საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/24/1682 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/24/1682 განჩინებასთან დაკავშირებით

მიღების თარიღი 27.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/24/1682
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016860
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2023
matsne.gov.ge 3,366 სიტყვა · ~17 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/23/1652 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/23/1652 განჩინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 99% 27.10.2023 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/22/1634 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 27.10.2023 შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 92% 28.12.2017 შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 27.01.2017 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 89% 22.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/24/1682 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/24/1682 განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის  განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/24/1682 2023 წლის 27 ოქტომბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი. სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე. საქმის დასახელება: გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. დავის საგანი: „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 9​1 მუხლისა და „„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1682) მომართა გიორგი ცააძემ. №1682 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 11 თებერვალს. №1682 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს. 2. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31​1 მუხლები და  39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. „ელექტროენერგიის ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების  9​1 მუხლი განსაზღრავს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფებს. „„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების  პირველი მუხლის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 9​1 მუხლში და  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის პირველი ივლისი. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით კი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. 5. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკორექტირა ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები, კერძოდ, 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე და 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის. ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები კატეგორიზებულია, შესაბამისი ვოლტების/კილოვოლტების მიხედვით, პირთა სხვადასხვა კატეგორიისათვის ‒ მცირე საწარმოებისათვის, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის გარდა მცირე საწარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ 101 კვტსთ-ის ჩათვლით, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით ან 301 კვტსთ-დან და მეტი ოდენობით. ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ცვლილება განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 9​1 მუხლში და  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები ჩამოყალიბდა იმ რედაქციით, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელე მხარის მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების მე-2 მუხლით კი ხსენებული დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2021 წლის პირველი ივლისი. 6. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სადავო ნორმების საფუძველზე, ცვლილებები განახორციელა ელექტროენერგიის ტარიფების ოდენობებში. კერძოდ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  დააკორექტირა და გაზარდა ელექტროენერგიის ტარიფები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის  წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რეგულირებული საქმიანობით დააგროვა ზარალი/ხარჯი, სწორედ აღნიშნული ზარალის ანაზღაურების მიზნით იქნა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ზარალი თავად კომპანიის მიერ განხორციელებული წამგებიანი, ფინანსურ ზიანზე ორიენტირებული მენეჯმენტიდან გამომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ არგუმენტად მოყვანილია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის 2020 წლის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ ანგარიშში მოცემული მონაცემები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის წინსვლასა და ზარალის მინიმალურ ოდენობაზე. 7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოში არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, გაზრდილი ინფლაცია და ვალუტის არასტაბილური კურსი. ამ პირობებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის პროცესში ფორმალურ-სამართლებრივად გაითვალისწინა მხოლოდ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული ინტერესები და არ შეაფასა მოსახლეობაზე და კომერციულ საწარმოებზე მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით (მაგ., პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, საშუალო ფენის წარმომადგენლები და სხვ.), შემოსავლისა და გასავლის შეფარდებიდან გამომდინარე, რამდენად სამართლიანი და პროპორციული იყო ვალუტის კურსის ცვლილების გამო ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა, მოსახლეობის საზიანოდ. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისას არ გაითვალისწინა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით რამდენად იყო დაცული ერთიან შიდა პროდუქტთან ელექტროენერგიის ფასნამატის შესაბამისი პროპორცია. 8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი ჭარბ ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობის სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ფენას. მისი განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ პენსიონერებისათვის, სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვრის მიღმა მყოფი პირებისათვის ასეთ დონეზე გაზრდილი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა წარმოადგენს უდიდეს სირთულეს. ამგვარად, სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპს. 9. მოსარჩელის პოზიციით, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. ადამიანის ღირსების უფლების შელახვად უნდა შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს არ რჩება ღირსეულად ცხოვრების გაგრძელებისათვის მინიმალური შემოსავალი. მოსარჩელის განმარტებით, კომუნალური მომსახურება, საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში, რომ მასზე ხელმისაწვდომობისათვის ადამიანმა შესაძლებელია სხვა საყოფაცხოვრებო და მატერიალური დანაკლისის ხარჯზე, კომუნალური პრობლემის მოგვარება არჩიოს. აღნიშნული კი ადამიანს სახელმწიფოს ხელში ინსტრუმენტად გადააქცევს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს. 10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები აწესებს, ერთი მხრივ, უთანასწორო მიდგომას არსებითად თანასწორი პირების - საზოგადოების მიმართ, რომელთაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში გაეზარდათ ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი, მეორე მხრივ კი, არსებითად თანასწორ მოპყრობას მნიშვნელოვნად უთანასწორო სუბიექტებს შორის, რაც გამოიხატა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მიერ ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების შესახებ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” შუამდგომლობის დაკმაყოფილებაში. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს. 11. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობისას მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოების პიროვნებისა და სახელმწიფოს განვითარება უსაფუძვლოდ, არაადეკვატურად გაზრდილი მაღალი გადასახადებიდან გამომდინარე. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი გადასახადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას. 12. ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადის გაზრდა არ გულისხმობს ახალ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის დადგენას, თუმცა ადგილი აქვს აღნიშნული გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზრდას, რაც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან. 13. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მოსარჩელე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტზე. 14. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაში, აგრეთვე მიმდინარე პანდემიის ფონზე, მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით კომუნალური მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც მოსახლეობას აყენებს მძიმე ფსიქოლოგიურ-მორალურ მდგომარეობაში და წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. 2. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 9​1 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით. 3. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფებს, 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე და 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდებისათვის. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, დაუსაბუთებლად, უსამართლოდ, არაგონივრულად და ცალმხრივად, მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის კომერციული ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მოქალაქეთა გადახდისუნარიანობის გათვალისწინების გარეშე, გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებს. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ცვლილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, ვერ პასუხობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის ფორმალურ კრიტერიუმებს. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა განხორციელდა დაუსაბუთებლად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის № 68 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების ძირითად პრინციპებსა და მეთოდოლოგიას და ამომწურავად ჩამოთვლის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ელექტროენერგიის ტარიფების გადაანგარიშებისას. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა ელექტროენერგიის ტარიფის რომელიმე კომპონენტის ნორმატიულ დონეზე, არასწორად განსაზღვრაზე ან/და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მიერ პრაქტიკაში ტარიფის მეთოდოლოგიის დადგენისას, მის  მიერ ამა თუ იმ კომპონენტის გაუთვალისწინებლობაზე ან საჭიროების გარეშე გათვალისწინებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიცია, რომ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების გაზრდა ობიექტური საჭიროებების, დაუსაბუთებლად განხორციელდა, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და არ ეფუძნება სათანადო არგუმენტაციას. შესაბამისად, №1682 კონსტიტუციური სარჩელი ამ მხრივ დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული. 5. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი,  მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ კერძო ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ მიიღო ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების გადაწყვეტილება. მოსარჩელის ხსენებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავს ელექტროენერგიის განაწილებასა ტარიფებს, და არა მათი გაანგარიშების/კორექტირების წესს, პირობებსა და კრიტერიუმებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დამოუკიდებელი რეგულაციებით განცალკევებით განისაზღვრება ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების წესი და კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი გაანგარიშებისას. შესაბამისად, უშუალოდ ელექტროენერგიის ტარიფის ოდენობის დამდგენი ნორმები საკუთარ თავში არ მოიაზრებს მისი შემუშავების პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სათანადო კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობითაც, მოსარჩელის აზრით, მიღწეულ იქნება სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების დამდგენი წესი და არა უშუალოდ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები. სწორედ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე განისაზღვრება ტარიფის შემადგენელი კომპონენტები, მისი დადგენის პრინციპები და ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული ტარიფის კონკრეტული ოდენობის შემუშავებისას. 6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა არ აწესრიგებს ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის განსაზღვრისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს, მათ შორის, არც ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და არც მომხმარებლის გადახდისუნარიანობის მხედველობაში მიღების საკითხს. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ №1682 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს არა გასაჩივრებული ნორმიდან, რომელიც უშუალოდ ადგენს ელექტროენერგიის განაწილების ტარიფებს, არამედ ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების/კორექტირების წესის დამდგენი ნორმიდან. შესაბამისად, აშკარაა, რომ ელექტროენერგიის ტარიფებში სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის საკითხის გათვალისწინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმას. 7. №1682 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი არგუმენტი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ღირსების ძირითადი უფლების ფარგლებში, ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნის ვალდებულებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ადამიანის ღირსებას ლახავს ის გარემოება, რომ დისპროპორციული გადასახადების გადახდის შემდგომ, ადამიანს არ რჩება საკმარისი შემოსავალი ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაგონივრულად მაღალი კომუნალური გადასახადები იწვევს ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს. 8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ტარიფების დადგენის გზით, სახელმწიფო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არეგულირებს შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით კომუნალური მომსახურების ტარიფის სახელმწიფო რეგულირების მიზანია, განისაზღვროს ის მაქსიმალური ღირებულება, რომლის ანაზღაურებაც დასაშვებია მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნულ კომუნალურ მომსახურებაზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისმა ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ამგვარად, სადავო ნორმა ემსახურება ელექტროენერგიის ტარიფების დამტკიცებას და მისი რეგულირების სფერო შემოიფარგლება აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით. 9. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი დგინდება იმ მიზნით, რომ, წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მისაღებ ფასად მოხდეს ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ პირთა გარკვეულ კატეგორიას, ინდივიდუალური სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და, ამ თვალსაზრისით, ღირსეული ცხოვრებისათვის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და ეფექტური მხარდაჭერა ესაჭიროებოდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის მხარდაჭერის მიზნით შერჩეული ღონისძიების ფორმები და მათი მასშტაბი. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული პოზიტიური ღონისძიებები არ არის ეკონომიკურ აგენტსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის შემადგენელი ელემენტი, არამედ ამგვარი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ეხმარება პირებს, რათა მათ, უკვე დადგენილი პირობების ფარგლებში შეძლონ შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ელექტროენერგიის შეძენა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იმ მოსახლეობის ხელშეწყობა, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ აღნიშნული კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია. 10. სადავო ნორმით რეგულირებული სფერო დამოუკიდებელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი [პოზიტიური] ღონისძიებებისაგან. სადავო ნორმების რეგულირების სფეროს სცდება იმის მოწესრიგება, პირთა რა კატეგორიის მიერ, როგორი პირობებითა და რა ფორმით გადაიხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური და როგორ სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, მას სრულად აანაზღაურებს მომსახურების მიმღები მომხმარებელი თუ სახელმწიფოს მიერ მოხდება კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ხელშეწყობა, რა ფორმით მოხდება ან პირთა რა კატეგორიასთან მიმართებით და სხვ. სადავო ნორმები არ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავების ვალდებულებაზე და არც რაიმე ფორმით გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ისინი საერთოდ არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. ამრიგად, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომელიც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნისა და მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, აგრეთვე არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. 11. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებით, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ №1682 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია არც ის გარემოება, რომ თავად განეკუთვნება პირთა იმ ჯგუფს, რომელსაც საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეეზღუდოს ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა გაზრდილი ტარიფების გამო. 12. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მიერ ელექტროენერგიის განაწილებისას, ტარიფების გაზრდა გულისხმობს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების განაკვეთების ფარგლების ცვლილებას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლს, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. 13. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში, მათ შორის, გადასახადების შემოღების, განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების მოწესრიგების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, სავალდებულოა, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებების დარღვევას გამოიწვევს ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი რეგულაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად განსაზღვრავს გადასახადების სტრუქტურას და შემოღების წესს, მათ განაკვეთებს ან განაკვეთების ფარგლებს. 14. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის შესაფასებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, დადგინდეს ელექტროენერგიის ღირებულების საფასური განეკუთვნება თუ არა გადასახადს, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის. ამისათვის კი საჭიროა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული გადასახადის შინაარსის განსაზღვრება. 15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, იმისათვის, რომ ესა თუ ის ღონისძიება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახადად იქნეს მიჩნეული, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე წინაპირობას. კერძოდ, აღნიშნული გადასახადი უნდა იყოს პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებული სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე. ამასთანავე, გადასახადი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების კონსოლიდირებას. სხვა ტიპის გადასახდელებისაგან განსხვავებით, იგი არ უნდა გადაიხდებოდეს რაიმე ინდივიდუალური სიკეთით სარგებლობისთვის და რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად. გადასახადის შეგროვებას/ადმინისტრირებას სახელმწიფოს ფუნქციონირების ზოგადი მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული საპასუხო სარგებლის, საჯარო სერვისის მიღებას ან საქმიანობის განხორციელებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი ‒ საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-26). 16. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დამდგენი ნორმა.  ამ მხრივ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო რეგულაციები აწესრიგებს არა პირსა და სახელმწიფოს, არამედ ორ კერძოსამართლებრივ სუბიექტს შორის არსებულ ურთიერთობას. ელექტროენერგიის საფასური წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს ‒ ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადასახდელები გადაიხდება არა სახელმწიფოს, არამედ სწორედ კომპანიის სასარგებლოდ. ამასთანავე, ხსენებული გადასახდელები არის არა სავალდებულო შენატანი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებისკენაა მიმართული და რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე, არამედ წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის გაწეული კონკრეტული მომსახურების ‒ ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილ საფასურს. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის გადასახდელებს პირი იხდის, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სერვისის მიღების სანაცვლოდ. ამგვარად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი გადასახდელი არ არის აბსტრაქტული ხასიათის და იგი გადაიხდება მომხმარებლის მიერ კონკრეტული ინდივიდუალური სიკეთით ‒ ელექტროენერგიით სარგებლობისათვის. 17. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია №1682 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი რეგულაციით დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების გადასახადად დაკვალიფიცირება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისათვის. შესაბამისად, №1682 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო არგუმენტაციის ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული. 18. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 9​1 მუხლში და  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. 19. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვს არა ძირითადი ნორმატიული აქტის რომელიმე ნორმის, არამედ იმ ნორმატიული აქტის დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც თვით ეს ძირითადი ნორმატიული აქტი შეიცვალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად ... შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს არა ცვლილებების და დამატებების შესახებ კანონი, არამედ მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონი დამოუკიდებლად ვერ შეფასდება როგორც უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7-9). შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს და, ამდენად, დარღვეულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტი. 20. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის მიხედვითაც დასახელებული დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2021 წლის პირველი ივლისი. მოსარჩელის მიერ №1682 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიცია მიემართება იმ სადავო ნორმებს, რომლებიც შინაარსობრივად განსაზღრავს კონკრეტულ შეზღუდვებს და არა მათი ამოქმედებისა და მოქმედების ვადებს. 21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რა შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2021 წლის 29 ივნისის №28 დადგენილების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად 2021 წლის პირველი ივლისის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის რეგულაცია, მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ აღნიშნული რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედებისა და მოქმედების ვადის განმსაზღვრელი რეგულაციის კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის არა კონკრეტული ვადები, არამედ ესა თუ ის ნორმატიული წესი, შინაარსობრივად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინეშახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა არ გამომდინარეობს სადავო ნორმისაგან და №1682 კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული. 22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ№1682 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 31​5 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1682 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში