კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13830-23
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე
უარის თქმის თაობაზე
2023 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი
განმცხადებელი – შპს „მშენებელი 2011“
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მშენებელი 2011“
წარმომადგენელი (ლიკვიდატორი) – მედეა მხეიძე
მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის განჩინების გაუქმება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მშენებელი 2011“-ის კერძო საჩივარი 2023 წლის 09 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2023 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „მშენებელი 2011“-ის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „მშენებელი 2011“-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და განმცხადებელს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
აღნიშნული განჩინებით განმცხადებელს მითითებულ ვადაში დაევალა სასამართლოსთვის შემდეგი სახის ინფორმაციის წარმოდგენა: ინფორმაცია გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალის შესახებ (საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხები). ასევე, ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ.
2023 წლის 02 ივნისს შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.
ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში შპს „მშენებელი 2011“-ს მიერ ხარვეზი არ იქნა სრულყოფილად შევსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით შპს „მშენებელი 2011“-ს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე: www.ecourt.ge).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2023 წლის 16 ივნისს, კერძო საჩივრით მომართა შპს „მშენებელი 2011“ -ის წარმომადგენელმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება.
განმცხადებელი წარმოდგენილ კერძო საჩივარში უთითებს შემდეგ გარემოებაზე:
როგორც 2023 წლის 19 მაისის განცხადებაში, ასევე ხარვეზის შევსების 02 ივნისის განცხადებაში ინფორმაციის სახით აცნობა სასამართლოს, შპს „მშენებელი 2011“ -ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არ მიმდინარეობის და სასამართლო დავების არარასებობის შესახებ ინფორმაცია. 2023 წლის 19 მაისის განცხადებაში იქნა დაფიქსირებული, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში შპს „მშენებელი - 2011“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. აღნიშნული განაცხადი სასამართლოსთვის საფუძველი იყო მიეღო განჩინება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას“.
2023 წლის 10 ივლისს შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენლის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს, გარდა აღნიშნული გადახდისუუნარობის საქმისა.
კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი, კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულება. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება.
განსახილველ შეთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შემდეგი: განცხადებელმა მითითებულ ვადაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს ინფორმაცია გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალის შესახებ (საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხები). ასევე, ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ. განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების გამოქვეყნებიდან განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა. განმცხადებელმა მისთვის განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის 02 ივნისს სასამართლოს წარმოუდგინა განცხადება შესაბამისი დასაბუთებით და ითხოვა ხარვეზის აღმოფხვრილად ჩათვლა და გაკოტრების რეჟიმით რეჟიმის გახსნა.
განმცხადებელს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
განმცხადებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2023 წლის 16 ივნისს კერძო საჩივარი წარმოუდგინა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება, და გაკოტრების რეჟიმი გახსნა. განმცხადებელმა 2023 წლის 10 ივლისს წარმოადგინა დამატებით განცხადება, რასაც თან ერთვის ინფორმაცია მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ, კერძოდ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 7 ივლისს გაცემული ცნობა N7478361, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2011 წლის 12 აპრილიდან 2023 წლის 06 ივლისის ჩათვლით, სამოქალაქო საქმე, რომელიც ეხება შპს „მშენებელი - 2011“-ის (ს/კ 429319720) გადახდისუუნარობას, რეგისტრირებულია მხოლოდ N2/13830-23 საქმე, მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი, რომელსაც უარი ეთქვა დასაშვებად ცნობაზე.
ამდენად, განმცხადებელმა შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა და წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ არ მიმდინარეობს სხვა სასამართლო დავები, რომლებიც ეხება შპს „მშენებელი-2011“-ს. ამასთანავე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოვალე ვერ უზრუნველყოფს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „მშენებელი-2011“-ის ლიკვიდატორის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ცნობა სს „თიბისი ბანკისგან“, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 25 აპრილის მდგომარეობით სს „თიბისი ბანკში“ შპს „მშენებელი 2011“-ზე რეგისტრირებულია ინკასო და ყადაღა. ასევე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანების თანახმად, შპს „მშენებელი 2011“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 100 354 ლარი (ძირითადი გადასახადი 66 836 ლარი, ჯარიმა 33 518 ლარი).
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, მოვალეს არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისი განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
2. უარი ეთქვას შპს „მშენებელი 2011“ (ს/ნ 4293219720) წარმომადგენელს/ლიკვიდატორს მედეა მხეიძეს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge).
4. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილი