№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №928
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
№5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№928
2023 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს №1 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
№1 პენიტენციური დაწესებულების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სამსახური) №1 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით.
4. ეს დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის.
მუხლი 2🔗. დაწესებულება
1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. დაწესებულებაში განთავსებულები არიან ბრალდებულები, რომელთაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილნი არიან პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის შესაბამისად და მსჯავრდებულები, რომელთაც სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ - გენერალური დირექტორი) ბრძანებით განესაზღვრათ დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა ან მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრათ საშიშროების დაბალი, საშუალო, მომეტებული ან მაღალი რისკი.
3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად, რომელთაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს გენერალური დირექტორი.
4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
5. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.
6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის მცირე გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის მითითებით.
8. დაწესებულების მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური.
მუხლი 3🔗. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები
1. დაწესებულების ამოცანებია:
ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;
გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა;
ე) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, განმეორებითი დანაშაულის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირების ხელშეწყობა.
2. დაწესებულების ფუნქციებია:
ა) დაწესებულებაში ბრალდებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისადმი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ამ დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;
ზ) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, ამ დებულებით განსაზღვრული აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ნივთებისა და ადგილსამყოფელის შემოწმება;
თ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;
ლ) პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;
მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;
ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის წარდგენა;
პ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადების ხელშეწყობა;
ჟ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური მომსახურებითა და სხვადასხვა სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა;
რ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი II
დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულებას მართავს და ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით.
3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციულ დარგებში მოადგილეები. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება გენერალური დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში ზედამხედველობს და უშუალოდ ხელმძღვანელობს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების (შემდგომ − სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება) საქმიანობას.
5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ზედამხედველობს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების (შემდგომ − ადმინისტრაციული განყოფილება) საქმიანობასა და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.
6. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება (შემდგომ − უსაფრთხოების განყოფილება) და დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება (შემდგომ − სპეციალური აღრიცხვის განყოფილება) უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.
7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას (შემდგომ − სამორიგეო ცვლა) ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორცილებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.
8. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების და მათდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 5🔗. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:
ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;
გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) გენერალური დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე გენერალური დირექტორისათვის მოთხოვნის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე - ბრძანების გამოცემა;
ი) საერთო საცხოვრებლის/საკნის, დეესკალაციის ოთახის, მოსაცდელი, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნების განსაზღვრა;
კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა;
ლ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;
ნ) განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დროის ხანგრძლივობისგან განსხვავებული სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობასა და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.
3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში.
მუხლი 6🔗. დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება
1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება კანონმდებლობით.
5. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე) აგრეთვე, მესამე პირად ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წერილობით ინფორმირება;
ე) დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა;
ვ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
თ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ი) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗. უსაფრთხოების განყოფილება
1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დაწესებულების ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
ე) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ვ) პატიმრობისა და სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;
ზ) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
თ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, ამ დებულებით განსაზღვრული აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ნივთებისა ადგილსამყოფელის შემოწმება, აგრეთვე, აკრძალული/არანებადართული ნივთების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად, აგრეთვე ამანათების მიღება-გაგზავნაზე ზედამხედველობა;
კ) უსაფრთხოებისა და დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 9🔗. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, მათი ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნებისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების მიღება-გაგზავნის ორგანიზება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე, სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;
კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;
ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა;
ნ) სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებისას მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ტანსაცმლის ტარებაზე კონტროლი;
ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საერთო საცხოვრებლის/საკნების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, ამ დებულებით განსაზღვრული აკრძალული/არანებადართული ნივთების ამოღება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამის რეაგირება;
ფ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;
ყ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;
შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 10🔗. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) გათავისუფლების, მათ შორის, მსჯავრდებულთა შეწყალების, დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.
3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 11🔗. საექიმო-სამედიცინო პუნქტი
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 12🔗. პატიმრობისა და სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულებაში ბრალდებულები, დაწესებულების დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან საკნებში, ხოლო დაწესებულების დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის ნაწილებში მსჯავრდებულები – საერთო საცხოვრებლებში სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებულები არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.
3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ბრალდებული და თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
4. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
5. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებული ვალდებულია სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ან/და სხვა სოციალურ აქტივობებში.
მუხლი 13🔗. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება და განთავსება
1. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. ბრალდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე, აგრეთვე, სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები ერთობლივად.
2. დაწესებულებაში ბრალდებულის მოსათავსებლად აუცილებელია:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით.
4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
5. ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.
6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ ბრალდებულებს შორის არ იყოს ურთიერთობა.
7. ბრალდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში - დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე ექიმს), სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე მოსამსახურეს).
8. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს ბრალდებულის იდენტიფიცირებას.
9. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის“ საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით.
11. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
12. იდენტიფიცირების შემდეგ, ბრალდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ოპერატიული მორიგე ბრალდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე აგრეთვე, გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკნის შემოწმება/დათვალიერებას.
13. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
14. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
15. შემოწმება/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ ბრალდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას და ბრალდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ბრალდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპით.
16. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) ბრალდებულს წერილობით გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი), ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის (შემთხვევის ადმინისტრატორის) არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას.
17. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
18. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა/მოხმარება ეკრძალებათ ბრალდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1), ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების თუ სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს ბრალდებულს (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან ბრალდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
19. ბრალდებულის და მისი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. ბრალდებულის სხეულზე დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მისი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირება დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება ბრალდებულს. ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, დაწესებულების დირექტორს.
20. თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
21. თუ დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული ბრალდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
22. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
23. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საკანში განაწილების მიზნით.
24. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.
25. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში.
26. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს ბრალდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია
27. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში.
28. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას ბრალდებულის საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 14🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება და განთავსება
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) მსჯავრდებულისათვის დაბალი რისკის/ნახევრად ღია ტიპის/დახურული ტიპის/განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების/გადაყვანის თაობაზე გენერალური დირექტორის ბრძანება;
დ) მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი/საშუალო/მომეტებული/მაღალი რისკის განსაზღვრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის საფუძველზე გამოცემული გენერალური დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ე) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
ვ) პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ) დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსების შემთხვევაში მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე.
3. მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.
4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში - დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე ექიმს), სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში - მორიგე მოსამსახურეს).
5. ოპერატიული მორიგის ნებართვით, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ესკორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართული მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა და მას დაწესებულებაში მიღებისას არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება სხვა დოკუმენტის მეშვეობით, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, ამის შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელიც მიეწოდება დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორი მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მსჯავრდებულისათვის 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადების მოთხოვნით.
8. მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი საბუთი/საბუთები ინახება მის პირად საქმეში.
9. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებულ „მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე“ და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
10. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
11. იდენტიფიცირების შემდეგ, მსჯავრდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში სრული შემოწმება/დათვალიერებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.
12. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
13. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
14. შემოწმების/დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ მსჯავრდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
15. პირადი საქმე „მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
16. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა/მოხმარება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომ – აკრძალული ნივთი), მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების თუ სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს მსჯავრდებულს (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
17. მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ ექიმის მიერ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. მსჯავრდებულის სხეულზე დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მისი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირება დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება მსჯავრდებულს. ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, დაწესებულების დირექტორს.
18. თუ ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი აღმოაჩენს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
19. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
20. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
21. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მსჯავრდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების მიზნით.
22. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპით. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე.
23. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემთხვევის ადმინისტრატორი) მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისადმი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს. მსჯავრდებული, აგრეთვე, გაფრთხილდება ამ დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემთხვევის ადმინისტრატორი) შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის (შემთხვევის ადმინისტრატორის) არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს დამატებით ეცნობება საკანში განაწილების წესები.
24. წერა-კითხვის უცოდინარ მსჯავრდებულს ამ მუხლის 23-ე პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
25. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.
26. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.
27. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
28. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
29. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს წერილობითი ფორმით, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი პატაკის საფუძველზე, რა დროსაც, ამ მუხლის 28-ე პუნქტით ერთად დამატებით, მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთან ერთად განთავსებით მათი სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისთვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნა. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლის/საფრთხის აღმოფხვრამდე.
30. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) პირველად მსჯავრდებულებს;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
დ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
31. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
32. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება ამ მუხლის 29-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე პუნქტით დადგენილი წესით.
33. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილის გადატვირთულობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას შესაძლებელია არაუმეტეს ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება გენერალური დირექტორის თანხმობით. ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება შესაძლებელია თუ ცნობილია, რომ მათი ერთ საკანში მოთავსება არ შეუქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმსა და უსაფრთხოებას.
მუხლი 15🔗. დღის განრიგი
1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სოციალურ და საკნის გარე აქტივობებში, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში, აგრეთვე მსჯავრდებულთათვის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილისა და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფის აუცილებლობა.
3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
4. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 16🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა გადაადგილების წესი
1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
2. გადაადგილების დროს, დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დაწყობა.
3. სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანზე ან სხვა შეხვედრაზე გასვლა, და სხვ.) შესრულების მიზნით გასვლის დროს, ბრალდებულს ევალება, დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დაწყობა.
მუხლი 17🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი
1. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ დანაყოფებზე, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს კი მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილის ტერიტორიის სხვა მონაკვეთებში – დაწესებულების წარმომადგენლის თანხმობით ან/და ზედამხედველობით.
2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე, ხოლო დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილის სხვა მონაკვეთებში – დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების წარმომადგენლის ზედამხედველობით.
3. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე, დღის განრიგით დადგენილი წესით, ხოლო დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილის სხვა მონაკვეთებში - დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების წარმომადგენლის ზედამხედველობით.
4. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და გადაადგილება ხორციელდება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით, როგორც წესი, ხელბორკილის გამოყენების გარეშე. მსჯავრდებულის გადაადგილება ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უშუალო კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. დაწესებულების ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
6. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.
7. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის დასაბუთებული პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ, მისი საკნიდან გამოყვანისა და დაწესებულებაში გადაადგილებისას დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.
9. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საერთო საცხოვრებლის/საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის (დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში - არანაკლებ 2 მოსამსახურის) თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.
10. სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
11. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
12. დღის განრიგით განსაზღვრული კვების დროს ნახევრად ღია ტიპის ნაწილში არსებული საერთო საცხოვრებლები იკეტება.
მუხლი 18🔗. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება
1. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილზე ყოფნის შემოწმება ტარდება საერთო საცხოვრებელში/საკანში დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება უკან.
მუხლი 19🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება
1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან გამოდის ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირადი შემოწმების შემდეგ ბრუნდება საერთო საცხოვრებელში/საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებას/დათვალიერებას.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია/არანებადართულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
3. გამოყენებისა და შენახვისათვის აკრძალულია/არანებადართულია ის ნივთი, ნივთიერება და საკვები პროდუქტი, რომელიც:
ა) წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, პატიმრობის ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ (დანართი №1);
გ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ამანათით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს;
დ) აჭარბებს საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №2 და №4 დანართებით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;
დ) დღის განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო საცხოვრებლის დატოვებისას;
ე) აბაზანაში გაყვანისას;
ვ) დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას;
ზ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას;
დ) მსჯავრდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებისას;
ე) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
ვ) მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას;
ზ) მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;
თ) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);
ი) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სრული პირადი შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
10. პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნას დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.
11. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალი. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.
12. პირადი შემოწმების შედეგად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათში.
13. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის:
ა) დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;
ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას;
ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. სხვა შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება მონაცემები ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალმძებნი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
მუხლი 20🔗. ამანათებისა და საფოსტო გზავნილის შემოწმება
1. დაწესებულებაში ამანათებისა და საფოსტო გზავნილის მიღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულებაში მიღებული ამანათების შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამანათის გამგზავნი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს;
ბ) სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №1 განყოფილების (შემდგომ – №1 განყოფილება) შესაბამისი მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირის გამოძახებას რიგითობის მიხედვით და ახორციელებს ამანათის გამგზავნი და ამანათის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას;
გ) №1 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ამოწმებს დოკუმენტაციაში მითითებული ნივთების შესაბამისობას დაწესებულების დებულებით განსაზღვრული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს;
დ) ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;
ე) თუ დაწესებულებაში არაა რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის გამგზავნი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. პირის მიერ დაწესებულებაში მედიკამენტის გაგზავნის შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით.
3. დაწესებულებაში მიღებული საფოსტო გზავნილი მოწმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის გამგზავნი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.
5. №1 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათების გამგზავნი პირის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, შემოწმებაზე, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს მოსამსახურეთაგან შემდგარი ჯგუფის (შემდგომ - ჯგუფი) წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად.
6. ამანათებისა და საფოსტო გზავნილის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №1 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.
7. ამანათში ან საფოსტო გზავნილში არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), გადაეცემა დაწესებულებას შესანახად ან შესაძლებელია დაწესებულების მიერ განადგურდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
8. ამანათში ან საფოსტო გზავნილში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №1 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება როგორც №1 განყოფილების უფროსსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ისე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
9. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №1 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამანათის შემომტანი პირის მიერ დაწესებულების დატოვების თავიდან ასაცილებლად.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.
11. ამანათში ან საფოსტო გზავნილში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფის წევრის/წევრების მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.
12. ამანათის და საფოსტო გზავნილი შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №14).
13. რენტგენული დანადგარისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში გაგზავნილი ნებისმიერი გზავნილი, მათ შორის ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი კორესპონდენცია.
მუხლი 21🔗. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება
1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე;
2. ცალკეული სათავსოსა და ტერიტორიის დათვალიერება შესაძლოა სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად;
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.
7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 22🔗. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისგან დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთის ამოღება
1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთის ამოღების უფლება აქვთ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.
2. ამ დებულებით (დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული ნივთის ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთი, რომლის შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (არანებადართული ნივთი), შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით - მის ახლო ნათესავს. დაწესებულებისათვის შესანახად გადაცემული ნივთი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები და ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
მუხლი 23🔗. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვა პირის ან ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებები;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში - ოპერატიული მორიგე, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმწუთიერი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილი წესით იქმნება დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 24🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.
2. ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათის ვადით.
3. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.
4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
მუხლი 25🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
2. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები.
3. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ.
4. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/შიდა კლასიფიკაციის საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს გენერალური დირექტორი.
5. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე.
7. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ.
8. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.
9. ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
10. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.
11. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა უკან დაბრუნების შესაბამისი საფუძველი.
12. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.
მუხლი 26🔗. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე გენერალურ დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების/სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მიერ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 27🔗. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც სახეზეა დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს. თუ გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
მუხლი 28🔗. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა შეუძლებელია, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 29🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა
1. ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაწესებულების მოსამსახურეებს მიმართავენ „თქვენობით".
2. დაწესებულების მოსამსახურეები ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან სახელითა და გვარით).
მუხლი 30🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
2. დაწესებულების მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 31🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
თავი IV
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ძირითადი უფლება-მოვალეობანი
მუხლი 32🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა), შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) პაემნით (ბრალდებული - ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული - ხანმოკლე პაემნით, ხანგრძლივი პაემნითა და ვიდეოპაემნით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულისა და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა));
ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;
ა.ე) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.ვ) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ზ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;
ა.ი) სპორტულ, კულტურულ და პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;
ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა (გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა));
მ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე (გასეირნების უფლება);
ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მსჯავრდებული, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:
ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა), პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.
3. დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
5. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს განთავსების ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი და სამუშაო ადგილი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული/არანებადართული ნივთი;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;
ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;
ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;
მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საერთო საცხოვრებელში/საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;
ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;
ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ, საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;
პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს ნებისმიერი ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა;
ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე საერთო სარგებლობის სივრცეებში და ზედაპირებზე გამოფინოს ისეთი ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;
რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;
უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;
ქ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;
ღ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.
მუხლი 33🔗. საცხოვრებელი პირობები
1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს“ და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საერთო საცხოვრებელი/საკანი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
5. საერთო საცხოვრებლის/საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ისეთ საერთო საცხოვრებელში/საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა საერთო საცხოვრებელზე/საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით ისე, რომ მსგავსი განთავსება ობიექტური პირის მიერ აღიქმება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯად.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საერთო საცხოვრებლის/საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით - ღამის საათებში.
9. საერთო საცხოვრებელში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელს/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საერთო საცხოვრებელი/საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.
11. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული საყოფაცხოვრებო პირობები.
12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობაა 100სმX60სმX60სმ.
13. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის საერთო საცხოვრებელში/საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
14. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობისას ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის, სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
15. მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
16. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 34🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, როგორც წესი, კვირაში ორჯერ (დაწესებულების დაბალი რისკის/ნახევრად ღია ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის − შეუზღუდავად) შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ − საპარიკმახერო მომსახურებით.
3. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
4. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში.
5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადამიანური ღირსების დაცვის პრინციპის შესაბამისად.
6. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
7. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.
9. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.
10. დაწესებულება უფლებამოსილია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
11. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელი.
მუხლი 35🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება
1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.
3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
5. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
7. დაწესებულების დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და სხვა სამრეწველო საქონელი მაღაზიაში შეუძლიათ შეიძინონ დამოუკიდებლად.
8. დაწესებულების პატიმრობის, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და სხვა სამრეწველო საქონლის შეძენის სურვილის შემთხვევაში შესაბამისი განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ჩაბარდება დაწესებულების წარმომადგენელს ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება საერთო საცხოვრებლის/საკნების მიხედვით და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.
9. გენერალური დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
10. დაწესებულების დაბალი რისკის/ნახევრად ღია ტიპის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე, ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებსაც, ექიმის რეკომენდაციის თანახმად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.
11. ბრალდებულები და დაწესებულების დახურული ტიპის/განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში საკნებში.
12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 36🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია
1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე.
მუხლი 37🔗. ამანათის/გზავნილის მიღება-გაგზავნის წესი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი/გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით - სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/გზავნილი ამ დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი/გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათისა და საფოსტო გზავნილის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში.
6. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/გზავნილის მიღება.
7. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/გზავნილს №1 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების დანართი №2, №3 და №4-ით.
9. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას (დანართი №7) ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/ფულადი გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს.
10. ამანათის/გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით.
11. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ შესაბამისი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
12. ამანათი/გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს, თუ:
ა) ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა ან დაწესებულებიდან გაყვანილია 3 დღეზე მეტი ვადით;
ბ) ბრალდებული/მსჯავრდებული გარდაიცვალა;
გ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა, პირადად მიიღოს ამანათი/გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;
დ) ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
ე) ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;
ზ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე.
თ) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით დაკისრებული აქვს ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.
14. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.
15. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გაითვალისწინება მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
16. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული/არანებადართული ნივთი ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული არანებადართული ნივთი, (რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას), შესაბამისი მიზეზის მითითებით, უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯით) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
17. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
18. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას. ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
19. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან დროებით გასვლის შემთხვევაში - მისი დაბრუნებისთანავე.
20. ამანათის/გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
21. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დაწესებულების დირექტორს.
22. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 38🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის მიმოწერა აკრძალულია.
3. ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
6. პირადი ხასიათისაა ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) სასამართლო;
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) სამსახური;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
კ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
ლ) პროკურორი;
მ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო;
ნ) კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
ო) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახური;
ჟ) სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
7. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული − მიმოწერისათვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით.
8. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას შეუძლია წარადგინოს განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ის ფლობს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
9. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
10. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს.
11. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
12. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს (შემთხვევის ადმინისტრატორი) ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვასა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
13. ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის (შემთხვევის ადმინისტრატორი) მეშვეობით არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმოწერით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეს (შემთხვევის ადმინისტრატორი) რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
14. ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
15. ცნობებს ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) გადასცემს დაუყოვნებლივ .
16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები 3 სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
17. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, ადგილზე განიხილავს და გადაწყვეტს დაწესებულების დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ დროს, ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატს.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
19. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართალწარმოების ინტერესებს;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული/არანებადართული ნივთის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
20. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
21. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
ე) სასამართლო;
ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
თ) საქართველოს სამინისტრო;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი;
კ) ადვოკატი;
ლ) პროკურორი;
მ) სამსახური;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
მუხლი 39🔗. სატელეფონო საუბარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.
2. აკრძალულია დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი.
3. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი.
4. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არაუმეტეს 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა.
5. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.
6. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.
7. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ წინასწარ მითითებული სატელეფონო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
8. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს 5 სატელეფონო ნომერს და დამატებით ადვოკატის ნომერს, ადრესატების მითითებით. უკვე დასახელებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
9. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას დაწესებულებას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მას წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
11. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება.
12. ამ მუხლის მე-3−მე-6 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
13. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 40🔗. ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი .
4. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
5. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
6. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
7. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-3−მე-7 პუნქტებში აღნიშნული პაემნების რაოდენობის გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 41🔗. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.
2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, უშუალო შეხვედრის ფორმით.
7. დაწესებულების პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში პაემანი ხორციელდება მინის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით, ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
8. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია მინის გამყოფი ბარიერი დამატებით აღიჭურვოს მეტალის ბადით, იმგვარად, რომ მინის გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს მყოფი პირები ხედავდნენ ერთმანეთს.
9. ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
10. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება:
ა) მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან;
ბ) ბრალდებულის მიმართ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან;
გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.
12. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
13. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
14. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
15. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებსა და ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს.
16. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთი, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
17. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
18. ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის შემთხვევაში ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.
19. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 42🔗. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 43🔗. ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის სატელეფონო საუბრით შეცვლა
1. ბრალდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ხანმოკლე პაემნით, ამ უფლების სატელეფონო საუბრის შეცვლის მოთხოვნით მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. ამ მოთხოვნის უფლება ბრალდებულს არ აქვს, თუ მან უარი მიიღო პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ტელეფონზე საუბრის უფლება მიეცემა მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირს.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული უფლებამოსილია განახორციელოს სატელეფონო საუბარი.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება ზოგადი წესით.
მუხლი 44🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის ხანმოკლე პაემნით და ხანმოკლე გასვლისა და ხანმოკლე პაემნის სატელეფონო საუბრით შეცვლა
1. მსჯავრდებული, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, ამ უფლების ხანმოკლე პაემნით შეცვლის მოთხოვნით მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. ამ მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადებაში აღინიშნება, ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მიღებული ხანმოკლე პაემნის უფლება განხორციელდება ზოგადი წესით.
5. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით, შეიძლება შეეცვალოს სატელეფონო საუბრის უფლებით.
6. დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 45🔗. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის“ შესაბამისად.
მუხლი 46🔗. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის, გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულისა და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, ვიდეოპაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის“ შესაბამისად.
მუხლი 47🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები, აგრეთვე, მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესით“.
მუხლი 48🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 49🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილისა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, ამ დებულებით დადგენილი წესით, რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3. დაწესებულების პატიმრობის, დახურული ტიპის ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
4. დაწესებულების დაბალი რისკის ან ნახევრად ღია ტიპის ნაწილებში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.
5. ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული/არანებადართული ნივთისა.
მუხლი 50🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) ხატწერა/ხატის შექმნა;
ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;
გ) ხატვა;
დ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.
5. დაბალი რისკის/ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ აგრეთვე შემდეგი ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება:
ა) ქარგვა;
ბ) კერვა;
გ) ქსოვა;
დ) ტყავის დამუშავება;
ე) გობელენის დამზადება;
ვ) თექაზე, სამკაულებზე, ბისერებზე, მინანქარსა და თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;
ზ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;
თ) დურგლობა;
6. გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებას.
მუხლი 51🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრები არ შედის ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნების რაოდენობაში.
4. დამცველი/პირი უნდა ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. სამსახურმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთის ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
9. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ დამცველს/ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, დამცველის/ადვოკატის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 52🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრაზე მოსული პირის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 53🔗. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან
1. დაწესებულებაში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის გენერალურ დირექტორს მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზე.
მუხლი 54🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება
1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.
2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), აგრეთვე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება.
4. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლებაში.
7. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
8. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულის ექსტერნატის, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობას.
9. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით.
10. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში მოთავსების და მსჯავრდებულს დისციპლინური პატიმრობის მოხდის პერიოდში ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 55🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულისა) ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული და მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი, რომელიც არ არის ბრალდებული ან მსჯავრდებული.
4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც აისახება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების დირექტორის მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების, შესაბამისი ცოდნის მქონე პირების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა, განისაზღვრება ამ დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.
11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისად.
თავი V
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია
მუხლი 56🔗. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამები;
გ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
დ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;
ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ზ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
მუხლი 57🔗. სარეაბილიტაციო პროგრამები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/განვითარება;
ბ) დაწესებულებაში არაძალადობრივი გარემოს შექმნა;
გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;
დ) საშიშროების რისკის შემცირების, დანაშაულის განმეორებითი ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შემცირების ხელშეწყობა;
ე) ადიქტური ქცევის მქონე მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია;
ვ) ძალადობრივი ქცევის მქონე პირთა ქცევის კორექცია;
ზ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
თ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;
ი) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენებისას.
მუხლი 58🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი დაწესებულების ხელშეწყობით.
2. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VI
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 59🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის დაუსწრებლად, გამონაკლისია, როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას.
6. ექიმი ვალდებულია, დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
8. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება გაეწევა, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – საკანში/საერთო საცხოვრებელში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
12. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.
14. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
15. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
16. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 60🔗. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება
1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა (ყოველდღე);
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს სამსახურს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
მუხლი 61🔗. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება
1. თუ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
თავი VII
დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 62🔗. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემოწმების ზონა – დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირების პირადი შემოწმება და მიღებული ამანათების შემოწმება;
ბ) პირადი არასრული შემოწმება – პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მისი გაშიშვლების გარეშე;
გ) პირადი სრული შემოწმება – პირის შემოწმება სკანერის ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით;
დ) სრული შინაგანი შემოწმება – სამედიცინო პერსონალის მიერ პირის სხეულის შინაგანი შემოწმება;
ე) დათვალიერების მეთოდი – პირის სხეულის (გარდა სრული შინაგანი შემოწმებისა), ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 63🔗. დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროსა და სამსახურის მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან:
ა) მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით;
ბ) მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.
4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.
5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმებას/დათვალიერებას ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დაწესებულებაში შემსვლელი პირების შემოწმებას/დათვალიერებას ახორციელებს ჯგუფი.
7. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს გენერალური დირექტორი.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.
11. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
12. დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
13. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.
14. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას – დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.
მუხლი 64🔗. დაწესებულებაში შესვლის წესი
1. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მოსამსახურე (შემდგომ – გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს:
ა) სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებლებსა და პროკურორებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) ადვოკატს – სამსახურებრივი მოწმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ორდერით და შესაბამისი საშვით;
დ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს, დაწესებულების მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ აქვთ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე ამ დებულების 63-ე მუხლის საფუძველზე გაცემული საშვი;
ე) პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს - სამსახურებრივი მოწმობითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით;
ვ) სხვა პირებს, რომლებიც თავიანთი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტით.
2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) გუშაგი ამოწმებს პირზე დაშვებულ საშვს, პირადობის დამადასტურებელ ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და დარწმუნდება მის სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ. თუ შემოწმებისას გუშაგს პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტის სისწორეში ან/და წარმდგენი პირის მიერ საბუთის კუთვნილებაში ეჭვი შეეპარება, დოკუმენტის დაბრუნების გარეშე მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით;
ბ) გუშაგი პირს სთავაზობს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დატოვოს ნივთები, რომელთა შეტანაც დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალულია;
გ) გამოკითხავს პირს, აქვს თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი. თუ პირს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, გუშაგი მოახსენებს ყარაულის უფროსს ან ყარაულის უფროსის თანაშემწეს, მისი ბრძანებით ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. ცეცხლსასროლი იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება სათანადო ჟურნალში (დანართი №15);
დ) შემოწმების შემდეგ აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.
3. პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და უტოვებს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შემსვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი, გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გამსვლელ პირს განზრახული აქვს, შეიტანოს დაწესებულებაში ან გამოიტანოს დაწესებულებიდან აკრძალული ნივთი. გუშაგი ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
5. დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთის შეტანა.
6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს საყარაულო უწყისში და მიუთითებს, ვინ როდის რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგებს.
7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.
8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს №1 განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 65🔗. პირადი არასრული შემოწმება
1. პირად არასრულ შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი ყველა პირი (გარდა ამ დებულების 68-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისა), ასევე დაწესებულებისა და №1 განყოფილების მოსამსახურეები.
2. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირების პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემოწმების ზონაში.
3. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სხვა თანმხლები ნივთების შემოწმება/დათვალიერება, გაშიშვლების გარეშე.
4. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, ხოლო თუ დაწესებულებაში, არ არის შესაბამისი საშუალებები, შემოწმება ხორციელდება ხელით, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
5. პირადი არასრული შემოწმებისას, დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირს შესაძლებლობა აქვს, სურვილის შემთხვევაში შემოწმება გაიაროს სკანერის აპარატის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
6. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) პირს შეეთავაზება, თავად წარმოადგინოს აკრძალული/არანებადართული და ლითონის შემცველი საგნები, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ), მოიხსნას თავსაბურავი და მოიხსნას ქამარი, ასევე შესამოწმებლად წარმოადგინოს ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.) მათი დაწესებულებაში შეტანის ნებართვის არსებობის შემთხვევაში;
ბ) პირს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში პირი ექვემდებარება ხელით შემოწმებას;
გ) პირის ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით, რაც მოიცავს შემდეგ ზონებს:
გ.ა) ზედა ტანსაცმელს (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები, ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ);
გ.ბ) ქვედა ტანსაცმელს (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);
დ) შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.
7. დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთის მოხვედრის პრევენციის მიზნით, ჯგუფის წევრი, პერიოდულად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა პირად არასრულ შემოწმებას ატარებს თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნითა და ხელით.
8. თუ პირი უარს აცხადებს არასრულ შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში შემოწმების ზონას გაივლის მხოლოდ სრული შემოწმების შემთხვევაში ან არ დაიშვება დაწესებულებაში.
9. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარის ან/და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით ხორციელდება პირის თანმქონი ნივთების შემოწმება. ჯგუფის წევრი უნდა დარწმუნდეს, რომ თანმქონ ნივთებში არ არის მოთავსებული აკრძალული/არანებადართული ნივთი. საჭიროების შემთხვევაში, ნივთები შეიძლება შემოწმდეს ხელით ან/და ხელის მეტალმძებნის მეშვეობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემოწმებისას მისი ეტლი, ყავარჯენი ან/და ხელჯოხი მოწმდება როგორც თანმქონი ნივთი. ის ნივთები, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენული დანადგარის გვირაბის გაბარიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმდება ხელით, ხელის მეტალმძებნის ან/და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.
10. თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) პირის ზედმეტი საგნებისაგან გათავისუფლების შემდეგ განხორციელდეს მისი სხეულის თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნით განმეორებითი შემოწმება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს პირის ხელის მეტალმძებნით შემოწმება, ასევე სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება.
11. პირადი არასრული შემოწმების დროს აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება №1 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. №1 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
12. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.
14. თუ პირადი არასრული შემოწმების შემდგომ შესამოწმებელი პირი უარს აცხადებს სრული შემოწმების გავლაზე, ან/და თუ არსებობს ეჭვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობება №1 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №1 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
15. პირადი არასრული შემოწმების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, №1 განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირისა და საჯარიმო ქვითრის ფორმის, საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესით“.
16. დაწესებულებიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდგომ გადაეცემა თავისი კუთვნილი ნივთები.
17. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირის ხელით შემოწმების შემთხვევაში, შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.
18. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფის წევრის/წევრების მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.
19. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იწარმოება დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №13).
20. პირადი არასრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების – ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.
21. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 66🔗. პირადი სრული შემოწმება
1. პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) პირის ხელით/ხელის მეტალმძებნით შემოწმებისა და მისი ყველა ზედმეტი საგნისაგან გათავისუფლების შემდგომ, თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის განმეორებით ამოქმედებისას;
ბ) ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე აღუძრავს ეჭვს, რომ პირს განზრახული აქვს, დაწესებულებაში შეიტანოს ან დაწესებულებიდან გაიტანოს აკრძალული/არანებადართული ნივთი, რისი დადგენაც შეუძლებელია არასრული შემოწმების გზით;
გ) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ;
დ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით, ჯგუფის წევრის/წევრების თანდასწრებით. შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირი.
3. ჯგუფის წევრი ვალდებულია შესამოწმებელ პირს განუმარტოს პირადი სრული შემოწმების პროცედურა. თუ პირი უარს აცხადებს სრულ პირად შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.
4. პირადი სრული შემოწმების დროს, №1 განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სამედიცინო პერსონალი, რომელსაც განუმარტავს პირს, რომ მის მიერ განსახორციელებელი შემოწმება ემსახურება უსაფრთხოების დაცვას და არ ატარებს სამედიცინო ხასიათს. №1 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
5. პირის სკანერით შემოწმება ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დაუშვებელია იმ პირის სკანერით შემოწმება, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატ(ებ)ი ან/და გულის მოქმედების სტიმულატორ(ებ)ი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით.
6. ხელით დათვალიერების მეთოდით პირი შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;
ბ) სკანერით შემოწმებით დადასტურდა პირის მიერ აკრძალული/არანებადართული ნივთის ფლობა;
გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირს თან აქვს აკრძალული/არანებადართული ნივთი, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით;
დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება;
ე) დაწესებულებაში არ არის სკანერი ან არსებული სკანერი გაუმართავია.
7. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას ხორციელდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ჯგუფის წევრის მითითების შემთხვევაში პირი ვალდებულია გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირი და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ამგვარი შემოწმება უნდა განახორციელოს ჯგუფის იმავე სქესის წევრმა, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას, დაუშვებელი შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.
8. პირის სხეულში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება სრული შინაგანი შემოწმება. თუ პირი უარს აცხადებს სრულ შინაგან შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.
9. ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში და დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია განხორციელდეს იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება სრული შემოწმება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა იმდაგვარად უნდა განხორციელდეს, რომ კამერის ხედვის არეში არ მოხვდეს შესამოწმებელი პირის სხეული, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმა) მიღმა.
10. სრული შემოწმების შედეგად აკრძალული ნივთის აღმოჩენისას, დაუყოვნებლივ ეცნობება №1 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №1 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. განყოფილების უფროსის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
11. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №1 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.
13. პირადი სრული შემოწმების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, №1 განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესით“.
14. პირადი სრული შემოწმება, ხორციელდება ჯგუფის იმ წევრის/წევრების მიერ რომლებიც არიან იმავე სქესის, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.
15. პირადი სრული შემოწმებისას იწარმოება დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №13).
16. პირადი სრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების - ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.
17. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამომსვლელი პირის პირადი სრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 67🔗. პირად შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა
1. დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა პირად არასრულ შემოწმებაზე მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, რასაც უზრუნველყოფს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველო.
2. პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს ამ დებულების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში და წესით.
3. მეთვალყურეობის მიმდინარეობის შედეგად წარმოებული ჩანაწერები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
მუხლი 68🔗. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები;
თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია, გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 69🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მისი რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 70🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სისტემაში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად სხვა ბრალდებულებთან /მსჯავრდებულებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 71🔗. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის საქმიანობა, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მათ შორის, დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ, გაასაჩივროს გენერალურ დირექტორთან.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება გენერალურ დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გენერალური დირექტორის/მინისტრის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 72🔗. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით.
მუხლი 73🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. დაწესებულებამ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი და სხვა საშუალებებით.
2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნა.
მუხლი 74🔗. საჩივრების ყუთი
1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრის ყუთი დაწესებულებაში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ მასზე არ განხორციელდეს მეთვალყურეობა.
3. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით - „საჩივრების ყუთი“.
4. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
5. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე (შემთხვევის ადმინისტრატორი) ვალდებულია ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არაუგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 75🔗. საჩივრის წარდგენის ენა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 76🔗. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.
4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.
5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
6. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდეგაც ხდება მათი რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გაგზავნა ამ დებულების 74-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 77🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. დაწესებულება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი შეუფერხებლად მიეწოდება სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის მეშვეობით.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 78🔗. საჩივრის განხილვის ვადები
1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 79🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
მუხლი 80🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
4. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 81🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 82🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, გენერალური დირექტორის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 83🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
1. მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების ფორმები.
2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ვ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
ზ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
ზ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
თ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ი) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
4. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ზ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა;
თ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
ი) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
6. გენერალური დირექტორის თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულების დირექტორმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი წახალისების ფორმები:
ა) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ბ) იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 84🔗. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე, სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან სხვა საკანში/საერთო საცხოვრებელში ან დაწესებულების გარეთ;
მ) ამ დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დისციპლინური დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო და აუდიომასალა/ტექნიკა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვის განმავლობაში, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს არანებადართულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში არანებადართულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 85🔗. დისციპლინური სახდელი
1. დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
3. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ე) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით (დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებული მსჯავრდებულთათვის);
თ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ი) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
მ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ნ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
ო) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
4. ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.
5. 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
7. დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
9. დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახური, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.
მუხლი 86🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება (დანართი №9) – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვთ, წერილობით წარადგინონ ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში. დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დანართი №10).
მუხლი 87🔗. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დანართი №11) უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.
მუხლი 88🔗. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
მუხლი 89🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მუხლი 90🔗. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით, გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ 1 საათისა.
5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 91🔗. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს, ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.
3. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად
4. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
5. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
7. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 92🔗. დისციპლინური პატიმრობა
1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.
2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 93🔗. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის პრევენციის მიზნით და მის თავიდან ასაცილებლად.
2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი X
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 94🔗. ბრალდებულთა გათავისუფლება
ბრალდებული დაწესებულებიდან თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 95🔗. მსჯავრდებულთა გათავისუფლება
1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან თავისუფლდება პატიმრობის კოდექსის VI თავით დადგენილი საფუძვლების შესაბამისად.
2. მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
5. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
6. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.
7. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
8. დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
9. დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
10. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
11. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები (უფლების ჩამორთმევა).
12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პატიმრობის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თავი XI
სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
მუხლი 96🔗. სამორიგეო ცვლა
1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24 საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ე) აკრძალული/არანებადართული ნივთის ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას;
ვ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციების და დებულების დაცვაზე კონტროლს;
ზ) საერთო საცხოვრებლების/საკნების ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილურია. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურე განწესდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მისი სახელისა და გვარის მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დროებითი საგუშაგო შეიძლება შეიქმნას დირექტორის მოადგილის ან ოპერატიული მორიგის მიერ, არაუმეტეს 24 საათისა.
5. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.
6. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.
7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე - ოპერატიულ მორიგესთან.
9. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბთან (სამმართველოსთან).
მუხლი 97🔗. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ყოველ დილას ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.
4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ოპერატიული მორიგე პატაკის სახით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს სამორიგეო ცვლის მზადყოფნაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, ასევე იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც დაუდგენელი მიზეზების გამო არ გამოცხადდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
7. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
8. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
9. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
10. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
11. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგეს ხელმძღვანელობით ხორცილდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.
12. პირველ რიგში, ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.
13. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარებები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
ბ) ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
14. საკომუნიკაციო შახტის კარებები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარებები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
15. დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საერთო საცხოვრებლების/საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება-გადაბარებას, კერძოდ:
ა) საერთო საცხოვრებლის/საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საერთო საცხოვრებლის/საკნის კარებს და საერთო საცხოვრებელში/საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
16. შესაბამისი დანაყოფების წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს (დანაყოფების მიხედვით), კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარებები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.
17. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, ამის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.
18. საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საერთო საცხოვრებელში/საკანში.
19. საერთო საცხოვრებლების/საკნების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
21. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.
22. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
23. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს საერთო საცხოვრებლის/საკნის და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
24. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბს (სამმართველოს).
25. წინა ცლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
26. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
27. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.
28. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.
მუხლი 98🔗. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საერთო საცხოვრებელში/საკანში.
2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საერთო საცხოვრებელი/საკანი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.
3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.
4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადათვლისა და საერთო საცხოვრებლების/საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საერთო საცხოვრებლებში/საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარებები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.
7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 99🔗. სარეზერვო ჯგუფი
1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.
2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიული მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას.
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საერთო საცხოვრებლების/საკნების დათვალიერებაში.
გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.
მუხლი 100🔗. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულნი იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც − სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულნი იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა), დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.