საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2023
ძალაში შესვლა 01.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №375
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №375
2023 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შემდგომში − საქსტატი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
2. საქსტატი თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციის, სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქსტატის საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საქსტატი ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მთავარი მწარმოებელია და კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებასთან, წარმოებასა და გავრცელებასთან, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.
4. საქსტატი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. საქსტატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. საქსტატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.
7. საქსტატის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: https://www.geostat.ge.
თავი II
საქსტატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. საქსტატის საქმიანობის მიმართულებები და ამოცანები
საქსტატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანებია:
ა) გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე, საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა;
ბ) ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებისა და ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მონიტორინგისთვის, მეცნიერული კვლევების ჩატარებისთვის, საზოგადოებისა და სხვა კატეგორიის მომხმარებლის ინფორმირებისთვის მათი ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფა;
გ) სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავების, მათი შემდგომი დანერგვისა და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების მიზნით, საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებსა და აქტივობებში მონაწილეობა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. საქსტატის
ფუნქციები
საქსტატის ფუნქციებია:
ა) ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების კოორდინაცია;
დ) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება;
ე) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფით;
ვ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით განსაზღვრული აღწერის ჩატარება;
ზ) ოფიციალური სტატისტიკის ტერმინების, მეთოდოლოგიის, კლასიფიკაციებისა და ნომენკლატურების განსაზღვრა, შესაძლებლობის ფარგლებში, საერთაშორისო კონცეფციებისა და კლასიფიკაციების შესაბამისად;
თ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა, წარმოება და განახლება;
ი) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის შემუშავება;
კ) ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის სტატისტიკის საჭიროების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა;
ლ) სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ხარისხის მართვის კონცეფციების დანერგვა და დაცვა;
მ) სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობა;
ნ) საზოგადოებაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის აღქმის ხელშეწყობა;
ო) ყველა მომხმარებლისთვის ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
პ) საერთაშორისო დონეზე ოფიციალური სტატისტიკის მიმდინარე ან სამომავლო საკითხების განხილვისას სტატისტიკის ეროვნული სისტემის წარდგენა;
ჟ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
რ) საქსტატისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
ს) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსთვის წარდგენა;
უ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
თავი III
საქსტატის მართვა
მუხლი 4🔗. საქსტატის
აღმასრულებელი
დირექტორი
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორი ინიშნება 4 წლის ვადით. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია, საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები განსაზღვრულია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ახორციელებდეს სხვა სახის პოლიტიკურ საქმიანობას.
4. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორჯერ.
5. აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
6. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით.
7. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მისი, როგორც საქსტატის საბჭოს წევრისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტასაც.
8. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
10. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.
11. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის საბჭოს თავმჯდომარისა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებს.
12. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
ა) საქსტატის ხელმძღვანელობა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება, საქსტატის საბჭოსთან შეთანხმება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
გ) მოსახლეობის აღწერის პროგრამისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შემუშავება და აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ეკონომიკური აღწერის პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
ე) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების აღიარება;
ვ) სხვადასხვა სახის აღწერის მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება;
ზ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
თ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ი) საქსტატის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება;
კ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ლ) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
მ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ნ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენა;
ო) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;
პ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ჟ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესრულება.
13. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, საქსტატის დებულებით განსაზღვრული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.
14. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცეს ნორმატიული აქტი (ბრძანება), ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
15. საქსტატის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტი.
მუხლი 5🔗. საქსტატის
საბჭო
1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომში − საბჭო).
2. საბჭო არის ორგანო, რომელიც შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მისი მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.
3. საბჭო შედგება 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა.
4. საბჭოს 9 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი. არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
7. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ, საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი, ამ თავით დადგენილი წესით.
10. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.
11. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.
13. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურები და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
მუხლი 6🔗. საბჭოს
ფუნქციები
და
უფლებამოსილება
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის პერიოდული მიმოხილვა;
დ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
ე) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი, საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცება;
კ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი, საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცება;
ლ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება. საბჭოს დებულებით განისაზღვრება საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები;
მ) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცება;
ნ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
2. საბჭო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს ნორმატიული აქტი (დადგენილება), „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
3. საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
თავი IV
საქსტატის საკონსულტაციო ორგანოები
მუხლი 7🔗. საქსტატის
მრჩეველთა
საბჭო
1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო (შემდგომში − მრჩეველთა საბჭო) არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მრჩეველთა საბჭოს წევრს, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
2. მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.
3. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.
4. მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მრჩეველთა საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
მუხლი 8🔗. მრჩეველთა
საბჭოს
ფუნქციები
1. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და სტატისტიკური მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების მომზადება;
გ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და წინადადებების წარდგენა;
დ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
მუხლი 9🔗. სხვა
საკონსულტაციო
ორგანო
1. ოფიციალური სტატისტიკის სფეროში სტრატეგიული და მეთოდოლოგიური საქმიანობების მხარდასაჭერად, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, შექმნას სხვა საკონსულტაციო ორგანო. მისი წევრები შეირჩევიან სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ.
2. სხვა საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
თავი V
საქსტატის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მათი მართვა
მუხლი 10🔗. საქსტატის
სტრუქტურა
1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. საქსტატის დეპარტამენტებია:
ა) სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი;
ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ე) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი;
ვ) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი;
ზ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი;
თ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი;
ი) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი;
კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი;
ლ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი.
მუხლი 11🔗. საქსტატის
სტრუქტურული
ერთეულების
ძირითადი
ფუნქციები
1. სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
დ) საქსტატის სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
თ) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება;
ი) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია;
კ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ლ) საქმისწარმოების განხორციელება;
მ) საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ნ) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
პ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
ე) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) საქსტატის საქმიანობის ფოტო და ვიდეომომსახურების კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქსტატის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) საქსტატის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს საქსტატის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ე) შიდა აუდიტის პროცესის განხორციელება, შესაბამისი მიგნებებისა და ანალიზის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების დაპროექტება, დაცვა და ადმინისტრირება;
ბ) გეოსაინფორმაციო რუკებისა და მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) კომპიუტერების, სატელეფონო, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) საქსტატის ვებგვერდების ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
5. ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;
ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
გ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.
6. ბიზნესსტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზაცია და კოორდინაცია;
ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების შესახებ სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
გ) ენერგეტიკული ბალანსის წარმოება;
დ) ტურიზმის სტატისტიკის გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ე) ეკონომიკური აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
7. ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფასების რეგისტრაცია;
ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება და გავრცელება;
გ) საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
8. სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევის, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ბ) სამუშაო ძალის სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
გ) ხელფასების სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
დ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა. შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ე) სოციალურ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ვ) გენდერული სტატისტიკის მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შედეგების ანალიზი და გავრცელება.
9. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროს სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
გ) სასურსათო ბალანსების წარმოება.
10. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოსახლეობის აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება.
11. საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება, შედეგების ანალიზი და გავრცელება;
გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებრი შედარებების განხორციელება;
დ) საგადასახდელო ბალანსისთვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება, მომსახურების სახეების მიხედვით), საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისთვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
მუხლი 12🔗. სტრუქტურული
ერთეულის
მართვა
1. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქსტატის აღმასრულებელ დირექტორსა და კურატორ მოადგილეს.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებისა და თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;
გ) პასუხისმგებელია თავის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ორგანიზებაზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განცხადებებს და სხვა კორესპონდენციას;
ე) ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 13🔗. საქსტატის
ტერიტორიული
ორგანოები
1. საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თბილისის სტატისტიკის ბიურო;
ბ) აჭარის სტატისტიკის ბიურო;
გ) გურიის სტატისტიკის ბიურო;
დ) იმერეთის სტატისტიკის ბიურო;
ე) კახეთის სტატისტიკის ბიურო;
ვ) მცხეთა-მთიანეთის სტატისტიკის ბიურო;
ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკის ბიურო;
კ) ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიურო;
ლ) შიდა ქართლის სტატისტიკის ბიურო.
2. ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკური გამოკვლევების ორგანიზება და განხორციელება;
ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და შედეგების ანალიზი;
გ) სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებსა და რესპონდენტებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ტერიტორიულ ორგანოებს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.
4. ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
თავი VI
საქსტატის დაფინანსება და ქონება
მუხლი 14🔗. საქსტატის
დაფინანსება
და
ქონება
1. საქსტატი ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სტატისტიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;
გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გაცემული გრანტებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქსტატს გადაეცემა სახელმწიფო ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით.
თავი VII
საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი, საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 15🔗. საქსტატის
დებულებაში
ცვლილებებისა
და
დამატებების
შეტანა
საქსტატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗. საქსტატის
რეორგანიზაცია
და
ლიკვიდაცია
საქსტატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.