კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №28/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ლევან თოდუა | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 28.12.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ მიკრობანკებისთვის დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ
– დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№28/ნ
2023 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „კ.ი“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №2/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა
კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ მათი მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის (შემდგომში – კლიენტი) სტანდარტიზებული და უნიფიცირებული წესით დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ აუცილებელი, უტყუარი, გასაგები, თავისდროული, სრულყოფილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს და/ან შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს კლიენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბანკმა კლიენტს უნდა მიაწოდოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დეპოზიტორების ნდობა საბანკო სისტემის მიმართ.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ თვით ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 4🔗. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვალდებულება კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტიზებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით
1. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კომერციული ბანკების და მიკრობანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამზადებს ბროშურების მოდელს, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის და კომერციულ ბანკში და მიკრობანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მეთოდის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბროშურების მოდელს სააგენტო აწვდის ყველა კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.
3. სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში განსათავსებელად აწვდის პლაკატების მოდელს, რომელზეც ასახული იქნება ინფორმაცია საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.
4. სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში განსათავსებლად აწვდის ლოგო-სტიკერების მოდელს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს სააგენტოს ლოგო.
5. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კომერციული ბანკების და მიკრობანკების კლიენტების ინფორმირების მიზნით სააგენტო კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს აწვდის კლიენტებთან საკომუნიკაციო მასალას ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სახით.
6. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო მასალებს სააგენტომ უნდა მიაწოდოს ყველა კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.
7. კომერციული ბანკის და მიკრობანკის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ტრენინგების ჩატარებას.
მუხლი 5🔗. კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას კომერციული ბანკების და მიკრობანკების ვალდებულება
1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით:
ა) უზრუნველყოს ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
ბ) პლაკატები განათავსოს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
გ) სააგენტოს ლოგო-სტიკერი განათავსოს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე;
დ) კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) დაუგზავნოს კლიენტებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული საშუალებებით (შეტყობინება კლიენტის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და შეტყობინება ინერნეტბანკის მეშვეობით) დანართი №1-ის შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულებაში დანართი №1-ის შესაბამისად.
3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია ბროშურები, პლაკატები და სააგენტოს ლოგო-სტიკერები მიაწოდოს კლიენტთან ურთიერთობის მქონე ყველა ფილიალს/წარმომადგენლობას.
4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ათავსებს ბროშურებს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში კლიენტებისათვის ადვილად შესამჩნევ ადგილებზე.
5. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ათავსებს პლაკატებს ფილიალებში/წარმომადგენლობებში და სააგენტოს ლოგო-სტიკერებს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე.
6. კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირი ფორმით უნდა მიაწოდოს კლიენტებს. თუ კლიენტმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სცდება დანართი №1-ში, ასევე ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ფარგლებს, კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა კლიენტს უნდა მიაწოდოს სააგენტოს საკონტაქტო მონაცემები, რათა კლიენტმა შეძლოს თავის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოსგან მიღება.
7. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე სადეპოზიტო პროდუქტების განყოფილებაში წინამდებარე ინსტრუქციის დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფარგლები
1. კომერციულ ბანკს და მიკრობანკს შეუძლია საკუთარ რეკლამაში (ტელე, რადიო, ბეჭდურ, ვებგვერდზე და სხვა) მიუთითოს მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში საკუთარი მონაწილეობის ფაქტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მითითება უნდა გაკეთდეს ამ ინსტრუქციის დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გამოვლინდა კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ფაქტი, მაშინ სააგენტო განიხილავს კომერციული ბანკისთვის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციის შეფარდების საკითხს.
დანართი №1
კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge. “
დანართი №2
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
კომერციული ბანკის შემთხვევაში:
„2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.“
მიკრობანკის შემთხვევაში:
„2023 წლის 1 ივლისიდან მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge .“
დანართი №3
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკი და მიკრობანკი უფლებამოსილია საკუთარი სარეკლამო მასალებისთვის გამოიყენოს შემდეგი ტექსტი:
კომერციული ბანკის შემთხვევაში:
„ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში“.
მიკრობანკის შემთხვევაში:
„მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში“.