მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №121/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016700
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,443 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი 97% 22.02.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 96% 14.02.2024 მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 21.06.2023 კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 14.02.2024 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 05.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №121/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-16 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და მე-4 პუნქტის, ასევე, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესი თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი)  მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, გარდა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება მიკრობანკის ლიკვიდაცია. 3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და მიკრობანკის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი. 4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 5. მიკრობანკის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ მიკრობანკთან დაკავშირებული პირი. 6. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და  სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 7. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკრობანკი წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. მუხლი 2🔗. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები 1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მიკრობანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა. 2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მიკრობანკის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 3. თუ მიკრობანკი  საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე  საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული მიკრობანკის საკორესპონდენტო და სხვა ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და  გაიხსნება  სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის), რომელზეც გადაიტანება მიკრობანკის საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა. 5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან მიკრობანკში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის  ანგარიშზე. 6. მიკრობანკში ერთი ფიზიკური პირის სახელზე სხვადასხვა საანაბრე ანგარიშებზე და/ან სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები შესაძლოა გაერთიანდეს და გადატანილ იქნეს შესაბამისი ფიზიკური პირის ანგარიშზე/ანგარიშებზე. ასევე, ერთი იურიდიული პირის სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები შესაძლოა გაერთიანდეს და გადატანილ იქნეს მის ანგარიშზე/ანგარიშებზე. პირის ანგარიშზე/ანგარიშებზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა მიკრობანკის მიმართ. 7. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ  მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ. თუ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა, დარჩენილ ნაწილში ის დაკმაყოფილდება ამ წესის შესაბამისად. 8. მიკროსაბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით ლიკვიდატორი უფლებამოსილია დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები. 9. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს (მიკრობანკს) ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან აღნიშნული იურიდიული პირი (მიკრობანკი) ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. 10. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე იურიდიული პირი (მიკრობანკი) ლიცენზირებული მიკრობანკის მსგავსად ემორჩილება „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მიკრობანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 11. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის მიმართ,  ეროვნული ბანკი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის სათავო ბანკს/მიკრობანკს და სათავო ბანკის/მიკრობანკის ზედამხედველ ორგანოს. 12. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი მიკრობანკის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო. 13. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მიკრობანკის სალიკვიდაციო ანგარიშიდან, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. 15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის მიკრობანკის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯი 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიკრობანკს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც  დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს.  ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ მიკრობანკს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა. 3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია მიკრობანკის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ. 5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე. 6. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა ანაზღაურდება ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ლიკვიდატორის უფლებები 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე მიკრობანკის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება მიკრობანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. 2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ მიკრობანკის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია. 3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს მიკრობანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში. 4. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ლიკვიდატორი უფლებამოსილია შექმნას სალიკვიდაციო კომისია. 5. მიკრობანკის ლიკვიდატორს უფლება აქვს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე  შეწყვიტოს: ა)  თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება;; ბ)  იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც მიკრობანკი მონაწილეობდა; გ) მიკრობანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ  მიკრობანკი აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) მიკრობანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს  კომერციულ ბანკში ან სხვა მიკრობანკში. მისი გადატანისათვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარის და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. ლიკვიდატორი ვალდებულია ბენეფიციარს და პრინციპალს შეატყობინოს საბანკო გარანტიის  კომერციულ ბანკში ან სხვა მიკრობანკში გადატანის  შესახებ. 6. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ მიკრობანკის კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. 7. ლიკვიდატორს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს: ა) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან მიკრობანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად; ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 8. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს: ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები კომერციულ ბანკში ან/და სხვა მიკრობანკში სხვადასხვა ვალუტით; ბ) დროებით არ დახუროს  კომერციულ ბანკში ან/და სხვა მიკრობანკებში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები; გ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისგან ან/და სხვა მიკრობანკებისაგან; დ) გადასცეს კომერციულ ბანკს ან/და სხვა მიკრობანკს სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება;   ე) ორგანიზაცია გაუწიოს კომერციული ბანკის ან/და სხვა მიკრობანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას; ვ) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით მიკრობანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. 9. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკრობანკის აქტივები საჯარო  აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს მიკრობანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა ფინანსური აქტივების მოთხოვნის უფლება − სხვა მიკრობანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებების გადაცემას. 10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა მიკრობანკის ან/და კომერციული ბანკისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას არ უარესდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები, კერძოდ, გადარიცხვისა და გატანის საკომისიოები. 11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ სხვა მიკრობანკს ან/და კომერციულ ბანკს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები მიკრობანკი ან/და კომერციულ ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები  მიკრობანკი ან/და კომერციულ ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს. 12. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის დაწყებიდან ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანის მიზნით, მათ შორის, მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიანი ვადის განმავლობაში, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების გადატანა განახორციელოს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომ. მუხლი 5🔗. ლიკვიდატორის ვალდებულებები 1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. 2. ლიკვიდატორმა მიკრობანკის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიკრობანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ მიკრობანკის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. ხოლო, ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს მიკრობანკის საქმეები მიკრობანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. 4. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ  მიკრობანკის საქმეების გადმობარებას,  ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს მიკრობანკის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია და ამავდროულად მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. 5. ლიკვიდატორი ვალდებულია სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო) ლიკვიდაციის დაწყებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაზღვეულ დეპოზიტართა და მათი დეპოზიტების შესახებ ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის წინასწარ შეთანხმებული ფორმით. 6. ლიკვიდატორი ვალდებულია მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში: ა) დაუგზავნოს შეტყობინებები საკორესპონდენტო მიკრობანკებს ან/და კომერციულ ბანკებს, საბარათე ინსტრუმენტების და ფულადი გზავნილებების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება; ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები საბარათე ინსტრუმენტების შესაბამის საგადახდო სქემების ორგანიზაციებს და მოითხოვოს მიკრობანკის მიერ ემიტირებული საბარათე ინსტრუმენტების გაუქმება; გ) უზრუნველყოს მიკრობანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა; დ) გააკეთოს განაცხადებები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება; ე) დაუგზავნოს შეტყობინებები მიკრობანკის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს მიკრობანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. 7. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო  კომისიასთან ერთად, უნდა გაანადგუროს  მიკრობანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი და შესაბამისი განადგურების აქტი წარმოადგინოს ეროვნულ ბანკში. ლიკვიდატორმა ამავდროულად  უნდა უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება. 8. ლიკვიდატორმა მოკორესპონდენტო  მიკრობანკსა ან/და კომერციულ ბანკებში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშები. 9. ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს კომერციულ ბანკებსა ან/და სხვა მიკრობანკებში ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ეროვნულ ბანკში არსებულ სალიკვიდაციო ანგარიშებზე და ასეთი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა. 10. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში უნდა გაუგზავნოს შეტყობინებები: ა) მიკრობანკის მსესხებლებსა და დებიტორებს და მოსთხოვოს მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა; ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ მიკრობანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც მიკრობანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება. შეტყობინება აგრეთვე ეგზავნება იმ დეპოზიტარებს, რომელთა მოთხოვნები სრულად არ იქნა დაფარული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა, მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად, შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება. ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, შეტყობინება ეცნობებათ სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით. 11. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:  ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით; ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა  რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება  რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს მიკრობანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება; ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში, ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს მიკრობანკის აქტივ-პასივების  დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი); ვ) უზრუნველყოს მიკრობანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება; ზ) მიკრობანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დროულად დასაფარავად; თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება  სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;          ი) მიკრობანკში ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საქმეები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით; კ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკრობანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მიკრობანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის; ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი; ნ) მიკრობანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; ო) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით; პ) თუ მიკრობანკის სეიფებში შენახული ფასეულობები ლიკვიდატორის შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ იქნა გამოთხოვილი, გახნას სეიფები და აღწეროს მასში შენახული ქონება, რაც უნდა დადასტურდეს სალიკვიდაციო კომისიის მიერ. ლიკვიდატორი ასეთ სეიფებში შენახული ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XL თავით დადგენილი წესით;  ჟ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია; რ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრობანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას; ს) მოეპყროს მიკრობანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები. 12. მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიან ვადაში მიკრობანკის მეანაბრის ან სხვა კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ან სხვა კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც ეკუთვნის ამ მეანაბრეს ან ამ კრედიტორს და რომელიც არ ექცევა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ  ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ნუსხაში, ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციაში მყოფ მიკრობანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში. სხვა ვალუტაში არსებული ფულადი სახსრების შემთხვევაში მოხდება მათი კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით და შემდგომ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კლიენტი. 14. ლიკვიდაციის პროცესში მიკრობანკის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკრობანკის საქმეები. მუხლი 6🔗. მოუკითხავი თანხების დაბრუნება 1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიკრობანკის მეანაბრე ან სხვა კრედიტორი კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციაში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ მიკრობანკის დასახელება, რომლის მიმართაც მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას მიკრობანკის  მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე: ა)  ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე,  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;   ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული  ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები. 3.  განცხადებისათვის დართული საბანკო  რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს და მეანაბრე ან სხვა კრედიტორის საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის „მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს. 4. ეროვნული ბანკი მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 5. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის  განცხადება  აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში.     6. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში  წარდგენილ  მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით. მუხლი 7🔗. ანგარიშების კომერციულ ბანკში ან/და სხვა მიკრობანკში ან ეროვნულ ბანკში გადატანა  1. ლიკვიდატორი ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების გადატანის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ან/და მიკრობანკს. ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს მიმღებმა კომერციულ ან/და მიკრობანკმა ანგარიშების მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე აღინიშნება, რომ მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობით არის თანახმა ანგარიშების მიღებაზე. 2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ანგარიშები გადაიტანოს მხოლოდ იმ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში, რომელიც განაცხადებს თანხმობას და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს. 3. ანგარიშების გადატანაზე რამდენიმე მიმღები კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს, რომელიც თანახმაა ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.   4. თუ ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი კომერციული ბანკი ან მიკრობანკი არ არის თანახმა, ლიკვიდატორი უფლებამოსილია ანგარიშები გადაიტანოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში იმ მოცულობით, რომელზეც მათ განაცხადეს თანხმობა. ამასთან, მიმღები კომერციული ბანკის ან მიკრობანკების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს, რომელიც თანხმობას განაცხადებს ანგარიშების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი ანგარიშების გადაცემა ხდება მოთხოვნილი ანგარიშების წილის მოცულობით რიგით მეორე კომერციული ბანკისათვის ან მიკრობანკისათვის. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ ანგარიშების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მას, ვინც პირველი წარადგენს თანხმობას. 6. ამ მუხლის შესაბამისად გადასატან ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები  კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის აქტივების 10%-ს. 7. მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია მასთან ანგარიშის გადატანის თაობაზე აცნობოს იმ პირებს, რომელთა მოთხოვნითაც ანგარიშზე გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები. 8. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი არ განაცხადებს თანხმობას ანგარიშების მიღების თაობაზე, ან კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, ან მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი თანახმაა ანგარიშების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, ანგარიშები/ანგარიშების დარჩენილი ნაწილი შესაძლებელია გადავიდეს ეროვნულ ბანკში. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს გადასცემს ამ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. მოთხოვნების დაკმაყოფილება 1. მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. მიკრობანკის ლიკვიდაციის დროს სხვა მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხები; გ) ლიკვიდაციის პერიოდში მიღებული სესხები; დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხები; ვ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული თანხები; ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; თ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ი“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ი) სასესხო ვალდებულება მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „კ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; კ) სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ლ) ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ნ) პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ო) სხვა ვალდებულებები მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ. 2. პირობითი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რაც მიკრობანკის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი. 4. თუ არსებული თანხა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 5. მიკრობანკის კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად, ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება. 7. მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად,  დეპოზიტარები იღებენ დაზღვეულ დეპოზიტებს (მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსაგან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში). დეპოზიტარის მოთხოვნა შემცირდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შემდეგ კმაყოფილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობა და შესაბამისი ხარჯები დაიფარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი რიგითობით. 8. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების თანხის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაცემი ანაზღაურების ოდენობით შემცირებისას, პირველ რიგში უნდა შემცირდეს ლარში, ხოლო შემდეგ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები. თუ დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები ერთზე მეტ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ამ პუნქტით გათვალისწინებული შემცირება უნდა განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში არსებული ანგარიშებიდან ამ ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობის შესაბამისი პროპორციით. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 10. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ  პირთა სიაში. 11. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას. მუხლი 9🔗. ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის აქტივების  საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა 1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია,  მიკრობანკის აქტივები  საჯარო (ელექტრონული აუქციონზე (შემდგომში – აუქციონი) გაყიდოს ელექტრონული აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში მიკრობანკის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების  აუქციონი წარიმართება  აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და  შემდეგი პირობების დაცვით: ა)   აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო აქტივის მოკლე აღწერას. ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ,  ლიკვიდატორი უთანხმებს  ეროვნულ ბანკს, რომელსაც განცხადების პროექტს წარუდგენს   აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე; გ)  აუქციონზე შეძენილი აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ  უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება; დ)  აუქციონზე გამარჯვებულს აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე  ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ე)  აუქციონზე გაყიდული აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე; ვ) თუ პირველი  აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო აუქციონს პირველი  აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით საჯარო  აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ   აუქციონზე ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში; ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით  აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ  აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი  შესაძლებელია განისაზღვროს პირველი  აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში. 2.  აუქციონზე გასაყიდი აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. ლიკვიდატორის მიერ ფინანსურ აქტივებზე მიკრობანკის მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით  აუქციონი ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, მიკრობანკის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით   აუქციონი  დამატებით ჩაატაროს. 5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები, რომელთა რეალიზაციაც  არ განხორციელდა არცერთი  აუქციონის დროს და  დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით გააუქმოს საბალანსო უწყისიდან. მუხლი 10🔗. მიკრობანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება 1. მიკრობანკი გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს. 2. მიკრობანკის გაკოტრების ფაქტი დგინდება მხოლოდ მისი ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას. 3. მიკრობანკი გადახდისუუნაროა, როდესაც მისი აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკრობანკის გადახდისუუნარობის დადგენისათვის მიკრობანკის მთლიანი აქტივების ღირებულება გაიანგარიშება სალიკვიდაციო ბალანსზე რიცხული თითოეული აქტივის წმინდა ღირებულების ჯამით. 4. მიკრობანკი კოტრდება, როდესაც მას სალიკვიდაციო ბალანსით ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ამ მოთხოვნების დასაფარავად. 5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკი გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოაცხადოს.  მიკრობანკის გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. აღნიშნული განკარგულება ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთან, მიკრობანკი გაკოტრებულად შეიძლება გამოცხადდეს ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ განკარგულებით. მუხლი 11🔗. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მიკრობანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ: ა) სრულადაა დაფარული მიკრობანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა; ბ) მიკრობანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად; გ) უნდა განხორციელდეს გარდაქმნა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად. 3. მიკრობანკს აქტივები აღარა აქვს, თუ: ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი; ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება. 4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს მიკრობანკის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ მიკრობანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიკრობანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) მიკრობანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს; დ) ინფორმაციას მიკრობანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ; ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ. 5. მიკრობანკის ლიკვიდატორი მისი  ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ მიკრობანკის სალიკვიდაციო აქტს, მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით  წარუდგენს ეროვნულ ბანკს. 6. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს  ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი  ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. 7. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, მეორე კი გადაეცემა ლიკვიდატორს. 8. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. 9. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკრობანკის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურით გარდაქმნისას, რა შემთხვევაშიც მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით. 10. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, მიკრობანკს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები,  ლიკვიდატორი ამ აქტივებს  მიკრობანკის აქციონერებს გადასცემს მათთან  შეთანხმებით და  სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით. 11. გამონაკლის შემთხვევებში, ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა მიკრობანკმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არამიკროსაბანკო საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით. 12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა მიკრობანკმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, მიკრობანკის აქციონერთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკრობანკის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მიკრობანკის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიკრობანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ მიკრობანკის აქციონერთა გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. 13. მიკრობანკის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება მიკრობანკის დარჩენილ კრედიტორებზე  განხორციელდება „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 12🔗. ეროვნული ბანკის უფლებები 1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს: ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკრობანკი; ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი; დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ; ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს. 2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ  ორგანოებს. მუხლი 13🔗. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა 1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია: ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის; ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში მიკრობანკის აქტივების მითვისების ან გაფლანგვის და მიკრობანკის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის; გ) კომერციული ბანკებისგან და სხვა მიკრობანკებისაგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის; დ) ლიკვიდაციაში მყოფი მიკრობანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის; ე) მიკრობანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის; ვ) მიკრობანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით,  სასამართლოში   სარჩელის  შეუტანლობისათვის. ზ) ფინანსური დარღვევებისათვის; თ) მიკრობანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის. 2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. მუხლი 14🔗. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები 1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. მიკრობანკის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის მიკრობანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. 3. პირს ეკრძალება იყოს მიკრობანკის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო  შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია. 5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. 6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ლიკვიდატორად რამდენიმე მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში. 7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა.