„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№952
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №952

2023 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016532) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ არიან გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (№2 და №3 დანართები) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში;

დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა საგნებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-16 პუნქტითა და №2 დანართით.“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;“.

3. 39-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.“.

4. №1 დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“.

5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

 

1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა).

2. კვების პროდუქტები (არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთათვის, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულთათვის, ტუბერკულოზით/დიაბეტით და სხვა სომატური დაავადებით დაავადებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის): კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა, მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ხაჭაპური არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ლობიანი არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში).

3. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

7. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

9. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

10. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).

11. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.

12. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

13. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).

 

შენიშვნები:

1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ.

2. ამ დანართის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.“.

6. დანართი №4 ამოღებულ იქნეს.

7. №5 დანართის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე