გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14454-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/14454-23

330219623007354422

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა  და  გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

 

2023 წლის  12 ივნისი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი)   სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი –  შოთა ფანცულაია

მოვალე –  შპს „თნთფარმა“

მოთხოვნა –  გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „თნთფარმას“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე და     

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თნთფარმას“ წარმომადგენელმა, ოთარ მამულიამ, რომელმაც მოითხოვა შპს „თნთფარმა“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით (საქმე N2/10482-23) შპს „თნთფარმას“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. აღნიშნული განჩინება საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის 26 აპრილს, 14:09 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში, 2023 წლის 23 მაისს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შოთა ფანცულაიამ და მოითხოვა შპს „თნთფარმას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში სასამართლოსათვის წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 (ათი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული განჩინება საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის 30 მაისს, 15:36 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისს მომართა კრედიტორის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ –შემოსავლების სამსახურის  განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.

2. შპს „თნთფარმას“ (ს.ნ.405019518) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „თნთფარმას“ (ს.ნ.405019518) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნინო ქოჩიაშვილი (პ.ნ.01017057187, ტელ.: 557710102), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4.  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9.  გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე, გამოქვეყნდეს სასამართლოს საქმის რეგისტრაციის სისტემისა (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდებზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                   ზაალ მარუაშვილი