საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №235
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№235
2023 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი და 11 ნაწილების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
პრეამბულა
1. საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს Doc 9501 IV ტომის (“საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“) მოთხოვნების მიხედვით.
2. წესის მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდის (შემდგომში „სხ“) ფრენის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია.
3. წესი ადგენს სხ-ის საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის მარეგულირებელ ნორმებს.
მუხლი 2🔗.
რეგულირების სფერო
1. წესის მოთხოვნები ვრცელდება სხ-ის ექსპლუატანტზე, რომელიც ფლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაცემულ სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და რომელიც ახორციელებს 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ის ექსპლუატაციას და რომლის მიერ ამავე სხ-ების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას (გარდა სამედიცინო, ჰუმანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ფრენებისა).
შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის, სხ გულისხმობს მხოლოდ თვითმფრინავს.
2. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო ფრენებზე, რომლებიც ემსახურება სამედიცინო, ჰუმანიტარულ ან ხანძარსაწინააღმდეგო ფრენების შესრულებას, იმ პირობით, რომ ამგვარი ფრენები სრულდება იმავე სხ-ის გამოყენებით, რომლითაც უნდა შესრულდეს აღნიშნული სამედიცინო, ჰუმანიტარული ან ხანძარსაწინააღმდეგო ფრენა და მათი შესრულება აუცილებელია ამგვარი ფრენების განხორციელებისთვის ან მათ შემდგომ სხ-ის პოზიციონირებისთვის მომდევნო ფრენის შესასრულებლად. სხ-ის ექსპლუატანტმა ვერიფიკაციის ორგანოს ან, მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს უნდა წარუდგინოს ამგვარი ფრენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
3. მას შემდეგ რაც სხ-ის ახალი ექსპლუატანტი დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მის მიმართ ამ წესის მოთხოვნები გავრცელდება მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან, გარდა ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. წესის მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 3🔗.
წესში გამოყენებული შემოკლებები
წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხ – საჰაერო ხომალდი;
ბ) AOC – ექსპლუატანტის სერტიფიკატი;
გ) CERT – CORSIA-ს ფარგლებში ნახშირორჟანგის გამოთვლისა და შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებელი პროგრამა;
დ) CO2 – ნახშირორჟანგი;
ე) CO2e – ნახშირორჟანგის ეკვივალენტი;
ვ) CORSIA – ხანშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსაციის სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის;
ზ) IAF – საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი;
თ) IEC – საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია;
ი) ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
კ) MRV – მონიტორინგი, ანგარიშის წარდგენა და ვერიფიკაცია;
ლ) MJ – მეგაჯოული.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
ბ) აეროდრომების წყვილი – ორი აეროდრომისგან შემდგარი წყვილი, რომელშიც შედის გამგზავრების და დანიშნულების აეროდრომები;
გ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;
დ) თვითმფრინავის მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია თვითმფრინავის რეგისტრაციის სერტიფიკატით;
ე) ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – სხ-ის ექსპლუატანტის მიერ სხ-ის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;
ვ) გარდაქმნის პროცესი- ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ნედლეულისგან საავიაციო საწვავის მისაღებად;
ზ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავი – CORSIA-ს შესაბამისი მდგრადი საავიაციო საწვავი ან CORSIA-ს შესაბამისი დაბალნახშირორჟანგიანი საავიაციო საწვავი, რომელიც სხ-ის ექსპლუატანტს შეუძლია გამოიყენოს საკომპენსაციო ვალდებულების შესამცირებლად;
თ) CORSIA-ს დაბალნახშირორჟანგიანი საავიაციო საწვავი – წიაღისეული საავიაციო საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომში („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) მოცემულ CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;
ი) CORSIA-ს მდგრადი საავიაციო საწვავი – განახლებადი ან ნარჩენებისგან წარმოებული საავიაციო საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომში („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) მოცემულ CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;
კ) ნედლეული – გადაუმუშავებელი ნედლი მასალა, რომელიც გამოიყენება საავიაციო საწვავის წარმოებისთვის;
ლ) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის წარდგენილი სათანადო ინფორმაცია სხ-ის მოსალოდნელი ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;
მ) ჩასხმული საწვავი – საწვავის ოდენობა, რომელსაც საწვავის მიმწოდებელი თითოეული ფრენისთვის ანგარიშობს და უთითებს (ლიტრში) ჩაბარების აქტში ან ანგარიშ-ფაქტურაში;
ნ) დიდი წრის რკალის მანძილი – უმოკლესი მანძილი გამგზავრების და დანიშნულების აეროდრომებს შორის, დამრგვალებული უახლოეს კილომეტრამდე და გაზომილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც მოდელირებულია 1984 წლის მსოფლიო გეოდეზიური სისტემის შესაბამისად (WGS84);
შენიშვნა: აეროდრომების გრძედი და განედი კოორდინატები მოცემულია იკაოს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელების ბაზაში.
ო) ეროვნული აკრედიტაციის ორგანო – შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაადასტუროს ვერიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობა კონკრეტული სავერიფიკაციო მომსახურების გასაწევად.
პ) ახალი ექსპლუატანტი – სხ-ის ექსპლუატანტი, რომელსაც დაწყებული აქვს ამ წესით გათვალისწინებულ საავიაციო საქმიანობა 2019 წლის 1 იანვრის შემდგომ და რომლის საქმიანობა მთლიანად ან ნაწილობრივ არ არის სხ-ის სხვა ექსპლუატანტის მიერ აღნიშნულ ვადამდე შესრულებული საავიაციო საქმიანობის გაგრძელება;
ჟ) სხ-ის ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;
რ) ანგარიშგების პერიოდი – პერიოდი, რომელიც იწყება წლის 1 იანვარს და სრულდება 31 დეკემბერს და რომლის განმავლობაშიც სხ-ის ექსპლუატანტი სააგენტოში წარადგენს ამ წესით მოთხოვნილ ინფორმაციას.
შენიშვნა: ფრენის გამგზავრების დროით (UTC) განისაზღვრება თუ ანგარიშგების რომელ პერიოდს მიეკუთვნება ფრენა;
ს) სახელმწიფოთა წყვილი – ორი სახელმწიფოსგან შემდგარი წყვილი, რომელშიც შედის გამგზავრების სახელმწიფო ან მისი ტერიტორიები და დანიშნულების სახელმწიფო ან მისი ტერიტორიები;
ტ) ვერიფიკაციის ორგანო – მიუკერძოებელი აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციას;
უ) ანგარიშის ვერიფიკაცია – CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის დამოუკიდებელი, რეგულარული და დოკუმენტირებული შეფასების პროცესი;
ფ) ვერიფიკაციის ანგარიში – ვერიფიკაციის ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ვერიფიკაციის დასკვნას და სხვა დამხმარე ინფორმაციას;
ქ) ვერიფიკაციის ჯგუფი – ვერიფიკაციის ორგანოში შემავალი ვერიფიკატორების ჯგუფი, ან ცალკეული ვერიფიკატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს ჯგუფის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია, და რომელიც ახორციელებს CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში, CO2-ის გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციას;
შენიშვნა: შესაძლებელია, რომ ჯგუფს დახმარება გაუწიოს ტექნიკურმა ექსპერტ(ებ)მა.
ღ) საერთაშორისო ფრენა – სხ-ის ფრენა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
შენიშვნა: შესრულებული ფრენის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს იკაოს ოფიციალური დოკუმენტის Doc 7910-ის („ადგილმდებარეობის აღმნიშვნელები“) მიხედვით, რომელშიც მოცემულია აეროდრომების და შესაბამისი სახელმწიფოების ჩამონათვალი. დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს Doc 9501 IV ტომში (“საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“);
ყ) ადგილობრივი ფრენა – სხ-ის ფრენა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
შ) საანგარიშო პერიოდი – ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ წესით გათვალისწინებულია შემდეგი საანგარიშო პერიოდები:
ა) 2024-2026
ბ) 2027-2029
გ) 2030-2032
დ) 2033-2035
ჩ) მონაცემთა ხარვეზი – სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ფრენებზე გამოყენებული საწვავის შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაციის არარსებობა. მონაცემთა ხარვეზი შესაძლოა გახდეს გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანოს მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების მიზეზი. მონაცემთა ხარვეზი შესაძლოა აგრეთვე გამოვლენილ იქნეს სააგენტოს მიერ ვერიფიცირებული გამონაბოლქვის ანგარიშის განხილვის პროცესში;
ც) „მატერიალური ზღვარი“ – გამონაბოლქვის ანგარიშში ასახულ ინფორმაციაში დაფიქსირებული შეუსაბამობების დასაშვები ოდენობა, რომელიც გავლენას არ ახდენს ანგარიშში წარმოდგენილ CO2-ის გამონაბოლქვის საბოლოო რაოდენობრივ სისწორეზე. გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ორგანოს მიერ „მატერიალური ზღვრის“ გამოყენების წესს ადგენს ISO 14064-3:2019 სტანდარტი.
მუხლი 5🔗.
ცალკეული საერთაშორისო ფრენის შესრულებაზე პასუხისმგებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება
1. კონკრეტული საერთაშორისო ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს შემდეგი ელემენტების გათვალისწინებით:
ა) სარეგისტრაციო ნიშნები: როდესაც ფრენის გეგმის მე-7 პუნქტში (სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი) მითითებულია სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც აღნიშნულია სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC), ეს ფრენა ითვლება სხ-ის იმ ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელიც ფლობს აღნიშნულ სერტიფიკატს (AOC);
ბ) სხ-ის ეკიპაჟიანი იჯარის ან სხ-ის ექსპლუატანტებს შორის არსებული სხვა შეთანხმების შემთხვევაში, იკაოს ამოსაცნობი ინდექსი: როდესაც ფრენის გეგმის მე-7 პუნქტში (სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი) მითითებულია იკაოს საიდენტიფიკაციო კოდი, ეს ფრენა მიიჩნევა იმ სხ-ის ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელსაც მინიჭებული აქვს ეს კოდი.
შენიშვნა 1: იკაოს ამოსაცნობი ინდექსები მოცემულია იკაოს დოკუმენტში Doc 8585 – „საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების ამოსაცნობი ინდექსები“.
შენიშვნა 2: ფრენის გეგმის მე-7 პუნქტზე მითითება ეფუძნება იკაოს მიერ განსაზღვრულ ფრენის გეგმის ფორმას, რომელიც მოცემულია Doc 4444-ის („სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები – საჰაერო მოძრაობის მართვა“) დამატება №2-ში.
გ) იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნები გავრცელდება სხ-ის მესაკუთრის მიმართ.
შენიშვნა: ამ წესის მიზნებისათვის, ერთი და იმავე რეისის ნომრით შესრულებული ორი ან მეტი თანმიმდევრული ფრენებიდან თითოეული მიიჩნევა ცალკეულ ფრენად.
2. სხ-ის მესაკუთრე, რომელიც იდენტიფიცირებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია.
3. სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი პროცედურული მოთხოვნების შესრულება ხელშეკრულების საფუძველზე დაავალოს მესამე პირს, გარდა ვერიფიკაციის ორგანოსი. ამ წესის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დელეგირება დაუშვებელია.
სააგენტო იკაოს წარუდგენს სხ-ის იმ ექსპლუატანტების ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოთხოვნები.
მუხლი 6🔗.
ჩანაწერების მართვა
სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია 10 წლის განმავლობაში შეინახოს ის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ წესის II, III და IV თავების მოთხოვნებთან.
მუხლი 7🔗.
ვალდებულების შესრულების ვადები
სხ-ს ექსპლუატანტი ვალდებულია, ამ წესით დადგენილი ვალდებულებები შეასრულოს ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
თავი II
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგი, ანგარიშგება და ვერიფიკაცია (MRV)
მუხლი 8🔗.
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის წინასწარი მონიტორინგი
1. სხ-ის ექსპლუატანტი, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ზღვართან მიახლოებისას, ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
2. სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს სხ-ის ექსპლუატანტების წინასწარი მონიტორინგი, მათ მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ზღვართან მიახლოების დასადგენად.
3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიმართაც გასულ წელს (y-1) ვრცელდებოდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, მაგრამ მომდევნო წელს (y) მის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მოცულობა ვეღარ აღწევს ამავე პუნქტით დადგენილ ზღვარს, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
მუხლი 9🔗.
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგი
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია განახორციელოს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ საერთაშორისო ფრენებზე გახარჯული საწვავის მონიტორინგი და აღრიცხვა ამ მუხლით დადგენილი კონკრეტული მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
2. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდგომ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდისთვის გამოიყენოს მონიტორინგის ერთი და იგივე მეთოდი.
3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, აღწევს 50 000 ტონას, ამგვარი ფრენებისათვის ვალდებულია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში.
4. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია, საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში.
5. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, 50 000 ტონაზე ნაკლებია, ამგვარი ფრენებისათვის ვალდებულია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში.
6. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, გასცდება 50 000 ტონას მოცემულ (y) წელს და მომდევნო (y+1) წელს, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის განახლებული გეგმა შემდეგი კალენდარული წლის (y+2) 30 სექტემბრამდე. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია რიგით მესამე კალენდარული წლის (y+3) 1 იანვრის შემდგომ გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, როგორც ეს აღწერილია ამ წესის დანართ №3-ში.
7. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური გამონაბოლქვი საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით დადგენილი საკომპენსაციო მოთხოვნები, მცირდება იმგვარად რომ ხდება 50 000 ტონაზე ნაკლები მოცემულ (y) წელს და მომდევნო (y+1) წელს, სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია შეცვალოს მონიტორინგის მეთოდი რიგით მესამე კალენდარული წლის (y+3) 1 იანვრიდან. თუკი სხ-ის ექსპლუატანტი გადაწყვეტს მონიტორინგის მეთოდის ამგვარად შეცვლას, იგი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის განახლებული გეგმა რიგით მეორე კალენდარული წლის (y+2) 30 სექტემბრამდე.
8. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, უფლებამოსილია გამოიყენოს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №3-ში ან CERT პროგრამა, რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №4-ში, მხოლოდ პირველი ანგარიშგების წლისთვის.
9. თუ სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, არ ფლობს საკმარის დოკუმენტაციას საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდის გამოსაყენებლად, უფლებამოსილია, სააგენტოს თანხმობით, გამოიყენოს CERT პროგრამა, მომდევნო ანგარიშგების წლის (y+1) 30 ივნისამდე.
მუხლი 10🔗.
გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრულ ვადებში. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართ №5-ში მოცემულ ინფორმაციას.
2. სხ-ის ახალი ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა მის მიმართ ამ წესის გავრცელებიდან სამი თვის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით.
3. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა დასამტკიცებლად ხელახლა წარუდგინოს იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში შემავალ ინფორმაციაში შედის არსებითი ცვლილება. ამგვარ არსებით ცვლილებად ჩაითვლება გეგმაში წარმოდგენილი ინფორმაციის ისეთი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სხ-ის ექსპლუატანტის უფლებამოსილებაზე გამოიყენოს მონიტორინგის კონკრეტული მეთოდი, ან რომელიც სხვაგვარად გავლენას ახდენს სააგენტოს შეფასებაზე იმის თაობაზე, აკმაყოფილებს თუ არა სხ-ის ექსპლუატანტი მონიტორინგის მოთხოვნებს.
4. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც გავლენა შეიძლება მოახდინოს სააგენტოს მიერ ამ წესის ფარგლებში ზედამხედველობის განხორციელებაზე, როგორიცაა კორპორატიული დასახელების ან მისამართის შეცვლა, მაშინაც კი, თუ აღნიშნული ცვლილება არ არის არსებითი ხასიათის.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის და მასში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).
5. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად მის მიმართ ამ წესის გავრცელებიდან სამი თვის განმავლობაში. სააგენტო ამგვარ გეგმას ამტკიცებს მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
6. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც არ წარმოადგენს ახალ ექსპლუატანტს და რომლის მიმართაც ამ წესის ამოქმედების შემდეგ პირველად გავრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა კალენდარული წლის (y) ბოლოს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სხ-ის ექსპლუატანტს დაუწესოს ამ წესით დადგენილისგან განსხვავებული ვადები გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის წარდგენისა და ვერიფიკაციის პროცესის დასრულებისთვის.
7. სხ-ის ექსპლუატანტი სამეწარმეო საზოგადოების შერწყმის ან გაყოფის, შვილობილი სამეწარმეო საზოგადოების (სხ-ის ექსპლუატანტი) წარმოქმნის და პირველად საერთაშორისო ფრენებზე ოპერირების დაწყების წინ ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შემუშავების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილება იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) მის მიმართ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გავრცელებას.
მუხლი 11🔗.
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გამოთვლა სხ-ის მიერ გახარჯული საწვავის მიხედვით
1. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ში ჩასხმული საწვავის ოდენობა მითითებულია მოცულობის ერთეულებში, სხ-ის ექსპლუატანტმა ამავე საწვავის მასის გამოსათვლელად უნდა გამოიყენოს საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი.
2. სხ-ის ექსპლუატანტმა თითოეულ შემთხვევაში საბორტო ან ტექნიკურ ჟურნალში უნდა მიუთითოს საწვავის სიმკვრივის ის მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მიზნებისთვის. საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელს შესაძლოა ჰქონდეს ფაქტობრივი ან 0,8 კგ/ლ-ის ტოლი სტანდარტული მნიშვნელობა. ფაქტობრივი ან სტანდარტული სიმკვრივის მაჩვენებლის გამოყენების პროცედურა დეტალურად უნდა იყოს აღწერილი გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში, სხ-ის ექსპლუატანტის შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა საწვავის სიმკვრივის შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).
3. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, ვალდებულია საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ოდენობა გამოითვალოს №6 ფორმულის მიხედვით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
მუხლი 12🔗.
CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ხარჯვის მონიტორინგი
1. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც აპირებს მოითხოვოს მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის ოდენობის შემცირება CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე, ვალდებულია ამ მიზნით გამოიყენოს CORSIA-ს შესაბამისი საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს და რომელიც წარმოებულია იკაოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ.
2. სხ-ის ექსპლუატანტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შენიშვნა: CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების შესახებ სხ-ის ექსპლუატანტის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს CORSIA-ს შესაბამისი საწვავის იმ მასას, რომელიც მითითებულია ამგვარი საწვავის შესყიდვის და შერევის ჩანაწერებში.
მუხლი 13🔗.
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესახებ ანგარიშის წარდგენა
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გამონაბოლქვის ვერიფიცირებული ანგარიშის ასლი და მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
2. სხ-ის ექსპლუატანტმა გამონაბოლქვის ანგარიშში საერთაშორისო ფრენები უნდა ასახოს აეროდრომების წყვილების მიხედვით.
3. სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის ანგარიში უნდა მოიცავდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“ დამატება №5-ში მოცემულ A5-1 ცხრილით განსაზღვრულ ინფორმაციას. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, არ არის ვალდებული შეავსოს აღნიშნული ცხრილის მე-5 ველი.
4. სხ-ის ექსპლუატანტმა, სააგენტოსთვის გამონაბოლქვის შესახებ ანგარიშის წარდგენისას უნდა გამოიყენოს იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომის (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები) დამატება №1-ში მოცემული გამონაბოლქვის ანგარიშის სტანდარტული ფორმა.
5. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტი საერთაშორისო ფრენებს ასრულებს შეზღუდული რაოდენობის კონკრეტულ მარშრუტებზე, მიუხედავად იმისა, მოცემული სახელმწიფოების წყვილებზე ვრცელდება თუ არა საკომპენსაციო მოთხოვნები, იგი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა, რათა ამგვარი მონაცემები არ გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირება (კომერციული საიდუმლოება). აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხ-ის ექსპლუატანტის კომერციულ ინტერესებს.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოების წყვილის მიხედვით გამონაბოლქვის ერთიანი მონაცემების მიკუთვნება კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ შესაძლებელია იმის გამო, რომ აღნიშნულ მარშრუტზე საერთაშორისო ფრენებს ასრულებს სხ-ის ექსპლუატანტთა ძალზე მცირე რაოდენობა, აღნიშნული სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა, რათა ამგვარი მონაცემები არ გამოქვეყნდეს სახელმწიფოების წყვილების მიხედვით (კომერციული საიდუმლოება). აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხ-ის ექსპლუატანტის კომერციულ ინტერესებს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნებისთვის, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კონკრეტული სახელმწიფოების წყვილის მიხედვით წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა კომერციულ საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტი იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევას სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
9. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია CO2-ის გამონაბოლქვის შესახებ უახლოეს ტონამდე დამრგვალებული სიზუსტით.
მუხლი 14🔗.
CORSIA-ს შესაბამისი საწვავის შესახებ ანგარიშის წარდგენა
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია მის მიერ გამოყენებული და სააგენტოსადმი წარსადგენი CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ჯამურ რაოდენობაში არ ასახოს CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ის ოდენობა, რომელსაც ნასყიდობის ან სხვა გზით გადასცემს მესამე პირს.
2. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სათბურის აირების შემცირების ყველა იმ სხვა სქემის შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობს და რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს გამონაბოლქვის შემცირებას CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე. დაუშვებელია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ერთი და იმავე პარტიის გამოყენება ამ წესისა და სხვა რომელიმე სქემის ფარგლებში გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.
3. CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების შესახებ სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამონაბოლქვის ანგარიშში შეტანილი მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“ დამატება №5-ის A5-2 ცხრილში აღწერილ ინფორმაციას. მოცემული საანგარიშო პერიოდისთვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს CORSIA-ს შესაბამისი ყველა იმ საწვავის მიმართ, რომელიც საწვავის შემრევისგან სხ-ის ექსპლუატანტს მიღებული აქვს ამავე საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე. სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა ეტაპს, რომელსაც CORSIA-ს შესაბამისი საწვავი გადის სტანდარტულ საავიაციო საწვავთან შერევამდე, როგორც სუფთა (უმინარევო) საწვავის მწარმოებლისგან, ასევე საწვავის შემრევისგან მიღებული ინფორმაციის ჩათვლით.
4. სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების შესახებ მოთხოვნა სააგენტოს წარუდგინოს ყოველწლიურად, რათა უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტაციის დროული დამუშავება, ან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს წარადგინოს გამონაბოლქვის შემცირების შესახებ მოთხოვნა, ამავე პერიოდში საწვავის შემრევისგან ჯამურად მიღებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე.
5. თუ სხ-ის ექსპლუატანტი საწვავს იძენს საწვავის შემრევის გარდა ნებისმიერი მესამე პირისგან (დისტრიბუტორი, სხვა სხ-ის ექსპლუატანტი ან საწვავის სააეროდრომო დისტრიბუტორი), იგი ვალდებულია ამავე მესამე პირისგან მოითხოვოს დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მის მიერ CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების თაობაზე მოთხოვნის წარსადგენად.
6. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გამოყენებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის მონაცემები უახლოეს ტონამდე დამრგვალებული სიზუსტით.
მუხლი 15🔗.
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ვერიფიკაცია
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს გამონაბოლქვის წლიური ანგარიშის ვერიფიკაცია იმ ვერიფიკაციის ორგანოს მიერ, რომელიც მითითებულია იკაოს ოფიციალურ დოკუმენტში „CORSIA: ცენტრალური რეესტრი (CCR): ინფორმაცია და მონაცემები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“.
2. სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს გამონაბოლქვის ანგარიშის შიდა წინასწარი შემოწმება, ვერიფიკაციის ორგანოს მიერ ვერიფიკაციის ჩატარებამდე.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა გამონაბოლქვის ანგარიშის შიდა წინასწარი შემოწმების შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).
3. ვერიფიკაციის ორგანომ გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ISO 14064-3:2019 სტანდარტისა და ამ წესის 35-ე-45-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. ვერიფიკაციის ორგანოს მიერ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციის შემდეგ, სხ-ის ექსპლუატანტმა და ვერიფიკაციის ორგანომ, სხ-ის ექსპლუატანტის თანხმობით, აღნიშნული გამონაბოლქვის ანგარიშის ასლი და მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარუდგინონ სააგენტოს ამ წესის დანართ #1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად, რის შემდგომაც წარმოდგენილ ანგარიშში ასახული მონაცემების სისწორე ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას.
5. გამონაბოლქვის ანგარიშში შემავალ მონაცემთა სისწორის და სისრულის გადამოწმების მიზნით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტო უფლებამოსილია მესამე სახელმწიფოს, მასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, გადასცეს სხ-ის იმ ექსპლუატანტის გამონაბოლქვის ანგარიშში შემავალი კონკრეტული მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც ფრენებს ასრულებს აღნიშნული მესამე სახელმწიფოს მიმართულებით, რის თაობაზეც სააგენტო წინასწარ აცნობებს სხ-ის ექსპლუატანტს.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სხ-ის ექსპლუატანტის დასახელებას, ანგარიშგების წელს, საერთაშორისო ფრენების რაოდენობას აეროდრომების წყვილების მიხედვით, აგრეთვე მონაცემებს სხ-ის და გამონაბოლქვის შესახებ.
6. სააგენტო უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხ-ის ექსპლუატანტის მონაცემები გაუზიაროს მესამე სახელმწიფოს, თუ აღნიშნული მონაცემები აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რომელი სხ-ის ექსპლუატანტის მიერაა შესრულებული კონკრეტული საერთაშორისო ფრენა. აღნიშნული ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევებზეც, როდესაც საერთაშორისო ფრენა სრულდება იჯარით აღებული სხ-ის მიერ და არსებობს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება სხ-ის ექსპლუატანტებს შორის, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ან შვილობილი კომპანიის არსებობისას.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს გაფრენისა და დანიშნულების აეროდრომებს კონკრეტული საერთაშორისო ფრენისთვის, ფრენის შესრულების თარიღსა და დროს, აგრეთვე სხ-ის ტიპს.
მუხლი 16🔗.
CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ვერიფიკაცია
1. CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტმა ვერიფიკაციის ორგანოსა და სააგენტოს უნდა წარუდგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორიცაა საწვავის შესყიდვებთან, ტრანზაქციის ანგარიშებთან, საწვავის შერევასა და მდგრადობასთან დაკავშირებული ჩანაწერები.
2. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია განახორციელოს მის მიერ შესყიდული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება, ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში.
მუხლი 17🔗.
მონაცემთა ხარვეზი სხ-ს ექსპლუატანტის ანგარიშებში
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია დეტალურად აღწეროს მონაცემთა ხარვეზის თავიდან აცილებისკენ მიმართული პროცედურები გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში, ამ წესის დანართ №5-ის პუნქტ 2.4.-ის შესაბამისად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მონაცემთა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).
2. სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, ვალდებულია მონაცემთა ხარვეზი აღმოფხვრას CERT პროგრამის გამოყენებით, იმ პირობით, რომ ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსირებას დაქვემდებარებული საერთაშორისო ფრენების ოდენობა, რომლებზეც ფიქსირდება მონაცემთა ხარვეზი, არ აღემატება ამგვარი საერთაშორისო ფრენების ჯამური რაოდენობის 5%-ს.
3. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტისთვის მონაცემთა ანალიზისას ცნობილი ხდება რომ მონაცემთა ხარვეზი აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე აცნობოს მას კომპენსირებას დაქვემდებარებული იმ საერთაშორისო ფრენების რაოდენობა, რომლებზეც ფიქსირდება მონაცემთა ხარვეზი და მიაწოდოს ახსნა-განმარტება ამგვარი ხარვეზის არსებობის მიზეზებზე. სხ-ს ექსპლუატანტმა აღნიშნული ინფორმაცია, სათანადო ახსნა-განმარტებასთან ერთად უნდა ასახოს შესაბამის გამონაბოლქვის ანგარიშში.
4. სააგენტოსათვის გამონაბოლქვის ანგარიშის წარდგენამდე, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია მასში აღმოფხვრას მონაცემთა ყველა შესაძლო ხარვეზი, შეასწოროს მონაცემებში არსებული სისტემური შეცდომები და უზუსტობები.
მუხლი 18🔗.
გამონაბოლქვის ანგარიშში შეცდომების გასწორება
1. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს მიერ სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის ანგარიშის იკაოსთვის წარდგენის შემდგომ, ვერიფიკაციის ორგანო ან/და სხ-ის ექსპლუატანტი ამავე ანგარიშში აღმოაჩენს შეცდომას, ვერიფიკაციის ორგანომ ან/და ექსპლუატანტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს, შესაბამისი გამონაბოლქვის ანგარიშის განახლების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეცდომის კომპენსირების მიზნით, შესაბამისი ცვლილებები ასახოს სხ-ის ექსპლუატანტის საკომპენსაციო მოთხოვნებში იმ საანგარიშო პერიოდთან მიმართებით, რომლის განმავლობაშიც აღმოჩენილ იქნა აღნიშნული შეცდომა.
თავი III
ნახშირორჟანგის კომპენსაცია და შემცირება
მუხლი 19🔗.
ნახშირორჟანგის კომპენსაციის მოთხოვნების გავრცელება
1. ამ თავით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნები ვრცელდება სხ-ის იმ ექსპლუატანტებზე, რომლებიც საერთაშორისო ფრენებს ასრულებენ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა სია მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA: სახელმწიფოების წყვილები მე-3 თავის მიზნებისთვის“.
2. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები სხ-ის ახალ ექსპლუატანტთან მიმართებით არ გავრცელდება:
ა) სამი წლის განმავლობაში, დაწყებული იმ წლიდან რომელშიც ის დააკმაყოფილებს მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ან
ბ) მანამ, სანამ მის მიერ წლიურად გამოყოფილი CO2 გადააჭარბებს 2019 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ფრენებზე ჯამურად გამოყოფილი CO2-ის 0.1%-ს.
შენიშვნა 1: ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ შემთხვევებიდან რომელი დადგება უფრო ადრე. 0.1%-იანი ზღვრის გადაჭარბების შემდგომ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები სხ-ის ექსპლუატანტზე გავრცელდება მომდევნო კალენდარული წლიდან.
შენიშვნა 2: 2019 წელს ჯამურად გამოყოფილი CO2-ის შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA: 2020 წლის გამონაბოლქვები“.
3. სააგენტო უფლებამოსილია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამოყოფილი CO2-ის წლიური საკომპენსაციო მოთხოვნების გამოთვლა განახორციელოს ამ წესის II თავის შესაბამისად წარდგენილი მონაცემებისა და ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია საკომპენსაციო მოთხოვნების გამოთვლის თაობაზე მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში: „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“.
მუხლი 20🔗.
ნახშირორჟანგის კომპენსაციის მოთხოვნები
1. სააგენტო უფლებამოსილია ყოველწლიურად განახორციელოს მოცემული წლისთვის სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული CO2-ის ოდენობის გამოთვლა, CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გათვალისწინებამდე, №2 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
2. საჭიროებისას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მოცემული წლისთვის სხ-ის ექსპლუატანტის ზრდის კოეფიციენტის (OGFy) გამოთვლა CO2-ის იმ ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც მითითებულია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი დამოწმებული CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშში, №3 ფორმულით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
3. სააგენტო სხ-ის ექსპლუატანტს აცნობებს მოცემული წლისთვის მის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული CO2-ის ოდენობას (ORy), იკაოს მე-16 დანართის IV ტომის პირველ დამატებაში მითითებული ვადების შესაბამისად.
მუხლი 21🔗.
გამონაბოლქვის შემცირება CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენებით
1. სხ-ის ექსპლუატანტმა, რომელიც აპირებს მოითხოვოს მოცემულ წელს CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შემცირება, შესამცირებელი გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლა უნდა განახორციელოს №4 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
2. თანმდევი გამონაბოლქვის მიხედვით საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ღირებულების ფიქსირებული ერთეულის გამოყენებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესამცირებელი გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლისას, სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა იხელმძღვანელოს იკაოს დოკუმენტით „CORSIA: საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ფიქსირებული ღირებულება თანმდევი გამონაბოლქვის მიხედვით“.
მუხლი 22🔗.
CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ხარჯზე შემცირებული და კომპენსაციას დაქვემდებარებული ნახშირორჟანგის ოდენობის გამოთვლა
1. თითოეული სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ, CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის გათვალისწინების შემდგომ, მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში კომპენსირებას დაქვემდებარებული CO2-ის რაოდენობა სააგენტოს მიერ გამოითვლება №5 ფორმულის გამოყენებით, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართ №2-ში.
2. იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის (FORc) უარყოფითია, სხ-ის ექსპლუატანტი თავისუფლდება კომპენსაციის ვალდებულებისგან. აღნიშნული გავლენას არ ახდენს სხ-ის ექსპლუატანტის ვალდებულებებზე მომდევნო საკომპენსაციო პერიოდის მიმართ. ამასთან, სხ-ის ექსპლუატანტი იმ შემთხვევაშიც თავისუფლდება კომპენსირების მოთხოვნისგან, როცა მის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა მოცემული კომპენსირების პერიოდისთვის (OR1,C+OR2,C+OR3,C) 3 000 ტონაზე ნაკლებია (ამ შემთხვევაში, სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია ნებაყოფლობით განახორციელოს CO2-ის კომპენსირება).
3. მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში (FORc) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური ოდენობა უნდა დამრგვალდეს მომდევნო უახლოეს ტონამდე.
4. თითოეული სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამურ ოდენობას, გამოთვლის შემდეგ, სააგენტო აცნობებს სხ-ის ექსპლუატანტს, იკაოს მე-16 დანართის IV ტომის პირველ დამატებაში მითითებული ვადების შესაბამისად.
შენიშვნა: ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას CO2-ის კომპენსაციის მოთხოვნის შესასრულებლად, მოცემულია ამ წესის IV თავში.
თავი IV
გამონაბოლქვის ერთეულები
მუხლი 23🔗.
გამონაბოლქვის ერთეულების გამოყენება
ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სხ-ის იმ ექსპლუატანტების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება III თავით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნები.
შენიშვნა: ერთი გამონაბოლქვის ერთეული შეესაბამება ერთ მეტრულ ტონა (მტ) ნახშირორჟანგს.
მუხლი 24🔗.
CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმება
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაბოლქვის კომპენსაციის ვალდებულება შეასრულოს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების გზით. ამ მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია გააუქმოს მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის სააგენტოს მიერ გამოთვლილი კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის ოდენობის (FORc) შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეული. ამ წესის საფუძველზე, დაიშვება მხოლოდ CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმება, რომლებიც მოცემულია იკაოს დოკუმენტში „CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულები“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) გააუქმოს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულები CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის რეესტრში, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად; და
ბ) CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის რეესტრისგან მოითხოვოს ამავე რეესტრის საჯარო ვებგვერდზე სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში გაუქმებული CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის თითოეული ერთეულის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად. CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის თითოეული გაუქმებული ერთეულის შესახებ ასეთი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ კონსოლიდირებულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას: რაოდენობა, სერიული ნომრის დასაწყისი და ბოლო, გაუქმების თარიღი, CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის დასახელება, ერთეულის ტიპი, გამომშვები სახელმწიფო, მეთოდოლოგიის აღწერა, ერთეულის მოქმედების ვადა და სხ-ის ექსპლუატანტის დასახელება, რომლის სახელითაც განხორციელდა ერთეულის გაუქმება.
შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის, ტერმინი „გაუქმება“ ნიშნავს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულის პროგრამის რეესტრის ფარგლებში ამგვარი ერთეულის ერთჯერად გამოყენებას და მიმოქცევიდან ამოღებას, რათა გამონაბოლქვის ერთი და იმავე ერთეულის გამოიყენება მოხდეს არაუმეტეს ერთგზის.
მუხლი 25🔗.
CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების თაობაზე სააგენტოსთვის შეტყობინება
1. მოცემულ საკომპენსაციო პერიოდში საბოლოო ჯამური საკომპენსაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად გაუქმებული CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ. ამ მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ვერიფიცირებული ანგარიშის ასლი, მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიშის ასლთან ერთად.
2. გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ვერიფიცირებული ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად და იგი უნდა შეიცავდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის IV ტომის („ნახშირორჟანგის შემცირებისა და კომპენსირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის (CORSIA)“) დამატება №5-ის A5-7 ცხრილში მითითებულ ინფორმაციას.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ქვემოთ მოცემული ინფორმაციის იკაოსთვის მიწოდებასა და სააგენტოს ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებას:
ა) მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის სხ-ის თითოეული ექსპლუატანტის მიერ კომპენსაციას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის საბოლოო ჯამური რაოდენობა; და
ბ) მოცემული საკომპენსაციო პერიოდისთვის, სხ-ის თითოეული ექსპლუატანტის მიერ საკომპენსაციო ვალდებულების შესრულების მიზნით გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების ჯამური რაოდენობა.
მუხლი 26🔗.
CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაცია
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ ანგარიშის დამოწმება ვერიფიკაციის ორგანოს მიერ.
შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი არ არის ვალდებული ისარგებლოს იმავე ვერიფიკაციის ორგანოს მომსახურებით, რომელმაც განახორციელა მისი გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაცია.
2. ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვერიფიკაციის მომსახურება განახორციელოს ISO 14064-3:2019-ის სტანდარტისა („სათბურის აირები- ნაწილი 3: სათბურის აირებთან დაკავშირებული ინფორმაციის ვერიფიკაცია და ვალიდაცია“) და ამ წესის 35-ე-45-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. ვერიფიკაციის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ამავე ორგანოს მიერ გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა.
4. ვერიფიკაციის ორგანოს მიერ გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის დამოწმების შემდეგ სხ-ის ექსპლუატანტმა და ვერიფიკაციის ორგანომ (სხ-ის ექსპლუატანტის თანხმობით), ამავე ანგარიშის ასლი და მასთან დაკავშირებული ვერიფიკაციის ანგარიში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა წარუდგინონ სააგენტოს, ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
5. სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ ანგარიში ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას, მასში ასახული მონაცემების სისწორის დასადგენად.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციის თაობაზე მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში: „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“.
თავი V
ვერიფიკაციის ორგანო
მუხლი 27🔗.
ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია
1. ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ მომზადებული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ანგარიში და მის მიერ გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულების შესახებ ანგარიში, თუ ის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულია ISO/IEC 17029:2019 და ISO 14065:2020 სტანდარტებისა და ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია ისარგებლოს სხვა სახელმწიფოში აკრედიტებული ვერიფიკაციის ორგანოს მომსახურებით იმ პირობით, რომ აღნიშნული ვერიფიკაციის მომსახურების მიწოდება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესის მოთხოვნების დაცვით.
2. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციას უნდა ახორციელებდეს ISO/IEC 17011:2017 სტანდარტის შესაბამისად (ISO/IEC 17011:2017-„შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები იმ აკრედიტაციის ორგანოების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას“).
3. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სტატუსი აქტიურია მის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა ვერიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სტატუსის შემოწმების შესახებ მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომში (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები).
მუხლი 28🔗.
ინტერესთა კონფლიქტის მართვა
1. იმ შემთხვევაში, თუ ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ექვსი წელი ზედიზედ ახორციელებს სხ-ის ერთი და იმავე ექსპლუატანტის წლიურ შემოწმებას, მაშინ იგი ბოლო შემოწმებიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ არის უფლებამოსილი სხ-ის იმავე ექსპლუატანტის მიმართ განახორციელოს ვერიფიკაციის პროცედურა. აღნიშნული ექვსწლიანი პერიოდის გამოთვლისას, მხედველობაში მიიღება ნებისმიერი სათბურის აირების ვერიფიკაცია, რომელიც სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ განხორციელდება ამ წესის ამოქმედებამდე.
2. თუ პირი საკონსულტაციო მომსახურებას უწევს სხ-ის ექსპლუატანტს ნებისმიერი სახის სათბურის აირების ანგარიშგების თაობაზე, დაუშვებელია ამავე პირის ჩართვა ამავე სხ-ის ექსპლუატანტის მიმართ ვერიფიკაციის მომსახურებაში, მის მიერ კონსულტაციის გაწევიდან 3 წლის განმავლობაში.
3. ამ წესის მიზნებისთვის, დაუშვებელია, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის მომსახურების გაწევა, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის ორგანოს კაპიტალში წილის ფლობა/მართვა ან ვერიფიკაციის ორგანოს მიერ სხ-ის ექსპლუატანტის საკუთრების უფლებით ფლობა.
4. ამ წესის მიზნებისთვის დაუშვებელია ვერიფიკაციის ორგანოს მიერ გამონაბოლქვის ერთეულებით ვაჭრობა, ვერიფიკაციის ორგანოს მიერ იმ იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა/მართვა, რომელიც ახორციელებს გამონაბოლქვის ერთეულებით ვაჭრობას ან ამგვარი იურიდიული პირის მიერ ვერიფიკაციის ორგანოს კაპიტალში წილის ფლობა/მართვა.
5. ამ წესის მიზნებისთვის დაუშვებელია ვერიფიკაციის ორგანოსა და სხ-ის ექსპლუატანტს შორის ურთიერთობა ეფუძნებოდეს საერთო საკუთრებას, აგრეთვე საერთო მმართველობას, პერსონალს, რესურსებს, ფინანსებს, კონტრაქტებსა და მარკეტინგს.
6. დაუშვებელია სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ვერიფიკაციის ორგანოსთვის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის, გამონაბოლქვის ანგარიშის (საწვავის ხარჯვის მონიტორინგისა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ოდენობის გამოთვლის ჩათვლით) და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება.
მუხლი 29🔗.
მართვა და პერსონალი
1. ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია შეიმუშაოს, დანერგოს და დოკუმენტურად ასახოს ვერიფიკაციის ჯგუფის წევრთა კომპეტენციის შეფასების მეთოდი ISO 14065:2020, ISO 14066:2011 სტანდარტებისა და ამ თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ვერიფიკაციის ჯგუფის წევრთა კომპეტენციის დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა.
მუხლი 30🔗.
პერსონალის კომპეტენცია
1. ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია:
ა) თითოეული ამოცანის შესასრულებლად განსაზღვროს ვერიფიკაციის ჯგუფის კომპეტენტური შემადგენლობა;
ბ) ვერიფიკაციის თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვროს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის ამოცანის შესრულების დაგეგმვასა და ჯგუფის მართვაზე;
გ) უზრუნველყოს ვერიფიკაციის საქმიანობაში ჩართული პერსონალის კომპეტენციის მუდმივი შენარჩუნება და პროფესიული განვითარება, მათ შორის, მათი გადამზადება კომპეტენციის შენარჩუნებისა ან/და ამაღლების მიზნით; და
დ) ჩაატაროს კომპეტენციის შეფასების პროცესის რეგულარული შეფასება, ამ წესის მოთხოვნებთან მისი უწყვეტი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ვერიფიკაციის ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა გააჩნდეთ თეორიული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ა) ამ წესით, იკაოს ოფიციალური გამოცემა – „გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს“ (Doc 9501) IV ტომით („საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები“) დადგენილი მოთხოვნები და იკაოს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ნებისმიერი განმარტებითი მასალა;
ბ) ვერიფიკაციის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია ამ წესითა და იკაოს ოფიციალური გამოცემა – „გარემოსდაცვის ტექნიკური სახელმძღვანელოს“ (Doc 9501) IV ტომით (“საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები), აგრეთვე ვერიფიკაციისას გასათვალისწინებელი „მატერიალური ზღვარი“, ვერიფიკაციის კრიტერიუმები, ვერიფიკაციის სფერო და მიზნები და ვერიფიკაციის ანგარიშის მომზადებისა და სააგენტოსადმი წარდგენის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;
გ) ტექნიკური გამონაკლისების დასაშვებობის კრიტერიუმები, მათი გამოყენების სფერო, იკაოს მიერ გამოქვეყნებული სახელმწიფოების წყვილების მიმართ ამ წესის მოთხოვნების ეტაპობრივი ამოქმედების წესები;
დ) ამ წესით დადგენილი მონიტორინგის მოთხოვნები; და
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შენიშვნა: გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ჯგუფის წევრებისა და დამოუკიდებელი ექსპერტის კომპეტენციის მიმართ ვრცელდება ამ პუნქტის მხოლოდ „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
3. ვერიფიკაციის ჯგუფის წევრებს და დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა გააჩნდეთ ტექნიკური ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული ზოგადი ტექნიკური პროცესები;
ბ) საავიაციო საწვავის ტიპები და მათი მახასიათებლები, CORSIA-ს შესაბამისი საწვავის ჩათვლით;
გ) საწვავთან დაკავშირებული პროცესები, ფრენის დაგეგმვისა და საწვავის გაანგარიშების ჩათვლით;
დ) საავიაციო სექტორში არსებული ის ტენდენციები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს CO2-ის გამონაბოლქვის შეფასებაზე;
ე) CO2-ის გამონაბოლქვის რაოდენობრივი განსაზღვრის ამ წესით დადგენილი მეთოდიკა, გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შეფასების ჩათვლით;
ვ) საწვავის ხარჯვის მონიტორინგისა და გახარჯული საწვავის საზომი მოწყობილობები, სათბურის აირების გამომყოფი საწვავის ხარჯვის მონიტორინგის პროცედურები, აგრეთვე, ამგვარი საზომი მოწყობილობების ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების და დაკალიბრების პროცედურები;
ზ) სათბურის აირებთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემთა მართვის სისტემები და კონტროლის საშუალებები, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემები და ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის მეთოდები;
თ) ავიაციასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სისტემები, როგორიცაა ფრენის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფა ან ოპერატიული მართვის სისტემები;
ი) CORSIA-ს შესაბამისი საწვავის მიმართ მოქმედი მდგრადობის სერტიფიცირების სქემები, სერტიფიცირების სფეროების ჩათვლით;
კ) სათბურის აირების ბაზრებისა და გამონაბოლქვის ერთეულების გამომშვები პროგრამების რეესტრების შესახებ საბაზისო ცოდნა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილების, სწავლების გავლის და მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
5. ვერიფიკაციის ჯგუფის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი უფლებამოსილია განახორციელოს გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაცია, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
6. ვერიფიკაციის ჯგუფის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი უფლებამოსილია განახორციელოს გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაცია, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მხოლოდ „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
7. ვერიფიკაციის ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა გააჩნდეს ISO 14064-3:2019 სტანდარტის დაწვრილებითი ცოდნა, აგრეთვე, რისკზე დაფუძნებული ვერიფიკაციის მეთოდის შემუშავების, ვერიფიკაციის პროცედურების შესრულების (მონაცემთა და საინფორმაციო სისტემების შეფასების ჩათვლით), საკმარისი და სათანადო მტკიცებულებების შეგროვებისა და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების უნარი.
8. ვერიფიკაციის ჯგუფის წევრის კომპეტენცია და გამოცდილება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორის შემოწმების მიმართულებით უნდა დასტურდებოდეს აუდიტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მიღებული წინარე პროფესიული გამოცდილებით, აგრეთვე, შესაბამისი განათლებისა და სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
მუხლი 31🔗.
ვერიფიკაციის ორგანოს წინასწარი თანამშრომლობა სხ-ის ექსპლუატანტთან
ვერიფიკაციის მომსახურების დაწყებამდე, ვერიფიკაციის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ვერიფიკაციის ორგანოს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) სხ-ის რაოდენობა და ტიპი;
ბ) საერთაშორისო ფრენების რაოდენობა;
გ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ არჩეული საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდი;
დ) მონაცემთა დამუშავებასა და კონტროლთან დაკავშირებით არსებული სირთულეები;
ე) საანგარიშო პერიოდი, რომლის მიმართაც სხ-ის ექსპლუატანტმა გააუქმა ან აპირებს გააუქმოს გამონაბოლქვის ერთეულები;
ვ) გამონაბოლქვის ერთეულთა რაოდენობა, რომელიც გააუქმა ან რომლის გაუქმებასაც აპირებს სხ-ის ექსპლუატანტი, მის მიერ მითითებული საანგარიშო პერიოდის მიმართ;
ზ) ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების პროგრამის შესახებ, რომელსაც სხ-ის ექსპლუატანტი იყენებს ან აპირებს გამოიყენოს გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების მიზნით; კერძოდ, პროგრამის დასახელება, პროგრამის რეესტრი, გამონაბოლქვის ერთეულთან დაკავშირებული თარიღი და აქტივობა და/ან გამონაბოლქვის ერთეულების სახეები.
მუხლი 32🔗.
კონფიდენციალობა
ვერიფიკაციის ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ვერიფიცირებული ანგარიშის, გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ვერიფიცირებული ანგარიშის და ვერიფიკაციის ანგარიშის სააგენტოსათვის წარდგენამდე, მას მიღებული აქვს აღნიშნულზე სხ-ის ექსპლუატანტის მიერ აშკარად გამოხატული თანხმობა.
მუხლი 33🔗.
ჩანაწერების მართვა
ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია ვერიფიკაციის პროცესის შესახებ ჩანაწერები შეინახოს მინიმუმ ათი წლის განმავლობაში. ამავე ვადით შენახვას ექვემდებარება, მათ შორის:
ა) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ შედგენილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა, გამონაბოლქვის ანგარიში და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში;
ბ) ვერიფიკაციის ანგარიში და მასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაცია;
გ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში აღმოჩენილი უზუსტობები და შეუსაბამობები, რომელთა გამოვლენაც ხდება ვერიფიკაციის პროცესში, აღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით სხ-ის ექსპლუატანტთან წარმოებული კომუნიკაციის ჩანაწერების ჩათვლით;
დ) ვერიფიკაციის ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათი შერჩევის კრიტერიუმები; და
ე) ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო დოკუმენტები და ვერიფიკაციისას მათ მიერ გამოყენებული მონაცემები და ინფორმაცია, რათა დამოუკიდებელ მხარეს მიეცეს საშუალება შეაფასოს განხორციელებული ვერიფიკაციის ხარისხი და მისი შესაბამისობა ვერიფიკაციის მოთხოვნებთან.
მუხლი 34🔗.
სახელშეკრულებო მოთხოვნები
ვერიფიკაციის ორგანოსა და სხ-ის ექსპლუატანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს ვერიფიკაციის შემდეგი პირობები:
ა) მომსახურების (ვერიფიკაციის) სფერო, ვერიფიკაციის მიზნები, მომსახურების ხარისხის გარანტიები, „მატერიალური ზღვარი“, ვერიფიკაციის შესაბამის სტანდარტებთან (ISO 17029, ISO 14065, ISO 14064-3), ამ წესისა და იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომის (საერთაშორისო ავიაციაში ნახშირორჟანგის კომპენსაციის და შემცირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის დემონსტრირების პროცედურები) მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) ვერიფიკაციის ჩასატარებლად გამოყოფილი დროის პერიოდის გადახედვის შესაძლებლობა, თუ ამის საჭიროება წარმოიქმნება ვერიფიკაციის პროცესში მიღებული შედეგების გამო;
გ) სხ-ის ექსპლუატანტის თანხმობას, დაუშვას ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს შემფასებლები ვერიფიკაციის მომსახურების პროცესში ვერიფიკაციის ორგანოს საქმიანობის აუდიტის მიზნით;
დ) ვერიფიკაციის ორგანოს მიერ სააგენტოსათვის გამონაბოლქვის ანგარიშის, გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის და ვერიფიკაციის ანგარიშის გადაცემაზე სხ-ის ექსპლუატანტის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი;
ე) ვერიფიკაციის ორგანოს ვალდებულება, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში სავარაუდოდ განზრახ ასახული შეუსაბამობების თაობაზე ან სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების სავარაუდო განზრახ დარღვევის თაობაზე; და
ვ) პასუხისმგებლობის დაზღვევა.
თავი VI
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ანგარიშების ვერიფიკაცია
მუხლი 35🔗.
ვერიფიკაციის მიზნები
1. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დარწმუნდეს, რომ:
ა) გამოყოფილი სათბურის აირების შესახებ ინფორმაცია არის არსებითად სწორი და ზუსტად ასახავს გამონაბოლქვის მოცულობას გამონაბოლქვის ანგარიშის პერიოდისთვის, რაც დასტურდება საკმარისი და სათანადო მტკიცებულებებით;
ბ) სხ-ის ექსპლუატანტმა განახორციელა საკუთარი გამონაბოლქვის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მოამზადა შესაბამისი ანგარიში გამონაბოლქვის საანგარიშო პერიოდისთვის, ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შესაბამისად;
გ) სხ-ის ექსპლუატანტმა გამონაბოლქვის ანგარიშში ასახა ის საერთაშორისო ფრენები, რომელთა შესრულებაზეც თავადაა პასუხისმგებელი ამ წესის მე-5 მუხლისა და სხ-ის ექსპლუატანტის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შესაბამისად;
დ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის შესახებ არის არსებითად სწორი და ზუსტად ასახავს გამონაბოლქვის შემცირებულ ოდენობას გამონაბოლქვის ანგარიშგების პერიოდისთვის, რაც დასტურდება საკმარისი და სათანადო მტკიცებულებებით;
ე) სხ-ის ექსპლუატანტი არ ითხოვს მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირებას CORSIA-ს შესაბამისი საწვავის იმ პარტიის გამოყენების საფუძველზე, რომლითაც სხ-ის ექსპლუატანტი სხვა რომელიმე ნებაყოფლობით ან სავალდებულო სქემაში ითხოვს გამონაბოლქვის შემცირებას ამავე საანგარიშო პერიოდისთვის ან მის წინა პერიოდისთვის;
ვ) სხ-ის ექსპლუატანტმა ანგარიშგების პერიოდისთვის განახორციელა CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე გამონაბოლქვის შესამცირებელი ოდენობის მონიტორინგი, რაოდენობრივი გამოთვლა და მოამზადა შესაბამისი ანგარიში ამ წესის მოთხოვნების დაცვით.
2. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციისას, ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დარწმუნდეს, რომ:
ა) სხ-ის ექსპლუატანტმა CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში მოამზადა ამ წესის მოთხოვნების დაცვით და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია არსებითად სწორია;
ბ) CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის გაუქმებული ერთეულების მითითებული რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების ხარჯზე შემცირებული გამონაბოლქვის გათვალისწინების შემდეგ სხ-ის ექსპლუატანტმა დააკმაყოფილოს მოცემული საანგარიშო პერიოდისთვის ამ წესით გათვალისწინებული საბოლოო საკომპენსაციო მოთხოვნა. სხ-ის ექსპლუატანტს უნდა გააჩნდეს CORSIA-ს შესაბამისი გამონაბოლქვის გაუქმებული ერთეულების გამოყენების ექსკლუზიური უფლება; და
გ) სხ-ის ექსპლუატანტს ამ წესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულები არ გამოუყენებია სხვა რომელიმე CORSIA-სგან განსხვავებული გამონაბოლქვის კომპენსაციის სქემაში.
მუხლი 36🔗.
ვერიფიკაციის სფერო
1. გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილ ანგარიშში მითითებული დროის პერიოდისა და მასში შეტანილი ინფორმაციის (CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის ჩათვლით) სისწორე. აღნიშნული უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდის შესაბამისად გამოთვლილი CO2-ის გამონაბოლქვის რაოდენობის გადამოწმებას; და
ბ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავ(ებ)ის გამოყენების ხარჯზე CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებული რაოდენობის გადამოწმებას.
2. გამონაბოლქვის ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების შესახებ ინფორმაციის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს:
ა) სხ-ის ექსპლუატანტის ნებისმიერი შიდა პროცედურა, რომელიც უკავშირდება CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენებას, მათ შორის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს, რომ მის მიერ გამოყენებული და ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავი აკმაყოფილებს CORSIA-ს მდგრადობის კრიტერიუმებს;
ბ) ანგარიშში ასახული CORSIA-ს შესაბამისი საწვავი არის თუ არა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ექსკლუზიურად გამოყენებული მხოლოდ CORSIA-ს სქემის მიზნებისთვის (ე.წ. double counting);
გ) ვერიფიკაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებების გავლენა ვერიფიკაციაზე და აღნიშნულთან დაკავშირებული რისკები; და
დ) CORSIA-ს შესაბამისი საწვავის გამოყენების თაობაზე ანგარიშში ასახული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არსებობს თუ არა შიდა და გარე ინფორმაციის წყაროებთან საკმარისი წვდომის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერიფიკაციის ორგანოს ვერ წარედგინება საკმარისი მტკიცებულებები გამოყენებული CORSIA-ს შესაბამისი საწვავის რაოდენობის ან მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე, ვერიფიკაციის ჯგუფი ვალდებულია უშუალოდ საწვავის მწარმოებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. ამ მიზნით, ვერიფიკაციის ჯგუფსა და საწვავის მწარმოებელს შორის პირდაპირი წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ.
3. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილ ანგარიშში მითითებული დროის პერიოდისა და მასში შეტანილი ინფორმაციის სისწორე. ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა დაადასტუროს, რომ გამონაბოლქვის კომპენსაციის მიზნით, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის შესაბამისად გაუქმებული გამონაბოლქვის ერთეულები არ ყოფილა გამოყენებული სხვა ნებისმიერი გამონაბოლქვის კომპენსაციის მიზნით.
მუხლი 37🔗.
„მატერიალური ზღვარი“
1. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანოს მიერ გამოსაყენებელი „მატერიალური ზღვრის“ ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პროცენტულობით:
ა) 2% – სხ-ის იმ ექსპლუატანტებისთვის, რომელთა მიერ იმ საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გამოყოფილი CO2-ის გამონაბოლქვი აღემატება 500 000 ტონას; და
ბ) 5 % – სხ-ის იმ ექსპლუატანტებისთვის, რომელთა მიერ იმ საერთაშორისო ფრენებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გამოყოფილი CO2-ის გამონაბოლქვი არ აღემატება 500 000 ტონას.
2. CO2-ის გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციისას ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია დაუშვას გამონაბოლქვის ანგარიშში გადაჭარბებული და შემცირებული მონაცემების არსებობა, თუ ისინი ისე აბალანსებს ერთმანეთს, რომ „მატერიალური ზღვარი“ არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცენტულ მაჩვენებელს.
მუხლი 38🔗.
ვერიფიკაციის გეგმა
1. ვერიფიკაციის ჯგუფმა, მიწოდებული ინფორმაციის სტრატეგიული ანალიზისა და რისკების შეფასების საფუძველზე, უნდა შეიმუშავოს ვერიფიკაციის გეგმა. ვერიფიკაციის გეგმა უნდა მოიცავდეს იმ პროცედურების აღწერას, რომლის მიხედვითაც ვერიფიკაციის ჯგუფი ამოწმებს გამონაბოლქვის ანგარიშში შეტანილ იმ ცვლად მონაცემებს, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ანგარიშში მითითებული გამონაბოლქვის საბოლოო ოდენობაზე.
2. ვერიფიკაციის ჯგუფმა, ანგარიშის ვერიფიკაციის მიზნით გადასამოწმებელი მონაცემების მოცულობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა მიიღოს მის მიერ განხორციელებული რისკების შეფასება.
3. ვერიფიკაციის გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ვერიფიკაციის ჯგუფის წევრები, მათი ფუნქციები, ვალდებულებები და კვალიფიკაცია; და
ბ) არსებობს თუ არა გარე რესურსის გამოყენების საჭიროება.
მუხლი 39🔗.
მონაცემთა მოპოვების გეგმა
1. გამონაბოლქვის ანგარიშის მონაცემთა მოპოვების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) შემოწმებას დაქვემდებარებული მონაცემებისა და მტკიცებულებების რაოდენობა და ტიპი;
ბ) მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება შემოწმებას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემის განსაზღვრის მიზნით; და
გ) მეთოდიკის შერჩევის დასაბუთება.
2. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაციისას, დაუშვებელია ვერიფიკაციის განხორციელება ცალკეულ მონაცემთა შერჩევის გზით.
მუხლი 40🔗.
მონაცემთა ანალიზი
1. ვერიფიკაციის ჯგუფმა უნდა დაადასტუროს, რომ გამონაბოლქვის ანგარიშში ასახული მონაცემების შეგროვება განხორციელდა სააგენტოს მიერ დამტკიცებული გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის მიხედვით და ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ვერიფიკაციის ჯგუფმა მონაცემთა სარწმუნოობა და სისრულე უნდა შეაფასოს, გამონაბოლქვის ანგარიშის მონაცემთა მოპოვების გეგმის შესაბამისად, მათი არსებითი შემოწმების გზით, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა ანალიტიკურ ანალიზს. ვერიფიკაციის ჯგუფმა, აგრეთვე, უნდა შეაფასოს ერთი და იმავე კატეგორიის მონაცემთა მკვეთრი ცვალებადობა, ასევე, გამოავლინოს და შეაფასოს მონაცემებში არსებული გადაცდომები და მონაცემთა ხარვეზები. ვერიფიკაციის ჯგუფმა, აგრეთვე, უნდა განახორციელოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გამონაბოლქვზე წარმოდგენილი მონაცემების ამავე სხ-ის ექსპლუატანტის საწვავთან დაკავშირებულ მონაცემებთან ჯვარედინი შემოწმება.
3. გამონაბოლქვის ანგარიშის მონაცემების შემოწმების შედეგიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი რისკების შეფასებაში, მონაცემთა მოპოვების გეგმასა და ვერიფიკაციის გეგმაში.
მუხლი 41🔗.
ადგილზე შემოწმება
ვერიფიკაციის ჯგუფის წევრმა უნდა განახორციელოს სხ-ს ექსპლუატანტის ადგილზე შემოწმება, თუ ამგვარი შემოწმების ჩატარება გათვალისწინებულია რისკების შეფასებითა და მონაცემთა მოპოვების გეგმით, ვერიფიკაციასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
მუხლი 42🔗.
დამოუკიდებელი ექსპერტიზა
დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს, ვერიფიკაციის ორგანომ ვერიფიკაციის პროცესი განახორციელა თუ არა ISO 14065:2020, ISO 14064-3:2019 სტანდარტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, და ვერიფიკაციის ორგანოს მიერ მომზადებული ვერიფიკაციის ანგარიში ეფუძნება თუ არა საკმარის და სათანადო მტკიცებულებებს.
მუხლი 43🔗.
ვერიფიკაციის ანგარიში
1. ვერიფიკაციის ჯგუფმა სხ-ის ექსპლუატანტს უნდა წარუდგინოს ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი. სხ-ის ექსპლუატანტის ნებართვის მიღებისთანავე, ვერიფიკაციის ჯგუფმა ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი, გამონაბოლქვის ანგარიშთან და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. ვერიფიკაციის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ვერიფიკაციის ორგანოს დასახელება და ვერიფიკაციის ჯგუფის წევრების გვარი/სახელი;
ბ) ვერიფიკაციაზე დახარჯული დრო (შესწორებების შეტანისა და თარიღების მითითებით);
გ) ვერიფიკაციის სფერო;
დ) ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოთხოვნასთან შესაბამისობის შეფასების შედეგი;
ე) კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაცია;
ვ) კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაცია;
ზ) სხ-ის ექსპლუატანტთან დაკავშირებული ის ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ იქნა გამოყენებული მონაცემთა ჯვარედინი შემოწმებისა და ვერიფიკაციის სხვა პროცედურების განსახორციელებლად;
თ) ამ წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სტრატეგიული ანალიზისა და რისკების შეფასების შედეგები;
ი) ჩატარებული ვერიფიკაციის პროცედურების აღწერა და მათი ჩატარების ადგილი (სხ-ის ექსპლუატანტთან ადგილზე თუ დისტანციურად). აგრეთვე, CO2-ის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ინფორმაციული სისტემისა და კონტროლის საშუალებების შემოწმების შედეგები;
კ) მონაცემთა შერჩევისა და გადამოწმების მიზნით ჩატარებული პროცედურების აღწერა, მათ შორის, შერჩეული ჩანაწერების ან მტკიცებულებების აღწერა, შერჩეულ მონაცემთა მოცულობა და მონაცემთა შერჩევის გამოყენებული მეთოდ(ებ)ი;
ლ) მონაცემთა შერჩევისა და გადამოწმების შედეგები, ჯვარედინი შემოწმების შედეგების ჩათვლით. აგრეთვე, ბლოკ-საათების მიხედვით საწვავის განაწილების მეთოდის გამოყენებისას, საწვავის ხარჯვის საშუალო კოეფიციენტის სისწორე, სხ-ის თითოეული ტიპისთვის;
მ) გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმასთან შესაბამისობა;
ნ) ამ წესის მოთხოვნებთან გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის ნებისმიერი შეუსაბამობა;
ო) მონაცემებში გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობების აღწერა, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებების ჩათვლით;
პ) დასკვნა მონაცემთა ხარისხისა და „მატერიალური ზღვრის“ მოთხოვნასთან შესაბამისობის შესახებ;
ჟ) დასკვნა გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციის შესახებ;
რ) დასკვნა გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციის შესახებ;
ს) ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ შემუშავებული ვერიფიკაციის დასკვნის დასაბუთება;
ტ) დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგი და დამოუკიდებელი ექსპერტის სახელი/გვარი; და
უ) ვერიფიკაციის დასკვნა.
2. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, “ვ“, „ზ“, „თ“, „ო“, „რ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
3. გამონაბოლქვის ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, ჟ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
მუხლი 44🔗.
ვერიფიკაციის დასკვნა
1. ვერიფიკაციის ჯგუფმა ვერიფიკაციის დასკვნაში უნდა დაასაბუთოს, რომ მიღწეულ იქნა ამ წესის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაციის თითოეული მიზანი.
2. ვერიფიკაციის ჯგუფმა გამონაბოლქვის ანგარიშის ან გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის დასკვნაში უნდა მიუთითოს, რომ ანგარიში „ვერიფიცირებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი“ ან „ვერიფიცირებულია, როგორც არადამაკმაყოფილებელი“. იმ შემთხვევაში, როდესაც ანგარიში შეიცავს არაარსებით უზუსტობებს და/ან არაარსებით შეუსაბამობებს, ანგარიშის ვერიფიკაციის დასკვნა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „ვერიფიცირებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი, თანდართული შენიშვნებით“ და უნდა მიეთითოს შესაბამისი უზუსტობები და შეუსაბამობები. თუ ანგარიში შეიცავს არსებით უზუსტობებს და/ან არსებით შეუსაბამობებს, ან თუ ვერიფიკაციის სფერო ძალზე შეზღუდულია, ან თუ ვერიფიკაციის ორგანოსთვის სხ-ს ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად სარწმუნოა, ვერიფიკაციის დასკვნა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „ვერიფიცირებულია, როგორც არადამაკმაყოფილებელი“.
მუხლი 45🔗.
ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ჩანაწერების მართვა
1. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერიფიკაციის ორგანო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ვერიფიკაციის შიდა დოკუმენტაცია. ვერიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს სააგენტოსადმი ამ პუნქტის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. თუ ვერიფიკაციის ორგანო, ვერიფიკაციის დასკვნის გაცემის შემდგომ აღმოჩენილი მტკიცებულებების საფუძველზე, აუქმებს ვერიფიკაციის დასკვნას ან რწმუნდება მის უზუსტობაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.