 წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ ზოგად კომენტარში №22, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი) აღნიშნა შემდეგი (პუნქტი 58):

„58. კანონმდებლობა და სტრატეგიები, რომლებიც არაპირდაპირი გზით განამტკიცებენ იძულებით სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებულ პრაქტიკას, მათ შორის წახალისებაზე ან კვოტაზე დაფუძნებულ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და ჰორმონალური თერაპიის პრაქტიკას, ისევე როგორც ქირურგიული ჩარევის ან სტერილიზაციის მოთხოვნები გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარებისთვის, წარმოადგენს პატივისცემის უფლების კიდევ ერთ დარღვევას. აღნიშნული დარღვევები მოიცავს სახელმწიფოს პრაქტიკასა და პოლიტიკას, რომელიც ცენზურას უწესებს ან ჩქმალავს ინფორმაციას, ან არასწორი, მცდარი ან დისკრიმინაციული ფორმით წარმოადგენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.”

43. ევროპაში გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ ზოგადი ხასიათის სხვა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მასალები, მათ შორის, ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების მიერ გამოცემული მასალები, შეჯამებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე X v. the former Yugoslav Republic of Macedonia (no. 29683/16, §§ 31-34, 2019 წლის 17 იანვარი).

კანონმდებლობა

საჩივრების გაერთიანება

44. საჩივრების საერთო დავის საგნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი გაერთიანებულად და გამოიტანოს საერთო გადაწყვეტილება.

კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა

45. მომჩივნები ჩიოდნენ, ეყრდნობოდნენ რა კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლებს, რომ არ შეეძლოთ შეეცვალათ სქესის/გენდერის მარკერები სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში. აფასებს რა საქმის განხილვისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა იყოს განხილული მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში (შედარებისთვის იხილეთ, საქმე S.V. v. Italy, no. 55216/08, § 77, 2018 წლის 11 ოქტომბერი და საქმე A.P., Garçon and Nicot v. France, ციტირებული ზემოთ, §§ 158 და 160). აღნიშნულ დებულებაში ვკითხულობთ:

„1. ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს მისი პირადი... ცხოვრება...2. დაუშვებელია ამ უფლების გამოყენებაში სახელმწიფო ორგანოს ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ...საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად,...ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.“

მისაღებობა

46. მთავრობის არგუმენტით, საჩივრები იყო მიუღებელი ორი საფუძვლით. პირველ რიგში, ის ამტკიცებდა: მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი უდავოდ მოიცავს გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს, საჩივრების საფუძველს წარმოადგენდა დავა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა სქესის შეცვლა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად (2011 წლის კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტი). თუმცა, მისი აზრით, ბიოლოგიურ ან/და ფიზიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული საკითხები, განსხვავებით გენდერთან დაკავშირებული საკითხებისგან, არ შედიოდა ციტირებული დებულების ფარგლებში, რა საფუძვლითაც საჩივრები მიჩნეულ იქნა მიუღებლად, როგორც შეუთავსებელი ratione materiae კონვენციის დებულებებთან. მეორე მხრივ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს არ ამოუწურავთ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, როგორც მოითხოვება კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, რადგან მათ არ მიუმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოთხოვნით, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტი გაეუქმებინათ იმ საფუძვლით, რომ იგი არაკონსტიტუციური იყო.

47. მომჩივნები არ დაეთანხმნენ.

48. აღნიშნავს რა მთავრობის შედავებას სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის მარკერების შეცვლის შესახებ დავის მიმართ მე-8 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები – რომლებიც ძირითადად განიმარტება იმ საკითხის ირგვლივ, თუ როგორ და კონკრეტულად რა სამართლებრივი პირობებით შეიძლება სქესის /გენდერის მარკერის შეცვლა – პირდაპირ ექცევა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში, რამეთუ ტრანსგენდერი პირების უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პერსონალური იდენტობის, განვითარებისა და ფიზიკური და მორალური უსაფრთხოების უფლება (იხ., საქმე X and Y v. Romania, no. no. 2145/16 და 20607/16, § 171, 2021 წლის 19 იანვარი; საქმე S.V. v. Italy, ციტირებული ზემოთ, § 77 და საქმე A.P., Garçon and Nicot, ციტირებული ზემოთ, §§ 158 და 160).

49. აქედან გამომდინარე, მე-8 მუხლის გამოყენება შესაძლებელია წინამდებარე საქმეში და აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის შედავება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

50. რაც შეეხება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოუყენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის შედავებას, სასამართლო იმეორებს, რომ მან უკვე დაადგინა საქართველოში ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის, როგორც სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების არაეფექტურობა, კონვენციის 35-ე მუხლის მიზნებისათვის ძირითადად იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო, იმ სამართლებრივ პირობებში, რომლებიც კვლავ არსებობს, გაეუქმებინა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან სასამართლოების მიერ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ მომჩივნების უფლებებზე (იხ., საქმე Apostol v. Georgia, no. 40765/02, §§ 35-46, ECHR 2006-XIV; საქმე „მუმლაძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 30097/03, § 37, 2008 წლის 8 იანვარი და საქმე „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 17767/08, § 59, 2012 წლის 19 ივნისი). აქედან გამომდინარე, შედავება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

51. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები მე-8 მუხლის მიხედვით, არც აშკარად დაუსაბუთებელი და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში მოცემული რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივრები მისაღებად უნდა ჩაითვალოს.

არსებითი მხარე

მომჩივანთა არგუმენტები

52. მომჩივნების არგუმენტით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც ისინი შეძლებდნენ საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარების მოპოვებას. მათ მიმართ სქესის შეცვლის გაურკვეველი ოპერაციის ჩატარების მოთხოვნის დაწესება, როგორც სქესის სამართლებრივი აღიარების წინაპირობა, წარმოადგენდა არამართლზომიერ ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებში. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ჩაიტარონ საშიში, ძვირადღირებული და დაურეგულირებელი ქირურგიული ჩარევები ისეთი დოზით, რომელიც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნულ კანონმდებლობაში. მათ განაცხადეს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან წააგავდა საქმეში X v. the former Yugoslav Republic of Macedonia (no. 29683/16, § 36, 2019 წლის 17 იანვარი) აღწერილ მდგომარეობას, თუმცა, შეიძლება უფრო უარესიც კი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას არ ჰქონდა ქმედითი პროცედურა სქესის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით, ორ ტრანსგენდერმა პირმა მაინც შეძლო დოკუმენტების შეცვლა (იმავე წყაროში, § 30). ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების არც ერთი მაგალითი არ არის დაფიქსირებული. მართლაც, მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოქმედი პროცედურა შედეგიანი იყო ზოგიერთ სხვა საქმეში მაინც. მომჩივნების არგუმენტით, სქესის შეცვლის პროცედურები პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს არ გააჩნდა კლინიკური სახელმძღვანელო მითითებები სპეციფიკური სამედიცინო პროცედურებისთვის, ან ტრანსგენდერთა მოვლის მართვის ოფიციალური სტანდარტები.

53. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ მთავრობამ ვერ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასმული შეკითხვა საქმის შესახებ, მთავრობისთვის შეტყობინების გაგზავნისას, რომელიც შეეხებოდა საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის საჭირო კონკრეტულ სამედიცინო პროცედურებს. ამის აშკარა მიზეზი უნდა ყოფილიყო ის, რომ ასეთი პროცედურების ჩამონათვალიც კი არ არსებობდა და გაურკვევლობის ასეთი ატმოსფერო განზრახ იყო შექმნილი იმისათვის, რომ ტრანსგენდერ პირებს ხელი შეშლოდათ გენდერის სამართლებრივ აღიარებაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სააგენტოს და ეროვნული სასამართლოების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს გაურკვეველი ქირურგიული ჩარევების ჩატარების მიმართ არ გააჩნდა მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. თუ ეროვნული კანონმდებლობით მოითხოვებოდა, რომ ტრანსგენდერ პირს უნდა ჩაეტარებინა სასქესო ორგანოების ოპერაცია, რაც ქმნიდა რისკს, რომ ეს პირი შეიძლება დარჩენილიყო სტერილური, ეს აშკარად შეუსაბამო იქნებოდა სასამართლოს განჩინებასთან საქმეზე A.P.,Garçon and Nicot (ციტირებული ზემოთ). მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა, თუ კონკრეტულად რა წარმოადგენდა სახელმწიფო ინტერესს, რომ მათ არ აძლევდნენ უფლებას მიეღოთ მათი გენდერის სამართლებრივი აღიარება სქესის შეცვლის ოპერაციის გარეშე.

მთავრობის არგუმენტები

54. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები სამი საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით ცალ-ცალკე და სხვადასხვა დროს, მან სთხოვა სასამართლოს განეხილა ის არგუმენტები, რომლებიც წარმოდგენილი იყო საჩივართან N55353/19 დაკავშირებულ მის ბოლო მოსაზრებებში, ასევე გამოეყენებინა წინა ორი NN57864/17 და 79087/17 საჩივრის განხილვისას.

55. კერძოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო მომჩივნების სქესის/გენდერის მარკერების შეცვლა ისე, როგორც ეს შესაძლებელი იყო მათი სახელების შემთხვევაში, მხოლოდ მათი გენდერული თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე, მათი ცნობილი ბიოლოგიური/ანატომიური მახასიათებლების საპირისპიროდ. მათ აღნიშნეს, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში გენდერის სამართლებრივი აღიარების განსხვავებული პირობები იყო. იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ევროპული კონსენსუსი ისეთ პირობებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სქესის/გენდერის მარკერის შეცვლა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში, სახელმწიფოებმა უნდა ისარგებლონ თავისუფალი შეფასების უფლებით საკითხის დასარეგულირებლად და პიროვნების ინტერესებსა და საერთო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შესანარჩუნებლად. მთავრობა ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა ქირურგიული ჩარევის, რომელიც წარმოადგენდა სქესის/გენდერის სამართლებრივი აღიარების წინაპირობას, გაუქმების ერთგვაროვანი პრაქტიკა. ასევე, მთავრობის არგუმენტით, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ იყო სადავო საკითხი და საჭიროებდა ახსნა-განმარტებას. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის განცხადებით, წინამდებარე საქმეები ძირეულად განსხვავდებოდა სასამართლოს წინა საქმეებისაგან, რომლებიც შეეხებოდა მომჩივანთა „სქესსა“ და „გენდერს“| შორის განსხვავებას. შესაბამისად, მთავრობის არგუმენტით, მომჩივნების მტკიცება გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით იყო წმინდად სუბიექტური და შესაბამისად რჩებოდა სახელმწიფოს კომპეტენციის ფარგლებს მიღმა. მომჩივნებს შეეძლოთ თავისუფლად ეცხოვრათ მათ ახალ გენდერულ იდენტობასთან თავსებადი ცხოვრებით, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის გარეშე. აღნიშნულისგან განსხვავებით, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში „სქესზე“ მითითება უნდა დაყრდნობოდა „ობიექტურ ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და/ან ანატომიურ ფაქტორებს“ და უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს პრეროგატივაში.

56. მთავრობამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სასამართლოს მიერ, წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ, საქმეზე A.P., Garçon and Nicot (ციტირებული ზემოთ) გამოტანილი დასკვნების გამოყენებადობის საკითხი, რადგან (i) ამ საქმეზე გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრანგეთში უკვე განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებს, (ii) იყო გარკვეული განსხვავებები ქართულ და ფრანგულ სამართლებრივ სისტემებს შორის და (iii) არ არსებობდა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით სამედიცინო პროცედურების არარსებობის პირობებში, რა მიზეზითაც, მთავრობის აზრით, „ფრანგული“ საქმის საფუძველზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა იყო უფლებამოსილების გადამეტება. ასევე, მთავრობის არგუმენტით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სიზუსტე, თანამიმდევრულობა და სანდოობა იყო სახელმწიფო ინტერესში. მთავრობის არგუმენტით, ბიოლოგიური სქესის შესაბამისი ცვლილების გარეშე სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის შესაძლებლობა დამნაშავეებს ხელს შეუწყობდა, რომ შეეცვალათ საკუთარი ვინაობა და თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის. ამიტომ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ინტერესებში იყო მომჩივნების სქესის შეცვლის შეუქცევადი პროცედურების ჩატარება მათ მიერ ახალი გენდერის სამართლებრივი აღიარების მოთხოვნამდე. მთავრობის აზრით, ყველა ეს გარემოება ადასტურებდა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემასთან დაკავშირებით მომჩივნების უფლებებში ჩარევას ადგილი არ ჰქონია. მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა უზენაესი სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული არგუმენტი; კერძოდ, თუ ტრანსგენდერებს მიეცემათ მათი ახალი გენდერის სამართლებრივად აღიარების შესაძლებლობა სქესის შეცვლის პროცედურების გავლის გარეშე, ერთსქესიან წყვილებს მიეცემათ თავისუფალი დაქორწინების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი შეზღუდვის დარღვევას (იხ., ზემოთ, 32-ე პუნქტი).

57. ამტკიცებდა რა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივრების მიზანი იყო გენდერის სამართლებრივი აღიარების მოპოვება რაიმე რეალური სამედიცინო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, გარდა სამედიცინო დასკვნებისა, რომლითაც მათ დაუდგინდა „გენდერული იდენტობის დარღვევის“ დიაგნოზი (დოკუმენტი, რომლის გაცემა შესაძლებელი იყო სულ რამდენიმე დღეში, პირის ფსიქოლოგიური პორტრეტის დეტალური შესწავლის გარეშე), მთავრობამ გააფრთხილა სასამართლო, არ გაეზიარებინა მომჩივანთა პროპაგანდისტული თეორია სრული გენდერული თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც იურიდიულ ლიტერატურაში ასევე ცნობილია, როგორც თვითდეკლარაციის თეორია. გენდერული თვითდეკლარაცია ნიშნავდა გარეგნული ვერიფიკაციის ყველა ფორმის გაუთვალისწინებლობას და ტრანსგენდერებისთვის უფლების მიცემას, დაჰყრდნობოდნენ მთლიანად საკუთარ თვითშეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყო ზოგიერთ საზოგადოებაში სხვა, უფრო ნაკლებად მომზადებული საზოგადოებისთვის შეიძლება უფრო მავნე ეფექტის მქონე ყოფილიყო. აღნიშნულთან მიმართებით მთავრობის არგუმენტი, ამ საკითხთან დაკავშირებული მრავალი სამეცნიერო, სამართლებრივი და პოლიტიკური პუბლიკაციების მითითებით იყო ის, რომ უნდა არსებობდეს სერიოზული სამედიცინო და სამართლებრივი პროცედურის გავლის აუცილებლობა, სანამ მამაკაცის სხეულის მქონე ნებისმიერ პირს, რომელმაც ქალად თვითიდენტიფიცირება მოახდინა, კანონიერად მიეცემა უფლება, გახდეს ქალი და შევიდეს მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებში ყოველგვარი თანხმობის გარეშე და რაიმე აუცილებელი ჰორმონალური ან იძულებითი ქირურგიული თერაპიის გავლის, ან ასეთი თერაპიის გავლის განზრახვის გარეშე. მიუხედავად ამისა, გენდერული თვითდეკლარაციის თეორიაში არ იყო გათვალისწინებული რაიმე თავდაცვითი ნორმა; უფრო მეტიც, ეს თეორია ხშირად ირღვეოდა და არასათანადოდ გამოიყენებოდა არა ტრანსგენდერების, როგორც ასეთი, არამედ უფრო შეწუხებული, დაბნეული ან გაბოროტებული მამაკაცების მიერ. საკამათო იყო ცისგენდერი ქალების უსაფრთხოება და მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებზე წვდომა და შეშფოთება, რომ გენდერულ თვითდეკლარაციას საშიში ცისგენდერი მამაკაცებისთვის შესაძლებელია მიეცა ქალებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სივრცეებში შესვლის უფლება, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა თავდასხმები ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მიზნით. ემპირიული მტკიცებულებების საფუძველზე აშკარაა, რომ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესი ნაწილი იყო მამაკაცი და სექსუალური ძალადობის მანიით შეპყრობილი პირები იყვნენ გამოცდილი მანიპულატორები, რომლებიც არ ყოყმანობდნენ, გაევლოთ რთული გზა, რათა მისწვდომოდნენ მათ, ვის მიმართაც სურდათ ძალადობის განხორციელება და ერთ-ერთი გზა ამისათვის იყო მოთხოვნა, მიეღოთ ისინი, როგორც ქალი. აღნიშნულ თავდაცვით მექანიზმებთან ერთად, გენდერული იდენტობისა და სქესის მკაფიო გამიჯვნა უზრუნველყოფს მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფუნქციის შენარჩუნებას, რომელთა შექმნის მიზანი იყო ქალთა პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად არასახარბიელო პირობების კომპენსირება.

58. მთავრობა კვლავ ინარჩუნებდა იმ შეხედულებას, რომ სქესი და გენდერი იყო სხვადასხვა და კანონმდებლობამ ეს ცნებები უნდა განიხილოს, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიები. სქესი მკაცრად იყო დაცული კანონმდებლობით, რასაც ვერ ვიტყვით გენდერულ იდენტობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერებთან დაკავშირებული უფლებების დამცველები ხშირად ერთმანეთში ურევდნენ სქესსა და გენდერს, ან იყენებდნენ მათ ერთმანეთის ჩანაცვლებით, მთავრობა მყარად იდგა თავის პოზიციაზე, რომ ამ ორის ცალკეულ კატეგორიებად გამიჯვნის ფონზე იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მათი ინტერესების შეჯერება, ვინც იდენტიფიცირებულები იყვნენ ტრანსგენდერებად და მათი, ვინც ქალებად დაიბადნენ.

პროცესში მონაწილე მესამე მხარის მოსაზრებები

საქართველოს სახალხო დამცველი

59. საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატმა, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან ტრანსგენდერები სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების მიღებისას, არის გაურკვევლობა, თუ ზუსტად რას წარმოადგენს „სქესის შეცვლა“ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78(g)-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ., ზემოთ, 36-ე პუნქტი). შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მცირედი მითითებაც კი არ იყო იმასთან დაკავშირებით, რომელი სამედიცინო თუ სხვა დოკუმენტები უნდა წარედგინათ ტრანსგენდერებს მათი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ დღევანდლამდე, ტრანსგენდერის მიერ სქესის/გენდერის მარკერის წარმატებული შეცვლის არცერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული.

60. პროცესში მონაწილე მესამე მხარემ ასევე განაცხადა, რომ მან ორჯერ, 2015 და 2019 წლებში, ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა ჩამოეყალიბებინა კონკრეტული და მკაფიო პროცედურები ტრანსგენდერების მიერ სქესის/გენდერის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინიციატივებს მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ილგა-ევროპა (ILGA-Europe) – ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექს საერთაშორისო ასოციაციის ევროპული რეგიონი და „ტრანსგენდერი ევროპა“ (TGEU)

61. პროცესში მონაწილე ორმა მესამე მხარემ წარმოადგინეს ერთიანი ინფორმაცია გენდერული თვითგამორკვევის არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ სქესის/გენდერის მარკერები გამოიყენებოდა, როგორც იდენტიფიკაციის ელემენტები სხვა ინდივიდებთან და სახელმწიფოსთან სხვადასხვა სახის ურთიერთობისას. ამ თვალსაზრისით, სქესის/გენდერის მარკერების შეცვლა (გენდერის სამართლებრივი აღიარება – „LGR“) იყო კანონის წინაშე თანაბარი დაცვის უფლების ასპექტი.

62. ორგანიზაციამ „ტრანსგენდერი ევროპა“ (TGEU) სასამართლოს შესთავაზა მისი ინტერაქტიული „ტრანს უფლებათა ევროპის რუკის“ გაცნობა, რომლის უახლეს ვერსიაში (2022)[1] აღნიშნულია, რომ ამჟამად, ევროპის საბჭოს ორმოცდაექვსი წევრი სახელმწიფოდან თერთმეტმა მათგანმა: ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ და შვეიცარიამ, შემოიღეს გენდერის სამართლებრივი აღიარება (LGR) თვითგამორკვევის სხვადასხვა სახეების გათვალისწინებით (დაწყებული სრული თვითგამორკვევიდან, სასამართლო გაფილტვრის მექანიზმით დამთავრებული).

63. ხოლო დანარჩენი ოთხი წევრი სახელმწიფოს: ავსტრიის, გერმანიის, მოლდოვას რესპუბლიკისა და ნიდერლანდების შემთხვევაში, ვინაიდან, მკაცრად რომ ვთქვათ, თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარება (LGR) ამ სახელმწიფოებში არ არის შემოღებული, სამედიცინო დიაგნოზები (შეფასებული როგორც „გენდერული იდენტობის დარღვევა“ ან „ტრანსსექსუალიზმი“) საკმარისად ითვლებოდა სქესის/გენდერის მარკერის შესაცვლელად.

64. მათ დამატებით განაცხადეს, რომ სამედიცინო დიაგნოზების გარდა, „შეურაცხმყოფელი სამედიცინო ჩარევა“ მოითხოვებოდა შემდეგ ოც წევრ სახელმწიფოში: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი და უკრაინა.

65. ბოლოს, ევროპის საბჭოს დარჩენილი თერთმეტი წევრი სახელმწიფო: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, უნგრეთი, მონაკო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო და გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) გამოვლინდა ქვეყნებად, სადაც თეორიულად არსებული გარკვეული პროცედურების მიუხედავად, გენდერის სამართლებრივი აღიარება (LGR), თუ ვიმსჯელებთ შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ იყო რეალობაში „სტაბილურად ხელმისაწვდომი“.

66. პროცესში მონაწილე მესამე მხარეების დანარჩენი არგუმენტები ძირითადად შედგებოდა ტრანსგენდერების უფლებების დაცვის სფეროში სხვადასხვა შედარებითი სამართლებრივი მასალის, ასევე სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზისგან.

გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი

67. პროცესში მონაწილე მესამე მხარემ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საპროცესო ნორმების ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ საქართველოში ტრანსგენდერებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეცვალათ საკუთარი სქესის/გენდერის მარკერი სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში. ძირითადი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ თუმცა სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება მოითხოვებოდა სქესის/გენდერის მარკერის შესაცვლელად, აღნიშნული სამედიცინო პროცედურების ზუსტი კრიტერიუმები გაურკვეველი იყო და არ იყო კანონმდებლობით დარეგულირებული.

68. პროცესში მონაწილე მესამე მხარეების დანარჩენი არგუმენტები ძირითადად შედგებოდა სხვადასხვა შედარებითი სამართლებრივი მასალის ანალიზის, ასევე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში სასამართლოს არსებული პრეცედენტული სამართლისგან და რეკომენდაციებისგან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შემდგომ განვითარდეს პრეცედენტული სამართალი კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლებით გარანტირებული მათი უფლებების უფრო ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.

სასამართლოს შეფასება

მოცემული საქმე ეხება ჩარევას თუ პოზიტიურ ვალდებულებას

69. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების პრეტენზიები ადგილობრივი ორგანოების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს მათი სქესის/გენდერის მარკერის შეცვლაზე სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში, ძირითადად ეხება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს არარსებობას გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერი პირის გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარების პირობების კონვენციის მე-8 მუხლთან თავსებადობა, ან მათი სრული არარსებობა უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების პერსპექტივიდან გამომდინარე (შედარებისთვის იხილეთ, საქმე X v. the former Yugoslav Republic of Macedonia, ციტირებული ზემოთ, §§ 63-65, და საქმე Hämäläinen, ([GC], no. 37359/09, § 62-64, ECHR 2014).

70. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე საქმეს განიხილავს მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში. ვინაიდან, კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შეფასებაზე მოქმედი პრინციპები მსგავსია, გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსის შენარჩუნება მომჩივანთა და მთლიანად საზოგადოების კონკურენტულ ინტერესებს შორის, რა შემთხვევაშიც რელევანტურია მე-8 მუხლის მეორე პუნქტის მიზნები (იხ., საქმე Hämäläinen, ციტირებული ზემოთ, § 65).

სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან შესაბამისობა

71. სასამართლო ამტკიცებს, რომ მე-8 მუხლის შესაბამისად პოზიტიური ვალდებულებების განხორციელებისას, სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების თავისუფლებით. გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი ფაქტორები შეფასების თავისუფლების ზღვრის განსაზღვრისას. როდესაც ინდივიდის არსებობის ან იდენტობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ასპექტი დგება საფრთხის ქვეშ, იზღუდება სახელმწიფოსათვის ნებადართული ზღვარი. თუმცა, როდესაც არ არსებობს კონსენსუსი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდის ინტერესი, რომელიც საფრთხის ქვეშ დგას, შედარებით მნიშვნელოვანია, ან რომ არსებობს ამ ინტერესის დაცვის საუკეთესო საშუალებები განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთვება სენსიტიური მორალური ან ეთიკური საკითხები, ეს ზღვარი უფრო იზრდება (იხ., საქმე Hämäläinen, ციტირებული ზემოთ, §67). რაც შეეხება ინდივიდის ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ნაწილთან დაკავშირებული საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, კერძოდ, გენდერული იდენტობის უფლებას, სასამართლო ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეფასების თავისუფლების ვიწრო ფარგლები გააჩნიათ ამ კონკრეტულ სფეროში (იხ., საქმე S.V. v. Italy, ციტირებული ზემოთ, § 62; საქმე Y.T. v. Bulgaria, no. 41701/16, § 63, 2020 წლის 9 ივლისი).

72. აღნიშნა რა, რომ მთავრობის ზოგიერთი არგუმენტი შეიძლება გაგებული იყოს ისე, თითქოს ის ეჭვქვეშ აყენებდეს საქართველოს კანონმდებლობაში აღსრულებადი უფლების არსებობას სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში პიროვნების სქესის მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით (იხ. 55-ე და 58-ე პუნქტები ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან და საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინებიდან ჩანს, ქართველმა კანონმდებელმა არა მხოლოდ მკაფიოდ ასახა ასეთი უფლება კანონმდებლობაში, არამედ ასევე განმარტა ის, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაბამისი კონსტიტუციური უფლება, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციის მე-12 მუხლში (იხ., ზემოთ 33-ე-36-ე პუნქტები).

73. აქედან გამომდინარე, გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ პრეცედენტულ სამართალთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები ტრანსგენდერების რეგისტრირებული სქესის მარკერის შესაცვლელად (იხ., საქმე X v. the former Yugoslav Republic of Macedonia, ციტირებული ზემოთ, § 70). ამ უკანასკნელის თვალსაზრისით, ძალიან სპეციფიკური პოზიტიური ვალდებულება, რომლის შესრულებასაც სასამართლო დაიწყებს განსახილველ საქმეში შესასრულებელი ამოცანით, არის შეფასება, მისთვის ხელმისაწვდომი შეფასების თავისუფლების ფარგლებში, თუ რამდენად შეინარჩუნა მოპასუხე სახელმწიფომ სამართლიანი ბალანსი მომჩივნების საერთო და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში მათი სქესის/გენდერის მარკერის შეცვლისას და ამ ცვლილების იდენტობის განმსაზღვრელ ყველა სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში გავრცელებისას.

74. სასამართლოსთვის მისაღებია მთავრობის არგუმენტი, რომ სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობის პრინციპის დაცვისას სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანამიმდევრულობა და სანდოობა, ხოლო უფრო ფართო გაგებით, სამართლებრივი სიცხადის საჭიროება, არის საერთო ინტერესის საკითხი და პრინციპულად ამართლებს გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულირებას (იხ., სათანადო ცვლილებებით, საქმე A.P., Garçon and Nicot, ციტირებული ზემოთ, § 142). თუმცა, ძირითადი პრობლემა განსახილველ საქმეში მდგომარეობს იმაში, რომ სავსებით გაურკვეველია, რეალურად როგორია სქესის/გენდერის მარკერის შესაცვლელად საქართველოში არსებული სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც იძლევა პიროვნების სქესის/გენდერის მარკერის ცვლილების უფლებას (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტი), კანონი არაფერს ამბობს შესასრულებელი პირობების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა შესრულდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების მისაღებად. აღნიშნა რა, რომ მთავრობამ არ უპასუხა სასამართლოს კონკრეტულ შეკითხვას ქვეყანაში გენდერის სამართლებრივი აღიარების მიზნებისთვის საჭირო კონკრეტულ სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ის ფაქტი, რომ მსგავსი კითხვები, რომლებიც დაისვა ქვეყნის ეროვნული სასამართლოების წინაშე სამართალწარმოებისას, ასევე დარჩა უპასუხოდ (იხ., ზემოთ, მე-12, 28-ე და 53-ე პუნქტები), სასამართლომ ჩათვალა დადგენილად, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და საპროცესო ნორმები არ მიუთითებდა ჩასატარებელი სამედიცინო პროცედურების სიზუსტეზე. აღსანიშნავია, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მსგავსი უფლება ქვეყანაში 1998 წლიდან არსებობს, დღემდე არ აღრიცხულა გენდერის წარმატებული სამართლებრივი აღიარების არც ერთი შემთხვევა.(იხ., ზემოთ 35-ე და 52-ე პუნქტები).

75. სასამართლო აღნიშნავს მთავრობის იძულებით შედავებას, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის (g) პუნქტში მოყვანილი ფორმულირება – „სქესის შეცვლა“ უნდა შეფასებულიყო „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და/ან ანატომიური კრიტერიუმებით“. თუმცა, რაიმე საკანონმდებლო განმარტების არარსებობის ფონზე გაუგებარია, რას ეფუძნება მის მიერ კანონის მსგავსი ინტერპრეტაცია. მართლაც, განსაკუთრებული სიფრთხილე და სიზუსტეა საჭირო ასეთი განსხვავებული ტერმინების ერთმანეთის ჩანაცვლებით გამოყენებისას, რადგან თითოეულ ამ ტერმინს აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და იწვევს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. მაგალითად, რამდენადაც „სქესის შეცვლა“ უნდა განისაზღვროს ბიოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე, მაშინ ვერასდროს ვერ იქნება შესაძლებელი გენდერის სამართლებრივი აღიარების მოპოვება, რადგან ქრომოსომების რაოდენობა ვერ შეიცვლება რაიმე სამედიცინო ჩარევის გზით (იხ., საქმე Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 82, ECHR 2002-VI). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გარდა „სქესის შეცვლის“ გაურკვეველი განმარტებისა, რომელიც ეფუძნება „ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და/ან ანატომიურ კრიტერიუმებს“, სახეზეა აშკარა შეუსაბამობა იმასთან, თუ როგორ განიხილეს ქვეყნის შიდა სასამართლოებმა მესამე მომჩივნის საქმე. ამგვარად, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ ჰორმონალური თერაპიის დასრულება, რომლის შედეგი იყო სქესის მეორადი მახასიათებლების ცვლილება, საკმარისი არ იყო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა საპირისპირო; კერძოდ, რომ სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა ჰორმონალური თერაპიის „შეუქცევადობას“, საკმარისი იყო (იხ., ზემოთ 29-ე და 31-ე პუნქტები).

76. სასამართლო თვლის, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის განმარტებისას ზემოაღნიშნული შეუსაბამობები განპირობებული იყო, ნაწილობრივ მაინც, იმით, რომ თავად კანონი არ არის საკმარისად დეტალური და ზუსტი. შემთხვევითი არაა, რომ მსგავსი მოსაზრებები ცუდი ხარისხის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ გამოთქვეს შესაბამისმა საერთაშორისო დაწესებულებებმა (იხ., ზემოთ 38-ე-39-ე, 65-ე და 67-ე პუნქტები). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბრამდე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მინიმალური დოზით მაინც შეიცავდა გარკვეულ მითითებებს, რომ გენდერის აღიარების მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს „სამედიცინო ცნობა“, მაგრამ ამ თარიღის შემდეგ ეს მცირედი სიზუსტეც გაქრა კანონიდან. მოქმედი კანონმდებლობის უზუსტობა, თავის მხრივ, ძირს უთხრის გენდერის სამართლებრივი აღიარების არსებობას პრაქტიკაში და როგორც ეს სამი მომჩივნის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებში იყო ასახული, კონკრეტული საკანონმდებლო ბაზის არარსებობა კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს უტოვებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ საჩივრების განხილვისას. ასეთი მდგომარეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები (იხ., საქმე X v. the former Yugoslav Republic of Macedonia, ციტირებული ზემოთ, § 70, ასევე საქმე Y.T. v. Bulgaria, ციტირებული ზემოთ, § 73), ხოლო ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია სასამართლოსთვის, რომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

77. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

ზიანი

78. მორალურ ზიანთან დაკავშირებით პირველმა და მეორე მომჩივანმა, თითოეულმა, მოითხოვა 20,000 ევრო (EUR), ხოლო მესამე მომჩივანმა მოითხოვა 15,000 ევრო (EUR).

79. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხები არ იყო დასაბუთებული საქმის მოცემულ გარემოებებში.

80. სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივნებს რეალურად უნდა განეცადათ ისეთი მორალური ზიანი, რომლის კომპენსირება შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ დარღვევის დადგენის გზით. იგი მართებულად მიიჩნევს, დააკმაყოფილოს თითოეულის მოთხოვნა 2,000 ევროს ოდენობით ამ ნაწილში, ნებისმიერი იმ გადასახადის ჩათლით, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ.

ხარჯები და დანახარჯები

საჩივრები NN57864/17 და 79087/17

81. 2019 წლის 7 მარტს, სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის წარდგენისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოს რეგლამენტის მე-60 წესის შესაბამისად, პირველმა და მეორე მომჩივნებმა, საერთო ჯამში, მოითხოვეს 30,323.71 ევრო (EUR) იმ ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რომელიც სასამართლოს წინაშე გაიღო მათ ორმა ადვოკატმა ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC) (იხილეთ თანდართული ცხრილი). იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ანგარიშ-ფაქტურების, ვაუჩერების ან რაიმე სხვა დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტების ასლები არ ყოფილა წარმოდგენილი. თანხა მოთხოვნილი იყო საათების რაოდენობის (რომელიც დახარჯა ორმა ადვოკატმა საქმეზე მუშაობისას) (132 საათი) და ადვოკატების საათობრივი ანაზღაურების (150 ფუნტი სტერლინგი (GBP)) მიხედვით და დამატებით მოიცავდა მოთხოვნას ადვოკატებისთვის მიწოდებულ საფოსტო მომსახურებასთან, თარგმანსა და სხვა ადმინისტრაციულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის.

82. 2019 წლის 10 აპრილს მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნები დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მომჩივნებსა და აღნიშნულ ორ ადვოკატს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ასლი არ იყო წარდგენილი.

83. 2019 წლის 1 აგვისტოს მომჩივნებმა თავიანთ წინა საჩივრებს დაურთეს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელსაც 2019 წლის 30 ივლისს ხელი მოაწერეს მომჩივნებმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმომადგენელმა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამის გაკეთება მომჩივნებისგან არ მოუთხოვია და არც დამატებითი დრო მიუცია მათთვის ასეთი წარდგინებისთვის.

84. სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მომჩივნების მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს წარდგინება გაკეთდა მე-60 წესში გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურული მოთხოვნების დარღვევით, რაც ნიშნავდა, რომ წარდგინებები სასამართლოს მიეწოდა შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ვადის გადაწევა არ იყო მოთხოვნილი აღნიშნული პერიოდის გასვლამდე. ასევე, წარდგინებებში შედიოდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა და თარიღი დაესვა მას შემდეგ, რაც მომჩივნებმა ოფიციალურად წარუდგინეს სასამართლოს მათი სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნები, ხოლო ამ შეუსაბამობის რაიმე ახსნა-განმარტება მხარეებს არ წარმოუდგენიათ. ასეთ გარემოებებში, 2019 წლის 1 აგვისტოს წარდგინებებს სასამართლო ვერ გაითვალისწინებს (შედარებისთვის იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, საქმე „A და B საქართველოს წინააღმდეგ“, no. 73975/16, § 58, 2022 წლის 10 თებერვალი, შემდგომი მითითებებით).

85. 2019 წლის 7 მარტს, მომჩივნების მიერ მე-60 წესის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მათში არ შედიოდა დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებდა მომჩივნების მიერ საფასურის გადახდას, ან მომჩივნების სამართლებრივ ვალდებულებას, გადაეხადათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) ორი ადვოკატისთვის მიერ დაკისრებული საფასური. აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის პირობებში, სასამართლომ ვერ მოიძია საფუძველი, რომლითაც დაასაბუთებდა, რომ ის ხარჯები და დანახარჯები, რომელთა ანაზღაურებასაც მომჩივნები მოითხოვდნენ, ნამდვილად იქნა გაღებული (იხ., საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, § 371, 2017 წლის 28 ნოემბერი და ახალი წყაროს სახით, საქმე „A და B საქართველოს წინააღმდეგ“, ციტირებული ზემოთ § 59).

86. აქედან გამომდინარე, მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საჩივარი N55353/19

87. 2020 წლის 3 დეკემბერს, სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის წარდგენისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოს რეგლამენტის მე-60 წესის შესაბამისად, მესამე მომჩივანმა საერთო ჯამში მოითხოვა 9,812.86 ევრო (EUR) იმ ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რომლებიც სასამართლოს წინაშე გაიღო მის სამმა ადვოკატმა ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC) (იხილეთ თანდართული ცხრილი). მოთხოვნის საფუძველი იყო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იყო მესამე მომჩივნის მიერ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) დირექტორის მიერ, 2019 წლის 28 აგვისტოს, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივანს ეკისრებოდა სამართლებრივი ვალდებულება გადაეხადა მომსახურების საფასური ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) ადვოკატებისათვის, 150 ფუნტი სტერლინგის ოდენობის საათობრივი ანაზღაურების მიხედვით, ისევე, როგორც ნებისმიერი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელიც ამ ადვოკატებს შეიძლება ჰქონდეთ გადასახდელი სასამართლოსთვის მომავალი საქმისწარმოებისას. ხელშეკრულებას ასევე დაემატა დროის აღრიცხვის ტაბელი, დათარიღებული 2020 წლის 2 დეკემბრით, სადაც შეჯამებულია სამი ლონდონელი ადვოკატის მიერ მესამე მომჩივნის საქმეზე დახარჯული საათების რაოდენობა (სულ ორმოცდარვა საათი და ოცდაათი წუთი) და იგი დამატებით მოიცავდა ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებიც ადასტურებდნენ აღნიშნული სამი ადვოკატის მიერ გაწეული საფოსტო მომსახურების, თარგმნის და სხვა ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯების გაღებას.

88. მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული იყო.

89. არსებული ფინანსური დოკუმენტების გათვალისწინებით, კერძოდ, აღსასრულებელი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე მომჩივანს მართლაც დაეკისრა სამართლებრივი ვალდებულება, გადაეხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) სამი ადვოკატის მიერ დაკისრებული საფასური (იხ., „მერაბიშვილი“, ციტირებული ზემოთ, § 371). ამგვარად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს მოთხოვნა 9,812.86 ევროს ოდენობის თანხაზე სასამართლოსთვის გადახდილი საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებისთვის, ნებისმიერი იმ გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება დაეკისროს მესამე მომჩივანს.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად,წყვეტს, რომ გააერთიანოს საჩივრები;

აცხადებს საჩივრებს მისაღებად;

ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;

ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების საფუძველზე საჩივრების განხილვის აუცილებლობა;

ადგენს,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში, მოპასუხეებს გადაუხადოს შემდეგი თანხები, რომელთა კონვერტაცია უნდა განხორციელდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს მოქმედი კურსით:

2,000 ევრო (ორი ათასი ევრო), სამივე მომჩივანს, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შესაძლოა მათ დაეკისროთ მორალური ზიანისთვის;

9,812.86 ევრო (ცხრა ათას რვაას თორმეტი ევრო და ოთხმოცდათექვსმეტი ცენტი) მესამე მომჩივანს, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ხარჯებსა და დანახარჯებთან დაკავშირებით;

რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხებს დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი;

არ აკმაყოფილებს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2022 წლის 1 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                                 ჯორჯ რავარანი
სექციის განმწესრიგებელი                                           თავმჯდომარე

დანართი

საქმეთა ჩამონათვალი

NN

საჩივარი N

მომჩივანი

დაბადების თარიღი

საცხოვრებელი ადგილი

უფლებადამცველი

1.

57864/17

ბატონი ა.დ.

1979

თბილისი

ქ-ნი კ. ბახტაძე, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში და ხუთი ადვოკატი ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC): ბ-ნი პ. ლიჩი, ქ-ნი რ. რემეზაიტი, ქ-ნი ჯ. გავრონი, ქ-ნი ჯ. სოიერი და ბ-ნი ჯ. კლიფორდი.

2.

79087/17

ბატონი ა.კ.

1988

ანტვერპენი

იგივე ადვოკატები, როგორც საჩივრის N57864/17 შემთხვევაში

3.

55353/19

ბატონი ნიკოლო ღვინიაშვილი

1973
თბილისი

ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე, ქ-ნი თ. ონიანი და ბ-ნი გ. ტაბატაძე, სამი ადვოკატი, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ თბილისში და შვიდი ადვოკატი ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC): ბ-ნი პ. ლიჩი, ქ-ნი რ. რემეზაიტი, ქ-ნი ჯ. გავრონი, ბ-ნი კ. კოჯოკარიუ, ბ-ნი კ. ლევინი, ქ-ნი ჯ. ევანსი და ქ-ნი ჯ. სოიერი.

[1] https://transrightsmap.tgeu.org/home/