შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.2023
ძალაში შესვლა 17.08.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №საქონელი
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| 1. | მოძრავი ქონების ქირავნობა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას |
| 3. | საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, ავტოტექმომსახურება) |
| 5. | საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება |
| 6. | სპეციალური მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების (მაკონვერტირებელი დანადგარი) ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისათვის საჭირო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა (მათ შორის, კარტრიჯი) |
| 8. | ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საერთაშორისო საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურება |
| 9. | უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტების მომზადების მომსახურება |
| 10. | პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურება |
| 11. | სპეციფიკური საფოსტო პროდუქტის მხარდამჭერი მომსახურება, მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება |
| 12. | სპეციფიკური საფოსტო საქმიანობისთვის რეკლამის დამზადების, რეკლამის, საჭირო განცხადებებისა და ვაკანსიების განთავსების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ვებსაიტებზე და გარე რეკლამა) მომსახურება |
| 13. | საბანკო და საინკასაციო მომსახურება |
| 14. | შემდგომი რეალიზაციისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა (დეპეშა) |
| 15. | სპეციფიკური ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურება |
| 16. | პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტის, არსებული ინფრასტრუქტურის და ბილინგის პროგრამებისათვის |
| 17. | უსაფრთხოების სერტიფიკატები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №299
2023 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 17 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.
3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს ფოსტა“;
ბ) შესყიდვა – შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“);
ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);
ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი გარანტირების მექანიზმი;
თ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;
ი) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;
კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
ლ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ნ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს, სისტემის საშუალებით, შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ო) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;
პ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი;
ტ) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;
უ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;
ფ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
ქ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – ამ წესის მიზნებისათვის, იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება ამ წესის დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეწყვეტის მიზეზები. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს:
ა) თუ ამ წესის დანართით განსაზღვრული შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურებისა) შესყიდვის ჯამური ღირებულება არ აღემატება 70 000 ლარს; ან
ბ) თუ ხორციელდება ამ წესის დანართით განსაზღვრული შემდეგი საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა: შემსყიდველი ორგანიზაციის სპეციფიკური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები (მათ შორის, საბურავები); საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელი, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, საწვავი); საფოსტო-საკურიერო და ტვირთის გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო სერტიფიკატები, ლიცენზიები, ნებართვები (TIR-Transports International Routers); საფოსტო-საკურიერო და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სპეციფიკური დანადგარები, მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, დაცული მონაცემთა გაცვლის ტერმინალი (პოკეტი), შტრიხკოდის წამკითხველი (ბარკოდ სკანერი), ხელმოწერის მოწყობილობა (დიგიტაიზერი), დიდი წარმადობის საბეჭდი მოწყობილობები (ჰიბრიდული სერვისისთვის განკუთვნილი პრინტერები), თერმული პრინტერები, მაკონვერტირებელი დანადგარი, ჰიბრიდული სერვისისთვის განკუთვნილი სარკმლიანი კონვერტები და უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი (A4 80გრ (500ფ) DOUBLE A), საფოსტო მარკა, კლიასერები/ალბომები, საფოსტო ბარათები, საფოსტო გზავნილების შესაფუთი მასალები; იდენტიფიკატორი; მოძრავი ქონების ქირავნობა, რომელიც განკუთვნილია საქონლის რეალიზაციისთვის და რომლის განთავსების ადგილი, ვიზუალური ან/და კონსტრუქციული ნაწილი საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებას; საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, ავტოტექმომსახურება); საფოსტო-საკურიერო და ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, სატერმინალო მომსახურება, აეროპორტის მომსახურება, გადამზიდავი ავტომანქანების ქირავნობა და გზის მომსახურების გადასახადები); საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება; სპეციალური მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების (მაკონვერტირებელი დანადგარი) ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისათვის საჭირო ნაწილების და სახარჯი მასალების შესყიდვა (მათ შორის, კარტრიჯი); საფოსტო-საკურიერო და ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისათვის საჭირო ნაწილების და სახარჯი მასალების შესყიდვა; ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საერთაშორისო საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურება; სპეციფიკური საფოსტო საქმიანობისთვის რეკლამის დამზადების, რეკლამისა და საჭირო განცხადებებისა და ვაკანსიების განთავსების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ვებსაიტებზე და გარე რეკლამა) მომსახურება; საბანკო და საინკასაციო მომსახურება; პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტის, არსებული ინფრასტრუქტურის და ბილინგის პროგრამებისათვის; ფოსტის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ლიცენზიები; მარკის ბეჭდვა და ბეჭდვისათვის საჭირო ესკიზის და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა; ფოსტის ტერმინალის ვალიდაციისა და ლიცენზირების მომსახურება; ან
გ) თუ მოძრავი ქონების ქირავნობის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას და აღნიშნული შესყიდვის ერთგაროვანი ობიექტის შესყიდვის ჯამური ღირებულება არ აღემატება 150 000 ლარს.
მუხლი 5🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელი პირის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ – მის გარეშე;
თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
კ) ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალიწინებულ გარანტიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
4. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე, პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
11. გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეესაბამება სატენდერო პირობებს.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, დაზუსტების შემდეგაც არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის გარანტია;
გ) თუ სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
ე) თუ პტერენდენტი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ვ) თუ პრეტენდენტი, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ზ) თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
თ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
მუხლი 13🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლოა გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.
მუხლი 14🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადას.
2. თუ ელექტრონულ პროცედურაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 2 (ორი) და არა უმეტეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადას.
3. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.
6. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს. გარანტია შესაძლებელია გაცემულ იქნეს როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებული საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
9. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვებისას. ასეთ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
10. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
11. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
12. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
მუხლი 15🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
დანართი
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჩამონათვალი
საქონელი
1.
შემსყიდველი ორგანიზაციის სპეციფიკური ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალები, სათადარიგო ნაწილები ან/და საცხებ-საპოხი მასალები (მათ შორის, საბურავები)
2.
საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელი, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, საწვავი)
3.
საფოსტო-საკურიერო და ტვირთის გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო სერტიფიკატები, ლიცენზიები, ნებართვები (TIR-Transports International Routers)
4.
საფოსტო-საკურიერო და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სპეციფიური დანადგარები, მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები (მათ შორის, დაცული მონაცემთა გაცვლის ტერმინალი (პოკეტი), შტრიხკოდის წამკითხველი (ბარ-კოდ სკანერი), ხელმოწერის მოწყობილობა (დიგიტაიზერი), დიდი წარმადობის საბეჭდი მოწყობილობები (ჰიბრიდული სერვისისთვის განკუთვნილი პრინტერები), თერმული პრინტერები, მაკონვერტირებელი დანადგარი, ჰიბრიდული სერვისისთვის განკუთვნილი სარკმლიანი კონვერტები და უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი (A4 80გრ (500ფ) DOUBLE A), საფოსტო მარკა, კლიასერები/ალბომები, საფოსტო ბარათები, საფოსტო გზავნილების შესაფუთი მასალები
5.
აეროპორტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული საქონელი (მათ შორის, დიაგნოსტიკური მოწყობილობები - თაღური ლითონმძებნი, სარკე ფსკერის დასათვალიერებელი, ხელის ლითონმძებნი, უსაფრთხოების კამერები)
6.
იდენტიფიკატორი
მომსახურება
1.
მოძრავი ქონების ქირავნობა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას
2.
მოძრავი ქონების ქირავნობა, რომელიც განკუთვნილია საქონლის რეალიზაციისთვის და რომლის განთავსების ადგილი, ვიზუალური ან/და კონსტრუქციული ნაწილი საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებას
3.
საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (მათ შორის, ავტოტექმომსახურება)
4.
საფოსტო-საკურიერო და ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, სატერმინალო მომსახურება, აეროპორტის მომსახურება, გადამზიდავი ავტომანქანების ქირავნობა და გზის მომსახურების გადასახადები)
5.
საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება
6.
სპეციალური მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების (მაკონვერტირებელი დანადგარი) ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისათვის საჭირო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა (მათ შორის, კარტრიჯი)
7.
საფოსტო-საკურიერო და ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისათვის საჭირო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა
8.
ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საერთაშორისო საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურება
9.
უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტების მომზადების მომსახურება
10.
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურება
11.
სპეციფიკური საფოსტო პროდუქტის მხარდამჭერი მომსახურება, მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება
12.
სპეციფიკური საფოსტო საქმიანობისთვის რეკლამის დამზადების, რეკლამის, საჭირო განცხადებებისა და ვაკანსიების განთავსების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ვებსაიტებზე და გარე რეკლამა) მომსახურება
13.
საბანკო და საინკასაციო მომსახურება
14.
შემდგომი რეალიზაციისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა (დეპეშა)
15.
სპეციფიკური ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურება
16.
პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტის, არსებული ინფრასტრუქტურის და ბილინგის პროგრამებისათვის
17.
უსაფრთხოების სერტიფიკატები
18.
ფოსტის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ლიცენზიები
19.
გაწეული მომსახურების ღირებულების ამოღების მომსახურება (მომხმარებლისათვის გაწეული გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების გაწევის შედეგად წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების ამოღების მომსახურება)
20.
მარკის ბეჭდვა და ბეჭდვისათვის საჭირო ესკიზისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
21.
ფოსტის ტერმინალის ვალიდაციისა და ლიცენზირების მომსახურება