მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №138/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№138/04
2023 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიკრობანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დანერგვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე და 32-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
მიკრობანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მიკრობანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულებით (შემდგომში – დებულება) დგინდება ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისა და უცხოური მიკრობანკის ფილიალისთვის და შვილობილი მიკრობანკისათვის (შემდგომში – მიკრობანკი).
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხების მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, მიკრობანკმა უნდა იხელმძღვანელოს „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ (The Basel Committee on Banking Supervision) ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ლიკვიდობა – მიკრობანკის უნარი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე დააფინანსოს აქტივების ზრდა და დაფაროს ვალდებულებები მათი დაფარვის ვადის დადგომისას;
ბ) მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე;
გ) თავისუფალი აქტივები – აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და მიკრობანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა;
დ) დისკონტი – აქტივის ნომინალური ღირებულების პროცენტული შემცირება ლიკვიდურ აქტივებში მისი ასახვის დროს, რაც დაკავშირებულია საბაზრო ფასების მერყეობასა და მის მოსალოდნელ გაუფასურებასთან;
ე) მთლიანი წმინდა ფულადი გადინება – მთლიან მოსალოდნელ ფულად გადინებას გამოკლებული მთლიანი მოსალოდნელი ფულადი შემოდინება ამ დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლიდან მომდევნო 30-დღიან პერიოდში, ფინანსური სტრესის გათვალისწინებით;
ვ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტი - ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.
მუხლი 3🔗.
ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი
1. მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი დაითვლება როგორც მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების შეფარდება მთლიან წმინდა ფულად გადინებასთან.
2. მიკრობანკი უნდა ფლობდეს ლიკვიდურ აქტივებს, რომელიც საკმარისი იქნება ფინანსური სტრესის დროს მთლიანი წმინდა ფულადი გადინების გადასაფარად. ამისთვის საჭიროა მიკრობანკმა შეინარჩუნოს ადეკვატური ლიკვიდობის მარაგი, რომელიც საშუალებას მისცემს მიკრობანკს გაუმკლავდეს მოსალოდნელ სხვაობას ლიკვიდური სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის 30-დღიან სტრესულ პირობებში.
3. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, რადგან მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი განკუთვნილია მოსალოდნელ ფინანსურ სტრესთან გასამკლავებლად. ამასთან, მიკრობანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ცალკე უცხოურ ვალუტაში არ უნდა იყოს 100%-ზე ნაკლები, ხოლო ეროვნულ ვალუტაში 75%-ზე ნაკლები.
4. ფინანსური სტრესის პირობებში მიკრობანკს შეუძლია გამოიყენოს მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები და შესაბამისად, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ჩამოცდეს 100%-ს.
მუხლი 4🔗.
მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი
1. მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგი შედგება პირველი და მეორე დონის აქტივებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ დონეს შეიძლება მიეკუთვნოს ისეთი თავისუფალი ლიკვიდური აქტივები, რომლებსაც მიკრობანკი ფლობს ფინანსური სტრესის პერიოდის პირველ დღეს, მიუხედავად მათი ვადიანობისა.
3. მიკრობანკს უფლება აქვს, ფლობდეს პირველი დონის ლიკვიდური აქტივების შეუზღუდავ მოცულობას და ისინი არ ექვემდებარება ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დისკონტს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დონის ლიკვიდური აქტივები შეიძლება მიეკუთვნებოდეს მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებს, ისინი არ უნდა აღემატებოდეს ჯამურად მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების 40%-ს დისკონტის გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗.
მთლიანი წმინდა გადინება
1. მთლიანი მოსალოდნელი ფულადი გადინება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საბალანსო და ბალანსგარეშე ვალდებულებებს და გამოითვლება არსებული ნაშთების გამრავლებით იმ განაკვეთებზე, რომლებითაც მოსალოდნელია მათი გადინება ფინანსური სტრესის დროს.
2. მთლიანი მოსალოდნელი ფულადი შემოდინება გამოითვლება სხვადასხვა კატეგორიის ხელშეკრულებით მისაღები ნაშთების გამრავლებით იმ განაკვეთებზე, რომლითაც მოსალოდნელია მოხდეს მათი შემოდინება ფინანსური სტრესის დროს.
3. მოსალოდნელი ფულადი შემოდინებების დათვლისას მიკრობანკმა უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოდინებები მხოლოდ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტებიდან, რომელთა რეკლასიფიკაცია არაა მოსალოდნელი მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
4. ლიკვიდობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მიკრობანკის მხრიდან მხოლოდ მოსალოდნელ შემოდინებებზე დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით და მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების საკმარისი მარაგის უზრუნველსაყოფად, შემოდინებები, რომლებიც აკომპენსირებენ გადინებებს, უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი მოსალოდნელი ფულადი გადინების 75%-ს. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, მიკრობანკის მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები უნდა შეადგენდეს მთლიანი ფულადი გადინების მინიმუმ 25%-ს.
5. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მიკრობანკმა არ უნდა გააორმაგოს მასში შემავალი ელემენტები. თუ აქტივი მიეკუთვნება მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების მარაგს (მრიცხველს), მაშინ, მასთან დაკავშირებული ფულადი შემოდინებები არ შეიძლება ჩაითვალოს ფულად შემოდინებებში (მნიშვნელის ნაწილში). ისეთ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია, რომ ელემენტი ჩაითვალოს გადინების რამდენიმე კატეგორიაში, ასეთ პროდუქტებზე მიკრობანკმა უნდა ივარაუდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური გადინების თანხა.
მუხლი 6🔗.
ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლა
1. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი გამოითვლება და გამოიყენება ყოველი დღისთვის. ყოველი დღის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა. თუ მიკრობანკი ელოდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.
2. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში.
3. ლიკვიდური აქტივების შემადგენლობას, მათზე დაწესებულ ლიმიტებს, დისკონტის მოცულობებს, ფინანსური სტრესის პირობებში შემოდინებისა და გადინების განაკვეთებსა და ლიმიტებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკრობანკს, რომელიც გამოირჩევა საერთო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების, არარეზიდენტი პირების დეპოზიტების, მიმდინარე ანგარიშების ან/და სხვა ვალდებულებების მაღალი კონცენტრაციით, ინდივიდუალურად განუსაზღვროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტულ ინფორმაციას და ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად შესავსები ანგარიშგებების ფორმებს ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.