საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 300010000.83.096.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე | აღმასრულებელი დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს
დადგენილება №1
2023 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭო
ადგენს:
მუხლი 1🔗
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აღმასრულებელი დირექტორიგოგიტა თოდრაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (შემდგომში – საქსტატი) არსებული საქსტატის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს, საბჭოს შემადგენლობის ფორმირების წესს, საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საბჭო არის ორგანო, რომელიც შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მისი მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.
3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქსტატის დებულებით, ამ დებულებით, ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II
საბჭოს შემადგენლობა და ფორმირების წესი
მუხლი 2🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა.
2. საბჭოს 9 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.
3. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი.
მუხლი 3🔗. საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საბჭოს წევრის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
1.1 უმაღლესი განათლება;
1.2 სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიების და სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების ცოდნა;
1.3 საკონსულტაციო, საექსპერტო ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
2. სასურველია საბჭოს წევრს ჰქონდეს სტატისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების შერჩევის და დანიშვნის წესი
1. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები.
2. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.
3. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს 5 წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად არჩეულ არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია – ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
4. საქართველოს პარლამენტი საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
5. საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის მიერ მოწონებულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხმათა საკმარის რაოდენობას არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ პარლამენტის თანხმობა მიეცა საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაცაა.
7. თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა ფარდობითი უმრავლესობით.
8. თუ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს პარლამენტის თანხმობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომელთა არჩევა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ, საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
10. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
11. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით.
12. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
13. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
14. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.
15. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
თავი III
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
მუხლი 5🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
1.1 პირადი განცხადება;
1.2 სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
1.3 მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
1.4 გარდაცვალება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საფუძვლების გარდა, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:
2.1 ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას:
2.1.1 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა;
2.1.2 საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა;
2.2 ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას:
2.2.1 საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლა;
2.2.2. არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობა;
2.2.3 საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება.
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება
მუხლი 6🔗. საბჭოს ფუნქციები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის პერიოდული მიმოხილვა;
დ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
ე) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ, სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცება;
კ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი, ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცება;
ლ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;
მ) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცება;
ნ) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
2. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ნორმატიული აქტი (დადგენილება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
3. საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
მუხლი 7🔗. საბჭოს საქმიანობა, გადაწყვეტილების მიღების წესი და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს პერიოდულად საბჭოს სხდომების მეშვეობით.
2. საბჭოს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომა ტარდება სულ მცირე სამ თვეში ერთხელ.
4. საბჭოს თავმჯდომარე ან საბჭოს სულ ცოტა 4 წევრის მოთხოვნის შემთხვევაში ხდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისი დღის წესრიგი საბჭოს წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
5. საბჭო თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომაზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. საბჭოს სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ელექტრონული ფორმით.
6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 5 წევრი მაინც.
7. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
8. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს წერილობით, რომელიც თან ერთვის სხდომის ოქმს.
9. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს დადგენილებით.
10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით, საბჭოს სხდომებს ესწრება საბჭოს მდივანი.
11. საბჭოს მდივანი:
11.1 ორგანიზებას უწევს საბჭოს საქმიანობას;
11.2 უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს შესაბამისი ინფორმაციით;
11.3 ესწრება საბჭოს სხდომებსა და პასუხისმგებელია შესაბამისი სხდომის ოქმის წარმოებაზე;
11.4 ახორციელებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
11.5 საბჭოს საქმიანობის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
მუხლი 8🔗. საბჭოს თავმჯდომარე
1. საბჭოს თავმჯდომარე:
1.1 თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;
1.2 ადგენს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა რიგითობას;
1.3 ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს;
1.4 ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საბჭოს მიერ.