დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2023
ძალის დაკარგვა 04.09.2023
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა სამუკაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2023 წლის 26 ივლისი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 2093-ე მუხლის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმის-საჯარიმო ქვითრის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განახორციელოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა სამუკაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, სპორტულ მოედნებზე, საერთო სარგებლობის ეზოებში, მუნიციპალურ სასაფლაოებზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების ზოლში მყოფი პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის ჯარიმის დაკისრების და ჯარიმის გადახდის წესს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის მოქმედების სფეროს და მხარეთა უფლებამოვალეობებს.
მუხლი 2🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობა
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობას ახორციელებს პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი/მინდობილი პირი.
2. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირუტყვის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც პირუტყვზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას და რასაც ადასტურებს სამეზობლო აქტი.
3. აკრძალულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, სპორტულ მოედნებზე, საერთო სარგებლობის ეზოებში, მუნიციპალურ სასაფლაოებზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების ზოლში, როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.
მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილვას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს – საჯარიმო ქვითარს შეადგენს დედოფლილსწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს – საჯარიმო ქვითარს უნდა ერთვოდეს შესაბამისი ფოტომასალა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში – საჯარიმო ქვითარში უნდა აღინიშნოს გამოვლენილი ფაქტი, დაკონკრეტდეს პირუტყვის სახეობა და რაოდენობა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის შესახებ (გადაყვანის შემთხვევაში).
3. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას ახორციელებს ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი.
4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე (1სულზე) – 30 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 10 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე ;
ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 30 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 10 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.
5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება პირუტყვის გადაყვანის ხარჯისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის და მოვლა-პატრონობის დღეების მიხედვით.
6. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს აანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.
7.დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს/მფლობელს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
მუხლი 4🔗 პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში/ბაღში, სკვერში, სპორტულ მოედნებზე, საერთო სარგებლობის ეზოებში, მუნიციპალურ სასაფლაოებზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების ზოლში, მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალურ სადგომზე.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ფოტო ან ვიდეომასალით ახდენს ფაქტის დადასტურებას და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის თაობაზე ატყობინებს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოს.
3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილ პირუტყვზე პასუხისმგებელია ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი. ცენტრი ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედება;
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა;
4. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი უმეთვალყურეოდ მიტოვებული წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის, მესაკუთრის/მფლობელის დადგენის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის მიერ მოხდება ოქმის-საჯარიმო ქვითრის შედგენა. მესაკუთეს/მფლობელს ადგილზე განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
5. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას (გაზეთის/საინფარმაციო დაფების/მერიის ოფიციალური ვებგვერდის (www.dedoplistskaro.gov.ge საშუალებებით,) აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს დაკავებული პირუტყვის და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. თუ ვერ დადგინდა პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი, ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება კანონით დადგენილი წესით.
6. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის შესახებ ინფორმაციას, მერიის ზედამხედველობის სამსახური უგზავნის სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 5🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი
1.მესაკუთრეს/მფლობელს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი დაუბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის შემდეგ.
2. მესაკუთრის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემული ცნობა, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ, ხოლო მფლობელის შემთხვევაში სამეზობლო აქტი.
3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი და პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
მუხლი 6🔗. დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1.პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. სამართალდამრღვევის მიერ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.
4. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული საჯარიმო ქვითარის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
5. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საჯარიმო ქვითარი – სამართალდარღვევის ოქმი, მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო შემდგომ სასამართლოში.