გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6536-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის 330210319002917141 2/6536-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – გოჩა დიდავა

მოვალე – შპს ,,ეგანატ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 430798336);

დირექტორი –  ალექსანდრე მაისურაძე;

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ;

მოთხოვნა – შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება;

 სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 28 მარტს განცხადებით მომართა სავარაუდო კრედიტორების საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა და ბერნჰარდ კოლკების და მარტინა კიმენსვენგერის წარმომადგენელმა გოჩა ოყრეშიძემ და მოითხოვა შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით განმცხადებლებს დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ, დაეზუსტებინათ შპს „ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვდნენ თუ გაკოტრების წარმოების. ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 5 (სამუშაო) დღე.

2019 წლის 04 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მომართა საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმენსვენგერის წარმომადგენელმა გოჩა ოყრეშიძემ და მოითხოვა შპს „ეგანატი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს საქმის წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საწარმო გადავიდა გაკოტრების რეჟიმზე და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო).

 წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ შპს „ეგანატი“ (ს/კ 430798336) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ სამეწარმეო სუბიექტს, რომლის დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ალექსანრე მაისურაძე (პ/ნ 01008004210). იგი ასევე წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორს, მისი წილი ორგანიზაციაში შეადგენს 51%-ს. კომპანიას ასევე ჰყავს სხვა პარტნიორი, ტომას მაგ. კიმესვენგერი (პ/ნ P4876591 ავსტრია), რომლის წილი ორგანიზაციაში შეადგენს 49%-ს.

 მეურვემ – სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 11 აპრილს და 30 აპრილს წერილობით მიმართა შპს „ეგანატის“ (ს/კ 430798336) დირექტორს და განუმარტა, წარმოედგინა დოკუმენტაცია მოვალე საწარმოს ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, მისი კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ. ასევე ინფორმაცია მიმდინარე გარიგებებზე, სადაც მხარეს წარმოადგენდა შპს „ეგანატი“.

სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა შპს „ეგანატის“ დირექტორმა, სადაც აღნიშნავს, რომ 2014-2015 წლებში აღებულ არაუზრუნველყოფილ სესხს ვერ ცნობს კომპანია გადასახდელ ვალდებულებად, რადგან გასულია ხანდაზმულობის ვადები. 2019 წლის 20-27 მაისს მოვალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიის სახელზე უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული, ხოლო სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე კომპანიას განთავსებული აქვს 15.22 GEL და 32.00 EUR. კომპანიის დირექტორმა წარმოადგინა ასევე საწარმოს ნულოვანი დეკლარაციები 2016 წლიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნამდე პერიოდში. აღნიშნულ დეკლარაციებში ჩანს, რომ 2016 წლიდან კომპანია არ ფუნქციონირებს, შესაბამისად შესყიდვებს და გაყიდვებს აღარ აწარმოებს, ამასთან რაიმე ქონება არ გაუსხვისებია.

2019 წლის 22 ოქტომბერს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით მიმართა შპს „ეგანატის“ დირექტორმა და აღნიშნა, რომ კომპანიას გააჩნია მოძრავი ქონება (მანქანა-დანადგარები) და სალარო აპარატი. ამასთან, დააზუსტა, რომ მანქანა-დანადგარები არის დაშლილ მდგომარეობაში დასაწყობებული, მისი საბალანსო ღირებულება კი rs.ge-ს მონაცემებით, 34 000 ლარის ფარგლებშია. ქონება განთავსებულია სოფელ პანტიანში. კომპანიის დირექტორმა ასევე წარმოადგინა შპს „აუდიტ ექსპრესის“ წერილი, სადაც უარი ეთქვა საწარმოს ფინანსური და სამეურნეო შემოწმების ჩატარებაზე ხანდაზმულობის გამო.

 შპს „ეგანატის“ სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, მეურვემ - სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ეგანატი“ (ს/ნ 430798336) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ასევე უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ეგანატის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოვალე ორგანიზაციას ანგარიშები გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“, სადაც ლარის ანგარიშზე ერიცხებოდა თანხა 15.22 ლარი და ევროს ანგარიშზე განთავსებული ჰქონდა 32.00 EUR. აღნიშნული თანხა გადმორიცხულია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და ჯამში შეადგენს 102.10 ლარს.

მოვალის ინფორმაციით, კომპანიას დებიტორული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია. საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „ეგანატის“ სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ეგანატის“ საკუთრებაში ავტომანქანა არ ირიცხება.

კომპანიას გააჩნია 02 დასახელების მოძრავი ქონება, თხილის საბზარი დანადგარი (კუსტარულად დამზადებული) და სალარო აპარატი, რომელიც აღწერილი და შეფასებულია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ.

ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2022 წლის 25 ივლისს N01/55-1143 შეფასების დასკვნების თანახმად, შპს „ეგანატის“ კუთვნილი მოძრავი ქონების სალარო აპარატის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 250 ლარი. ხოლო რაც შეეხება თხილის საბზარ დანადგარს, 2019 წლის 06 სექტემბერს გაკოტრების მმართველმა N79783 წერილით მიმართა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, თუმცა ვერ განხორციელდა მოძრავი ქონების შეფასება, რადგან მოძრავ ქონებას წარმოადგენდა თხილის საბზარი აპარატი, რომელიც კუსტარულად იყო დამზადებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 13 ნოემბერს სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა მოეხდინა აღნიშნული მოძრავი ქონების შეფასება. 2019 წლის 27 დეკემბრის N5008206019 წერილის თანახმად, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოძრავი ქონება არის კუსტარულად დამზადებული, შესაბამისად, მსგავსი დანადგარის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ გახდა შესაძლებელი.

სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გაკოტრების მმართველმა, მიმართა ბიუროს შეფასების სამსახურს და მოითხოვა თხილის საბზარი დანადგარის ჯართის ფასად შეფასება. 2022 წლის 29 აგვისტოს (N63380) დასკვნით, მანქანა-დანადგარის ფასი განისაზღვრა - 240 ლარით. გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოძიებული მოძრავი ქონება მიჩნეულ იქნა სამეურვეო მასად.

აღნიშნული გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობისას, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, შპს „ეგანატის“ მოძრავ ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარდა ორი აუქციონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარებულ მეორე აუქციონზე მოხდა შპს „ეგანატის“ სამეურვეო ქონების რეალიზაცია ერთ ლოტად N59275, სადაც ქონების შემძენი გახდა კახა კოროშინაძე (პ/ნ 01025016307), რომელმაც აღნიშნული ქონება შეიძინა 127.40 ლარად.

სარეალიზაციო ქონება მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა 19.43 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ეგანატის“ საქმეზე საბანკო დაწესებულებიდან გადმორიცხულმა და აუქციონის შედეგად ამონაგებმა თანხამ ჯამში შეადგინა 210.07 ლარი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში გაუქმების შესახებ.

ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული კანონის 29-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს, ხოლო ამავე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში უნდა აღინიშნოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ხოლო ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის თანახმად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 5000 ლარს, ხოლო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე. ამდენად, სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 10000 ლარი – პირველი რიგი, ამონაგები თანხა 210.07 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით  დაადგინა:

1. დასრულდეს შპს „ეგანატის“ (ს/კ 430798336) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „ეგანატის“ (ს/კ 430798336) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა 210.07 ლარი გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე (პირველი რიგი) როგორც სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ მის მიერ მმართველის და მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).

6. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე გოჩა დიდავა