მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №133/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016716
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის,
გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№133/04
2023 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
მიკრობანკებში სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის განსაზღვრის მიზანია სავალუტო ოპერაციების შესრულების შედეგად უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში შესაძლო რისკის შემცირება, რადგან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მიკრობანკების მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე.
2. სავალუტო პოზიცია არის უცხოური ვალუტით ფორმირებულ მიკრობანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა.
3. საბალანსო სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას მიკრობანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულება.
4. ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას მიკრობანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი.
5. კრებსითი სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას თითოეული უცხოური ვალუტის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივისა და ამავე უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულებისა და ამავე უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი. კრებსითი სავალუტო პოზიცია უნდა დამოკლდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული უცხოური ვალუტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით.
6. სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს დახურული ან ღია:
ა) სავალუტო პოზიცია არის დახურული, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით მიკრობანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლია;
ბ) სავალუტო პოზიცია არის ღია, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით მიკრობანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლი არ არის.
7. თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით მიკრობანკის ღია სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე:
ა) ღია სავალუტო პოზიცია არის გრძელი, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით მიკრობანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე;
ბ) ღია სავალუტო პოზიცია არის მოკლე, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით მიკრობანკის აქტივები ნაკლებია მის ვალდებულებებზე.
8. საერთო და წმინდა ღია სავალუტო პოზიცია:
ა) საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის მიკრობანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი;
ბ) წმინდა ღია სავალუტო პოზიცია არის მიკრობანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის სხვაობა.
9. სავალუტო კონტრაქტებში ჩაირთვება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული და სვოპური კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და ოფციონებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები თანხობრივი მოცულობებით.
10. ამ წესის მიზნებისათვის სავალუტო ოპერაციების ამსახველ სავალუტო კონტრაქტებს აქვს შემდეგი განმარტებები:
ა) სპოტი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განმარტებული სპოტი;
ბ) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით განმარტებული ფიუჩერსი;
გ) ფორვარდი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტით განმარტებული ფორვარდი;
დ) სვოპი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განმარტებული სვოპი;
ე) ოფციონი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებული ოფციონი;
ვ) სტრესტესტირება – რისკის შეფასების სისტემა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა რისკის (ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუარესება, საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, დეპოზიტების მყისიერი გადინება და სხვა) ფაქტორების გათვალისწინებით მიკრობანკის ფინანსური მონაცემების სიმულირება;
ზ) ჰეჯირება – წარმოადგენს გარიგებას, რომლის მიზანია თავის დაზღვევა უცხოური ვალუტის კურსის, საპროცენტო განაკვეთების და ფასების მკვეთრი ცვლილებისაგან. არსებული გარიგება ყიდვაზე ან გაყიდვაზე ბალანსდება საპირისპირო გარიგებით გაყიდვაზე ან ყიდვაზე. ამ ოპერაციის მიზანია დააკომპენსიროს არსებული გარიგებიდან მიღებული ზარალი მომავალი გარიგებიდან მიღებული მოგების ხარჯზე.
მუხლი 2🔗.
საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი და მისი გაანგარიშება
1. მიკრობანკის კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით მიკრობანკის საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშგებით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის 20%-ს.
2. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
3. საერთო ღია სავალუტო პოზიციაზე დადგენილი ლიმიტის ყოველდღიურად დაცვის მიზნით მიკრობანკს ევალება ყოველდღიურად გაიანგარიშოს საბალანსო, ბალანსგარეშე და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციები ამ წესის №1 დანართის შესაბამისად და უზრუნველყოს დღის განმავლობაში (საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) ამ წესით დადგენილი ლიმიტის შენარჩუნება.
4. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, მიკრობანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერაციო დღის ბოლომდე, მის აღსადგენად განახორციელოს დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები.
მუხლი 3🔗.
მიკრობანკების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა
მიკრობანკის ხელმძღვანელები მიკრობანკის სავალუტო რისკის რეგულირების მიზნით ვალდებული არიან:
ა) განსაზღვრონ მიკრობანკის სავალუტო საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს კანონით ნებადართულ ოპერაციებს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, საანგარიშგებო ფორმების შედგენას, შიდასააღრიცხვო კონტროლს და სხვა;
ბ) გააკონტროლონ სავალუტო რისკები სავალუტო პოლიტიკის, ლიმიტისა და მონიტორინგის სისტემის საშუალებით;
გ) შეიმუშაონ სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:
გ.ა) სავალუტო საქმიანობის მართვის პროცედურებს და მექანიზმს;
გ.ბ) მიკრობანკის მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ბაზრის ცვლილებებზე ხელმძღვანელობის ოპერატიული რეაგირების სისტემას;
გ.გ) ჰეჯირების სტრატეგიას;
გ.დ) ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას სავალუტო რისკის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე;
გ.ე) დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებას და შესრულებულ გარიგებათა დოკუმენტურ ასახვას;
გ.ვ) სავალუტო საქმიანობის ეკონომიკური გარემოს ანალიზის საფუძველზე სავალუტო ოპერაციებისა და სავალუტო რისკის მართვის სისტემის კორექტირების შესაძლებლობას;
გ.ზ) სავალუტო ოპერაციების წარმოებისას ანგარიშსწორების რისკის მართვის სისტემას;
გ.თ) თითოეული უცხოური ვალუტით ფორმირებული აქტივებისა და ვალდებულებების ვადებში თანხვედრის მართვისა და მონიტორინგის სისტემას;
გ.ი) სავალუტო კონტრაქტების ანალიზს;
გ.კ) თითოეული უცხოური ვალუტით დღიური ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;
გ.ლ) ფილიალებისათვის თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დადგენას;
დ) პერიოდულად განიხილონ შემუშავებული სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი გადასინჯვა;
ე) უზრუნველყონ სავალუტო რისკის მატარებელი შესაბამისი სამსახურების ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომლებიც აცნობიერებენ:
ე.ა) რისკის არსს სავალუტო ბაზარზე ოპერაციებთან მიმართებით;
ე.ბ) ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სავალუტო რისკზე;
ე.გ) სხვა რისკებს, რომლებიც თან სდევს სავალუტო ბაზარზე ოპერაციების განხორციელებას;
ვ) უზრუნველყონ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სავალუტო ოპერაციების წარმოების სათანადო წესებით, რომლებშიც განსაზღვრული იქნება მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე საქმიანობის მიმართულებები და ანგარიშგების სახეობები;
ზ) პერიოდულად, შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით, განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და აწარმოონ მიკრობანკის სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 4🔗.
მიკრობანკების ვალდებულება
მიკრობანკები ვალდებულნი არიან:
ა) იქონიონ სავალუტო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის წესები და ინსტრუქციები, რომლებიც უნდა მოიცავდეს უფლება-მოვალეობების გამიჯვნას სავალუტო ოპერაციების მწარმოებლებსა და საბუღალტრო აპარატს შორის;
ბ) განახორციელონ მიკრობანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური მონიტორინგი მათი დადგენილ ლიმიტთან შესაბამისობის დასადგენად და ნებისმიერი გადაჭარბების გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაჭრის მიზნით წარადგინონ მოხსენება მიკრობანკის ხელმძღვანელობასთან;
გ) იქონიონ სავალუტო რისკის მართვის ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება როგორც გაცვლითი კურსის განაკვეთის ყოველდღიურ ცვლილებაზე მონიტორინგი, ისე, პერიოდულად, მიკრობანკის ფინანსური მონაცემების სტრესტესტირება მიკრობანკის მოგება-ზარალზე, კაპიტალსა და ლიკვიდობაზე სავალუტო კურსის ცვლილების ზეგავლენის დადგენის მიზნით;
დ) აწარმოონ სავალუტო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტებისა და მონაცემების სრულყოფილი აღრიცხვა;
ე) შეინახონ უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომლებიც გამოიყენება სავალუტო ოპერაციებთან მუშაობის დროს;
ვ) ყოველდღიურად აწარმოონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშება თითოეული უცხოური ვალუტის ჭრილში საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგების ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;
ზ) ყოველთვიურად, საზედამხედველო ანგარიშგებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება ამ წესის №2 დანართის შესაბამისად და საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ყოველდღიური ანგარიშგება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების მიმართ გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას).