საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№77
2023 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტში (შემდგომ – დეპარტამენტი) ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განსაზღვრავს დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანს, მონაცემთა დამუშავების წესს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანი და საფუძველი
1. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანს წარმოადგენს დეპარტამენტის მოსამსახურეების, დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრსა (განყოფილება) (შემდგომ – დროებითი განთავსების ცენტრი) და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი) მოთავსებული და სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვა, სამართალდარღვევის პრევენცია და დროული აღკვეთა, აგრეთვე, დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელება.
2. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისა და მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
თავი II
ვიდეომონიტორინგის განხორციელების ზოგადი წესი
მუხლი 3🔗. ვიდეომონიტორინგის განხორციელების პრინციპები
1. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპები.
2. პირი, რომლის პერსონალური მონაცემებიც მუშავდება, სარგებლობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებებით.
მუხლი 4🔗. ვიდეომონიტორინგის განხორციელება
1. დეპარტამენტში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემა იძლევა მხოლოდ ვიზუალური მონიტორინგის შესაძლებლობას.
2. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება:
ა) დროებითი განთავსების ცენტრისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის სამორიგეო ოთახებში;
ბ) დროებითი განთავსების ცენტრის მკაცრი ზედამხედველობის ოთახებში;
გ) დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის საერთო სარგებლობის სარეკრეაციო და სამრეცხაო-საშრობ ოთახებში;
დ) დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო (კომპიუტერის) ოთახებსა და სასადილოებში/სამზარეულოებში;
ე) დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს მისაღები სივრცის მოსაცდელში;
ვ) შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისთვის და ვიზიტორთა შეხვედრებისთვის გამოყოფილ სივრცეებში;
ზ) დეპარტამენტის შენობების შესასვლელებში, დერეფნებსა და კიბის უჯრედებში;
თ) დეპარტამენტის შენობების გარე პერიმეტრზე;
ი) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ბიბლიოთეკასა და ბავშვების აქტივობებისთვის განკუთვნილ ოთახებში.
3. პირის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, პირის შიმშილობის დროს, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილებით, ვიდეომონიტორინგი შესაძლოა განხორციელდეს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირთა პირად საცხოვრებელ სივრცეშიც, გონივრული ვადით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირს ეცნობება ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე, რაზეც დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურის მიერ დგება გაფრთხილების შესახებ ოქმი (დანართი №1).
5. ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებსა და გამოსაცვლელ ოთახებში.
6. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ დეპარტამენტის მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება.
7. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიცირება.
8. დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნ(ებ)ის თვალსაჩინოდ განთავსება.
მუხლი 5🔗. მკაცრი ზედამხედველობის ოთახში ვიდეომონიტორინგის განხორციელება
1. მკაცრი ზედამხედველობის ოთახში ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, დაუშვებელია ვიდეოკამერების ხედვის არეში მოექცეს ამ ოთახში არსებული სანიტარიული კვანძი.
2. მკაცრი ზედამხედველობის ოთახებში განთავსებული უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, ამასთან, მოთავსებულ პირს დამატებით უნდა ეცნობოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე, რაზეც დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურის მიერ დგება გაფრთხილების შესახებ ოქმი (დანართი №1).
თავი III
ვიდეომონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება და მონაცემთა დამუშავება
მუხლი 6🔗. ვიდეომონიტორინგის განხორციელებასა და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები
1. დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ, დაცულ ოთახში, დროებითი განთავსების ცენტრის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დაცვის პოლიცია) უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ.
2. დროებითი განთავსების ცენტრში ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრებიან დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეები, ხოლო დროებითი განთავსების ცენტრის შენობის გარე პერიმეტრზე – როგორც დროებითი განთავსების ცენტრის, ისე სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეები.
3. სამინისტროსა და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული დაცვითი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში და მის გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრებიან დაცვის პოლიციის შესაბამისი დანაყოფის მოსამსახურეები. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელების უფლებამოსილება აქვთ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის შესაბამის მოსამსახურეებსაც.
4. დეპარტამენტის შენობებისა და მათი გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა დამუშავებაზე (ნახვა, გადახვევა, ამოღება, გადმოწერა ან/და დაარქივება) პასუხისმგებელ პირებად, დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განისაზღვრებიან დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები, რომლებსაც, მათ შორის, აქვთ ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელების უფლებამოსილება.
5. ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება ამ მიზნით გამოყოფილ ოთახში (შემდგომ – მონაცემთა მართვის ოთახი) დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ, შემდეგი გარემოებების აღმოჩენის მიზნით:
ა) სავარაუდო სამართალდარღვევა, მათ შორის, დანაშაული;
ბ) მოთავსებული პირის (სავარაუდო) გარდაცვალება;
გ) მოთავსებული პირის მხრიდან თვითდაზიანების ან/და სუიციდის მცდელობა;
დ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შედეგი;
ე) სხვა გარემოება, დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
6. მონაცემთა მართვის ოთახში შესვლის, ყოფნისა და ჩანაწერების ნახვის უფლება აქვს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს;
ბ) დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს;
გ) დეპარტამენტის დირექტორს;
დ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს, უფროსის მოადგილეს და უფროსის მიერ საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს;
ე) დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეს;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილ მოსამსახურეს.
7. აკრძალულია მონაცემთა მართვის ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღება/ჩაწერა და ტექნიკური ან/და ელექტრონული მანიპულაციები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
8. მონაცემთა მართვის ოთახში ნივთების ან/და ტექნიკური მოწყობილობების შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცულ ოთახში შესვლისა და ყოფნის უფლება აქვთ დროებითი განთავსების ცენტრის, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებსა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, ხოლო შესვლის, ყოფნის, ჩანაწერების ნახვისა და ტექნიკური მოწყობილობების შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
მუხლი 7🔗. ვიდეომონიტორინგის რეალურ დროში განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მოვალეობები
1. ვიდეომონიტორინგი რეალურ დროში განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) მიუკერძოებლად და სრულყოფილად განახორციელოს ვიდეომონიტორინგი;
ბ) დაიცვას ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის პრინციპი;
გ) უშუალო ხელმძღვანელს, დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს შესაბამის დანაყოფსა და დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურს შეატყობინოს შემდეგი დარღვევ(ებ)ის/ინციდენტ(ებ)ის გამოვლენის შესახებ:
გ.ა) სუიციდი/სუიციდის მცდელობა;
გ.ბ) გაქცევა/გაქცევის მცდელობა;
გ.გ) თვითდაზიანება/თვითდაზიანების მცდელობა;
გ.დ) სიტყვიერი ან/და ფიზიკური დაპირისპირება;
გ.ე) დიდი ხნით ჯდომა/წოლა გაუნძრევლად (ეჭვი გარდაცვალებაზე);
გ.ვ) ეჭვი შეუძლოდ ყოფნაზე;
გ.ზ) ინვენტარის ან/და საკნის დაზიანების მცდელობა ან/და დაზიანება;
გ.თ) სავარაუდო აკრძალული ნივთის/ნივთიერების ქონა/გამოყენება;
გ.ი) საპირფარეშოში ყოფნა გონივრულ ვადაზე მეტი დროით;
გ.კ) კამერის თვალთახედვის არიდან გასვლა გონივრული ვადაზე მეტი დროით;
გ.ლ) საკანში არსებული სარკმლიდან მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება;
გ.მ) საყოფაცხოვრებო ტრავმა.
მუხლი 8🔗. ვიდეომონიტორინგზე და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ვიდეომონიტორინგის სისტემაზე დაშვება განახორციელოს მხოლოდ მასზე განპიროვნებული მომხმარებლის საშუალებით;
ბ) მიუკერძოებლად განახორციელოს ვიდეომონიტორინგი;
გ) ვიდეომონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი რეაგირება;
დ) დაიცვას ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის პრინციპი.
2. ვიდეომონიტორინგის სისტემის ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა სპეციალიზებული დახმარების საჭიროების არსებობისას, დეპარტამენტი, გონივრულ ვადაში, წერილობით მიმართავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
მუხლი 9🔗. ვიდეოჩანაწერების შენახვა, დაარქივება, გადაცემა და წაშლა/განადგურება
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტი ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერასა და შენახვას.
2. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. ჩაწერილი მონაცემები ინახება დეპარტამენტის მონაცემთა მართვის ოთახებში განთავსებულ სერვერებზე, არანაკლებ 120 საათის ვადით, რა დროსაც ხორციელდება ახალი ინფორმაციის ავტომატური გადაწერა, ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის ავტომატურად წაშლის შედეგად.
3. ჩამწერ მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური მიზნებისთვის, ხდება ჩანაწერის დაარქივება/ამოღება, ან ტექნიკური ჯგუფის მიერ ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
4. ჩამწერი მოწყობილობა დალუქული უნდა იყოს იმგვარად, რომ სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება (მათ შორის, USB კაბელით) შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე. ჩამწერი მოწყობილობის დალუქვას ახდენს დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე.
5. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით, ჩაწერილი მონაცემების დაარქივება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევ(ებ)ის/გარემოებ(ებ)ის აღმოჩენისას.
6. მონაცემების დაარქივებისას, ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს (დანართი №2). დაარქივებული მონაცემები ინახება დეპარტამენტში, საამისოდ დაცულ ელექტრონულ მატარებელზე. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემების დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება შესაბამისი გადაწყვეტილება.
7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდეოჩანაწერის მესამე პირისთვის გადაცემისას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის რეგისტრაცია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eFlow).
8. დაარქივებული მონაცემები ინახება დაარქივებიდან 12 თვის ვადით და დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახური ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მოთხოვნის განმახორციელებელ მხარეს.
9. შესაბამის ელექტრონულ მატარებელზე შენახული დაარქივებული მონაცემები ნადგურდება მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დაარქივებული მონაცემების შენახვის ვადების კონტროლი ხდება დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ.
10. უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის ელექტრონულ მატარებელზე შენახული დაარქივებული მონაცემები უნდა წაიშალოს სისტემიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ინახება ისეთ ელექტრონულ მატარებელზე, რომლის წაშლაც შეუძლებელია – მათი განადგურებით, ისე რომ შეუძლებელი იყოს მისი აღდგენა.
11. წაშლის/განადგურების შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება განადგურებული მონაცემების მოცულობა, განადგურების დრო, ადგილი, განადგურების ფორმა და სხვა საჭირო მონაცემი.