1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან თავისუფლდება პატიმრობის კოდექსის VI თავით დადგენილი საფუძვლების შესაბამისად.
2. მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
5. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
6. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.
7. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
8. დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
9. დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
10. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
11. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები (უფლების ჩამორთმევა).
12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პატიმრობის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზე