საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2023
ძალაში შესვლა 01.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 260030000.22.033.017767
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№456
2023 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 242 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის 3574-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული რედაქციის „საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება“ (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სასერტიფიკატო გამოცდაზე დაშვების, გამოცდის ჩატარების და შეფასების, ასევე, სერტიფიკატის გაცემის და სერტიფიკატის მოქმედების, შენარჩუნების, შეჩერების და ჩამორთმევის პირობებს.
2. დებულება ვრცელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტში დასაქმებულ და შიდა აუდიტის სუბიექტში დასაქმების მსურველ კანდიდატებზე.
3. სერტიფიცირების მიზანია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებში შიდა აუდიტის სუბიექტში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი კანდიდატის კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურება.
4. იმ შიდა აუდიტორებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის (CIA) სტატუსი შიდა აუდიტორთა ინსტიტუტისგან (IIA), ჩაბარებულად ეთვლებათ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოდულები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სერტიფიცირებული შიდა აუდიტორი – კანდიდატი, რომელმაც ჩააბარა სერტიფიცირების პროგრამით განსაზღვრული ოთხივე გამოცდა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოდულების შესაბამისად და აქვს, ჯამში, არანაკლებ 12-თვიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტის სფეროში;
ბ) კანდიდატი – სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც მიღებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
დ) სატრენინგო და საგამოცდო ცენტრი – სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია);
ე) მოდული – სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მიმართულების სასწავლო მასალას, არასავალდებულო ტრენინგკურსს და შესაბამის გამოცდას;
ვ) საგამოცდო ტესტი – ჰარმონიზაციის ცენტრთან შეთანხმებული ტესტური დავალება;
ზ) კაზუსი – ჰარმონიზაციის ცენტრთან შეთანხმებული სიტუაციური დავალება.
მუხლი 3🔗. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის მოდულები
1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შედგება 4 მოდულისაგან:
ა) შიდა აუდიტის საფუძვლები;
ბ) შიდა აუდიტის პრაქტიკა;
გ) მმართველობა, სტრატეგია, რისკის მართვა და კონტროლი;
დ) ადგილობრივი კანონმდებლობა.
შენიშვნა: ამ დებულების მიზნებისათვის „ადგილობრივი კანონმდებლობა“ მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას:
ა) საჯარო სამსახურის სისტემა საქართველოში;
ბ) საბიუჯეტო სისტემა, პროგრამული ბიუჯეტირება;
გ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა;
დ) სახელმწიფო შესყიდვები;
ე) აღრიცხვა-ანგარიშგება (accounting).
2. თითოეული მოდულის სრული ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 5 კვირას.
3. კანდიდატები, რომლებსაც არ სურთ ტრენინგკურსის გავლა, გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ, აკადემიისაგან მიიღებენ წვდომას შესაბამისი მოდულის სასწავლო მასალებზე.
4. თითოეული მოდულისათვის ტრენინგკურსის პირისპირ შეხვედრების ხანგრძლივობა შეადგენს 30 საათს.
5. თითოეული მოდულის ტრენინგკურსის დაწყებამდე კანდიდატებთან ტარდება წინასატრენინგო შეხვედრა.
6. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების ტრენინგკურსს უძღვებიან ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ აკადემიასთან შეთანხმებით შერჩეული ტრენერები.
მუხლი 4🔗. ტრენინგკურსზე და სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია
1. ტრენინგკურსისთვის და სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებით.
2. თითოეული ტრენინგკურსისთვის და გამოცდისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია წლის განმავლობაში და სრულდება ტრენინგკურსის და გამოცდის დაწყებამდე 1 კვირით ადრე. ასევე, რეგისტრაცია შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე, განსაზღვრული ადგილების შევსების შემთხვევაში.
3. თითოეული მოდულის განრიგი განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე, მომდევნო კალენდარული წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე.
მუხლი 5🔗. სერტიფიცირების პროგრამის ღირებულება
1. ტრენინგკურსის და გამოცდის ღირებულებას განსაზღვრავს აკადემია.
2. კანდიდატი ვალდებულია, ტრენინგკურსის და სასერტიფიკატო გამოცდის ღირებულება დაფაროს შესაბამის ტრენინგკურსზე და გამოცდაზე რეგისტრაციის დროს, აკადემიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სასერტიფიკატო გამოცდა
1. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოდულების გამოცდა შედგება 100 საგამოცდო ტესტისგან და ფასდება მაქსიმალური 100 ქულით.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეოთხე მოდულის გამოცდა შედგება კაზუსებისგან, რომლებიც ფასდება მაქსიმალური 100 ქულით. კაზუსების შეფასების მეთოდოლოგიას მონაწილეები გაეცნობიან გამოცდის დაწყებამდე.
4. თითოეული გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
5. კანდიდატს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუ ის გადალახავს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს.
6. შიდა აუდიტის პრაქტიკის გამოცდაზე დაიშვება კანდიდატი, რომელსაც ჩაბარებული აქვს შიდა აუდიტის საფუძვლების გამოცდა. სხვა მოდულის გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული თანმიმდევრობის მიუხედავად.
7. კანდიდატს, რომელიც ჩააბარებს ცალკეული მოდულის გამოცდას, თუმცა არ მოიპოვებს სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის სტატუსს, გამოცდის შედეგები უნარჩუნდება მისი ჩაბარებიდან 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. გამოცდების შედეგების შეფასება
1. თითოეული სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი მიიღებს არანაკლებ 60 ქულას.
2. კანდიდატს, რომელიც გამოცდაზე მიიღებს 60-დან 75 ქულამდე, მიენიჭება სერტიფიკატი - „ჩააბარა გამოცდა“ შესაბამის მოდულში, 75-დან 90 ქულამდე მიენიჭება სერტიფიკატი - „წარმატებით ჩააბარა გამოცდა“ შესაბამის მოდულში, 90-დან 100 ქულის ჩათვლით მიენიჭება სერტიფიკატი - „განსაკუთრებული წარმატებით ჩააბარა გამოცდა“ შესაბამის მოდულში.
3. კანდიდატს გამოცდების შედეგები ეცნობება გამოცდის დასრულებისთანავე, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდულისა (რომლის შედეგებიც კანდიდატს ეცნობება გონივრულ ვადაში).
მუხლი 8🔗. გამოცდების შედეგების გასაჩივრება
1. გამოცდის შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, შედეგების გაცნობიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს აკადემიის დირექტორს.
2. გამოცდის შედეგების გადასინჯვის შესახებ, ასევე, წარმოქმნილი პრობლემების განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიის დირექტორი.
3. გასაჩივრებული საკითხების განსახილველად აკადემიის დირექტორი უფლებამოსილია, გასაჩივრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოიწვიოს კომისია (არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით). ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში აკადემიის დირექტორი განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას, რომელთა შორის უნდა იყოს ჰარმონიზაციის ცენტრის არანაკლებ ორი წარმომადგენელი.
4. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, ასევე, ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შორის.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, რაც აისახება შესაბამის ოქმში.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები, მოწვეული წევრები და კომისიის მდივანი.
9. კომისიის წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისაგან. მას შეუძლია თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს.
10. კომისიის გადაწყვეტილება მხარეს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 9🔗. პრაქტიკის დადასტურება
1. კანდიდატს, რომელმაც ჩააბარა ოთხივე მოდულის გამოცდა, საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატის მისაღებად მოეთხოვება, ჯამში, არანაკლებ 12-თვიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტის სფეროში, პირველი გამოცდის ჩაბარების თარიღამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.
2. თუ ოთხივე გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილება, ის საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატს მიიღებს ბოლო გამოცდის ჩაბარების თარიღის მომდევნო 5 წლის განმავლობაში 12-თვიანი სამუშაო პრაქტიკის დადასტურების შემთხვევაში.
3. კანდიდატმა, პრაქტიკის დადასტურებისათვის, ჰარმონიზაციის ცენტრს უნდა წარუდგინოს სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა.
მუხლი 10🔗. სერტიფიკატის გამცემი ორგანო
1. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს აკადემია.
2. სერტიფიკატს, კანდიდატის მიერ თეორიული გამოცდების ჩაბარებისა და პრაქტიკის დადასტურების შემდეგ, ჰარმონიზაციის ცენტრის წარდგინებით გასცემს აკადემია.
მუხლი 11🔗. სერტიფიკატის მოქმედების, შენარჩუნების, შეჩერების და ჩამორთმევის პირობები
1. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორის კვალიფიკაციის შენარჩუნება უზრუნველყოფილია უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით და მისი საქმიანობა შესაბამისობაშია შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან.
2. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორი სტატუსის მოპოვების წლის მომდევნო და ყოველი შემდგომი კალენდარული წლის პერიოდისთვის ვალდებულია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლით გათვალისწინებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ჰარმონიზაციის ცენტრს, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის შემდეგი წლის 31 იანვრისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი არ აკმაყოფილებს სერტიფიკატის შენარჩუნების მოთხოვნებს, მას დროებით უჩერდება სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის სტატუსი, რომლის აღდგენისთვისაც დამატებით ეძლევა 1 კალენდარული წელი.
4. სერტიფიკატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს სერტიფიკატის მოქმედების 2 წელზე მეტი ვადით შეჩერება.
5. სერტიფიკატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება ასევე გახდეს შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, რომელიც დამსაქმებლის მიერ უნდა ეცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს, რომელიც განიხილავს და აფასებს აღნიშნულ ფაქტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას .
6. სერტიფიკატის შეჩერების ან ჩამორთმევის შესახებ ჰარმონიზაციის ცენტრი წერილობით აცნობებს სერტიფიკატის მფლობელს ან/და დაწესებულებას, სადაც იგი დასაქმებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 12🔗 . სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების რეესტრი
1. ჰარმონიზაციის ცენტრი სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების აღრიცხვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქმნის სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების რეესტრს.
2. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორების რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სერტიფიკატის სერიული ნომერი/შტრიხკოდი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი;
დ) გაცემული სერტიფიკატების სტატუსი.