საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 25.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/17/1629
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016845
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2023
matsne.gov.ge 1,955 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 16.12.2021 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 14.12.2023 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 22.04.2021 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 15.03.2023 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 19.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი  სხდომის განჩინება №2/17/1629 2023 წლის 25 ივლისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თეიმურაზ ტუღუში – წევრი. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1629) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1629 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 25 ივლისს. 2. №1629 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. 3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოცხლო ინტერესებთან და იგი წერილობით აცნობებს სამინისტროს საქართველოს დატოვების მიზეზებს და ვადას. ხოლო იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი თავშესაფრის მაძიებელს ავალდებულებს, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტები მათი არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მას დაუბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის, სამინისტროს მიერ განხილვის შეწყვეტის, სამინისტროს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ანდა ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად: „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.“ 5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით დადგენილი წესის თანახმად, საერთაშორისო დაცვის შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადების განხილვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა განცხადების წარდგენიდან საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ორ წლამდე და მოცემულ პერიოდში განმცხადებლის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუნდაც მცირე ვადით, გამოიწვევს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქმის შეწყვეტას და მისი მოთხოვნის განხილვაზე უარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საზღვრის გადაკვეთა უკავშირდება პირის „სასიცოცხლო ინტერესს“. მოსარჩელის აზრით, ამგვარი პირობის დაწესება არღვევს პირის თავშესაფრის მიღების კონსტიტუციურ უფლებას. 6. მოსარჩელე განმარტავს, რომ უფლებამოსილ ორგანოს ვალდებულება აქვს, სრულყოფილად გამოიკვლიოს და დაადგინოს საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რა მიზნითაც თავშესაფრის მიმნიჭებელი ქვეყანა უფლებამოსილია, თავშესაფრის მაძიებელს, განცხადების განხილვის პროცესში, დაუდგინოს გარკვეული ვალდებულებები გარემოებების სრულფასოვნად გამოკვლევისა და განმცხადებელთა ეფექტური კომუნიკაციის მიზნით. აგრეთვე, მხარე აღიარებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ განმცხადებელი თავს აარიდებს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობას, იარსებებს მისი მიმალვის საფრთხე. გარდა აღნიშნულისა, შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, პირისთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩამორთმევა და მისი გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა ემსახურებოდეს დასახელებული რისკების პრევენციას, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი ვალდებულებები, მხარის მითითებით, შეიძლება მიჩნეული იყოს იმგვარ საშუალებად, რომელიც მიმართულია ლეგიტიმური ინტერესების მიღწევისაკენ. 7. მოსარჩელის პოზიციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესის მიღწევისთვის პირის საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვა არ არის აქტუალური, რამდენადაც ამგვარი რისკების არსებობის შემთხვევაში, ისედაც ხდება მისი დაკავება და უსაფრთხოების ინტერესი დაცულია უფრო მკაცრი ზომის გამოყენებით. რაც შეეხება განცხადების განხილვისა და გარემოებების სრულფასოვნად გამოკვლევის მიზანს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთან ეფექტური კომუნიკაციის არსებობის საჭიროება არ შეიძლება იყოს აუცილებლობით განპირობებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს მასთან კომუნიკაციის ალტერნატიული დისტანციური საშუალებები, აგრეთვე, შესაძლებელია, წინასწარი შეთანხმება სამინისტროსთან საქართველოს დატოვების თარიღთან დაკავშირებით, ისე, რომ არ დაზიანდეს განცხადების განხილვის პროცედურა. შესაბამისად, მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმები მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებად არ უნდა იქნეს მიჩნეული. 8. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომლის თანახმად, სამგზავრო დოკუმენტი ერთმევა და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა ვრცელდება ყველა თავშესაფრის მაძიებელზე, მათი მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. 9. მოსარჩელე აპელირებს, რომ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლები ინტენსივობით შემზღუდველი და მსგავსად ეფექტური საშუალებები. შესაბამისად, სადავო ნორმები არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. 10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. 2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები ადგენს უცხოელის ვალდებულებას, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, ხოლო თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაციით დადგენილია, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უშუალო და არაპირდაპირი აკრძალვა, რაც, თავის მხრივ, არის თავშესაფრის მიცემის კანონისმიერი წინაპირობა. 3. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი იცავს თავშესაფრის მინიჭების უფლებას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაცაა, თუმცა არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავდროულად, მოსარჩელე აპელირებს, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი პირობები არის არაგონივრული და არათანაზომიერად ზღუდავს თავშესაფრის მაძიებელი პირის თავშესაფრის მიღების კონსტიტუციურ შესაძლებლობას. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას. 5. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს“. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება, თავისი არსით, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, თავშესაფარი მისცეს და სათანადოდ დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მოხვედრილი ის კეთილსინდისიერი პირები, რომელთა თავისუფლებასა და სიცოცხლეს საფუძვლიანი საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული დებულებები სახელმწიფოს ანიჭებს თავშესაფრით ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის საშუალებების არჩევის ფართო თავისუფლებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად უფლებით სარგებლობის შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია და ამგვარი შეზღუდვა a priori არაკონსტიტუციური არ იქნება. ამდენად, კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული თავშესაფარზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური. 6. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა გასაჩივრებული ნორმების მიზანმიმართულება. კერძოდ, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვის დაწყების დროს ან მოგვიანებით, უშუალოდ პროცესში შესაძლებელია, გართულდეს თავშესაფრის მაძიებელი პირის იდენტიფიცირება, პარალელურად, შეიძლება სათანადოდ არაიდენტიფიცირებულმა პირმა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. აგრეთვე, რომ გამოირიცხოს უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობისგან თავის არიდების ან/და მიმალვის რისკები, მრავალი ქვეყანა პირისთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩამორთმევას და მისთვის გადაადგილების შეზღუდვას აწესებს პრევენციულ ღონისძიებებად. ამ მხრივ, თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კი არის სახელმწიფო ტერიტორიის დატოვების აკრძალვა შიდა ეროვნული უფლებამოსილი ორგანოს მიერ საერთაშორისო დაცვაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მიზნების არსებობას არც მოსარჩელე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავად მიუთითებს ანალოგიური საჯარო მიზნების შესაძლო ლეგიტიმურობაზე. 7. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება თვითმიზნური არაა; ხოლო როდესაც სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვის მიზნის ლეგიტიმურობა და raison d'etre ცალსახაა, სასამართლოს დადგენილი სტანდარტის თანახმად, „მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7). ამისგან საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხოლოდ იმას აღნიშნავს აბსტრაქტულად, რომ სახელმწიფოს მხრიდან დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა, სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი მექანიზმების გამოყენებითაც იქნებოდა შესაძლებელი. 8. კონსტიტუციურ სარჩელში არ ფიქსირდება ცხადი არგუმენტაცია, რომელიც გასაჩივრებულ ნორმებსა და თავშესაფრის მიცემის შესახებ კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებებთან წინააღმდეგობრივ მიმართებას წარმოაჩენდა. უზოგადესი წესის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირებს შეუძლიათ, თავისუფლად გადაადგილდნენ მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუმცა, საჯარო ინტერესების ან/და თავშესაფრის მიღებაზე განცხადების სწრაფი და ეფექტიანი დამუშავების ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად, პირს ეზღუდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყნის დატოვების უფლება, ხოლო უკიდურესი ღონისძიება შეიძლება იყოს პირის დაკავება. ამ მხრივ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, თითქოს კანონმდებლობაში დაკავების ღონისძიების არსებობის პირობებში, საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვა კარგავდეს აქტუალურობას, რამდენადაც დაკავება არის ultima ratio ღონისძიება, რომლის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ, მიზნისთვის აუცილებელი დროით შეიძლება, შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება ზოგად წესად, არამედ არის გამონაკლისი. ამდენად, დაკავებისა და საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვის ღონისძიებები არათუ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ აბალანსებს. 9. რაც შეეხება უფრო ნაკლებად შემზღუდველი რეგულაციების არსებობის არგუმენტს, მოსარჩელე აბსტრაქტულად მიუთითებს, რომ კომუნიკაციის ალტერნატიული დისტანციური საშუალებები შესაძლებელია, ჩაითვალოს ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებად, რომლის არსებობა გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ფაქტია, რომ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცესში, მუდმივად არის მოსალოდნელი, გამოიკვეთოს გარემოებები, რომელთა გამოც, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დამატებითი შესწავლა იქნება საჭირო. საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების მიღების დროს, ხშირად ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება რელევანტური დოკუმენტაციით, რის გამოც არსებობს რისკი, რომ მოგვიანებით, მან შეიძლება თავი აარიდოს თანამშრომლობას და მიიმალოს, შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ არაიდენტიფიცირებულმა თავშესაფრის მიმღებმა პირმა საფრთხე შეუქმნას არა მარტო მიმღები ქვეყნის, არამედ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას. ამიტომაც, თავშესაფრის მაძიებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, ეფექტურ საშუალებად ჩათვლილია უშუალო კონტაქტი უფლებამოსილ ორგანოსთან, რასაც ემატება ისიც, რომ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დროს თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და, აგრეთვე, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ცვლილებაზე. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო, უკვე დადგენილი პრაქტიკისა და განსახილველი საქმის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მხარემ, მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითა თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლების ნაკლები ინტენსივობით შემზღუდველ ღონისძიებებზე და არ წარმოადგინა კონკრეტული არგუმენტაცია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების განხორციელების კონტექსტში ამგვარი ღონისძიებების ეფექტურობაზე. 10. ზოგადი წესის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელმა არ შეიძლება დატოვოს საქართველო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს უდგას სასიცოცხლო ინტერესი, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს შეუთანხმოს დატოვების მიზეზი და ვადა. მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ ამგვარი წესი ხისტია და არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური სიდუხჭირე, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე წონადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული რეგულირების მის მიერ იდენტიფიცირებულ ნორმატიულ შინაარსს. რეგულაციაში ერთ-ერთი დებულების სიხისტეზე ზოგადი მითითება კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის საკმარისად. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, ფაქტობრივად სასიცოცხლო ინტერესების არსებობის შემთხვევაშიც, შეიძლება თუ არა პირს მაინც შეექმნას პრობლემა მიმღები ქვეყნის დატოვებისას, როდესაც სამგზავრო დოკუმენტები განცხადების განხილვის ვადით უკვე ჩამორთმეული აქვს. თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ დავის საგნის იდენტიფიცირება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებსა და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან. 11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1629 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1629 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის წევრები: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში