საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №315/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016788
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№315/04
2023 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ასევე ვრცელდება მის ამოქმედებამდე გამოშვებულ და მიმოქცევაში არსებულ ოქროს სერტიფიკატებზე.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 22 ივნისის №61/04 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ოქროს სერტიფიკატების გამოშვების, მიმოქცევის და განაღდების საკითხებს და ადგენს ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდების მახასიათებლებს და მათი შესყიდვის პირობებს.
2. ოქროს სერტიფიკატის ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების (შემდგომში – ბანკი) მეშვეობით.
3. საქართველოში ოქროს ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი უშვებს საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტს ოქროს სერტიფიკატს, რომელიც არის ეროვნული ბანკის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომლითაც ეროვნული ბანკი ვალდებულია მისი განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოქროს სერტიფიკატი – უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი/ზოდები.
ბ) სტანდარტიზებული ოქროს ზოდი (შემდგომში – სტანდარტიზებული ზოდი) – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის, ფორმის, დამღის, წონისა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მახასიათებლების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდი;
გ) ოქროს სერტიფიკატის განაღდება – ეროვნული ბანკის მიერ ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრისათვის ოქროს სერტიფიკატის სანაცვლოდ ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტიზებული ზოდის/ზოდების მიწოდება ბანკის მეშვეობით;
დ) შერჩევითი დაფარვა – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (GSSS) სისტემის წესებით გათვალისწინებული ელექტრონული შეტყობინება.
მუხლი 3🔗. ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები
1. ოქროს სერტიფიკატის ყიდვისა და გაყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
2. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ პირზე გაასხვისოს ოქროს სერტიფიკატი ამ დებულებით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების დაცვით.
3. ოქროს სერტიფიკატის შეძენამდე პირი (გარდა ბანკისა) ვალდებულია ბანკში იქონიოს საბანკო ანგარიში. ოქროს სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (ყიდვა, გაყიდვა) უნდა განახორციელოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით.
4. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ბანკის მეშვეობით მოითხოვოს ოქროს სერტიფიკატის განაღდება და მიიღოს მისი შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ზოდი/ზოდები.
5. ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნა და ეროვნული ბანკის მიერ მისი დადასტურება წარმოადგენს ოქროს სერტიფიკატის, როგორც ფასიანი ქაღალდის დაფარვას და მისი მიმოქცევიდან ამოღებას.
6. ოქროს სერტიფიკატი არსებობს მხოლოდ არამატერიალიზებული ფორმით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (შემდგომში – GSSS სისტემა) ელექტრონული ჩანაწერის სახით.
7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოქროს სერტიფიკატი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ოქროს სერტიფიკატების შენახვისათვის დაადგინოს საკომისიო, რის შესახებაც ინფორმაციას ელექტრონული შეტყობინებით წინასწარ აცნობებს ბანკს და აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.
9. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ოქროს სერტიფიკატთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის ერთჯერადად ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და მომსახურების ძირითადი პირობებს. ბანკი ასევე ვალდებულია, ხელშეკრულებაში მკაფიოდ მიუთითოს ოქროს სერტიფიკატის განაღდების ამ დებულებით გათვალისწინებული პირობები და ვადები.
10. ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოქროს სერტიფიკატის შეძენის/გაყიდვის შესახებ გარიგების დადება შეიძლება განხორციელდეს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა საშუალებებით. გარიგების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადების მიზნით ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტისათვის ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის გარიგების პირობების წინასწარ ელექტრონული ფორმით შეტყობინება. გარიგების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადების შემთხვევაში, გარიგება დადებულად ითვლება, თუ კლიენტი ელექტრონული ფორმით თანხმობას განაცხადებს ბანკის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.
მუხლი 4🔗. ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და მათი შესყიდვა
1. ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე გამოშვებას და რეგისტრაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი.
2. პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა წარმოებს ბანკის მეშვეობით. ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს ოქროს სერტიფიკატის პირობები.
3. ერთი ოქროს სერტიფიკატის ნომინალი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროს ზოდის წონას.
4. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული შესაბამისი წონისა და მახასიათებლების სტანდარტიზებული ზოდების რაოდენობას.
5. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების რაოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
6. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინებას ეროვნული ბანკი უგზავნის ბანკს ელექტრონული საშუალებით ოქროს სერტიფიკატების გამოშვებამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე.
7. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის დაწყების თარიღი;
ბ) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) გასაყიდი ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა;
დ) ოქროს სერტიფიკატის ფასების გამოქვეყნების საშუალებები;
ე) ყიდვისა და გაყიდვის განაცხადის წარდგენის დრო და ფორმები;
ვ) ყიდვისა და გაყიდვის განაცხადის წარდგენის ტექნიკური საშუალება;
ზ) ანგარიშსწორების წესი.
8. ეროვნული ბანკი ყიდულობს მის მიერ გამოშვებულ ოქროს სერტიფიკატებს ბანკისგან ან/და მათი მეშვეობით.
9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დაადგინოს საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასის ცვლილების ზღვრული ოდენობა, რომელზე მეტად ცვლილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი არ განახორციელებს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
10. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკს უფლება აქვს, უარი თქვას ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე ან/და ყიდვაზე და ამის შესახებ ინფორმაციას უგზავნის ბანკს ელექტრონული საშუალებით.
11. ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესასყიდი ან გასაყიდი ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) შესასყიდი ან გასაყიდი ოქროს სერტიფიკატის რაოდენობას.
12. განაცხადის გაგზავნით ბანკი ადასტურებს ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებას და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას.
13. ეროვნული ბანკი არ განიხილავს ისეთ განაცხადს, რომელიც დადგენილ დროზე გვიან არის წარდგენილი, არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას ან მონაცემებს, რომელიც შეუსაბამოა გამოცხადებულ პარამეტრებთან.
14. ყიდვის ან გაყიდვის განაცხადის წარდგენის დროის დასრულების შემდეგ, ბანკს არ აქვს უფლება შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის განაცხადი.
15. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინებაში გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ეროვნული ბანკი ადასტურებს ბანკის განაცხადს ოქროს სერტიფიკატის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, რომელიც ითვლება ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის გარიგებად.
16. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დაადგინოს ერთ დღეში ერთი ბანკისაგან ან/და მისი მეშვეობით ოქროს სერტიფიკატების ვაჭრობის ლიმიტები, რომელსაც ელექტრონული შეტყობინებით უგზავნის ბანკს ლიმიტის ამოქმედებამდე ერთი საბანკო დღით ადრე.
მუხლი 5🔗. ოქროს სერტიფიკატის მიმოქცევა მეორად ბაზარზე
1. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების მიმოქცევა ხდება ბანკის მეშვეობით.
2. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის პირობებს ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე ან/და კლიენტებისათვის ხელმისაწვდომი სხვა საშუალებების გამოყენებით.
3. ბანკი ვალდებულია, ოქროს სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს ოქროს სერტიფიკატის პირობები.
4. ოქროს სერტიფიკატის გასხვისებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ბანკმა უნდა განახორციელოს ურისკო ანგარიშწორების პრინციპის დაცვით, ე.წ. DvP ტრანზაქციით.
5. ბანკი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრი;
ბ) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, გაუხსნას შესაბამისი ანგარიში GSSS სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
6. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში ოქროს სერტიფიკატის თითოეულ მესაკუთრეზე ბანკმა უნდა განახორციელოს სულ მცირე შემდეგი აუცილებელი მონაცემის შეტანა და წარმოება:
ა) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის დასახელება ან სახელი, გვარი;
ბ) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;
გ) სუბრეესტრში პირის რეგისტრაციის თარიღი;
დ) პირის საკუთრებაში არსებული ოქროს სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი (ნომრები) და მათი რაოდენობა;
7. ოქროს სერტიფიკატის საკუთრების დამადასტურებელია ბანკის ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერი.
8. ბანკი ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს აძლევს ამონაწერს ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრიდან, რომლის მიღებაც შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული საშუალებებით.
9. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრის ამონაწერში სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები, მისი მესაკუთრის მონაცემები და საკუთრებაში არსებული სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი, ერთეულის ნომინალი, მათი რაოდენობა და შესაბამისი ოქროს მოცულობა გრამებში ან უნციებში.
10. კლიენტებს შორის ოქროს სერტიფიკატის გასხვისების დავალების ფორმას ადგენს ბანკი, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
ა) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა;
გ) გარიგების თანხა;
დ) გარიგების დადებისა და ანგარიშსწორების თარიღები;
ე) მყიდველისა და გამყიდველის დასახელება ან სახელი, გვარი;
ვ) მყიდველისა და გამყიდველის საბანკო ანგარიშის ნომრები.
11. კლიენტის სახელზე შენახული ოქროს სერტიფიკატის გასხვისების, დაგირავების, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის, განაღდების მოთხოვნის მიღების ან/და კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ცვლილებების შესაბამისი ჩანაწერები თავის სუბრეესტრში;
ბ) თუ ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის ანგარიში ასევე გახსნილი აქვს GSSS სისტემაში, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს ამ სისტემაშიც.
მუხლი 6🔗. ოქროს სერტიფიკატებზე ფასების განსაზღვრა
1. ოქროს სერტიფიკატების ყიდვისა და გაყიდვის ფასებს განსაზღვრავს მისი მყიდველი და გამყიდველი.
2. ეროვნული ბანკის ფასები ოქროს სერტიფიკატების გაყიდვასა და ყიდვაზე განისაზღვრავება ეროვნული ბანკის მიერ, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასისა და ეროვნული ბანკის მარჟის გათვალისწინებით.
3. ეროვნული ბანკის ფასები ოქროს სერტიფიკატის გაყიდვასა და ყიდვაზე გამოითვლება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს და ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს.
4. ბანკი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მისი საკომისიოს ოდენობას ლარებში, რომელსაც ითვალისწინებს ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის ფასების დადგენისას.
5. ბანკი, რომელიც ახორციელებს კლიენტების მომსახურებას ოქროს სერტიფიკატების ბაზარზე, ვალდებულია, ყოველ სამუშაო საბანკო დღეს გამოაქვეყნოს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ფასები.
მუხლი 7🔗. ოქროს სერტიფიკატის განაღდება
1. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას აწარმოებს ეროვნული ბანკი შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდების გაცემით.
2. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას ეროვნული ბანკი აწარმოებს ბანკის მეშვეობით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე ეროვნული ბანკი არ ადგენს საკომისიოს.
4. ოქროს სერტიფიკატის განაღდებისათვის ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე განაღდების მოთხოვნით მიმართავს ბანკს.
5. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე ბანკი შესაბამისი განაცხადით მიმართავს ეროვნულ ბანკს და წარუდგენს ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე ცალ-ცალკე თითოეული კლიენტის მოთხოვნის შესაბამისი „შერჩევითი დაფარვის“ შეტყობინებას GSSS სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
6. სტანდარტიზებული ზოდის გატანაზე ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს სტანდარტიზებული ზოდის გატანაზე ბანკის პასუხისმგებელი პირის პირადობის მოწმობის მონაცემებს და GSSS სისტემაში „შერჩევითი დაფარვის“ შეტყობინების უნიკალურ ნომერს, რომელსაც აგზავნის ეროვნული ბანკის შეტყობინებაში განსაზღვრული ტექნიკური საშუალებებით ეროვნული ბანკის მიერ „შერჩევითი დაფარვის“ განაცხადის დადასტურების შემდეგ არაუგვიანეს იმავე დღის საოპერაციო საათების დასრულებამდე.
7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავის შეხედულებისამებრ განსაზღვროს გასაცემი სტანდარტიზებული ზოდების რაოდენობა წონების მიხედვით ბანკის მოთხოვნის გათვალისწინებით.
8. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედი ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდი მიიღოს ეროვნული ბანკიდან ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე GSSS სისტემის მეშვეობით ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის განმავლობაში.
9. ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდის გატანის შემდეგ, ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე უფლებამოსილია ბანკს მიმართოს სტანდარტიზებული ზოდის გაცემის მოთხოვნით მასსა და ბანკს შორის შეთანხმებულ ვადებში.
10. ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის პირობების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია, შესაბამისი პროცედურების დაცვით უპირობოდ გასცეს სტანდარტიზებული ზოდი ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედ ბანკზე.
11. ეროვნული ბანკიდან შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდის მიღების შემდეგ, ბანკი უზრუნველყოფს მის გაცემას ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეზე, საკუთარი პროცედურების შესაბამისად.
12. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე უფლებამოსილია, ეროვნული ბანკიდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდის გატანამდე, ბანკის მეშვეობით მოითხოვოს სტანდარტიზებული ზოდის შეფუთვის გახსნა და ლაბორატორიული შემოწმება ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით.
13. თუ სტანდარტიზებული ზოდის სტანდარტული შეფუთვის გახსნა და შემოწმება არ მომხდარა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს სტანდარტიზებული ზოდის მახასიათებლების (სინჯი, წონა) შესაბამისობაზე თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან.
14. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზებული ზოდი არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, გასცეს სხვა შესაბამისი წონისა და მახასიათებლების სტანდარტიზებული ზოდი.
15. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზებული ზოდი შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს იმ ცვლილებებზე, რაც გამოწვეულია შეფუთვის მთლიანობის დარღვევითა და შემოწმებით.
მუხლი 8🔗. სტანდარტიზებული ზოდი და მისი შესყიდვის პირობები
1. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატზე ეროვნულ ბანკში ინახება შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ზოდი, რომელთა შესყიდვა ხდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შერჩეული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი A ან/და უფრო მაღალი გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნის/ქვეყნების ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციასთან (London Bullion Market Association – LBMA) აკრედიტირებული დამამზადებელი კომპანიების ან/და სახელმწიფო ზარაფხანისგან/ზარაფხანებისაგან სათანადო ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით.
2. ამ დებულების მიზნებისათვის სტანდარტიზებულ ზოდს აქვს შემდეგი მახასიათებლები:
ა) ოქროს სინჯი არის უმაღლესი 999.9 სტანდარტის;
ბ) ზოდის წონა შეიძლება განისაზღვროს გრამებში, კილოგრამებში ან/და უნციებში;
გ) ზოდი დამზადებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი A ან/და უფრო მაღალი გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნის სახელმწიფო ზარაფხანის მიერ ან/და ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციასთან (London Bullion Market Association - LBMA) აკრედიტირებული დამამზადებელი კომპანიის მიერ;
დ) ზოდზე ამოტვიფრულია დამამზადებლის დამღა, ზოდის წონა გრამში, კილოგრამში ან/და უნციაში, ოქროს სინჯის აღმნიშვნელი წარწერა ან/და საერთაშორისო პრაკტიკაში მიღებული სხვა წარწერები ან/და ნიშნები;
ე) ზოდი არის სტანდარტული შეფუთვით სერტიფიკატთან ერთად, რაც მოიცავს ზოდის მახასიათებლების, სერიული ნომრის, წარმოების წლისა და დამდამღველის ხელმოწერის აღნიშვნებს.
3. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედი ბანკის მიერ სტანდარტიზებული ზოდის ეროვნული ბანკიდან გატანისთანავე, ეროვნული ბანკის ვალდებულება ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის მიმართ ითვლება შესრულებულად.
4. ეროვნული ბანკიდან გატანილი სტანდარტიზებული ზოდი, ამ დებულების მიზნებისათვის აღარ წარმოადგენს სტანდარტიზებულ ზოდს და ეროვნულ ბანკს არ ეკისრება მისი შესყიდვის, შენახვის ან/და ნებისმიერი სხვა მიზნით უკან დაბრუნების ვალდებულება. ეროვნული ბანკის გარეთ არსებული ზოდების მიმოქცევა არ არის შეზღუდული და არ ექვემდებარება რეგულირებას ამ დებულების შესაბამისად.
5. ამ დებულების მიზნებისათვის, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია სტანდარტიზებული ზოდების უსაფრთხო შენახვაზე მისი ეროვნული ბანკიდან გატანამდე, ხოლო ოქროს სერტიფიკატის განაღდებისას, სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედ ბანკზე ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ოდენობის სტანდარტიზებული ზოდის/ზოდების გაცემაზე.
მუხლი 9🔗. ოქროს სერტიფიკატების აღრიცხვა და ანგარიშსწორება
1. ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან, ყიდვა-გაყიდვასთან, განაღდებასთან, დაგირავებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება GSSS სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.
2. ოქროს სერტიფიკატების თითოეულ ნომინალს ეროვნული ბანკი ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და არეგისტრირებს GSSS სისტემაში.
3. ოქროს სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:
ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;
ბ) მესამე და მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, რომელიც ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის შემთხვევაში არის GC;
გ) მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის ნომინალის აღმნიშვნელი;
დ) მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი;
ე) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემის გათვალისწინებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური სტანდარტის შესაბამისად.
4. პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის გარიგების ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემისა და GSSS სისტემის მეშვეობით ხდება ოქროს სერტიფიკატის მყიდველი ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო საათების დასრულებამდე ბანკი ვერ უზრუნველყოფს ოქროს სერტიფიკატის ყიდვის გარიგების ანგარიშსწორების განხორციელებას, უქმდება ყველა გარიგება, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება.
6. გასაყიდი ოქროს სერტიფიკატები მათ გაყიდვამდე აღირიცხება ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე GSSS სისტემაში.
მუხლი 10🔗. ბანკის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
1. ბანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ოქროს სერტიფიკატით ოპერაციების წარმოების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს მისი კლიენტებისათვის ოქროს სერტიფიკატებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პირობები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების და ხელშეკრულებების ფორმები.
2. ბანკის მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკს შეიძლება გარკვეული ვადით უარი ეთქვას ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე მონაწილეობის მიღებაზე ან დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
3. ბანკის, ამ დებულებით გათვალისწინებული ოქროს სერტიფიკატით ოპერაციების წარმოების შემთხვევაში, ვალდებულია, ჰქონდეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი დაცულობა და უსაფრთხოება. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული გარიგების პირობების უცვლელად შენახვა და კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მატერიალური ფორმით მიწოდება.