მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №115/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№115/04
2023 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მიკრობანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მიკრობანკების მიერ ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობის შექმნის წესსა და პირობებს.
2. მიკრობანკს შეუძლია შექმნას ფილიალი, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი და წარმომადგენლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მიკრობანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და უფლებამოსილია „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობიდან განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის განსაზღვრული საქმიანობა მიკრობანკის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) ფარგლებს გარეთ;
ბ) წარმომადგენლობა – მიკრობანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არ არის უფლებამოსილი განახორციელოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობა; იგი მიკრობანკის სახელით აწარმოებს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, პოტენციური კლიენტების მოძიებას, მარკეტინგულ კვლევასა და სხვა მსგავსი სახის საქმიანობას;
გ) უცხოეთის შესაბამისი ზედამხედველი ორგანო – დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მიკრობანკის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი ფილიალის, წარმომადგენლობის ან/და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების საქმიანობის ადგილსამყოფლის შესაბამისი ქვეყნის იურისდიქციაში ლიცენზირებას ან/და ზედამხედველობას.
მუხლი 3🔗.
ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნისათვის აუცილებელი პირობები
1. მიკრობანკს უფლება აქვს შექმნას ფილიალი ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილიალს ან სხვა ანალოგიურ ქვედანაყოფს აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო მიკრობანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შესაქმნელად მიკრობანკმა თანხმობის მიღების მიზნით უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიკრობანკში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუკრძალოს მას საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა.
მუხლი 4🔗.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა
1. მიკრობანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნაზე;
ბ) ფილიალის ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შექმნის ეკონომიკური მიზანშეწონილობა, აგრეთვე სათავო მიკრობანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები;
გ) განცხადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი, რომელიც უნდა წარედგინოს ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით უცხოეთის შესაბამის ზედამხედველ ორგანოს ფილიალის შექმნასთან დაკავშირებით;
დ) იმ კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრული პაკეტი, რომლის საფუძველზეც ფილიალის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხორციელდება მისი ლიცენზირება, საქმიანობის რეგულირება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა;
ე) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ფილიალს, ფუნქციონირების დაწყებისთანავე, შემუშავებული ექნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ე.ა) შიდა კონტროლისა და ხელმძღვანელობის დონეზე პირთა დანიშვნის, ასევე სხვა თანამშრომელთა სამსახურში მიღების პროცედურებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში მიკრობანკის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას;
ე.ბ) თანამშრომლების მიმდინარე სწავლების პროგრამას;
ე.გ) შიდა აუდიტის ფუნქციას სისტემის შესამოწმებლად;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ფილიალის ადგილსამყოფელ უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ ფილიალის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულებას ან იმ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები:
ვ.ა) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ მიკრობანკი უზრუნველყოფს მისი ფილიალის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების გატარებას მიკრობანკებისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად, ფილიალის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
ვ.ბ) მიკრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მიკრობანკის ფილიალი ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის საკითხს და არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ მიკრობანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
3. მიკრობანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის შექმნიდან (რეგისტრაციიდან) 30 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფილიალის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული);
ბ) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებულია მიკრობანკის ფილიალი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული);
დ) ინფორმაცია ფილიალის ხელმძღვანელების „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ან ფილიალის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მუხლი 5🔗.
საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმომადგენლობის შექმნა
მიკრობანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში მის შექმნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე;
ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესახებ;
გ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ;
დ) წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო მიკრობანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 6🔗.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიკრობანკის ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა
მიკრობანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 7🔗.
ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკთან
მიკრობანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინოს მიკრობანკის მოქმედი ფილიალების, წარმომადგენლობების და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შესახებ ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.