„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2023
ძალაში შესვლა 03.01.2024
ძალის დაკარგვა 07.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ნომერი №012
სარეგისტრაციო კოდი 280060000.73.085.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე | სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება 07.05.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება 31.07.2023
დოკუმენტის ტექსტი
„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №012
2023 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 – მე-52 პუნქტების, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 11 დეკემბრის №32 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 31 ივლისის №007 ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 01/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.73.085.016020).
2. დამტკიცდეს „დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინსტრუქცია) ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 3 იანვარს.
2. ამ ბრძანების ამოქმედების დღეს, ყველა მონაწილის საპენსიო აქტივები თანდართული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადატანილ იქნება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში, გარდა იმ მონაწილეების საპენსიო აქტივებისა, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე აირჩიეს საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე მონაწილის მიერ არჩეულ იქნა საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, ასეთი მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები შენარჩუნებულ იქნება შესაბამის საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში. საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შეცვლის სურვილის შემთხვევაში ასეთი მონაწილე, ასევე, ის მონაწილე/პენსიის მიმღები, რომლის საპენსიო აქტივებიც ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შედეგად განთავსებულ იქნა ორ საინვესტიციო პორტფელში, უფლებამოსილია აირჩიოს მხოლოდ ერთი საინვესტიციო პორტფელი, რომელშიც მოხდება შესაბამისი საპენსიო აქტივების გადატანა.
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია (შემდგომში − ინსტრუქცია) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის, ასევე საინვესტიციო პორტფელებში საპენსიო აქტივების ავტომატურად გადანაწილების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
ბ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო სააგენტოსათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.pensions.ge;
გ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
დ) მონაწილის საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულისათვის, თვითდასაქმებულისთვის და არასტანდარტული დასაქმებულისთვის შექმნილი სამუშაო სივრცე, სადაც დასაქმებულს, თვითდასაქმებულს და არასტანდარტულ დასაქმებულს აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც იყენებს საპენსიო სააგენტოსგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის, მათ შორის, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის არჩევის და ცნობის მიღების მიზნებისათვის;
ე) წარმომადგენელი – პირის ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ვ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა;
ზ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი;
თ) პენსიის მიმღები – პირი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით პროგრამული გატანით იღებს პენსიას;
ი) 12 თვე – 365 დღე.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. საინვესტიციო პორტფელის არჩევის წესი და ვადები
1. მონაწილე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი. პენსიის მიმღები ასევე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების განთავსებით მიზნით, აირჩიოს საინვესტიციო პორტფელი.
2. თუ მონაწილეს / პენსიის მიმღებს ამ ბრძანების ამოქმედების თარიღამდე არ აურჩევია საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია და არც მისი ამოქმედების შემდეგ არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებით, მონაწილის შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების, ხოლო პენსიის მიმღების შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, 2028 წლის 1 იანვარს და შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, ასევე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრიანებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ბ.ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
ბ.ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
ბ.გ) 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი დგინდება, 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრიანებული მონაწილის შემთხვევაში 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ გაწევრიანებული მონაწილის შემთხვევაში გაწევრიანების თარიღის მდგომარეობით.
4. მონაწილის ასაკის ცვლილებასთან ერთად ხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადატანა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“-„ბ-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, თუ ამ ინსტრუქციის ამოქმედების თარიღამდე მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს/ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე გამოიყენებს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას და მას შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პროგრამული გატანით დაენიშნება პენსია, ასაკის მიუხედავად მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს/ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
6. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, იმ პირობით, რომ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის და მისი შეცვლის შესახებ განცხადებებს შორის პერიოდი არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს უნდა შეადგენდეს.
7. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოითხოვოს მისი საპენსიო აქტივების იმ საინვესტიციო პორტფელში შენარჩუნება, რომელშიც განცხადების წარდგენის დღისათვის არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
8. საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ იმ მონაწილეს/პენსიის მიმღებს, რომელსაც საპენსიო ფონდში აქვს საპენსიო აქტივები.
9. საპენსიო სქემაში, კანონის შესაბამისად, ხელახლა გაწევრების შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება აღნიშნულ გაწევრებამდე მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების საინვესტიციო პორტფელში განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
10. თუ მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ან ამ ინსტრუქციის ამოქმედების თარიღამდე არ უსარგებლია აღნიშნული უფლებამოსილებით, საპენსიო აქტივების ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტომატურად გადანაწილების შედეგად, მისი საპენსიო აქტივები, შესაძლოა განთავსდეს საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში, კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში და ასაკის გათვალისწინებით, შესაბამის საინვესტიციო პორტფელში.
მუხლი 4🔗. საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვის საშუალებები
1. მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის არჩევისათვის ან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღებისათვის:
ა) პირადად მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და წარადგინოს შესაბამისი განცხადება, ან
ბ) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს პირადად წარუდგინოს განცხადება საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე ან მიიღოს ცნობა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. მონაწილე / პენსიის მიმღები არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადება, თუმცა უფლებამოსილია ასეთი წარმომადგენლის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით წარადგინოს განცხადება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობის მიღების შესახებ.
3. მონაწილის / პენსიის მიმღების კანონისმიერი ან/და სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი უფლებამოსილია საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადება საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალებით, თავისუფალი განცხადების წარდგენის გზით.
მუხლი 5🔗. საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენა
1. საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მიზნით საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირებისათვის, პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს პირის პირად ნომერს და დაბადების წელს. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს პირის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს მას.
3. თუკი მონაწილე/პენსიის მიმღები უფლებამოსილია და ამავდროულად მოითხოვს წარადგინოს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადება, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია უცვლელად ასახოს ელექტრონულ სისტემაში, რის შემდგომაც ელექტრონულ სისტემა დააგენერირებს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს მონაწილეს / პენსიის მიმღებს გაცნობისა და ხელმოწერის მიზნით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული ინფორმაციის თანახმად, პირი, არ არის უფლებამოსილი აირჩიოს საინვესტიციო პორტფელი, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადებას და უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამის პირს მიაწვდის ინფორმაციას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული იმ ცნობის შესახებ, რომელიც შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში იქნეს გენერირებული ელექტრონული სისტემის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის საფუძველზე, პირის მიერ შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და პირისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით გადაცემას.
მუხლი 6🔗. ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით განცხადების წარდგენა
საინვესტიციო პორტფელის არჩევის მიზნით, საპენსიო სააგენტოსათვის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მიმართვის სურვილის შემთხვევაში, მონაწილე/პენსიის მიმღები ვალდებულია შეავსოს მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების ფორმა, განახორციელოს შევსებული განცხადების კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა.
მუხლი 7🔗. ცნობის გაცემა
1. პირი უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს ცნობა საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლებამოსილების და იმ საინვესტიციო პორტფელის ან პორტფელების შესახებ, რომლებშიც არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით, საპენსიო სააგენტოსათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
3. მონაწილე/პენსიის მიმღები ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
მუხლი 8🔗. საინვესტიციო პორტფელის არჩევის ან/და ცნობის მისაღებად განცხადების მიღება
1. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაწილის / პენსიის მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) განცხადების ნომერი და თარიღი;
გ) მონაწილის / პენსიის მიმღების ტელეფონის ნომერი და მისამართი;
დ) მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობის გაცემის შესახებ მოთხოვნა;
ე) მონაწილის / პენსიის მიმღების ხელმოწერის გრაფა.
2. საპენსიო სააგენტოსთვის/უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე / პენსიის მიმღები ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე / პენსიის მიმღები ან წარმომადგენელი (მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) უარს განაცხადებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
4. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს სამახსოვრო ბარათს, რომ საინვესტიციო პორტფელის არჩევის განცხადება მიღებულია, მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ არჩეული შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.
5. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, რის საფუძველზეც ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში დაგენერირებული სამახსოვრო ბარათი განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება მონაწილისთვის / პენსიის მიმღებისათვის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.
6. საინვესტიციო პორტფელის არჩევის თაობაზე განცხადების წარდგენის დღეს მონაწილე / პენსიის მიმღები უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოში / უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით (სამუშაო საათების დასრულებამდე) ან ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით (განცხადების წარდგენის დღის 24:00 საათამდე) გააუქმოს აღნიშნული განცხადება.
7. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მიზნით, საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, განმცხადებლისათვის გადაცემას და აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
მუხლი 9🔗. საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანა
1. მონაწილის / პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს მონაწილის / პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების განთავსებას შესაბამის საინვესტიციო პორტფელში. ამასთან, ასეთი განთავსების თარიღიდან დაიწყება მონაწილის მომავალი საპენსიო შენატანების ავტომატურად განთავსება მონაწილის მიერ არჩეულ შესაბამის საინვესტიციო პორტფელში.
2. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესით საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანა განხორციელდება, ავტომატურად, მე-3 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებების დადგომის დღეს, ხოლო თუ ასეთი დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ასეთი დღის მომდევნო სამუშაო დღეს.
3. მონაწილის / პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების გადატანა საინვესტიციო პორტფელში განხორციელდება საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულებით, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტში არსებული ღირებულებისგან.
4. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს მონაწილის/პენსიის მიმღების განცხადება საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანის დროისათვის განმცხადებელი აღარ წარმოადგენს მონაწილეს / პენსიის მიმღებს, მათ შორის:
ა) საპენსიო ფონდში აღარ არის პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები;
ბ) პირს მონაწილის სტატუსი გაუუქმდა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადატანის, ასევე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მონაწილეს / პენსიის მიმღებს ეცნობება მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
მუხლი 10🔗. საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შემთხვევაში პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის სპეციფიკა
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივები მისი არჩევანის შესაბამისად ან/და ამ ინსტრუქციის საფუძველზე განთავსებულია საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში, ასეთი მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპენსიო ფონდიდან გამოტანისას, გამოტანა განხორციელდება პროპორციულად ყველა საინვესტიციო პორტფელიდან, გამოტანის დღეს არსებული პროპორციის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. საინვესტიციო პორტფელის ავტომატური ცვლილების შესახებ შეტყობინების წესი
ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“-„ბ-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში/პორტფელებში გადატანამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვით ადრე, საპენსიო სააგენტო მონაწილეს/პენსიის მიმღებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს შეტყობინებას ასეთი გადატანის თაობაზე.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული წარმოების წესი
ამ ინსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
მუხლი 13🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის / პენსიის მიმღების, მისი წარმომადგენლის ან/და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე