„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2023
ძალაში შესვლა 06.08.2023
ძალის დაკარგვა 03.01.2024
გამომცემი ორგანო სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ნომერი №007
სარეგისტრაციო კოდი 280060000.73.085.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე | სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება 03.01.2024
დოკუმენტის ტექსტი
„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №007
2023 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტების, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 18 ივლისის №29 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქცია” ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 06 აგვისტოდან.
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქცია
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია (შემდგომში − ინსტრუქცია) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
ბ) ელექტრონული სისტემა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა;
გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო სააგენტოსათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.pensions.ge;
დ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
ე) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, სადაც მას აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომლის მეშვეობითაც, ამ ინსტრუქციის საფუძველზე, ირჩევს საინვესტიციო პორტფელს ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციას, იღებს ცნობას, ასევე იყენებს საპენსიო სააგენტოს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
ვ) წარმომადგენელი – პირის ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ზ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა;
თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი;
ი) მონაწილე – საპენსიო სქემის მონაწილე, რომელიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის შესაბამისად, აირჩიოს ან უკვე აირჩია მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია;
კ) 12 თვე – 365 დღე.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
საინვესტიციო პორტფელების არჩევა
მუხლი 3🔗. საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის უფლების მქონე მონაწილე და ამ უფლებით სარგებლობის ვადები
1. დაგროვებით საპენსიო სქემაში 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით გაწევრიანებული მონაწილე, 2023 წლის 7 აგვისტოდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში 2023 წლის 6 აგვისტოს შემდეგ გაწევრიანებული მონაწილე, გაწევრიანებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ექვემდებარება აღდგენას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ მონაწილე არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში – 2024 წლის 7 აგვისტოდან, ხოლო მე-2 პუნქტის შემთხვევაში – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის შემდეგ, აღნიშნული მონაწილე კვლავ იქნება უფლებამოსილი, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.
5. მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, იმ პირობით, რომ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის და მისი შეცვლის შესახებ განცხადებებს შორის პერიოდი არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს უნდა შეადგენდეს.
6. 2023 წლის 7 აგვისტოდან, მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის უფლებით სარგებლობამდე, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსება, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
ბ) 40 წლიდან 50 წლამდე ასაკის მქონე მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში;
გ) 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მონაწილის ასაკი დგინდება შესაბამისი მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღის მდგომარეობით.
8. მონაწილე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში და წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი საპენსიო აქტივების იმ საინვესტიციო პორტფელში შენარჩუნების თაობაზე, რომელშიც განცხადების წარდგენის დღისათვის არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
9. საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შემთხვევაში მონაწილე სასურველი პროცენტულობით ანაწილებს მის საპენსიო აქტივებს და მომავალ საპენსიო შენატანებს შესაბამის საინვესტიციო პორტფელებში. აღნიშნული გადაწყვეტილების საპენსიო სააგენტოს მიერ შესრულება მოხდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვის საშუალებები
1. მონაწილე უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევისათვის ან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღებისათვის:
ა) პირადად მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და წარადგინოს შესაბამისი განცხადება, ან
ბ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს პირადად წარუდგინოს განცხადება საინვესტიციო პორტფელის/საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის თაობაზე ან მიიღოს ცნობა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. მონაწილე არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ განცხადება, თუმცა უფლებამოსილია ასეთი წარმომადგენლის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით წარადგინოს განცხადება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღების შესახებ.
3. მონაწილის კანონისმიერი ან/და სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის თაობაზე განცხადება საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალებით, თავისუფალი განცხადების წარდგენის გზით.
მუხლი 5🔗. საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენა
1. საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მიზნით საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირებისათვის, პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის მიზნით ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს პირის პირად ნომერს და დაბადების წელს. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს პირის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს მას.
3. თუკი მონაწილე უფლებამოსილია და ამავდროულად მოითხოვს წარადგინოს საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ განცხადება, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მონაწილის მიერ ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია უცვლელად ასახოს ელექტრონულ სისტემაში, რის შემდგომაც ელექტრონულ სისტემა დააგენერირებს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს მონაწილეს გაცნობისა და ხელმოწერის მიზნით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ პირი, არ არის უფლებამოსილი აირჩიოს საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს საინვესტიციო პორტფელების არჩევის შესახებ განცხადებას და უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამის პირს მიაწვდის ინფორმაციას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იმ ცნობის შესახებ, რომელიც შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში იქნეს გენერირებული ელექტრონული სისტემის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის საფუძველზე, პირის მიერ შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და პირისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით გადაცემას.
მუხლი 6🔗. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების წარდგენა
საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის მიზნით, საპენსიო სააგენტოსათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მიმართვის სურვილის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია შეავსოს მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საინვესტიციო პორტფელ(ებ)ის არჩევის თაობაზე განცხადების ფორმა, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა.
მუხლი 7🔗. ცნობის გაცემა
1. პირი უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს ცნობა საინვესტიციო პორტფელების არჩევის უფლებამოსილების და იმ საინვესტიციო პორტფელის ან პორტფელების შესახებ, რომლებშიც არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით, საპენსიო სააგენტოსათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
3. მონაწილე ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
მუხლი 8🔗. საინვესტიციო პორტფელ(ებ)ის არჩევის ან/და ცნობის მისაღებად განცხადების მიღება
1. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) განცხადების ნომერი და თარიღი;
გ) მონაწილის ტელეფონის ნომერი და მისამართი;
დ) მონაწილის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობის გაცემის შესახებ მოთხოვნა;
ე) მონაწილის ხელმოწერის გრაფა.
2. საპენსიო სააგენტოსთვის/უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) უარს განაცხადებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
4. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს სამახსოვრო ბარათს, რომ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიცოო პორტფელების კომბინაციის არჩევის განცხადება მიღებულია, მონაწილის მიერ არჩეული შესაბამისი საინვესტიციო პორტფელ(ებ)ის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
5. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის თაობაზე განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, რის საფუძველზეც ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში დაგენერირებული სამახსოვრო ბარათი განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება მონაწილისთვის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.
6. საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის თაობაზე განცხადების წარდგენის დღეს მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოში / უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით (სამუშაო საათების დასრულებამდე) ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით (განცხადების წარდგენის დღის 24:00 საათამდე) გააუქმოს აღნიშნული განცხადება.
7. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მიზნით, საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, განმცხადებლისათვის გადაცემას და აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
თავი III
საინვესტიციო პორტფელის / საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის თაობაზე განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება
მუხლი 9🔗. საპენსიო აქტივების განთავსება საინვესტიციო პორტფელში / საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში
1. მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში მონაწილის საპენსიო აქტივები აისახება შესაბამის საინვესტიციო პორტფელში ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში და, შესაბამისად, ასახვის თარიღიდან დაიწყება მონაწილის მომავალი საპენსიო შენატანების ავტომატური განაწილება მონაწილის მიერ არჩეულ შესაბამის საინვესტიციო პორტფელში ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში.
2. მონაწილის საპენსიო აქტივების გადანაწილება საინვესტიციო პორტფელში ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში განხორციელდება საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულებით, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტში არსებული ღირებულებისგან.
3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს მონაწილის განცხადება საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაციის არჩევის შესახებ, შემდეგ შემთხვევებში:
ა) მონაწილემ დატოვა დაგროვებითი საპენსიო სქემა, კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე;
ბ) მონაწილემ მიიღო პენსია ან საპენსიო აქტივები საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის №003 ბრძანებით დამტკიცებული „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე;
გ) მონაწილის საპენსიო შენატან(ებ)ი განულდა მაკორექტირებელი დეკლარაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, როდესაც პირს გაუუქმდა/გაუუქმდება მონაწილის სტატუსი.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილეს ეცნობება ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
თავი IV
ადმინისტრაციული წარმოების წესი
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული წარმოების წესი
ამ ინსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
მუხლი 11🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის, მისი წარმომადგენლის ან/და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე