ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების და სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „რეკლამის შესახებ“ და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) აბრა – დაფა, რომელზეც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული;
გ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
დ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.
ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ვ) ნებართვის გამცემი – დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
თ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
ი) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის, ვადაგადაცილებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი), რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
კ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ლ) აუქციონის მონაწილე – პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი;
მ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა ნებართვა;
ნ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლოა გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა;
ო) ნებართვის გაცემის ფასი/აუქციონის სრული საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისათვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებული იქნება მის მიერ;
პ) საწყისი ფასი/საწყისი საფასური – ნებართვის გაცემის საწყისი ფასი, კერძოდ, აუქციონზე გატანილ ლოტზე (ნებართვა) დადგენილი სააუქციონო კონკურსის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის. ლოტში რამდენიმე ნებართვის გაერთიანების შემთხვევაში ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ლოტში შემავალი ნებართვის საწყისი ფასების ჯამის ოდენობით;
ჟ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთსა და იმავე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;
რ) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობა