ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განჩინება - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეორე სექციის
განჩინება
საჩივარი N39611/18
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია), პალატის 2023 წლის 28 მარტის სხდომაზე, შემდეგი შემადგენლობით:
არნფინ ბორდსენი, თავმჯდომარე,
იოვან ილიევსკი,
ეგიდიუს კურისი,
პაულიინ კოსკელო,
ლადო ჭანტურია,
ლორეინ სქემბრი ორლანდი,
დავორ დერენჩინოვიჩი, მოსამართლეები,
და ჰასან ბაკირჯი, სექციის განმწესრიგებელი,
გაითვალისწინა რა, 2018 წლის 22 აგვისტოს წარდგენილი ზემოაღნიშნული საჩივარი,
გაითვალისწინა რა მხარეთა მოსაზრებები,
განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საჩივარი გაეგზავნა რუსეთის მთავრობას (შემდგომში „მოპასუხე მთავრობა“) 2019 წლის 18 ივნისს.
2. 2019 წლის 10 სექტემბერს, მოპასუხე მთავრობის მოთხოვნით, პალატამ გადაწყვიტა საქმის განხილვა გადაედო საქმის „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ (II) (N38263/08) არსებით მხარეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 2021 წლის 21 იანვარს ამ საქმის არსებით მხარეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ წინამდებარე საქმეზე საქმისწარმოება განახლდა 2021 წლის 25 მაისს.
3. მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს 2021 წლის 15 დეკემბერს და 2022 წლის 25 თებერვალს.
4. საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მომჩივანი მთავრობა”) წარმოადგენდა ბატონი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
5. მოპასუხე მთავრობას წარმოადგენდა ბატონი მ. ვინოგრადოვი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
6. 2022 წლის 16 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის მიხედვით დაწყებული პროცედურის კონტექსტში, მიიღო რეზოლუცია CM/Res(2022)2, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 16 მარტიდან შეუწყდა ევროპის საბჭოს წევრობა.
7. 2022 წლის 22 მარტს სასამართლომ რეგლამენტის მე-20 წესის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გამართულ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეზოლუცია ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტის შედეგების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის კონტექსტში“. მასში აღნიშნული იყო, რომ 2022 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაცია აღარ იქნებოდა კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარე.
8. 2022 წლის 5 სექტემბერს სასამართლოს პლენარულმა სხდომამ მიიღო ოფიციალური შეტყობინება იმ ფაქტის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მოსამართლის თანამდებობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღარ იარსებებდა 2022 წლის 16 სექტემბრის შემდეგ. შედეგად, ამან განაპირობა ის, რომ აღარ არსებობდა იმ საგანგებო მოსამართლეების მოქმედი ნუსხა, რომლებსაც ექნებოდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ იმ საქმეების განხილვაში, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია იყო მოპასუხე სახელმწიფო.
9. 2022 წლის 8 ნოემბრის წერილის საფუძველზე რუსეთის მთავრობას სხვებთან ერთად ეცნობა, რომ სასამართლო გეგმავდა სასამართლოს ერთ-ერთი მოქმედი მოსამართლის დანიშვნას საგანგებო მოსამართლის თანამდებობაზე იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრების განსახილველად, რომელთან მიმართებითაც სასამართლოს ჰქონდა კომპეტენცია (ანალოგიურად, სასამართლოს რეგლამენტის 29-ე წესის მე-2 პუნქტის გამოყენებით). რუსეთის მთავრობას შესთავაზეს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება 2022 წლის 22 ნოემბრისთვის, მაგრამ მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
10. შესაბამისად, განსახილველ საქმეში, პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა დაენიშნა საგანგებო მოსამართლე პალატის წევრებიდან, ანალოგიურად, სასამართლოს რეგლამენტის 29-ე წესის მე-2(b) პუნქტის გამოყენებით.
ფაქტები
11. 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიპყრეს მთელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი[1] (კონფლიქტის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (II) [GC], N38263/08, პარაგრაფები 32-44, 21 იანვარი, 2021). 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი არ დაუჭირა[2]. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ხელშეკრულებების საფუძველზე, რუსეთმა იქ შექმნა სამხედრო ბაზები და თითოეულ ამ რეგიონში განათავსა 3800-მდე რუსი ჯარისკაცი. შემდგომი შეთანხმებების საფუძველზე შეიქმნა რუსეთ-აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ოლქი, რომელიც სამხრეთ ოსეთის „სამხედრო შენაერთს“ აერთიანებდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან[3] .
12. გარდა ამისა, „საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“ შეთანხმებების მიხედვით[4], რუსი მესაზღვრეები (რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს) იცავდნენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს („ABL“) ამ სეპარატისტულ რეგიონებსა და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 900 რუსი მესაზღვრე იყო, ხოლო აფხაზეთში - 1500-მდე მესაზღვრე[5] . 2009 წლიდან დაწყებული ეტაპობრივად იქნა შემოღებული ფიზიკური ბარიერები და სხვა ზომები, რათა ადამიანებისთვის ხელი შეეშალათ სასაზღვრო ზოლის თავისუფლად გადაკვეთაში. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) აღწერით[6] ეს პროცესი, რომელსაც ხშირად უწოდებენ „ბორდერიზაციას“, მოიცავდა სამ მთავარ ელემენტს: (1) ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა ღობეების მოწყობა, მავთულხლართები, საგუშაგო კოშკურები, ნიშნები, რომლებიც ადამიანებს აუწყებენ, რომ ისინი უახლოვდებიან „საზღვრებს“ და თანამედროვე სათვალთვალო აღჭურვილობა იმისათვის, რომ საზღვრის მიღმა მაცხოვრებლებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და საქონელს გაევლოთ სასაზღვრო ზოლზე შექმნილი კონტროლირებადი გამშვები პუნქტები; (2) ზედამხედველობისა და პატრულირების განხორციელება სეპარატისტული რეგიონებიდან რუსი მესაზღვრეების ან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც აკონტროლებდნენ სიტუაციას და აკავებდნენ ადამიანებს, თუ ისინი არღვევდნენ დადგენილ წესებს; და (3) საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი, რომელიც საზღვრის მიღმა მაცხოვრებლებისგან მოითხოვდა კონკრეტული დოკუმენტების ქონას და მხოლოდ „ოფიციალური“გამშვები პუნქტების გამოყენებას[7] . გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი გააქტიურდა 2013 წელს[8] . უკონტროლო გადასვლები ხშირი მოვლენა გახდა, როდესაც კონფლიქტის ზონის გასწვრივ არსებული შემოვლითი გზებით მოსარგებლე ადამიანები გვერდს უვლიდნენ კონტროლირებად გამშვებ პუნქტებს. ბევრ მათგანს, ვინც საზღვარს კვეთდა კონტროლირებადი გამშვები პუნქტების მიღმა, საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტები არ ჰქონდა. სხვები საზღვარს კვეთდნენ არაკონტროლირებადი ბილიკების მეშვეობით, რადგან გამშვები პუნქტების მიმართულებით სვლა ძალიან მოუხერხებელი იყო[9] . კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ყოველთვის არ იყო ნათელი, თუ სად მდებარეობდა სასაზღვრო ზოლი (ჯერჯერობით, სასაზღვრო ზოლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მონიშნული)[10] .
13. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა „ბორდერიზაციის“ პროცესს უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები სასაზღვრო ზოლს საოკუპაციო ზოლად მოიხსენიებენ. საპირისპიროდ ამისა, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები სასაზღვრო ზოლს განიხილავენ, როგორც საერთაშორისო საზღვარს იმ საფუძვლით, რომ რუსეთმა ეს ორი სეპარატისტული ერთეული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
14. მისი პრეტენზიების გასამყარებლად მომჩივანმა მთავრობამ წარმოადგინა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი საერთაშორისო ასოციაციების შემდეგი მასალები: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2017 წლის 11 აპრილის (SG/Inf( 2017)18) და 2018 წლის 11 აპრილის (SG/Inf(2018)15) შემაჯამებელი მოხსენებები საქართველოს კონფლიქტის შესახებ; „ამნესტი ინტერნეიშენალის“ 2017/18 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის განმავლობაში; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა მინისტრთა მოადგილეების 1315-ე შეხვედრაზე, 2018 წლის 2 მაისს (CM/Del/Dec(2018)1315/2.1); ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ივნისის რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის მიერ დაპყრობიდან 10 წლის შემდეგ (P8_TA(2018)0266); და რეზოლუცია 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდგომი მდგომარეობის შესახებ საქართველოში, რომელიც 2018 წლის 7-11 ივლისს ბერლინში გამართულ ოცდამეშვიდე ყოველწლიურ სხდომაზე მიიღო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ.
15. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2017 წლის შემაჯამებელი მოხსენების შესაბამის ნაწილში საქართველოს კონფლიქტის შესახებ (ზემოთ ციტირებული) ნათქვამია:
„III.1 მოხსენებები აფხაზეთის შესახებ
III.1.i უსაფრთხოება
36. [ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID)] მონაწილეთა მიერ განხორციელებული შეფასების მიხედვით, უსაფრთხოების მდგომარეობა რჩება შედარებით სტაბილური და მშვიდი. თუმცა, დელეგაციასთან შეხვედრების დროს საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ სასაზღვრო ზოლის უკანონო გადაკვეთებთან დაკავშირებული დაკავებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
37. 2016 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც მან განაახლა მუშაობა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა (IPRM), გაეროს ჟენევის თანათავმჯდომარის ხელშეწყობით, განაგრძო ფუნქციონირება ერთადერთი ადგილობრივი ფორმატის სახით, რომლის მიზანი იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობის შემსუბუქება და ინციდენტებზე რეაგირება. ყველა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა პროცესი და მონაწილეთა ვალდებულება. IPRM-ის განახლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, ამოქმედდა და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
38. აშკარაა, რომ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2016[11] წლის მაისში ეთნიკური ქართველის მკვლელობის საქმეზე დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების მიერ ჩატარებული წარუმატებელი გამოძიება წარმოადგენს გამოწვევას უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მხარეთა შორის ნდობის ფორმირების ერთობლივი ძალისხმევისთვის. გალის IPRM-ის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სწორედ ამ საკითხს. საქართველოს ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას და დელეგაციას აცნობა, რომ მათ აფხაზურ მხარეს გადასცეს საჭირო ინფორმაცია. თუმცა, დელეგაციის ვიზიტის მომენტისთვის ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული. დელეგაციას ასევე აცნობეს, რომ ინციდენტის შემდეგ ხურჩაში ადგილობრივ მოსახლეობაში საერთო დაუცველობის შეგრძნება სუფევდა.
39. ამასთან ერთად, იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილი საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა მკვლელობის ბრალდებით, რომელმაც მას გასული წლის დეკემბერში მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. არსებული ინფორმაციით, 10 მარტს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 14 წლამდე გაზარდა. 17 მარტს ინტერპოლმა გამოსცა წითელი ცირკულარი ეჭვმიტანილთან დაკავშირებით.
III.1.ii მიმოსვლის თავისუფლება
40. შეტყობინებების გაგზავნის პერიოდისთვის მთავარი მოვლენაა სასაზღვრო ზოლზე ორი დამატებითი გამშვები პუნქტის, კერძოდ, ხურჩა/ნაბაკევისა და მეორე-ოტობაია/ორსანტიას დაკეტვა, დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიიღეს 28 დეკემბერს [2016] და 2017 წლის 5 მარტს შევიდა ძალაში.
41. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გადაწყვეტილებას მოჰყვა მწვავე უარყოფითი რეაქციები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. გაერო, ეუთო და ევროკავშირი გამოდიოდნენ ასეთი თვითნებური ნაბიჯების წინააღმდეგ; ამასთან, იძლეოდნენ გაფრთხილებას იმ ზეგავლენის შესახებ, რომელსაც უარყოფითი შედეგი ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლებაზე, სასაზღვრო ზოლის გავლით ვაჭრობაზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების სხვა ასპექტებზე, ხოლო ზოგადად, რეგიონში - უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში მათ მოუწოდეს ყველა მონაწილე მხარეს კონსტრუქციულად ჩართულიყვნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. 10 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გადასინჯვას და რომ „ის აკმაყოფილებდა მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების საჭიროებებს“. დელეგაციასთან შეხვედრებისას, ყველა საერთაშორისო მომხსენებელი მივიდა ერთ აზრამდე, რომ გამშვები პუნქტების დახურვას მოჰყვებოდა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ზემოქმედება იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ გადმოცემით, თითოეულ გამშვებ პუნქტზე დღეში დაახლოებით 600-ჯერ ხდებოდა საზღვრის გადაკვეთა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და საერთაშორისო მომხსენებლებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს გადაწყვეტილების შედეგებთან დაკავშირებით.
42. მიუხედავად იმისა, რომ გზა, რომელიც სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებს აკავშირებს ენგურის ხიდს იქით მდებარე მთავარ გამშვებ პუნქტთან, შეკეთდა და რეგულარულ სატრანსპორტო მიმოსვლას აქვს ადგილი, ეს ზომები არასაკმარისად ითვლება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. როგორც ჩანს, ახალ წესები განსაკუთრებით შემაწუხებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის და განსაკუთრებული ზემოქმედება ექნება ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საზღვრის გადაკვეთაზე. საზღვრის გადაკვეთისთვის ზოგჯერ 50 კმ-ზე მეტი მანძილის გავლაა საჭირო. უფრო მეტიც, როგორც გამოცხადდა კიდევ ერთი გამშვები პუნქტი დაიკეტება მომავალში, რის შედეგადაც დარჩება მხოლოდ ენგურის საავტომობილო ხიდი, სადაც, არსებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ხდება 1500-ზე მეტი საზღვრის გადაკვეთა. 25 იანვარს გალის რაიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა ამ ზომების წინააღმდეგ.
43. მიმოსვლის თავისუფლებაზე კვლავ ძალიან უარყოფითად მოქმედებს მიმდინარე, ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შედეგად მოჰყვა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობის 48 კმ-ით გადაწევა. დელეგაციას აცნობეს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან, სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის ტერიტორიის საზღვრებს შიგნით გაფართოვდა სპეციალური რეჟიმის ეგრეთწოდებული „სასაზღვრო ზონა“.
44. მოსალოდნელია, რომ გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება აუცილებლად გამოიწვევს დაკავებების რაოდენობის ზრდას, რაც რეგულარულად ხდება „არასანქცირებული“ გამშვები პუნქტების გადაკვეთისას ან/და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების არარსებობის გამო. საქართველოს უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა დაკავების 190 შემთხვევა. თუმცა, როგორც წესი, ხანმოკლე დაკავების და „ჯარიმის“ გადახდის შემდეგ დაკავებულები მალევე თავისუფლდებოდნენ, მაგრამ დელეგაცია მაინც იღებდა შეტყობინებებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა „ჯარიმები“, ხოლო განმეორებითი „დარღვევებისთვის“ ჯარიმები ათჯერ გაიზარდა.
III.1.iii პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
45. როგორც დელეგაციას აუწყეს, 2016 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატუსის შესახებ დე ფაქტო კანონში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სტატუსსა და უფლებებს. როგორც დელეგაციის თბილისში ვიზიტისას გახდა ცნობილი და როგორც დელეგაციას საერთაშორისო მომხსენებლებმა აცნობეს, ახალი ბინადრობის ნებართვების გაცემა ჯერ არ იყო დაწყებული.
46. არსებული ინფორმაციით, ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომ გალის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მიენიჭება „მუდმივი ბინადრობის“ უფლება; თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ცვლილებები ვერ მოაგვარებს ყველა აქტუალურ პრობლემას. იმის მიუხედავად, რომ როგორც მოსალოდნელია უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლოა ეხებოდეს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე საზღვრის გადაკვეთებს, გაურკვეველი რჩება მუდმივი ბინადრობის სტატუსთან დაკავშირებული სხვა უფლებები, მაგალითად, ქონებრივი უფლებები. დელეგაციასთან განხილვებისას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებს წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ დროებითი და მუდმივი „ბინადრობის ნებართვის“ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები უცვლელი რჩებოდა.
...
III.2 მოხსენებები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით
51. ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ ეტაპის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე 52 კმ-ით ღობეებისა და მავთულხლართების გადაწევა, განსახილველ პერიოდში სასაზღვრო ზოლის გასწვრივ გაკეთდა ღარები და ღრმა თხრილები. ამის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას კვლავ არ შეეძლო თავის სასოფლო-სამეურნეო და საძოვარ სავარგულებზე შესვლა, კერძოდ, მოსავლის აღების პერიოდში.
52. ამავე დრო, დელეგაციას აცნობეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებმა სასაზღვრო ზოლის მიმდებარე, ეგრეთწოდებულ „სასაზღვრო ზონაზე“ წვდომის თვალსაზრისით, ზოგიერთი შეზღუდვა შეარბილეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მხრიდან პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ, რომლებსაც არ შეეძლოთ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში შესვლა. კერძოდ, 2017 წლის 27 იანვარს დე ფაქტო მთავრობამ გააუქმა სპეციალური ნებართვები, რომლებიც საჭირო იყო ეგრეთწოდებულ „სასაზღვრო ზონაში“ შესასვლელად. სხვა შეზღუდვები, მათ შორის ნებართვის მოთხოვნა სასაზღვრო ზოლიდან 100 მეტრის მოშორებით საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელი იყო სარჩოს მოსაპოვებლად, მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალაში დარჩა.
53. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ძლიერ ეწინააღმდეგება ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ ღონისძიებებს და მათ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით, მათი მიმოსვლის თავისუფლებაზე, ასევე საარსებო საშუალებების მოპოვებისა და უსაფრთხოების სუბიექტურ შეფასებაზე. საკითხის წამოყენება რეგულარულად ხდება ჟენევისა და IPRM მოლაპარაკებების ფორმატებში.
54. საერთაშორისო მომხსენებლების შეფასებით, სასაზღვრო ზოლის გასწვრივ დღეში 500-ზე მეტი ადამიანი კვეთს საზღვარს. აქედან 400 ადამიანი კვეთს საზღვარს ოძისი/მოსაბრუნის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ახალგორის მიმართულებით; რეგიონში ძირითადად ცხოვრობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლის ნაწილი 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილების შემდეგ აგრძელებს მიმოსვლას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და საცხოვრებელი ადგილების ტერიტორიებს შორის. საზღვრის გადაკვეთის სტაბილური მაჩვენებლების მიუხედავად, ზოგიერთი მომხსენებელი ამტკიცებდა, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევდა „დროებითად“ და ის კვლავ განაგრძობდა ფუნქციონირებას ახალგორსა და ცხინვალს შორის ჯერ კიდევ რთული სატრანსპორტო კავშირის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, საქონლის წონასთან დაკავშირებული ადრინდელი შეზღუდვა (50 კგ), რომელიც დაწესებული იყო სასაზღვრო ზოლზე გავლისთვის, განსახილველ პერიოდში მოიხსნა.
55. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ „სასაზღვრო“ რეჟიმის სავარაუდო დარღვევები კვლავ იწვევს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ხანმოკლე დაკავებებს, რომლებიც აგრძელებენ დამრღვევი პირებისთვის „ჯარიმების“ დაწესებას. დელეგაციას აცნობეს, რომ ადგილზე დამკვირვებლების მიერ შეიძლებოდა თვეში, სულ მცირე, 10 დაკავების შემთხვევის დადგენა, თუმცა, აფხაზეთის მსგავსად, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი შეიძლება მეტიც იყოს.
56. დელეგაციასთან განხილვისას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ გრძელვადიანი დაკავების პრაქტიკა შეიძლება აღდგეს. ამასთან დაკავშირებით, დელეგაციის წინაშე მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გორიდან იძულებით გადაადგილებული ქართველის ერთი შემთხვევა, რომელიც დააკავეს 2016 წლის ივნისში „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ და 2017 წლის 3 თებერვალს შეუფარდეს 20 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა იმ სავარაუდო დანაშაულების გამო, რომლებიც უკავშირდებოდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს იარაღის „უკანონო ფლობას“. დელეგაციას ასევე აცნობეს, რომ ახლახან გაათავისუფლეს ცხინვალში შედარებით ხანგრძლივი პერიოდით დაკავებული პირი.
57. რაც შეეხება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, დელეგაციას აცნობეს, რომ ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ურიგდებოდა ახალი „ნებართვები", რომლებიც ძალაში იყო სამი წლის განმავლობაში იმ დოკუმენტების სანაცვლოდ, რომლებსაც დიდი ხნის წინ გაუვიდათ ვადა. ითვლებოდა, რომ ეს ზომა გააუმჯობესებდა გადაადგილების თავისუფლებასთან და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებულ მდგომარეობას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება იტყობინებოდა შემთხვევებს, როდესაც „ნებართვები“ გაცემული იყო გაცილებით მოკლე მოქმედების ვადით, სამი თვით. ოჯახის წევრების დაშორება კვლავ მწვავე პრობლემაა ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძოდ, იმის გამო, რომ ყველას არ შეეძლო პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის აღება.
58. იმავდროულად, მედიის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2014 წლის შემდეგ პირველად განაახლა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაზე „პასპორტების“ გაცემა, რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია 9 აპრილისთვის დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან. 2017 წლის 1 მარტს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, თიბილოვმა გამოაცხადა, რომ ადმინისტრაციის პოსტებზე სამუშაოდ შესაძლებელი იყო ადგილობრივი ეთნიკური ქართველების დაქირავება.
59. განსახილველი პერიოდის განმავლობაში, მონაწილეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან და სამხრეთ ოსეთიდან კვლავ აგრძელებდნენ რეგულარულ შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ეუთოს ჟენევის თანათავმჯდომარის თანდასწრებით ერგნეთში, IPRM-ის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების და ინციდენტების განსახილველად. საერთაშორისო თანაფასილიტატორებმა შეაფასეს მონაწილეთა მუდმივი მზადყოფნა, ერთობლივად გადაეჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ცხელი ხაზის ეფექტურად გამოყენების მეშვეობით ინციდენტების ადგილიდან მართვის მიზნით.“
16. საქართველოს კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2018 წლის შემაჯამებელი მოხსენების შესაბამის ნაწილში (ზემოთ ციტირებული) ნათქვამია:
„III.1 მოხსენებები აფხაზეთის შესახებ
III.1.i უსაფრთხოება
35. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შედარებით სტაბილური რჩებოდა, მონიტორინგში ჩართული სხვადასხვა მომხსენებლის ინფორმაციით, დელეგაციას აცნობეს, რომ განსახილველ პერიოდში აფხაზეთში საერთო კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.
36. განსახილველ პერიოდში IPRM, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) გაეროს თანათავმჯდომარის ეგიდით აგრძელებდა რეგულარულ შეხვედრებს გალში, რომელთაგან ყველაზე ბოლო, 53-ე რაუნდი გაიმართა 27 თებერვალს. ყველა მონაწილე აღიარებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული მექანიზმისა და მასთან დაკავშირებული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ინფორმაციის გაცვლის, ნდობისა და წინასწარ განჭვრეტის გაზრდისა და ადგილზე ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საკითხებში.
37. სამწუხაროდ, არანაირი პროგრესი არ იქნა მიღწეული მართლმსაჯულების აღსრულების მხრივ საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2016 წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩას მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან (იხილეთ წინა შემაჯამებელი მოხსენებები). საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციის წინაშე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი კვლავ ძლიერ შეშფოთებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივი ქმედების დაუსჯელობის გამო და განაგრძობდნენ საკითხის განხილვას GID-ისა და IPRM-ის ფორმატებში. მასმედიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში ცნობილმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში (ECtHR) შეიტანა საჩივარი დაზარალებულის ნათესავების სახელით[12] .
III.1.ii მიმოსვლის თავისუფლება
38. მიმოსვლის თავისუფლებაზე ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენდა ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის პროცესი“. დელეგაციის მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი პერიოდი გამოირჩეოდა ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ ღონისძიებების თანდათანობითი გაძლიერებით, რაც გამოვლინდა ახალი მიწაყრილების, თხრილებისა და ახალი სათვალთვალო მოწყობილობების გაჩენით, მათ შორის „გამშვებ პუნქტებში“ და მათ გარშემო, რომლებიც გასულ წელს დაიხურა. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მტკიცე პროტესტს ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ პროცესის წინააღმდეგ და მას მკაცრად გმობს.
39. მდინარე ენგურის მთავარ ხიდზე სასაზღვრო ზოლის საშუალოდ 3000 გადაკვეთა ფიქსირდება დღეში, რაც გასული პერიოდების მაჩვენებელს აღემატება, სავარაუდოდ, სხვა პუნქტების დაკეტვის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მომხსენებლის თქმით, გამშვებ პუნქტებთან მდგომარეობა შედარებით სტაბილური შეიქმნა დე ფაქტო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული უწყებების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების შედეგად, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ზომები არასაკმარისი იყო და რომ მოსახლეობის ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სკოლის მოსწავლეები და საგანგებო სამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციაში მყოფი პაციენტები, ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მეორე გამშვები პუნქტის ფუნქციონირების მიუხედავად, არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მზადება მისი დახურვისთვის.
40. რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას დელეგაციას აცნობეს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გაახანგრძლივა ეგრეთწოდებული „ფორმა N9“[13] -ის გამოყენების ვადა, შესაძლოა იმ მიზეზით, რომ ამ დრომდე გაცემული ეგრეთწოდებული „ბინადრობის ნებართვების“ რაოდენობა მცირე იყო (აგრეთვე, იხილეთ, ნაწილი III.1.iii).
41. ეგრეთწოდებული „ბორდერიზაცია“ და მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვები, საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობასთან ერთად, კვლავ ართულებს წვდომას საარსებო საშუალებებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, ასევე ართულებს ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაკავშირებას. რამდენიმე მომხსენებელმა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს შეხვედრა და გამოთქვეს შეშფოთება, რომ გალის რაიონში არსებული ჰუმანიტარული და ეკონომიკური მდგომარეობა შეზღუდვების მხრივ, პირველ რიგში, და განსაკუთრებით აზარალებდა არა მხოლოდ ეთნიკურ ქართველ მოსახლეობას, არამედ სხვა თემების წევრებსაც.
42. არსებობს ასევე შეშფოთება იმ პირთა დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ბრალი ედებათ საზღვრის გადაკვეთის წესების „დარღვევაში“. პოზიტიურ ნოტაზე დასრულების მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციას აცნობეს ადრე „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის, რომლებსაც შეუფარდეს სასჯელი სხვა ბრალდებებით (იხ., მე-16 შემაჯამებელი მოხსენება), გათავისუფლების შესახებ.
III.1.iii პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
43. ვიზიტის მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის ეთნიკურ ქართველებზე, ეგრეთწოდებული „უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის“ ფარგლებში, გასცა 1500 ცალი ახალი, ეგრეთწოდებული „ბინადრობის ნებართვა“. დელეგაციას აცნობეს, რომ შეტანილ იქნა დაახლოებით 5,000 განაცხადი, თუ შევადარებთ იმ 20,000-ზე მეტ პირს, რომლებსაც 2013 წელს ჩამოართვეს ან გაუუქმეს მათი დე ფაქტო პასპორტები. ზოგიერთი მომხსენებლის თქმით, განაცხადების ნაწილობრივ დამუშავებას სჭირდება დამატებითი დრო უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებით.
44. გარდა ამისა, გალის ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ მიუთითა, რომ დაახლოებით 4,000 პირს არ ჰქონდა ეგრეთწოდებული „უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობის ნებართვის“ მიღების უფლება. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ახლომდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ პერიოდულად კვეთდნენ აფხაზეთის საზღვარს მათი მიწის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლელად.
45. არსებული ინფორმაციით, ამ ახალ „სამართლებრივ სტატუსზე“ მიბმული უფლებებისა და უფლებამოსილებების ფარგლები გაურკვეველი იყო, რაც წარმოშობდა პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით. ქონებრივი უფლებების ეფექტური განხორციელება ქონების გადაცემის ოპერაციების დროს განსაკუთრებით პრობლემურია. დელეგაციას აცნობეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება უახლოეს მომავალში დე ფაქტო კანონმდებლობაში შეეტანა ცვლილებები. თუმცა, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რაც დამატებით გაურკვევლობას წარმოშობს.
46. როგორც იხსენებენ, გაერო ითხოვდა გარანტიებს დაბრუნებულ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა მუდმივ ბინადრობას, მიმოსვლის თავისუფლებას, დაბადების რეგისტრაციას და ქონების საკუთრებას, ხოლო უფრო ზოგადად, ითხოვდა წვდომას პოლიტიკურ უფლებებზე, კანონის წინაშე თანაბარ დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, ჯანდაცვაზე, სამუშაოსა და დასაქმებაზე, განათლებაზე, აზრის, სინდისის და სიტყვის თავისუფლებასა და კულტურული ცხოვრების თავისუფლებაზე.
III.1.iv განათლებაზე წვდომა, მშობლიური ენის და მშობლიურ ენაზე სწავლების ჩათვლით
...
50. დელეგაციის წინაშე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ იმ სკოლის მოსწავლეების მიმოსვლის თავისუფლება, რომლებიც დადიოდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში, პრობლემად დარჩა 2017 წელს ორი „გამშვები პუნქტის“ დახურვის შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დაკავებებს ადგილი არ ჰქონია. ამჟამად, როგორც იტყობინებიან, საზღვარს მხოლოდ 16 ბავშვი კვეთს, რაც, როგორც ჩანს, გაცილებით ნაკლებია წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
III. 2 მოხსენებები სამხრეთ ოსეთზე
51. განსახილველ პერიოდში, სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა ადგილზე დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი მდგომარეობა. უსაფრთხოების დარღვევის ინციდენტების განხილვა გრძელდება ერგნეთში გამართული IPRM-ის დროს და ხდება მათი ეფექტურად მოგვარება შესაბამისი ცხელი ხაზის გააქტიურების მეშვეობით. არსებული ინფორმაციით, IPRM-ის ფარგლებში EUMM-მ დააყენა საკითხი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო/უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული საქმიანობის გაფართოების შესახებ, რის შესახებაც შეიძლება წინასწარი განცხადება გაკეთდეს ცხელი ხაზის მეშვეობით. ამავე დროს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების საერთაშორისო გეგმების შექმნის აუცილებლობას ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარების მიზნით.
52. განსახილველი პერიოდი, სამწუხაროდ, დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ გაგრძელდა ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ ღონისძიებები. იმ 60 კმ-ის გარდა, რომელიც შემოიღობა, კვლავ გამოიყენება მოხნული მიწის ზოლები, როგორც ჩანს, სასაზღვრო ზოლის „დემარკაციის“ მიზნით, როგორც ამას აცხადებენ ის მომხსენებლები, რომლებსაც დელეგაცია შეხვდა. ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ შედეგები, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ასპექტების კუთხით, სამწუხაროდ, გამოიხატა იმაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეძლო თავისუფალი გადაადგილება, არ ჰქონდა წვდომა შემოსავლის წყაროებზე ან არ შეეძლო შეშის შეგროვება ზამთრის პერიოდში, რაც კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
53. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 500 ადამიანი აღირიცხა, რომელიც ყოველდღიურად კვეთს მოსაბრუნი/ოძისის „გამშვებ პუნქტს“ ეთნიკური ქართველებით დასახლებული ახალგორის რაიონისკენ. არსებული ინფორმაციით, ამ გამშვებ პუნქტზე 2018 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს დე ფაქტო საბაჟო. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რომელმაც ეს ზომა გაამართლა სამხრეთ ოსეთში სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტვირთის ნაკადის კონტროლის საჭიროებით, ახალგორის მაცხოვრებლებს შეეძლებოდათ პირადი მოხმარებისთვის ყოველთვე 50 კილოგრამამდე საქონლის (გარდა ხორცისა და რძის პროდუქტებისა) გადატანა. საქონელი, რომლის წონაც ამ ზღვარს აღემატება, დეკლარირდება და ხდება გადასახადის გადახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო პოსტის გახსნა და ის შეაფასა, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგი „უკანონო ნაბიჯი“ და გაავრცელა გაფრთხილება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის გამწვავების შესახებ.
54. დელეგაციას ეცნობა, რომ საზღვრის „უნებართვო“ გადაკვეთასთან დაკავშირებული დაკავებების რაოდენობა, წინა პერიოდებთან შედარებით, უფრო დაბალი იყო, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება და EUMM ფლობს ინფორმაციას მხოლოდ ეთნიკური ქართველების დაკავებების შესახებ, რომლებიც შემდგომ ქართულ მხარეს გადასცეს; თუმცა, გასაგებია, რომ დაზარალებულია ცხინვალში მცხოვრები თემიც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ხანგრძლივად დაკავებულ ქართველთან დაკავშირებული საქმე, რომელიც აღნიშნულია წინა შემაჯამებელ მოხსენებაში, ნოემბერში დადებითად გადაწყდა, რასაც მოჰყვა მისი „შეწყალება“ და გათავისუფლება. ამავე დროს, დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის იძულებითი დაკავების დაწესებულებებში გამოყენებული არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით.
55. სიტუაციის გამწვავების შედეგად, 23 თებერვალს დააკავეს ახალგორის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ბ-ნი არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც მოგვიანებით სამხრეთ ოსეთში პატიმრობაში გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს საქართველოში მოჰყვა დიდი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო გმობა. უფრო მეტიც, დამატებითი შეშფოთება გამოიწვია დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ოჯახისთვის მსხვერპლის სხეულის გადაცემის თითქმის ერთი თვით, 20 მარტამდე გადადების შესახებ, სასამართლო ექსპერტიზის პროცედურების ჩატარების მოტივით. ამავდროულად, მსხვერპლთან ერთად დაკავებული ორი სხვა პირი მხოლოდ 11 მარტს გაათავისუფლეს. GID-ის თანათავმჯდომარეებმა მოითხოვეს საქმის საფუძვლიანი გამოძიება, ასევე თანამშრომლობა შესაბამის მონაწილე მხარეებს შორის, მათ შორის IPRM-ის ფარგლებში. სხვა საერთაშორისო მონაწილე მხარეებმა გააკეთეს მსგავსი მოწოდებები.“
17. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ 2017/08 წლის ანგარიშის შესაბამის ნაწილში, 2017 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (გვ. 172-73) ნათქვამია შემდეგი:
„რუსეთის სამხედრო ძალები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ გადაადგილების შეზღუდვას, ხანმოკლე დროით აკავებდა და აჯარიმებდა ათეულობით ადამიანს საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთისთვის. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების მოწყობა კვლავ უარყოფით გავლენას ახდენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებზე, მათ შორის მუშაობის და სარჩოს მოპოვების უფლებებზე და ცხოვრების სათანადო სტანდარტის ხელმისაწვდომობის უფლებებზე, ბაღჩა-ბოსტნებზე, საძოვრებზე და ფერმერულ მეურნეობებზე წვდომის დაკარგვის გამო.“
18. საქართველოში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაში (ციტირებული ზემოთ) ვკითხულობთ შემდეგს:
„მოადგილეებმა
1. გაიხსენეს 2014 წლის 29 და 30 აპრილის და 2 მაისის (1198-ე შეხვედრა), 2015 წლის 12 მაისის (1227-ე შეხვედრა), 2016 წლის 4 მაისის (1255-ე შეხვედრა) და 2017 წლის 3 მაისის (1285-ე შეხვედრა) გადაწყვეტილებები „ევროპის საბჭოსა და საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით"); გაიხსენეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უდავო მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
2. განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ეგრეთწოდებული ხელშეკრულებების გაფორმება და განხორციელება და რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ საქართველოს, კერძოდ ცხინვალის რეგიონის სამხედრო ნაწილების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანების შესახებ ეგრეთწოდებული ხელშეკრულების რატიფიცირება, ასევე საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ეგრეთწოდებული საბაჟო პუნქტების გახსნა, რომლის მიზანი იყო ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის საბაჟოსთან ინტეგრირება, აფერხებდა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხელს უშლიდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მცდელობას, წარმოადგენდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამატებით დარღვევას და არ გააჩნდა იურიდიული ძალა; გაიმეორეს, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ იმ უკანონო ქმედებას, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებისთვის სტატუსის შეცვლა, მათ შორის, პასპორტების გაცემის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ეგრეთწოდებული სტატუსის შექმნის გზით, არ ჰქონდა სამართლებრივი შედეგი და დამატებით ართულებდა ადგილზე არსებულ მდგომარეობას; რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს პროცესის შეჩერებისა და შემობრუნებისკენ და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მისი ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული, კერძოდ, სამხედრო ძალების გაყვანასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ და მოუწოდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისკენ.
3. განაცხადეს, რომ საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ერთადერთ სუვერენულ სახელმწიფოს თავის რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, კვლავ ხელი ეშლება ამ რეგიონებში კანონიერი იურისდიქციის განხორციელებაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი დაბრკოლებების გამო, მათ შორის მისი სამხედრო ძალის იქ მუდმივი ყოფნის გამო.
4. დიდი წყენა გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ამ პროცესის გამოსწორებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მუდმივი მოწოდებებისა, იგი აგრძელებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების (ABL) გაყოლებით წვეტიანი მესრების და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დაყენებას, რაც ყოფს ოჯახებს და თემებს, არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, ართულებს კონფლიქტის მოგვარებას, რომელშიც მონაწილეობს ორი წევრი სახელმწიფო; გამოთქვეს შეშფოთება, რომ აფხაზეთის მხარის ქართული რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გაყოლებაზე „გამშვები პუნქტების" დახურვა საზიანოა მიმოსვლის თავისუფლებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შემოსავლის წყაროზე წვდომისთვის და კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
5. ხაზი გაუსვეს იმასაც, თუ რა ძალისხმევა გამოიყენა საქართველომ იმისათვის, რომ ჰუმანიტარული საქმიანობის გაძლიერების გზით ჰქონოდა ურთიერთობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან; გამოხატეს მადლიერება ამასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ აღებულ სხვადასხვა ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ რეგიონების მაცხოვრებლებისთვის განათლების შესაძლებლობებისა და უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით; მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, როგორც აშკარა ნიშანს იმისა, რომ საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს გამყოფი ზოლებით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას და მათ შორის ურთიერთობას;
6. გამოთქვეს ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კიდევ უფრო უარესდებოდა, მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ჩათვლით; გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო; გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებითაც, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს კვლავ ჩამორთმეული ჰქონდათ მშობლიურ მხარეში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება;
7. გამოთქვეს ღრმა შეშფოთება საქართველოს სამი მოქალაქის, ბ-ნი არჩილ ტატუნაშვილის, ბ-ნი ლევან კუტაშვილისა და ბ-ნი იოსებ პავლიაშვილის ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაკავებასა და შემდგომში ბ-ნი არჩილ ტატუნაშვილის პატიმრობაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით; დაგმეს ის ფაქტი, რომ მისი ცხედრის გადაცემა გახდა მოლაპარაკების საგანი, რაც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა; გამოთქვეს შეშფოთება ბ-ნი ლევან კუტაშვილისა და ბ-ნი იოსებ პავლიაშვილის მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების გამო, რომლებსაც მნიშვნელოვანი დაყოვნების შემდეგ მიეცათ თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება;
8. გამოთქვეს ღრმა შეშფოთება 2016 წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში უიარაღო ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავეების დაუსჯელობის გამო[14] ;
9. გამოთქვეს შეშფოთება ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სოფელ ერედვში, დევნილთა კუთვნილი, განზრახ დაზიანებული სახლების დანგრევის გამო, რითაც დაირღვა ქონებრივი უფლებები;
10. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები უნდა დაიცვას ყველა შესაბამისმა სახელმწიფომ, რომლებიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მხარეს, აფხაზეთის ქართულ რეგიონებში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ:
- შექმნას პირობები დევნილთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი ქონებრივი უფლებების დაცვისთვის;
- უზრუნველყოს და განახორციელოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლება აფხაზეთის ქართულ რეგიონებში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში;
- მოხსნას ნებისმიერი დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის; შეწყვიტოს პირთა თვითნებური დაკავება, მათ შორის ეგრეთწოდებული „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით და ხელახლა გახსნას „გამშვები პუნქტები“;
- უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ქართული რეგიონების მაცხოვრებლები არ დაექვემდებარონ დისკრიმინაციას არანაირი, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით და ხელი არ შეეშალოთ ქართული პასპორტების ფლობაში;
- გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებები და უზრუნველყოს შემდგომი შესაბამისი ზომების მიღება ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
- თავიდან აიცილოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მდებარე საქართველოს რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემდგომი დაზიანება;
11. ღრმა სინანულს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ არც ადამიანის უფლებათა კომისარს, არც მონიტორინგის ორგანოებს და არც სამდივნოს დელეგაციას, რომელიც ამზადებს გენერალური მდივნის შემაჯამებელ მოხსენებებს, არ მიეცათ საქართველოს აღნიშნულ რეგიონებში შესვლის საშუალება; შესთავაზეს გენერალურ მდივანს ამ მიზნით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოსთან დიალოგში შესვლა; მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, ევროპის საბჭოს ორგანოებისთვის საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობის მიცემა;
12. მოუწოდეს გენერალურ მდივანს, გააგრძელოს საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ თავისი ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებების მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენა“.
19. ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეუთოს რეზოლუცია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ (ციტირებული ზემოთ, პუნქტში 14 ) იგივე სფეროს შეეხება, როგორსაც საქართველოს კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს 2018 წლის 2 მაისის მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, როგორც მოცემულია ზემოთ, მე-18 პუნქტში. ვინაიდან, ისინი ხელმისაწვდომია ინტერნეტში, აქ არ არის განხილული.
საჩივრები
20. მომჩივანმა მთავრობამ თავისი საქმე შემდეგი სახით წარმოადგინა:
„საქართველო სასამართლოს წინაშე ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ორ განცალკევებულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელთაგან თითოეული გულისხმობს კონვენციით გათვალისწინებული მრავალი უფლების განმეორებით და ერთმანეთთან დაკავშირებულ დარღვევას. ორივე ეხება ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, რაც აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე:
a. პირველი ადმინისტრაციული პრაქტიკა არის რუსეთის ხელისუფლების და რუსეთს დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციული „ორგანოების“ (რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო ორგანოები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მიერ წარმოებული პრაქტიკა, რაც გამოიხატებოდა ეთნიკურად ქართველი იმ მშვიდობიანი მოქალაქეების შევიწროებაში, უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაში, რომლებიც ცდილობდნენ გადაეკვეთათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი ან ცხოვრობდნენ მის მახლობლად; ასევე გამოიხატებოდა მათი მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაკავებაში და მათ მიმართ არასათანადო ფიზიკურ მოპყრობაში (რაც ზოგჯერ უთანაბრდებოდა წამებას ან იწვევდა სიკვდილს). ადმინისტრაციული პრაქტიკის მიზანი ან შედეგი არის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ახლოს მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაშინება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ჩამოშორება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ობიექტების, შესაძლებლობების და ადამიანებისგან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შემდგომი იზოლირება და იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო საზოგადოებისგან ოკუპირებული ტერიტორიების „წმენდის“ პროცესის ხელშეწყობა.
i. ეს ადმინისტრაციული პრაქტიკა მოიცავს ისეთი სისტემატური ქმედებების მოდელს, რომელიც არღვევს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებთან (თითოეული ზოლის ორივე მხარეს) ახლოს მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს, კერძოდ, იმ ქმედებით, რომელიც არღვევს მიმოსვლის თავისუფლების უფლებას (1-ლი ოქმის მე-2 მუხლი); თავისუფლების თვითნებური აღკვეთისგან დაცვის უფლებას (მუხლი 5(1)); წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯისგან დაცვის უფლებას (მუხლი 3); სიცოცხლის უფლებას (მუხლი 2); საკუთარი სახლის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას - სახლზე და ნათესავების საფლავებზე წვდომის არქონა (მუხლი 8); განათლების უფლებას (1-ელი ოქმის მე-2 მუხლი); საკუთრების უფლებას (1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი). კონვენციის დარღვევის ასეთი მოდელები კარგად არის განვითარებული, მათ მხარს უჭერენ, ოფიციალურად ხდება მათი შეწყნარება (რა თქმა უნდა, წახალისება) და ამჟამადაც გრძელდება.
ii. ამასთან დაკავშირებით, მომჩივან მთავრობას ასევე მოჰყავს მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 მუხლი (კონვენციით გათვალისწინებული უფლებების გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესება), 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლებისა და მე-4 ოქმის მე-2 მუხლისა და კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.
b. მეორე ადმინისტრაციული პრაქტიკა არის რუსეთის ხელისუფლებისა და დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციების „ხელისუფლების ორგანოების“ პოლიტიკა, დაიცვან დამნაშავეები მართლმსაჯულებისგან ძალადობასთან (ფატალური ძალადობის ჩათვლით) დაკავშირებული იმ მძიმე დანაშაულების გამო, რომლებსაც სჩადიან ის „მესაზღვრეები“ ან „ჩინოვნიკები“, რომელთა ქმედებებზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, კონვენციის შესაბამისად. ეს წარმოადგენს დაუსჯელობის ან დე ფაქტო იმუნიტეტის პრაქტიკას სახელმწიფო ჩინოვნიკების და ამ დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებისთვის. ეს ადმინისტრაციული პრაქტიკა არღვევს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებში გათვალისწინებული გამოძიების ვალდებულებას (მოვალეობას ჩატარდეს ოპერატიული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია დამნაშავის იდენტიფიცირება, მასში ანგარიშვალდებულების გრძნობის გამოწვევა და მისი დასჯა) და ასევე არღვევს კონვენციის მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების გამოყენების უფლება).
ბოლოს, მომჩივანი მთავრობა სთხოვს სასამართლოს განიხილოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და მკვლელობის სამი ინდივიდუალური საქმე:
a. სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, სთხოვენ განიხილოს ეს სამი საქმე, ორი სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის დამაჯერებელი და დეტალური ილუსტრაციისთვის (ანუ ამ პრაქტიკების „საჩვენებელ მაგალითებად“ დემონსტრირების მიზნით).
b. თუმცა, სასამართლოს ასევე სთხოვენ განიხილოს ეს სამი საქმე, როგორც ინდივიდუალური დარღვევები, რომლებიც მოითხოვს კონკრეტულ დასკვნას და სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭებას.
i. სამივე შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო ვალდებულებების დარღვევა უტოლდება კონვენციის მე-2 და მე-3 და მე-13 მუხლის უწყვეტად დარღვევას, ხოლო სასამართლოს სთხოვენ დასკვნის გაკეთებას.
ii. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლოს დამატებით სთხოვენ დასკვნის გაკეთებას კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლებისა და მე-4 ოქმის მე-2 მუხლის არსებით დარღვევასთან დაკავშირებით.“
კანონმდებლობა
I. წინასწარი საკითხები
21. მომჩივანმა მთავრობამ სასამართლოს სთხოვა განეხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები არა მხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციის კონტექსტში, არამედ კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის კონტექსტში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საქმეები ასევე წარმოადგენს განხილვის პროცესში არსებული ინდივიდუალური საჩივრების საგანს (საქმე N.G. and N.B. v. Russia, no. 44677/21; საქმე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, no. 3963/18; და საქმე „ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“, no. 41776/18). ერთ-ერთი მათგანის შესახებ შეტყობინება უკვე გადაეცა მოპასუხე მთავრობას და მომჩივანი მთავრობა ჩაერია მესამე მხარის სახით კონვენციის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად (საქმე „მატკავა და სხვები“, ციტირებული ზემოთ). შესაბამისად, ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში სასამართლო განიხილავს მხოლოდ ბრალდებებს ადმინისტრაციული პრაქტიკების ჭრილში და ითვალისწინებს სამ ინდივიდუალურ საქმეს ამ პრაქტიკების სავარაუდო ილუსტრაციების სახით (იხილეთ საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) [GC], no. 13255/07, პუნქტი 128, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2014 (ამონარიდები)).
22 . რაც შეეხება საქმის განხილვას დროის ჭრილში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი მთავრობა ჩიოდა, არსებითად, ზემოთ 12 პუნქტში განსაზღვრული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ეს პროცესი დაიწყო 2009 წელს. ამიტომ, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მთავრობას იმაში, რომ 2009 წლამდე მომხდარი არც ერთი მოვლენა არ უნდა იყოს გათვალისწინებული სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკების ილუსტრაციების სახით.
23 . ბოლოს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 16 სექტემბრიდან აღარ არის კონვენციის მხარე (იხილეთ, ზემოთ, პუნქტი 7 ), სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას აქვს იურისდიქცია განიხილოს მომჩივანი მთავრობის საჩივრები, რამდენადაც ისინი ეხება ამ თარიღამდე მომხდარ ფაქტებს (იხილეთ, საქმე Fedotova and Others v Russia [GC], nos. 40792/10 და 2 სხვა, პუნქტები 68-73, 17 იანვარი, 2023, და საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia (dec.) [GC], nos. 8019/16 და 2 სხვა, 2023 წლის 25 იანვარი).
II. ნამდვილი საჩივრის სავარაუდო არარსებობა
A. მხარეთა არგუმენტები
24. მოპასუხე მთავრობის არგუმენტით მომჩივანი მთავრობის ნამდვილი მიზანი არ იყო კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების დაყენება, არამედ, მისი მიზანი იყო ზოგად საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. მთავრობის არგუმენტით, სასამართლოს წინაშე ასეთი შეკითხვების დასმა ადასტურებდა მომჩივანი მთავრობის მხრიდან კეთილსინდისიერების ნაკლებობას და წარმოადგენდა პროცესის ბოროტად გამოყენებას.
25. მომჩივანი მთავრობა არ დაეთანხმა რაიმე დამატებითი დეტალის მოყვანის გარეშე.
B. სასამართლოს შეფასება
26. ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით, 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტი სასამართლოს უფლებას აძლევს, დაუშვებლად ცნოს 34-ე მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივარი იმ მოტივით, რომ ის წარმოადგენს ინდივიდუალური საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას. არ არსებობის რაიმე ასეთი დებულება კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივრებთან მიმართებით. კონკრეტული დებულების არარსებობის შემთხვევაში, კონვენციის ან საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხედვით, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში უკვე დადგენილ, არსებულ კრიტერიუმს მიღმა, არცერთი ზოგადი, აუცილებლად გასათვალისწინებელი მოთხოვნა სახელმწიფოთაშორისი საჩივრების მისაღებობის მიმართ არ განსაზღვრულა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ საჩივარს „არ უნდა აკლდეს ნამდვილი ბრალდებების მიმართ მოთხოვნები“ (მაგალითისთვის, იხილეთ საქმე Ukraine v.Russia (re Crimea) (dec.) [GC], nos. 20958/14 და 38334/18, პუნქტი 269, 16 დეკემბერი, 2020, და საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia, ციტირებული ზემოთ, პუნქტი 492). სასამართლო არ მიიჩნევს, რომ არსებობს რაიმე საფუძველი ასეთი მოთხოვნის შემოღებისთვის.
27. განსახილველ საქმეში, სასამართლოს სთხოვენ გადაწყვეტილების გამოტანას „ბორდერიზაციის“ პროცესის სხვადასხვა შედეგთან დაკავშირებით იმ ეთნიკური ქართველების უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში და მის ოქმებში, რომლებიც ცდილობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გადაკვეთას, ან რომლებიც ცხოვრობენ მათ მახლობლად ორივე მხარეს, ან რომელიმე ასეთი დარღვევის შედეგად დაზარალებული პირი ექცევა თუ არა მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხები ჭეშმარიტად სამართლებრივი საკითხებია და წარმოშობს კითხვებს კონვენციის მიხედვით.
28. სასამართლო აცნობიერებს, რომ ამ საკითხებს უდავოდ გააჩნია პოლიტიკური ასპექტები. თუმცა, მხოლოდ ეს ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ჩამოერთვას სამართლებრივი თვისება. მართლაც, სასამართლოს არასოდეს უთქვამს უარი მის წინაშე წარდგენილ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური ქვეტექსტი. განსახილველ საქმეში, ნებისმიერი ასეთი ქვეტექსტი სასამართლოს ვერ წაართმევს იმ კომპეტენციას, რომელიც კონვენციის მე-19 მუხლით მას ცალსახად ენიჭება. ამ საკითხებზე სასამართლოს აღიარება სრულად შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას, რომ უზრუნველყოს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციასა და მის ოქმებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება (იხილეთ, საქმე Ukraine v. Russia (re Crimea), ციტირებული ზემოთ, პუნქტები 272 -74 და მასში ციტირებული წყაროები).
29. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ წინამდებარე საჩივარი შეიძლება უარყოფილი იყოს იმის გამო, რომ მასში არ არის გათვალისწინებული მოთხოვნები ნამდვილი საჩივრის მიმართ კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად და არ ითვალისწინებს მოპასუხე მთავრობის შეწინააღმდეგებას ამ პუნქტის მიხედვით.
III. მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქცია იმ მოვლენებთან მიმართებით, რომლებზეც იჩივლა მომჩივანმა მთავრობამ
30. კონვენციის 1-ლ მუხლში ვკითხულობთ:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ [ამ კონვენციის] I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“
31. იმისთვის, რომ სავარაუდო დარღვევა მოექცეს მე-19 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში, რათა „უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების დაცვა“, პირველ რიგში უნდა ჩანდეს, რომ იგი ექცევა მაღალი ხელშემკვრელი მხარის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქციის ფარგლებში. ამ მიზეზის გამო, სასამართლომ 1-ლი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია დაახასიათა, როგორც ზღვრული კრიტერიუმი (იხილეთ, საქმე Ilaşcu and Others, ციტირებული ზემოთ, პუნქტი 311; საქმე Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, პუნქტი 130, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2011; ხოლო ყველაზე ბოლოს, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), ციტირებული ზემოთ, პუნქტი 129). თავის ბოლო განჩინებაში საქმეზე Ukraine v. Russia (re Crimea) (ციტირებული ზემოთ, პუნქტი 264), მან განმარტა, რომ ის საკითხი, განეკუთვნებოდა თუ არა საქმე მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციას, იყო საკითხი, რომელიც უნდა განისაზღვროს იქამდე, სანამ გაკეთდება ბრალდებების არსებითი მხარის რაიმე შეფასება (ასევე, იხილეთ საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia, ციტირებული ზემოთ, პუნქტი 506). 1-ლი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქციის არსებობის დადგენა სულაც არ განისაზღვრება საქმის არსებითი მხარით და ამიტომ, არ არის აუცილებელი მისი დადგენა საქმისწარმოების არსებითად განხილვის ეტაპზე. არაფერი უშლის ხელს სასამართლოს, რომ უკვე ამ წინასწარ (მისაღებობის) ეტაპზე დაადგინოს, განეკუთვნება თუ არა მომჩივანი მთავრობის მიერ გასაჩივრებული საკითხები მოპასუხე მთავრობის იურისდიქციას (იქვე, პარაგრაფი 507).
A. მხარეთა არგუმენტები
1. მოპასუხე მთავრობა
32. მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, რომ, პრინციპულად, სახელმწიფოს იურისდიქცია, კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით, ეფუძნებოდა ტერიტორიის პრინციპს და არ სცილდებოდა მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ ტერიტორიას, თუ ის ნებაყოფლობით არ გაფართოვდება ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის 56-ე მუხლის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, ის არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული სამართლის მიმართულებას საქმის Al-Skeini მიხედვით, რომელმაც, მისი აზრით, უგულებელყო კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების სუვერენული უფლება იმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, უნდა გამოყენებულიყო თუ არა და როგორ უნდა გამოყენებულიყო კონვენციის დებულებები მათი მეტროპოლიის მიღმა.
33. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოების მოქმედებებზე. ამასთან დაკავშირებით, მან წარმოადგინა არგუმენტი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) პრეცედენტული სამართლის საფუძველზე; კერძოდ, სამხედრო და გასამხედროებული საქმიანობა ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ (საქმე Nicaragua v. United States of America) )[15] და გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის გამოყენება (საქმე Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro)[16] , როდესაც ეს უკანასკნელი მიუთითებდა საერთაშორისო სამართლის კომისიის მუხლებზე სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო არამართლზომიერ ქმედებებთან დაკავშირებით[17] , კერძოდ, მის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ მართული ან კონტროლირებადი პირების ან პირთა ჯგუფების ქმედებების დადგენას.
34. ამ მიზეზების გამო, მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმე არ შედიოდა სასამართლოს განსჯადობის (ratione loci) ფარგლებში.
2. მომჩივანი მთავრობა
35. მომჩივანმა მთავრობამ მიუთითა სასამართლოს დასკვნაზე საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) (ციტირებული ზემოთ), რომ რუსეთის ფედერაცია „ფაქტობრივად აკონტროლებდა“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე (პარაგრაფები 298-99). ვინაიდან გარემოებების არსებით ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ „ფაქტობრივად აკონტროლებდა“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და რომ წინამდებარე საქმეში კონვენციის სავარაუდო დარღვევების შედეგად დაზარალებულები ექცეოდნენ მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციაში.
36. მომჩივანმა მთავრობამ „იურისდიქციის“ საფუძვლად ასევე გამოიყენა „სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილება და კონტროლი“ კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, „ფაქტობრივი კონტროლის“ საფუძველთან ერთად, დამატებითი დეტალების მოყვანის გარეშე.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
37. კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, იურისდიქციასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Al-Skeini and Others (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 130-142) და ხელახლა იქნა შეჯამებული საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 81).
2. გამოყენება წინამდებარე საქმის მიმართ
38. იურისდიქციასთან დაკავშირებით მოპასუხე მთავრობის არგუმენტები არსებითად იგივეა, რაც მოპასუხე მთავრობის მიერ წინასწარ წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის, საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) ((dec.), no. 38263/08, პარაგრაფი 61, 13 დეკემბერი, 2011), ასევე ის არგუმენტები, რომლებიც ნიდერლანდების მთავრობამ მოიყვანა საქმეში Jaloud v. the Netherlands ([GC], no. 47708/08, ECHR, 2014).
39. საქმეში Al-Skeini and Others (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 140), ექსტრატერიტორიული იურისდიქციის „ფაქტობრივი კონტროლის“ კონტექსტში, კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„140. იურისდიქციის ზემოთ მოცემული „ფაქტობრივი კონტროლის“ პრინციპი არ ანაცვლებს კონვენციის 56-ე მუხლით (ყოფილი 63-ე მუხლი) გათვალისწინებულ განცხადებებს, რომელიც სახელმწიფოებმა კონვენციის შემუშავებისას გამოიყენეს საზღვარგარეთის იმ ტერიტორიების მიმართ, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისინი იყვნენ პასუხისმგებელი. 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს გადაწყვიტოს კონვენციის გავრცელება „ადგილობრივი მოთხოვნების... სათანადო გათვალისწინებით“ იმ ყველა ან რომელიმე ტერიტორიის მიმართ, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი. ამ მექანიზმის არსებობა, რომელიც კონვენციაში ისტორიული მიზეზების გამო შეიტანეს, თანამედროვე პირობებში ვერ იქნება განმარტებული ისე, თითქოს ის ზღუდავს 1-ლ მუხლში ტერმინის „იურისდიქცია“ მოქმედებს სფეროს. სიტუაციები, რომლებზეც ვრცელდება „ფაქტობრივი კონტროლის“ პრინციპი აშკარად განცალკევებული და განსხვავებულია იმ გარემოებებისგან, როდესაც ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, 56-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადების საფუძველზე, არ განავრცო კონვენციის ან მისი რომელიმე ოქმის მოქმედება საზღვარგარეთ მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი....“
40 . მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დამყარებული იმ არგუმენტების საპასუხოდ, რომლებიც ეხება გასაჩივრებულ ქმედებებთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფოს საერთაშორისო საჯარო სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, სასამართლომ, საქმეში Jaloud (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 154), განაცხადა შემდეგი:
„...კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით „იურისდიქციის“ არსებობის დადგენის ტესტი არასოდეს არ ყოფილა გათანაბრებული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო არამართლზომიერი ქმედებებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენის ტესტთან“.
41. სასამართლომ ეს პრინციპი ასევე მოიყვანა საქმეში Catan and Others v. the Republic of Moldova and Russia ([GC], nos. 43370/04 და 2 სხვა, პარაგრაფი 115, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2012 (ამონარიდები)) და გაიმეორა საქმეში Mozer v. the Republic of Moldova and Russia ([GC], no. 11138/10, პარაგრაფი 102, 23 თებერვალი, 2016):
„რუსეთის მთავრობამ წარმოადგინა არგუმენტი, რომელიც ემყარებოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბოსნიის გენოციდის საქმეს, როგორც მან ეს გააკეთა საქმეში Catan and Others (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 96) და საქმეში Nicaragua v. the United States of America..., რომელიც იყო იმ პრეცედენტული სამართლის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში Catan and Others (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 76). ამ საქმეებში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ინტერესი იყო იმის დადგენა, თუ როდის შეიძლება მიეწეროს ადამიანთა ჯგუფის ქმედება სახელმწიფოს და რის საფუძველზე შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, წინამდებარე საქმეში, სასამართლო იმეორებს, რომ ის დაინტერესებულია სხვა საკითხით, კერძოდ, მომჩივნის მიერ გასაჩივრებული ფაქტები განეკუთვნება თუ არა მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციას, კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. როგორც სასამართლომ უკვე დაადგინა, კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, „იურისდიქციის“ არსებობის დადგენის ტესტი არასოდეს არ ყოფილა გათანაბრებული საერთაშორისო სამართლის მიხედვით საერთაშორისო არამართლზომიერი ქმედებებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენის ტესტთან (იხილეთ ... Catan and Others, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 115).”
42. სასამართლომ საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” (II) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 162) დაამატა, რომ საკითხი იმის შესახებ, ექცევა თუ არა მომჩივანი მთავრობის მიერ გასაჩივრებული ფაქტები მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში და ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ცალკე საკითხებია; ეს ორი უკანასკნელი უნდა დადგინდეს საქმის არსებითი განხილვის დროს.
43. წინამდებარე საქმეში სასამართლო არ პოულობს ზემოთ მოცემულ პარაგრაფებში 39-42 აღწერილი პრეცედენტული სამართლისგან გადახვევის საფუძველს.
44. კერძოდ, რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, სასამართლომ საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” (II) (ციტირებული ზემოთ), დაადგინა, რომ რუსეთის ყოფნის მყარი საფუძველი და დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, ვისზეც იყო დამოკიდებული მათი გადარჩენა, მიუთითებდა, რომ ამ ორ სეპარატისტულ რეგიონზე „ფაქტობრივი კონტროლი“ მაინც გაგრძელდა, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე (იქვე, პარაგრაფები 162-75 და 299). საპირისპიროს შესახებ რაიმე ახალი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა კვლავ ძალაში რჩება.
45. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში, კონვენციის სავარაუდო დარღვევების შედეგად დაზარალებული პირები ექცევიან რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით მოპასუხე მთავრობის შეწინააღმდეგება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოყენება
A. მხარეთა არგუმენტები
1. მოპასუხე მთავრობა
46. მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკების შედეგად დაზარალებულ პირებს ბოლომდე უნდა გამოეყენებინათ არსებული სამართლებრივი საშუალებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან დაკავშირებით, მან მიუთითა სასამართლოს დასკვნაზე საქმეში Demopoulos and Others v. Turkey ((dec.) [GC], nos. 46113/99 და 7 სხვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2010), რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „სახელმწიფოს“ ლეგიტიმურობის აღიარების საკითხსა და კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებას შორის არ იყო პირდაპირი ან ავტომატური ურთიერთკავშირი. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე მთავრობამ წარმოადგინა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის სამართლებრივი სისტემის მიმოხილვა.
47. მოპასუხე მთავრობამ დაამატა, რომ თუ მომჩივანი მთავრობა მიიჩნევდა, რომ კონვენციის შესაბამისი დებულებები რეალურად დაარღვია რუსეთის ხელისუფლებამ, აუცილებელი იყო რუსული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება; თუმცა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან არ მიუღია არანაირი ოფიციალური საჩივარი ან მოთხოვნა ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ. ნაცვლად ამისა, მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები „რუსული ოკუპაციის“ თემაზე გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე [ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით], რაც არ [იყო] სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების ბოლომდე გამოყენება“.
2. მომჩივანი მთავრობა
48. მომჩივანი მთავრობა ამტკიცებდა, რომ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოყენების წესი არ გამოიყენებოდა კონვენციის პირობების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებული ბრალდებების მიმართ, რომლებიც წარადგინეს წინამდებარე საქმეში. ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად ამოწურვის წესის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მოპასუხე მთავრობამ ვერ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის ქმედითი და ეფექტური საშუალებები.
B. სასამართლოს შეფასება
49. სასამართლო იმეორებს, რომ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესი, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლ პუნქტში, სახელმწიფოს მიმართ საჩივრებზე (მუხლი 33) ისევე გამოიყენება, როგორც „ინდივიდუალურ“ საჩივრებზე (მუხლი 34), როდესაც მომჩივანი სახელმწიფო მხოლოდ გმობს დარღვევას ან დარღვევებს, რომლებიც სავარაუდოდ განხორციელდა იმ „პირების“ მიმართ, რომელთა ადგილსაც, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო იკავებს. მეორე მხრივ და პრინციპულად, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი სახელმწიფო ჩივის პრაქტიკასთან, როგორც ასეთთან, დაკავშირებით მისი გაგრძელების ან განმეორების თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ არ სთხოვს სასამართლოს მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულ იმ საქმესთან მიმართებით, რომელიც წარმოდგენილია ამ პრაქტიკის დასადასტურებლად ან საილუსტრაციოდ (იხილეთ საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) (dec.), no.13255/07, პარაგრაფი 40, 30 ივნისი, 2009; Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი, 1978, პარაგრაფი 159, სერია A no. 25; და Denmark v. Turkey (dec.), no. 34382/97, 8 ივნისი, 1999). სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეში ის განიხილავს მხოლოდ დარღვევების ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ ბრალდებებს (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 21). ამრიგად, წინამდებარე საქმე განეკუთვნება ამ უკანასკნელ სახელმწიფოთაშორისი საქმეების ტიპს.
50. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესი არ გამოიყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ და არ აკმაყოფილებს მოპასუხე მთავრობის შედავებას დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოუყენებლობის თაობაზე.
V. კონვენციასთან შეუთავსებელი ადმინისტრაციული პრაქტიკების სავარაუდო არსებობა
A. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი მთავრობა
51. მომჩივანი მთავრობა ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოთაშორისი საქმის მისაღებობის დადგენის ეტაპზე, რომლის დროსაც გამოიკვეთა სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, საჭირო იყო მხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის პირველადი მტკიცებულების უზრუნველყოფა. მისი ბრალდებების მხარდასაჭერად, მომჩივანმა მთავრობამ მოიშველია სხვადასხვა მტკიცებულება, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებული იყო ათასობით ინციდენტი და დაზარალებულ პირთა სახელები და გვარები, მათი დაკავების ადგილი და თარიღი, მათი გათავისუფლების თარიღი და მათი დაბადების თარიღი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებულ ინციდენტებს შორის იყო: (a) დავით ბაშარულის გაუჩინარება და სიკვდილი (სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, რომელიც 2014 წლის 4 ივნისს, ქურდობაში ეჭვმიტანილის სახით დააკავა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პოლიციამ და რომელიც 2015 წლის 4 იანვრამდე აღარ უნახავთ, სანამ მისი ცხედარი არ იპოვეს სამხრეთ ოსეთში, ტყეში ხეზე ჩამოკიდებული; მომჩივანი მთავრობის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას სხეულზე აღენიშნებოდა ცემის კვალი); (b) გიგა ოთხოზორიას სიკვდილი (ეთნიკურად ქართველი, რომელსაც უარი უთხრეს აფხაზეთში შესვლაზე და რომელსაც შემდეგ გამოედევნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „მესაზღვრე“ და მოკლულ იქნა მის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2016 წლის 19 მაისს); (c) არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი (ეთნიკურად ქართველი, რომელიც დააკავეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა“, როდესაც ის ცდილობდა ამ სეპარატისტულ რეგიონში შესვლას; იგი დაკითხეს 2008 წლის კონფლიქტში მისი მონაწილეობის შესახებ და, მომჩივანი მთავრობის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წამებით მოკლეს); (d) კიდევ სამი ეთნიკური ქართველის სავარაუდო მკვლელობა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველის გულის შეტევით გარდაცვალება (სავარაუდოდ, ამ პირის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, თუ მას საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის უფლებას მისცემდნენ); (e) აფხაზეთში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ორმოცდათორმეტი შემთხვევა და სამხრეთ ოსეთში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შვიდი შემთხვევა „ბორდერიზაციის“ პროცესის დაწყებიდან (უფრო ზუსტად, 2009 წელს ერთი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში; 2010 წელს ორი შემთხვევა აფხაზეთში; 2011 წელს ოთხი შემთხვევა აფხაზეთში; 2012 წელს ექვსი შემთხვევა აფხაზეთში; 2013 წელს ცამეტი შემთხვევა აფხაზეთში; 2014 წელს რვა შემთხვევა აფხაზეთში; 2015 წელს თერთმეტი შემთხვევა აფხაზეთში; 2016 წელს ორი შემთხვევა აფხაზეთში და სამი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში; 2017 წელს სამი შემთხვევა აფხაზეთში და ერთი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში; 2018 წელს ერთი შემთხვევა აფხაზეთში; 2019 წელს ერთი შემთხვევა აფხაზეთში და ორი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში; 2020 წელს შემთხვევები არ დაფიქსირებულა; ხოლო 2021 წელს ერთი შემთხვევა აფხაზეთში); და (f) რუსეთის ან სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ეთნიკური ქართველების დაკავების მრავალი შემთხვევა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის „უკანონოდ გადაკვეთის“ გამო („ბორდერიზაციის პროცესის“ დაწყებიდან, თითოეულ რეგიონში ათასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა). მომჩივანმა მთავრობამ ასევე მოიშველია ზემოთ, მე- 14 პარაგრაფში აღნიშნული საერთაშორისო მასალები და ახალი ამბების შესახებ მოხსენებები. მომჩივანმა მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის მზად იყო წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით და რომ ამ ინციდენტებთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ასევე შეიძლებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან. რაც შეეხება დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებს, რომლებიც გამოყენებული იყო საილუსტრაციოდ, მთავრობამ უზრუნველყო მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოთვალის კამერის ჩანაწერები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. მთავრობის თქმით, ამ ინციდენტების გამაერთიანებელი მთავარი ელემენტები, რომლებმაც მას მოდელის სახე მისცა და გაუთანაბრა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, იყო: (a) გამოყენებული მეთოდების თანამიმდევრულობა და თანმხლები გარემოებები: (b) ადგილმდებარეობისა და კონტექსტის თანხვედრა; (c) საერთო მოტივი ან მიზანი; (d) სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულების მიმართ ტოლერანტობის მტკიცებულება; და (e) დაუსჯელობის კულტურა.
52. ბოლოს, მომჩივანი მთავრობის არგუმენტით, რუსეთის მთავრობას არ შეეძლო ხელი შეეშალა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის შესაბამის ტერიტორიაზე წვდომის მოპოვებაში და, ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ მის მიერ პირდაპირი მტკიცებულებების წარუდგენლობამ საჩივარი მიუღებელი გახადა.
2. მოპასუხე მთავრობა
53. მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანი მთავრობის ბრალდებები ადმინისტრაციული პრაქტიკის თაობაზე იყო ბუნდოვანი და გაურკვეველი, რადგან სავარაუდო დაზარალებული პირები, დამრღვევი პირები და სავარაუდო მოვლენების თარიღები ყოველთვის არ იყო ნათლად გამოკვეთილი. ამის გარდა, ისინი არ იყო გამყარებული სავარაუდო დაზარალებული პირებისგან მიღებული სათანადო პირველადი მტკიცებულებებით. მთავრობის არგუმენტით, ამ მიზეზით საჩივარში ვერ გაითვალისწინეს საკმარისი მტკიცებულებები სასამართლო საქმის აღძვრის შესახებ კონვენციის სავარაუდო დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. მან უარყო, რომ არსებობდა პირველადი მტკიცებულებები „ქმედებების გამეორებასთან“ ან „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობასთან“ დაკავშირებით და სასამართლოს შესთავაზა, რომ საჩივარი გამოეცხადებინა მიუღებლად ან განეხორციელებინა თითოეული ინციდენტის საფუძვლიანი გამოკვლევა და მოეხდინა სახელმწიფოთაშორისი საჩივრების განცალკევება.
54. დავით ბაშარულის საქმესთან დაკავშირებით, მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება და დაასკვნა, რომ ის არ მოუკლავთ. ანალოგიურად, ის ამტკიცებდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეფექტური გამოძიების ჩატარება გიგა ოთხოზორიას საქმეზე, რადგან მას არ ჰქონდა წვდომა დანაშაულის ჩადენის ადგილთან, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა მისი სისხლის სამართლის საქმის მასალის დამოწმებული ასლი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ საქმის Ukraine v. Russia (re Crimea) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 399) შესაბამისად, საილუსტრაციო საქმეები, რომლებიც მოიხსენია მომჩივანმა მთავრობამ, არ იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი იმისათვის, რომ ჩათვლილიყო „ადმინისტრაციულ პრაქტიკად“.
55. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დოკუმენტებსა და ახსნა-განმარტებებს, მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ ისინი იყო არასრული და მიკერძოებული. მოპასუხე მთავრობა ასევე შეეწინააღმდეგა მტკიცებულებებში მასმედიიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებას (თუნდაც ეს ყოფილიყო ერთადერთი მტკიცებულება). ბოლოს, მან გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მასალა, როგორც ბუნდოვანი. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე მთავრობამ განაცხადა:
„აი რა საერთო აქვთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ამ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსდება საინფორმაციო სფეროში აშკარად ანტირუსული ორიენტაციის მქონე წყაროებიდან; ანტირუსული რიტორიკის ტალღა სუფევს თითქოსდა დამოუკიდებელ ხმებს შორის, რომლებიც ცდილობენ იმ ფაქტის გამოყენებას, რომ ინფორმაციის გაჯერება უხვი წყაროებით ამარტივებს ამ ინფორმაციის დამაჯერებლობას; ზოგადად ანტაგონისტური დასკვნები, რომლებიც ემყარება ადამიანის უფლებების დარღვევების დაუზუსტებელ, ბუნდოვან ბრალდებებს იმის მითითების გარეშე, ვინ შეაგროვა ასეთი მონაცემები, რა კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, სად შეგროვდა ისინი, როდის და ვინ წარმოადგინა ისინი.“
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
56. წინამდებარე საქმის სამართლებრივი საფუძვლისა და მტკიცებულებათა სირთულეების გათვალისწინებით, სასამართლო დასაწყისშივე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ მიდგომის ჩამოყალიბებას, რომელსაც ის გამოიყენებს მტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ (როგორც მტკიცების ტვირთის, ისე მტკიცების სტანდარტის მხრივ), საქმისწარმოების ამ ეტაპზე გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორის საქმეში, რომელიც, როგორც წინამდებარე საქმე, ეხება „ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან“ დაკავშირებულ ბრალდებებს, რადგან სასამართლო თითქმის შეუქცევადად აწყდება იგივე სირთულეებს მტკიცებულებების დადგენისა და შეფასების მხრივ, როგორც ნებისმიერი პირველი ინსტანციის სასამართლო. მტკიცების ტვირთთან დაკავშირებული შესაბამისი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Ukraine v. Russia (re Crimea) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 255-57) შემდეგი სახით:
„255. სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც სამართლის ზოგადი პრინციპი, მტკიცების თავდაპირველი ტვირთი ბრალდებასთან მიმართებით ეკისრება იმ მხარეს, რომელიც წარმოადგენს მოცემულ ბრალდებას (მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, რომელიც უარყოფს (affirmanti incumbit probatio); მაგალითად, იხილეთ საქმე Nolan and K. v. Russia, no. 2512/04, პარაგრაფი 69, 12 თებერვალი, 2009 და საქმე Makhmudov v. Russia, no.35082/04, პარაგრაფი 68, 26 ივლისი, 2007).
256. ამასთან, სასამართლომ ასევე აღიარა, რომ ამ პრინციპის ზედმიწევნით გამოყენება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ განსახილველი მოვლენები, მთლიანად ან მეტწილად ცნობილია ექსკლუზიურად მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებისთვის (იხილეთ საქმე Baka v. Hungary [GC], no. 20261/12, პარაგრაფი 143 in fine, 23 ივნისი, 2016 და მასში ციტირებული მაგალითები, კონვენციის სხვადასხვა არსებით მუხლთან დაკავშირებით, როდესაც მხოლოდ მოპასუხე მთავრობას აქვს წვდომა იმ ინფორმაციასთან, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან გააქარწყლოს მომჩივნის ბრალდებები). ასეთ გარემოებებში სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცების ტვირთი შეიძლება მოპასუხე მთავრობას დაეკისროს იმისათვის, რომ წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება. ასეთი ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დასკვნები, რომლებიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მოპასუხე მთავრობისთვის. ამგვარად, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს შეთანხმებული დასკვნები, რომლებიც ამყარებენ მომჩივნის ბრალდებებს (იხილეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, პარაგრაფები 152-53, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2012; საქმე Hassan v. the United Kingdom [GC], no. 29750/09, პარაგრაფი 49, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014; და საქმე Al Nashiri v. Romania, no. 33234/12, პარაგრაფი 493, 31 მაისი, 2018). კერძოდ, სახელმწიფოთაშორისი საქმეების კონტექსტში, სასამართლომ დიდი ხნის წინ დაადგინა, რომ შეიძლება იყოს გათვალისწინებული მხარეთა ქცევა მტკიცებულებების მოპოვებისას (იხილეთ საქმე Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი, 1978, პარაგრაფი 161, სერია A no. 25).
257. ეს მიდგომა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლოს წინაშე არსებული საქმისწარმოებისას არ არსებობს მტკიცებულებათა მისაღებობის არანაირი პროცესუალური ბარიერი ან მისი შეფასების წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლები. ის იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, ისეთი დასკვნების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით (proprio motu) მოპოვებული მასალიდან. დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს საკმარისად მტკიცე, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნების ან ფაქტის ანალოგიურად შეურყეველი პრეზუმფციების თანაარსებობაზე. ამის გარდა, კონკრეტული დასკვნის გამოტანისთვის საჭირო დარწმუნების დონე და, ამასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთის განაწილება, დაკავშირებულია კონკრეტულ ფაქტებთან, ბრალდების ხასიათთან და კონვენციით გათვალისწინებულ უფლებასთან, რომელიც შესაძლებელია დაირღვეს. საერთაშორისო დამკვირვებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის მოხსენებები ან განცხადებები, ან სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სასამართლოების განჩინებები ხშირად მხედველობაში მიიღება იმისათვის, რომ ფაქტებს მოეფინოს მეტი ნათელი ან გამყარდეს სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება იმ განჩინებას, რომლითაც ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაარღვია ძირითადი უფლებები (იხილეთ საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, პარაგრაფი 317, 28 ნოემბერი, 2017; საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) [GC], no. 13255/07, პარაგრაფი 94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2014; საქმე El‑Masri, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 151 და 213; და საქმე Creangă v. Romania [GC], no. 29226/03, პარაგრაფი 88, 23 თებერვალი, 2012, და მასში ციტირებული საქმეები).”
57. „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ მნიშვნელობა, როგორც ცნებისა, მოცემული იყო საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 122-24) შემდეგი სახით:
„122. ...ადმინისტრაციული პრაქტიკა მოიცავს ორ ელემენტს: „ქმედებების გამეორება“ და „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობა“ (იხილეთ საქმე France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey, nos. 9940‑9944/82, კომისიის 1983 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 19, DR 35, და საქმე Cyprus v. Turkey [[GC], no. 25781/94], პარაგრაფი 99 [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-IV]).
123. რაც შეეხება „ქმედებების განმეორებას“, სასამართლო მათ ახასიათებს, როგორც „იდენტური ან ანალოგიური დარღვევების ერთობლიობას, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებულია იმისათვის, რომ არ მოხდეს ინციდენტების ან გამონაკლისების გამოცალკევება, არამედ შეიკრას ერთ ნიმუშად ან სისტემად“ (იხილეთ საქმე Ireland v. the United Kingdom, [18 იანვარი, 1978], პარაგრაფი 159 [სერია A no. 25] და საქმე Cyprus v. Turkey, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 115).
124. „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობაში“ იგულისხმება, რომ „უკანონო ქმედებები შეწყნარებულია იმ მხრივ, რომ უშუალოდ პასუხისმგებელი პირების ზედამხედველები, მიუხედავად ამ ქმედებების გაცნობიერებისა, არ იღებენ ზომებს მათ დასასჯელად ან მათი განმეორების აღსაკვეთად; ან რომ ზემდგომი ორგანო მრავალრიცხოვან ბრალდებებთან მიმართებით იჩენს გულგრილობას მათი სიმართლის ან სიცრუის დასადგენად ნებისმიერ სათანადო გამოძიებაზე უარის თქმის გზით, ან რომ სასამართლო საქმისწარმოებებში ასეთი საჩივრების სამართლიანი განხილვა უარყოფილია“. ამ უკანასკნელ ელემენტს კომისიამ დაამატა, რომ „ზემდგომი ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს ისეთი მასშტაბის, რომელიც საკმარისია ქმედებების განმეორების აღსაკვეთად ან სისტემის შესაწყვეტად“ (იხილეთ საქმე France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey, ციტირებული ზემოთ, იქვე). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა: „დაუჯერებელია, რომ სახელმწიფოს ზემდგომმა ორგანოებმა არ იცოდნენ ან სულ მცირე, ჰქონდათ უფლება, არ სცოდნოდათ ასეთი პრაქტიკის შესახებ. გარდა ამისა, კონვენციის თანახმად, ამ ორგანოებს მკაცრად მოეთხოვებათ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების ქმედების მიმართ პასუხისმგებლობა; მათ ევალებათ, ხელქვეითები დაუმორჩილონ თავიანთ ნებას და არ მისცენ უფლება ამოეფარონ თავიანთ უუნარობას, უზრუნველყონ ამ ორგანოების ნების დაცვა“ (იხილეთ საქმე Ireland v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 159).“
58. მტკიცებულების ზღვარი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს მისაღებობის დადგენის ეტაპზე სახელმწიფოთაშორის საქმეებში ადმინისტრაციული პრაქტიკის სავარაუდო არსებობასთან მიმართებით, დაადგინა კომისიამ საქმეში France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 21-22) და სასამართლოს მიერ დაცულია საქმეში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ((dec.), ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 86). ეს ზღვარი შემდეგია:
„...კომისიის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომელიც უკავშირდება მისაღებობას, ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის მხოლოდ მტკიცება საკმარისი არ არის. იმ წესის გამოყენების გამოსარიცხად, რომლითაც მოითხოვება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოყენება, ასევე აუცილებელია სავარაუდო პრაქტიკის არსებობის ჩვენება არსებით მტკიცებულებებზე დაყრდნობით...
... იგი გულისხმობს, რომ ტერმინი „არსებითი მტკიცებულება“, რომელიც პირველად გამოიყენეს პირველ ბერძნულ საქმეში, არ შეიძლება იყოს გაგებული, როგორც სრულყოფილი მტკიცებულება. საკითხი იმის შესახებ, დადგინდა თუ არა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის შესწავლის შემდეგ. მისაღებობის ეტაპზე პირველადი მტკიცებულება, მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე უნდა ჩაითვალოს საკმარისად... არსებობს სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის პირველადი მტკიცებულება, სადაც ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებული ბრალდებები საკმარისად დასაბუთებულია, განიხილება კომპლექსურად და როგორც მომჩივნის, ისე მოპასუხე მხარის არგუმენტების გათვალისწინებით. სწორედ ამ შინაარსით უნდა იყოს გაგებული ტერმინი „არსებითი მტკიცებულება“.
59. იგივე ტესტი იყო გამოყენებული საქმეში Ukraine and the Netherlands v.Russia, ციტირებული ზემოთ. ამ განჩინების შესაბამისი ნაწილი იკითხება შემდეგი სახით:
„როგორც ზემოთ არის მოცემული (...), ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დემონსტრირებისთვის მომჩივანმა უკრაინის მთავრობამ უნდა წარმოადგინოს საკმარისად დასაბუთებული პირველადი მტკიცებულება განსახილველი ქმედებების განმეორებისა და სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობის შესახებ.
60 . მიმდინარე საქმეში სასამართლო ვერ ხედავს სხვა დასკვნის გაკეთების საფუძველს. მტკიცების იგივე სტანდარტი, კერძოდ, არსებობს თუ არა საკმარისად დასაბუთებული პირველადი მტკიცებულება, უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართ საქმისწარმოების იმ ეტაპზე, რომელზეც განიხილება მომჩივანი მთავრობის ბრალდებების მისაღებობის საკითხი მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით. ეს სტანდარტი გამოიყენება სავარაუდო „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ ორი კომპონენტიდან თითოეულთან მიმართებით, კერძოდ, „ქმედებების განმეორების“ და „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობის“ მიმართ. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ საჩივარი ვერ ჩაითვლება მისაღებად და სასამართლოს მიერ არსებითად განხილვის გარანტიის მიმცემ ფაქტორად.
2. წინამდებარე საქმის მიმართ გამოყენება
61. დასაწყისშივე, სასამართლო იმეორებს მის უფლებას, რომ „დაეყრდნოს ყველა სახის მტკიცებულებას, მათ შორის, რამდენადაც ის მათ შესაბამისად მიიჩნევს, მოპასუხე თუ მომჩივანი მთავრობების, ან მათი დაწესებულებებისა თუ მაღალჩინოსნების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს ან განცხადებებს” (იხილეთ საქმე Ireland v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 209). თუმცა, „მთავრობის მინისტრების ან სხვა მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების“ მიმართ „სიფრთხილეა საჭირო ... რადგან ისინი შეიძლება იყოს იმ მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ ან წარმოადგენდნენ” (იხილეთ საქმე El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, პარაგრაფი 163, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2012). ამ პრინციპების გამოყენებით, ის უბრალო ფაქტი, რომ ასეთი მტკიცებულებები წარმოადგინეს საქართველოს მაღალჩინოსნებმა, ამ მტკიცებულებებს თავისთავად მიუღებელს არ ხდის.
62. სასამართლო ასევე არ თვლის, რომ მასმედიის რეპორტაჟებიდან მოპოვებული მტკიცებულებები თავისთავად მიუღებელია. თუმცა, ის აღიარებს, რომ ასეთ მტკიცებულებებთან სიფრთხილეა საჭირო. თავად მედიის რეპორტაჟები არ არის მტკიცებულება სასამართლოსთვის, თუმცა ის, თუ რამდენადაა ცნობილი ეს ფაქტი საზოგადოებისთვის, შეიძლება დადგინდეს ინფორმაციის ამ წყაროების მეშვეობით და სასამართლომ შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საზოგადოების მიერ ასეთი ფაქტის ცოდნას (იხილეთ, საქმე Ukraine and the Netherlands v. Russia, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 444).
63 . ამის გარდა, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც შეჯამებულია საქმეში Ukraine v. Russia (re Crimea) (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 257; იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 56 ), სასამართლო უარყოფს მოპასუხე მთავრობის იმ არგუმენტს, რომ ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებული ბრალდების მისაღებად ცნობისთვის ეს ბრალდება გამყარებული უნდა იყოს სავარაუდო დაზარალებული პირების მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებებით. სასამართლო ყოველთვის ანიჭებდა მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ასოციაციების მიერ წარმოდგენილ და ნებისმიერ სხვა სანდო და ობიექტური წყაროდან წარმოშობილ მასალას (იხილეთ, საქმე Saadi v. Italy[GC], no. 37201/06, პარაგრაფი 131, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2008; საქმე Hirsi Jamaa and Others v. Italy [GC], no. 27765/09, პარაგრაფი 118, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2012; საქმე NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, პარაგრაფი 119, 17 ივლისი, 2008; და საქმე M.S.S. v. Belgium and Greece [GC], no. 30696/09, პარაგრაფი 255, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) 2011). მათი მტკიცებულებითი ძალის შეფასებისას, სასამართლოსთვის ცნობილია, რომ საჭიროა გარკვეული ხარისხით სიფრთხილის გამოჩენა, რადგან უფრო დეტალური შესწავლისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფაქტის შესახებ ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია მიღებულია ერთი წყაროდან (იხილეთ საქმე Ukraine and the Netherlands v.Russia, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 443).
64. საქმეში J.K. and Others v. Sweden ([GC], no. 59166/12, პარაგრაფები 88-89, 23 აგვისტო, 2016) სასამართლომ მიუთითა ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებითი ძალის შეფასებისას გამოსაყენებელ მეთოდოლოგიაზე:
„88. ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მასალისთვის მინიჭებული მნიშვნელობის შეფასებისას, სასამართლოს თავის პრეცედენტულ სამართალში გაკეთებული აქვს დასკვნა, რომ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ასეთი მასალის წყარო, კერძოდ, მისი დამოუკიდებლობა, სანდოობა და ობიექტურობა. ასეთ ინფორმაციასთან მიმართებით ავტორის უფლებამოსილება და რეპუტაცია, იმ მოკვლევების მნიშვნელობა, რომელთა საფუძველზეც ეს ინფორმაცია შეგროვდა, დასკვნების თანამიმდევრულობა და მათი დადასტურება სხვა წყაროების საფუძველზე, გასათვალისწინებელი ფაქტორებია...
89. სასამართლო ასევე აღიარებს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ქვეყანაში მასალის ავტორის რეალური არსებობა და ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ასეთი მასალის მიწოდება... სასამართლოსთვის დასაფასებელია მრავალი ის სირთულე, რომლებსაც აწყდებიან მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები სახიფათო და არასტაბილურ სიტუაციებში ინფორმაციის შეგროვებისას. იგი აღიარებს, რომ ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება კონფლიქტის უშუალო სიახლოვეს; ასეთ შემთხვევებში, სასამართლოს უწევს დაეყრდნოს სიტუაციის შესახებ პირველწყაროდან მიღებულ ინფორმაციას.
65. საქმეში Sufi and Elmi v. the United Kingdom (nos. 8319/07 და 11449/07, პარაგრაფი 232, 2011 წლის 28 ივნისი) სასამართლომ დასძინა, რომ ის არ უგულებელყოფდა ინფორმაციას მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მისი ავტორი არ მისულა შესაბამის ტერიტორიაზე და ამის ნაცვლად, დაეყრდნო წყაროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
66. განსახილველ საქმეში, შესაბამისი ინფორმაციის სანდოობა, ისევე როგორც ყველა არსებული მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა განხილული იქნება არა მხოლოდ იმის საფუძველზე, იქნებიან თუ არა ისინი ერთმანეთის დამასაბუთებელი, არამედ იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ორგანოებს არ ჰქონიათ დაუბრკოლებელი წვდომა აღნიშნულ სეპარატისტულ რეგიონებზე (მაგალითად, იხილეთ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემაჯამებელი მოხსენებები საქართველოს კონფლიქტის შესახებ, დათარიღებული 2017 წლის 11 აპრილით (SG/Inf(2017)18, პარაგრაფი 5) და 2022 წლის 3 ნოემბრით, (SG/Inf(2022)38, პარაგრაფი 5); ეუთოს რეზოლუცია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 5, 8, 15 და 17); EUMM Monitor, გამოშვება 7, ოქტომბერი, 2018, გვ. 3; გაეროს გენერალური მდივნის 2022 წლის 9 მაისის ანგარიში (UN Doc. A/76/828, პარაგრაფი 51); და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) 2022 წლის 12 ივლისის ანგარიში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ (UN Doc. A/HRC/51/64, პარაგრაფები 31-34)).
67. სასამართლო ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ გაავლოს პარალელი ორ მდგომარეობას შორის: როდესაც სახელმწიფო ზღუდავს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი საკუთარი „იურისდიქციის“ ფარგლებში უზრუნველყოფს ყველას უფლებისა და თავისუფლების დაცვას კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და როდესაც მთავრობა არ ასაჯაროებს მის ექსკლუზიურ მფლობელობაში არსებულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, რაც სასამართლოს ხელს უშლის ფაქტების დადგენაში ან აფერხებს ამ ფაქტების დადგენას. ორივე შემთხვევაში, განსახილველი მოვლენების მთლიანი ან მათი უმეტესი ნაწილის შესახებ მოპასუხე სახელმწიფო ექსკლუზიურად საქმის კურსშია. სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები იმის საფუძველზე, თუ როგორ იქცევა მოპასუხე მთავრობა, როგორც ეს ხდებოდა წინა სახელმწიფოთაშორისი საქმეების შემთხვევაში (იხილეთ, საქმე Ukraine v. Russia (re Crimea), ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 390).
68. ზემოთ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო შეაფასებს მისთვის ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, რათა დაადგინოს, არის თუ არა ადმინისტრაციული პრაქტიკების შესახებ მომჩივანი მთავრობის ბრალდებები შეუთავსებელი კონვენციასთან, განსახილველ პერიოდში, კერძოდ, 2009 წლიდან 2022 წლის 16 სექტემბრამდე (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 22 - 23), შეესაბამება თუ არა პირველადი მტკიცების სტანდარტს, რომელიც საჭიროა საქმისწარმოების მისაღებობის ეტაპზე.
69. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა მთავრობამ თავისი საჩივრების მხარდასაჭერად წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი სავარაუდო მსხვერპლების დეტალური ნუსხა, რომელიც ეხება მრავალ ინციდენტს (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 51). გარდა იმ სამი საილუსტრაციო შემთხვევისა, რომლებიც ასევე ნახსენებია ზემოთ, პარაგრაფში 51, მან არ წარმოადგინა სავარაუდო დაზარალებულ პირთა ან მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომლის საფუძველზეც სავარაუდოდ შედგა ეს ნუსხა. მას არც სასამართლო ექსპერტიზის ან რაიმე სხვა მტკიცებულება წარმოუდგენია. ამასთან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი საერთაშორისო გაერთიანებების მიერ მომჩივანი მთავრობისთვის გადაცემული და ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 14-19 ) და სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალებიდან (მაგალითად, იხილეთ, თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს „ადამიანის უფლებები აფხაზეთში დღეს“, 2017 წლის ივლისი და „ამნესტი ინტერნეიშენელის“ ანგარიში, „მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციის“ მავნე ზემოქმედება ადამიანის უფლებებზე საქართველოში“, 2018) ჩანს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი 2009 წელს, „ბორდერიზაციის“ პროცესის დაწყებისას. მაგალითად, საქართველოში EUMM-ის მიერ შექმნილი ცხელი ხაზი 2741-ჯერ ამოქმედდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადასვლების გამო დაკავებებთან დაკავშირებით, 2011 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში (იხილეთ, EUMM Monitor, გამოშვება 7, 2018 წლის ოქტომბერი, გვ. 4). აქედან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ არსებული მასალა საკმარისია იმისთვის, რომ ის ჩაითვალოს „ქმედებების განმეორების“ პირველად მტკიცებულებად, განსახილველი პერიოდის განმავლობაში, რომლებიც საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებულია იმისათვის, რომ შეიკრას „მოდელი ან სისტემა“, რაც არღვევს მე-2 მუხლს (კონვენციის მუხლის მატერიალური და პროცესუალური ნაწილი), მე-3 მუხლს (კონვენციის მუხლის მატერიალური და პროცესუალური ნაწილი), მე-5 მუხლის პუნქტებს 1, 8, 13, 14 და 18, N 1 ოქმის 1-ლ და მე-2 მუხლებს და მე-4 ოქმის მე-2 მუხლს. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტს, მომჩივანი მთავრობის მიერ წარმოდგენილი მასალა საკმარისია თუ არა იმისათვის, რომ გადალახოს „საფუძვლიან ეჭვს მიღმა“ ზღვარი, როდესაც ის დაუპირისპირდება მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებას.
70. რაც შეეხება ადმინისტრაციული პრაქტიკის ელემენტს – „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობას“, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“ შეთანხმებების მიხედვით, რუსი მესაზღვრეები (რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში) იცავენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 12). სასამართლო ასევე აღნიშნავს ზოგიერთი შესაბამისი ზომების მარეგულირებელ ხასიათს (კერძოდ, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში თავისუფლად შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რაც გამოწვეულია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების სახელმწიფო საზღვრებად დე ფაქტო გარდაქმნით) და მათ გამოყენებას ყველა შესაბამისი ადამიანის მიმართ. ამ ზომების რეალობა მოპასუხე მთავრობამ არ უარყო, რაც დამატებით დასტურდება მომჩივანი მთავრობის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო მასალებით და სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით (proprio motu) მოპოვებული მასალებით. საქმისწარმოების ამ ეტაპზე, არსებული მტკიცებულებები საკმარისია სასამართლოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ზემოაღნიშნული რეგიონების უშუალო ზედამხედველების დონეზე „სახელმწიფოს მხრიდან ტოლერანტობის“ ელემენტი დადგენილია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
71. შესაბამისად, მოპასუხე მთავრობის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკების პირველადი მტკიცებულება, არ დაკმაყოფილდა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმე არ არის მიუღებელი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილი რაიმე სხვა საფუძვლის გამო. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
ადგენს , რომ მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს მომჩივანი მთავრობის საჩივრები იმდენად, რამდენადაც ისინი ეხება 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებს;
აცხადებს საჩივარს მისაღებად, საქმის არსებითი მხარეების შეზღუდვის გარეშე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2023 წლის 20 აპრილს.
ჰასან ბაკირჩი არნფინ ბორდსენი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე
[1] „აფხაზეთი” და „სამხრეთ ოსეთი” საქართველოს ის რეგიონებია, რომლებიც ამჟამად არ ექვემდებარება საქართველოს მთავრობის დე ფაქტო კონტროლს. აფხაზეთში დაახლოებით 200,000 მოსახლეა, მათ შორის, 50,000 ეთნიკურად ქართველი, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან გალის რაიონში; სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 30,000 მოსახლეა, მათ შორის, მცირე რაოდენობით ის ეთნიკურად ქართველები, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან ახალგორის რაიონში (იხ., საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანგარიში „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: დროა ვისაუბროთ ვაჭრობაზე”, 2018, გვ. 1).
[2] მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ყველაზე ბოლოს, სირიამ აღიარეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
[3] რაც შეეხება აფხაზეთს, იხილეთ 2014 წლის „შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და „ადამიანის უფლებები აფხაზეთში დღეს“, თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს მოხსენება, 2017 წლის ივლისი, გვ. 69-70; რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იხილეთ 2015 წლის „შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ“.
[4] იხილეთ „შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“ და „შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“, ორივე 2009 წლით დათარიღებული.
[5] იხილეთ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანგარიში „სამხრეთ ოსეთი: აღიარების ტვირთი“, 2010, გვ. 8 და საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანგარიში „აფხაზეთი: გრძელი გზა შერიგებამდე”, 2013, გვ. 3. მომჩივანი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ციფრები ოდნავ მაღალი იყო: დაახლოებით 1,100 რუსი მესაზღვრე სამხრეთ ოსეთში და დაახლოებით 2,000 - აფხაზეთში.
[6] 2008 წლის სექტემბერში განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსება უიარაღო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის სახით. იმის მიუხედავად, რომ მისიის მანდატი მოქმედებდა მთელს საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას უარი უთხრა მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე შესვლაზე.
[7] იხ., „EUMM Monitor", გამოცემა 7, ოქტომბერი 2018, გვ. 3.
[8] იხ., სპეციალური მომხსენებლის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ, A/HRC/26/33/Add.1, 2014 წლის 4 ივნისი, პარაგრაფი 45 და „ამნესტი ინტერნეიშენელის“ ანგარიში „მავთულხლართის მიღმა: საქართველოში „ბორდერიზაციის“ მიერ ადამიანის უფლებებისთვის მიყენებული ზარალი, 2018, გვ. 20 და 24.
[9] იხ., „ადამიანის უფლებები აფხაზეთში დღეს“, თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს მოხსენება, 2017 წლის ივლისი, გვ. 67.
[10] იხ., „ამნესტი ინტერნეიშენელის ანგარიში“ „მავთულხლართის მიღმა: საქართველოში „ბორდერიზაციის“ გამო ადამიანის უფლებებისთვის მიყენებული ზიანი, 2018, გვ. 21-23. საქართველოს ორგანოების მიერ „ამნესტი ინტერნეიშენალისთვის“ 2018 წლის მარტში მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მავთულხლართის და სხვა ბარიერების საერთო სიგრძე სამხრეთ ოსეთთან სასაზღვრო ზოლის გასწვრივ იმ დროს იყო 350 კილომეტრიდან 52 კმ-ზე მეტი, ხოლო აფხაზეთთან სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, 145 კილომეტრიდან დაახლოებით 49 კმ.
11 ეს პირი არის გიგა ოთხოზორია, იხ., ქვემოთ, პარაგრაფი 58.
[12] საჩივარი N3963/18 (საქმე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ") სასამართლოში განხილვის პროცესშია. საჩივარი შეიტანეს 2018 წლის 11 იანვარს, ხოლო მოპასუხე მთავრობას ამის შესახებ შეატყობინეს 2018 წლის 8 ნოემბერს.
[13] საბჭოთა კავშირში, „ფორმა N9“ იყო ფართოდ გამოყენებული ადმინისტრაციული ფორმა დაკარგული ან არარსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩანაცვლებისთვის. როდესაც დაიწყო კონფლიქტი და ხალხი დარჩა დოკუმენტების გარეშე, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ძველ საბჭოთა პასპორტებს ვადა გაუვიდა, „ფორმა N9“ გამოიყენებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანაცვლოდ (იხილეთ, „ადამიანის უფლებები აფხაზეთში დღეს“, თომას ჰამერბერგის და მაგდალენა გრონოს მოხსენება, 2017 წლის ივლისი, გვ. 60).
[14] ეს პირი არის გიგა ოთხოზორია, იხ., ქვემოთ, პარაგრაფი 58
[15] 1986 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიშები 1986 წ., გვ. 14.
[16] 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიშები 2007 წ., გვ. 43.
[17] იხილეთ გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილება 56/83, 28 იანვარი, 2002 წ., UN Doc. A/RES/56/83.