ადამიანის მოტაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ადამიანის მოტაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ბოლო ხანს გავრცელდა საშიში დანაშაული - ადამიანის მოტაცება დაზარალებულებისა და მისი ახლობლებისაგან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, რაც მორალურ და მატერიალურ ზიანს აყენებს ადამიანებს, იწვევს საზოგადოებრიობის სამართლიან აღშფოთებასა და გულისწყრომას. ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისათვის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა

ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ან გასახლების გარეშე“.

2. 81 მუხლი მეორე ნაწილს სიტყვების „(117-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ადამიანის მოტაცება (133-ე მუხლი)“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                              ზვიად გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 28 ივნისი.