მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №122/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016702
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2023
matsne.gov.ge 1,592 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი 93% 22.02.2023 დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 29.12.2020 მიკრობანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 05.04.2018 მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 21.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №122/04 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე-38-ე მუხლების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – ეროვნული ბანკი) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ფარგლებში, მიკრობანკის დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედებისა და გაუქმების წესსა და პროცედურას, უფლებამოსილებებსა და ანგარიშვალდებულებას. 2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ეფექტიან გამოყენებას, მიკრობანკებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოს მიკრობანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვა. 3. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. მუხლი 2🔗. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება 1. თუ „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო, ან თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, მიკრობანკისა და ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მიკრობანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს ერთი ან რამდენიმე დროებითი ადმინისტრატორი. 2. დროებითი ადმინისტრატორი შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი. 3. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, სახეზე არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი. 4. დროებითი ადმინისტრატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს მის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს მიკრობანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.  6. დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, სულ მცირე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები: ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები; ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი (სახელები) და გვარი (გვარები); გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა; დ) იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რომელთა დროებითი ადმინისტრატორის მიერ განხორციელება საჭიროებს ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;   ე) გაფრთხილება მიკრობანკის კლიენტთა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ; ვ) ზომები, რომლებიც გამოიყენება ადმინისტრატორების მიმართ.   7. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თუ აღმოფხვრილი არ არის ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. მხარეს, რომლის მიმართაც გამოიყენება დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 3🔗. დროებითი ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 1. დროებითი ადმინისტრატორი უნდა იყოს მიკრობანკისგან დამოუკიდებელი პირი და უნდა აკმაყოფილებდეს  ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი  დამოკიდებულება.  პირი მიიჩნევა აღნიშნულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ: ა.ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ა.ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები; ა.გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას; ა.დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ; ბ) ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის, ბუღალტერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად; გ) ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი; დ) არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფინანსური სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის; ვ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი მიკრობანკის ინტერესების მიმართ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შეფასება გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგი გარემოებებისა და სხვა ცალკეული გარემოებებით გამოწვეული შედეგების შეჯერებასა და ანალიზს: ვ.ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც გულისხმობს მიკრობანკის დროებითი ადმინისტრატორის მიერ მიკრობანკის აქციების პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას მიკრობანკში/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებში, ასევე, მიკრობანკის მიერ სესხის გაცემას დროებით ადმინისტრატორზე ან/და კომპანიაზე, რომელსაც ფლობს იგი; ვ.ბ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან; ვ.გ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა მიკრობანკის ან/და მიკრობანკის ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან; ვ.დ) ისეთი კომპანიის ფლობა ან მმართველი ორგანოს  წევრობა, რომელთანაც მიკრობანკს/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოს აქვს კონკურენტული ინტერესი; ვ.ე) მიკრობანკთან/მიკრობანკის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან, მის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული საქმიანი ურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა ბოლო 2 წლის განმავლობაში; ვ.ვ) პოლიტიკური გავლენა და აქტივობა, რაც გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ასევე, პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან/და მხარდაჭერას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების სახით; ზ) სასამართლოს მიერ არ უნდა იყოს ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად; თ) არ უნდა იყოს სხვა მიკრობანკის ან/და კომერციული ბანკის ადმინისტრატორი ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არ უნდა ახორციელებდეს რაიმე სახის საქმიანობას სხვა მიკრობანკსა და კომერციულ ბანკში. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება მიკრობანკის ადმინისტრატორებზე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები და შეზღუდვები. მუხლი 4🔗. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა 1. დროებითი ადმინისტრატორი მოქმედებს კანონმდებლობის, ამ მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მითითებების ფარგლებში. 2. დროებით ადმინისტრატორზე გადადის მიკრობანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება. 3. დროებითმა ადმინისტრატორმა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს მიკრობანკის ინტერესების დასაცავად და თავისი საქმიანობა წარმართოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.  4. დროებითი ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობებია: ა) განსაზღვროს მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობა, რა მიზნითაც უნდა შეამოწმოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მასალა; ბ) მიიღოს მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების დახურვის, მიკრობანკის თანამშრომელთა გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით; გ) განახორციელოს მიკრობანკის სხვა მიკრობანკთან ან კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა ფინანსურ ინსტიტუტზე გასხვისება; დ) მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერ მომენტში განახორციელოს მიკრობანკში არსებული ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების ფულადი სახსრების მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიკრობანკი მიიღებს მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ზომებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს; ე) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც მიკრობანკის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა; ვ) დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის ის მიკრობანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს; ზ) დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ. 5. დროებითი  ადმინისტრატორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. 6. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია მიკრობანკის სახელითა და ხარჯით ნებისმიერი ქმედების განხორციელება დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული დროებითი ადმინისტრატორის მოქმედება ან უმოქმედობა განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. 8. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ასევე, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ნებისმიერ სხვა ეტაპზე. 9. ეროვნული ბანკის თანხმობა არ მოითხოვება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 10. დროებითი ადმინისტრატორის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი ყველა ხარჯი, მათ შორის, დროებითი ადმინისტრატორის სახელფასო სარგო ანაზღაურდება მიკრობანკის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დროებით ადმინისტრატორად ინიშნება ეროვნული ბანკის თანამშრომელი. მუხლი 5🔗. დროებითი ადმინისტრატორის ანგარიშვალდებულება 1. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე და მის საქმიანობას ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. 2. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და დადგენილ ვადაში, თავისი საქმიანობის დასრულებისას ან/და მოთხოვნის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს  წარუდგინოს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში. 3. დროებითი ადმინისტრატორის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული მიკრობანკის მმართველობითი საქმიანობის შესახებ. მუხლი 6🔗. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება და ადმინისტრატორის გათავისუფლება 1. დროებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრატორის დასკვნით, მიზანი − მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება − ვერ მიიღწევა. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს დროებითი ადმინისტრატორი ან დროებით ადმინისტრატორად დანიშნოს სხვა პირი ამ წესით განსაზღვრული პროცედურებით. 3. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებისა და ადმინისტრატორის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.