საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №925
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.07.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №925
2023 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირებისა (გარდა სამინისტროს აპარატისა) და პრაქტიკის გავლის პირობებს.
2. ეს წესი ვრცელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირები), მათ შორის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (შემდგომ – საქვეუწყებო დაწესებულება) – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (გარდა პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლაზე.
მუხლი 2🔗. სტაჟირების/პრაქტიკის
მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა;
ბ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;
დ) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით იუტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, დაწესებულების მხარდაჭერა დამატებითი მოხალისე ძალით.
2. პრაქტიკის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პირის სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში/საქვეუწყებო დაწესებულებაში საქმიანობის გზით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მუხლი 3🔗. ტერმინთა
განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟიორის საქმიანობა, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში/საქვეუწყებო დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
გ) სტაჟიორობის კანდიდატი – ამ წესის შესაბამისად სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე ან სტაჟიორად დასანიშნად წარდგენილი პირი;
დ) პრაქტიკა – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პირის სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში/საქვეუწყებო დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებული საქმიანობა, რომლის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ე) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკულ სწავლებას;
ვ) სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი/მენტორი – პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობას.
თავი II. სტაჟირება
მუხლი 4🔗. სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს ქმედუნარიანი პირი, რომელიც, სულ მცირე, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
2. სტაჟირებისას განსახორციელებელი საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით, სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
3. შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სტაჟიორად მიღებისთვის კანდიდატის მიმართ დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
4. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) იგი სამსახურებრივად დაექვემდებარება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს, შვილს (გერს).
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სტაჟიორად აგრეთვე არ მიიღება პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.
მუხლი 5🔗. სტაჟიორის შერჩევის/მიღების წესი
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორი, როგორც წესი, მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისაგან საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, კომპეტენტური კადრების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის, დეფიციტური დარგის სპეციალისტების მომზადების თუ სხვა მიზნით, ან ამავე დაწესებულებაში პრაქტიკის წარმატებით გავლის გათვალისწინებით, კონკურსის გავლის გარეშე სტაჟიორის მიღება შესაძლებელია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.
მუხლი 6🔗. სტაჟირების
კომისია
1. სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების მიმდინარეობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება სტაჟირების კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. კომისია შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრებისაგან.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლები (მათ შორის, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, რომელშიც განხორციელდება სტაჟირება, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი), ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრები.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
მუხლი 7🔗. კონკურსის
ეტაპები
1. სტაჟიორთა კონკურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
გ) სპეციალური შემოწმება (სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემთხვევაში).
2. კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განისაზღვროს დამატებითი საკონკურსო ეტაპი – წერითი დავალება.
3. ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. წერითი დავალების გამსვლელი ქულა უნდა აღემატებოდეს ქულათა მაქსიმალური ოდენობის ნახევარს. წერითი დავალების შედეგების გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატს შეუძლია, გაასაჩივროს მიღებული შედეგი წერილობითი ფორმით სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატს ეცნობება საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. სტაჟიორობის კანდიდატის მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარების წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად ტარდება გასაუბრება.
6. კომისიამ სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რაც საჭიროა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში/საქვეუწყებო დაწესებულებაში პირის სტაჟიორად დასანიშნად.
მუხლი 8🔗. კონკურსის
ადმინისტრირება
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, მათ შორის, სტაჟიორობის კანდიდატთა განაცხადების გადარჩევას (წარდგენილი განაცხადებისა და დოკუმენტების საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა), უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფი/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.
3. სტაჟიორობის კანდიდატს წერითი დავალებისა და გასაუბრების ეტაპების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.
4. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფი/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
5. სტაჟიორობის კანდიდატი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗. კონკურსის
გამოცხადება
1. სტაჟიორთა კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
2. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დასახელება, რომელშიც ცხადდება სტაჟიორთა კონკურსი;
ბ) სტაჟიორთა კონკურსის თემატიკა, დადგენილი მოთხოვნები, კონკურსის ეტაპები და პირობები.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ შეტყობინებაში სხვა სახის ინფორმაციის მითითებაც.
მუხლი 10🔗. კანდიდატის შეფასება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. გასაუბრებისას კომისიის წევრები ავსებენ სტაჟიორობის კანდიდატთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების მიხედვით შეფასების ფორმას (დანართი №1). კონკურსში მონაწილე თითოეული კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება ქულათა სისტემით.
2. კანდიდატისათვის კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად მინიჭებული შეფასების ქულები ჯამდება სტაჟიორობის კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმაში (დანართი №2).
3. კომისია გადაწყვეტილების იღებს სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმის საფუძველზე.
4. კანდიდატთა შეფასებებზე დაყრდნობით კომისია უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) კანდიდატის სტაჟიორად დასანიშნად წარდგენის შესახებ;
ბ) კანდიდატის სტაჟიორად დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ.
5. სტაჟიორთა კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განაცხადი, წერითი დავალების/გასაუბრების ეტაპზე არ გამოცხადდა არცერთი კანდიდატი, კომისიის მიერ დასანიშნად არ იქნა წარდგენილი არცერთი კანდიდატურა ან კონკურსში გამარჯვებული სტაჟიორობის კანდიდატი/კანდიდატები უარს იტყვის/იტყვიან დანიშვნაზე.
6. თუ კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს სტაჟიორად დანიშვნაზე, კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს სტაჟიორად დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა (მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე) კანდიდატის წარდგენაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა დაწესებულებასთან შერწყმის ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი/საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე.
მუხლი 11🔗. სტაჟიორის
მიღება
1. სტაჟიორთა კონკურსის შედეგების შესაბამისად, კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ინფორმაციას სტაჟიორობის იმ კანდიდატთა შესახებ, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. წარდგენილ კანდიდატებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი/საამისოდ უფლებამოსილი პირი ნიშნავს სტაჟიორებად საჯარო სამართლის იურიდიული პირების/საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი/მენტორი ან ის განსაზღვრავს სხვა უფლებამოსილ პირს, როგორც სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს.
4. სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად ან სტაჟიორად უნდა დაინიშნოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დიპლომის ასლი ან ცნობა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფეხურზე სწავლის შესახებ;
გ) ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ცნობა ნასამართლობის შესახებ.
5. თუ სტაჟიორი დანიშვნამდე დასაქმებული იყო/სტაჟირებას გადიოდა სისტემის სხვა დაწესებულებაში, დაწესებულებას უფლება აქვს, სხვა დაწესებულებიდან გამოითხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები.
6. სტაჟიორთან ფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება ან/და გამოიცემა სტაჟიორის დანიშვნის ბრძანება.
მუხლი 12🔗. სტაჟირების
ვადა
1. პირის მიერ ერთსა და იმავე დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დაწესებულებაში სტაჟირება რამდენიმეჯერ გაიაროს, თუმცა, სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
2. სტაჟირების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ფარგლებში, რომლის დროსაც უნდა იქნეს გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასება (დანართი №3).
3. მოთხოვნის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა სტაჟირების პერიოდის მითითებით.
მუხლი 13🔗. სტაჟირების
შეწყვეტა
1. სტაჟირება შეიძლება შეწყდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სტაჟირების ვადის გასვლისას;
გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო;
დ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა გათავისუფლება;
ე) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას/მასთან შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას;
ვ) სტაჟიორის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში ზედიზედ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობისას ან სტაჟირების ადგილას ხშირი არყოფნისას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს;
ზ) მასზე დაკისრებული მოვალეობების სისტემატური შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას;
თ) გარდაცვალებისას.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირის ან სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
3. სტაჟირების შეწყვეტამდე სტაჟიორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა.
მუხლი 14🔗. სტაჟიორის
დისციპლინური
პასუხისმგებლობა
სტაჟიორზე ვრცელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა მიმართ დადგენილი დისციპლინური პაუხისმგებლობის წესები.
თავი III. პრაქტიკა
მუხლი 15🔗. პრაქტიკანტთა შერჩევა/მიღება
1. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტები მიიღებიან სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/საქვეუწყებო დაწესებულებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საჭიროებების გათვალისწინებით.
2. პრაქტიკანტად მიიღება პირი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და აკადემიური უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის სტუდენტი ან პროფესიული სტუდენტია.
3. სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს აქვთ უფლება, პრაქტიკის გასავლელად საუკეთესო კანდიდატთა შერჩევის მიზნით განახორციელონ შერჩევის ღონისძიებები (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა და წერითი დავალების მიცემა ან/და გასაუბრება).
4. კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი/წარმომადგენელი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკანტთა მიღება, ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელთან/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად.
5. გადაწყვეტილებას პირის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი/საამისოდ უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დასანიშნი პირის თანხმობითა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, რომელშიც მიიღება პრაქტიკანტი.
მუხლი 16🔗. პრაქტიკის გავლის ორგანიზება
1. პრაქტიკის გავლის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფი/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. კანდიდატმა ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. პრაქტიკანტს ენიშნება ხელმძღვანელი როგორც სამინისტროს სისტემის დაწესებულების, ისე შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან.
მუხლი
17🔗. პრაქტიკის
ვადა
1. პრაქტიკის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 თვისა. პრაქტიკის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ პუნქტით დადგენილი მაქსიმალური ვადის ფარგლებში.
2. მოთხოვნის შემთხვევაში, პრაქტიკის შეწყვეტის შემდეგ პრაქტიკანტს ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
მუხლი
18🔗. პრაქტიკის
შეწყვეტა
1. პრაქტიკა შეიძლება შეწყდეს:
ა) პრაქტიკანტის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე;
გ) პრაქტიკის ვადის გასვლისას;
დ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო;
ე) შესაბამისი დაწესებულების მოსამსახურეთა მიმართ დადგენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის ტოლფასი ქმედების ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა გათავისუფლება;
ვ) პრაქტიკანტის სტაჟიორად/ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას/მასთან შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას;
ზ) პრაქტიკანტის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში ზედიზედ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობისას ან პრაქტიკის ადგილას ხშირი არყოფნისას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს;
თ) მასზე დაკისრებული მოვალეობების სისტემატური შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას;
ი) გარდაცვალებისას.
2. პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი/საამისოდ უფლებამოსილი პირი ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირის ან პრაქტიკის ხელმძღვანელის/მენტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
3. პრაქტიკის შეწყვეტამდე პრაქტიკანტი სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას პრაქტიკის გავლის პერიოდში გადაეცა.
თავი IV. დაწესებულებისა და სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
მუხლი
19🔗. დაწესებულების
მოვალეობები
1. სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/საქვეუწყებო დაწესებულება სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, უზრუნველყოფს მას უსაფრთხო სამუშაო პირობებით და გადასცემს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკურ საშუალებებს.
2. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი/მენტორი, ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით, სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვრავს ფუნქციებს და სამუშაო გრაფიკს (რომელიც, როგორც წესი, განსხვავდება შესაბამისი დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი გრაფიკისაგან). სტაჟიორის/პრაქტიკანტის უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.
3. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
4. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას.
5. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ ისეთ სამუშაო პროცესში ჩართვა, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
6. სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ დაკისრებული ვალდებულებების სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია, დასვას საკითხი სტაჟირების/პრაქტიკის შეწყვეტის თაობაზე.
7. სტაჟირების/პრაქტიკის მიმდინარეობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ქვედანაყოფი/ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 20🔗. სტაჟიორის/პრაქტიკანტის
უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს, მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (მათ შორის, საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, გამოიყენოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების და მათი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
გ) სტაჟირების/პრაქტიკის მიმდინარეობისას მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებთან;
დ) დაიცვას სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების შინაგანაწესი (ამ წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით), მომსახურების სტანდარტი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ვრცელდებოდეს სტაჟიორზე/პრაქტიკანტზე;
ე) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, იზრუნოს მისთვის გადაცემული ნივთების მოვლაზე და გათავისუფლებისას დაიცვას ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით/მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა.
3. სტაჟიორი/პრაქტიკანტი უფლებამოსილებებს ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.
4. ხელწერილი სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საქვეუწყებო დაწესებულების დებულების და შინაგანაწესის, ასევე, ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირად საქმეს (დანართი №4).
5. სტაჟიორი, სტაჟირების ხელმძღვანელის ან სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისივე თანხმობით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს შესაბამისი დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
6. პრაქტიკანტი, პრაქტიკის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, თუ დაცულია ამ წესის სხვა მოთხოვნები, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სტაჟიორად დაწესებულების იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. ამ შემთხვევაში პრაქტიკისა და სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს, ჯამში, 12 თვეს.