საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 420000000.22.026.017139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში
მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №100
2023 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და 110-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მომხდარ საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების (მათ შორის,, სერიოზული ინციდენტის) მოკვლევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებს (მათ შორის,, სერიოზულ ინციდენტს) იკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საავიაციო შემთხვევის და ინციდენტების მომკვლევი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია არის დამოუკიდებელი და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს კანონმდებლობით და ამ წესით.
3. ამ წესის შესაბამისად, ჩატარებული მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.
4. წინამდებარე წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ საავიაციო შემთხვევაზე, რომელიც მოხდა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ:
ბ.ა) საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდი რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში;
ბ.ბ) საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდს, საავიაციო შემთხვევის მოხდენის მომენტში, ექსპლუატაციას უწევდა სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყება (შემდგომში – ექსპლუატანტი);
ბ.გ) საავიაციო შემთხვევის დროს დაზარალდა ან/და დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები) და ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-13 დანართის მე-5 თავის 5.27 მუხლის შესაბამისად, საქართველო მიმართავს მომკვლევი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას მოკვლევაში მონაწილეობის თაობაზე.
5. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამოქალაქო ან/და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე მომხდარ საავიაციო შემთხვევებზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომი (მათ შორის, ვერტოდრომი) – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის;
ბ) ავარია – საავიაციო შემთხვევა ადამიანების მსხვერპლის გარეშე, რამაც გამოიწვია საჰაერო ხომალდის დაზიანება ან დაშლა ან მგზავრების, ეკიპაჟის ან მესამე პირების სხეულის დაზიანება, რომლის დროსაც:
ბ.ა) ირღვევა საჰაერო ხომალდის პლანერის კონსტრუქციის სიმტკიცე ძალური ელემენტების დაშლის გამო;
ბ.ბ) უარესდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური, ან საფრენოსნო მახასიათებლები და საჭიროა რემონტი მათ აღსადგენად, ან მიზანშეუწონლად არის მიჩნეული მისი საფრენად ვარგისიანობის აღდგენა;
გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;
დ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილია;
ე) ინციდენტი – საავიაციო შემთხვევის გარდა, საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატირების უსაფრთხოებაზე;
ვ) კატასტროფა – საავიაციო შემთხვევა, რამაც გამოიწვია რომელიმე მგზავრის ან ეკიპაჟის წევრის სიცოცხლის მოსპობა ან უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ან მისი/მათი სხეულის ისეთი დაზიანება რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კატასტროფას მიეკუთვნება ასევე რომელიმე იმ პიროვნების სიცოცხლის მოსპობა, რომელიც იმყოფებოდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ავარიული ევაკუაციის ჩატარების დროს. ამ წესის მიზნებისთვის, სიკვდილის დადგომის ფაქტად მიიჩნევა საავიაციო შემთხვევიდან 30 დღე-ღამის განმავლობაში სხეულის დაზიანების შედეგად დამდგარი სიცოცხლის მოსპობის ფაქტი;
ზ) მგზავრი – საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი პირ(ებ)ი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების გარდა;
თ) მიზეზები – მოქმედებები, უმოქმედობები, ღონისძიებები, გარემოებები, პირობები ან მათი კომბინაცია, რომელმაც გამოიწვია საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი;
ი) მოწვეული სპეციალისტი – პირი, რომელსაც მეცნიერებასა და ტექნიკის განსაზღვრულ სფეროში გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და ჩართულია საავიაციო შემთხვევის მოკვლევაში, ატარებს სამეცნიერო-ტექნიკურ ექსპერტიზებს და იძლევა კონსულტაციებს;
კ) მრჩეველი – სამინისტროს მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის მოკვლევაში დასახმარებლად;
ლ) პირველადი შეტყობინება – პირველადი ინფორმაცია, რაც გახდა ცნობილი საავიაციო შემთხვევაზე და დაუყოვნებლივ გადაეცა სამინისტროს;
მ) რეკომენდაცია – კომისიის დასკვნის საფუძველზე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაცემული რჩევა;
ნ) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, საფრენი აპარატების ძრავები, აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები, აგრეგატები და სისტემები, საფრენი აპარატების მოწყობილობა (საფრენი აპარატებიდან მოხსნილი ან სტაციონარულად დაყენებული), საავიაციო დაზიანების საშუალებები, საწაფი;
ო) საავიაციო შემთხვევა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელიც ხდება ბორტზე ფიზიკური პირის ასვლასა და ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ ხომალდის დატოვებას შორის დროის მონაკვეთში, თუ:
ო.ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:
ო.ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;
ო.ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილებთან, რომლებიც მოსცილდა საჰაერო ხომალდს) უშუალო შეხების შედეგად;
ო.ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად;
ო.ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ხდება მისი კონსტრუქციის დარღვევა, რის შედეგადაც:
ო.ბ.ა) ირღვევა აგებულების სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;
ო.ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);
ო.გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან აღმოჩნდება მიუდგომელ ადგილებში. საჰაერო ხომალდი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, როდესაც მისი კონსტრუქციული ელემენტების ადგილსამყოფელიც კი ვერ დგინდება და შეწყვეტილია ოფიციალური ძებნა. გადაწყვეტილებას დაკარგული საჰაერო ხომალდის ძებნის შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
პ) საბორტო თვითჩამწერი – საავიაციო შემთხვევის მოსაკვლევად, საჰაერო ხომალდზე, როგორც ცნობების დამატებითი წყარო, დაყენებული ნებისმიერი თვითჩამწერი ხელსაწყო;
ჟ) სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, იმ საავიაციო შემთხვევის მოკვლევაში მონაწილეობისთვის, რომელსაც სხვა სახელმწიფო აწარმოებს;
რ) სამსახურებრივი მოკვლევა – საავიაციო შემთხვევის მომავალში თავიდან ასაცილებლად განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს საავიაციო შემთხვევაზე ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს, დასკვნის მომზადებას, მიზეზების დადგენის ჩათვლით და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავებას. საავიაციო შემთხვევის დასაწყისად ითვლება საავიაციო შემთხვევის შესახებ პირველადი შეტყობინების მიღება, დამთავრებად კი – საბოლოო ანგარიშის შედგენა;
ს) სახიფათო ტვირთი - ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ტ) სახმელეთო თვითჩამწერი – საავიაციო შემთხვევის მოსაკვლევად, ხმელეთზე, როგორც ცნობების დამატებითი წყარო, დაყენებული ნებისმიერი თვითჩამწერი ხელსაწყო;
უ) საჰაერო ხომალდი – აპარატი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალება), რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით;
ფ) სერიოზული ინციდენტი – შემთხვევა, რომელიც შესაძლებელია გადაზრდილიყო საავიაციო შემთხვევაში;
ქ) სერიოზული დაზიანება – საავიაციო შემთხვევისას ადამიანის სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია:
ქ.ა) დაზიანებიდან შვიდი დღის განმავლობაში 48 საათზე მეტი ხნით ჰოსპიტალიზება;
ქ.ბ) ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა;
ქ.გ) ქსოვილის დაზიანება, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლდენა, ნერვების, კუნთების ან მყესების დაზიანება;
ქ.დ) ნებისმიერი შიდა ორგანოს დაზიანება;
ქ.ე) სხეულის მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობა ან ნებისმიერი დამწვრობა, რამაც სხეულის ზედაპირის 5%-ზე მეტი დააზიანა;
ქ.ვ) ინფექციური ნივთიერებების ან რადიაციის ზემოქმედების დადგენილი ფაქტი;
ღ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები – საავიაციო შემთხვევის (ინციდენტების) მოკვლევის ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები საავიაციო შემთხვევის (ინციდენტების) შემდგომში თავიდან ასაცილებლად;
ყ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები - ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული ქმედება;
შ) ძრავას მტყუნება – საჰაერო ხომალდზე ძრავას მწყობრიდან გამოსვლა;
ჩ) AIP – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული;
ც) NOTAM – საავიაციო ელექტროკავშირის საშუალებებით მიწოდებული შეტყობინება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ნებისმიერი აერონავიგაციური მოწყობილობის მომსახურების და წესის მდგომარეობის ან ცვლილების ძალაში შესვლის შესახებ ან ინფორმაციას იმ საფრთხის შესახებ, რომელთა შესახებ დროულ გაფრთხილებას აქვს დიდი მნიშვნელობა იმ პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფრენების შესრულებასთან.
მუხლი 3🔗. საავიაციო შემთხვევები
1. საავიაციო შემთხვევები კლასიფიცირდება:
ა) კატასტროფა;
ბ) ავარია.
2. ავარიებს არ მიეკუთვნება:
ა) თვითმფრინავებისთვის – ძრავას მტყუნება ან დაზიანება, როდესაც ზიანდება მხოლოდ თავად ძრავა, მისი კაპოტები, დამხმარე აგრეგატები ან როდესაც დაზიანებულია მხოლოდ საჰაერო ხრახნები, ფრთების დაბოლოებები, ანტენები, ბორბლები, სამუხრუჭე მოწყობილობა, გარსშემომდენი ან როდესაც გარსშემომდენში არის მცირე შენაჭყლეტები ან ნახვრეტები;
ბ) შვეულმფრენებისთვის – მზიდი ან მიმმართველი ხრახნების, სავენტილაციო დანადგარების, რედუქტორების, გარსშემომდენის, ტრანსმისიის განცალკევება/დაშლა ან დაზიანება, თუ მათ არ გამოიწვიეს ფიუზელაჟის ან კუდა ძელის დაზიანება ან ძალური ელემენტების დაშლა;
გ) საჰაერო ხომალდი აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, სადაც მასთან მისადგომი და მისი ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდან შეუძლებელია.
3. საავიაციო შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია ორი ან მეტი საჰაერო ხომალდის შეჯახებით, მოკვლევას ექვემდებარება როგორც ერთი საავიაციო შემთხვევა, ხოლო კლასიფიცირდება ცალკე თითოეული საჰაერო ხომალდისთვის, გამომდინარე საავიაციო შემთხვევის შედეგიდან. მოკვლევის შედეგი ფორმდება, ერთიანი საბოლოო ანგარიშის სახით.
მუხლი 4🔗. საავიაციო შემთხვევების მოკვლევის მოთხოვნები
1. საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევები ექვემდებარება მოკვლევას, რაც ხორციელდება აღნიშნული წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საავიაციო შემთხვევებთან დაკავშირებულ პირთა ბრალეულობის ან/და პასუხისმგებლობის დამდგენ მოქმედებებს ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები.
3. საავიაციო შემთხვევის მოკვლევისთვის, შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია იმ შემთხვევაში, როდესაც საავიაციო შემთხვევა მოხდა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის საქართველოს სამოქალაქო ან/და ექსპერიმენტულ ხომალდთან შეჯახებით.
4. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს კომისია, რომელიც თავისი საქმიანობის განხორციელებისას არის დამოუკიდებელი, ობიექტური და მოქმედებს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად.
5. საჰაერო ხომალდებზე, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევების მოკვლევა, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად, ტარდება საავიაციო შემთხვევის მოხდენის ადგილის სახელმწიფოს მიერ, ამ სახელმწიფოს ეროვნული წესების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტრო იმავე კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად, უფლებამოსილია მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად, კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნოს და მიავლინოს უფლებამოსილი პირი (შემდგომში – წარმომადგენელი).
6. დაუშვებელია:
ა) საავიაციო შემთხვევის ან მასთან დაკავშირებული ფაქტების დამალვა;
ბ) საავიაციო შემთხვევის შესახებ დაგვიანებული შეტყობინება;
გ) მოკვლევის მსვლელობაზე არასანქცირებული ინფორმაციის გავრცელება;
დ) საავიაციო შემთხვევის ან მისი გამომწვევი მიზეზების განზრახ არასწორი კლასიფიკაცია;
ე) იმ საბორტო ან მიწაზე არსებულ ობიექტური კონტროლის ჩანაწერების ან სხვა მასალების დაზიანება, ან მათი განადგურება, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საავიაციო შემთხვევასთან.
7. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის პროცესი მოიცავს:
ა) ობიექტურობის პრინციპის საფუძველზე, ყოველმხრივი, სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს;
ბ) საავიაციო შემთხვევაზე წინასწარი ანგარიშის შედგენას;
გ) საჭირო კვლევების ჩატარებას;
დ) საავიაციო შემთხვევის მიზეზ(ებ)ის დადგენას;
ე) საავიაციო შემთხვევაზე საბოლოო ანგარიშის შედგენას;
ვ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავებას და მოკვლევის შედეგების განხილვას.
8. მიწაზე ან ჰაერში, საჰაერო ხომალდის მომსახურებასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულნი არიან შეასრულონ ამ წესის მოთხოვნები.
თავი II
საავიაციო შემთხვევის მოკვლევა
მუხლი 5🔗. მოკვლევის მიზანი
1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მიზანია სავარაუდო გამომწვევი მიზეზების დადგენა, მისი თანამდევი ფაქტების, პირობებისა და გარემოებების გამოვლენა, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე.
2. მოკვლევის საგანს არ წარმოადგენს ვინმეს ბრალეულობისა ან/და პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევისას გამოვლინდა ცალკეული პირის ან ექსპლუატანტის დანაშაულებრივი ქმედება, კომისია ვალდებულია იგი ასახოს მოკვლევის საბოლოო ანგარიშში და აცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 6🔗. საავიაციო შემთხვევაზე ინფორმაციის შეტყობინება
1. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში ფუნქციონირებადი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლისთვისაც ცნობილი გახდება, რომ ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევას, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს.
2. ინფორმაციის შეტყობინება ხდება ტელეფონით ან სხვა ნებისმიერი საშუალებებით.
3. ინფორმაციის შეტყობინება ხდება ნებისმიერი საავიაციო შემთხვევისას.
მუხლი 7🔗. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის წარმართვა (ორგანიზაციული საკითხები, ზოგადი დებულებები)
1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ნებისმიერ საავიაციო შემთხვევას იკვლევს, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ დანიშნული/შექმნილი კომისია ამ წესის შესაბამისად.
2. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისას, როდესაც საქართველო წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ან საავიაციო შემთხვევის დროს დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები), სამინისტრო ვალდებულია, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მომკვლევი სახელმწიფო ინფორმაციით:
ა) სამინისტროს მოკვლევის პროცესში ჩართვისა და წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ;
ბ) საჰაერო ხომალდზე არსებული სახიფათო ტვირთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საჰაერო ხომალდის და/ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების შესახებ.
3. კომისიის მუშაობაში, სახელშეკრულებო საწყისებზე, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დამამზადებლის, ავიასაწარმოს, სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო დაწესებულებებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა.
4. საავიაციო შემთხვევის მოკვლევასთან და ამ შემთხვევით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების, აგრეთვე კომისიის წევრებისა და მოწვეული სპეციალისტების შრომითი ურთიერთობის საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. საავიაციო შემთხვევის მოკვლევა
1. კომისიის შექმნამდე მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ასრულებს მოკვლევის პირველად მოქმედებებს.
2. იძულებითი დაფრენისას, საჰაერო ხომალდის მეთაურს, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, გამოჰყავს მგზავრები და შეძლებისდაგვარად აქრობს ხანძარს (არსებობის შემთხვევაში). მეთაური, დარწმუნდება რა ხანძრის არ არსებობაში, ვალდებულია:
ა) შეამოწმოს გამორთულია თუ არა საჰაერო ხომალდის ელექტროკვების ყველა წყარო და საბორტო თვითჩამწერები;
ბ) უზრუნველყოს ნამსხვრევების, მართვის პულტების, ინფორმაციის შემცველებისა და თვითჩამწერების ხელშეუხებლობა;
გ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის, მისი ნაწილების, ტვირთის, ბარგის, ფოსტისა და სხვა საგნების ხელშეუხებლობა, აკრძალოს საწვავის, ზეთისა და სხვა სითხეების ჩამოსხმა;
დ) დაკეტოს და შეძლებისდაგვარად დალუქოს კარებ(ებ)ი, კაპოტ(ებ)ი;
ე) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდისა და საავიაციო შემთხვევის ადგილის დაცვა;
ვ) მიიღოს ყველა ზომა საავიაციო შემთხვევის შესახებ უმოკლეს ვადაში უშუალო ხელმძღვანელის ან სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის შესატყობინებლად.
3. თუ საჰაერო ხომალდის მეთაურს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზით, არ შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, ეკიპაჟის სხვა, რანგით უფრო მაღლა მდგომი წევრი ასრულებს საჰაერო ხომალდის მეთაურის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
4. იმ აეროდრომის ხელმძღვანელი, რომლის ტერიტორიაზეც (აეროდრომის რაიონში) ან საჰაერო ხომალდზე ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევას, შეტყობინების მიღებიდან კომისიის მოსვლამდე უზრუნველყოფს:
ა) ინფორმაციის შეტყობინებას იმ ზემდგომი ორგანოსთვის, ვის დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება;
ბ) საძებნ – სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებ(ებ)ის მოწვევით;
გ) მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენის, ხანძრის ჩაქრობისა (არსებობის შემთხვევაში) და ნივთმტკიცებების დაცვის მიზნით შეძლებისდაგვარად დამატებითი ზომების მიღებას;
დ) სამინისტროს ამ რაიონში განლაგებულ დანაყოფებთან, ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად საავიაციო შემთხვევის ადგილის დაცვას, აგრეთვე საჰაერო ხომალდისა და მისი შიგთავსის ან ნივთმტკიცებების ხელშეუხებლობას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საჭიროა ნამსხვრევებიდან დაზარალებულის ამოყვანაა;
ე) საავიაციო შემთხვევის თვითმხილველების გამოვლენასა და მათი სიის შედგენას, კომისიისთვის წარსადგენად;
ვ) დოკუმენტურად (ფოტოგადაღება, სქემის შედგენა ან სხვა) აღნუსხავს საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი საჰაერო ხომალდის ზედაპირზე, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და სხვა);
ზ) სახომალდო საბუთებისა და საბორტო თვითჩამწერების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას. თუ საბორტო თვითჩამწერ(ებ)ი მოხვედრილია აგრესიულ სითხეში (მჟავა, ტუტე და სხვა) ან ხანძრის კერაში, შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებელია მისი/მათი იქიდან დაუყოვნებლივ ამოღება და ინფორმაციის შესანარჩუნებელი ზომების მიღება, აგრეთვე, მის/მათ ამოღებასა და მდგომარეობაზე აქტის შედგენა;
თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა საბორტო თვითჩამწერის ადგილმდებარეობის შენარჩუნებას. კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საბორტო მაგნიტოფონ(ებ)ის გახსნა და მოსმენა, საბორტო თვითჩამწერ(ებ)ის გახსნა, დეკოდირება და გაშიფვრა, კატეგორიულად აკრძალულია;
ი) საავიაციო შემთხვევის ადგილის მიმდებარე მიდამოებში საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების ძებნას და აღმოჩენილ ადგილზე მათ დაცვას;
კ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე გარეშე პირების დაუშვებლობას.
5. საავიაციო შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე კომისია:
ა) ადგენს საჰაერო ხომალდის მონაცემებს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად, ეცნობა საავიაციო შემთხვევის ადგილს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობას, აფასებს ამ ღონისძიებების შესრულების ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში იღებს დამატებით ზომებს;
ბ) ამოწმებს მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე ინფორმაციის შეტყობინების მდგომარეობას, საავიაციო შემთხვევის ადგილის, საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების და გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებლობასა და დაცვას, საბორტო თვითჩამწერების ამოღებას და დაცვას;
გ) საავიაციო შემთხვევის ადგილის გარკვეული მონაკვეთის მიერ საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, იღებს ამ მონაკვეთიდან საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების სხვა ადგილზე გადაადგილების (მათი ისეთივე განლაგებით ერთმანეთის მიმართ, როგორც ეს იყო რეალური შემთხვევის ადგილზე) გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში გადაადგილებამდე, საჰაერო ხომალდი ან მისი ნამსხვრევები გადაღებულ უნდა იქნეს საორიენტაციო (პანორამული) და დეტალიზებული ხერხით ხმელეთის რამდენიმე ადგილიდან, საჭიროებისას – ჰაერიდანაც;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს საავიაციო შემთხვევის ადგილის დათვალიერების აქტს, რომელშიც აისახება საჰაერო ხომალდის ან მისი ნამსხვრევების მდებარეობა, საჰაერო ხომალდის ძირითადი ნაწილების მიმართ გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მდებარეობა და საერთო მდგომარეობა, აგრეთვე, ხმელეთთან (სახმელეთო დაბრკოლებებთან) შეჯახების მიახლოებითი კუთხე;
ე) ეკიპაჟის კაბინაში ფოტო ან ვიდეო გადაღების სახით აფიქსირებს ხელსაწყოების მონაცემებს, გადამრთველების, გამომრთველების, საჰაერო ხომალდის მართვის ბერკეტების მდგომარეობას (მდებარეობას), ამასთან, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს ნამსხვრევების დაუშლელობასა და დაუზიანებლობას;
ვ) უზრუნველყოფს მფრინავების და საჭიროებისას, ეკიპაჟის სხვა წევრების, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე (ჯანმრთელობის მდგომარეობის (მათ შორის, სიმთვრალე-სიფხიზლეზე) საექიმო შემოწმებას, იღებს ეკიპაჟის ყველა წევრისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ფრენის მომზადებასა და უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების (ტექნიკური მომსახურე პერსონალის) ახსნა-განმარტებით ბარათებს;
ზ) დოკუმენტურად (ფოტო ან ვიდეოგადაღება, სქემის შედგენა) აღნუსხავს საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება, განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი საჰაერო ხომალდის ზედაპირზე, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და ა.შ.);
თ) ადგენს საავიაციო შემთხვევის ადგილის წინასწარ ესკიზს;
ი) მოითხოვს, საავიაციო შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტისთვის ამინდის შესახებ სრულ ინფორმაციას, ხოლო თუ საავიაციო შემთხვევა მოხდა აეროდრომის რაიონის გარეთ, უზრუნველყოფს უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურებიდან ამინდის შესახებ მონაცემების მიღებას;
კ) საჭიროებისას, უზრუნველყოფს საავიაციო შემთხვევის ადგილის რადიოლოგიურ, ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას;
ლ) საჭიროებისას, შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე, ლუქავს იმ რეზერვუარებს (მობილურ სპეციალიზებულ საწვავგამწყობებს), საიდანაც იყო საწვავით გამართული (გაწყობილი) მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი;
მ) უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდზე არსებული საფრენოსნო საბუთების (საფრენოსნო დავალება, საბორტო ჟურნალი, მეტეოროლოგიური საბუთები, საფრენოსნო რუკები და სხვა) დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის (ფრენების ხელმძღვანელის) სამსახურებრივი მაგნიტოფონების ჩანაწერების (მაგნიტური ლენტების), დასაფრენი რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, საჰაერო ხომალდ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების საფრენოსნო წიგნაკების, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირადი საქმეების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი საბუთების, საჰაერო ხომალდის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, საჰაერო ხომალდის საფრენად მოსამზადებლად ან გაფრენის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის) მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტის, საჰაერო ხომალდში ჩასხმული საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობისა და ხარისხის ამსახველი საბუთების, აეროდრომის რაიონში და ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას;
ო) საჭიროების შემთხვევაში, აღნუსხავს საავიაციო შემთხვევის რაიონში მფრენი სხვა საჰაერო ხომალდ(ებ)ის საბორტო ნომრებს და იღებს მათი საბორტო ობიექტური კონტროლის საშუალებების ინფორმაციის შენახვის ზომებს;
პ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან დროებით ათავისუფლებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, აგრეთვე, საავიაციო-ტექნიკურ შემადგენლობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საფრენად მომზადებას, საჰაერო მოძრაობის მართვასა და ფრენის უზრუნველყოფაში მონაწილე პერსონალს. აღნიშნული პირები სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად დაიშვებიან კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
6. კომისია შემთხვევის ადგილზე უნდა მივიდეს აღჭურვილი ყველა, მოკვლევის საწარმოებლად საჭირო ტექნიკური და სხვა საშუალებებით, რომელთა ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის №17 დანართით.
7. კომისიის თავმჯდომარე ატარებს საორგანიზაციო სხდომას, აცნობს ბრძანებას კომისიის დანიშვნის/შექმნის შესახებ, ისმენს აეროდრომის ხელმძღვანელის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის პატაკს საავიაციო შემთხვევის ადგილზე განხორციელებული პირველადი მოქმედებების, საავიაციო შემთხვევის გარემოებებისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში აყალიბებს ქვეკომისიებს და ნიშნავს მის უფროსს/თავმჯდომარეებს, ადგენს მოკვლევის საწყის საფეხურზე განხორციელებული სამუშაოების ძირითად მიმართულებებსა და იძლევა სათანადო მითითებებს.
8. კომისიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე კომისიის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს მისი თავმჯდომარე. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის, ნივთმტკიცებების შეგროვებას, მოკვლევის მიმდინარეობის ძირითად მიმართულებებსა და თანამიმდევრობას, აგრეთვე მოკვლევის ჩატარების ვადებსა და მოკვლევაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.
9. კომისიის საქმიანობა ხორციელდება საავიაციო შემთხვევის შედეგებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
10. კომისიის სხდომის ოქმების გასაფორმებლად, ინფორმაციისა და ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ანგარიშების შესაკრებად, აგრეთვე საბოლოო/წინასწარი/საინფორმაციო ანგარიშ(ებ)ის შესადგენად, საჭიროების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე საავიაციო შემთხვევის სირთულისა და ჩასატარებელი სამუშაოებიდან გამომდინარე განსაზღვრავს ქვეკომისიებს/სამუშაო ჯგუფებს და მათ თავმჯდომარეებს.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, სადაც აისახება განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, თავმჯდომარის მითითებები. განხილულ საკითხებზე უთანხმოების წარმოქმნისას, ოქმში უნდა აისახოს მონაწილეთა აზრი. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და არსებობის შემთხვევაში ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეები.
12. ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების მიერ მოკვლევის მასალების არასრულად/არაზუსტად/არასწორად ან დაგვიანებით გაფორმებისას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კომისიის წევრებს, ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს მისცეს რეკომენდაციები მასალების გაფორმებაზე.
13. მოკვლევაში მონაწილე პირები საავიაციო შემთხვევის ადგილზე დაიშვებიან კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.
14. მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის ფრენასთან დაკავშირებული ობიექტური კონტროლის საშუალებები, საფრენოსნო და ტექნიკური საბუთები, მაგნიტოფონის ჩანაწერები, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს საბუთები ინახება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე და გაიცემა/გამოიყენება კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.
15. შესწავლილი ყველა ნამსხვრევის, ობიექტური კონტროლის საშუალებების, კვანძებისა და აგრეგატების შენახვის ადგილი და პირობები (ანგარი, სატვირთო ტერმინალი და სხვა) განისაზღვრება საგამოძიებო ორგანოების მიერ.
16. ქვეკომისიებში/სამუშაო ჯგუფებში შესრულებული სამუშაოს შედეგები ფორმდება ცალკეული ანგარიშის სახით, რომელიც კომისიის შემდგომი მუშაობისას გამოიყენება.
17. კომისიის საქმიანობის დასკვნითი საბუთია მოკვლევის შედეგებზე საბოლოო ანგარიში, რომელიც ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ცალკეული ანგარიშების, ექსპერტიზ(ებ)ის მასალებისა და კომისიის განკარგულებაში არსებული სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით დგება. საბოლოო ანგარიშის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ წესის მე-9 მუხლით, ხოლო ქვეკომისიების ანგარიშ(ებ)ის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №1, №2 და №3 დანართებით.
18. კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე მოკვლევაში მონაწილე პირებს, შესაბამისი საბუთების წარდგენისას, ამ წესის III თავით განსაზღვრული უფლებების გარდა, უფლება აქვთ:
ა) შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა საავიაციო შემთხვევა ან განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნამსხვრევები და გააკეთონ მოკვლევისათვის საჭირო ქმედება, კომპეტენციის ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებით;
ბ) დაათვალიერონ და შეამოწმონ მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, ნივთმტკიცებები, აგრეთვე საჰაერო ხომალდზე არსებული ან საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები;
გ) მიიღონ ინფორმაცია საავიაციო შემთხვევის თვითმხილველებისგან, აგრეთვე იმ პირებისგან, რომელთაც საავიაციო შემთხვევასთან აქვთ, ან შესაძლოა ჰქონდეთ რაიმე დამოკიდებულება;
დ) მოითხოვონ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული დაკითხვ(ებ)ისა და ექსპერტიზ(ებ)ის ასლები;
ე) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, მოითხოვონ ნებისმიერი ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბუთები;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღონ საავიაციო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლები, აგრეთვე კომისიის სახელით მოითხოვონ გვამების გაკვეთა ან ნებისმიერი სხვა გამოკვლევა, იმ პირობით, რომ დაცული იქნება გამოსაკვლევი პირ(ებ)ის რელიგიური წეს-ჩვეულებები;
ზ) გამოკვლევების, გამოცდებისა და ექსპერტიზების ჩასატარებლად, კომისიის მუშაობაში ჩააბან სპეციალიზებული ორგანიზაციები (სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, ბაზები, ცენტრები, საკონსტრუქტორო ბიუროები და სხვა) და ცალკეული სპეციალისტები.
19. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედება ხორციელდება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მუშაობის ყოველდღიურ საქმიანობას და შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულ იქნეს საავიაციო შემთხვევის ყველა დამამტკიცებელი საბუთი, მოკვლევის ამოცანების შესაბამისად.
20. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფების წევრების ქმედება, მიმართულია ნივთმტკიცებების შეკრებაზე, კერძოდ, საბორტო და სახმელეთო თვითჩამწერების შენახვა, ფიზიკურ პირთა გამოკითხვა, სამედიცინო შემოწმება, ამოცნობა და სხვა ხორციელდება საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებით, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.
21. მოკვლევაში მონაწილეებს, ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ:
ა) საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებაში;
ბ) მოკვლევის მიზნით განხორციელებულ გამოცდებში;
გ) დასკვნების, მიზეზებისა და რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად გამართულ სხდომებში.
22. ყველა პირი, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს კომისიას მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს კომისიის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების ჩატარება.
23. საავიაციო შემთხვევის მოკვლევა შეიძლება დასრულებულ იქნეს თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად მოკვლეული ინფორმაცია სრულად ამოღებული და დოკუმენტირებულია.
24. განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში, მოკვლევის დასრულებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვლენილი ისეთი გარემოებ(ებ)ისას, რომელ(ებ)იც გავლენას ახდენენ (ან შეიძლება მოეხდინათ) მოკვლევის შედეგებზე, საავიაციო შემთხვევის მოკვლევა გრძელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9🔗. საავიაციო შემთხვევის შესახებ საბოლოო ანგარიში
1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის საბოლოო ანგარიშის ძირითადი მიზანია მოკვლევისას დადგენილი საავიაციო შემთხვევის გარემოებების, ფაქტების, მიზეზებისა და კომისიის მიერ შემუშავებული ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების დასაბუთება.
2. ნებისმიერ საავიაციო შემთხვევაზე, მიუხედავად მის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობისა და/ან ფრენის უსაფრთხოებაზე მისი ზემოქმედებისა, დგება საბოლოო ანგარიში.
3. კომისიის, ქვეკომისიების და სამუშაო ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დგება ანგარიში.
4. კომისიის საბოლოო ანგარიშში სავალდებულოდ აისახება ქვეკომისიების და სამუშაო ჯგუფების ანგარიშ(ებ)ით გათვალისწინებული გარემოებები, ფაქტები და მიზეზები.
5. საბოლოო ანგარიშის ფორმა და შინაარსი უნდა იყოს ლოგიკურად სტრუქტურირებული და დაწერილი მარტივ და გასაგებ ენაზე. მასში აისახება საავიაციო შემთხვევის:
ა) ფაქტები;
ბ) პერიოდი;
გ) გარემოებები;
დ) მიმოხილვა;
ე) მიზეზი;
ვ) პრევენციული ღონისძიებები.
6. საბოლოო ანგარიში შედგება ხუთი თავისგან:
ა) თავი I – ზოგადი ცნობები;
ბ) თავი II – ფაქტობრივი ინფორმაცია;
გ) თავი III – ანალიზი;
დ) თავი IV – დასკვნა;
ე) თავი V – რეკომენდაციები.
7. კომისიამ უნდა უზრუნველყოს ყველა სახის ჩანაწერისა და თვითმხილველთა განცხადებების დაცვა გავრცელებისგან, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, ხოლო ჩანაწერების ის ნაწილი, რომლებიც არ არის დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის მოკვლევასთან, გავრცელებას საერთოდ არ ექვემდებარება.
8. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის შედეგებზე საბოლოო ანგარიშს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საბოლოო ანგარიშის რომელიმე საკითხის რედაქციაზე უთანხმოების წარმოქმნისას, ის იწერება თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული რედაქციით.
9. კომისიის წევრი, რომელიც საბოლოო ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება, ვალდებულია, მას ხელი მოაწეროს და დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი წერილობით, უთანხმოების კონკრეტული მიზეზ(ებ)ის მითითებით და მისი დასაბუთებით, აგრეთვე უნდა შესთავაზოს ანგარიშის საკუთარი რედაქცია. განსხვავებული აზრი არის საბოლოო ანგარიშის განუყოფელი ნაწილი.
10. თუ საბოლოო ანგარიშს თან ერთვის განსხვავებული აზრი, კომისია განიხილავს მას სხდომაზე და ადგენს განსხვავებული აზრის განხილვის ოქმს.
11. კომისიის თავმჯდომარე საბოლოო ანგარიშს წარუდგენს მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს.
12. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით ჩატარებული განხილვის შედეგების გათვალისწინებით, განსხვავებულ აზრზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.
13. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის საბოლოო ანგარიში ეგზავნება:
ა) ექსპლუატანტს, რომლის დაქვემდებარებაშიც მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი იმყოფებოდა;
ბ) დაინტერესებულ უწყებას ან ორგანოს (მათი მოთხოვნის შემთხვევაში);
გ) გამოძიების ჩამტარებელ საგამოძიებო ორგანოებს (მათი მოთხოვნით).
14. საბოლოო ანგარიშის მასალები ინახება უვადოდ, სამინისტროში.
თავი III
საავიაციო შემთხვევის კომისიის თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილება
მუხლი 10🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება უმაღლესი საავიაციო განათლების (მფრინავი, ინჟინერი, აერნაოსანი), ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი და საავიაციო შემთხვევის სამსახურებრივი მოკვლევის გამოცდილების მქონე საავიაციო სპეციალისტი.
2. კომისიის თავმჯდომარე არის კომისიის უმაღლესი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მართავს და აკონტროლებს კომისიის მთელ საქმიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება ატარებს დროებით ხასიათს და იგი ძალაშია მინისტრის მიერ კომისიის შექმნის შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე.
4. კომისიის თავმჯდომარე, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) ობიექტური და ხარისხიანი მოკვლევის ჩატარება ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) მოკვლევაში მონაწილე ყველა წევრის შეთანხმებული მოქმედება;
გ) კომისიის მუშაობის საქმისწარმოების ორგანიზება და ხარისხი;
დ) საავიაციო შემთხვევის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, შენახვა და დაცვა;
ე) წინასწარი და საბოლოო ანგარიშის ამ წესით დადგენილი ფორმით, შინაარსითა და გონივრულ ვადებში შედგენა და წარდგენა;
ვ) კომისიის საორგანიზაციო სხდომ(ებ)ის ჩატარება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ქვეკომისიების ან/და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, მათი ხელმძღვანელების დანიშვნა, კომისიაში სამუშაოდ სპეციალისტების მოწვევა, სამუშაო(ები)ს რიგითობისა და უახლოესი ამოცანების დადგენა;
თ) საავიაციო შემთხვევის ადგილის დაცვა და ნივთმტკიცებების შენახვა;
ი) საავიაციო შემთხვევის ადგილზე მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება და ამის თაობაზე სხდომის ოქმში ასახვა;
კ) კომისიის სამუშაო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე ქვეკომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების დამტკიცება;
ლ) მოკვლევის ძირითადი მეთოდური, საორგანიზაციო და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად კომისიის სხდომების სისტემატური ჩატარება;
მ) ქვეკომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაზე ზედამხედველობა, მოკვლეული მასალების განზოგადება და ანალიზი;
ნ) საავიაციო შემთხვევის მიზეზების დასადგენი აუცილებელი გამოკვლევებისა და გამოცდების ჩატარებაზე დროული გადაწყვეტილების მიღება;
ო) მინისტრის ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის პერიოდული ინფორმირება მოკვლევის სამუშაოების მიმდინარეობაზე;
პ) საავიაციო შემთხვევის გარემოებების, მიზეზებისა და რეკომენდაციების განხილვა.
5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მოკვლევის ყველა საორგანიზაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ საკითხზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება;
ბ) მოკვლევასთან დაკავშირებით მისცეს შესაბამისი მითითებები კომისიის წევრებსა და მოწვეულ სპეციალისტებს;
გ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ურჩიოს მოკვლევის პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი სასწრაფო ღონისძიებების გატარება;
დ) იმ პირთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროებით ჩამოშორება, რომელთა მოქმედებაც ფრენის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს;
ე) კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლაბორატორიულ გამოცდებსა და გამოკვლევებზე გააგზავნოს მასალები, ცალკეული ნაწილები, აგრეგატები, საჰაერო ხომალდის აგებულების ელემენტები და შესაბამისი საბუთები;
ვ) საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს მოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელი მასალები და საბუთები;
ზ) საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული შესაბამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კომისიის მუშაობაში ჩართოს საჭირო სპეციალისტები და გამოიყენოს მათი ტექნიკური საშუალებები;
თ) დაადგინოს კომისიის მუშაობის დღის წესრიგი.
მუხლი 11🔗. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
1. კომისიის წევრი – ქვეკომისიის თავმჯდომარე, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) რეგულარულად ჩაატაროს ქვეკომისიის სხდომები, განიხილოს ჩატარებული სამუშაოს შედეგები, მოქმედების ოპერატიული გეგმების შესრულების მიმდინარეობა;
ბ) უზრუნველყოს ქვეკომისიისა და სამუშაო ჯგუფების ანგარიშ(ებ)ის სისრულე, სიზუსტე და მოკვლევასთან დაკავშირებული საბუთების/მოკვლევის მასალების დროული შეგროვება;
გ) კომისიას შესთავაზოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული საავიაციო ტექნიკისა და მასალების გამოკვლევაზე გაგზავნის წინადადებები;
დ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე მომუშავე სპეციალისტებს ჩაუტაროს უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი;
ე) ქვეკომისიისა და ამ ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფებში შემავალ სპეციალისტებს, თანამდებობის პირებს მოკვლევის საკითხებთან დაკავშირებით მისცეს მითითებები და განკარგულებები;
ვ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობისგან მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია;
ზ) გაეცნოს საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მასალებს.
2. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის წევრი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) მოკვლევა წარმართოს სრულად და ობიექტურად, საკუთარი მოქმედებები შეათანხმოს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესთან;
ბ) შეარჩიოს ნივთმტკიცებები გამოკვლევაზე (გამოცდაზე) გასაგზავნად, მონაწილეობა მიიღოს გამოკვლევების (გამოცდების) ჩატარებაში;
გ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე მუშაობისას დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის წესები;
დ) შეასრულოს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, მითითებები;
ე) გაეცნოს მოკვლევის მასალებს;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მოკვლევის საბუთების შედგენაში, ხელი მოაწეროს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის ანგარიშს;
ზ) კომისიას/ქვეკომისიას/სამუშაო ჯგუფს შესთავაზოს მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებელი წინადადებები;
თ) კომისიას შესთავაზოს წინადადებები მოკვლევაში სპეციალისტების მოწვევაზე, საჰაერო ხომალდის კვანძების, ნაწილების გამოსაკვლევად გაგზავნაზე გამოკვლევის მიზნის მითითებით, აგრეთვე – მოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ი) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმში ასახოს საკუთარი აზრი, ხელი მოაწეროს ოქმს, საჭიროებისას მოითხოვოს მასში ჩამოყალიბებული აზრის დაზუსტება;
კ) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის ანგარიშის შინაარსთან და დასკვნებთან უთანხმოებისას, დაურთოს მას საკუთარი განსხვავებული აზრი.
3. მოწვეული სპეციალისტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს ნივთმტკიცებების, მასალებისა და საბუთების სრული და ობიექტური მოკვლევა;
ბ) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე გასცეს წერილობითი დასკვნა და შესაბამისად გააფორმოს ის;
გ) დასკვნის გასაცემად, კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, გაეცნოს ნივთმტკიცებებს, მასალებსა და საბუთებს;
დ) კომისიას შესთავაზოს საჰაერო ხომალდის კვანძების, ნაწილებისა და სხვა ნივთმტკიცებების გამოკვლევაზე გასაგზავნი წინადადებები, გამოკვლევის მიზნის მითითებით.
4. კომისიის საქმიანობაში ნებისმიერმა მონაწილე პირმა თუ კომისიის წევრმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საავიაციო შემთხვევასთან ან ინციდენტთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალისა და ჩანაწერების შესანახად, კერძოდ, საუბრებისა და განგაშის ჩანაწერთა ფრენის შემდეგ წაშლის თავიდან აცლების მიზნით. ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს მოკვლევაში, ვალდებულია საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს დამოუკიდებლად და არ დაემორჩილოს არავის მითითებებს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის წევრ(ებ)ი განსხვავებული აზრის/საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენას, წერილობითი სახით, ახორციელებენ ამ წესის №16 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. კომისიის წევრის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საავიაციო შემთხვევაზე ან ინციდენტზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიუხედავად, კომისიის წევრს უნდა გააჩნდეს საჭირო ზომების მიღების უფლებამოსილება მოკვლევის წარმოების მიზნით.
2. კომისიის წევრი საკუთარი ვალდებულებებს ასრულებს დამოუკიდებლად და ობიექტურად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, არ ემორჩილება არავის მითითებებს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა.
3. კომისიის ყველა წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე და ვალდებულია კანონმდებლობის ფარგლებში შეასრულოს მისი მითითებები დროულად და ხარისხიანად.
მუხლი 13🔗. საფრენოსნო ქვეკომისია
1. საფრენოსნო ქვეკომისიას ქმნის და მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე,ხოლო ქვეკომისიის თავმჯდომარედ ინიშნება კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. საფრენოსნო ქვეკომისიის ძირითადი ამოცანებია, საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით:
ა) დაადგინოს საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის პროფესიული მომზადების დონე;
ბ) შეისწავლოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების/მართვის საკითხები;
გ) დაადგინოს ფრენ(ებ)ის უზრუნველყოფისა და ფრენ(ებ)ის უსაფრთხოების ხარისხი;
დ) შეაფასოს, კონკრეტული საავიაციო შემთხვევის და სხვა განსაკუთრებული ვითარების წარმოქმნისა და განვითარებისას, საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის წევრთა მოქმედებები ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით;
ე) გაანალიზოს კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე ადამიანის ფაქტორის გავლენა;
ვ) საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეკომისიის ანგარიშის შედგენა №1 დანართის შესაბამისად.
3. საფრენოსნო ქვეკომისია, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შედგებოდეს შემდეგი სამუშაო ჯგუფებისგან:
ა) საფრენოსნო;
ბ) მეტეოროლოგიური;
გ) ფრენების მართვის;
დ) სამედიცინო.
4. საფრენოსნო ჯგუფი ავლენს საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის ფრენების მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს, ადგენს საავიაციო შემთხვევის დროს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ფრენის ბოლო საფეხურზე და მის შემდეგ. სამუშაო ჯგუფის მოკვლევის მასალებში, უნდა აისახოს შემდეგი საკითხები:
ა) ფრენების დაგეგმვა;
ბ) ფრენებისთვის წინასწარი მომზადება;
გ) ფრენისწინა მომზადება;
დ) აეროდინამიკური გაწონასწორება;
ე) რადიოკავშირი;
ვ) საჰაერო მოძრაობის მართვა;
ზ) საფრენოსნო უზრუნველყოფა;
თ) თვითმფრინავის საწვავ-საპოხი და სხვა საჭირო მასალებით გამართვა;
ი) საფრენოსნო გამოცდილება;
კ) საფრენოსნო შემოწმება და საფრენოსნო ეკიპაჟზე დეტალური ინფორმაცია;
ლ) ფრენის მომზადებისას და შესრულებისას ეკიპაჟის მიერ დაშვებული დარღვევები, შეცდომები;
მ) ფრენის ტრაექტორია უშუალოდ საავიაციო შემთხვევამდე;
ნ) ეკიპაჟის წევრების ახსნა-განმარტებები;
ო) ობიექტური კონტროლის საშუალებების (ფრენის პარამეტრების საბორტო აღმრიცხველები/თვითჩამწერები, საბორტო და სახმელეთო მაგნიტოფონები, რადიოლოკატორების ფოტოაღმრიცხველები და სხვა) გაშიფრული ჩანაწერები (ან გაშიფვრის შეუძლებლობა).
5. საფრენოსნო ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საკითხები.
6. საფრენოსნო ჯგუფის ანგარიშს თან ერთვის:
ა) საფრენოსნო დავალება და სააერნაოსნო ბორტჟურნალი (თუ ეს გათვალისწინებულია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მოვალეობებში);
ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტები;
გ) ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოცდების, საცდელი ფრენისა და სხვა ანგარიშები;
დ) ეკიპაჟის წევრების ახსნა-განმარტებითი ბარათები;
ე) ეკიპაჟის წევრების სამსახურებრივი დახასიათებები.
7. მეტეოროლოგიური ჯგუფის მოკვლევის მასალებში, უნდა აისახოს შემდეგი საკითხები:
ა) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური მონაცემები და ფაქტობრივი ამინდი;
ბ) საავიაციო შემთხვევის რაიონში აქტიური და პროგნოზირებული ამინდი;
გ) ამინდზე მფრინავების შეტყობინების მოსმენა;
დ) მეტეოროლოგიურ მონაცემებზე ჩანაწერები;
ე) შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და გამოცემული ამინდის პროგნოზები;
ვ) მეტეოროლოგიური დაკვირვებები;
ზ) მუდმივი (ყოველ საათში ერთხელ) და განსაკუთრებული საავიაციო მეტეოროლოგიური ცნობები;
თ) რადიოლოკაციური სადგურების მეტეოროლოგიური მონაცემები;
ი) ქარის სიჩქარისა და მიმართულების ჩანაწერები (გრაფიკული);
კ) მეტეოროლოგიური რუკები;
ლ) საჰაერო ხომალდიდან ამინდზე შეტყობინებები;
მ) მზის ამოსვლა და ჩასვლა;
ნ) ფრენების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან;
ო) საავიაციო შემთხვევის სავარაუდო მომენტში:
ო.ა) ზონალური ან სამარშრუტო პროგნოზი;
ო.ბ) ამინდის პროგნოზი აეროდრომის რაიონში;
ო.გ) ქარისა და ტემპერატურის პროგნოზი;
ო.დ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენები;
ო.ე) ამინდის პროგნოზი დასაფრენად;
ო.ვ) ხილვადობა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;
ო.ზ) საჭიროებისას, შემთხვევის რაიონის ორნითოლოგიური მდგომარეობა;
პ) მეტეოროლოგიური ინსტრუქტაჟი და საფრენოსნო საბუთები;
ჟ) ეკიპაჟის მიერ ფრენისწინა მომზადებისას და ფრენის დროს მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია;
რ) საავიაციო შემთხვევებთან დაკავშირებული ეკიპაჟის, ამინდის სახიფათო მოვლენების შესახებ ინფორმაციით უზრუნველმყოფი მეტეოროლოგიური სამსახურის პერსონალის ახსნა-განმარტებები;
ს) გაფრენის შემდგომი ანალიზი;
ტ) პროგნოზებში და დაკვირვების შედეგებში აუსახავი ამინდის სახიფათო მოვლენები (არსებობის შემთხვევაში).
8. მეტეოროლოგიური ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს მეტეოროლოგიური ჯგუფის ანგარიშზე.
9. თუ საავიაციო შემთხვევა მეტეოუზრუნველყოფის მიზეზით არ მომხდარა, მეტეოროლოგიური სამუშაო ჯგუფი შეიძლება არ შეიქმნას. ამ შემთხვევაში მეტეოროლოგიის სპეციალისტი შედის საფრენოსნო ჯგუფის შემადგენლობაში და წყვეტს კომისიის მიერ მის წინაშე დაყენებულ ამოცანებს.
10. ფრენების მართვის ჯგუფი შედგება საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების, აეროდრომის კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის ქვეჯგუფისგან. ჯგუფი ადგენს:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურებისა და ფრენების უზრუნველყოფის სპეციალისტების პროფესიული მომზადების დონეს;
ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ფაქტობრივ მდგომარეობას;
გ) საავიაციო შემთხვევის წარმოქმნაზე ადამიანის ფაქტორის გავლენას საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტის (მეთვალყურის) მხრიდან;
დ) საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტების (მეთვალყურეების) დატვირთვას;
ე) კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების მდგომარეობას, ფრენის მართვისას/მომსახურებისას მათ სწორ ექსპლუატაციას;
ვ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, საჰაერო ხომალდის სადგომების, დასაფრენი მოედნების მდგომარეობას, სააეროდრომო სამსახურის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ზ) ფრენების კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით უზრუნველყოფასა და ეკიპაჟის მიერ სარგებლობას;
თ) სათადარიგო აეროდრომებით უზრუნველყოფას;
ი) რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის წესების დაცვას;
კ) სამორიგეოდ გასვლამდე ინსტრუქტაჟის ხარისხს;
ლ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ორგანო(ებ)ის მიერ გაკეთებულ ჩანაწერ(ებ)ს, რადიოლოკაციური სადგურების ეკრანიდან ჩანაწერების ჩათვლით;
მ) საჰაერო ხომალდის შიდა სალაპარაკო მოწყობილობის კავშირის ჩანაწერებს;
ნ) ფრენის მიმდინარეობის აღდგენას, საჰაერო ხომალდის შიდა სალაპარაკო მოწყობილობის წერილობითი და მაგნიტოფონის ჩანაწერებისა და არსებული ინფორმაციის შედარების საფუძველზე.
11. ფრენების მართვის ჯგუფი, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების გაანალიზებისას, აღნუსხავს (და ადასტურებს) საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის სიზუსტეს. ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) შესაბამისი AIP - (ებ)ის, NOTAM-(ებ)-ისა და სხვა მონაცემებს;
ბ) ფრენის გეგმასა და გაფრენის/გამოფრენის შეტყობინებას;
გ) სათადარიგო აეროდრომებით ფრენის უზრუნველყოფას;
დ) რადიოკავშირის ჩანაწერებს;
ე) რადიოლოკაციური სადგურების მონაცემების ფოტოასლებს;
ვ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ხარისხის ანალიზს (განსაკუთრებით ჰაერში ან სამიმოსვლო ფართობზე შეჯახებისას), რომლის დროსაც დგინდება:
ვ.ა) შესაბამისი მართვის/სამეთვალყურეო პუნქტის ადგილმდებარეობა და ხილვადობა;
ვ.ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების პერსონალის პროფესიული მომზადების დონე (დაკომპლექტებისა და კვალიფიკაციის ჩათვლით) და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ვ.გ) საჰაერო მოძრაობის მართვის/სამეთვალყურეო პუნქტების კავშირის და რადიოტექნიკური საშუალებების მოწყობილობებით უზრუნველყოფა, მათი სწორედ გამოყენება და ფრაზეოლოგიის წესების დაცვა.
12. ფრენების მართვის ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თან ერთვის ფრენების მართვის ჯგუფის ანგარიშს.
13. სამედიცინო ჯგუფი ადგენს საავიაციო შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტისთვის, ეკიპაჟის წევრების (საჭიროებისას კი საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების სპეციალისტებისაც) ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას, შრომისუნარიანობას, განსაკუთრებული ვითარების წარმოქმნისას და განვითარებისას მათი ქმედებების ხასიათს. ზემოაღნიშნულისთვის საჭიროა შესწავლილ იქნეს:
ა) ეკიპაჟის წევრების პიროვნული ფსიქოლოგიური თავისებურებები, საერთო ფიზიკური მდგომარეობა, ბოლო თვის განმავლობაში მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა (ოჯახური და სამსახურებრივი კონფლიქტები, ალკოჰოლის, თამბაქოს, წამლების ბოროტად გამოყენება და სხვა);
ბ) საავიაციო შემთხვევის წინა პერიოდში და გაფრენის დღეს ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური), საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემოწმების მონაცემები, სამედიცინო დაწესებულებებში ავადმყოფობის ისტორია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში;
გ) საავიაციო შემთხვევამდე წინა სამი დღე-ღამის განმავლობაში კვების, დასვენებისა და ძილის სრულფასოვნება;
დ) შვებულებით, დასვენების დღეებით დროულად სარგებლობა, აგრეთვე, საფრენოსნო დატვირთვა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში (განსაკუთრებით შემთხვევის დღეს და მის წინა დღეს) და აღნიშნულის შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან;
ე) ალკოჰოლზე, ფსიქოაქტიურ და საჭიროებისას სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსა და წამლებზე ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგები;
ვ) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ფრენის დროს ეკიპაჟის წევრების ემოციური მდგომარეობა (რადიოკავშირისა და ბიოლოგიური სტრესული მდგომარეობის საგანგებო გამოკვლევების მონაცემების მიხედვით) და მათი მოქმედების სისწორესა და დროულობაზე მისი გავლენა;
ზ) განსაკუთრებული (ავარიული) ვითარების წარმოქმნასა და განვითარებაზე ადამიანის ფაქტორის გავლენა;
თ) ტრასოლოგიური გამოკვლევების მონაცემები, (სხეულის დაზიანებების სახეობა და ფარგლები, მდებარეობისა და სამუშაო მოქმედებების ნიშნები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის დაზიანების თავისებურებები და სხვა, მათი არსებობის შემთხვევაში);
ი) ეკიპაჟის დაღუპული წევრების (არსებობის შემთხვევაში) სხეულების განლაგება;
კ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაში მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებები;
ლ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფის განმსაზღვრელი შიდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი საბუთების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ნაკლოვანებები;
მ) საჰაერო ხომალდის აგებულების, სპეცტანსაცმლის, დაცვისა და გადარჩენის საშუალებების ის ნაკლოვანებები, რამაც ეკიპაჟის შრომისუნარიანობაზე გავლენა იქონია ან მისი წევრების დაზიანების მიზეზი გახდა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სამედიცინო სამსახურის სამუშაო ჯგუფი ურთიერთმოქმედებს ქვეკომისიის სხვა სამუშაო ჯგუფ(ებ)თან;
ნ) ეკიპაჟის დაღუპული წევრების (არსებობის შემთხვევაში) სასამართლო-სამედიცინო და სხვა გამოკვლევების აქტები;
ო) ეკიპაჟის წევრთა სამედიცინო ცნობა სამედიცინო შემოწმების შესახებ (სერტიფიკატები) და ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო წიგნაკები (პირადი ბარათები);
პ) ბოლო სამი თვის განმავლობაში ფრენისა და დასვენების ნორმების დაცვა.
14. სამედიცინო ჯგუფის ჩატარებული სამუშაოს შედეგ(ებ)ის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს სამედიცინო ჯგუფის ანგარიშზე.
15. საფრენოსნო ქვეკომისია, ამ მუხლის მე-5, მე-8, მე-12 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშებისა და მათზე თანდართული საბუთების საფუძველზე ადგენს ქვეკომისიის ანგარიშს, რომელშიც აისახება დასკვნები ეკიპაჟისა და საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების სპეციალისტთა ქმედებების სისწორე, სრულყოფილებასა და დროულობაზე, ხოლო დარღვევების შემთხვევაში – მათ მიზეზებზე. ქვეკომისიის ანგარიშში სავალდებულოდ განისაზღვრება მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.
16. საფრენოსნო ქვეკომისიის ანგარიშს თან ერთვის:
ა) საფრენოსნო ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები და მათი დანართები;
ბ) ქვეკომისიათა და მათი სამუშაო ჯგუფების წევრთა სიები;
გ) ქვეკომისიების სხდომების ოქმები, რომელთა შედგენის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია წინამდებარე წესის №5 დანართის შესაბამისად;
დ) მონაცემები ეკიპაჟის წევრებზე, წინამდებარე წესის №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. ტექნიკური ქვეკომისია
1. ტექნიკური ქვეკომისია ყალიბდება და მისი თავმჯდომარე (კომისიის ერთ-ერთი წევრი) ინიშნება კომისიის თავმჯდომარის მიერ.
2. ტექნიკური ქვეკომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საჰაერო ხომალდის და მის მომსახურება/რემონტთან დაკავშირებული საავიაციო ტექნიკის (ამ მუხლით განსაზღვრულ შემდგომ შემთხვევებში - საავიაციო ტექნიკა) ტექნიკური მდგომარეობის დადგენა საავიაციო შემთხვევამდე, შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტში და მის შემდეგ;
ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ხასიათის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარისხის შესწავლა;
გ) საჰაერო ხომალდის აგებულებისა და დამზადების ტექნოლოგიის შესაძლო ნაკლოვანებების გამოვლენა და საავიაციო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენა;
დ) მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების (ასეთის შემთხვევაში) დადგენის მიზნით, საგანგებო გამოკვლევებისა და გამოცდების ჩატარება;
ე) საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეკომისიის ანგარიშის შედგენა №3 დანართის შესაბამისად.
3. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ქვეკომისია შესაძლოა შედგებოდეს შემდეგი სამუშაო ჯგუფებისგან:
ა) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი;
ბ) საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი;
გ) საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების მდგომარეობის შემსწავლელი;
დ) საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი.
4. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ ქვეკომისიაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვა სამუშაო ჯგუფ(ებ)იც, ხოლო ჯგუფ(ებ)ი შეიძლება დაიყოს ქვეჯგუფებად.
5. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი ჯგუფი შეისწავლის საჰაერო ხომალდზე არსებული (ნაპოვნი) საბუთების, საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის წესების დაცვის მდგომარეობას. ამოწმებს საჰაერო ხომალდის ფორმულარებს, ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და მრეწველობის ბიულეტენების მიხედვით დაყვანით სამუშაოებსა და იმ სხვა საბუთებს, რომლითაც საავიაციო შემთხვევამდე მარცხგანცდილი საავიაციო ტექნიკის მდგომარეობა დასტურდება. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ადგენს:
ა) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების (აგრეთვე ეკიპაჟის შენიშვნების აღმოფხვრის) დროულობასა და სრულყოფილებას;
ბ) რეგლამენტის პერიოდული და ოპერატიული ფორმებით განსაზღვრული ბოლო ტექნიკური მომსახურების სირთულესა და ხარისხს, ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდებსა და შედეგიანობას (განსაკუთრებით კონკრეტული ხარვეზ(ებ)ის განმეორების შემთხვევაში – მიზეზებს);
გ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შენახვის პირობებს;
დ) საავიაციო ტექნიკის მომსახურე ტექნიკური სპეციალისტების პროფესიული მომზადების დონეს;
ე) ხელმძღვანელი ტექნიკური სპეციალისტების მიერ საავიაციო ტექნიკის მომსახურების სრულყოფილებასა და ხარისხს;
ვ) მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდში გამართული (გაწყობილი) საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობასა და ხარისხს;
ზ) საავიაციო ტექნიკის მომსახურებისას გამოყენებული ხელსაწყო-იარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობას;
თ) აუცილებელი სახელმძღვანელო(ები)ს არსებობასა და ტექნიკური საბუთების წარმოების ხარისხს;
ი) ტექნიკურ საბუთებში აღნუსხული ცნობების უტყუარობას.
6. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტების შემსწავლელი ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის ანგარიშზე.
7. საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი იკვლევს საჰაერო ხომალდის პლანერს. ჯგუფის მიზანია მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის რაც შეიძლება მეტი სექციების/ნაწილების შეკრება და ნამსხვრევების გაფანტვის სქემაზე მათი ადგილმდებარეობის ზუსტი აღნიშვნა. ჯგუფი განსაზღვრავს პირველადი შეხების (შეჯახების) წერტილებს და ადგენს ნამსხვრევების გაფანტვის სქემას, რისთვისაც ჯგუფი:
ა) შეისწავლის საავიაციო შემთხვევის ადგილს, განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის სივრცობრივ მდებარეობას და აგებულების მდგომარეობას მიწასთან შეჯახებამდე;
ბ) ათვალიერებს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ელემენტებს, ეძებს მის კონსტრუქციულ დანაკლისს;
გ) აზუსტებს საავიაციო შემთხვევის მოხდენის ადგილის სქემას;
დ) შეისწავლის კონსტრუქციის ელემენტების მდგომარეობას, ავლენს მათი მწყობრიდან გამოსვლისა და მუშაუნარიანობის ნიშნებს;
ე) არჩევს კონსტრუქციის ელემენტებს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გასაგზავნად;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს აგებულების ელემენტებს მათი ბუნებრივი განლაგების შესაბამისად;
ზ) იღებს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ელემენტების ფოტოსურათებს და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტურად განმარტავს მათ;
თ) ათვალიერებს საჰაერო ხომალდის ელემენტების შემოწმების, დაშლისა და გამოკვლევის შედეგების აქტებსა და ოქმებს;
ი) აღწერს ხანძრის ნიშნებს (არსებობის შემთხვევაში), მისი წარმოქმნის ადგილსა და დროს.
8. საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
9. საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფი იკვლევს ძრავ(ებ)ის, საჰაერო ხრახნ(ებ)ის, ძრავ(ებ)ის საწვავით/ზეთით გასამართ სისტემებს. ჯგუფი ადგენს ძრავ(ებ)ის ნამსხვრევების ადგილმდებარეობას და აღნიშნავს მას (საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის მდგომარეობის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად) ნამსხვრევების გაფანტვის სქემაზე, რისთვისაც ჯგუფი:
ა) ადგენს ძრავ(ებ)ის, საჰაერო ხრახნ(ებ)ის, მათი აგრეგატების მდგომარეობას და ავლენს მწყობრიდან გამოსვლისა და მათი მუშაუნარიანობის ნიშნებს;
ბ) ადგენს ძრავ(ებ)ის სამუშაო რეჟიმსა და მართვის ორგანოების მდებარეობას (მდგომარეობას);
გ) აანალიზებს საწვავისა და ზეთის სინჯების გამოკვლევის შედეგს;
დ) აანალიზებს ეკიპაჟის წევრების, თვითმხილველების ჩვენებებს და ობიექტური კონტროლის საშუალებების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგებს;
ე) შეისწავლის ძალური დანადგარების ხანძრისა და/ან აფეთქების მიზეზებსა და შედეგებს, მათი წარმოქმნის ადგილსა და დროს და ცეცხლმაქრი სისტემ(ებ)ის მუშაობას;
ვ) აანალიზებს ძალური დანადგარების, მისი სისტემების დათვალიერების, შემოწმების, დაშლისა და გამოკვლევის შედეგებს.
10. საჰაერო ხომალდის ძალური დანადგარების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
11. საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი:
ა) იკვლევს საჰაერო ხომალდის:
ა.ა) ჰიდრავლიკურ, პნევმატიკურ, ელექტრულ და ელექტრონულ სისტემებს;
ა.ბ) კონდიცირებისა და ჰერმეტიზების სისტემებს;
ა.გ) შემოყინვის საწინაღო და ქარსარიდი მინის გაწმენდის სისტემებს;
ა.დ) ეკიპაჟის კაბინის ცეცხლმაქრი და ჟანგბადის სისტემებს;
ა.ე) რადიო და სააერნაოსნო აღჭურვილობას;
ა.ვ) ობიექტური კონტროლის საშუალებების ჩანაწერების გაშიფვრის შედეგებსა და ეკიპაჟის წევრების ჩვენებებს;
ბ) ადგენს:
ბ.ა) საჰაერო ხომალდის სამართი ბერკეტებისა და გადამრთველების მდებარეობას;
ბ.ბ) სისტემების მდგომარეობისა და მუშაუნარიანობის ნიშნებს;
ბ.გ) საავიაციო შემთხვევის მოხდენის მომენტში მნიშვნელოვანი სისტემებისა და აგრეგატების სამართი ორგანოების მდგომარეობას (მდებარეობას) და საავიაციო შემთხვევაზე მათ გავლენას;
გ) ატარებს სისტემების ადგილზე შესაძლებელ გამოკვლევებსა და გამოცდებს;
დ) არჩევს ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გასაგზავნ აგრეგატებს, აღჭურვილობის ელემენტებსა და სისტემებს;
ე) იღებს სისტემებისა და აგრეგატების ფოტოსურათებს და დოკუმენტურად განმარტავს მათ;
ვ) აანალიზებს ადგილობრივ ან ლაბორატორიულ პირობებში სისტემებისა და აგრეგატების გამოკვლევებისა და ცდების შედეგებს.
12. საჰაერო ხომალდის სისტემების მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
13. ტექნიკური ქვეკომისია, ამ მუხლის მე-6, მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშებისა და მათზე თანდართული საბუთების საფუძველზე ადგენს ქვეკომისიის ანგარიშს, რომელშიც აისახება დასკვნები საავიაციო ტექნიკის მუშაუნარიანობაზე, მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კი მწყობრიდან გამოსვლის თანამიმდევრობაზე, ურთიერთზეგავლენასა და მიზეზებზე, აგრეთვე საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზებულობასა და ხარისხზე. ქვეკომისიის ანგარიშში სავალდებულოდ განისაზღვრება მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.
14. ტექნიკურ ქვეკომისიის ანგარიშზე თანდართული უნდა იყოს:
ა) ტექნიკური ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები და მათი დანართები;
ბ) ტექნიკური ქვეკომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების წევრების სია;
გ) ტექნიკური ქვეკომისიის სხდომების ოქმები, წინამდებარე წესის №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 15🔗. ადმინისტრაციული ქვეკომისია
1. ადმინისტრაციულ ქვეკომისიას ქმნის და მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. ქვეკომისიის თავმჯდომარედ ინიშნება კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. ადმინისტრაციული ქვეკომისია შედგება თავმჯდომარისა და წევრ(ებ)ისგან. მოსაკვლევი მასალის სირთულისა და დიდი მოცულობის შემთხვევაში ქვეკომისიის თავმჯდომარეს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.
3. ადმინისტრაციული ქვეკომისია შეიძლება შედგებოდეს ერთი საავიაციო სპეციალისტისგან თუ საავიაციო შემთხვევა, თავისი ხასიათისა და მასშტაბებიდან გამომდინარე არ საჭიროებს საფრენოსნო ქვეკომისიის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურით ჩამოყალიბებას.
4. ადმინისტრაციული ქვეკომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საავიაციო შემთხვევის შედეგად მგზავრების დაღუპვის, დაშავებისა და ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზების დადგენა;
ბ) ტვირთის რაოდენობისა და სახეობის (ჩვეულებრივი, სახიფათო, არაგაბარიტული და სხვა) დადგენა, მისი განთავსების, შეფუთვისა და დამაგრების სისწორის განსაზღვრა, დატვირთვის, გაწონასწორებისა და დამაგრების ნორმებიდან გადახრების გამოვლენა, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად;
გ) საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის, გადასატანად აკრძალული საგნების გამოვლენა;
დ) საავიაციო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენის ორგანიზება;
ე) ადმინისტრაციული ქვეკომისიის ანგარიშის შედგენა №2 დანართის შესაბამისად;
5. ადმინისტრაციული ქვეკომისია, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შედგებოდეს, შემდეგი სამუშაო ჯგუფებისგან:
ა) მგზავრებისა და საფოსტო-სატვირთო შემსწავლელი;
ბ) სამედიცინო;
გ) საავიაციო შემთხვევის ადგილის სქემის შემდგენი;
დ) მოწმეთა ჩვენებების ჩამომრთმევი;
ე) საბორტო თვითჩამწერის შემსწავლელი.
6. მგზავრებისა და საფოსტო-სატვირთო შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი:
ა) ადგენს:
ა.ა) საჰაერო ხომალდზე მყოფი მგზავრების გადაყვანის დოკუმენტაციასთან შესაბამისობას;
ა.ბ) საჰაერო ხომალდზე მყოფი აღურიცხავი მგზავრების რაოდენობასა და ვინაობას (ასეთის არსებობისას);
ა.გ) საჰაერო ხომალდზე მგზავრების საერთო რაოდენობას (ბავშვების, ჩვილების ჩათვლით) და თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ა.დ) საავიაციო შემთხვევის შედეგად დაზარალებულების ნათესავებს და აცნობებს მათ საავიაციო შემთხვევის მოხდენის თაობაზე (საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად);
ა.ე) მგზავრებისა და სხვა დაღუპულთა ვინაობას (საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად) და აზუსტებს სიას – მოქალაქეობის მითითებით ამ წესის №13 და №14 დანართების შესაბამისად;
ა.ვ) საჰაერო ხომალდზე განთავსებული ტვირთის, ბარგისა და ფოსტის ფაქტობრივ რაოდენობასა და მათი საბუთებთან შესაბამისობას;
ა.ზ) ტვირთის, ფოსტისა და ბარგის საერთო მდგომარეობას;
ა.თ) ტვირთის, ფოსტისა და ბარგის საჰაერო ხომალდზე განთავსების ადგილებს (მათი წონის მითითებით), ტვირთის, ფოსტის, ბარგისა და ხელბარგის საჰაერო ხომალდში განთავსებისას დაშვებულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს;
ა.ი) საჰაერო ხომალდში სახიფათო ნივთიერებების/ნაკეთობებისა და გადასაზიდად აკრძალული საგნების არსებობას;
ბ) შეისწავლის ჩატვირთვის კრებსით უწყისს და საჰაერო ხომალდის გაწონასწორების გრაფიკს;
გ) მგზავრების მანიფესტის (სიის, რეგისტრაციის) შემდგენ, საჰაერო ხომალდის გაწონასწორებასთან და ტვირთის ჩატვირთვასთან დაკავშირებულ პირებს ართმევს ახსნა-განმარტებით ბარათებს (საჭიროების შემთხვევაში);
დ) მოიძიებს და ინახავს საავიაციო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მგზავრების საბუთებს, პირად ნივთებს, ფასეულობებსა და ადგენს ოქმს ამ წესის №15 დანართის შესაბამისად;
ე) ახდენს ტვირთის, ფოსტის, ბარგისა და ხელბარგის (ღირებულების მიუხედავად) გახსნასა და შემოწმებას ამ წესის №8 დანართის შესაბამისად და ადგენს დაზიანების შედეგად მათ ფაქტობრივ მდგომარეობას.
7. მგზავრებისა და საფოსტო-სატვირთო შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
8. სამედიცინო სამუშაო ჯგუფი:
ა) საგამოძიებო ორგანოების უშუალო ზედამხედველობითა და ნებართვით ორგანიზებას უკეთებს:
ა.ა) დასახიჩრებულებისა და გვამების სასამართლო-სამედიცინო და სხვა განსაკუთრებული გამოკვლევების ჩატარებას გარდაცვალების, სხეულის დაზიანებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზების დასადგენად;
ა.ბ) გვამების ამოცნობას საგამომძიებლო ორგანოსთან შეთანხმებით;
ბ) ადგენს საჰაერო ხომალდზე მგზავრების განლაგების სქემას, მათ მიერ მიღებული დაზიანებების სიმძიმისა და მიზეზების მითითებით, ამ წესის №14 დანართის შესაბამისად;
გ) ახორციელებს მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, მათთვის სამკურნალო დაწესებულების ადგილის შერჩევას, მკურნალობის პროგნოზირებას;
დ) ორგანიზებას უკეთებს საავიაციო შემთხვევის ადგილის სანიტარულ დამუშავებას.
9. სამედიცინო სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
10. საავიაციო შემთხვევის ადგილის სქემის შემდგენი სამუშაო ჯგუფი:
ა) ადგენს:
ა.ა) საავიაციო შემთხვევის ადგილის კოორდინატებს, უახლოესი გეოგრაფიული პუნქტების მიმართ მის ადგილმდებარეობას და ზღვის დონიდან შემაღლებას;
ა.ბ) საჰაერო ხომალდის მიწასთან პირველი შეხების (შეჯახების) ადგილს და ხმელეთის ზედაპირზე დაბრკოლებებისა და საჰაერო ხომალდის კონსტრუქციული აგებულების ელემენტების გაფანტვის არეს;
ა.გ) საავიაციო შემთხვევის რაიონში ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებს, მათ მოხაზულობასა და სიმაღლეს;
ა.დ) მიდამოს პროფილის კვეთას საჰაერო ხომალდის ფრენის მიმართულების ჩვენებით (საჭიროებისამებრ);
ა.ე) მიწასთან (დაბრკოლებებთან) შეჯახებისას საჰაერო ხომალდის სივრცობრივი მდებარეობას და მისი მოძრაობის მიმართულებას მაგნიტური კურსის, დაფერდების, ტრაექტორიის დახრის კუთხის ჩვენებით;
ბ) საზღვრავს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციული აგებულების ელემენტების მდებარეობას ადგილობრივ ორიენტირებთან მიმართებაში;
გ) უზრუნველყოფს საავიაციო შემთხვევის ადგილისა და დატოვებული კვალის, მათ შორის, ხმელეთზე ხანძრის, საწვავის, ზეთისა და სხვა კვალის ფოტო და ვიდეო გადაღებას;
დ) აეროდრომზე საავიაციო შემთხვევის მოხდენის შემთხვევაში საფრენ მინდორზე განლაგებული ნაგებობებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ელემენტების ფოტო და ვიდეო გადაღებას;
ე) იკვლევს საჰაერო ხომალდის მიწასთან (დაბრკოლებებთან) შეჯახებისა და დამსხვრევის ხასიათის დამადასტურებელ ნიშნებს და ადგენს სქემას ამ ნიშნების მითითებით. სქემაზე თანდართული უნდა იყოს საავიაციო შემთხვევის ადგილის საერთო ხედის ფოტო და ვიდეო მასალა, გადაღების წერტილის მითითებით.
11. საავიაციო შემთხვევის ადგილის სქემის შემდგენი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
12. მოწმეთა ჩვენებების სამუშაო ჯგუფი:
ა) ავლენს საავიაციო შემთხვევის მოწმეებსა და თვითმხილველებს;
ბ) ახორციელებს (საჭიროებისამებრ საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებით) შესაბამისი თანამდებობის პირების, საავიაციო შემთხვევის მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვას, (საჭიროების შემთხვევაში – მაგნიტოფონზე ჩაწერით) რაც გაფორმებულ უნდა იქნეს წინამდებარე წესის №11 დანართის შესაბამისად;
გ) ადგენს:
გ.ა) გამოკითხულ თვითმხილველ პირთა სიას;
გ.ბ) საავიაციო შემთხვევისას მოწმეებისა და თვითმხილველების განლაგების სქემას, რომელზეც (საჭიროებისამებრ) თვითმხილველების ჩვენებების საფუძველზე მიეთითება ფრენის ტრაექტორია.
13. მოწმეთა ჩვენებების სამუშაო ჯგუფის ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
14. საბორტო თვითჩამწერის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი:
ა) ადგენს:
ა.ა) ფრენის მონაცემების საბორტო და შიდა სალაპარაკო მოწყობილობების თვითჩამწერების ადგილმდებარეობას, იღებს მათი შენახვისა და დაცვის ზომებს და კომისიის თავმჯდომარის დავალებით უზრუნველყოფს ჩანაწერების გაშიფვრას შესაბამისი მეთოდით, რომლის მონაცემები დაუყოვნებლივ მიეწოდება დაინტერესებულ ქვეკომისიებს;
ა.ბ) ფრენის ტრაექტორიისა და მისი საბოლოო უბნის სქემას;
ა.გ) საავიაციო შემთხვევის მომენტში საჰაერო ხომალდის წონასა და გაწონასწორების მახასიათებლებს;
ა.დ) ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემებით, საჰაერო ხომალდის მართვასა და საჰაერო ხომალდის აგრეგატების მუშაობაში გადახრებს;
ა.ე) ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემებით, საჰაერო ხომალდის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეზე ფრენის ტრაექტორიას;
ბ) უზრუნველყოფს:
ბ.ა) ობიექტური კონტროლის საშუალებების (საფრენოსნო ინფორმაციის საბორტო თვითჩამწერები, საბორტო და სახმელეთო მაგნიტოფონები, ფოტოაღმრიცხველები) გაშიფრული და გაანალიზებული ჩანაწერების ფრენის დროის (პერიოდულობის) მიხედვით შედარებას, თანამიმდევრულობის ჩვენებით;
ბ.ბ) აეროდინამიკურ გაანგარიშებას, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო, მდგრადობისა და მართვადობის მახასიათებლების შეფასებით;
გ) შეისწავლის და აანალიზებს:
გ.ა) საჰაერო ხომალდის რადიოლოკაციური გაცილების (თვალყურის დევნების) მონაცემებს (საჭიროებისამებრ);
გ.ბ) საბორტო თვითჩამწერებში ფრენის პარამეტრების ჩანაწერების ოსცილოგრამებს, ტარირების მონაცემებით;
გ.გ) ფრენის პარამეტრებს, საავიაციო შემთხვევის მოხდენამდე, მოხდენის მომენტში და მას შედეგ, საბორტო აღმრიცხველების ჩანაწერების გაშიფვრის საფუძველზე.
15. საბორტო თვითჩამწერების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს ჯგუფის ანგარიშზე.
16. ადმინისტრაციული ქვეკომისია, ამ მუხლის მე-6, მე-8, მე-10, მე-12 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშებისა და მათზე თანდართული საბუთების საფუძველზე ადგენს ქვეკომისიის ანგარიშს.
17. ადმინისტრაციული ქვეკომისიის ანგარიშზე თანდართული უნდა იყოს:
ა) ადმინისტრაციული ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები და მათი დანართები;
ბ) ქვეკომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების წევრების სია;
გ) ქვეკომისიის სხდომების ოქმები, რომელთა შედგენის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია წინამდებარე წესის №5 დანართით.
18. ადმინისტრაციული ქვეკომისია:
ა) აანალიზებს და განაზოგადებს ქვეკომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას, მათ ანგარიშებსა და მოკვლევის სხვა მასალებს;
ბ) საავიაციო შემთხვევის გარემოებების, ფაქტორებისა და მიზეზების დეტალური ანალიზის საფუძველზე ამზადებს კომისიის ანგარიშის პროექტს, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით;
გ) კომისიის ანგარიშის პროექტზე წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა საბუთების გარდა, თანდართული უნდა იყოს:
გ.ა) ოქმი, საავიაციო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ (წინამდებარე წესის №9 დანართის შესაბამისად);
გ.ბ) ოქმი, საავიაციო შემთხვევის ადგილზე საკვლევი და სხვა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ (წინამდებარე წესის №10 დანართის შესაბამისად).
თავი IV
ლაბორატორიული და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა, დასკვნების
გადასინჯვა და შეცვლა
მუხლი 16🔗. საავიაციო შემთხვევის მოკვლევისას ლაბორატორიული და სხვა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა
1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევისას, ლაბორატორიული და სხვა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას (შემდგომში – სამეცნიერო გამოკვლევა) ადგენს კომისია. სამეცნიერო გამოკვლევის ჩატარების საფუძველია თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი კომისიის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მიეთითება სამეცნიერო გამოკვლევის მიზანი, სამეცნიერო გამოკვლევის შემსრულებელი (საჭიროების შემთხვევაში კი თანაშემსრულებელი) ორგანიზაცი(ები)ა. გადაწყვეტილებაზე თანდართული უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია საავიაციო შემთხვევის გარემოებების, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდისა და სამეცნიერო გამოკვლევის ობიექტის მონაცემების შესახებ (რემონტისა და ტექნიკური მომსახურების მონაცემების ჩათვლით).
2. გადაწყვეტილების მიღებისთანავე, სამეცნიერო გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია ადგენს მისი ჩატარების თარიღს და ამის შესახებ აცნობებს სამეცნიერო გამოკვლევაში ჩართულ თანაშემსრულებელ ორგანიზაციას და კომისიას.
3. სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები აისახება სამეცნიერო გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ეგზავნება კომისიას. ანგარიში წარმოადგენს მოკვლევის მასალების განუყოფელ ნაწილს.
4. სამეცნიერო გამოკვლევის ანგარიშის მიღებამდე კომისიის საბოლოო ანგარიშის დამტკიცება და დაგზავნა დაუშვებელია.
5. სამეცნიერო გამოკვლევა ჩატარებული ობიექტების განადგურება, საგამოძიებო ორგანოების წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
მუხლი 17🔗. მოკვლევის შედეგებზე დასკვნების გადასინჯვა და შეცვლა
1. საავიაციო შემთხვევის დასრულებული მოკვლევა, საავიაციო შემთხვევის ახალი პირობებისა და გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიძლება განახლდეს.
2. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის განახლება ხდება, დამოუკიდებლად ან საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნით, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მასალების გადასინჯვა ხორციელდება:
ა) ისეთი განუხილავი საკითხის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც/რომელსაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე;
ბ) საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული იმ საბუთების, გაანგარიშებაში შეცდომის დაშვების ან სამეცნიერო გამოკვლევების შედეგების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე;
გ) კონკრეტული საავიაციო შემთხვევის თვითმხილველის ან მოწმის მიერ დამატებითი, კომისიისთვის უცნობი, საავიაციო შემთხვევის მოხდენის გარემოებ(ებ)ის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე.
4. კომისიამ უნდა დაასაბუთოს თუ, რატომ არ იყო კომისიის საბოლოო ანგარიშში ასახული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები.
მუხლი 18🔗. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავება
1. საავიაციო შემთხვევის კომისია ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლების რეკომენდაციებს შეიმუშავებს მოკვლევის მსვლელობისას და ფრენის უსაფრთხოების ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. რეკომენდაციების შემუშავებისას მხედველობაში მიიღება გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე უშუალო ზეგავლენა არ მოუხდენია, მაგრამ შეიცავს/შეიცავდა ფრენის უსაფრთხოების საშიშროებას.
2. ექსპლუატანტები რომელთა კომპეტენციასაც ეხება კომისიის რეკომენდაციები, მოკვლევის საბოლოო ანგარიშის მიღების შემდეგ ვალდებულნი არიან შეიმუშაონ გეგმა, რომელშიც ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებული იქნება კომისიის მოკვლევის საბოლოო ანგარიშში ასახული დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
3. ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე, განსხვავებული აზრის წარმოქმნისას, აღნიშნული საკითხი განიხილება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკრეტული საკითხის განსახილველად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.
მუხლი 19🔗. საავიაციო შემთხვევების აღრიცხვა და ანალიზი
1. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე მომხდარი თითოეული საავიაციო შემთხვევა უნდა აღირიცხოს და გაანალიზდეს ექსპლუატანტ ორგანიზაციებში (კომპეტენციის ფარგლებში).
2. საავიაციო შემთხვევის აღრიცხვა ხორციელდება „სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევების რეესტრში“ № 18 დანართის შესაბამისად.
3. სამინისტროში იქმნება საავიაციო შემთხვევების „მონაცემთა ბანკი“, რომელიც განკუთვნილია ფრენის უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესამუშავებლად.
4. საავიაციო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, სამინისტრო:
ა) ახორციელებს კალენდარული ნახევარი წლისა და ერთი წლის განმავლობაში მომხდარი საავიაციო შემთხვევების ანალიზს;
ბ) ექსპლუატანტს აძლევს რეკომენდაციებს საავიაციო შემთხვევების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე;
გ) ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ღონისძიებების მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს;
დ) საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე.