„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
130070000.63.075.016152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27

2023 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობის წესს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

2. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგანგებო სიტუაცია – სამმართველოში არსებული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამმართველოში მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას.

4. სამმართველოში, როდესაც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაკავებულის პირველადი შემოწმების შედეგად შევსებული სამედიცინო ბარათი ინახება დაკავებულის პირად საქმეში.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამმართველოში საგანგებო სიტუაციის არსებობისას.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოთავსებული პირის სამმართველოდან დროებით გაყვანა ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

3. სამმართველოში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს (დამკავებელს).“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი  

1. სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია სამმართველოს მოსამსახურეების, იზოლატორში მოთავსებული ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მოთავსებულ ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე სამმართველოს მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

2. სამმართველოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების და საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის ღონისძიებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია სამმართველოს სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს სამმართველოს მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. სამმართველოს ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში სამმართველოს უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

3. დეესკალაციის ოთახში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მოთავსებული პირი. გაფრთხილების ოქმში აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დაწყების დრო. გაფრთხილების ოქმს ხელს აწერს იზოლატორის ცვლის უფროსი და მოთავსებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. თუ მოთავსებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. დაუშვებელია სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება მოთავსებული პირის დასჯის მიზნით.“.

6. 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმართველოს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, სამსახურის, სამმართველოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.“.

 

7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველო ვალდებულია, შემოსული საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ადრესატს. თუ საჩივარი შემოსულია არასამუშაო დღეს, სამმართველო ვალდებულია, საჩივარი გადაუგზავნოს ადრესატს მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი