ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2023
matsne.gov.ge 4,602 სიტყვა · ~23 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (12)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
1. ტარიფების განაწილების წესები
2. შეგროვებული ჰონორარებიდან ადმინისტრაციული ხარჯის გამოთვლისა და გამოქვითვის წესი
3. ტარიფების ოდენობის გასაჩივრების წესი
4. საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის წესი
5. წევრებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის მიზნით დადგენილი გარანტიები
6. შესაბამისი უფლების კოლექტიური მართვის სისტემიდან ამორიცხვის მექანიზმი
7. უფლების მფლობელის მიერ ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის შესაძლებლობისა და გასვლის წესი
8. არაწევრ უფლების მფლობელებთან ურთიერთობის წესი
9. დათქმა, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება
10. დათქმა, რომ ერთი და იგივე პირი ორგანიზაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
კი არა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 92% 01.03.2024 საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი 92% 09.02.2023 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 31.12.2021 საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ნორმატიული აქტების პროექტები 92% 13.08.2020 მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი 91% 02.08.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №349 2023 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 3 ივლისის №3450-XIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს – კომისიის შემადგენლობას, ფუნქციებს და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის პრინციპები კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და კოლეგიურობის პრინციპებით. თავი II. კომისია მუხლი 3🔗. კომისიის ფუნქციები კომისიის ფუნქციებია: ა) სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ (შემდეგომში − საქპატენტი) შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე შემოსული განაცხადების განხილვა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭება ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე; ბ) ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესზე  შეუთანხმებლობის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის  ან მხარეების მიმართვის საფუძველზე ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრა.   მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს  საქპატენტის  თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქპატენტის თავმჯდომარე − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 3. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მის ადგილმონაცვლეს წარადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს კომისიის წევრის ადგილმონაცვლის გონივრულ ვადაში წარდგენა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების მიერ წარდგენილი კომისიის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მის ადგილმონაცვლეს წარადგენენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. კომისიის სხდომებს იწვევს და უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის დამსწრეთა ხმების უმრავლესობით აირჩევა კომისიის სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.   3. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. კენჭისყრა ღიაა. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. 5. კომისიის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარ. დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნებათ კომისიის წევრებს.   6. კომისიის თავმჯდომარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველად. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. ოქმში შეიტანება ინფორმაცია კომისიის სხდომის დღის წესრიგის, დამსწრეთა ვინაობის, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებებისა და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. თუ აკრედიტაციის პროცესში წარდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს განმცხადებლის კომერციულ საიდუმლოებას,  განმცხადებელი ვალდებულია მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე ასეთი ინფორმაციის წარდგენისას. 9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას საქპატენტის თანამშრომლებისგან განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე. სხდომის მდივანს/მდივნებს კომისიის სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 10. კომისიის სამდივნო: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას; ბ) ამზადებს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და კომისიის სხდომაზე მისაწვევ პირთა სიას; გ)  კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას; დ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენაზე; ე) კომისიის სახელით გამოითხოვს კომისიის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციას; ვ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 11. კომისია მუშაობას ასრულებს აკრედიტაციის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გარდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიას უფლებამოსილება უნარჩუნდება აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირობის შესრულებამდე ან კომისიის მიერ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. 13. კომისიის მუშაობის პროცესში კომისიის მიერ მიღებული, გაგზავნილი თუ დამუშავებული ინფორმაციის შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია  საქპატენტი. პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. საქპატენტი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ინახავს 10 წლის ვადით. მუხლი 6🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე განაცხადოს დაუყოვნებლივ.     2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. კომისიის აღნიშნული წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. თუ კომისიის წევრმა არ განაცხადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თვითაცილება და კომისიისთვის ცნობილი გახდა  აღნიშნულის თაობაზე, კომისია ვალდებულია განიხილოს აცილების საკითხი. 4. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე გარემოების წარმოშობისას ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.  შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ, ხოლო საქართველოს პარლამენტს ეთხოვოს კომისიის წევრის ადგილმონაცვლის გონივრულ ვადაში  წარდგენა. თავი III. აკრედიტაციის კონკურსი მუხლი 7🔗. აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადება 1. საქპატენტისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში საქპატენტი ატარებს კონკურსს. 2. საქპატენტი უფლებამოსილია, აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებამდე,  საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასების მიზნით, ჩაატაროს მოკვლევა ან/და მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია. 3. იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე, საქპატენტი ვალდებულია, გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის შემთხვევაში, საქპატენტი იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ახალი აკრედიტაციის მისანიჭებლად აცხადებს კონკურსს აკრედიტაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 5. აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქპატენტის თავმჯდომარის მიერ. 6. კონკურსის გამოცხადების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, საქპატენტს წარუდგინონ კანდიდატურები აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა. 7. საქპატენტი უზრუნველყოფს აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 8.  შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების თაობაზე, რომელთა მიმართ აკრედიტაციის მინიჭების მიზნითაც ტარდება კონკურსი; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს; გ) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას; დ) აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის საფასურის ოდენობას, მისი გადახდის წესსა და ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყებისა და დასრულების ვადებს; ვ) განაცხადის მიღების ადგილისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო პირის თაობაზე ინფორმაციასა და ტელეფონის ნომერს. მუხლი 8🔗. განაცხადის წარდგენა 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად აკრედიტაციის მინიჭების მიზნით, აკრედიტაციის განაცხადი წარედგინება საქპატენტს. აკრედიტაციის განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ წესით დამტკიცებულ (დანართი 1) შევსებულ განცხადების ფორმასა და ამ მუხლით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას. განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს საქპატენტში, ამ წესის შესაბამისად, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.  განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით მონაცემთა მატერიალური მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განაცხადს მონაცემთა მატერიალური მატარებლის მეშვეობით უნდა ერთოდეს ელექტრონული ცხრილი (Excel ფორმატი), ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა ინფორმაციის მექანიკური დათვლის საშუალებას და რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებებისა და უცხო ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების შესახებ, შესაბამისი რეპერტუარისა და უფლების მფლობელის მითითებით. 3. აკრედიტაციის განაცხადში უნდა მიეთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვაც სურს ორგანიზაციას. 4. საქპატენტში უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენასთან ერთად, შეიძლება, მოთხოვნილ იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე უფლებამოსილების მინიჭება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენისას. 6. განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და, იმავდროულად, ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად, ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები, უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ) ორგანიზაციას შეუძლია, კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, აქვს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით). აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით, წარდგენილი უნდა იყოს, მათ შორის, პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერილობა და ინფორმაცია ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმების თაობაზე; გ) ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას. წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, მათ შორის: გ.ა) შიდა რეგულაციებსა და ტარიფების განაწილების წესებს; გ.ბ) ჰონორარებიდან ადმინისტრაციული ხარჯის გამოთვლისა და გამოქვითვის წესს; გ.გ) ტარიფების ოდენობის გასაჩივრების წესს; გ.დ) საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის წესს; გ.ე) წევრებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიებს; გ.ვ) შესაბამისი უფლების კოლექტიური მართვის სისტემიდან ამორიცხვის მექანიზმს; გ.ზ) უფლების მფლობელის მიერ ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის შესაძლებლობასა და გასვლის წესს; გ.თ) არაწევრ უფლების მფლობელებთან ურთიერთობის წესს; გ.ი) ინფორმაციას, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირჩევა 5 წლის ვადით წევრთა საერთო კრების მიერ, ამასთან, ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ; დ) ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში და მას არ ადევს ყადაღა, რისთვისაც განაცხადს უნდა ერთოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა ორგანიზაციის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე და განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შეესაბამება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 7. განაცხადის წარდგენისას გადახდილი უნდა იქნეს აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, 500 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხდება საქპატენტის მიერ მითითებულ ანგარიშზე. განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ერთოდეს განაცხადს. გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 8. განაცხადს უნდა ერთოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, დადებული უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან   ნაწილს. ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში: ა) იმის დასადგენად, ფარავს თუ არა ანალოგიური ორგანიზაციების რეპერტუარი არსებითად საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, კომისია უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს იმ დოკუმენტურად დადასტურებული ჰონორარების ოდენობით, რომელიც  შეგროვებულ (გადარიცხული/გადასარიცხი) იქნა ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე; ბ) თუ განაცხადი შეტანილ იქნა იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომელშიც არ შეგროვებულა ჰონორარი ან არ იძებნება ინფორმაცია შეგროვებული ჰონორარის ოდენობის ან/და რეპერტუარის შესახებ უპირატესობა მიენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის მიერაც უფრო მეტი ხელშეკრულება იქნება წარდგენილი; გ) თუ განაცხადი შეტანილ იქნა იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომელშიც შეგროვებული ჰონორარის ოდენობის ან/და რეპერტუარის შესახებ ინფორმაცია იძებნება ნაწილობრივ, კომისია უფლებამოსილია, დაეყრდნოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. 10. განაცხადს უნდა ერთოდეს უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომელთა რეპერტუარიც არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში: ა) იმის დასადგენად, ფარავს თუ არა ანალოგიური ორგანიზაციების რეპერტუარი არსებითად უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, კომისია უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს იმ დოკუმენტურად დადასტურებული ჰონორარების ოდენობით, რომელიც  გადმორიცხულ იქნა ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე; ბ) თუ განაცხადი შეტანილ იქნა იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომელშიც არ გადმორიცხულა ჰონორარი ან არ იძებნება ინფორმაცია გადმორიცხული ჰონორარის ოდენობის ან/და რეპერტუარის შესახებ უპირატესობა მიენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის მიერაც უფრო მეტი ხელშეკრულება იქნება წარდგენილი; გ) თუ განაცხადი შეტანილ იქნა იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომელშიც გადმორიცხული ჰონორარის ოდენობის ან/და რეპერტუარის შესახებ ინფორმაცია იძებნება ნაწილობრივ, კომისია უფლებამოსილია, დაეყრდნოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. 12. ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების მიზნებისათვის, კომისია ეყრდნობა ბოლო ორი წლის მონაცემებს (მიმდინარე კალენდარული წელი არ იქნება გათვალისწინებული). 13. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენის დროს ვერ ხდება ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენა, განმცხადებელი უფლებამოსილია, განაცხადს დაურთოს მის ხელთ არსებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები და ამასთან, წარადგინოს დასაბუთებული მოთხოვნა ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე. 14. განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთოდეს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 15. თუ კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა განზრახ წარადგინა მცდარი/არაზუსტი ინფორმაცია, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველს.  თავი IV. კონკურსის ჩატარების პროცედურა მუხლი 9🔗. კომისიის შექმნა 1. აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება კომისია. ამავე ბრძანებით განისაზღვრება კომისიის სამდივნოს შემადგენლობა. 2. კომისია უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი, ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე. 3. კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტის მიწვევის, ექსპერტის მიერ შესაფასებელი საკითხის/საკითხების განსაზღვრისა და მისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის უფლების მინიჭების თაობაზე. ექსპერტის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ექსპერტის მიწვევისა და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება მასთან დადებული ხელშეკრულებით. ექსპერტის მომსახურების ხარჯები გაწეული იქნება საქპატენტის ბიუჯეტიდან. ექსპერტთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მუხლი 10🔗. წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება 1. განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. ყველა შესული განაცხადის შემოწმების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად. 2. კომისია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ განმცხადებელს განესაზღვრება გონივრული ვადა. აღნიშნულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კომისიის მიერ განაცხადის შემოწმება განხორციელდება თავდაპირველად წარდგენილი განაცხადის ფარგლებში. 4. თუ განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნება წარდგენილი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, კომისია უფლებამოსილია,  მიიღოს გადაწყვეტილება  ხარვეზის დადგენის შესახებ და განუსაზღვროს განმცხადებელს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. განმცხადებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე ან ხარვეზის აღმოფხვრამდე განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები ფორმდება საოქმო ჩანაწერით და განმცხადებელს ეცნობება კომისიის მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. აღნიშნული საოქმო ჩანაწერი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას. მუხლი 11🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. 2. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და  დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან დაკავშირებით საქპატენტში დაცული ან/და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქპატენტის მიერ მოკვლეული ან/და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც შესაძლოა, წარმოადგენდეს, მათ შორის, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებსა და აუდიტის დასკვნას. 3. ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთისა და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის საქპატენტში წარდგენის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა შესაბამის სფეროში, კომისია ორგანიზაციის შეფასებისას გაითვალისწინებს მის წარსულ საქმიანობასა და გამოცდილებას. 4. თუ განაცხადით მოთხოვნილია რამდენიმე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭება და კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ დაასკვნის, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს აკრედიტაციის განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ნაწილის მიმართ, განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება და განესაზღვრება გონივრული ვადა კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლებათა კატეგორიის ჯგუფის მიმართ აკრედიტაციის გაცემაზე თანხმობის წარსადგენად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში  თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. 6.  იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება მოთხოვნილი იქნება ერთზე მეტი განმცხადებლის მიერ, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება. 7. ამ წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ გაიცემა აკრედიტაცია და ორგანიზაციას ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარსადგენად ეძლევა 1-წლიანი ვადა, რომელიც ამავე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება, გაგრძელდეს 1 წლის ვადით. 8. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აკრედიტებული ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში წარადგინოს საქპატენტში, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთწლიანი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა კომისია ამოწმებს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დაკისრებული ვალდებულის შესრულებას. თუ კომისია მიიჩნევს, რომ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები წარდგენილია სრულყოფილად, აღნიშნულ ორგანიზაციას წერილობით აცნობებს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, თუმცა დასტურდება, რომ 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობა, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აღნიშნული ვადის 1 წლით გაგრძელების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია ძალადაკარგულად გამოაცხადებს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას.  10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ კომისია მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად არ შესრულდა, იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. 11. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ოფიციალური ბიულეტენის უახლეს ნომერში. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებას ექვემდებარება აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილება აკრედიტაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 12. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 12🔗.  კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განაცხადი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია არცერთი ორგანიზაციის მიმართ არ მიიღებს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას.  თავი V. ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესის დადგენა მუხლი 13🔗. განცხადება ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესთან დაკავშირებით 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და  უფლებით მოსარგებლეს, აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს შორის ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, აღნიშნული მხარეები საქპატენტს წარუდგენენ განცხადებას ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით. 2. ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესის დადგენის შესახებ განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულმა განმცხადებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაურთოს: ა) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენების სივრცის ტევადობა (მაგალითად, დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში − ფართობი და ან სასტუმროების შემთხვევაში − სასტუმროს ნომრების რაოდენობა) ან სხვა მონაცემები (მაგ.: მომხმარებელთა საორიენტაციო რაოდენობა, გავრცელების არეალი და სხვა); ბ) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენებაზე ისეთი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მისი გამოყენების ინტენსივობაზე ან/და მოსარგებლეთა ფინანსურ მდგომარეობაზე;   გ) დასაბუთება შეთავაზებული ჰონორარის შეგროვების ტარიფის მიუღებლობის თაობაზე;  დ) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების დროს წარმოშობილი ხარჯები ან უფლების მფლობელების მიერ მათ ნორმალურ ექსპლუატაციაზე ზემოქმედების ფაქტი, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არ ასახავს  გამოყენების ბუნებას;   ე) ნაწარმოებების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების მნიშვნელობა  მოსარგებლეთა შესაბამისი საქმიანობისთვის; ვ) სხვა ინფორმაცია, რაც რელევანტური იქნება ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრისთვის. 4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 51-ე მუხლებით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებული ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესზე შეუთანხმებლობისას საქპატენტისთვის მიმართვის შემთხვევაში, განმცხადებელმა განაცხადს უნდა დაურთოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. მუხლი 14🔗. კომისია 1. კომისია საქმიანობს ამ წესის I − IV თავებით დადგენილი წესებით, თუ ამ თავებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის, კომისია იქმნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 3. კომისია განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად. 4. დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 5. თუ განმცხადებელი კომისიის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს დამატებით დოკუმენტებს, კომისია განცხადებას ტოვებს განუხილველად. 6. კომისია ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში. 7. საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვისა გააგრძელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. 8. ყველა შესაბამისი მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. 9. კომისია უფლებამოსილია მხარეებისგან ან სხვა შესაბამისი სუბიექტებისგან გამოითხოვოს შესაგროვებელი ჰონორარის სამართლიანი ტარიფის დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის: ა) არსებული ჰონორარის ოდენობის განაწილებისა და გადახდის წესი და პრინციპები, ასევე სხვა მოსარგებლეებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული ინფორმაცია შესაგროვებელი ჰონორარის შეგროვების ტარიფთან დაკავშირებით; ბ) შესაბამისი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის საქართველოს ბაზარზე გამოყენების შესახებ ინფორმაცია და მისი ეკონომიკური ღირებულება; გ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ჰონორარის შეგროვების სამართლიანი ტარიფის დადგენისთვის. 10. გადაწყვეტილება ჰონორარის ოდენობის, გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. გადაწყვეტილება ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში და საქპატენტის ვებგვერდზე. 11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველი ორგანიზაცია, ამ მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ტარიფებს დამტკიცებისთანავე წარუდგენს საქპატენტს ოფიციალური ბიულეტენის უახლეს ნომერში გამოსაქვეყნებლად. 12. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისი ტარიფის დადგენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 13. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყველა მოსარგებლე ვალდებულია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ − ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. 14. კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. 15. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საქპატენტს წარედგინა მიმდინარე აკრედიტაციის კონკურსის პირობებში, ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების ან/და გადახდის წესს განსაზღვრავს აკრედიტაციის პირობებში მოქმედი კომისია. 16. მას შემდეგ, რაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ჰონორარის განსაზღვრის თაობაზე, იმავე საკითხზე საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვა შეიძლება მხოლოდ კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში ან არსებობს სასამართლოს მიერ აღნიშნულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 15🔗. ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების წესის დადგენის კრიტერიუმები ჰონორარის ოდენობის ან/და მისი გამოანგარიშების წესის დადგენისას კომისიამ შესაძლოა მხედველობაში მიიღოს: ა) ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შედეგად უფლების მფლობელის მიერ არსებული მდგომარეობით მისაღები შემოსავალი; ბ) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენების სივრცის ტევადობას (მაგალითად, დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში − ფართობი და ან სასტუმროების შემთხვევაში − სასტუმროს ნომრების რაოდენობა) ან სხვა მონაცემებს (მაგ.: მომხმარებელთა საორიენტაციო რაოდენობა, გავრცელების არეალი და სხვა); გ) საზოგადოების მასშტაბი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ნაწარმოები ან სხვა ობიექტები;  დ) ნაწარმოების ან/და სხვა ობიექტის გამოყენების ბუნება და ხანგრძლივობა; ე) გამოყენებული უფლების ეკონომიკური ღირებულება; ვ) კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება. თავი VI. გარდამავალი დებულებები მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულება 1. საქპატენტი პირველი აკრედიტაციის კონკურსს აცხადებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 3 ივლისის №3450-XIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია იქმნება აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. დანართი №1 სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეს ბატონ/ქალბატონ ________________ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  (ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე) 1. განმცხადებელი*  სახელწოდება* საიდენტიფიკაციო ნომერი* მისამართი (მიმოწერის მისამართი)* საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი)* ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი 2. განმცხადებლის წარმომადგენლის მონაცემები (განცხადების წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში)* სახელი, გვარი* პირადი ნომერი* მისამართი (მიმოწერის მისამართი)* საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი)* 3. საკონტაქტო პირი* 4. უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვის მიზნითაც მოითხოვება აკრედიტაცია* 1. 2. 3. 4. 5. 6. 4.1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში)​1 5. ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და იმავდროულად ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას ორგანიზაციის წესდების შესაბამისად (აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იყოს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, ასევე, მითითებული უნდა იყოს წესდების შესაბამისი ჩანაწერი)*​2 6. ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები:* 6.1.  ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის თაობაზე (აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იყოს, მათ შორის, პერსონალის განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა არსებითი ხასიათის დოკუმენტაცია)* 6.2. ინფორმაცია ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თაობაზე (აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იყოს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკურ  ბაზის აღწერა)* 6.3. ინფორმაცია ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმების თაობაზე (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით)* 6.4. სხვა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ  ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები* 7. ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას* ინფორმაცია უფლების მფლობელების /მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიების თაობაზე ინფორმაციის წესდებაში / შიდა რეგულაციაში ასახვა წესდების / შიდა რეგულაციის შესაბიმისი მუხლი 1🔗. ტარიფების განაწილების წესები კი არა 2. შეგროვებული ჰონორარებიდან ადმინისტრაციული ხარჯის გამოთვლისა და გამოქვითვის წესი კი არა 3. ტარიფების ოდენობის გასაჩივრების წესი კი არა 4. საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის წესი კი არა 5. წევრებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის მიზნით დადგენილი გარანტიები კი არა 6. შესაბამისი უფლების კოლექტიური მართვის სისტემიდან ამორიცხვის მექანიზმი კი არა 7. უფლების მფლობელის მიერ ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის შესაძლებლობისა და გასვლის წესი კი არა 8. არაწევრ უფლების მფლობელებთან ურთიერთობის წესი კი არა 9. დათქმა, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება კი არა 10. დათქმა, რომ ერთი და იგივე პირი ორგანიზაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. კი არა 8. ხომ არ არის ორგანიზაცია რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში* კი არა 9. ხომ არ ადევს ორგანიზაციას ყადაღა* კი არა 10. ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების თაობაზე*​3 10.1. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოთხოვნა ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისი დასაბუთებით 11. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში) (დაასახელეთ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი  მითითებით) □ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.* თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა:* დანართი 1 : დანართი 2 : დანართი 3 : დანართი 4 : დანართი 5 : დანართი 6 : დანართი 7 : დანართი 8 : ფურცლების საერთო რაოდენობა : თარიღი:                                             ხელმოწერა                               ​1 აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენისას. ​2 როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განაცხადს მონაცემთა მატერიალური მატარებლის მეშვეობით უნდა ერთოდეს ელექტრონული ცხრილი (Excel ფორმატი) ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა ინფორმაციის მექანიკური დათვლის საშუალებას და რომელიც შეიცავს ინფორმაციას უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებების შესახებ, შესაბამისი რეპერტუარის და უფლების მფლობელის მითითებით. ​3 როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განაცხადს მონაცემთა მატერიალური მატარებლის მეშვეობით უნდა ერთოდეს ელექტრონული ცხრილი (Excel ფორმატი) ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა ინფორმაციის მექანიკური დათვლის საშუალებას და რომელიც შეიცავს ინფორმაციას უცხო ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების შესახებ, შესაბამისი რეპერტუარის და უფლების მფლობელის მითითებით.