ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №50/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №50/ნ
2023 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 17
2 მუხლისა და 21-ე მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის №2477-Xრს-Xმპ (ვებ.გვერდი, 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.020764) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები“.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს თავშესაფრის მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულებისათვის (შემდგომ მოხსენიებული, როგორც მსხვერპლი) და მათზე დამოკიდებული პირებისათვის.
3. თავშესაფრის მომსახურების მიმღები, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლებისა და მათზე დამოკიდებული პირების გარდა, შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერლი/დაზარალებული, თუ თავშესაფრის წესდება (შინაგანაწესი) ითვალისწინებს მათ მომსახურებას.
4. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც შესაბამისობაშია ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მინიმალურ სტანდარტებთან და რომელიც განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, მათ შორის, თავშესაფრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს, მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს. თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) შესაძლებელია გაფართოვდეს ამ სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მინიმალური ფარგლები.
5. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანება.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და თავშესაფრის მიზნები
1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსზხვეპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) (შემდგომ – თავშესაფარი) მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები (შემდგომ – სტანდარტები) განსაზღვრავს თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, მისაწოდებელი მხარდაჭერის მომსახურებების მინიმალურ პაკეტს, მომსახურებების მიწოდების ძირითად პრინციპებსა და ზოგად პირობებს, ასევე განსაზღვრავს თავშესაფრის გარემოს.
2. წინამდებარე სტანდარტების მიზანია 24-საათიანი თავშესაფრის უსასყიდლო მომსახურების უზრუნველყოფა. სტანდარტები მომზადებულია თანამედროვე საერთაშორისო ეთიკური პრინციპებისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად.
3. სტანდარტების მიზნებია:
ა) თავშესაფრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა;
ბ) თავშესაფრის მიმღებ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების გზით მომსახურების მიმღებ პირთა გაძლიერების მხარდაჭერა და ძალადობის შედეგების დაძლევაში დახმარება;
დ) ხარისხიანი მომსახურებების მიწოდებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
4. თავშესაფრის მიზნებია:
ა) თავშესაფრის მიმღებ პირთა ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული საცხოვრებელი გარემოს შექმნა;
ბ) თავშესაფრის მიმღებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, სიცოცხლის, უსაფრთხოების, თავისუფლების, ღირსების დაცვა, პატივისცემა, ფიზიკური და ემოციური ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;
გ) ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების გზით თავშესაფრის მიმღებ პირთა უფლებების დაცვის და რეალიზების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის, იურიდიული დახმარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
დ) ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება;
ე) ბავშვებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლთა მომსახურების შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი პირობებისა და გარემოს უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო) განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას.
2. მოსარგებლე – ძალადობის მსხვერპლი პირი, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის მომსახურებით.
3. მიმწოდებელი – თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც მოსარგებლეს აწვდის თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) გათვალისწინებულ მომსახურებებს.
4. გუნდი – მხარდამჭერის მომსახურებების მიმწოდებელი გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სპეციალისტს (მათ შორის, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი).
5. დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც ივსება გუნდის წევრების მიერ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.
6. მოსარგებლის უსაფრთხოება – ღონისძიებათა ერთობლიობა ზიანის პრევენციისა და მართვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3🔗. მომსახურების ძირითადი ეთიკური ჩარჩო მოსარგებლის უფლებების დასაცავად
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლე მიმწოდებლისაგან იღებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, კვალიფიციურ, ინტეგრირებულ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს მისი ავტონომიის დაცვას, არის სარგებლის მომტანი, მაქსიმალურად ამცირებს ზიანს და არის სამართლიანი.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მოსარგებლე პირადად და, საჭიროების შემთხვევაში, მისი მხარდამჭერის ან კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით:
ა.ა) სათანადო წესით და ფორმით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომსახურებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას;
ა.ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით გასცემს წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
ბ) მოსარგებლეს აქვს მომსახურებაზე უარის თქმის, მიმწოდებლის არჩევის, მეორე აზრის მოძიების შესაძლებლობა;
გ) დაცულია მოსარგებლის კონფიდენციალურობა და პირადი ცხოვრება (თავშესაფრის პერსონალი იცავს მოსარგებლის პირადი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას და არ განიხილავს მოსარგებლის საქმეს მესამე პირებთან ან საჯაროდ);
დ) ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, დაგეგმილი საქმიანობების მიხედვით, შეთანხმებულ დროს, კვალიფიციური პერსონალის მიერ მოსარგებლე იღებს უსაფრთხო (დაცულია მსხვერპლის უსაფრთხოების პრიორიტეტულობა) მომსახურებას;
ე) მოსარგებლე იღებს მომსახურებას მისი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებებისა, რწმენის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით;
ვ) მოსარგებლეს დისკრიმინაციის გარეშე აქვს წვდომა თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) განსაზღვრულ მომსახურებაზე და რესურსებზე;
ზ) მომსახურებაში დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
მუხლი 4🔗. მხარდაჭერის მომსახურებები მოსარგებლის უფლების უზრუნველსაყოფად
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლე იღებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერის მომსახურებას, რომელიც ორგანიზებულია კვალიფიციური გუნდის მიერ. მომსახურება მიეწოდება სტანდარტით დადგენილი წესით და ეთიკური პრინციპების დაცვით და შეესაბამება სტანდარტით განსაზღვრულ ოთხ კომპონენტს: სოციალურ მუშაობას, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მსხვერპლებს და მათზე დამოკიდებულ პირებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, როდესაც ისინი სახლში უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს, აქვთ 24-საათიანი, უსაფრთხო დროებითი საცხოვრებელი;
ბ) მოსარგებლე უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლთ (საჭიროების შემთხვევაში), პირადი ჰიგიენის საშუალებებით და მხარდაჭერის მომსახურებებით;
გ) მოსარგებლე უზრუნველყოფილია დღეში მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით ან სამჯერადი კვებისთვის გათვალისწინებულ პროდუქტებით. მზა კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ყოველ დილით სასადილო ოთახში გამოკრულია იმ დღის მენიუ;
დ) შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციის ან რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებების შესაბამისად კვების/პროდუქტების მიწოდების პროცესში გათვალისწინებულია მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ: დიეტა ან სხვა);
ე) მოსარგებლე უზრუნველყოფილია საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით;
ვ) თავშესაფრში უზრუნველყოფილია მოსარგებლის დაცვა და მხარდაჭერისთვის მიღებული ზომები:
ვ.ა) ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გენდერულ გაგებას და ყურადღებას ამახვილებს მსხვერპლის უფლებების, უსაფრთხოების და ღირსების დაცვაზე;
ვ.ბ) ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ეხმარება მსხვერპლს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში;
ვ.გ) უზრუნველყოფს ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას;
ვ.დ) უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლთა ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას/რეაბილიტაციას, მათ გაძლიერებას, შესაძლებლობების გაფართოებას და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას;
ვ.ე) ითვალისწინს მოწყვლადი პირების, მათ შორის, მსხვერპლი ბავშვების კონკრეტულ საჭიროებებს და ხელმისაწვდომია მათთვის;
ზ) მოსარგებლე თავშესაფარში, ადგილზე უზრუნველყოფილია სულ მცირე ორი მხარდაჭერის მომსახურებით: ფსიქოლოგიური დახმარება/რეაბილიტაცია და სოციალური მუშაობა/სოციალური მომსახურება;
თ) იურიდიულ დახმარების და/ან სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებული, რომლის ფარგლებშიც ასეთი მომსახურება არ ფუნქციონირებს, ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების მიწოდების ორგანიზება და მოსარგებლის მიერ ამ მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა. თავშესაფარში დასაქმებული სპეციალისტები: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი (არსებობის შემთხვევაში), მოსარგებლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფენ მისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებას და სხვა საჭირო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში მხარდაჭერას;
ი) მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია არასრულწლოვან მოსარგებლეთა სპეციალური საჭიროებები. თავშესაფრში დასაქმებულია ძიძა/დამხმარე;
კ) საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლე იღებს თარჯიმნის მომსახურებას, რომელსაც აორგანიზებს თავშესაფარი;
ლ) მოსარგებლე, რომელსაც აქვს ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა ან/და ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა ან/და არ აქვს თვითმოვლის უნარი, უზრუნველყოფილია სპეციალური მომსახურებით, თუ ამას ითვალისწინებს თავშესაფრის წესდება (შინაგანაწესი);
მ) მოსარგებლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ძალადობის შედეგები დაძლეული ან შემცირებულია;
ნ) მოსარგებლე იღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას/რეაბილიტაციას, რომელსაც უზრუნველყოფს თავშესაფრის ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიური დახმარება მოიცავს:
ნ.ა) ფსიქოლოგიურ კონსულტაციას/დახმარებას;
ნ.ბ) კრიზისულ ინტერვენციას;
ნ.გ) ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის, ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებაში დახმარებას;
ნ.დ) ძალადობის (მათ შორის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, ბავშვთა მიმართ ძალადობის) საკითხებში გათვითცნობიერებას;
ნ.ე) დახმარებას ახლად წარმოქმნილ სიტუაციასთან ადაპტაციის უნარების გამომუშავებაში;
ნ.ვ) მხარდაჭერას ინტერპერსონალური ურთიერთობების შენარჩუნება/განვითარებაში;
ნ.ზ) დახმარებას, გაიზიაროს ძალადობრივი გამოცდილების დაძლევის სტრატეგიები და რჩევები;
ნ.თ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ/ემოციურ მომზადებას, რათა მოსარგებლემ შეძლოს ბრალდებულის/მოძალადის თანდასწრებით ჩვენების მიცემა. სასამართლოში მოსარგებლის გვერდით ყოფნას და/ან მისთვის სხვა პრაქტიკული ან ემოციური დახმარების უზრუნველყოფას;
ნ.ი) სხვა ღონისძიებებს, რაც გამოვლინდება მოსარგებლის ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებიდან.
ო) მოსარგებლე უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკის მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს მოსაგებლის უფლებების რეალიზებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას, შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ო.ა) მოსარგებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და საჭიროებებზე მორგებული ინტერვენცია;
ო.ბ) მოსარგებლის დახმარება ოჯახსა და საზოგადოებაში რეაბილიტაცია-რეინტეგრაციაში;
ო.გ) მოსარგებლის სოციალური ფუნქციონირების ხარისხის ამაღლებაში დახმარება;
ო.დ) მოსარგებლის მხარდამჭერთა ქსელის მობილიზების ხელშეწყობა;
ო.ე) მოსარგებლის მიერ მომავლის პერსპექტივების განსაზღვრასა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში დახმარება;
ო.ვ) მოსარგებლის დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში, მათ შორის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაში მხარდაჭერა;
ო.ზ) სოციალური დახმარების სფეროში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციის მოსარგებლისთვის მიწოდება;
ო.თ) სხვა ღონისძიება, რაც გამოვლინდება მოსარგებლის საჭიროებიდან, რათა მიაღწიოს სოციალურ კეთილდღეობას;
პ) მოსარგებლის უფლებები და თავისუფლებები დაცულია. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია წარმომადგენლობა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოში;
ჟ) მოსარგებლე იღებს სამართლებრივ მომსახურებას, რომელსაც აწვდის იურისტი (ან თავშესაფრის იურისტი ან სხვა იურისტი) და მოიცავს:
ჟ.ა) მოსარგებლის ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში;
ჟ.ბ) იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას;
ჟ.გ) საჭიროების შემთხვევაში, განცხადების/სარჩელის მომზადებას;
ჟ.დ) საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლის მომზადებას, რათა მან შეძლოს ბრალდებულის/მოძალადის თანდასწრებით ჩვენების მიცემა; სასამართლოში მოსარგებლის გვერდით ყოფნას და/ან მისთვის სხვა პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას;
ჟ.ე) სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადგენლობას/ადვოკატირებას თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) განსაზღვრულ შემთხვევებში.
რ) მიმწოდებლის პასუხისმგებლობაა, რომ მოსარგებლემ, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს იურიდიული დახმარება თავშესაფრის იურისტისგან თავშესაფრის მომსახურების ფარგლებში ან მის გარეთ სოციალური მუშაკის გადამისამართების საფუძველზე. იურიდიული დახმარებისთვის სხვა ორგანიზაციაში გადამისამართების შემთხვევაში, თავშესაფრის სოციალური მუშაკი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მოსარგებლე ნამდვილად იღებს საჭირო იურიდიულ დახმარებას;
ს) მოსარგებლე მომსახურებას იღებს ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ტ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარი უზრუნველყოფს პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;
უ) საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლის ამბოლატორიული/სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროება იდენტიფიცირებულია და თავშესაფარი ხელს უწყობს საჭირო მომსახურების მიღების ორგანიზებით;
ფ) თავშესაფარის მოსარგებლეთა შორის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებების გამოვლენისას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების სახით, უზრუნველყოფილია დაავადებულთა იზოლაცია, შემდგომ კი ჰოსპიტალიზაცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ამასთან ერთად, თავშესაფრის ტერიტორიაზე ტარდება დეზინფექცია და დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირთა სამედიცინო შემოწმება დაავადების დროულად გამოვლენის მიზნით ასევე ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
მუხლი 5🔗. მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
1. მოსალოდნელი შედეგი – ყველა მოსარგებლისათვის დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) განსაზღვრულ მომსახურებაზე თანაბარი ინფორმაციული და პროგრამული მისაწვდომობა.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) ყველა მოსარგებლეს წერილობით ან სხვა სათანადო საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული აქვს ინფორმაცია მომსახურების შესახებ, რაც დასტურდება დოკუმენტურად;
ბ) მოსარგებლე და/ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მისი მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი სრულად არის ინფორმირებული მომსახურების მიზნის, მოცულობისა და ღონისძიებების, მიმწოდებლის ვალდებულებების და საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესახებ;
გ) არ არსებობს მოსარგებლისთვის მომსახურებაზე უარის დაუსაბუთებელი შემთხვევა;
დ) ყველა მოსარგებლეს თანაბრად, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად მიეწოდება მომსახურება;
ე) მოსარგებლე მომსახურებაში ჩართულია დროულად, თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) განსაზღვრული წესის მიხედვით;
ვ) თავშესაფრის მომსახურებაში მოსარგებლე არ იხდის დამატებით საზღაურს;
ზ) თავშესაფრის პერსონალი მოსარგებლეებთან, განსაკუთრებით – არასრულწლოვანთან ურთიერთობისას, იყენებს პოზიტიურად ფორმულირებად დებულებებს (ნაცვლად ამკრძალავი სიტყვებისა, ტყუილისა და დაშინებისა);
თ) თავშესაფრის პერსონალი პატივს სცემს თითოეული მოსარგებლის ემოციებს და ადეკვატურად რეაგირებს მათზე – გამოხატავს ემპათიას;
ი) თავშესაფრის პერსონალი უყურადღებოდ არ ტოვებს თავშესაფარში სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ეთნიკურობა, ენობრიობა, რელიგიური, გენდერული იდენტობა, ასაკი, განსხვავებული საჭიროება და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ან ქცევას და ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობების შეცვლას.
მუხლი 6🔗. მოსარგებლის უფლება ინფორმირებულ არჩევანზე და თანხმობა
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიმღებმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის თავშესაფრის მიზნები. ფლობს ინფორმაციას მხარდაჭერის მომსახურებების, თავშესაფარში მოქმედი რეგულაციებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ინფორმირებული თანხმობის საფუძველძე იღებს შესაბამის მომსახურებას.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მოსარგებლეს (მათ შორის, პოტენციურს) მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები/მისაღები ფორმით, ყოველგვარი განსჯის გარეშე, აქვს ინფორმაცია თავშესაფრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, მხარდაჭერის მომსახურებებზე, თავშესაფარში მოქმედ რეგულაციებსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლისთვის უზრუნველყოფილია თარჯიმნის მომსახურება;
ბ) მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი კრიტერიუმების ან/და სპეციალური ინსტრუმენტის (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი) საფუძველზე/საშუალებით, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, თავშესაფრის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული და დოკუმენტირებულია;
გ) წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე მოსარგებლესთან დადებულია ხელშეკრულება (თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობის ხელშეკრულება), ამასთან, მის მიმართ ნებისმიერი ინტერვენციის დაგეგმვისას, მიღებულია მისი ინფორმირებული თანხმობა (ხოლო არასრულწლოვანი მოსარგებლის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა);
დ) თავშესაფარში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია:
დ.ა) საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თავშესაფრის მომსახურების სახეებისა და ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრის, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ;
დ.ბ) წესდება (შინაგანაწესი), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს:
დ.ბ.ა) თავშესაფრის მომსახურების მიწოდების პირობებსა და ვადებს;
დ.ბ.ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;
დ.ბ.გ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
დ.ბ.დ) მოსარგებლის ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებს;
დ.ბ.ე) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს;
დ.ბ.ვ) მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
ე) თავშესაფარს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის (არასრულწლოვანი მოსარგებლის შემთხვევაში), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელმისაწვდომად აქვს შემდეგი დოკუმენტები:
ე.ა) მომსახურების მიმღები პირის პირადი საქმე (ინდივიდუალური პორტფოლიო);
ე.ბ) მომსახურების მიმღებ პირთა რეგისტრაციის ჟურნალი;
ე.გ) ანონიმური უკუკავშირის ჟურნალი;
ე.დ) ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში მოქმედებისთვის შესაბამისი დოკუმენტი;
ე.ე) სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმი.
მუხლი 7🔗. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და კონფიდენციალურობის დაცვის უფლება
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლე ფლობს ინფორმაციას მისი პირადი ცხოვრების და მომსახურების ასპექტების კონფიდენციალურობის დაცვის, ასევე, იმ გამონაკლისი შემთხვევების შესახებ, როდესაც შესაძლოა დადგეს კანონით განსაზღვრული წესით კონფიდენციალურობის დარღვევის საჭიროება. გუნდი ახდენს მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას კანონით დადგენილი წესით და აწარმოებს მომსახურებასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მიმწოდებელი აწარმოებს მოსარგებლეთა ერთიან რეესტრს, რომელიც დაცულია კონფიდენციალურად;
ბ) მიმწოდებელი აწარმოებს და კონფიდენციალურად ინახავს მოსარგებლის მომსახურებასთან დაკავშირებულ ფორმებს და პირად საქმეს, რომლის ასლიც ხელმისაწვდომია მოსარგებლისთვის;
გ) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დროულად და ზუსტ შევსებას;
დ) ინფორმაცია მოსარგებლის შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ მოსარგებლისთვის, მიმწოდებლისთვის, ასევე, სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების წარმომადგენლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით;
ე) დაცულია მოსარგებლესთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების წესი;
ვ) მომსახურების მიწოდების დროს და მისი დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში, მოსარგებლის დოკუმენტაცია შენახულია მიმწოდებელთან დაცულ ადგილას და ხელმისაწვდომია მოსარგებლისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მხარეებისათვის;
ზ) მომსახურების მიწოდებაში მონაწილე გუნდი ინფორმირებულია მოსარგებლის პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესის შესახებ;
თ) მოსარგებლის პირადი ინფორმაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახი, პიროვნული თავისებურებები, ფსიქო-სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა) განიხილება მხოლოდ მომსახურების მიწოდების ფარგლებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია ან განსაზღვრულია კანონმდებლობით (მაგ.: პოლიციისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის);
ი) მოსარგებლე უზრუნველყოფს ინფორმირებულ, წერილობით თანხმობას მის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვისთვის გადაცემამდე (გარდა ზემოთ აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებებისა);
კ) მომსახურების მიწოდების პერიოდში და მომსახურების მიწოდების დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში, მოსარგებლის შესახებ არსებულ დოკუმენტაციაში რაიმე ცვლილება და/ან ინფორმაციის განადგურება არ ხორციელდება თავშესაფრის ადმინისტრაციის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 8🔗. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინტეგრირებული მომსახურება, დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ინკლუზიურობა
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლე იღებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მისი ავტონომიის მაქსიმალურად დაცვას, დამოუკიდებლობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ინდივიდუალური მიდგომა ზრდის მოსარგებლის მოტივაციას, მონაწილეობა მიიღოს/ჩაერთოს მომსახურების დაგეგმვის პროცესში და განაცხადოს თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა მომსახურების მიღებაზე.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მოსარგებლის თავშესაფრში მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, მოსარგებლის საჭიროებების გათვალისწინებით და მონაწილეობით/ჩართულობით თავშესაფარს შემუშავებული აქვს მოსარგებლის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა/შემთხვევის მართვის გეგმა (შემდგომ – გეგმა);
ბ) გეგმა ნათლად აღწერს:
ბ.ა) მხარდაჭერ მომსახურებას (მომსახურებებს), რომელსაც მიიღებს მოსარგებლე;
ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურებ(ებ)ის განხორციელების განრიგს;
ბ.გ) გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების ვინაობას.
გ) გეგმა ხელმოწერილია გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების და მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ;
დ) მოსარგებლეს აქვს გეგმის ასლი;
ე) პერიოდულად, არანაკლებ 6 თვეში ერთხელ ან გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, გადახედილია გეგმა;
ვ) გუნდი აწარმოებს მოსარგებლის პირად საქმეს (ინდივიდუალური პორტფოლიო).
მუხლი 9🔗. მოსარგებლის უფლება უსაფრთხო მომსახურებაზე
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლე იღებს მომსახურებას კეთილმოწყობილ გარემოში, სადაც დაცულია ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილია ფიზიკური უსაფრთხოების ნორმები.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) თავშესაფარში მოსარგებლე უზრუნველყოფილია ტელეფონის სარგებლობით;
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) ინდივიდულაურად შეფასებულია (არსებობის შემთხვევაში რისკების შეფასების ინსტრუმენტის საშუალებით) თითოეული მოსარგებლის უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებულია ინდივიდუალური უსაფრთხოების გეგმა;
დ) უზრუნველყოფილია მოსარგებლის პირადი ნივთების ხელშეუხებლობა;
ე) მოსარგებლის გაუჩინარების შემთხვევაში, თუ გაუჩინარებიდან 24 საათის განმავლობაში ვერ ხერხდება მოსარგებლესთან დაკავშირება ან/და მისი უსაფრთხოების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება, 24 საათის გასვლის შემდეგ ატყობინებს პოლიციას, ხოლო არასრულწლოვანი მოსარგებლის გაუჩინარების შემთხვევაში – ატყობინებს მის კანონიერ წარმომადგენელს დაუყოვნებლივ, ხოლო პოლიციას 24 საათში;
ვ) თავშესაფარში უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში არსებული სტანდარტების მიხედვით; ასევე, მომსახურებაში არსებობს ევაკუაციის გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან“ („ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი“). პერსონალი ფლობს ინფორმაციას ცეცხლმაქრის შესაბამისად გამოყენებისა და უსაფრთხო ევაკუაციის შესახებ. თავშესაფრის როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება:
ვ.ა) ალკოჰოლური სასმელების მოხმარება;
ვ.ბ) ცეცხლსასროლი/ცივი იარაღის შენახვა/ტარება/გამოყენება;
ვ.გ) თავშესაფარში არეულობის მოწყობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავშესაფარში არსებულ კეთილგანწყობილ გარემოს;
ვ.დ) ნებისმიერი სახის ძალადობა მოსარგებლის და/ან თანამშრომელის მიმართ.
ზ) მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში;
თ) ნარჩენების მართვა ხდება დადგენილი წესით (დახურულ კონტეინერში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას);
ი) დაცულია საკვების შენახვის პირობები (ვადები, ჰიგიენა, ტემპერატურა);
კ) გაწერილია მედიკამენტების შენახვის წესი და მედიკამენტები დაცულია უსაფრთხო ადგილას. გაიცემა და აღირიცხება პასუხისმგებელი პირის მიერ;
ლ) თავშესაფრისთვის განკუთვნილი ფართი უზრუნველყოფილია სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა);
მ) თავშესაფრის ფიზიკური გარემო და აღჭურვილობა შეესაბამება მხარდაჭერის მომსახურების სახეებს, რაც მოიცავს: მხარდაჭერი მომსახურებებისთვის (სულ მცირე, ფსიქოლოგიური დახმარებისთვის/რეაბილიტაციისთვის, სოციალური მუშაობისთვის) განკუთვნილ ფართს შესაბამისი ინვენტარით. ამასთან, თავშესაფარში ყოველი სახის მომსახურებისთვის გამოყოფილია შესაბამისი ფართი (ოთახი);
ნ) თავშესაფრის ფართობი და აღჭურვილობა შეესაბამება მოსარგებლეთა რაოდენობას, რაც მოიცავს:
ნ.ა) სასადილოს, მათ შორის, შესაძლებელია სამზარეულოსთან ერთად:
ნ.ა.ა) შესაბამისი ინვენტარით (ქურა, ცივი და ცხელი წყლის ონკანი, ნიჟარა, მაცივარი, საჭმლის სამზადი ზედაპირი, ჭურჭლის კარადა) აღჭურვილ სამზარეულოს, ასევე, ადგილს მშრალი პროდუქტებისთვის და გამწოვ ვენტილაციას;
ნ.ა.ბ) მოსარგებლეთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობით (ერთ მოსარგებლეზე არანაკლებ 1.5მ²). სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) მოსარგებლის ინდივიდუალური ადგილით და სკამით. სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭლით (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები, ჩანგლები);
ო) საძინებელ ოთახს (ოთახებს):
ო.ა) ერთ მოსარგებლეზე არანაკლებ 6 მ² ფართობისა;
ო.ბ) მშობლისა და შვილებისათვის (3-4 სული) განკუთვნილი ოთახების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15-20 მ2-ს;
ო.გ) თითოეული მოსარგებლისთვის საწოლი და ოთახში არანაკლებ ერთი კარადისა და ტუმბოსი (სამი მოსარგებლისთვის);
ო.დ) საშხაპეს/საშხაპეებს და საპირფარეშოს/საპირფარეშოებს (ვენტილაციით), პირსაბნს/პირსაბანებს (ცივი/ცხელი წყლით) – 6 მოსარგებლეზე არანაკლებ ერთისა.
პ) თითოეული მოსარგებელის პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალურ ნივთებს (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და სხვა), ასევე, თეთრეულით;
ჟ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსარგებლეთა მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული გარემო აღჭურვილია სპეციფიკური ინვენტარით და ადაპტირებულია ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის.
მუხლი 10🔗. ძალადობისგან დაცვა და რეაგირება კონფლიქტურ სიტუაციებში
1. მოსალოდნელი შედეგი – თავშესაფარში მოსარგებლე და პერსონალი დაცულია ძალადობისგან, ასევე, სექსუალური შევიწროებისგან და მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირება უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მიმწოდებელი იცნობს და ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით);
ბ) შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში მოქმედებისათვის შესაბამისი დოკუმენტი;
გ) სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე რეაგირებისათვის შემუშაბულია და ფუნქციონირებს შესაბამისი მექანიზმი;
დ) თავშესაფრის პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის (მათ შორის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულებელყოფა) ნიშნების ამოცნობა;
ე) მოსარგებლეს მიეწოდება ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
მუხლი 11🔗. უკუკავშირის და გაპროტესტების უფლება
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე მოსარგებლე ინფორმირებუილია პროტესტისა და უკუკავშირის პროცედურების შესახებ და სარგებლობს გამოხატვის უფლებითა და შესაძლებლობით.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მიმწოდებელს ჩამოყალიბებული აქვს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია წესდებაში (შინაგანაწესში) და ცნობილია როგორც მოსარგებლისთვის, ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის;
ბ) თავშესაფარში უზრუნველყოფილია მოსარგებლის მიერ მომსახურების შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება;
გ) თავშეაფრის ადმინისტრაცია ითვალისწინებს მოსარგებლის აზრს და შეხედულებებს მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოფს მის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
დ) თავშესაფრის ადმინისტრაცია აწარმოებს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვას.
მუხლი 12🔗. მომსახურების ხარისხის მართვა მოსარგებლის უფლებების უზრუნველსაყოფად
1. მოსალოდნელი შედეგი – მოსარგებლეთა უფლებების სრული რეალიზაციისა და საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად მიმწოდებელ ორგანიზაციას აქვს მომსახურების მიწოდების ჩამოყალიბებული, ანგარიშვალდებული მოდელი და ხარისხის მართვის სისტემა.
2. შესრულების ძირითადი ინდიკატორები:
ა) მიმწოდებელს დამტკიცებული აქვს ორგანიზაციის წესდება (შინაგანაწესი), მართვის სტრუქტურა და იდენტიფიცირებულია პასუხისმგებელი პირი;
ბ) მიმწოდებელს მომსახურების მუდმივი გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის აქვს შიდა ხარისხის მართვის სისტემა;
გ) მომსახურება იგეგმება და მოსარგებლეს მიეწოდება კოორდინირებულად. თავშესაფრის ადმინისტრაციასთან პასუხისმგებელი პირის მიერ რეგულარულად წარმოებს ანგარიშგება;
დ) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იწარმოება წინამდებარე სტანდარტით დადგენილი წესით;
ე) ორგანიზაციას აქვს საკადრო პოლიტიკის დოკუმენტი და აწარმოებს კადრებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის:
ე.ა) ახალი პერსონალის ინფორმირებისა და ორიენტაციის პრაქტიკა;
ე.ბ) პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პრაქტიკა;
ე.გ) მომსახურების პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ვ) თავშესაფარში თანამშრომელი უზრუნველყოფილია:
ვ.ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი;
ვ.ბ) სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ.გ) თანამშრომლის საქმიანობაზე რეგულარული ზედამხედველობითა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობით;
ვ.დ) ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საბაზისო ტრენინგით.
ზ) მოსარგებლეთათვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება ხდება საჭირო რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ (სასურველია დაცული იყოს სქესობრივი თანფარდობა მდედრობითი თანამშრომლების სასარგებლოდ);
თ) თავშესაფრის პერსონალი იცნობს იმ ძირითად სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირკავშირშია მათ საქმიანობასთან და მოქმედებს შესაბამისად.
დანართი №1
საინფორმაციო ფურცელი
1. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი (დასახელება):
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
2. ტელეფონის ნომერი ________________________________________________
3. მოსარგებლეთა რაოდენობა (რამდენი პირის მიღება არის შესაძლებელი)
________________________________________________________________________________
4. თავშესაფრის მომსახურების მიმღებ პირთა წრე:
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
5. მხარდაჭერის მომსახურებები (ჩამონათვალი), მიუთითეთ, რომელი მომსახურება მიეწოდება თავშესაფრის ფარგლებში და რომელი თავშესაფრის გარეთ ____________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
6. თავშესაფრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლები:
___________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________