1. დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

3. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ე) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით (დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებული მსჯავრდებულთათვის);

თ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

ი) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

მ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ნ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;

ო) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

4. ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.

5. 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

7. დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

9. დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახური, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.

10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენ