ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია

მიღების თარიღი 31.05.2023
ძალაში შესვლა 15.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15-09-2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016756
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2023
matsne.gov.ge 11,043 სიტყვა · ~55 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2023 მიღება
15.10.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები თარიღი, რომლის შემდეგაც პროდუქტის წარმოება, ექსპორტი და იმპორტი აღარ დაიშვება (გამოყენებიდან ამოღების თარიღი)
მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ორთქლის ნათურები (HPMV) ზოგადი განათების მიზნით 2020
პესტიციდები, ბიოციდები და ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებები 2020
ვერცხლისწყლით  გამდიდრებული პროდუქტები დებულებები
საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებიდან ამოღების თარიღი
ქლოროვან-ტუტოვანი წარმოება 2025
პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი დებულებები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს სახელით:   (ხელმოწერილია) _____________________________ 89% 21.10.2019 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ 89% 27.11.2014 საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 17.08.2018 „პარიზის შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 22.04.2016 საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 87% 28.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია წინამდებარე კონვენციის მხარეები, აღიარებენ რა, რომ ვერცხლისწყალი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევს გლობალურ საფრთხეს ატმოსფეროში მისი შორ მანძილზე გადაადგილების, გარემოში ანთროპოგენურად მოხვედრის შემდეგ მდგრადობის, ეკოსისტემებში ბიოაკუმულაციის უნარის და ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე მნიშვნელოვნად უარყოფითი ზემოქმედების გამო, იხსენიებენ რა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მმართველი საბჭოს 2009 წლის 20 თებერვლის 25/5 გადაწყვეტილებას ვერცხლისწყლის ეფექტურად, ქმედითად და შეთანხმებულად მართვის საერთაშორისო ღონისძიებების ინიცირების შესახებ, იხსენიებენ რა გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენციის საბოლოო დოკუმენტის – „მომავალი, რომელიც გვინდა” 221-ე პუნქტს, რომელიც მოითხოვს ვერცხლისწყლის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო გლობალური დოკუმენტის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ არსებულ რისკებზე რეაგირებისთვის, იხსენიებენ რა გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენციის მიერ გარემოსა და განვითარების შესახებ რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციის პრინციპების ხელახალ დადასტურებას, მათ შორის, საერთო, მაგრამ დიფერენცირებულ პასუხისმგებლობებს, ასევე აღიარებენ რა სახელმწიფოების შესაბამის გარემოებებსა და შესაძლებლობებს და გლობალური ქმედებების საჭიროებას, იცნობენ რა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რაც გამოწვეულია ვერცხლისწყლის ზემოქმედებით მოწყვლად მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებზე და მათი მეშვეობით მომავალ თაობებზე, აღნიშნავენ რა არქტიკული ეკოსისტემების და მკვიდრი მოსახლეობის განსაკუთრებულ მოწყვლადობას ვერცხლისწყლის ბიომაგნიფიკაციის და ტრადიციული საკვების დაბინძურების გამო და შეშფოთებულნი არიან რა ზოგადად მკვიდრ მოსახლეობაზე ვერცხლისწყლის ზემოქმედების გამო, აღიარებენ რა მინამატას დაავადების მნიშვნელოვან გაკვეთილებს, კერძოდ, ვერცხლისწყლით დაბინძურებით გამოწვეულ სერიოზულ ზემოქმედებას ჯანმრთელობასა და გარემოზე და ვერცხლისწყლის სათანადოდ მართვის უზრუნველყოფის და მომავალში ასეთი მოვლენების თავიდან აცილების საჭიროებას, ხაზს უსვამენ რა ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის მნიშვნელობას, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, ვერცხლისწყლის მართვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების და კონვენციის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღიარებენ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეფექტიანობას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც დაკავშირებულია ვერცხლისწყალთან, ასევე შესაბამისი მრვალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების, განსაკუთრებით, სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის და ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ როტერდამის კონვენციის როლს, აღიარებენ რა, რომ წინამდებარე კონვენცია და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები ვაჭრობისა და გარემოს დაცვის სფეროში არის ორმხრივად სასარგებლო, ხაზს უსვამენ რა, რომ არაფერი წინამდებარე კონვენციაში ზემოქმედებას არ მოახდენს ნებისმიერი მხარის სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და მოვალეობებზე, ესმით რა, რომ ზევით აღნიშნულით განზრახული არ არის წინამდებარე კონვენციასა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს შორის იერარქიის შექმნა, აღნიშნავენ რა, რომ არაფერი წინამდებარე კონვენციაში ხელს არ შეუშლის მხარეს, განახორციელოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისი დამატებითი შიდა ღონისძიებები ვერცხლისწყლის ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, მოქმედი საერთაშორისო სამართლის მიხედვით განსაზღვრული მხარის სხვა მოვალეობების შესაბამისად, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗. მიზანი წინამდებარე კონვენციის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ანთროპოგენური ემისიისა და გაჟონვისაგან. მუხლი 2🔗. განსაზღვრებები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის: (a) „ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება“ ნიშნავს ოქროს მოპოვებას ინდივიდუალური მომპოვებლების და მცირე მეწარმეების მიერ შეზღუდული კაპიტალდაბანდებებით და წარმოებით; (b) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა“ ნიშნავს ისეთ ტექნიკას, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ვერცხლისწყლის ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიისა და გაჟონვის თავიდან აცილებისთვის და როდესაც ეს არ არის პრაქტიკული ემისიების შემცირებისთვის და ასეთი ემისიის გაჟონვის ზოგადად გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების და შემცირებისთვის, კონკრეტული მხარის ან ამ მხარის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის ეკონომიკური და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში: (i) „საუკეთესო“ ნიშნავს ყველაზე ეფექტურს საერთო გარემოს დაცვის ზოგადად მაღალი დონის მიღწევის თვალსაზრისით; (ii) „ხელმისაწვდომი“ ტექნიკა ნიშნავს, კონკრეტულ მხარესთან ან ამ მხარის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტთან დაკავშირებით, ისეთი მასშტაბით განვითარებულ ტექნიკას, რომელიც იძლევა შესაბამის სამრეწველო სექტორში საქმიანობის განხორციელების საშუალებას ეკონომიკურად და ტექნიკურად მოქნილი პირობებით, დანახარჯებისა და სარგებელის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, ეს ტექნიკა გამოყენებული ან შემუშავებულია თუ არა ამ მხარის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის ხელმისაწვდომია ამ მხარის მიერ განსაზღვრული ობიექტის ოპერატორისთვის; და (iii) „ტექნიკა“ ნიშნავს გამოყენებულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო პრაქტიკას და იმ გზებს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ამ მოწყობილობების კონსტრუირება, აშენება, მოვლა-შენახვა, ოპერირება ან დემონტაჟი; (c) „საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკა“ ნიშნავს გარემოს დაცვის კონტროლის ღონისძიებების და სტრატეგიის ყველაზე ხელსაყრელი კომბინაციის გამოყენებას; (d) „ვერცხლისწყალი“ ნიშნავს ელემენტურ ვერცხლისწყალს (Hg (0), CAS No. 7439-97-6); (e) „ვერცხლისწყლის ნაერთი“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შედგება ვერცხლისწყლის ატომებისგან და სხვა ქიმიური ნივთიერებების ერთი ან მეტი ატომისგან, რომლებიც შეიძლება დაშლილი იქნეს სხვადასხვა კომპონენტებად მხოლოდ ქიმიური რეაქციების საშუალებით; (f) „ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტი“ ნიშნავს პროდუქტს ან პროდუქტის კომპონენტს, რომელიც შეიცავს განზრახ დამატებულ ვერხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთს; (g) „მხარე“ ნიშნავს სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას, რომელმაც განაცხადა თანხმობა წინამდებარე კონვენციის შესრულებაზე და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია; (h) „დამსწრე და ხმის მიმცემი მხარეები“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან მხარეთა შეხვედრებს და აძლევენ დადებით ან უარყოფით ხმას კენჭისყრისას; (i) „ვერცხლისწყლის პირველადი წარმოება“ ნიშნავს მოპოვებას, სადაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება არის ვერცხლისწყალი; (j) „რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შედგება კონკრეტული რეგიონის სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით მართულ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც შესაბამისად უფლებამოსილია, მისი შიდა პროცედურების მიხედვით, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერაზე, რატიფიცირებაზე, მიღებაზე, დამტკიცებასა და მასთან შეერთებაზე; და (k) „ნებადართული გამოყენება“ ნიშნავს მხარის მიერ ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის ნებისმიერ გამოყენებას წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მე-3, მე-4, მე- 5, მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით გამოყენებას. მუხლი 3🔗 ვერცხლისწყლის მიწოდების წყაროები და ვაჭრობა 1. ამ მუხლის მიზნებისთვის: (a) „ვერცხლისწყალზე“ მითითება მოიცავს ვერცხლისწყლის სხვა ნივთიერებებთან ნარევებს, მათ შორის, ვერცხლისწყლის შენადნობებს, სადაც ვერცხლისწყლის კონცენტრაცია სულ ცოტა 95 პროცენტია წონის მიხედვით; და (b) „ვერცხლისწყლის ნაერთები“ ნიშნავს ვერცხლისწყლის (I) ქლორიდს (ასევე ცნობილია, როგორც კალომელი), ვერცხლისწყლის (II) ოქსიდს, ვერცხლისწყლის (II) სულფატს, ვერცხლისწყლის (II) ნიტრატს, სინგურს და ვერცხლისწყლის სულფიდს. 2. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება: (a) ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების რაოდენობაზე, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული მასშტაბის კვლევებისთვის ან როგორც მისათითებელი სტანდარტი (ეტალონი); ან (b) ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ბუნებრივად წარმოშობილ ნარჩენ რაოდენობაზე, რომელიც არსებობს ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა მეტალები, რომლებიც არ არის ვერცხლისწყალი, მადნები ან მინერალური პროდუქტები, მათ შორის ქვანახშირი, ან ამ მასალებიდან წარმოშობილი პროდუქტები, ასევე ქიმიურ ნივთიერებებში არსებულ ნარჩენ რაოდენობაზე, რომელიც ამ ნივთიერებებში განზრახ არ არის მოხვედრილი; (c) ვერცხლისწყლით გამდიდრებულ პროდუქტებზე. 3. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას, თუ ასეთი მოპოვება არ ხორციელდებოდა მის ტერიტორიაზე მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე. 4. თითოეული მხარე დაუშვებს ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოპოვება ხორციელდებოდა მის ტერიტორიაზე მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, ამ თარიღიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში პირველადი მოპოვების შედეგად მიღებული ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებაში მე-4 მუხლის შესაბამისად, საწარმოო პროცესებში მე-5 მუხლის შესაბამისად, ან განკარგული იქნება მე-11 მუხლის შესაბამისად, ისეთი ოპერაციების გამოყენებით, რომლებიც არ იწვევს აღდგენას, გადამუშავებას, ხელმეორედ გამოყენებას, პირდაპირ ხელახლა გამოყენებას ან სხვა ალტერნატიული სახით გამოყენებას. 5. თითოეული მხარე: (a) ეცდება მოახდინოს მის ტერიტორიაზე განლაგებული 50 ტონაზე მეტი ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ინდივიდუალური მარაგების იდენტიფიცირება, ასევე ვერცხლისწყლის მიწოდების წყაროების იდენტიფიცირება, რომლებიც წელიწადში წარმოქმნიან 10 ტონაზე მეტ მარაგს, რომელიც განთავსებულია მის ტერიტორიაზე; (b) როდესაც მხარე დაადგენს, რომ არსებობს ვერცხლისწყლის ჭარბი რაოდენობა ქლოროვან-ტუტოვანი ობიექტების დაშლის შედეგად, მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს ასეთი ვერცხლისწყლის განკარგვა მე-11 მუხლის მე-3 (a) პუნქტით განსაზღვრული გარემოს დაცვის მდგრადი მართვის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით, ისეთი ოპერაციების გამოყენებით, რომლებიც არ იწვევს ვერცხლისწყლის აღდგენას, გადამუშავებას, ხელმეორედ გამოყენებას, პირდაპირ ხელახლა გამოყენებას ან სხვა ალტერნატიული სახით გამოყენებას. 6. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის ექსპორტს, გარდა: (a) იმ მხარის სახელმწიფოში ექსპორტისა, რომელმაც მიაწოდა ექსპორტიორ მხარეს მისი წერილობითი თანხმობა და: (i) იმპორტიორი მხარის მიერ ვერცხლისწყლის მხოლოდ წინამდებარე კონვენციით ნებადართულ ფარგლებში გამოყენების მიზნით; ან (ii) გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის მე-10 მუხლის შესაბამისად; ან (b) არაწევრი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტისა, რომელმაც მიაწოდა ექსპორტიორ მხარეს მისი წერილობითი თანხმობა, მათ შორის, იმის დადასტურება, რომ: (i) არაწევრი მხარის სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად და ასეთი დაცვის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებთან; და (ii) ასეთი ვერცხლისწყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ მხარისთვის წინამდებარე კონვენციის მიხედვით ნებადართული გამოყენებისთვის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილი შუალედური შენახვისთვის მე-10 მუხლის შესაბამისად. 7. ექსპორტიორ მხარეს შეუძლია გამოიყენოს იმპორტიორი მხარის ან არაწევრი მხარის მიერ სამდივნოსთვის გაგზავნილი ზოგადი შეტყობინება, როგორც მე-6 პუნქტით მოთხოვნილი წერილობითი თანხმობა. ასეთი ზოგადი შეტყობინებით განისაზღვრება ნებისმიერი ვადა და პირობა, რომელთა შესაბამისადაც იმპორტიორი ან არაწევრი მხარე უზრუნველყოფს თავის თანხმობას. შეტყობინება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ამ მხარის ან არაწევრი მხარის მიერ. სამდივნო აწარმოებს საჯარო რეესტრს ყველა ასეთი შეტყობინებისთვის. 8. თითოეული მხარე არ დაუშვებს ვერცხლისწყლის იმპორტს არაწევრი მხარის სახელმწიფოდან, რომელსაც ის მიაწვდის წერილობით თანხმობას, თუ არაწევრი მხარე არ მიაწვდის მას იმის დადასტურებას, რომ ვერცხლისწყალი არ არის წარმოშობილი იმ წყაროებიდან, რომლებიც არ არის დაშვებული მე-3 პუნქტით ან მე-5 (b) პუნქტით. 9. მხარეს, რომელიც აკეთებს მე-7 პუნქტის მიხედვით თანხმობის ზოგად შეტყობინებას, შეუძლია გადაწყვიტოს, რომ არ გამოიყენოს მე-8 პუნქტი იმ პირობით, რომ ის იცავს ვერცხლისწყლის ექსპორტზე არსებულ სხვადასხვა შეზღუდვას და განსაზღვრული აქვს შიდა ღონისძიებები იმპორტირებული ვერცხლისწყლის გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო მართვისთვის. მხარემ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება სამდივნოს ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მისი საექსპორტო შეზღუდვების და შიდა მარეგულირებელი ზომების შესახებ, ასევე ინფორმაცია არაწევრი მხარეებიდან იმპორტირებული ვერცხლისწყლის რაოდენობის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. სამდივნო აწარმოებს საჯარო რეესტრს ყველა ასეთი შეტყობინებისთვის. განხორციელებისა და შესაბამისობის კომიტეტი განიხილავს და შეაფასებს თითოეულ ასეთ შეტყობინებას და თანმხლებ ინფორმაციას მე-15 მუხლის შესაბამისად; საჭიროების შემთხვევაში კომიტეტმა შესაძლოა მოამზადოს რეკომენდაციები მხარეთა კონფერენციისთვის. 10. მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურა გამოიყენება მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის დასრულებადე. ამის შემდეგ ამ პროცედურის მოქმედება შეწყდება, თუ მხარეთა კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების უბრალო უმრავლესობით, გარდა იმ მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება მე-9 პუნქტის შესაბამისად მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის დასრულებამდე. 11. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში ასახავს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები შესრულებულია. 12. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე უზრუნველყოფს შემდგომ განმარტებებს ამ მუხლთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მე-5 (a), მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებით და შეიმუშავებს და მიიღებს მე-6 (b) და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული დადასტურების მოთხოვნილ შინაარსს. 13. მხარეთა კონფერენცია შეაფასებს, ეწინააღმდეგება თუ არა ვერცხლისწყლის კონკრეტული ნაერთებით ვაჭრობა წინამდებარე კონვენციის მიზნებს და განიხილავს უნდა დაექვემდებაროს თუ არა კონკრეტული ვერცხლისწყლის ნაერთები, 27-ე მუხლის მიხედვით მიღებული დამატებითი დანართის სიის მიხედვით, მე-6 და მე-8 პუნქტებს. მუხლი 4🔗. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები 1. თითოეული მხარე არ დაუშვებს, შესაბამისი ზომების მიღებით, A დანართის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებას, ექსპორტს და იმპორტს ამ პროდუქტებისთვის განსაზღვრული გამოყენებიდან ამოღების თარიღის შემდეგ, თუ A დანართით განსაზღვრული არ არის გამონაკლისი ან თუ მხარეს დარეგისტრირებული არა აქვს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად. 2. მხარეს შეუძლია, როგორც პირველი პუნქტის ალტერნატივა, A დანართის შესწორების რატიფიკაციის ან მისთვის ამ შესწორების ძალაში შესვლის დროს მიუთითოს, რომ მიიღებს განსხვავებულ ზომებს ან განახორციელებს განსხვავებულ სტრატეგიას A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების მიმართ. მხარეს შეუძლია აირჩიოს ეს ალტერნატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ მან უკვე უმნიშვნელო დონემდე შეამცირა A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების დიდი უმრავლესობის წარმოება, იმპორტი და ექსპორტი და განახორციელა ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებები და სტრატეგია იმ დამატებით პროდუქტებში, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის A დანართის I ნაწილში, იმ დროისათვის, როცა ის ატყობინებს სამდივნოს მისი გადაწყვეტილების შესახებ გამოიყენოს ეს ალტერნატივა. გარდა ამისა, მხარე, რომელიც ირჩევს ამ ალტერნატივას: (a) პირველივე შესაძლებლობისთანავე მიაწვდის მხარეთა კონფერნციას განხორციელებული ღონისძიებების ან სტარტეგიის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას მიღწეული შემცირებების რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ; (b) განახორციელებს ღონისძიებებს ან სტრატეგიას A დანართის I ნაწილში ჩამოთვლილ ყველა პროდუქტში ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირებისთვის, რომლებზედაც უმნიშვნელო მოცულობა ჯერ არ არის მიღწეული; (c) განიხილავს დამატებით ღონისძიებებს შემდგომი შემცირების მისაღწევად; და (d) არ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტისთვის, რომლისთვისაც არჩეულ იქნა ეს ალტერნატივა. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა მხარეთა კონფერენცია განიხილავს, როგორც მე-8 პუნქტით განსაზღვრული განხილვის პროცესის ნაწილს, ამ პუნქტის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობასა და პროგრესს. 3. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს A დანართის II ნაწილში ჩამოთვლილი პროდუქტების მიმართ ქვევით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. 4. სამდივნო, მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეაგროვებს და შეინახავს ინფორმაციას ვერცხლისწყლით გამდიდრებულ პროდუქტებსა და მათ ალტერნატივებზე და გახდის ასეთ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს. სამდივნო ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის მხარეების მიერ მიწოდებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციას. 5. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს, რათა თავიდან აიცილოს კომბინირებულ პროდუქტებში ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ინკორპორირება, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი მისთვის დაშვებული არ არის ამ მუხლის მიხედვით. 6. თითოეული მხარე ხელს არ შეუწყობს ვერცხლისწყლით გამდიდრებული იმ პროდუქტების წარმოებას და სავაჭრო ქსელში გავრცელებას, რომლებიც არ შედის ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების ნებისმიერი ცნობილი გამოყენების ფარგლებში, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, თუ პროდუქტთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებელის შეფასება არ მიუთითებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობაზე. საჭიროების მიხედვით მხარე სამდივნოს მიაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ ასეთ პროდუქტზე, მათ შორის, ნებისმიერ ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებულ ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მიმართ რისკებსა და სარგებლიანობაზე. სამდივნო ასეთ ინფორმაციას გახდის საჯაროდ ხელმისაწვდომს. 7. ნებისმიერ მხარეს შეუძლია სამდივნოს წარუდგინოს შეთავაზება A დანართში ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების მისათითებლად, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტების ალტერნატივების (რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს) შესახებ, რაც დაკავშირებულია ხელმისაწვდომობასთან, ტექნიკურ და ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან და გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის რისკებთან, მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით. 8. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა მხარეთა კონფერენცია განიხილავს A დანართს და შესაძლოა განიხილოს შესწორებები ამ დანართის 27-ე მუხლის შესაბამისად. 9. მე-8 პუნქტის შესაბამისად A დანართის განხილვისას, მხარეთა კონფერენცია, სულ ცოტა, გაითვალისწინებს: (a) მე-7 პუნქტის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ წინადადებას; (b) ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-4 პუნქტის შესაბამისად; და (c) მხარეების ხელმისაწვდომობას იმ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს და რომლებიც ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულია, გარემოს დაცვასთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებელის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები 1. ამ მუხლის და B დანართის მიზნებისთვის საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები, არ უნდა შეიცავდეს პროცესებს, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების საწარმოო პროცესებს ან პროცესებს, რომელთა შედეგადაც ვერცხლისწყლის შემცველი ნარჩენები გადამუშავდება. 2. თითოეული მხარე არ დაუშვებს, შესაბამისი ზომების მიღებით, ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებას B დანართის I ნაწილში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში ამ დანართით დადგენილი კონკრეტული პროცესების გამოყენებიდან ამოღების თარიღის შემდეგ, თუ მხარეს დარეგისტრირებული არა აქვს შეღავათი მე-6 მუხლის შესაბამისად. 3. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს B დანართის II ნაწილში ჩამოთვლილ პროცესებში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების შეზღუდვისთვის ქვევით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. 4. სამდივნო, მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეაგროვებს და შეინახავს ინფორმაციას იმ პროცესებზე, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები და მათი ალტერნატივები და გახდის ამ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს. მხარეების მიერ შეიძლება მიწოდებულ იქნეს ასევე სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც სამდივნოს მიერ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი. 5. თითოეული მხარე ერთი ან რამდენიმე ობიექტით, რომლებიც იყენებენ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში: (a) მიიღებს ზომებს ამ ობიექტებიდან ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისიასა და გაჟონვაზე რეაგირებისთვის; (b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ; და (c) ეცდება მის ტერიტორიაზე მოახდინოს იმ ობიექტების იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში და გადასცეს სამდივნოს, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა, ინფორმაცია ასეთი ობიექტების რაოდენობისა და სახეობების შესახებ და ამ ობიექტებში მოხმარებული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გაანგარიშებული წლიური რაოდენობის შესახებ. სამდივნო გახდის ამ ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომს. 6. თითოეული მხარე არ დაუშვებს იმ ობიექტის მიერ ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებას, რომელიც არ არსებობდა მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე და რომელიც იყენებს B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებს. ასეთ ობიექტებზე არ გავრცელდება შეღავათები. 7. თითოეული მხარე ხელს არ შეუწყობს ისეთი ობიექტის განვითარებას, რომელიც იყენებს ნებისმიერ სხვა საწარმოო პროცესს, სადაც განზრახულად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები და რომელიც არ არსებობდა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეს შეუძლია მხარეთა კონფერენციისთვის დამაკმაყოფილებლად დემონსტრირება, რომ საწარმოო პროცესის შედეგია მნიშვნელოვანი სარგებელი გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობისთვის და არ არსებობს ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებული ალტერნატივები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთ სარგებელს. 8. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას შესაბამის ახალ ტექნოლოგიურ მოვლენებზე, ეკონომიკურად და ტექნიკურად დასაბუთებულ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, შესაძლო ღონისძიებებზე და ტექნიკაზე, რათა მათ შეამცირონ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღმოფხვრან ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება B დანართში ჩამოთვლილ საწარმოო პროცესებში, ასევე – ამ პროცესების შედეგად ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისია და გაჟონვა. 9. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარადგინოს შეთავაზება B დანართის შესწორების მიზნით, მასში იმ საწარმოო პროცესების მისათითებლად, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები. შეთავაზება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოო პროცესში გამოყენებული იმ ალტერნატივების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ამ ალტერნატივების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე და გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელზე. 10. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, მხარეთა კონფერენცია განიხილავს B დანართს და შესაძლოა განიხილოს ამ დანართის შესწორებები 27-ე მუხლის შესაბამისად. 11. მე-10 პუნქტის მიხედვით B დანართის ნებისმიერი განხილვისას, მხარეთა კონფერენცია, სულ ცოტა, გაითვალისწინებს: (a) მე-9 პუნქტის მიხედვით წარდგენილ ნებისმიერ შეთავაზებას; (b) ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-4 პუნქტის შესაბამისად; და (c) მხარეების ხელმისაწვდომობას იმ ალტერნატივებზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს და რომლებიც ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულია, გარემოს დაცვასთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. მოთხოვნის შემთხვევაში მხარისთვის ხელმისაწვდომი შეღავათები 1. ნებისმიერ სახელმწიფოს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას შეუძლია დარეგისტრირდეს ერთი ან მეტი შეღვათისთვის A და B დანართებით განსაზღვრული გამოყენებიდან ამოღების თარიღების შემდგომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც შეღავათი), სამდივნოსთვის წერილობითი შეტყობინების გზით: (a) წინამდებარე კონვენციის მხარედ გახდომისას; ან (b) ვერცხლისწყლით გამდიდრებული ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც შესწორების შედეგად დაემატა A დანართს ან ნებისმიერი საწარმოო პროცესის შემთხვევაში, რომელშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი და რომელიც შესწორების შედეგად დაემატა B დანართს, არაუგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც შესაბამისი შესწორება შედის ძალაში ამ მხარისთვის. ნებისმიერ ასეთ რეგისტრაციას თან უნდა ერთოდეს განცხადება, სადაც განმარტებულია მხარისათვის ასეთი შეღავათის საჭიროება. 2. შეღავათი შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც A ან B დანართით განსაზღვრული კატეგორიისთვის, ასევე ნებისმიერი სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ქვეკატეგორიისთვის. 3. თითოეული მხარე, რომელიც სარგებლობს ერთი ან მეტი შეღავათით, იდენტიფიცირებული უნდა იქნეს რეესტრში. სამდივნო შექმნის და აწარმოებს რეესტრს და გახდის მას საჯაროდ ხელმისაწვდომს. 4. რეესტრი უნდა შეიცავდეს: (a) მხარეთა სიას, რომლებიც სარგებლობენ ერთი ან მეტი შეღავათით; (b) თითოეული მხარისათვის დარეგისტრირებულ შეღავათს ან შეღავათებს; და (c) თითოეული შეღავათის ვადის გასვლის თარიღს. 5. თუ რეესტრში მხარის მიერ უფრო მცირე ვადა არ არის მითითებული, პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა შეღავათის ვადა ამოიწურება A ან B დანართში მითითებული გამოყენებიდან ამოღების შესაბამისი თარიღიდან 5 (ხუთი) წლის შემდგომ. 6. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა კონფერენციას შეუძლია შეღავათის ვადის გაგრძელება 5 (ხუთი) წლის ვადით, თუ მხარე არ მოითხოვს უფრო მცირე ვადას. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთა კონფერენცია შესაბამისად გაითვალისწინებს: (a) მხარის ანაგრიშს, სადაც დასაბუთებულია შეღავათის ვადის გაგრძელების საჭიროება და მითითებულია ის საქმიანობები, რომლებიც განხორციელებულია და დაგეგმილია შეღავათის ვადის გაგრძელების საჭიროების აღმოსაფხვრელად შესაძლებლობისთანავე; (b) ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის, იმ ალტერნატიულ პროდუქტებსა და პროცესებზე ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს ან სადაც გამოიყენება ნაკლები რაოდენობის ვერცხლისწყალი, ვიდრე შეღავათით სარგებლობის დროს; და (c) დაგეგმილ ან მიმდინარე საქმიანობას, რომლის მიზანია ვერცხლისწყლის შენახვა და ვერცხლისწყლის ნარჩენების განკარგვა გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადად. შეღავათის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული პროდუქტისთვის და ერთი კონკრეტული გამოყენებიდან, ამოღების თარიღისთვის. 7. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს შეღავათი სამდივნოსთვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეღავათის გაუქმება ძალაში შევა შეტყობინებით განსაზღვრული თარიღიდან. 8. პირველი პუნქტის მიუხედავად, არცერთ სახელმწიფოს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას არ შეუძლია დაარეგისტრიროს შეღავათი A ან B დანართში მითითებული შესაბამისი პროდუქტის ან პროცესის გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ, თუ ერთ ან რამდენიმე მხარეს ამ პროდუქტის ან პროცესის მიმართ არ რჩება დარეგისტრირებული შეღავათი, რომლის ვადაც გაუგრძელდათ მე-6 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას შეუძლია პირველი (a) და (b) პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში ამ პროდუქტზე ან პროცესზე დაარეგისტრიროს შეღავათი, რომლის ვადაც ამოიწურება შესაბამისი გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 10 (ათი) წლის შემდეგ. 9. არცერთ მხარეს არ შეუძლია ისარგებლოს შეღავათით A ან B დანართში მითითებული პროდუქტის ან პროცესის გამოყენებიდან ამოღების თარიღიდან 10 (ათი) წლის შემდეგ. მუხლი 7🔗. ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება 1. წინამდებარე მუხლით და C დანართით განსაზღვრული ღონისძიებები გავრცელდება ოქროს კუსტარულ და მცირემასშტაბიან მოპოვებასა და გადამუშავებაზე, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის ამალგამაცია ოქროს მადნიდან ამოღებისათვის. 2. თითოეული მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება და წარმოება, რაც ექვემდებარება ამ მუხლს, მიიღებს ზომებს, რათა შეამციროს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღმოფხვრას ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვებასა და გადამუშავებაში, ასევე ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოში ემისია და გაჟონვა ამ პროცესების შედეგად. 3. თითოეული მხარე შეატყობინებს სამდივნოს, თუ ეს მხარე ნებისმიერ დროს დაადგენს, რომ მის ტერიტორიაზე ოქროს კუსტარული წარმოება და გადამუშავება არის უფრო ფართო მასშტაბის, ვიდრე უმნიშვნელო. თუ მხარე ამგვარად გადაწყვეტს, ის: (a) შეიმუშავებს და განახორციელებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას C დანართის შესაბამისად; (b) გადასცემს სამდივნოს თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმას არაუგვიანეს მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 3 (სამი) წლისა ან სამდივნოსთვის შეტყობინებიდან 3 (სამი) წლის შემდეგ, რომელი თარიღიც დადგება უფრო გვიან; და (c) ამის შემდეგ, ყოველ 3 (სამი) წელიწადში ერთხელ განიხილავს ამ მუხლით განსაზღვრული თავისი ვალდებულებების შესრულების პროგრესს და ჩართავს ამ მიმოხილვას 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში. 4. მხარეებს შეუძლიათ საჭიროების მიხედვით ითანამშრომლონ ერთმანეთთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან ამ მუხლის მიზნების მისაღწევად. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს: (a) სტრატეგიის განვითარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების არამიზნობრივად გამოყენება ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვებისა და გადამუშავებისას; (b) განათლებას, ინფორმაციის გავრცელებას და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივებს; (c) კვლევების ხელშეწყობას ვერცხლისწყლის ალტერნატივების უსაფრთხო გამოყენების სფეროში; (d) ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას; (e) პარტნიორობას ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მათი ვალდებულებების განხორციელებაში დახმარების მიზნით; და (f) ინფორმაციის გაცვლის არსებული მექანიზმების გამოყენების ცოდნის, საუკთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის და ალტერნატიული ტექნოლოგიების ხელშესაწყობად, რომლებიც გარემოს დაცვის, ტექნიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებულია. მუხლი 8🔗. ემისია 1. წინამდებარე მუხლი ეხება ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) ატმოსფეროში ემისიის კონტროლს და, შესაძლებლობების შემთხვევაში, შემცირებას, D დანართში ჩამოთვლილი წყაროების კატეგორიებში შემავალი წერტილოვანი წყაროებიდან ემისიის კონტროლის შესაბამისი ზომების მეშვეობით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის: (a) „ემისია“ ნიშნავს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ატმოსფეროში ემისიას; (b) „შესაბამისი წყარო“ ნიშნავს წყაროს, რომელიც მიეკუთვნება D დანართში ჩამოთვლილი წყაროების ერთ-ერთ კატეგორიას. მხარეს შეუძლია, თუ ის ასე აირჩევს, დაადგინოს კრიტერიუმები იმ წყაროების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც მიეკუთვნება D დანართში ჩამოთვლილი წყაროების კატეგორიას, რამდენადაც ეს კრიტერიუმები ნებისმიერი კატეგორიისთვის შეიცავს ასეთი კატეგორიიდან ემისიის სულ ცოტა 75 პროცენტს; (c) „ახალი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს D დანართში ჩამოთვლილი კატეგორიების ფარგლებში, რომელთა კონსტრუირება და არსებითი მოდიფიკაცია დაიწყება სულ ცოტა 1 (ერთი) წლის შემდეგ შემდეგი თარიღიდან: (i) დაინტერესებული მხარისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან; (ii) დაინტერესებული მხარისთვის D დანართის შესწორების ძალაში შესვლის თარიღიდან, როდესაც ხდება წყაროს წინამდებარე კონვენციის დებულებებისთვის დაქვემდებარება მხოლოდ ამ შესწორების საფუძველზე; (d) „არსებითი მოდიფიკაცია“ ნიშნავს იმ შესაბამისი წყაროს მოდიფიკაციას, რომელიც იწვევს ემისიის მნიშვნელოვნად ზრდას, გარდა მეორადი პროდუქტების აღდგენით გამოწვეული ემისიის რაოდენობის ცვლილებისა. არსებითია თუ არა მოდიფიკაცია, უნდა დაადგინოს მხარემ; (e) „არსებული წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელიც არ არის ახალი წყარო; (f) „ემისიის ზღვრული რაოდენობა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების კონცენტრაციის, წონის ან ემისიის ზღვრულ რაოდენობას, რომლის ემისიაც ხდება წერტილოვანი წყაროდან. 3. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს შესაბამისი წყაროები, მიიღებს სათანადო ზომებს ემისიის კონტროლისთვის; მხარეს შეუძლია მოამზადოს ეროვნული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ემისიის კონტროლის ღონისძიებები და სამომავლო მიზნები, ამოცანები და შედეგები. ნებისმიერი გეგმა უნდა გადაეცეს მხარეთა კონფერენციას ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში. თუ მხარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას მე-20 მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია სამოქმედო გეგმაში ჩართოს ამ პუნქტის შესაბამისად შემუშავებული გეგმა. 4. თითოეული მხარე მისი ახალი წყაროებისთვის მოითხოვს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსადაცვითი პრაქტიკის გამოყენებას, რათა გააკონტროლოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეამციროს ემისია, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან. მხარეს შეუძლია გამოიყენოს ემისიის ზღვრული რაოდენობები, რომლებიც შეესაბამება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებას. 5. თავის ტერიტორიაზე არსებული წყაროებისთვის თითოეული მხარე ნებისმიერ ეროვნულ გეგმაში ჩართავს და განახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ღონისძიებას, მის სახელმწიფოში არსებული გარემოებების, ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით განხორციელებადობის და ეფექტიანობის გათვალისწინებით, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან: (a) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლი და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირების რაოდენობრივი მიზნები; (b) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლი და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირების ზღვრული რაოდენობა; (c) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის კონტროლისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენება; (d) სხვადასხვა დამბინძურებლის კონტროლის სტრატეგია, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება ვერცხლისწყლის ემისიის კონტროლისთვის; (e) შესაბამისი წყაროებიდან ემისიის შემცირების ალტერნატიული ზომები. 6. მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ერთი და იგივე ღონისძიებები ყველა შესაბამისი წყაროსთვის ან მიიღონ განსხვავებული ზომები სხვადასხვა კატეგორიის წყაროებისთვის. მხარეების მიერ გამოყენებული ღონისძიებების მიზანი იქნება დროთა განმავლობაში მიზანშეწონილი პროგრესის მიღწევა ემისიის შემცირებისას. 7. თითოეული მხარე შექმნის, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და ამის შემდეგ აწარმოებს შესაბამისი წყაროებიდან ემისიის აღრიცხვის რეესტრს. 8. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე მიიღებს ინსტრუქციებს: (a) საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო გარემოსდაცვით პრაქტიკაზე, არსებულ და ახალ წყაროებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავებისა და ურთიერთზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საჭიროების გათვალისწინებით; და (b) მხარეთა მხარდაჭერისთვის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით, მიზნების განსაზღვრისას და ემისიის ზღვრული რაოდენობის დადგენის დროს. 9. მხარეთა კონფერენცია, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მიიღებს ინსტრუქციებს: (a) კრიტერიუმებზე, რომლებიც შეიძლება შეიმუშაონ მხარეებმა მე-2 (b) პუნქტის მიხედვით და; (b) ემისიის რეესტრების (ინვენტარიზაციის) მომზადების მეთოდოლოგიის შესახებ. 10. მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს და საჭიროების მიხედვით განაახლებს მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად შემუშავებულ ინსტრუქციებს. მხარეები ამ მუხლის სათანადო დებულებების განხორციელებისას გაითვალისწინებენ ამ ინსტრუქციებს. 11. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას მის მიერ ამ მუხლის შესრულების შესახებ, განსაკუთრებით – ინფორმაციას მის მიერ მე-4 - 7 პუნქტების შესაბამისად მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახებ. მუხლი 9🔗. გაჟონვა 1. ეს მუხლი ეხება ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) მიწასა და წყალში გაჟონვის კონტროლს და შესაძლებლობების შემთხვევაში შემცირებას, იმ წერტილოვანი წყაროებიდან, რომლებიც განსაზღვრული არ არის წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის: (a) „გაჟონვა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების მიწასა და წყალში გაჟონვას; (b) „შესაბამისი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ ანთროპოგენურ წერტილოვანი გაჟონვის წყაროს, როგორც ეს იდენტიფიცირებულია მხარის მიერ და რომელიც განსაზღვრული არ არის წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით; (c) „ახალი წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელთა კონსტრუირება და არსებითი მოდიფიკაცია დაიწყება სულ ცოტა 1 (ერთი) წლის შემდეგ წინამდებარე კონვენციის დაინტერესებული მხარისთვის ძალაში შესვლის თარიღიდან; (d) „არსებითი მოდიფიკაცია“ ნიშნავს იმ შესაბამისი წყაროს მოდიფიკაციას, რომელიც იწვევს გაჟონვის მნიშვნელოვნად ზრდას, გარდა მეორადი პროდუქტების აღდგენით გამოწვეული გაჟონვის რაოდენობის ცვლილებისა. მხარე დაადგენს, არსებითია თუ არა მოდიფიკაცია. (e) „არსებული წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ შესაბამის წყაროს, რომელიც არ არის ახალი წყარო; (f) „გაჟონვის ზღვრული რაოდენობა“ ნიშნავს ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების (ხშირ შემთხვევებში ფორმულირებული, როგორც „ჯამური ვერცხლისწყალი“) კონცენტრაციის ან წონის ზღვრულ რაოდენობას, რომლის გაჟონვაც ხდება წერტილოვანი წყაროდან. 3. თითოეული მხარე, მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა და რეგულარულად ამის შემდეგ, მოახდენს შესაბამისი კატეგორიების წერტილოვანი წყაროების იდენტიფიცირებას. 4. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არსებობს შესაბამისი წერტილოვანი წყარო, მიიღებს ზომებს გაჟონვის კონტროლისთვის; მხარეს შეუძლია მოამზადოს ეროვნული გეგმა, სადაც განისაზღვრება გაჟონვის კონტროლის ღონისძიებები და მოსალოდნელი მიზნები, ამოცანები და შედეგები. ნებისმიერი გეგმა უნდა გადაეცეს მხარეთა კონფერენციას ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში. თუ მხარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას მე-20 მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია სამოქმედო გეგმაში ჩართოს ამ პუნქტის მიხედვით შემუშავებული გეგმა. 5. ღონისძიებები საჭიროების მიხედვით შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ღონისძიებას: (a) გაჟონვის ზღვრულ რაოდენობებს შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის კონტროლის და შესაძლებლობის შემთხვევაში შემცირებისთვის; (b) შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის კონტროლისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენებას; (c) სხვადასხვა დამბინძურებლების კონტროლის სტრატეგიას, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება ვერცხლისწყლის გაჟონვის კონტროლისთვის; (d) შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის შემცირების ალტერნატიულ ზომებს. 6. თითოეული მხარე შექმნის, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა ამ მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და ამის შემდეგ აწარმოებს შესაბამისი წყაროებიდან გაჟონვის აღრიცხვის რეესტრს. 7. მხარეთა კონფერენცია, როგორც კი პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მიიღებს ინსტრუქციებს: (a) საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო გარემოსდაცვით პრაქტიკაზე, არსებულ და ახალ წყაროებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავების და ურთიერთზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საჭიროების გათვალისწინებით; და (b) გაჟონვის რეესტრების მომზადების (ან ინვენტარიზაციის) მეთოდოლოგიის შესახებ. 8. თითოეული მხარე 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებში ჩართავს ინფორმაციას მის მიერ ამ მუხლის შესრულების შესახებ, განსაკუთრებით ინფორმაციას მის მიერ მე-3 - 6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახებ. მუხლი 10🔗. ვერცხლისწყლის, რომელიც არ არის ნარჩენი ვერცხლისწყალი, გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო შუალედური შენახვა 1. ეს მუხლი გავრცელდება მე-3 მუხლით განსაზღვრული ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების შუალედურ შენახვაზე, რომლებიც არ გულისხმობს მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვერცხლისწყლის ნარჩენებს. 2. თითოეული მხარე მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების შუალედური შენახვა, რომლებიც განკუთვნილია მხარისთვის წინამდებარე კონვენციით ნებადართული გამოყენებისთვის, ხორციელდება მდგრადად გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინსტრუქციის გათვალისწინებით და ამავე პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. მხარეთა კონფერენცია მიიღებს ინსტრუქციებს ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო შუალედური შენახვის, სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის და სხვა ინსტრუქციების გათვალისწინებით. მხარეთა კონფერენციამ შეიძლება დაადგინოს მოთხოვნები შუალედური შენახვისთვის წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართით, 27-ე მუხლის შესაბამისად. 4. მხარეები საჭიროების მიხედვით ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან ასეთი ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო შუალედური შენახვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მუხლი 11🔗. ვერცხლისწყლის ნარჩენები 1. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის შესაბამისი განსაზღვრებები გავრცელდება წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ნარჩენებზე, იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან ბაზელის კონვენციის მხარეები. წინამდებარე კონვენციის მხარეები, რომლებიც არ არიან ბაზელის კონვენციის მხარეები, გამოიყენებენ წინამდებარე კონვენციის განსაზღვრებებს, როგორც ინსტრუქციას, რამდენადაც ისინი ეხება წინამდებარე კონვენციის კომპეტენციაში შემავალ ნარჩენებს. 2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ვერცხლისწყლის ნარჩენები ნიშნავს ნივთიერებებს ან ობიექტებს, რომლებიც: (a) შედგება ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთებისგან; (b) შეიცავს ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს; ან (c) დაბინძურებულია ვერცხლისწყლით ან ვერცხლისწყლის ნაერთებით, შესაბამის ნორმებზე მეტი რაოდენობით, რომლებიც განსაზღვრულია მხარეთა კონფერენციის მიერ ბაზელის კონვენციის სათანადო ორგანოებთან თანამშრომლობით და შეთანხმებით, რომლებიც განკარგულია ან განზრახულია განკარგვისთვის ან რომელთა განკარგვაც მოთხოვნილია წინამდებარე კონვენციით ან სახელმწიფო კანონმდებლობის დებულებებით. ეს განსაზღვრება არ მოიცავს მოპოვების შედეგად მიღებულ ზედმეტ გრუნტს, ფუჭ ქანებს და მადნის კუდებს, ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვების გარდა, თუ ისინი არ შეიცავს მხარეთა კონფერენციის მიერ დადგენილ ნორმაზე მეტ ვერცხლისწყალს ან ვერცხლისწყლის ნაერთებს. 3. თითოეული მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს ისე, რომ ვერცხლისწყლის ნარჩენები: (a) მართულ იქნეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადად, ბაზელის კონვენციის მიხედვით შემუშავებული ინსტრუქციების გათვალისწინებით და იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებსაც მხარეთა კონფერენცია მიიღებს დამატებითი დანართით 27-ე მუხლის შესაბამისად. მოთხოვნების შემუშავებისას მხარეთა კონფერენცია გაითვალისწინებს მხარეების ნარჩენების მართვის რეგულაციებს და პროგრამებს; (b) იყოს მხოლოდ აღდგენილი, გადამუშავებული, ხელმეორედ გამოყენებული ან პირდაპირ ხელმეორედ გამოყენებული ისეთი გამოყენების მიზნით, რაც ნებადართულია მხარისთვის წინამდებარე კონვენციით ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო განკარგვის მიზნით მე-3 (a) პუნქტის შესაბამისად; (c) ბაზელის კონვენციის მხარეებისთვის, არ იქნეს გადაზიდული საერთაშორისო საზღვრებზე, გარდა გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო განკარგვის მიზნით გადაზიდვისა, წინამდებარე კონვენციის და ამ მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როდესაც ბაზელის კონვენცია არ გამოიყენება საერთაშორისო საზღვრებზე გადაზიდვის მიმართ, მხარე დაუშვებს ასეთ გადაზიდვას მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო წესების, სტანდარტების და ინსტრუქციების გათვალისწინებით. 4. მხარეთა კონფერენცია ეცდება მჭიდროდ ითანამშრომლოს ბაზელის კონვენციის შესაბამის ორგანოებთან მე-3 (a) პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციების საჭიროების მიხედვით განხილვისა და განახლებისას. 5. მხარეები წახალისებულნი იქნებიან, რათა საჭიროების მიხედვით ითანამშრომლონ ერთმანეთთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ერთეულებთან, ვერცხლისწყლის ნარჩენების გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო მართვის გლობალური, რეგიონული და ეროვნული შესაძლებლობების განავითარების და შენარჩუნების მიზნით. მუხლი 12🔗. დაბინძურებული ადგილები 1. თითოეული მხარე ეცდება, შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით დაბინძურებული ადგილების იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის. 2. ნებისმიერი ქმედება ასეთ ადგილებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისთვის განხორციელდება გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიზანშეწონილად; საჭიროების შემთხვევაში ასეთი მოქმედებებისას განხორციელდება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ არსებული რისკების შეფასება, რაც გამოწვეულია ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით, რასაც შეიცავს ეს ადგილები. 3. მხარეთა კონფერენცია მიიღებს ინსტრუქციებს დაბინძურებული ადგილების მართვისთვის, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მეთოდებს და მიდგომებს: (a) ადგილის იდენტიფიცირებისა და დახასიათებისთვის; (b) საზოგადოების ჩართულობისთვის; (c) ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს მიმართ არსებული რისკების შეფასებისთვის; (d) დაბინძურებულ ადგილებთან დაკავშირებული რისკების მართვის ალტერნატივებისთვის; (e) სარგებელისა და ხარჯების შეფასებისთვის; და (f) შედეგების კონტროლისთვის. 4. მხარეები მხარდაჭერილნი იქნებიან, რათა ითანამშრომლონ სტრატეგიების შემუშავებისას და საქმიანობის განხორციელებისას დაბინძურებული ადგილების იდენტიფიცირების, შეფასების, პრიორიტეტულობის განსაზღვრის, მართვის და საჭიროების შემთხვევაში გაუვნებელყოფისათვის. მუხლი 13🔗. ფინანსური რესურსები და მექანიზმი 1. თითოეული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს რესურსები წინამდებარე კონვენციის განხორციელებისთვის განზრახული სახელმწიფოებრივი მოქმედებებისთვის, თავისი სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტების, გეგმების და პროგრამების შესაბამისად. ასეთი რესურსები შეიძლება მოიცავდეს შიდა დაფინანსებას შესაბამისი პოლიტიკის, განვითარების სტრატეგიების და სახელმწიფო ბიუჯეტების მეშვეობით, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ დაფინანსებას და დაფინანსებას კერძო სექტორის ჩართულობით. 2. წინამდებარე კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების საერთო ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება ამ მუხლის ეფექტიანად განხორციელებაზე. 3. ფინანსური და ტექნიკური დახმარების მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი წყაროები, ასევე შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიების გადაცემა, მხარდაჭერილი იქნება დაუყოვნებლივ, კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების მხარდაჭერისას მხარეების ვერცხლისწყალთან დაკავშირებული საქმიანობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის, რაც დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან, ტექნიკურ დახმარებასთან და ტექნოლოგიების გადაცემასთან. 4. მხარეები დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას სრულად გაითვალისწინებენ იმ მხარეების სპეციფიკურ საჭიროებებს და სპეციალურ გარემოებებს, რომლებიც არიან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოები ან ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. 5. ადეკვატური, პროგნოზირებადი და დროული ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი განსაზღვრულია ქვემოთ. ამ მექანიზმის მიზანია კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების დახმარება წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მათი მოვალეობების განხორციელებაში. 6. მექანიზმი მოიცავს: (a) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდს; და (b) სპეციალურ საერთაშორისო პროგრამას შესაძლებლობების გაძლიერების და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. 7. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს ახალ, პროგნოზირებად, ადეკვატურ და დროულ ფინანსურ რესურსებს ხარჯების დასაფარად წინამდებარე კონვენციის განხორციელების მხარდაჭერისას, როგორც შეთანხმებულია მხარეთა კონფერენციის მიერ. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდის ოპერირება განხორციელდება მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით; ფონდი ანგარიშვალდებული იქნება მხარეთა კონფერენციის მიმართ. მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფს ინსტრუქციებს საერთო სტრატეგიებზე, პოლიტიკაზე, პროგრამულ პრიორიტეტებზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისთვის შესაბამისობაზე და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე. გარდა ამისა, მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფს ინსტრუქციას იმ საქმიანობების კატეგორიების მისათითებელ სიაზე, რომლებისთვისაც შესაძლოა გაიცეს დახმარება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდიდან. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს რესურსებს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელისთვის საჭირო შეთანხმებული დამატებითი ხარჯების დასაფარად და ასევე შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმიანობისთვის საჭირო შეთანხმებული სრული ხარჯების დასაფარად. 8. საქმიანობის რესურსებით უზრუნველყოფისას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის სატრასტო ფონდი გაითვალისწინებს დაგეგმილი საქმიანობის ვერცხლისწყლის შემცირების პოტენციალს მის ხარჯებთან შეფარდებით. 9. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის მე-6 (b) პუნქტში მითითებული პროგრამა განხორციელდება მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე განსაზღვრავს პროგრამის მიმღებ ორგანიზაციას, რომელიც იქნება არსებული უწყება და უზრუნველყოფს მის ხელმძღვანელობას; მხარეთა კონფერენცია ასევე განსაზღვრავს პროგრამის ხანგრძლივობას. ყველა მხარე და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეები მიწვეულნი იქნებიან პროგრამის ფინანსური რესურსებით უზრუნველსაყოფად ნებაყოფლობით საფუძველზე. 10. მხარეთა კონფერენცია და ის ერთეულები, რომელთაგანაც შედგება მექანიზმი, მხარეთა კონფერენციის პირველ შეხვედრაზე შეთანხმდებიან ზევით განსაზღვრული პუნქტების განსახორციელებელ ღონისძიებებზე. 11. მხარეთა კონფერენცია განიხილავს, არაუგვიანეს მისი მესამე შეხვედრისა და ამ შეხვედრის შემდგომ რეგულარულად, დაფინანსების დონეს, მხარეთა კონფერენციის მიერ იმ ერთეულებისთვის უზრუნველყოფილ ინსტრუქციებს, რომლებსაც გადაეცათ უფლებამოსილება ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მექანიზმის ამოქმედებისთვის, ასევე – ამ ერთეულების ეფექტიანობას და კონვენციის მხარე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცვალებად საჭიროებებზე მათი რეაგირების შესაძლებლობებს. ასეთი განხილვის საფუძველზე მხარეთა კონფერენცია განახორციელებს შესაბამის ქმედებებს მექანიზმის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. 12. ყველა მხარე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მიწვეულია მექანიზმის მხარდასაჭერად. მექანიზმი ხელს შეუწყობს რესურსებით უზრუნველყოფას სხვა წყაროებიდან, მათ შორის, კერძო სექტორიდან და ეცდება გამოიყენოს ეს რესურსები იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის მხარს უჭერს. მუხლი 14🔗. შესაძლებლობების გაძლიერება, ტექნიკური დახმარება და ტექნოლოგიების გადაცემა 1. მხარეები ითანაშრომლებენ, რათა მათი შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ დროული და სათანადო ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების გაძლიერება იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან განვითარებული, ან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე მხარეებისთვის გარდამავალი ეკონომიკით, რათა დაეხმარონ მათ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული თავიანთი მოვალეობების განხორციელებაში. 2. შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნიკური დახმარება 1-ლი პუნქტის და მე-13 მუხლის შესაბამისად შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს რეგიონული, სუბრეგიონული და სახელმწიფო ღონისძიებების, მათ შორის, არსებული რეგიონული და სუბრეგიონული ცენტრების მეშვეობით, სხვა მრავალმხრივი და ორმხრივი საშუალებებით და პარტნიორობის მეშვეობით, მათ შორის ისეთი პარტნიორობით, სადაც ჩართულია კერძო სექტორი. გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობა და კოორდინაცია სხვა მრავალმხრივ გარემოსდაცვით შეთანხმებებთან ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების სფეროში, ტექნიკური დახმარების ეფექტიანობის გაზრდისა და ამ დახმარების გაწევისთვის. 3. მხარეები, რომლებიც არიან განვითარებული ქვეყნები და სხვა მხარეები, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო და თანამედროვე ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარებას, გავრცელებას და გადაცემას იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან განვითარებული, ან მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, ასევე მხარეებისთვის გარდამავალი ეკონომიკით, ასევე - ამ ქვეყნების ასეთ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, რათა გააძლიერონ მათი შესაძლებლობები წინამდებარე კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისთვის. 4. მხარეთა კონფერენცია მის მეორე შეხვედრაზე და ამის შემდეგ რეგულარულად, მხარეების მიერ წარდგენილი ანგარიშების და ინფორმაციის, მათ შორის 21-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიშების და ინფორმაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით: (a) განიხილავს ინფორმაციას არსებული ინიციატივების შესახებ და ალტერნატიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესს; (b) განიხილავს მხარეების საჭიროებებს ალტერნატიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ მხარეების, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები; და (c) მოახდენს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, განსაკუთრებით იმ მხარეების, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები. 5. მხარეთა კონფერენცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მუხლის შესაბამისად შესაძლებლობების გაძლიერების, ტექნიკური დახმარების და ტექნოლოგიების გადაცემის შემდგომი გაძლიერების გზების შესახებ. მუხლი 15🔗. განხორციელებისა და შესაბამისობის კომიტეტი 1. მექანიზმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის კომიტეტი, როგორც მხარეთა კონფერენციის დამხმარე ორგანო, ამ დებულებით დგინდება როგორც ერთეული, რომელიც ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების განხორციელებას და განიხილავს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების შესრულებას. მექანიზმის, მათ შორის კომიტეტის, ფუნქცია იქნება დახმარება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მხარეების შესაბამის სახელმწიფოებრივ შესაძლებლობებს და გარემოებებს. 2. კომიტეტი ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების განხორციელებას და განიხილავს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების შესრულებას. კომიტეტი განიხილავს განხორციელების და შესაბამისობის როგორც ინდივიდუალურ, ასევე სისტემატურ საკითხებს და საჭიროების მიხედვით შეიმუშავებს რეკომენდაციებს მხარეთა კონფერენციისთვის. 3. კომიტეტი შედგება 15 წევრისგან, რომელთა კანდიდატურებს წარადგენენ მხარეები და რომლებსაც აირჩევს მხარეთა კონფერენცია თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის სათანადოდ გათვალისწინებით, გაეროს ხუთი რეგიონის საფუძველზე; პირველი წევრები არჩეული იქნებიან მხარეთა კონფერენციის პირველ შეხვედრაზე და ამის შემდგომ მხარეთა  კონფერენციის მიერ მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული პროცედურული წესის მიხედვით; კომიტეტის წევრებს ექნებათ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციის შესაბამის სფეროში; კომიტეტში დაცული იქნება შესაბამისი საექსპერტო ბალანსი. 4. კომიტეტს შეუძლია განიხილოს საკითხები: (a) ნებისმიერი მხარის წერილობითი წარდგინების საფუძველზე, რომელიც გაკეთებულია მის საკუთარ შესაბამისობასთან დაკავშირებით; (b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშების საფუძველზე; და (c) მხარეთა კონფერენციის მოთხოვნის საფუძველზე. 5. კომიტეტი შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესს, რომელიც ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის მიერ; მხარეთა კონფერენციას შეუძლია დაამტკიცოს კომიტეტის დამატებითი უფლებამოსილებები. 6. კომიტეტი ყოველმხრივ ეცდება, რომ მიიღოს რეკომენდაციები კონსენსუსის საფუძველზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და კონსენსუსი ვერ მიიღწევა, ასეთი რეკომენდაციები მიიღება, როგორც უკანასკნელი საშუალებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების სამი მეოთხედით, წევრების ორი მესამედის კვორუმის საფუძველზე. მუხლი 16🔗. ჯანმრთელობის ასპექტები 1. მხარეებს მხარს დაუჭერენ, რათა: (a) ხელი შეუწყონ რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირების და დაცვის სტრატეგიების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ინსტრუქციების მიღებას ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით ზემოქმედებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში ვერცხლისწყლის ზემოქმედების შემცირების ამოცანების განსაზღვრას და საზოგადოების განათლებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სხვა შესაბამისი სექტორების მონაწილეობით; (b) ხელი შეუწყონ ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით სამსახურებრივ ზემოქმედებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და პროფილაქტიკური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; (c) ხელი შეუწყონ შესაბამის ჯანმრთელობის დაცის სამსახურებს პროფილაქტიკური, მკურნალობის და მზრუნველობის ღონისძიებების განხორციელებაში, იმ მოსახლეობისთვის, რომლებმაც განიცადეს ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედება; და (d) საჭიროების მიხედვით შექმნან და გააძლიერონ ინსტიტუციური და ჯანმრთელობის დაცვის პროფესიული შესაძლებლობები ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედების თავიდან აცილებისთვის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედებასთან დაკავშირებით. 2. მხარეთა კონფერენცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ან საქმიანობის გათვალისწინებით: (a) გაივლის კონსულტაციებს და ითანამშრომლებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვით; და (b) ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვით. მუხლი 17🔗. ინფორმაციის გაცვლა 1. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს: (a) სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც ეხება ვერცხლისწყალს და ვერცხლისწყლის ნაერთებს, ასევე - ტოქსიკოლოგიური, ეკოტოქსიკოლოგიური და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლას; (b) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წარმოების, გამოყენების, ვაჭრობის, ემისიის და გაჟონვის შემცირების და აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის გაცვლას; (c) ტექნიკურად და ეკონომიკურად უსაფრთხო ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის გაცვლას: (i) ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების; (ii) საწარმოო პროცესების, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები; და (iii) საქმიანობის და პროცესების, რომელთა შედეგადაც ხდება ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ემისია ან გაჟონვა; მათ შორის, ინფორმაციის გაცვლას ასეთი ალტერნატივების ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რისკებზე და სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯებზე და სარგებელზე; (d) ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის გაცვლას, რომელიც დაკავშირებულია ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედებით გამოწვეულ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვით. 2. მხარეებმა შეიძლება გაცვალონ პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია პირდაპირ, სამდივნოს მეშვეობით ან სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებთან თანამშრომლობისას, საჭიროების მიხედვით. 3. სამდივნო ხელს შეუწყობს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლისას თანამშრომლობას, ასევე ინფორმაციის გაცვლას შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო ინიციატივების სამდივნოებთან. მხარეებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, ეს ინფორმაცია მოიცავს სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას, რომლებიც ფლობენ საექსპერტო ცოდნას ვერცხლისწყლის სფეროში და ასეთი საექსპერტო ცოდნის მქონე სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების ინფორმაციას. 4. თითოეული მხარე დანიშნავს ძირითად ეროვნულ კოორდინატორს წინამდებარე კონვენციის მიხედვით ინფორმაციის გაცვლისთვის, მათ შორის, მე-3 მუხლით განსაზღვრული იმპორტიორი მხარეების თანხმობასთან დაკავშირებით. 5. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ინფორმაცია ჯანმრთელობის და ადამიანების და გარემოს უსაფრთხობის შესახებ არ იქნება მიჩნეული კონფიდენციალურად. მხარეებმა, რომლებიც გაცვლიან სხვა ინფორმაციას წინამდებარე კონვენციის მიხედვით, უნდა დაიცვან ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 18🔗საჯარო ინფორმაცია, ცნობიერება და განათლება 1. თითოეული მხარე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს: (a) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდებას: (i) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ; (ii) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ალტერნატივებზე; (iii) მე-17 მუხლის პირველი პუნქტით იდენტიფიცირებულ საკითხებზე; (iv) მე-19 მუხლის შესაბამისად მის მიერ განხორციელებული კვლევების, განვითარების და მონიტორინგის საქმიანობის შედეგებზე; და (v) მის მიერ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად განხორციელებულ საქმიანობაზე; (b) განათლებას, ტრენინგს და საზოგადოების ცნობიერებას, რაც დაკავშირებულია ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან, შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოწყვლად მოსახლეობასთან თანამშრომლობით, საჭიროების მიხედვით. 2. თითოეული მხარე გამოიყენებს არსებულ მექანიზმებს ან ყურადღებას მიაქცევს ისეთი მექანიზმების განვითარებას, როგორიცაა, შესაძლებლობის შემთხვევაში, დამბინძურებლების გაჟონვა და რეესტრების გადაცემა ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისთვის ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წლიური გაანგარიშებული რაოდენობის შესახებ, რომელთა ემისია, გაჟონვა ან განკარგვა განხორციელდა ადამიანის საქმიანობის შედეგად. მუხლი 19🔗. კვლევა, განვითარება და მონიტორინგი 1. მხარეები ყოველმხრივ ეცდებიან ითანამშრომლონ თავიანთი შესაბამისი შესაძლებლობების და გარემოებების გათვალისწინებით, რათა განავითარონ და გააუმჯობესონ: (a) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების, მოხმარების, ჰაერში ანთროპოგენური ემისიის და მიწასა და წყალში გაჟონვის აღრიცხვა და რეგისტრაცია; (b) მოწყვლად მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოში, მათ შორის, ბიოტიკურ გარემოში, როგორიცაა თევზები, ზღვის ძუძუმწოვრები, ზღვის კუები და ფრინველები, ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების დონის მოდელირება და გეოგრაფიულად წარმომადგენლობითი მონიტორინგი, ასევე საჭირო და სათანადო ნიმუშების შეგროვებისას და გაცვლისას თანამშრომლობა; (c) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე – დამატებით სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ზეგავლენის შეფასება, განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობასთან დაკავშირებით; (d) (a), (b) და (c) პუნქტების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შეთანხმებული მეთოდოლოგია; (e) ინფორმაცია სხვადასხვა ეკოსისტემებში ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების სასიცოცხლო ციკლის, გავრცელების (მათ შორის, შორ მანძილზე გავრცელების და დალექვის), ტრანსფორმაციის და საფრთხის შესახებ, ვერცხლისწყლის ანთროპოგენურ და ბუნებრივ ემისიასა და გაჟონვას შორის არსებული განსხვავებების და ისტორიულად დალექილი ვერცხლისწყლის რემობილიზაციის სათანადოდ გათვალისწინებით; (f) ინფორმაცია ვერცხლისწყლით, ვერცხლისწყლის ნაერთებით და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტებით კომერციის და ვაჭრობის შესახებ; და (g) ინფორმაცია და კვლევა იმ პროდუქტების და პროცესების ტექნიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწალს და საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასა და საუკეთესო ხელმისაწვდომ პრაქტიკაზე, ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ემისიის და გაჟონვის შემცირებისა და მონიტორინგისთვის. 2. მხარეები შესაძლებლობის მიხედვით დაეყრდნობიან მონიტორინგის არსებულ ქსელს და კვლევის პროგრამებს პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას. მუხლი 20🔗. სამოქმედო გეგმები 1. წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად თითოეულ მხარეს შეუძლია პირველადი შეფასების შემდეგ, თავისი შიდა გარემოებების გათვალისწინებით შეიმუშაოს და განახორციელოს სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი ასეთი გეგმა უნდა გადაეცეს სამდივნოს მისი შემუშავებისთანავე. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია განიხილოს და განაახლოს თავისი სამოქმედო გეგმა, მისი შიდა გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა კონფერენციის ინსტრუქციებზე და სხვა შესაბამის ინსტრუქციებზე დაყრდნობით. 3. 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით საქმიანობის განხორციელებისას მხარეები გაივლიან კონსულტაციებს მათი სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელების, განხილვის და განახლების ხელშეწყობის მიზნით. 4. მხარეებმა ასევე შეიძლება მოახდინონ კოორდინირება რეგიონულ გეგმებთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 21🔗. ანგარიშგება 1. თითოეული მხარე მიაწვდის ანგარიშებს მხარეთა კონფერენციას სამდივნოს მეშვეობით, წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელებისთვის მის მიერ მიღებული ზომების და ამ ზომების ეფექტიანობის შესახებ, ასევე წინამდებარე კონვენციის მიზნების შესრულებისას შესაძლო გამოწვევების შესახებ. 2. თითოეული მხარე მის ანგარიშებში ჩართავს წინამდებარე კონვენციის მე-3, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით მოთხოვნილ ინფორმაციას. 3. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე დაადგენს ანგარიშგების ვადებსა და ფორმატს, რომელიც უნდა დაიცვან მხარეებმა, ანგარიშგების სხვა ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების შესახებ შესაბამის კონვენციებთან კოორდინირების სასურველობის გათვალისწინებით. მუხლი 22🔗. ეფექტიანობის შეფასება 1. მხარეთა კონფერენცია შეაფასებს წინამდებარე კონვენციის ეფექტიანობას წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) წლისა და ამის შემდგომ პერიოდულად ისეთი ინტერვალებით, რომელსაც თვითონ დაადგენს. 2. შეფასების ხელშეწყობის მიზნით მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე წამოაყენებს ღონისძიებების განსაზღვრის ინიციატივას, რათა მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფილ იქნეს მონიტორინგის შედარებითი მონაცემებით ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოში არსებობის და გადაადგილების შესახებ, ასევე ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების დონის ცვლილებების ტენდენციების შესახებ ბიოტიკურ გარემოსა და მოწყვლად მოსახლეობაში. 3. შეფასება განხორციელდება ხელმისაწვდომი სამეცნიერო, გარემოსდაცვითი, ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის: (a) მხარეთა კონფერენციისთვის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ანგარიშების და მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე; (b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე; (c) მე-15 მუხლის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის და რეკომენდაციების საფუძველზე; და (d) წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ფინანსური დახმარების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე. მუხლი 23🔗. მხარეთა კონფერენცია 1. ამ დებულებით იქმნება მხარეთა კონფერენცია. 2. მხარეთა კონფერენციის პირველი შეხვედრა მოწვეული იქნება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა. ამის შემდეგ მხარეთა კონფერენციის ჩვეულებრივი შეხვედრები გაიმართება რეგულარული ინტერვალებით, რაც დადგინდება კონფერენციის მიერ. 3. მხარეთა კონფერენციის საგანგებო შეხვედრები გაიმართება სხვა ისეთ დროს, როდესაც ეს საჭიროდ იქნება მიჩნეული კონფერენციის მიერ ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ მოთხოვნიდან, რომელიც სამდივნოს მიერ გადაეცემა მხარეებს, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მას მხარს დაუჭერს მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი. 4. მხარეთა კონფერენცია მის პირველ შეხვედრაზე კონსენსუსით შეთანხმდება და მიიღებს მხარეთა კონფერენციის და მისი ნებისმიერი დამხმარე ორგანოს პროცედურულ წესებს და საფინანსო პროცედურებს, ასევე ფინანსურ დებულებებს სამდივნოს ფუნქციონირების მართვისათვის. 5. მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს და შეაფასებს წინამდებარე კონვენციის განხორციელებას. ის შეასრულებს წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ თავის ფუნქციებს და ამ მიზნით: (a) შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს წინამდებარე კონვენციის განსახორციელებლად; (b) საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებს კომპეტენტურ საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; (c) რეგულარულად განიხილავს ყველა ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მისთვის და სამდივნოსთვის 21-ე მუხლის შესაბამისად; (d) განიხილავს მისთვის განხორციელებისა და შესაბამისობის კომიტეტის მიერ გადაცემულ ნებისმიერ რეკომენდაციას; (e) განიხილავს და განახორციელებს ნებისმიერ დამატებით ქმედებას, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად; და (f) განიხილავს A და B დანართებს მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად. 6. გაერო, მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხარეთა კონფერენციის შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით. ნებისმიერი სახელმწიფო ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია ან სააგენტო, რომელიც კვალიფიციურია წინამდებარე კონვენციის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებში და რომელმაც აცნობა სამდივნოს მისი სურვილის შესახებ, წარმოდგენილი იყოს მხარეთა კონფერენციის შეხვედრაზე როგორც დამკვირვებელი, შეიძლება დაშვებული იქნეს შეხვედრაზე, თუ ამას არ ეწინააღმდეგება დამსწრე მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი. დამკვირვებლების შეხვედრაზე დაშვება და მონაწილეობა დაექვემდებარება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებულ პროცედურულ წესებს. მუხლი 24🔗. სამდივნო 1. ამ დებულებით იქმნება სამდივნო. 2. სამდივნოს ფუნქციებია: (a) მხარეთა კონფერენციის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრების ორგანიზება და მათთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა; (b) მხარეებისთვის, განსაკუთრებით იმ მხარეებისთვის, რომლებიც არიან განვითარებადი ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები, წინამდებარე კონვენციის განხორციელებაში დახმარების ხელშეწყობა, მოთხოვნის შესაბამისად; (c) შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების, განსაკუთრებით სხვა ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებთან კოორდინირება საჭიროების მიხედვით; (d) მხარეების დახმარება წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაში; (e) მე-15 და 21-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის, ასევე სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე პერიოდული ანგარიშების მომზადება და ამ ანგარიშებზე მხარეების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; (f) მხარეთა კონფერენციის ზოგადი ხელმძღვანელობით ისეთი ადმინისტრაციული და საკონტრაქტო შეთანხმებების დადება, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს მისი ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად; და (g) წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული სხვა სამდივნო ფუნქციების განხორციელება, ასევე სხვა ისეთი ფუნქციების განხორციელება, რომლებიც შეიძლება დადგენილ იქნეს მხარეთა კონფერენციის მიერ. 3. სამდივნოს ფუნქციებს წინამდებარე კონვენციისთვის შეასრულებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, თუ მხარეთა კონფერენცია დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით არ დაადგენს, რომ სამდივნოს ფუნქციები გადაეცეს ერთ ან მეტ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. 4. მხარეთა კონფერენციამ, შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციით, შეიძლება უზრუნველყოს გაძლიერებული თანამშრომლობა და კოორდინაცია სამდივნოსა და სხვა ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებს შორის. მხარეთა კონფერენციამ, შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციით, შეიძლება უზრუნველყოს შემდგომი ინსტრუქციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მუხლი 25🔗. დავების გადაწყვეტა 1. მხარეები ეცდებიან, რომ წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული მათ შორის არსებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების ან სხვა მშვიდობიანი საშუალებით, მათი არჩევანის მიხედვით. 2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს მხარეს, რომელიც არ არის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, შეუძლია დეპოზიტარისთვის გადაცემული წერილობითი აქტის საფუძველზე განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის მიმართ ის სავალდებულოდ აღიარებს დავების გადაწყვეტის ერთ ან მეტ შემდგომ საშუალებას, ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში, რომელიც იღებს იმავე ვალდებულებას: (a) არბიტრაჟს E დანართის I ნაწილით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად; (b) დავის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას. 3. მხარეს, რომელიც არის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, შეუძლია გააკეთოს იმავე შინაარსის განცხადება მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არბიტრაჟთან დაკავშირებით. 4. მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით გაკეთებული განცხადება დარჩება ძალაში, სანამ მისი მოქმედების ვადა არ ამოიწურება მისი პირობების მიხედვით ან დეპოზიტართან ამ განცხადების ანულირების შესახებ წერილობითი შეტყობინების დეპონირებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. 5. განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვა, ანულირების შესახებ შეტყობინება ან ახალი განცხადება არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს იმ სარჩელებზე, რომლებიც გადაცემულია არბიტრაჟის ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის, თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 6. თუ დავის მონაწილე მხარეებს არ მიუღიათ დავის გადაწყვეტის ერთი და იგივე საშუალება მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ მხარეებმა ვერ შეძლეს დავის მოგვარება პირველი პუნქტით განსაზღვრული საშუალებებით ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მათ შორის დავის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, დავა გადაეცემა მომრიგებელ კომისიას დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით. E დანართის II ნაწილით დადგენილი პროცედურა გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული მორიგების მიმართ. მუხლი 26🔗. კონვენციის შესწორებები 1. წინამდებარე კონვენციის შესწორებები შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მხარის მიერ. 2. წინამდებარე კონვენციის შესწორებები მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის შეხვედრაზე. ნებისმიერი განზრახული შესწორების ტექსტი სამდივნომ უნდა მიაწოდოს მხარეებს სულ ცოტა 6 (ექვსი) თვით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელზეც განზრახულია მისი მიღება. სამდივნომ ასევე უნდა მიაწოდოს შესწორების პროექტი წინამდებარე კონვენციის ხელმომწერებს და, ინფორმაციისთვის, დეპოზიტარს. 3. მხარეები ყოველმხრივ ეცდებიან, რომ მიაღწიონ შეთანხმებას კონსენსუსით წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ განზრახულ შესწორებაზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და შეთანხმება ვერ მიიღწევა, შესწორება მიიღება, როგორც უკანასკნელი საშუალებით, შეხვედრაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით. 4. მიღებულ შესწორებას დეპოზიტარი გაუგზავნის ყველა მხარეს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისთვის. 5. შესწორების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება წერილობით ეცნობება დეპოზიტარს. იმ მხარეებისთვის, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა მე-3 პუნქტის მიხედვით მიღებული შესწორების შესრულებაზე, ეს შესწორება ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების აქტების დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს, იმ მხარეების სულ ცოტა სამი მეოთხედის მიერ, რომლებიც იყვნენ კონვენციის მხარეები შესწორების მიღების დროს. ამის შემდეგ ნებისმიერი სხვა მხარისთვის შესწორება ძალში შევა ამ მხარის მიერ მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს. მუხლი 27🔗. დანართების მიღება და შესწორება 1. წინამდებარე კონვენციის დანართები შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს და თუ ნათლად არ არის განსაზღვრული სხვაგვარად, წინამდებარე კონვენციაზე მითითება ამავე დროს გულისხმობს მის ნებისმიერ დანართზე მითითებასაც. 2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი დამატებითი დანართი შეზღუდული იქნება პროცედურულ, სამეცნიერო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებამდე. 3. წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენის, მიღების და ძალაში შესვლისთვის გამოიყენება შემდეგი პროცედურები: (a) დამატებითი დანართების წარდგენა და მიღება განხორციელდება 26-ე მუხლის 1-3 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად; (b) ნებისმიერი მხარე, რომელსაც არ შეუძლია დამატებითი დანართის მიღება, ამის შესახებ წერილობით აცნობებს დეპოზიტარს, დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს ყველა მხარეს ნებისმიერი ასეთი მიღებული შეტყობინების შესახებ. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით შეატყობინოს დეპოზიტარს, რომ ის აუქმებს წინა შეტყობინებას დამატებითი დანართის მიუღებლობასთან დაკავშირებით; ამის შემდეგ დანართი ძალაში შევა ამ მხარისთვის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და (c) დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ დანართი ძალაში შევა ყველა მხარისთვის, რომელსაც არ გაუკეთებია შეტყობინება დანართის მიუღებლობის შესახებ „b“ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად. 4. წინამდებარე კონვენციის დანართების შესწორებების წარდგენა, მიღება და ძალაში შესვლა განხორციელდება იმავე პროცედურებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენის, მიღების და ძალაში შესვლისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დანართის შესწორება არ შედის ძალაში რომელიმე მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა განცხადება დანართების შესწორებასთან დაკავშირებით 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ამ შემთხვევაში ასეთი შესწორება ამ მხარისთვის ძალაში შევა მის მიერ ამ შესწორების რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპოზიტართან დეპონირების თარიღიდან მე-19 დღეს. 5. თუ დამატებითი დანართი ან დანართის შესწორება დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის შესწორებასთან, დამატებითი დანართი ან შესწორება არ შევა ძალაში წინამდებარე კონვენციის შესწორების ძალაში შესვლამდე. მუხლი 28🔗. ხმის მიცემის უფლება 1. წინამდებარე კონვენციის თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმის უფლება, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული მე-2 პუნქტით. 2. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, განახორციელებს ხმის მიცემის უფლებას ხმების იმ რაოდენობით, რომელიც არის მისი იმ წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ტოლი, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის მხარეები. ასეთი ორგანიზაცია არ განახორციელებს ხმის მიცემას, თუ მისი რომელიმე წევრი სახელმწიფო ახორციელებს ხმის მიცემის უფლებას და პირიქით. მუხლი 29🔗. ხელმოწერა წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ხელმოსაწერად კუმამოტოში, იაპონიაში, ყველა სახელმწიფოსა და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციისთვის 2013 წლის 10 და 11 ოქტომბერს და ამის შემდეგ გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 2014 წლის 9 ოქტომბრამდე. მუხლი 30🔗. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება 1. წინამდებარე კონვენცია დაექვემდებარება რატიფიკაციას, შეერთებას და მიღებას სახელმწიფოების და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ. ის ღია იქნება შეერთებისთვის სახელმწიფოებისთვის და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისთვის იმ თარიღის შემდგომ, როდესაც კონვენცია დაიხურება ხელმოწერისთვის. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების და შეერთების აქტები დეპონირებული იქნება დეპოზიტართან. 2. ნებისმიერი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, რომელიც ხდება წინამდებარე კონვენციის მხარე და რომლის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ვალდებული იქნება შეასრულოს წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ასეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, თუ მათი ერთი ან მეტი სახელმწიფო არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ორგანიზაციას და მის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მათი შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ წინამდებარე კონვენციის მიხედვით განსაზღვრული მათი მოვალეობების განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს არ ექნებათ უფლება, რომ განახორციელონ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული უფლებები ერთდროულად. 3. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ აქტით განაცხადებს მისი კომპეტენციის მასშტაბს წინამდებარე კონვენციით მართულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებისმიერმა ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს ამ კომპეტენციის მასშტაბის ნებისმიერი მოდიფიკაციის შესახებ, რასაც დეპოზიტარი, თავის მხრივ, აცნობებს მხარეებს. 4. თითოეული სახელმწიფო და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია მხარდაჭერილი იქნება, რომ წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისას სამდივნოს გადასცეს ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 5. ნებისმიერ მხარეს მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტით შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მხარის მიმართ დანართის ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მხოლოდ მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესაბამისი აქტის დეპონირების შემდეგ. მუხლი 31🔗. ძალაში შესვლა 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეთხუთმეტე აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს. 2. თითოეული სახელმწიფოსთვის და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის წევრისთვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას და დამტკიცებას ან უერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეთხუთმეტე აქტის დეპონირების შემდეგ, ეს კონვენცია ასეთი სახელმწიფოს ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციისთვის ძალაში შევა მის მიერ მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპონირების თარიღიდან მეცხრამეტე დღეს. 3. პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისთვის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ დეპონირებული ნებისმიერი აქტი არ ჩითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული აქტების დამატებით აქტებად. მუხლი 32🔗. დათქმები წინამდებარე კონვენციის მიმართ არ შეიძლება გაკეთდეს დათქმები. მუხლი 33🔗. კონვენციიდან გასვლა 1. მხარეს შეუძლია კონვენციიდან გასვლა მისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან 3 (სამი) წლის შემდეგ ნებისმიერ დროს დეპოზატარისთვის წერილობითი შეტყობინებით. 2. ნებისმიერი ასეთი გასვლა ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ გასვლის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ ან მოგვიანებით, ნებისმიერ ისეთ დროს, რომელიც შესაძლოა განსაზღვრული იყოს კონვენციიდან გასვლის შესახებ შეტყობინებით. მუხლი 34🔗. დეპოზიტარი წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი იქნება გაეროს გენერალური მდივანი. მუხლი 35🔗. ავთენტური ტექსტები წინამდებარე კონვენციის ორიგინალები, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებული იქნება დეპოზიტართან. რის დასტურადაც ქვემოთ ხელმომწერი, ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას. შესრულებულია კუმამოტოში, იაპონიაში 2013 წლის 10 ოქტომბერს. დანართი „A„ ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები ამ დანართში არ შედის შემდეგი პროდუქტები: (a) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო გამოყენებისთვის აუცილებელი პროდუქტები; (b) კვლევისა და ინსტრუმენტების კალიბრაციისთვის საჭირო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება როგორც მისათითებელი სტანდარტი; (c) გადამრთველები და რელეები, ლუმინისცენტური ნათურები ცივი კათოდით, გარე განათების ელექტროდული ნათურები (CCFL და EEFL), თუ ხელმისაწვდომი არ არის შესაბამისი შემცვლელი ალტერნატივები, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (d) ტრადიციულ და რელიგიურ საქმიანობაში გამოყენებული პროდუქტები; და (e) ვაქცინები, რომლებიც შეიცავს თიომერსალს, როგორც დამცავ საშუალებას.  ნაწილი I: პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტები თარიღი, რომლის შემდეგაც პროდუქტის წარმოება, ექსპორტი და იმპორტი აღარ დაიშვება (გამოყენებიდან ამოღების თარიღი) აკუმულატორები, გარდა თუთია-ვერცხლის ოქსიდის ღილაკ-აკუმულატორებისა, ვერცხლისწყლის შემცველობით < 2% და თუთია- ჰაერის ღილაკ-აკუმულატორებისა, ვერცხლისწყლის შემცველობით < 2% 2020 გადამრთველები და რელეები, ძალიან მაღალი სიზუსტის ენერგოტევადობის და დანაკარგების საზომი ხელსაწყოების, ასევე მაღალი სიხშირის რადიოსიხშირული გადამრთველების და რელეების გარდა, რომლებიც გამოყენებულია მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტებში, თითოეულ ხელსაწყოზე, გადამრთველზე ან რელეზე 20 მგ ვერცხლისწყლის მაქსიმალური შემცველობით 2020 კომპაქტური ლუმინისცენტური ნათურები (CFL) ≤ 30 ვატი, რომლებიც გამოიყენება საერთო განათების მიზნით, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეული ნათურის სანათურში 5 მგ-ს აჭარბებს 2020 გრძივი ლუმინისცენტური ნათურები (LFL), რომლებიც გამოიყენება ზოგადი განათების მიზნით: (a) ტრიფოსფორი ≤ 60 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 5 მგ-ს აჭარბებს; (b) ჰალოფოსფატური ფოსფორი ≤ 40 ვატი, სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 10 მგ-ს აჭარბებს 2020 მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ორთქლის ნათურები (HPMV) ზოგადი განათების მიზნით 2020 ვერცხლისწყალი ცივი კათოდების ლუმინისცენტურ ნათურებში და გარე განათების ელექტროდული ნათურები (CCFL და EEFL) ელექტრონული ჩვენებისთვის: 2020 a) მოკლე (≤ 500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 3.5 მგ-ს აჭარბებს; (b) საშუალო სიგრძის (> 500 მმ და ≤ 1 500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 5 მგ-ს აჭარბებს; (c) გრძელი (> 1500 მმ), სადაც ვერცხლისწყლის შემცველობა თითოეულ ნათურაში 13 მგ-ს აჭარბებს კოსმეტიკა (1 ppm-ზე მეტი ვერცხლისწყლის შემცველობით) მათ შორის, კანის გამაღიავებელი საპნები და კრემები, თვალის არის კოსმეტიკის გარდა, სადაც გამოყენებულია ვერცხლისწყალი, როგორც დამცავი საშუალება და როდესაც ეფექტური და უსაფრთხო შემცვლელი დამცავი საშუალება ხელმისაწვდომი არ არის1 2020 პესტიციდები, ბიოციდები და ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებები 2020 შემდეგი არაელექტრონული ხელსაწყოები, გარდა იმ არაელექტრონული საზომი ხელსაწყოებისა, რომლებიც დამონტაჟებულია მასშტაბურ მოწყობილობებზე ან გამოიყენება მაღალი სიზუსტის გაზომვებისთვის, როდესაც შესაბამისი ალტერნატიული საშუალებები ვერცხლისწყლის შემცველობის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის: (a) ბარომეტრები; (b) ჰიგრომეტრები; (c) მანომეტრები; (d) თერმომეტრები; (e) სპიგმომანომეტრები 2020 ნაწილი II: პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს ვერცხლისწყლით  გამდიდრებული პროდუქტები დებულებები დენტალური ამალგამა მხარის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში დენტალური ამალგამის გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის გათვალისწინებული იქნება მხარის შიდა გარემოებები და შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუქციები; ეს ღონისძიებები მოიცავს ერთ ან მეტ ღონისძიებას ქვევით მოცემული სიიდან: ​1 არ იგულისხმება ის კოსმეტიკური საშუალებები, საპნები ან კრემები, რომელიც შეიცავს კვალის სახით არსებულ ვერცხლისწყალს. (i) სახელმწიფო ამოცანების განსაზღვრა კბილის კარიესის პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, რისი მეშვეობითაც შემცირდება დენტალური აღდგენის საჭიროება; (ii) სახელმწიფო ამოცანების განსაზღვრა მისი გამოყენების შემცირებისთვის; (iii) დენტალური რესტორაციისთვის ეკონომიკურად და კლინიკურად ეფექტიანი იმ ალტერნატივების გამოყენების ხელშეწყობა, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (iv) დენტალური რესტორაციისთვის ისეთი ხარისხიანი მასალების კვლევის და განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (v) წარმომადგენლობითი პროფესიული ორგანიზაციების და დენტალური სკოლების წახალისება სტომატოლოგების და სტუდენტების განათლებისა და ტრენინგის მიზნით, დენტალური რესტორაციის იმ ალტერნატივების გამოყენებაზე, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ასევე მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის; (vi) სადაზღვევო პოლიტიკისთვის და პროგრამებისთვის ხელის არ შეწყობა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ დენტალური ამალაგამის გამოყენებას ვერცხლისწყლისგან თავისუფალ დენტალურ რესტორაციასთან შედარებით; (vii) სადაზღვევო პოლიტიკის და პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც დენტალური რესტორაციისთვის უპირატესობას ანიჭებენ დენტალური ამალაგამის ვერცხლისწყლისგან თავისუფალი ხარისხიანი ალტერნატივების გამოყენებას; (viii) დენტალური ამალგამის გამოყენების შეზღუდვა კაფსულირებული დენტალური ამალგამის ფარგლებში; (ix) დენტალურ ობიექტებში საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის გამოყენების ხელშეწყობა ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წყალსა და მიწაში გაჟონვის შემცირებისთვის. დანართი „B„ საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები ნაწილი I: პროცესები, რომლებიც ექვემდებარება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს საწარმოო პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებიდან ამოღების თარიღი ქლოროვან-ტუტოვანი წარმოება 2025 აცეტალდეჰიდის წარმოება, სადაც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებულია, როგორც კატალიზატორები 2018 ნაწილი II: პროცესები, რომლებიც ექვემდებარება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს პროცესები, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი დებულებები ვინილქლორიდის მონომერების წარმოება ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: (i) 2020 წლისთვის ვერცხლისწყლის გამოყენების 50%-ით შემცირებას თითოეული ერთეულის წარმოებაში, 2010 წელთან შედარებით; (ii) ღონისძიებების ხელშეწყობას პირველადი მოპოვების შედეგად მიღებულ ვერცხლისწყალზე დამოკიდებულების შესამცირებლად; (iii) ვერცხლისწყლის გარემოში ემისიის და გაჟონვის შემცირების ზომების მიღებას; (iv) იმ კატალიზატორების და პროცესების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (v) ვერცხლისწყლის გამოყენების არდაშვებას 5 (ხუთი) წლის შემდეგ, როდესაც მხარეთა კონფერენცია დაადგენს, რომ ვერცხლისწყლისგან თავისუფალი კატალიზატორები ტექნიკური პროცესების საფუძველზე გახდა ტექნიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი; (vi) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ. ნატრიუმის ან კალიუმის მეთილირება ან ეთილირება ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: (i) ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებებს, ამ გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში; (ii) 2020 წლისთვის ვერცხლისწყლის გამოყენების 50%-ით შემცირებას თითოეული ერთეულის წარმოებაში, 2010 წელთან შედარებით; (iii) პირველადი მოპოვების შედეგად მიღებული ნედლი ვერცხლისწყლის გამოყენების აკრძალვას; (iv) იმ პროცესების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, რომლებიც  არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (v) ვერცხლისწყლის გამოყენების არდაშვებას 5 (ხუთი) წლის შემდეგ, როდესაც მხარეთა კონფერენცია დაადგენს, რომ ვერცხლისწყლისგან თავისუფალი პროცესები გახდა ტექნიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი; (vi) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ. პოლიურეთანის წარმოება, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის შემცველი კატალიზატორები ზომები, რომლებსაც მიიღებენ მხარეები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: (i) ვერცხლისწყლის გამოყენების შემცირების ღონისძიებებს, ამ გამოყენების თანდათანობით შემცირებისთვის რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში; (ii) ზომების მიღებას პირველადი მოპოვების შედეგად მიღებულ ვერცხლისწყალზე დამოკიდებულების შემცირებისთვის; (iii) ვერცხლისწყლის გარემოში ემისიის და გაჟონვის შემცირების ზომების მიღებას; (iv) იმ კატალიზატორების და პროცესების კვლევისა და განვითარების წახალისებას, რომლებიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს; (v) 21-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა კონფერენციისთვის ანგარიშების მიწოდებას ვერცხლისწყლის გამოყენების ალტერნატივების განვითარების და/ან იდენტიფიცირების, ასევე გამოყენებიდან ამოღების მცდელობების შესახებ; მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი არ გავრცელდება ამ საწარმოო პროცესებზე. დანართი „C„ ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვება ეროვნული სამოქმედო გეგმები 1. თითოეული მხარე, რომელიც ექვემდებარება მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს, თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართავს: (a) ეროვნულ მიზნებს და შემცირების ამოცანებს; (b) ღონისძიებებს, რათა შეამციროს: (i) მადნის ამალგამაცია; (ii) ამალგამის ან გადამუშავებული ამალგამის ღია წვა; (iii) ამალგამის წვა საცხოვრებელ არეალებში; და (iv) ციანიდის გამოტუტვა ნალექებში, მადანში ან მადნის კუდებში, სადაც დამატებულია ვერცხლისწყალი ვერცხლისწყლის პირველადი მოცილების გარეშე; (c) ღონისძიებებს ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების სექტორის ფორმალიზების ან რეგულირებისთვის; (d) მის ტერიტორიაზე გამოყენებული ვერცხლისწყლის რაოდენობის და ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების და გადამუშავების სექტორში გამოყენებული პრაქტიკის საბაზისო შეფასებას; (e) ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ემისიის და გაჟონვის და ვერცხლისწყლით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობის სტრატეგიას, მათ შორის იმ მეთოდებს, რომლებშიც ვერცხლისწყალი არ გამოიყენება; (f) ვერცხლისწყლით და ვერცხლისწყლის ნაერთებით ვაჭრობის მართვის და ოქროს კუსტარულ და მცირემასშტაბიან წარმოებაში საგარეო და საშინაო წყაროებიდან მიღებული ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების თავიდან აცილების სტრატეგიას. (g) ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მუდმივად განვითარებაში დაინტერესებული მხარეების ჩართვის სტრატეგიას; (h) საზოგადოების ჯანმრთელობის სტრატეგიას ოქროს კუსტარულად და მცირე მასშტაბით მომპოვებლებზე და მათ თემებზე ვერცხლისწყლის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ასეთი სტრატეგია უნდა მოიცავდეს, სხვებს შორის, ჯანმრთლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მუშაკების ტრენინგს და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებას; (i) მოწყვლად მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის, აგრეთვე, ფეხმძიმე ქალებზე ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვებისას გამოყენებული ვერცხლისწყლის ზემოქმედების თავიდან აცილების სტრატეგიას; (j) ოქროს კუსტარულად და მცირემასშტაბიანი მომპოვებლებისთვის და ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას; და (k) ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების გრაფიკს. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია თავის სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში ჩართოს დამატებითი სტრატეგიები მისი მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის, ვერცხლისწყლის გამოყენების გარეშე ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების სტანდარტების გამოყენება ან დამკვიდრება და საბაზრო მექანიზმები ან მარკეტინგული მეთოდები. დანართი „D„ ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ატმოსფეროში ემისიის წერტილოვანი წყაროების სია წერტილოვანი წყაროების კატეგორია: ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები; ნახშირზე მომუშავე სამრეწველო ბოილერები; სადნობი და საწვავი პროცესები, რომლებიც გამოიყენება ფერადი ლითონების წარმოებაში1; ინსინირატორები ნარჩენების წვისთვის; ცემენტის კლინკერების წარმოების ობიექტები. ​1 დანართის მიზნებისთვის, „ფერად ლითონებს„ მიეკუთვნება ტყვია, თუთია, სპილენძი და სამრეწველო ოქრო. დანართი „E„ საარბიტრაჟო და სამომრიგებლო პროცედურები ნაწილი I: არბიტრაჟის პროცედურა წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 (a) პუნქტის მიზნებისთვის არბიტრაჟის პროცედურა შემდეგია: მუხლი 1🔗 1. მხარეს შეუძლია მოახდინოს არბიტრაჟისთვის მიმართვის ინიცირება წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად, დავის მონაწილე სხვა მხარის ან მხრეებისთვის წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს სასარჩელო განცხადება, სხვა ნებისმიერ დამატებით დოკუმენტებთან ერთად. ასეთ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს არბიტრაჟის განხილვის საგანი და კონკრეტულად შეიცავდეს წინამდებარე კონვენციის იმ მუხლებს, რომელთა ინტერპრეტირება ან გამოყენება არის დავის საგანი. 2. მოსარჩელე მხარე შეატყობინებს სამდივნოს, რომ ის გადასცემს დავას არბიტრაჟს წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს მოსარჩელე მხარის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინება, სასარჩელო განცხადება და თანდართული დოკუმენტები. სამდივნო გადასცემს ამგვარად მიღებულ ინფორმაციას ყველა მხარეს. მუხლი 2🔗 1. თუ დავა გადაეცემა არბიტრაჟს ზევით განსაზღვრული პირველი მუხლის შესაბამისად, შეიქმნება არბიტრაჟის ტრიბუნალი. არბიტრაჟის ტრიბუნალში იქნება 3 (სამი) წევრი. 2. დავის მონაწილე თითოეული მხარე დანიშნავს არბიტრს და ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი შეთანხმების საფუძველზე დანიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც იქნება ტრიბუნალის პრეზიდენტი. თუ დავის მონაწილე მხარეების რაოდენობა ორზე მეტია, საერთო ინტერესის მქონე მხარეები დანიშნავენ ერთ არბიტრს შეთანხმების საფუძველზე. ტრიბუნალის პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც ერთი იმ მხარის სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც არის დავის მონაწილე მხარე, ასევე არ უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ნებისმიერი ასეთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ უნდა იყოს დაქირავებული ასეთი მხარის მიერ და არ უნდა ჰქონდეს შეხება საქმესთან ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით. მუხლი 3🔗 1. თუ დავის მონაწილე ნებისმიერი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მოპასუხე მხარის მიერ არბიტრაჟის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც განახორციელებს დანიშვნას შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში. 2. თუ მეორე არბიტრის დანიშვნის თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში არბიტრაჟის ტრიბუნალის პრეზიდენტი არ დაინიშნება, გაეროს გენერალური მდივანი, მხარის მოთხოვნით, დანიშნავს პრეზიდენტს შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში. მუხლი 4🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალი გადაწყვეტილებებს მიიღებს წინამდებარე კონვენციის და საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 5🔗 თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, არბიტრაჟის ტრიბუნალი დაადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს. მუხლი 6🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალს შეუძლია, დავის მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნით, შეიმუშაოს რეკომენდაცია დაცვის აუცილებელი შუალედური ზომების შესახებ. მუხლი 7🔗 დავის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის ტრიბუნალის მუშაობას, კერძოდ, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით: (a) უზრუნველყოფენ ტრიბუნალს ყველა სათანადო დოკუმენტით, ინფორმაციით და საშუალებით; და (b) საშუალებას მისცემენ ტრიბუნალს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს მოწმეები ან ექსპერტები და მიიღოს მათი ჩვენებები. მუხლი 8🔗 დავის მონაწილე მხარეები და არბიტრები ვალდებულნი არიან დაიცვან ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტის კონფიდენციალობა, რომლებსაც იღებენ ისინი საიდუმლოდ არბიტრაჟის ტრიბუნალის მიერ საქმის წარმოების დროს. მუხლი 9🔗 თუ საქმის განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე არბიტრაჟის ტრიბუნალი სხვაგვარად არ დაადგენს, ტრიბუნალის ხარჯებს დაფარავენ დავის მონაწილე მხარეები თანაბარი წილის მიხედვით. ტრიბუნალი აწარმოებს ჩანაწერებს მისი ყველა ხარჯის შესახებ და საბოლოო ხარჯთაღრიცხვას მიაწვდის მხარეებს. მუხლი 10🔗 მხარეს, რომელსაც აქვს სამართლებრივი ინტერესი დავის განხილვის საგნის მიმართ და რომელზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა ჩაერთოს საქმის წარმოებაში არბიტრაჟის ტრიბუნალის თანხმობით. მუხლი 11🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალს შეუძლია მოისმინოს და გადაწყვიტოს შეგებებული სარჩელები, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირ დავის განხილვის საგანთან დაკავშირებით. მუხლი 12🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალის გადაწყვეტილებები პროცედურულ წესებზე და საქმის შესახებ მიიღება მისი წევრების ხმების უმრავლესობით. მუხლი 13🔗 1. თუ დავის მონაწილე რომელიმე მხარე არ წარდგება არბიტრაჟის ტრიბუნალის წინაშე ან ვერ მოახერხებს მისი ინტერესების დაცვას, მეორე მხარეს შეუძლია ტრიბუნალისგან მოითხოვოს საქმის წარმოების გაგრძელება და გადაწყვეტილების მიღება. მხარის გამოუცხადებლობა ან მხარის მიერ მისი საქმის დაცვის შეუძლებლობა საქმის წარმოებისთვის დაბრკოლება არ იქნება. 2. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არბიტრაჟის ტრიბუნალი უნდა დარწმუნდეს, რომ სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად კარგად არის დასაბუთებული. მუხლი 14🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალი გადაწყვეტილებას მიიღებს მისი სრულად დაკომპლექტების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის განმავლობაში, თუ ის საჭიროდ არ ჩათვლის ამ ვადის გაგრძელებას, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთი) თვეს. მუხლი 15🔗 არბიტრაჟის ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას დავის განხილვის საგნის ფარგლებში და უნდა შეიცავდეს იმ არგუმენტებს, რომლებსაც ის ეფუძნება. საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეთა სახელები და მიღების თარიღი. ტრიბუნალის ნებისმიერ წევრს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილებას დაურთოს ცალკეული ან განსხვავებული მოსაზრება. მუხლი 16🔗 საბოლოო გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება შესასრულებლად დავის მონაწილე მხარეებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებაში მოცემული წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაცია ასევე სავალდებულო იქნება იმ მხარისთვის, რომელიც ჩაერთო საქმის განხილვაში ზევით განსაზღვრული მე-10 მუხლის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ეს ეხება იმ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც ჩაერთო ეს მხარე საქმეში. საბოლოო გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, თუ დავის მონაწილე მხარეები წინასწარ არ შეთანხმდებიან სააპელაციო პროცედურაზე. მუხლი 17🔗 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საბოლოო გადაწყვეტილების ინტერპრეტაციასთან ან მისი შესრულების მანერასთან დაკავშირებით იმ მხარეებს შორის, რომელთათვისაც ზევით განსაზღვრული მე-16 მუხლით დადგენილი საბოლოო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, ნებისმიერი მათგანის მიერ შესაძლოა გადაეცეს არბიტრაჟის ტრიბუნალს, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ნაწილი II: მორიგების პროცედურა წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მორიგების პროცედურა შემდეგია: მუხლი 1🔗 დავის მონაწილე მხარის მოთხოვნა წინამდებარე კონვენციის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი კომისიის შექმნის შესახებ გადაეცემა სამდივნოს წერილობითი ფორმით, ხოლო ასლი გაეგზავნება დავის მონაწილე მეორე მხარეს ან მხარეებს. სამდივნო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მხარეებს. მუხლი 2🔗 1. თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მომრიგებელი კომისიის შემადგენლობაში იქნება სამი წევრი; თითოეული დაინტერესებული მხარე დანიშნავს ერთ წევრს, ხოლო პრეზიდენტი არჩეული იქნება ერთობლივად ამ წევრების მიერ. 2. თუ დავის მონაწილე მხარეების რაოდენობა ორზე მეტია, საერთო ინტერესის მქონე მხარეები დანიშნავენ კომისიის მათ წევრს ერთობლივად, შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 3🔗 თუ დავის მონაწილე რომელიმე მხარე არ განახორციელებს შესაბამის დანიშვნას სამდივნოს მიერ ზევით განსაზღვრული პირველი მუხლით დადგენილი წერილობითი მოთხოვნის მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, გაეროს გენერალური მდივანი, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, განახორციელებს ასეთ დანიშვნას შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში. მუხლი 4🔗 თუ კომისიის მეორე წევრის დანიშვნის თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში მომრიგებელი კომისიის პრეზიდენტი არ იქნება არჩეული, გაეროს გენერალური მდივანი, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, დანიშნავს პრეზიდენტს შემდგომი 2 (ორი) თვის განმავლობაში. მუხლი 5🔗 მომრიგებელი კომისია დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დაეხმარება დავის მონაწილე მხარეებს მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევის მცდელობაში. მუხლი 6🔗 1. მომრიგებელ კომისიას შეუძლია წარმართოს სამომრიგებლო საქმის წარმოება ისე, როგორც ის მიიჩნევს სათანადოდ, საქმის გარემოებების და იმ მოსაზრებების სრულად გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება გამოთქვან მხარეებმა, მათ შორის, სწრაფი გადაწყვეტილების მოთხოვნის გათვალისწინებით. საჭიროების მიხედვით კომისიას შეუძლია მიიღოს საკუთარი პროცედურული წესები, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 2. მომრიგებელ კომისიას შეუძლია, საქმის წარმოებისას ნებისმიერ დროს, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები დავის გადაწყვეტისათვის. მუხლი 7🔗 დავის მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ მომრიგებელ კომისიასთან. კერძოდ, ისინი ეცდებიან, რომ შეასრულონ კომისიის მოთხოვნები წერილობითი მასალების და მტკიცებულებების წარდგენის და შეხვედრებზე დასწრების შესახებ. მხარეები და მომრიგებელი კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტის კონფიდენციალობა, რომელიც მათ მიიღეს საიდუმლოდ კომისიის მიერ საქმის წარმოებისას. მუხლი 8🔗 მომრიგებელი კომისია გადაწყვეტილებებს მიიღებს მისი წევრების ხმების უმრავლესობით. მუხლი 9🔗 თუ დავა უკვე გადაწყვეტილი არ არის, მისი სრულად დაკომპლექტების თარიღიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვისა, მომრიგებელი კომისია მიიღებს ანგარიშს დავის გადაწყვეტის შესახებ რეკომენდაციებით, რომლებსაც დავის მონაწილე მხარეები ნდობით მოეკიდებიან. მუხლი 10🔗 ნებისმიერი უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მომრიგებელი კომისია კომპეტენტური მისთვის გადაცემული საქმის განსახილველად, გადაწყდება კომისიის მიერ. მუხლი 11🔗 მომრიგებელი კომისიის ხარჯები ანაზღაურდება დავის მონაწილე მხარეების მიერ თანაბარი წილის საფუძველზე, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. კომისია აწარმოებს ჩანაწერებს მისი ყველა ხარჯის შესახებ და საბოლოო ხარჯთაღრიცხვას გადასცემს მხარეებს.