მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №119/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016694
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების საქმიანობის შესახებ მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№119/04
2023 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 21-ე და 22-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
მიკრობანკი ვალდებულია, ლიცენზიის მიღებიდან 9 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი შესაფერისობის შეფასების ფორმისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შიდა პოლიტიკა/პროცედურების შემუშავება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი მიკრობანკისა და უცხოეთის ბანკის/მიკრობანკის ფილიალისა და შვილობილი მიკრობანკის (შემდგომში – მიკრობანკი) ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს და შესაფერისობის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის საკითხებს.
2. მიკრობანკის ადმინისტრატორები მიკრობანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, მიკრობანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ადმინისტრატორები მიკრობანკის საქმიანობას უნდა წარმართავდნენ გონივრულად და დამოუკიდებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობით.
3. მიკრობანკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად მიკრობანკის ცალკეული ადმინისტრატორები, ისევე როგორც მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი (შემდგომში – მმართველი ორგანოები) ერთობლივად, უნდა აკმაყოფილებდნენ „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსით“ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
4. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას მიკრობანკი და ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობენ პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებას მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას.
5. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მიკრობანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება დაინიშნოს მიკრობანკის ადმინისტრატორად, ან/და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს – აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით უნდა გათავისუფლდეს მიკრობანკის ადმინისტრატორის პოზიციიდან.
6. მიკრობანკის აქციონერთა საერთო კრებამ და სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყონ მმართველი ორგანოების ისეთი წევრებით დაკომპლექტება, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათი ცოდნა და გამოცდილება უზრუნველყოფს მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობას.
მუხლი 2🔗.
მიკრობანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები
1. მიკრობანკის ადმინისტრატორის პოზიციაზე დასანიშნი პირი, ისევე როგორც მიკრობანკის ადმინისტრატორები პოზიციაზე ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა აკმაყოფილებდნენ „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:
ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად;
ბ) მიკრობანკის საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარი და გამოცდილება, ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად;
გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად;
დ) საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დრო, ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად;
ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა, ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრატორის კონკრეტულ პოზიციასთან პირის შესაფერისობის დადგენისას გაითვალისწინება შესაბამისი პოზიციის მნიშვნელობა და მისი სპეციფიკა. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების დონე და სპეციფიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული პოზიციის გათვალისწინებით.
3. ადმინისტრატორთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ მიკრობანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურები უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ მრავალფეროვნების პოლიტიკას.
მუხლი 3🔗.
კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
1. მიკრობანკის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია და სარგებლობდეს ნდობით. პირი მიიჩნევა სათანადო რეპუტაციის მქონედ და სანდოდ, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოებები საწინააღმდეგო ვარაუდისთვის.
2. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;
გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;
დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;
ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ვ) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად.
3. პირის რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შეფასება, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით, ასევე ეფუძნება შემდეგ გარემოებებსა და მათი ერთობლიობის ანალიზს:
ა) პირის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, რელევანტური სამოქალაქო წარმოება ან/და საგამოძიებო პროცესი, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, პირის ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები;
ბ) წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა, იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა, რომელსაც მართავს/მართავდა პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია/გააჩნდა მნიშვნელოვანი გავლენა; მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, სამოქალაქო წარმოება ან/და სხვა საგამოძიებო პროცესი, პირის ჩართულობა და როლი;
გ) პროფესიული რეპუტაცია, სავაჭრო, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება და შესაბამისი მიზეზები;
დ) გამჭვირვალობა, ღიაობა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზაობა;
ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ პირის ქმედება არ შეესაბამება „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დადგენილ სტანდარტებს.
მუხლი 4🔗.
მიკრობანკის საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარი და გამოცდილება
1. მიკრობანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი განათლება, შესაბამისი უნარები და გამოცდილება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
2. მიკრობანკის დირექტორებს უნდა ჰქონდეთ საფინანსო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება, ხოლო მიკრობანკის სხვა ადმინისტრატორების გამოცდილება და უნარების ერთობლიობა უნდა შეესაბამებოდეს მიკრობანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
3. უნარების შეფასებისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, შემდეგი საჭირო უნარები: გადაწყვეტილების მიღების უნარი, ლიდერობა, ლოიალურობა, მოლაპარაკების უნარები, დამაჯერებლობა, გუნდურობა, სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, შეხვედრების ეფექტურად წარმართვის უნარი.
4. ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების შეფასება მოიცავს პირის შესაძლებლობის შეფასებას, დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად ესმოდეს მიკრობანკის მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები, მიკრობანკის საქმიანობა და დაკავშირებული რისკები, კორპორაციული მართვა, ჯგუფის სტრუქტურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნული მოიცავს ასევე საქმიანობის იმ სფეროებს, რომლებიც არ წარმოადგენს პირის პირდაპირ პასუხისმგებლობას, მაგრამ რომელთან დაკავშირებითაც იგი ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოების სხვა წევრებთან ერთად.
5. ცოდნა, უნარები და გამოცდილება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღებული აკადემიური ხარისხისა და სამუშაო გამოცდილების ფაქტის დადასტურებით. შეფასება უნდა მოიცავდეს პირის ცოდნისა და გამოცდილების ანალიზს, რაც გულისხმობს წარსულში დაკისრებული მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის, მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას.
6. გამოცდილების შეფასებისას გაითვალისწინება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
ა) საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;
ბ) ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;
გ) სტრატეგიული დაგეგმვა, საბანკო ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;
დ) აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;
ე) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
7. მიკრობანკის დირექტორატის წევრების გამოცდილების შეფასებისას ასევე გაითვალისწინება:
ა) წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;
ბ) წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;
გ) იმ ორგანიზაციის საქმიანობის სახე, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;
დ) წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე მისი კომპეტენციები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ფარგლები;
ე) დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;
ვ) დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ უნარი კონსტრუქციული რეაგირება მოახდინონ მიკრობანკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ მის საქმიანობას.
მუხლი 5🔗.
განსჯის დამოუკიდებლობა
1. მიკრობანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ უნარი დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები, შეაფასონ მმართველი ორგანოების სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. განსჯის დამოუკიდებლობა აგრეთვე გულისხმობს გამბედაობას, თავდაჯერებულობასა და კოლექტიური აზროვნების მიმართ მდგრადობას. აღნიშნულის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირის ქცევა წარსულში და მიმდინარე პოზიციაზე. მიკრობანკთან დაკავშირებულ საწარმოში მონაწილეობა (წილის ფლობა) თავისთავად არ გულისხმობს განსჯის დამოუკიდებლობის კრიტერიუმთან შეუსაბამობას, ამასთან, გაითვალისწინება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
2. განსჯის დამოუკიდებლობის კრიტერიუმის ფარგლებში არ ფასდება სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები და იგი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოთხოვნას მოიცავს იმდენად, რამდენადაც აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუშალოს პირის მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და ობიექტურად მიღებას. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით:
ა) დირექტორი არ უნდა იყოს ამავე მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ბ) დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა იყოს ამავე მიკრობანკის დირექტორატის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის I და II რიგის მემკვიდრე.
3. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შეფასება ასევე გულისხმობს სულ მცირე შემდეგი თითოეული გარემოებისა და მათი ერთობლიობით გამოწვეული შედეგების განსჯის დამოუკიდებლობაზე გავლენის ანალიზს:
ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც გულისხმობს ადმინისტრატორის მიერ აქციების, წილის ფლობას ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას მიკრობანკში/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებში ან/და მათ კორპორატიულ კლიენტებთან; მნიშვნელოვანი მოცულობის სესხის გაცემას მასზე ან/და კომპანიაზე, რომელსაც იგი ფლობს;
ბ) პირადი და პროფესიული ურთიერთობა მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან;
გ) პირადი და პროფესიული ურთიერთობა მიკრობანკის ან/და მიკრობანკის ჯგუფში შემავალი საწარმოების უმაღლეს მენეჯმენტთან;
დ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;
ე) პირადი და პროფესიული ურთიერთობა მიკრობანკთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა, მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და სხვა მომსახურების მიმწოდებელი;
ვ) ისეთი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრობა ან წილის/აქციების ფლობა, რომელთანაც მიკრობანკს/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოს აქვს კონკურენტული ინტერესი;
ზ) მიკრობანკთან/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან, მის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული ბიზნესურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა (ბოლო 2 წლის განმავლობაში);
თ) პოლიტიკური გავლენა და აქტიურობა, რაც გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ასევე პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან/და მხარდაჭერას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების სახით.
4. მიკრობანკის ადმინისტრატორთან დაკავშირებული არსებული ან/და სამომავლო ინტერესთა კონფლიქტი მიკრობანკის მიერ უნდა იყოს სათანადოდ გამჟღავნებული (მათ შორის, ეროვნულ ბანკთან), განხილული, დოკუმენტირებული და დროულად აღმოფხვრილი. ადმინისტრატორმა არ უნდა გამოიყენოს ხმის უფლება იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი.
5. ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადმინისტრატორის განსჯის დამოუკიდებლობაზე, მიკრობანკმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად გატარებული ზომების შესახებ.
მუხლი 6🔗.
საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დრო
1. მიკრობანკის ადმინისტრატორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
2. დირექტორი ან სხვა აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ადმინისტრატორი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს პირის დანიშვნიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში.
3. საკმარისი დროის არსებობის შესაფასებლად, ასევე გაითვალისწინება სულ მცირე შემდეგი გარემოებები და მათი ერთობლივი შედეგი:
ა) პირის მიერ სხვადასხვა საფინანსო და არასაფინანსო ინსტიტუტებში ერთდროულად დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციების რაოდენობა. აღნიშნული მოიცავს მმართველი ორგანოების ალტერნატიულ წევრობას ან/და სხვა პირის სახელით უფლებამოსილების განხორციელებას;
ბ) იმ ორგანიზაციის საქმიანობის მოცულობა, სახე და კომპლექსურობა, რომელშიც პირი იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას;
გ) ფორმალური შეხვედრების რაოდენობა და პირის ჩართულობა (რომელიც შესაძლოა დასტურდებოდეს სხდომის ოქმებით);
დ) ხელმძღვანელი პოზიციების რაოდენობა იმ ორგანიზაციებში, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა;
ე) ფორმალური შეხვედრებისაგან დამოუკიდებლად, დამატებითი შეხვედრების რაოდენობა შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;
ვ) სპეციფიკური პოზიციის სახე (აღმასრულებელი დირექტორი, კომიტეტის თავმჯდომარე) და მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობები, პირის მიერ აღმასრულებელი ან/და არააღმასრულებელი პოზიციების ფლობა და შეხვედრებზე დასწრების/ჩართულობის ვალდებულება;
ზ) პროფესიული საქმიანობა და პოლიტიკური აქტიურობა, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა
ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული სხვა მიკრობანკის, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება/ექვემდებარებიან იმ მიკრობანკის კონტროლს, ან არის/არიან იმ მიკრობანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. მიკრობანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ პუნქტის მიზნებისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე პუნქტის მიზნებისათვის 1 პოზიციად მიიჩნევა:
ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს მიკრობანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს;
ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს მიკრობანკი.
მუხლი 8🔗.
მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობა
1. მმართველი ორგანოების წევრთა ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მმართველ ორგანოებს სათანადოდ ჰქონდეთ გააზრებული მიკრობანკის საქმიანობა და მასთან დაკავშირებული არსებითი რისკები. აღნიშნულ მოთხოვნას ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს როგორც დირექტორატი, ასევე სამეთვალყურეო საბჭო.
2. მმართველი ორგანოების წევრებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ უნარი, რომ მიიღონ მიკრობანკის ბიზნესმოდელთან, რისკის აპეტიტთან, სტრატეგიასა და ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ადეკვატური გადაწყვეტილებები.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მიკრობანკის აღმასრულებელი ორგანოების ეფექტური ზედამხედველობის შესაძლებლობას.
4. მმართველი ორგანოების წევრთა ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა იმ სფეროს სათანადოდ ცოდნასა და სათანადო გამოცდილებას, რომელთანაც დაკავშირებულია მიკრობანკის საქმიანობა და რომელთა მიმართაც მიკრობანკის ადმინისტრატორებს ეკისრებათ კოლექტიური პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილებების მიღება მოსაზრებათა მრავალფეროვნებისა და სათანადო ექსპერტიზის საფუძველზე. აღნიშნული მოიცავს სულ მცირე:
ა) მიკრობანკის საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ არსებით რისკებს;
ბ) დარგობრივ/ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, როგორიცაა ფინანსური ან/და კაპიტალის ბაზრები, ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუნარიანობა და მოდელირება;
გ) ფინანსურ აღრიცხვას;
დ) რისკების მართვას, შესაბამისობასა და შიდა აუდიტს;
ე) ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოებას;
ვ) ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებს საჭიროებისამებრ;
ზ) სამართლებრივ გარემოს;
თ) მენეჯერულ უნარებსა და გამოცდილებას;
ი) სტრატეგიულ დაგეგმვას;
კ) ჯგუფის სტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
5. მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის სრული შეფასება მიკრობანკმა უნდა განახორციელოს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შეფასების შედეგები წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ერთობლივი შესაფერისობის შეფასების ფორმა თითოეულმა მიკრობანკმა უნდა შეიმუშაოს მისი ზომის, კომპლექსურობისა და რიკების გათვალისწინებით და შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ მოითხოვოს მიკრობანკის მიერ შემუშავებული ფორმის გადახედვა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა.
მუხლი 9🔗.
მიკრობანკის ვალდებულება
1. მიკრობანკი ვალდებულია შეარჩიოს/წარადგინოს ისეთი პირები, რომლებიც შეესაბამებიან კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მუდმივად უზრუნველყოს ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობა.
2. მიკრობანკი, ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ვალდებულია:
ა) ადმინისტრატორის პოზიციაზე დანიშვნამდე, პირის შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით, ჰქონდეს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;
ბ) მიკრობანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს;
გ) არ დანიშნოს პირი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ დასანიშნი პირი არ აკმაყოფილებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს;
დ) მიკრობანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, წარუდგინოს ადმინისტრატორების შესახებ ამ დებულებით დადგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიკრობანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.
3. მიკრობანკი ვალდებულია თავის შიდა პოლიტიკა/პროცედურებში მიკრობანკის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად განსაზღვროს:
ა) მიკრობანკის ადმინისტრატორების შესაბამის პოზიციებზე დანიშვნის პროცედურები;
ბ) მიკრობანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, ადმინისტრატორთა ხელახალი შეფასების პროცედურა, ვადები და მმართველი ორგანოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასების ფორმები;
გ) მიკრობანკის ადმინისტრატორთა მოვალეობები კონკრეტული საბანკო საქმიანობის წარმოებისას, მათ შორის, ადმინისტრატორად მიჩნეული პოზიციების ჩამონათვალი, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული პოზიციების სია თანხმდება ეროვნულ ბანკთან და მტკიცდება მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ;
დ) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მიკრობანკის სტრუქტურული ერთეული (ან თანამდებობა);
ე) მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად საჭირო შესაძლო ღონისძიებები.
4. ადმინისტრატორთა როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის სრულ შეფასებას/ხელახალ შეფასებას მიკრობანკი ახორციელებს შესაბამისად შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებისას;
ბ) პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ;
გ) მიკრობანკის მმართველი ორგანოების შემადგენლობის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, ასევე, როდესაც ადგილი აქვს მიკრობანკის ბიზნესმოდელის, რისკის აპეტიტის, ინდივიდუალურ ან/და ჯგუფის დონეზე სტრატეგიის ან/და სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას.
5. მმართველი ორგანოს ახალი წევრის დანიშვნისას უნდა შეფასდეს დასანიშნი პირის ინდივიდუალური შესაფერისობა, ასევე მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე გავლენა, ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად; ადმინისტრატორების განმეორებითი დანიშვნის შემთხვევაში, თუ შეიცვალა პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ან/და თუ ადმინისტრატორი ინიშნება სხვა პოზიციაზე, უნდა შეფასდნენ მხოლოდ ის ადმინისტრატორები, რომელთა პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც შეცვლილია, ასევე უნდა შეფასდეს მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე გავლენა ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.
6. საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დროის კრიტერიუმის ხელახალი შეფასება უნდა განხორციელდეს, როდესაც პირი დაიკავებს დამატებით ხელმძღვანელ პოზიციას ან/და ახორციელებს ახალ საქმიანობას, მათ შორის, პოლიტიკურ აქტივობას.
7. მიკრობანკი ვალდებულია შესაფერისობის ხელახალი შეფასება განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ამ დებულებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან ადმინისტრატორის შესაფერისობის შესაძლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მიუთითებს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებში, ხელახალი შეფასება ხორციელდება მხოლოდ შეცვლილი გარემოების და მისგან გამომდინარე შედეგების ნაწილში. მიკრობანკი ვალდებულია, განახორციელოს ადმინისტრატორების ხელახალი შეფასების სათანადოდ დოკუმენტირება, რომელიც უნდა ასახავდეს შეფასების შედეგებს და ინფორმაციას შეფასების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ზომების (არსებობის შემთხვევაში) და ვადების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და გონივრული ვადა განუსაზღვროს.
8. თუ მიკრობანკის მიერ განხორციელებული ხელახალი შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ პირი ან/და მმართველი ორგანო ვერ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური ან/და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებს, მიკრობანკი ვალდებულია მიიღოს ზომები ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე მმართველი ორგანოს ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად და განსახორციელებელი ზომების და ვადების შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკს კონკრეტული ღონისძიების გატარება მოსთხოვოს და მის განსახორციელებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკრობანკი იყენებს პროპორციულობის პრინციპს, გამოვლენილი ხარვეზის პროპორციული ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიების შესარჩევად:
ა) მმართველი ორგანოს წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაცვლება;
ბ) მმართველი ორგანოს კონკრეტული წევრების გადაყენება და ჩანაცვლება;
გ) ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელი ზომების მიღება;
დ) მმართველი ორგანოების ინდივიდუალური წევრების ტრენინგი ან/და კოლექტიური ტრენინგი მმართველი ორგანოსათვის;
ე) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნის შესაბამისი სხვა ნებისმიერი ადეკვატური ზომა.
9. ადმინისტრატორთა შესაფერისობის როგორც საწყისი, ასევე შემდგომი ხელახალი შეფასება არის მიკრობანკის ვალდებულება, ხოლო ეროვნული ბანკი, საზედამხედველო მიზნებისათვის, უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, მიკრობანკს მოსთხოვოს ან თავად განახორციელოს მიკრობანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება.
10. მიკრობანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ გამოვლინდა რომ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მიკრობანკი არ გეგმავს რაიმე ზომების მიღებას. მიკრობანკი ასევე ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, შესაფერისობის უზრუნველსაყოფად მიკრობანკის მიერ განსახორციელებლად შერჩეული ღონისძიებები არასაკმარისია, ან/და მიკრობანკმა არ უზრუნველყო შესაბამის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების გატარება ან/და აშკარაა რომ მათი გამოყენება ადმინისტრატორის შესაფერისობას ვერ უზრუნველყოფს.
მუხლი 10🔗.
ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ადმინისტრატორის დანიშვნა
1. შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, მიკრობანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად) უნდა მოიცავდეს:
ა) დასანიშნი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი);
ბ) დასაკავებელი პოზიციის დასახელებას, სამუშაო აღწერილობას (დირექტორატის შემთხვევაში) და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად მმართველ ორგანოში პირის როლის შესახებ;
გ) ინფორმაციას სამუშაოს შეთავაზებით გათვალისწინებული პოზიციის დაკავების თარიღისა და პოზიციაზე ყოფნის ვადის შესახებ;
დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რომელსაც ანაცვლებს დასანიშნი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ადმინისტრატორის პოზიციაზე დასანიშნი პირის წერილობით განცხადებას, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრული, უტყუარი და ზუსტია, აგრეთვე დასტურს, რომლითაც პირი გამოხატავს გამჭვირვალობის, ღიაობისა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას ამ დებულების დანართი №1 -ის შესაბამისად;
ვ) დასანიშნი ადმინისტრატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი მმართველი ორგანოს (კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის) წერილობით განცხადებას და დასტურს, რომ მათ მიერ შემოწმებულია ადმინისტრატორის შესახებ არსებული ინფორმაცია, იგი აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და რომ მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რამდენადაც ამის დადგენა შესაძლებელია, სრული, უტყუარი და ზუსტია, ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად;
ზ) ინფორმაციას პირის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (პირადი რეზიუმე), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას წარსულში დაკავებული პოზიციების, შესაბამისი მოვალეობების, სამუშაოს ბუნების, მოცულობის, კომპლექსურობის და დაქვემდებარებული პირების რაოდენობის შესახებ; რეზიუმეს თან უნდა დაერთოს პირის კვალიფიკაციისა და განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
თ) ცნობას ნასამართლობის შესახებ, ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, სრულად არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/პირის დასტური იმის თაობაზე, რომ სხვაგვარი ცნობა არ გაიცემა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ პირობითი თანხმობის გაცემისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული ნასამართლობის შესახებ ცნობის ხელახლა წარდგენა მოითხოვოს;
ი) ინფორმაციას მის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, რელევანტური სამოქალაქო, ადმინისტრაციული წარმოების ან/და საგამოძიებო პროცესისა და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ან/და დასანიშნი პირის წერილობით განაცხადს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია;
კ) ინფორმაციას წარსული და მიმდინარე ბიზნესსაქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან, არსებობის შემთხვევაში ან/და პირის მიერ სხვაგვარად მოწოდებული ინფორმაციის სახით), მათ შორის, ინფორმაცია იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის შესახებ (გაკოტრება/სააღსრულებო პროცესი), რომელსაც მართავდა დასანიშნი პირი, ან/და რომელშიც ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა, ან/და წერილობით დასტურს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია; ამასთან, დასტურს წარდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ;
ლ) ინფორმაციას ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების, სამუშაო ადგილიდან განთავისუფლებისა და შესაბამისი მიზეზების შესახებ;
მ) ინფორმაციას მიკრობანკთან ან/და მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან/და სხვა ინტერესების (მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების) შესახებ ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან პირადი ან/და პროფესიული ურთიერთობის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი და გავლენა მოახდინოს განსჯის დამოუკიდებლობაზე, მათ შორის, ინფორმაციას:
მ.ა) მიკრობანკთან/მიკრობანკის ჯგუფთან ან/და მათ ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული ბიზნეს ურთიერთობის ან სამართლებრივი დავის შესახებ (ბოლო 2 წლის განმავლობაში);
მ.ბ) დასანიშნი პირის მიერ მიკრობანკის/მიკრობანკის ჯგუფის კორპორატიული კლიენტების აქციების, წილის ფლობის ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობის შესახებ;
მ.გ) მიკრობანკის/მიკრობანკის ჯგუფში შემავალი საწარმოს მიერ იმ კომპანიაზე სესხის გაცემის შესახებ, რომელშიც დასანიშნი პირი მნიშვნელოვან წილს ფლობს;
მ.დ) მიკრობანკის ან/და მიკრობანკის ჯგუფში შემავალი საწარმოების უმაღლეს მენეჯმენტთან პირადი და პროფესიული ურთიერთობის შესახებ;
მ.ე) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციების შესახებ;
მ.ვ) პირადი და პროფესიული ურთიერთობის შესახებ მიკრობანკთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და სხვა მომსახურების მიმწოდებელი;
მ.ზ) ისეთი კომპანიის წილის ფლობის შესახებ, რომელსაც მიკრობანკთან/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან აქვს კონკურენტული ინტერესები;
ნ) ინფორმაციას ადმინისტრატორის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, კერძოდ, არის თუ არა პირი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აქციონერის მიერ წარდგენილი;
ო) ინფორმაციას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური ინტერესებისა და აქტივობების შესახებ, კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების განხორციელების შესახებ, ასევე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ;
პ) ინფორმაციას ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მიკრობანკის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ჟ) დასანიშნი პირის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად საკმარისი დროის არსებობის დასადასტურებლად ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს:
ჟ.ა) ინფორმაცია იმ მინიმალური დროის (თვის განმავლობაში და წლიურად) შესახებ, რომელიც დაეთმობა პირის მიერ მიკრობანკთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას;
ჟ.ბ) ინფორმაცია პირის მიერ სხვა ორგანიზაციებში, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციების (აღმასრულებელი, არააღმასრულებელი) და დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესახებ, ასევე ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციების ზომისა და დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ;
ჟ.გ) ამ პუნქტის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი დრო (გამოხატული დღეებში) და დაკავშირებული შეხვედრების რაოდენობა ერთწლიანი პერიოდისათვის;
რ) ერთობლივ შესაფერისობაში პირის ინდივიდუალური როლის შესაფასებლად, მმართველი ორგანოების წევრების ჩამონათვალს, მათი შესაბამისი პოზიციებისა და პასუხისმგებლობის მოკლე აღწერას და დასაბუთებას, თუ როგორ აისახება პირის ადმინისტრატორად დანიშვნა მმართველი ორგანოს ერთობლივ შესაფერისობაზე. შეუსაბამობისა და ხარვეზების არსებობისას, ასევე მათი აღმოფხვრისათვის მიღებული ზომების აღწერას.
2. ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
3. მიკრობანკი უფლებამოსილია დანიშნოს პირი ადმინისტრატორად მხოლოდ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიკრობანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ბ) იმ პირისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში – ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის შემდგომ მიკრობანკის შესაბამისი დოკუმენტის (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი ან/და დოკუმენტით განსაზღვრული თარიღი.
5. მიკრობანკმა ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოქმედი ადმინისტრატორების ფინანსური ვალდებულებების შესახებ და წარდგენილი უნდა იყოს 31 იანვრამდე.
6. მიკრობანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკვე დანიშნული ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა, რომ იგი არ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმს.
მუხლი 11🔗.
ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნული ბანკი აფასებს, აკმაყოფილებენ თუ არა მიკრობანკის ადმინისტრატორები ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. ადმინისტრატორის შესახებ წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.
3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს ადმინისტრატორის შესახებ მიკრობანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის უტყუარობა და სიზუსტე, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას ან/და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში, ასევე კანდიდატთან გასაუბრებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით და ამის შესახებ უნდა ეცნობოს მიკრობანკს.
5. ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტების წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი პირის ადმინისტრატორად დანიშვნაზე თანხმობის მიცემას.
6. თუ მიკრობანკის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი ადმინისტრატორის დასანიშნად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, არაუმეტეს ორი თვისა. ამ პერიოდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება და განახლდება მიკრობანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე. მიკრობანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს ეროვნული ბანკის ავტომატურ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.
7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება.
8. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიკრობანკის გადაწყვეტილება ბათილია და მიკრობანკი ვალდებულია, გადააყენოს ადმინისტრატორი დაკავებული პოზიციიდან, თუ მიკრობანკმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დანიშნა პირი ადმინისტრატორად.
9. უკვე დანიშნული მიკრობანკის ადმინისტრატორის ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიკრობანკს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება და ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, ხოლო თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, აშკარაა, რომ ასეთი ღონისძიებების გატარება უშედეგო იქნება, ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და წერილობით მოსთხოვოს მიკრობანკს მისი დაკავებული პოზიციიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება.
10. მიკრობანკის მმართველი ორგანოების ერთობლივი შესაფერისობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიკრობანკს შემდეგი მოქმედებების განხორციელება და განუსაზღვროს შესაბამისი გონივრული ვადა:
ა) ინდივიდუალურად ადმინისტრატორისთვის ან/და მმართველი ორგანოებისთვის შესაბამისი სწავლების/ტრენინგის ორგანიზება;
ბ) მმართველი ორგანოს წევრებს შორის ფუნქციების გადანაცვლება;
გ) მმართველი ორგანოს შემადგენლობის ცვლილება;
დ) გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სხვა ადეკვატური ღონისძიების განხორციელება.
11. მიკრობანკის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიკრობანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).