ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 310040010.10.003.024186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №353
2023 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 3745 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესი“.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებსა“ და სახელმძღვანელოებში, რომლებიც გამოიყენება ნაოსნობისთვის.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა უზრუნველყოს ნაოსნობისათვის გამოყენებადი კარტოგრაფიული პროდუქტისა და დამხმარე სახელმძღვანელოების აღრიცხვის წესის მიღება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო და მიზანი
„ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესი“ (შემდგომში − დებულება) არეგულირებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაზე (წყლების), მიმდებარე ზონასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა − გემების ნაოსნობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა სანავიგაციო მოწყობილობების განთავსებით და მათი გამართული მუშაობის შენარჩუნებით, რის საჭიროებასაც მოითხოვს ნაოსნობის ინტენსივობა და საფრთხეების დონე (ხარისხი), ჰიდროგრაფიული კვლევების წარმოებას, პუბლიკაციებს, სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებას და მხარდაჭერას, მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნების შესაბამისად. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა არის სპეციალიზებული მომსახურება, დაკავშირებული ნაოსნობის უსაფრთხოების ორგანიზებასთან და მიეწოდება გემებს, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად;
ბ) საზღვაო სივრცის ჰიდროგრაფიული გადაღება − კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების შეფასება-შესწავლის შემდგომ, საზღვაო სანავიგაციო რუკების შექმნას, ნაოსნობისათვის სასარგებლო სახელმძღვანელოების შემუშავებას, ასევე გემების მოძრაობის ზონების, საზღვაო დერეფნების, მოძრაობის გამყოფი სისტემების შემუშავებას/დადგენას. აგრეთვე საზღვაო მარშრუტებსა და აკვატორიაში სანავიგაციო მოწყობილობების საჭიროების განსაზღვრას;
გ) ნაოსნობის კარტოგრაფიული უზრუნველყოფა − სპეციალიზებული მომსახურება, რომელიც სრულდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების უზრუნველყოფით;
დ) საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობები − საქართველოს საზღვაო სივრცეში გემების ნავიგაციის ეფექტიანი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული სისტემა, რომელიც შედგება სახმელეთო და წყალზედა (მცურავი) ნაგებობებისაგან, კონსტრუქციისა და შენობებისაგან, აღჭურვილია სპეციალური ტექნიკური საშუალებებით და განკუთვნილია ზღვაში გემების ორიენტირისათვის, ასევე არხების, ფარვატერების, რეკომენდებული გზებისა და სანავიგაციო გაფრთხილებების შემოსაზღვრისთვის, ნავიგაციის დამხმარე საშუალებებისა და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციების შესაბამისად;
ე) მსოფლიო სანავიგაციო გაფრთხილებების სამსახური (WWNWS) − გლობალური რადიო და სატელიტური სამაუწყებლო სისტემა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას უსაფრთხო ნაოსნობის შესახებ. ის უზრუნველყოფს დროულ და გრძელვადიან სანაპირო გაფრთხილებებს;
ვ) საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) − სამთავრობათაშორისო არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ყველაზე ეფექტიანი კვლევების გამოყენებას, ნაციონალური ჰიდროგრაფიული სამსახურების მუშაობის კოორდინაციას, სანავიგაციო რუკებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების ერთიანი სტანდარტის დანერგვას;
ზ) ნავიგაციის დამხმარე საშუალებებისა და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაცია (IALA) − წარმოადგენს საკონსულტაციო, სარეკომენდაციო და ტექნიკური ხასიათის სამთავრობათაშორისო არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ადგენს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის ერთიან წესებს.
თავი
II
ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა და ჰიდროგრაფიული გადაღებების წარმოება საქართველოს საზღვაო სივრცეში
მუხლი 3🔗. ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განხორციელება
1. ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა ხორციელდება:
ა) ზღვის სტაციონარული სანაპირო და მცურავი სანავიგაციო მოწყობილობებით აღჭურვით;
ბ) დადგენილი მუშაობის რეჟიმით, სტაციონარული სანაპირო და მცურავი სანავიგაციო მოწყობილობების გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ნავიგაციის დამხმარე საშუალებებისა და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების შესაბამისად;
გ) შავ ზღვაზე ჰიდროგრაფიული კვლევების წარმოებით, ოფიციალური საზღვაო სანავიგაციო რუკების, ასევე ნაოსნობისათვის ხელის შემწყობი სახელმძღვანელოების დამზადებისა და გამოცემის მიზნით, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
დ) სანავიგაციო პირობებისა და ნაოსნობის რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებითა და გემების ინფორმირებით აღნიშნულის თაობაზე.
2. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ორგანიზება იგეგმება და ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომში − ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ.
3. ჰიდროგრაფიული სამსახური, ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის მიზნით, დაკისრებული ამოცანების შესაბამისად:
ა) მონაწილეობს სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ეროვნული სისტემების განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათ სრულყოფაში;
ბ) ახდენს ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის რეგულირებას, ახორციელებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაზე სანავიგაციო მოწყობილობებით აღჭურვას;
გ) უზრუნველყოფს სანავიგაციო მოწყობილობების განვითარებას/მოდერნიზაციას, მხარდაჭერას, ტექნიკურ მომსახურებასა და გამართულ მუშაობას მინიჭებულ რეჟიმში;
დ) ახორციელებს ჰიდროგრაფიულ გადაღებებსა და ოკეანოგრაფიულ კვლევებს შავი ზღვის საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში;
ე) ახორციელებს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებს სანაპირო ზოლზე;
ვ) ახორციელებს ზღვის კარტოგრაფირების კომპლექსურ მართვას;
ზ) ქმნის საზღვაო სანავიგაციო რუკებს, ნაოსნობისათვის დამხმარე სახელმძღვანელოებს ანალოგიურ, ციფრულ და სხვა ფორმატებში, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი ფორმით ახდენს მათ მიწოდებას ზღვაოსნებზე ან სხვა დაინტერესებულ პირებზე;
თ) ახორციელებს ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული მონაცემების ბაზის ორგანიზებას;
ი) ჰიდროგრაფიული გადაღებების მონაცემებზე დაყრდნობით მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის პროექტების შემუშავებაში;
კ) ზღვაოსანთა უწყებების გამოქვეყნებით ან/და რადიო-სანავიგაციო გაფრთხილებებით ახორციელებს საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციებს, მსოფლიო სანავიგაციო გაფრთხილებების სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციასა და სანავიგაციო დამხმარე საშუალებებისა და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციაში, აგრეთვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ჰიდროგრაფიულ და შუქურების სამსახურებთან;
მ) უზრუნველყოფს სანავიგაციო ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების იმპლემენტაციას, აგრეთვე საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მონაწილეობს ახალი საერთაშორისო წესების შემუშავებაში;
ნ) უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს სანაპირო ზოლზე და ნავსადგურებში ობიექტების მშენებლობას, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ სანავიგაციო მოწყობილობების ნორმალურ მუშაობაზე და შექმნან სანავიგაციო საშიშროება;
ო) უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონასა და (შიდა საზღვაო წყლებში) წყლებში საპროექტო დოკუმენტაციას, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაზე, ჰიდროტექნიკური სამუშაოების წარმოებაზე, წყალქვეშა კაბელების ან გაზის/ნავთობის მილების დამონტაჟებაზე;
პ) ახორციელებს მის ბალანსზე მყოფი ავტომატური იდენტიფიცირების სისტემების (AIS) საბაზო სადგურების ფუნქციონირებას, ორგანიზაციულ ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას;
ჟ) ახორციელებს გლობალური პოზიცირების სისტემების მონაცემების კორექტირებას დიფერენციალური გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემის საშუალებით (DGNSS);
რ) ახორციელებს სანავიგაციო საშუალებების (GPS) მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას;
ს) ახორციელებს გემებზე ნავიგაციური ან/და მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ან/და სასწრაფო ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო ავტომატიზებული სამსახურის ნაციონალური კოორდინატორის ფუნქციებს (NAVTEX).
მუხლი 4🔗. ზღვის ჰიდროგრაფიული გადაღებები
1. ზღვის ჰიდროგრაფიული გადაღებები ხორციელდება ბათიმეტრიული, ტოპოგეოდეზიური, ჰიდროლოგიური ან სხვა სახის სამუშაოებით, რომელთა შესრულება აუცილებელია საზღვაო სანავიგაციო რუკების შესაქმნელად.
2. ჰიდროგრაფიული გადაღებები წარმოებს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ბათიმეტრიული სამუშაოები
1. ბათიმეტრიული სამუშაოები სრულდება (ხორციელდება) სანავიგაციო ან/და სამშენებლო-საექსპლუატაციო მიზნით.
2. სანავიგაციო მიზნით, ბათიმეტრიული სამუშაოები ხორციელდება ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ღია ზღვაში, ნავსადგურების აკვატორიებში, ნავსადგურების მისასვლელ არხებში, ტერმინალებზე, გემების მოძრაობის ძირითად გზებზე და გულისხმობს კომპლექსურ სამუშაოებს, რომლებიც სრულდება ფსკერის რელიეფის ხასიათისა და არსებული სიღრმეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მისაღებად, ზღვის აკვატორიის კარტოგრაფიული გამოსახულების შესაქმნელად.
3. სამშენებლო-საექსპლუატაციო მიზნით, ბათიმეტრიული სამუშაოები სრულდება გემების მოძრაობის გზების გაბარიტების მდგომარეობის გამოსავლენად, დაგეგმილი და შესრულებული ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების მოცულობების განსასაზღვრავად, გემების მოძრაობის გზებზე ნატანის დაგროვების მოცულობისა და ინტენსივობის გამოსავლენად, ჰიდროტექნიკური ნაგებობის სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო საპროექტო სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული მასალებით.
4. სამშენებლო-საექსპლუატაციო მიზნით, ბათიმეტრიული სამუშაოების განხორციელება დამოკიდებულია საზღვაო ობიექტებსა და ფსკერზე ნატანის მოცულობისა და ინტენსივობის ზრდაზე.
5. არასპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ ბათიმეტრიული სამუშაოების წარმოებისას მიღებული მონაცემები წარდგენილი უნდა იქნეს ჰიდროგრაფიულ სამსახურში, საექსპერტო შეფასებისათვის.
6. ბათიმეტრიული სამუშაოების წარმოებისას მიღებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რუკების კორექტირებისათვის ან ნავიგაციისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ, მხოლოდ იმის შემდგომ, როდესაც დასრულდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასება ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ.
მუხლი 6🔗. საპროექტო სიღრმეების შენარჩუნება
ნავსადგური ან/და საზღვაო ტერმინალი პასუხს აგებს თავის აკვატორიასა და მისასვლელ არხში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე.
თავი
III
ნაოსნობის კარტოგრაფიული უზრუნველყოფა
მუხლი 7🔗. ნაოსნობის კარტოგრაფიული მომსახურება
1. ნაოსნობის კარტოგრაფიული მომსახურება გულისხმობს:
ა) ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული სამუშაოების წარმოებას შავ ზღვაზე;
ბ) ნაოსნობის საერთო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული მასალების მონაცემთა ბანკის ფორმირებასა და მხარდაჭერას;
გ) საზღვაო სანავიგაციო რუკების ციფრულ ან სხვა ფორმატში შექმნას, გამოცემასა და მხარდაჭერას, საჭიროების შემთხვევაში, განახლებას, ასევე, გემების მოთხოვნების გათვალისწინებით, ნაოსნობისათვის საჭირო ატლასების, ალბომების ან სხვა დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნას/გამოცემას;
დ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საზღვაო სანავიგაციო ელექტრონული რუკების შემუშავებას და გამოცემას, რომლებიც გამოიყენება საზღვაო ნაოსნობაში ელექტრონული რუკების გამოსახვის ინფორმაციულ სისტემებში;
ე) გემების მოძრაობის ახალი მარშრუტის ან არსებულის, ასევე სხვა სანავიგაციო ცვლილების შემთხვევაში მოქმედ რუკებსა და ნაოსნობისათვის დამხმარე სახელმძღვანელოებში ცვლილებების შეტანასა და საჭიროების შემთხვევაში მათ ჰიდროგრაფიულ შესწავლას;
ვ) სანაოსნო ფარვატერების ბათიმეტრიული აზომვითი სამუშაოების შესრულებასა და ამ ფარვატერების სიღრმეების მეთვალყურეობას.
2. გემებისათვის, დაწესებულებებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნაოსნობასთან, საზღვაო სანავიგაციო რუკების, ალბომების, ატლასებისა და ნაოსნობისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების მოხმარების წესი განისაზღვრება წლის პირველ გამოშვება „ზღვაოსანთა უწყებებში“.
3. ნაოსნობისათვის გამოყენებადი კარტოგრაფიული პროდუქტისა და დამხმარე სახელმძღვანელოების აღრიცხვის წესს განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახური.
4. ცნობები ახალი სანავიგაციო გამოცემის შესახებ, მათი პრეზენტაცია ან მათი უვარგისობა სანავიგაციო დანიშნულებით გამოყენებისათვის ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.
თავი IV
საქართველოს საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებები
მუხლი 8🔗. საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობები
1. საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებების გამართული ფუნქციონირება და განვითარება ხორციელდება პროექტირებით, მშენებლობით, მოწყობილობების აღჭურვით, ახლის ექსპლუატაციაში გაშვებით, მოდერნიზაციითა და უკვე ექსპლუატაციაში არსებულის შეუფერხებელი მუშაობით.
2. სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო პასუხიმგებლობის ზონაში საერთაშორისო და შიდა ნაოსნობას, წარმოადგენს ჰიდროგრაფიული სამსახურის საკუთრებას. დაუშვებელია ამ ნაწილით განსაზღვრული საშუალებები იმყოფებოდეს სხვა პირის საკუთრებაში, გამონაკლისს წარმოადგენს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 9🔗. სანავიგაციო მოწყობილობების განთავსება
1. ნაოსნობისათვის დროებით აკრძალულ საზღვაო რაიონებში, ნებისმიერი დაინტერესებული იურიდიული თუ ფიზიკური პირი, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია, განათავსოს სანავიგაციო მოწყობილობები, ჰიდროგრაფიული სამსახურის მითითებების შესაბამისად და მუდმივად უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი მუშაობა და ტექნიკური მომსახურება. მითითებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ყველა ორგანიზაციამ და დაწესებულებამ, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო ნავსადგურების, სანავსადგურო პუნქტების, ტერმინალების, მისასვლელი არხების, ჰიდროტექნიკური და წყალქვეშა ნაგებობების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას, უნდა გაითვალისწინონ ამ ობიექტებზე სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად შესაბამისი ტერიტორიის ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის გამოყოფა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ობიექტების სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილების პროექტები უნდა შეთანხმდეს ჰიდროგრაფიულ სამსახურთან.
4. ზღვის აკვატორიაში მილგაყვანილობებისა და კავშირგაბმულობის ხაზების ჩაწყობითი სამუშაოების წარმოების რაიონები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სანავიგაციო ნიშნებით.
5. სანაპირო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მუშაობის რეჟიმი, შუქურებისა და სანავიგაციო ნიშნების და რადიოტექნიკური საშუალებების აღწერილობა ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.
მუხლი 10🔗. სანავიგაციო მოწყობილობათა ჰიდროგრაფია
1. ზღვაზე სანავიგაციო მოწყობილობათა ჰიდროგრაფია ხორციელდება სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნავიგაციის მოთხოვნების შესაბამისად, სანავიგაციო მოწყობილობების სისტემების განვითარების, რეკონსტრუქციის, ნაოსნობის უსაფრთხოების, საწარმოო უსაფრთხოების, საწარმო საქმიანობისა და გემების ბაზირების მიზნით, რაც გულისხმობს:
ა) სანაპირო და მცურავი სანავიგაციო მოწყობილობების მომსახურებასა და რემონტს მათი გამართული ფუნქციონირების მხარდასაჭერად, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ კოორდინატებში მცურავი სანავიგაციო ნიშნების დროულ განთავსებას ან მოხსნას (ამოღება);
ბ) ნავსადგურის აკვატორიაში სპეციალიზებული სანავიგაციო ნიშნების განთავსების შესახებ დაინტერესებული საწარმოებიდან მოთხოვნის შემთხვევაში წინადადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას;
გ) სანაოსნო ფარვატერებზე სანავიგაციო აღჭურვილობათა საშუალებების განთავსების პროექტირებას;
დ) სანაპირო ზოლში ან ზღვაში განთავსებული სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობის მუდმივ კონტროლსა და გამოვლენილი სანავიგაციო საშიშროებების შემოსაზღვრას გამაფრთხილებელი მცურავი სანავიგაციო ნიშნებით;
ე) დაინტერესებული პირის მხრიდან სანავიგაციო მოწყობილობების შესახებ შესული პრეტენზიების განხილვასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეტენზიების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღებას;
ვ) ციფრული ნავიგაციის საშუალებებისა და ელექტრონული სანავიგაციო რუკების გამოყენებას ავტონომიური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) გამოსახულების მისაღებად;
ზ) მოშორებული სანავიგაციო საშიშროებების აღნიშვნას ელექტრონულ რუკებზე, ვირტუალური სანავიგაციო მოწყობილობების გამოყენებით.
2. სანავიგაციო მოწყობილობების სრულყოფილი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გემის კაპიტანი ვალდებულია, არ დაუშვას გემით სანავიგაციო მოწყობილობების დაზიანება. თუ გემი მიაყენებს დაზიანებას მცურავ სანავიგაციო ნიშანს, ის ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საქართველოს უახლოეს ნავსადგურს, დაზიანების მიზეზის, ხასიათის, ადგილის, დროისა და თარიღის მითითებით.
3. გემის კაპიტნები და სხვა დაინტერესებული პირები ვალდებული არიან, უმოკლეს ვადაში აცნობონ ჰიდროგრაფიულ სამსახურს სანავიგაციო მოწყობილობების ყველა გამოვლენილ გაუმართაობაზე (ქერქეჭელების, სარყეების, ნიშნების დაზიანება, მათი მდებარეობის შეუსაბამობა საშტატო ადგილისადმი, ცუდი შეფერილობა, მუშობის შეუსაბამო მახასიათებლები).
4. გემის კაპიტანი/გემთმფლობელი პასუხისმგებელია მცურავი და სტაციონარული სანავიგაციო მოწყობილობების დაზიანებაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
გემების ინფორმირება სანავიგაციო პირობებისა და რეჟიმის ცვლილებების შესახებ
მუხლი 11🔗.
სანავიგაციო პირობებისა და რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მომპოვებელი პირი
1. სანავიგაციო პირობების ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ახორციელებენ:
ა) ჰიდროგრაფიული სამსახური;
ბ) სხვა სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც ზღვაზე გააჩნიათ მცურავი საშუალებები;
გ) ნავსადგურებში – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი პირები და პორტების სადისპეტჩერო სამსახურების უფლებამოსილი პირები.
2. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა ორგანიზაცია თუ დაწესებულება ვალდებული არიან, საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადასცენ ჰიდროგრაფიულ სამსახურს.
მუხლი 12🔗. ინფორმირება სანავიგაციო პირობებისა და რეჟიმის ცვლილების შესახებ
1. შავ ზღვაში ზღვაოსანთა ინფორმირებას ნაოსნობის პირობების ან რეჟიმის ცვლილების შესახებ ჰიდროგრაფიული სამსახური ახორციელებს შემდეგი გზებით:
ა) სანაპირო გაფრთხილებებით რადიოს საშუალებით, საერთაშორისო ავტომატიზებული გადამცემი სისტემის საშუალებით;
ბ) გემებისთვის ნავიგაციური და მეტეოროლოგიური გაფრთხილებების, ასევე სასწრაფო ინფორმაციის გადაცემით;
გ) რადიონავიგაციური გაფრთხილებების გადაცემით ინგლისურ ენაზე, ნავიგაციური გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით;
დ) ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენის, „ზღვაოსანთა უწყებების“, ზღვაოსნებისთვის მიწოდებით;
ე) ზღვაოსნებისთვის სანაპირო გაფრთხილებების, ასევე ნაოსნობის უსაფრთხოების სხვა ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის გლობალური ქსელით.
2. სანავიგაციო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“, სანაპირო გაფრთხილებებში, საინფორმაციო და რადიობიულეტენებში, შეიცავს ოფიციალურ მონაცემებს საქართველოში საზღვაო რეგიონში სანავიგაციო პირობებისა და ნაოსნობის რეჟიმის შესახებ. გამოქვეყნებული სანავიგაციო მონაცემების გამოყენება სავალდებულოა.
3. სანაპირო გაფრთხილებების გადაცემას, საერთაშორისო კონვენციის ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წ. (SOLAS 1974) მოთხოვნათა შესაბამისად, ნავიგაციური ტელექსის სისტემით უზრუნველყოფს ჰიდროგრაფიული სამსახური. სანაპირო გაფრთხილებების გადაცემის ვადებსა და რადიოსადგურის სამუშაო სიხშირეს ადგენს ჰიდროგრაფიული სამსახური, სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა უწყების ან/და ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებული არიან ნაოსნობასთან. გადაცემის ვადები და რადიოსადგურის სიხშირე ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.
4. ნავიგაციური ტელექსის რადიოტექნიკურ განვითარებას უზრუნველყოფს ჰიდროგრაფიული სამსახური, რომელიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/643 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, წარმოადგენს საქართველოში ნავიგაციური გაფრთხილებების ეროვნულ კოორდინატორს.
თავი
VI
გემების ინფორმაციით უზრუნველყოფა ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ
მუხლი
13🔗. მეტეოროლოგიური
მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაციის
მოპოვება
ჰიდროგრაფიული სამსახური ზღვაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს ადგილობრივი (ლოკალური) მეტეოსადგურებიდან და გლობალური სატელიტური სისტემებიდან მიღებული რუკების საშუალებით.
მუხლი 14🔗. მეტეოროლოგიური ინფორმაციის სახეები და ინფორმირების წესი
ამ დებულების მიზნებისთვის, მეტეოროლოგიური ინფორმაციის სახეებია:
ა) ზღვაზე მოსალოდნელი პროგნოზი, ზღვაზე ფაქტობრივი მდგომარეობა, ინფორმაცია მოსალოდნელი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენებისა და ნავიგაციისათვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ;
ბ) საშიში მეტეოროლოგიური ან ნავიგაციისათვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური მოვლენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, დროის ფაქტორის მიუხედავად, საშტორმო გაფრთხილების გადაცემა (გამოცხადება);
გ) გემებსა და ზღვაზე ნავიგაციასთან დაკავშირებული საწარმოებისათვის თუ ორგანიზაციებისათვის ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დღე-ღამეში მინიმუმ ოთხჯერ, თანაბარი ინტერვალის შუალედით (SOLAS 74 საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად);
დ) ინფორმაციის გადაცემა ნავიგაციური ტელექსის საშუალებით დადგენილ სიხშირეებზე და გლობალური ელექტრონული ქსელით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ასევე რადიო VHF სიხშირეზეც.