📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.07.2023
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №58008
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,316 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 93% 01.08.2015 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 93% 28.10.2019 საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 06.04.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 17.01.2019 სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 01.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №58008 2023 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 10​5 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ  დებულება“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობათა იერარქიის ყველა დონეზე სპეციალური წოდებების მინიჭება განხორციელდეს საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის პრინციპების, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის პრინციპების (კანონიერება, ერთგულება, კანონის წინაშე თანასწორობა, ეკონომიურობა და ეფექტიანობა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, მიუკერძოებლობა, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კარიერული განვითარება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა) მიხედვით.  მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანება (სარეგ. №140.080.000.12.222.005.893, 20.06.2003 წ.). მუხლი 4🔗 ბრძანება გაეცნოს სამსახურის პირად შემადგენლობას. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ  დებულება“ (შემდეგში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს.  2. ამ დებულებით დადგენილი წინაპირობებით, სამსახური თითოეული მოსამსახურისთვის ობიექტურად უზრუნველყოფს სპეციალური წოდებების მინიჭების და კარიერული განვითარების თანაბარ  შესაძლებლობებს. მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები ჩამონათვალში იერარქიული ზრდადობის მიხედვით 1. სამსახურში სპეციალური წოდებების კატეგორიებია: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება; 2. უმცროსი სპეციალური წოდებებია: ა) სახელმწიფო დაცვის რიგითი; ბ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი; გ) სახელმწიფო დაცვის  სერჟანტი დ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი; ე) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი. 3. საშუალო სპეციალური წოდებებია: ა) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი; ბ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი; გ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი; დ) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი. 4. უფროსი სპეციალური წოდებებია: ა) სახელმწიფო დაცვის მაიორი; ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი; გ) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი. 5. უმაღლესი სპეციალური წოდებებია: ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი; ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი; გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი. მუხლი 3🔗. სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნები 1. სამსახურში ენიჭებათ მხოლოდ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლით გათვალისწინებელი „სახელმწიფო დაცვის“ სპეციალური წოდებები. 2. სამსახურში სპეციალური წოდების მისანიჭებლად, ამ დებულებით განსაზღვრული სპეციალური ნორმების (დათქმების) გათვალისწინებით, საჭიროა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) თანამდებობაზე, რომელსაც იკავებს მოსამსახურე ან/და თანამდებრივ კატეგორიაში, რომელიც მინიჭებული აქვს თანამშრომელს,  საშტატო ნუსხა უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ან ზემდგომ წოდებრივ ზღვარს; ბ) პირი თავისი ასაკით უნდა აკმაყოფილებდეს (არ უნდა სცდებოდეს) სპეციალური წოდებით სამსახურის გავლის კანონმდებლობით დადგენილ/დასაშვებ ასაკობრივ ზღვარს;  გ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული (არ უნდა მოქმედებდეს) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა/შემოწმება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, რომელ შემთხვევებშიც სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის/შემოწმების დასრულებამდე; დ) გასული უნდა იყოს მინიჭებული სპეციალური წოდებით სამსახურის დადგენილი ვადა; ე) მოსამსახურე უნდა ფლობდეს განათლების შესაბამის დონეს და მის დამადასტურებელ დოკუმენტს (ცნობა, სერტიფიკატი, დიპლომი ან სხვა); ვ) მოსამსახურე უნდა ფლობდეს შესაბამის პროფესიულ კვალიფიკაციას, სპეციალური მომზადების დონეს და  ჰქონდეს სათანადო  პროფესიული დამსახურება. 3. სამსახურის თანამშრომლებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სპეციალური წოდების ნებისმიერი საფუძვლით მინიჭებისას. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით დამატებითი სპეციალური ნორმები და წინაპირობები განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისი მუხლებით/პუნქტებით. 4. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურში ხორციელდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ენიჭება პირველადი საშუალო სპეციალური წოდება („სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“) ამ დებულებით დადგენილი წესით. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ აღნიშნული გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესაბამის ეტაპებზე, რომელიც  გათვალისწინებულია ამ დებულების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვუპუნქტებით. მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურში მიღებისას 1. პირებს, რომლებსაც სამსახურში ჩარიცხვამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში მიღებისას დასაშვები ზღვრული ასაკის ფარგლებში მიენიჭებათ შესაბამისი რანგის „სახელმწიფო დაცვის” სპეციალური წოდება, ამასთან სამსახურში მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისას სხვა წინაპირობებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურში მიღებამდე შესაბამის უწყებაში წოდებით ნამსახურობის პერიოდი. ეს წესი გამოიყენება ასევე სამსახურში სამოქალაქო პირად მყოფი თანამშრომლის შესაბამისად საკოტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობების დაცვით. 2. სამხედრო წოდების მქონე პირებს სამსახურში ჩარიცხვისას დასაშვები ზღვრული ასაკისა და ამ დებულებით დადგენილი სხვა აუცილებელი წინაპირობების ფარგლებში მიენიჭებათ:  ა) რიგითს, I კლასის რიგითს, კაპრალს, კაპრალ-სპეციალისტს, საზღვაო რიგითს, I კლასის საზღვაო რიგითს, საზღვაო კაპრალს, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტს – „სახელმწიფო დაცვის რიგითის” სპეციალური წოდება; ბ) უმცროს სერჟანტს, უმცროს მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება; გ) სერჟანტს, მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის სერჟანტის” სპეციალური წოდება; დ) უფროს სერჟანტს, მასტერ სერჟანტს, უფროს მიჩმანს, მასტერ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება; ე) მთავარ სერჟანტს, მთავარ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის ზემდეგის” სპეციალური წოდება; ვ) ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტის” სპეციალური წოდება; ზ) უფროს ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტის” სპეციალური წოდება; თ) კაპიტანს, კაპიტან-ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის კაპიტნის” სპეციალური წოდება; ი) მაიორს, III რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის მაიორის” სპეციალური წოდება; კ) ვიცე-პოლკოვნიკს, II რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება; ლ) პოლკოვნიკს, I რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება; მ) ბრიგადის გენერალს, გენერალ-მაიორს, კონტრადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის” სპეციალური წოდება; ნ) გენერალ-ლეიტენანტს, ვიცე-ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტის” სპეციალური წოდება; ო) არმიის გენერალს, ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება. 3. სამსახურში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის  მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სამსახურში მიღებამდე შესაბამის უწყებაში წოდებით ნამსახურობის პერიოდი. 4. თუ პირი ერთდროულად ფლობს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, სამსახურში ჩარიცხვისას მიენიჭება მათ შორის მაღალი წოდების შესატყვისი სპეციალური წოდება, მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობების დაცვით. 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას პირს შესაბამისად მიენიჭება სამხედრო წოდება – „რიგითი“ ან სახელმწიფო სპეციალური წოდება – „სახელმწიფო დაცვის რიგითი“.  6. პირს,  რომელიც არ არის სამხედრო ვალდებულების მქონე და არ ფლობს სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, სამსახურში ჩარიცხვისას ზღვრული ასაკის ფარგლებში მიენიჭება სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის რიგითი”. 7. სამსახურში ხელახლა მიღების შემთხვევაში პირზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2-მე-4 პუნქტების მოთხოვნები. უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, პირი აღდგება შესაბამისი სპეციალური წოდებით, გაცდენილი პერიოდის ჩათვლით დასაშვები ზღვრული ასაკის ფარგლებში. ამასთან, თუ პირი სამსახურში აღდგენისას მიღწეულია ზღვრულ ასაკს და აღდგენა ხორციელდება სამოქალაქო პირად, ზღვრული ასაკის შესრულების დღემდე გაცდენილი პერიოდი მას ჩაეთვლება სპეციალური წოდებით ნამსახურობაში. გარდა ამისა, პირს უნდა მიენიჭოს ასევე მორიგი სპეციალური წოდება (კადრის მოსამსახურეთა შემთხვევაში) განაცდური პერიოდის იმ დღიდან, როდესაც უწევდა მორიგი წოდების მიღება თუ ამავდროულად სამსახურიდან დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობა ითვალისწინებდა შესაბამის წოდებრივ ზღვარს და ამ პერიოდში მას არ შეუსრულდებოდა ზღვრული ასაკი.  მუხლი 5🔗. სპეციალური წოდებების მინიჭება საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში  1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება მიენიჭოს: ა) მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულს, აგრეთვე გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულს კონტრაქტის პირველი წლის განმავლობაში – მორიგი უმცროსი სპეციალური წოდებები არაუმეტეს „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტისა” ; ბ) გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულს, საკონტრაქტო ვადის მეორე წლის განმავლობაში – მორიგი უმცროსი სპეციალური წოდებები არაუმეტეს „სახელმწიფო დაცვის ზემდეგისა“; გ) გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულს, საკონტრაქტო ვადის მესამე- წლის განმავლობაში – არაუმეტეს პირველადი საშუალო სპეციალური წოდებისა „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“; დ) გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულს, საკონტრაქტო ვადის მეოთხე წლის განმავლობაში – არაუმეტეს საშუალო სპეციალური წოდებისა „სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი“. 2. საკონტრაქტო სამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ეტაპებზე მორიგი უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ არ მოხდეს წოდების საფეხურგამოტოვებით მინიჭება და არსებობდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელძღვანელის სათანადო წარდგინება მოსამსახურის დამსახურების საფუძველზე; 3. საკონტრაქტო სამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ გვეპუნქტით განსაზღვრულ ეტაპზე პირველადი საშუალო სპეციალური წოდების – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ – მინიჭებისათვის  ერთდროულად უნდა არსებობდეს (ერთდროულად არსებობის მოთხოვნა არ ვრცელდება კონკრეტულ/ცალკულ ქვეპუქტში არსებული ალტერნატიული პირობების მიმართ) შემდეგი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსამსახურე ფლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების რომელიმე დონეს, ანდა არის უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაინც და არ აქვს სტატუსი შეჩერებული; ბ) მოსამსახურეს დადებითი შედეგებით გავლილი აქვს თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსი, სამსახურის კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი, ოპერატიული მომზადების ანდა პროფესიული მომზადების/გადამზადების სხვა ისეთი კურსი, რომელიც ასევე შეიცავს/მოიცავს კადრის ოფიცერთა მომზადების სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსით განსაზღვრულ თემატიკას ან ითვალისწინებს მომზადების ისეთ პროფილს, რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში და ახორციელებს მათ სწავლებას/ რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს ინსტრუქტორად/სპეციალისტად  სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში;  გ) მოსამსახურე დანიშნულია/ინიშნება თანამდებობაზე ანდა მას ენიჭება/მინიჭებული აქვს თანამდებობრივი კატეგორია, რომელზეც საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია შესაბამისი ან ზემდგომი წოდებრივი ზღვარი; დ) არსებობს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელძღვანელის სათანადო წარდგინება მოსამსახურის დამსახურების საფუძველზე; 4. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას პირს მინიჭებული სპეციალური წოდება/წოდებები უნარჩუნდება/არ ჩამოერთმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი შეწყდა სამსახურის თანხმობით საპატიო გარემოებების გამო, როდესაც სამხედრო ვალდებულება ეთვლება მოხდილად. ამასთან, გრძელვადიანი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას შენარჩუნდება მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის პირველი წლის განმავლობაში მინიჭებული სპეციალური წოდებები, გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმით/დაზიანებით (რომელიც არ არის მოსამსახურის ბრალეული ქმედების შედეგი) გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვეტისა, როდესაც მინიჭებული სპეციალური წოდება/წოდებები შენარჩუნდება სრულად. მუხლი 6🔗. სპეციალური წოდებების მინიჭება საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის გავლის პერიოდში 1. საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურისთვის მორიგი უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელი წინაპირობებია, რომ არ მოხდეს წოდების საფეხურგამოტოვებით მინიჭება და არსებობდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელძღვანელის სათანადო წარდგინება მოსამსახურის დამსახურების საფუძველზე. 2. საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ – მინიჭებისათვის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევისა)   ერთდროულად უნდა არსებობდეს (ერთდროულად არსებობის მოთხოვნა არ ვრცელდება კონკრეტულ/ცალკულ ქვეპუქტში არსებული ალტერნატიული პირობების მიმართ) შემდეგი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსამსახურე ფლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების რომელიმე დონეს, ანდა არის უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაინც და არ აქვს სტატუსი შეჩერებული; ბ) მოსამსახურეს დადებითი შედეგებით გავლილი აქვს თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსი, სამსახურის კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი, ოპერატიული მომზადების ანდა პროფესიული მომზადების/გადამზადების სხვა ისეთი კურსი, რომელიც ასევე შეიცავს/მოიცავს კადრის ოფიცერთა მომზადების სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსით განსაზღვრულ თემატიკას ან ითვალისწინებს მომზადების ისეთ პროფილს, რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში და ახორციელებს მათ სწავლებას. გ) მოსამსახურე დანიშნულია/ინიშნება თანამდებობაზე ანდა მას ენიჭება/მინიჭებული აქვს თანამდებობრივი კატეგორია, რომელზეც საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია შესაბამისი ან ზემდგომი წოდებრივი ზღვარი. 3. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“, საკონტრაქტო-პროფესიულ მომსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის მიუხედავად (მაგრამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით) სათანადო დამსახურების (სანიმუშო სამსახურისათვის, რთული ანდა მეტად საპასუხისმგებლო დავალების პროფესიონალური შესრულებისათვის, გამორჩეული ღირსეული საქციელისათვის და სხვა)  საფუძველზე. 4. ამ დებულების მიზნებისთვის ცალკეულ თანამდებობათა („დაცვის თანამშრომელი“ და სხვა)  კატეგორიების განმსაზღვრელია (კატეგორიზაცია) მათთვის დადგენილი წოდებრივი ზღვრები. კერძოდ, ამგვარი კატეგორიები დგინდება სამსახურის საშტატო ნუსხით იმ თანამდებობებზე, რომლებზეც დაბალ/საწყის კატეგორიაში წოდებრივი ზღვრები იწყება უმცროსი სპეციალური წოდებით და ზემდგომ კატეგორიაში გადადის საშუალო სპეციალურ წოდებებში არაუმეტეს სპეციალური წოდებისა – „სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი“, კერძოდ:  ა) მე-4 კატეგორიაში (რომელში ჩარიცხვითაც იწყებს სამსახურს საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურე სამსახურში მიღებისას შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნით) – სახელმწიფო დაცვის ზემდეგი; ბ) მე-3 კატეგორიაში –  სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი; გ) მე-2 კატეგორიაში –  სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი; დ) პირველ კატეგორიაში –  სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში მყოფი პირი, დებულების სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზემდგომ კატეგორიაში  თანმიმდევრობის დაცვით გადაიყვანება (კატეგორია ენიჭება) მინიმუმ თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსის დადებითი შედეგით გავლის საფუძველზე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში მყოფი პირები – ატესტაციის დადებითი შედეგების საფუძველზე, რომელიც  სავალდებულოა მე-3 კატეგორიაში გადაყვანიდან და პირველადი საშუალო სპეციალური წოდების („სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“) მინიჭებიდან არაუგვიანეს 3 წლის გასვლისა, ხოლო შემდეგ წინა ატესტაციიდან არაუგვიანეს 3 წლის გასვლისა. სამსახური უფლებამოსილია საატესტაციო პერიოდს შეუსაბამოს/დაამთხვიოს პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსი და ატესტაცია განახორციელოს შესაბამისი კურსით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში რიცხული ყველა მოსამსახურე, არაუგვიანეს შესაბამისი საკონტრაქტო ოთხწლიანი პერიოდის ბოლო ექვსი თვისა, სავალდებულო წესით ექვემდებარება თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებულ მოსამზადებელ საკვალიფიკაციო კურსზე წარდგენას. კურსის დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში, მოსამსახურეს ენიჭება მომდევნო თანამდებობრივი კატეგორია და პირველადი საშუალო სპეციალური წოდება – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“.  აღნიშნულ კურსზე საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურე არ იქნება წარდგენილი თუ კონკრეტულ საკონტრაქტო პერიოდში სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე დადებითი შედეგით დაფარავს  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომზადების/გადამზადების სხვა რომელიმე კურსს, რის საფუძველზეც მას ასევე ენიჭება მომდევნო ზემდგომი თანამდებობრივი კატეგორია და პირველადი საშუალო სპეციალური წოდება – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“.  თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსის შემაჯამებელი ტესტირების და ნორმატივის შედეგების გადაბარების შესაძლებლობა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეს ეძლევა  ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო ერთი თვის გასვლისა. განმეორებითი უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ამ კურსის გავლის და შესაბამისად თანამდებობრივი კატეგორიის და პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მიღების შესაძლებლობა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეს ეძლევა მომდევნო კონტრაქტის/გაგრძელებული საკონტრაქტო ვადის მე-4 წელს ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.  7. თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსის პროგრამას შეიმუშავებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) შემდეგში – ადმინისტრაცია)) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) შემდეგში – სასწავლო ცენტრი)) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან (თემატიკის მიხედვით) კოორდინაციით და უზრუნველყოფს კურსის ჩატარებას სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველო (შემდეგში – საკადრო დანაყოფი) ამ პუნქტით დადგენილი პერიოდის გათვალისწინებით, წინასწარ ამზადებს აღნიშნულ კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა ჩამონათვალს, რომელსაც უგზავნის სასწავლო ცენტრს და სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს. სასწავლო ცენტრი ახდენს კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა დაჯგუფებას, კონტრაქტის ვადის გასვლამდე დარჩენილი დროის სიმცირის მიხედვით და სამსახურის უფროსს ადმინისტრაციის უფროსის ხელმოწერით წარმოუდგენს პატაკს კურსის ჩატარების თაობაზე ბრძანების მისაღებად, რომელსაც ამზადებს სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 8. ამ დებულების მიზნებისთვის კატეგორიზაცია არ ხდება იმ თანამდებობებისა, რომელსაც წოდებრივ ზღვრად დადგენილი აქვს მხოლოდ საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდება. აღნიშნული კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნული ან გადასაყვანად შერჩეული საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურე, პირველადი საშუალო სპეციალური წოდების – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“, მინიჭებამდე გადის სამსახურის კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომლის შემაჯამებელი ტესტირების/ნორმატივის დადებითი შედეგი წარმოადგენს აღნიშნული წოდების მინიჭების საფუძველს.  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კურსი შეიძლება ჩანაცვლდეს ოპერატიული მომზადების ანდა პროფესიული მომზადების/გადამზადების სხვა ისეთი კურსით, რომელიც ასევე შეიცავს/მოიცავს კადრის ოფიცერთა მომზადების სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსით განსაზღვრულ თემატიკას ან ითვალისწინებს მომზადების ისეთ პროფილს, რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში და ახორციელებს მათ სწავლებას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რანგის თანამდებობაზე, როგორც წესი მიიღება/გადაიყვანება და ამავე პუნქტში აღნიშნულ კურსზე/კურსებზე დაიშვება პირი, რომელიც ფლობს მინიმუმ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების რომელიმე დონეს, ანდა არის უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაინც და არ აქვს სტატუსი შეჩერებული. გამონაკლისი დასაშვებია სამსახურის უფროსის  გადაწყვეტილებით პირის/მოსამახურის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. 10. სამსახურის კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც სამსახურის ადმინისტრაციის  წარდგინებით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა დადგენილი წესით შერჩეული შემადგენლობა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამის ბრძანებაში გასათვალისწინებლად და დასამტკიცებლად წარედგინება სასწავლო კურსის პროგრამა და შერჩეულ მოსამსახურეთა დაზუსტებული სია. პროგრამას შეიმუშავებს და ბრძანების საფუძველზე კურსებს ატარებს სასწავლო ცენტრი. 11. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ნამსახურობის ვადის, სპეციალური მომზადების, დამსახურებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, თანმიმდევრულობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით,  მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შეარჩევენ სათანადო განათლების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის პატაკებს წარმოადგენენ სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. სასწავლო კურსზე წარდგენილი უნდა იქნეს თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში შესაბამისი თანამდებობების არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების გონივრული გაანგარიშებით. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან შერჩევისას პრიორიტეტი მიანიჭონ ნამსახურობის სტაჟს და განათლების აკადემიურ დონეს. 12. კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სასწავლო კურსზე, მომსამსახურე დაიშვება როგორც წესი ერთხელ. კურსის შემაჯამებელი ტესტირების/ნორმატივების გადაბარების შესაძლებლობა ეძლევა ერთხელ, არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნულ  კურსზე მომსამსახურე განმეორებით დაიშვება მხოლოდ ერთხელ, არაუადრეს მომდევნო საკონტრაქტო/გაგრძელებული საკონტრაქტო ვადის მესამე წლისა. უახლოეს მომდევნო კურსზე  ხელახლა გაიგზავნება მოსამსახურე (რაც არ ითვლება განმეორებით დაშვებად) იმ შემთხვევებში, თუ მიმდინარე კურსი ვერ გაირა ან სრულად ვერ გაიარა შემდეგი საპატიო მიზეზების გამო: ა) სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა; ბ) ოჯახური პირობების გამო; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო; 13. კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკადრო დანაყოფის მეშვეობით ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაცია, რომელიც სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს უგზავნის წერილობით მიმართვებს განსაზღვრული (სამსახურის უფროსთან შეთანხმებული) რაოდენობის ფარგლებში სასწავლო კურსზე  თანამშრომელთა დაშვების შესახებ პატაკების სამსახურის უფროსისათვის წარდგენის თაობაზე. პატაკები განსახილველად და კანდიდატურების შესაბამისობის შესამოწმებლად ეწერება საკადრო დანაყოფს, რომელიც ამოწმებს კურსზე წარდგენილი პირების პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით; 14. კურსის დასრულების შემდეგ, მოსამსახურეები გადიან პროგრამით გათვალისწინებულ გამოსაცდელ ტესტირებას, აბარებენ შესაბამის ჩათვლებსა და ნორმატივებს. შედეგების საფუძველზე დროებითი საგამოცდო კომისია აფასებს მოსამსახურის ცოდნისა და მომზადების დონეს. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწმობა დაერთვის თანამშრომლის პირად საქმეს. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, შესაძლო მოკლე ვადაში უზრუნველყონ დადებითი შედეგით კურსდამთავრებულ მოსამსახურეთათვის პირველადი საშუალო წოდების მინიჭება და  შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილება. მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები 1. ამ დებულებით დადგენილი წესით მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად,  სპეციალური წოდებით სამსახურის ვადებია: ა) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი; ბ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – 2 წელი; გ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენატი – 3 წელი; დ) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – 3 წელი; ე) სახელმწიფო დაცვის მაიორი – 4 წელი; ვ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი; 2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება. 3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის ათვლა იწყება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის  დღიდან. თუ ბრძანების ტექსტში მითითებულია კონკრეტული თარიღი, მაშინ მითითებული დღიდან. მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება: ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით;  2. მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს სამსახურის უფროსი. 3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთვხვევაში. მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა 1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, ხოლო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებისა და წოდების აღდგენის წესი – სამსახურის დისციპლინური წესდებით. 2. სპეციალური წოდების ჩამორთმევა და ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, აგრეთვე წოდების აღდგენის უფლება აქვს სამსახურის უფროსს. 3. ჩამოქვეითებული სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადა აღდგენილი წოდებით ნამსახურობის ვადაში არ ჩაითვლება. 4. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით. მუხლი 10🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულად და ამ დებულების მოთხოვნების მიხედვით მინიჭების მდგომარეობაზე კონტროლს და სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის საკადრო დანაყოფი. მუხლი 11🔗. სოციალური გარანტიები 1. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო დაგვიანება. 2. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული დანამატი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ამ დებულების ძალაში შესვლის დღისათვის სამსახურის ადმინისტრაციამ საკადრო დანაყოფის საშუალებით მოამზადოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს: ა) სამსახურის საშტატო ნუსხაში ცვლილების (ან ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების) შესახებ ბრძანების პროექტი, რომელიც სამსახურის ყველა შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში/ქვედანაყოფში „დაცვის თანამშრომლის“ თითოეულ საშტატო ერთეულს განუსაზღვრავს ოთხ თანამდებობრივ კატეგორიას დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით; ბ) წარმოადგინოს სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი „დაცვის თანამშრომლის“ საშტატო ერთეულებზე მყოფ მოსამსახურეთათვის იმავე თანამდებობებზე მე-4 კატეგორიის მინიჭების თაობაზე, გარა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ დებულების ძალაში შესვლის დღიდან: ა) მე-3 თანამდებობრივი კატეგორია დაუდგინდეს და პირველადი საშუალო სპეციალური წოდება - „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებიდან წარდგინებების გარეშე მიენიჭოთ დაცვის თანამშრომლის საშტატო ერთეულებზე დანიშნულ მოსამსახურეებს, რომლებსაც დადებითი შედეგით გავლილი აქვთ კადრის ოფიცერთა მომზადების  სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი და არ აქვთ მიმდინარე დისციპლინური სახდელი (შემსრულებელი - საკადრო დაყოფი); ბ) პირველადი საშუალო სპეციალური წოდება - „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებიდან წარდგინებების გარეშე მიენიჭოთ კადრის მოსამსახურის შესაბამისი წოდებრივი ზღვარის მქონე თანამდებობებზე მყოფ საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეებს, რომლებსაც დადებითი შედეგით გავლილი აქვთ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთერთი კურსი მაინც, აკმაყოფილებენ იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ საგანმანათლებლო დონეს  და არ აქვთ მიმდინარე დისციპლინური სახდელი (შემსრულებელი - საკადრო დაყოფი). 3. 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, სამსახურის ადმინისტრაციამ სასწავლო ცენტრისა და საკადრო დანაყოფის საშუალებით უზრუნველყოს: ა) დაცვის თანამშრომელთა სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსის პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა; ბ) ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების, პრიორიტეტების და სხვა წინაპირობების გათვალისწინებით, საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა სიების მომზადება  დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუქტის ეტაპობრივი შესრულების დასაწყებად 2024 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, შესაბამის კურსზე პირველადი წარდგენის რიგითობა განისაზღვროს სამსახურში მეტი ნამსახურობისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.  მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან/და მისი ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.