1. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო – კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უფლებამოსილების შესაბამისად, უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება (გარდა ვაუჩერის მეშვეობით გათვალისწინებული მომსახურებისა/საქონლის მიმწოდებლის გამოვლენისა);

გ) უზრუნველყოს პროგრამების ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება, დადგენილი წესით;

დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა, დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) ზედამხედველობის შესაბამის ეტაპზე მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე მეორე სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

2. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათი დამოწმებული ასლები;

ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;

გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს საჯარიმო სანქციები, 22-ე მუხლის 31-ე პუნქტის გათვალისწინებით.

ვ) მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელოს მის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამ(ებ)ის ფარგლებში ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დაკისრებული საჯარიმო სანქციების/სხვა ფულადი ვალდებულებების განაწილვადება არაუმეტეს 12 თვეზე, ქვემოთ მოყვანილი პირობების სავალდებულო დაცვით:

ვ.ა) განაწილვადებისათვის მიმწოდებელს დამატებით ეკისრება საჯარიმო სანქციის/ფულადი ვალდებულების ჯამური ოდენობის 1%-ის გადახდა, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ვ.ბ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების დაკისრების საკითხს, წერილობით აღიარებს მას, თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და სანქციების/ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის ჩათვლით, ვალდებულების ჯამური ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს;

ვ.გ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების გადახდის განაწილვადების თაობაზე მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება (ვალდებულების შესრულების განაწილვადების შეთანხმება);

ვ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს/ფულად ვალდებულებებს შორის უპირატესად გადაიხდება ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა და უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები;

ზ) მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებას სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში  დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები ან აქვს სხვა სახის ფულადი ვალდებულება, ამ ვალდებულებების ჯამური ოდენობის ფარგლებში არ აუნაზღაუროს  სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამის ფარგლებშია წარმოშობილი ეს ვალდებულება და რა პერიოდს მოიცავს სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) შეუფერხებლად მოახდინოს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;

ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ გადაახდევინოს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში – თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი;

ზ) უზრუნველყოს ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულებების შესრულება აღიარებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, თუ არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების განაწილვადების მოთხოვნის პირობით;

თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების/საქონლის მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად;

ი) დაუშვებელია, მიმწოდებელმა პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო;

კ) დაწესებულებამ ყოველი პროგრამის/კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით\კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში;

ლ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას, მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება;

მ) უზრუნველყოს პაციენტისათვის ზედმეტად არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნება კონტროლის ან რევიზიის აქტის გაცნობიდან/ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და თანხის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღეში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტის რეგულირების სააგენტოში წარდგენა;

ნ) განახორციელოს „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო მონაცემების შეტანა ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR), ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად (არ ვრცელდება დანართ №18.2-ით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებზე);

ო) შეიმუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა მიერ, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების მიღებაზე დამყოლობის მექანიზმი (გეგმა) და უზრუნველყოს მოსარგებლეთა მიერ, სერვისების სრულყოფილად მიღების მიდევნება/მონიტორინგი.

4. სტაციონარული დაწესებულება (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (გარდა №19 დანართით განსაზღვრული რეფერალური მომსახურების პროგრამისა) აწვდის სტაციონარულ და/ან ამბულატორიულ მომსახურებას, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სტაციონარული დაწესებულება (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (გარდა №19 დანართით განსაზღვრული რეფერალური მომსახურების პროგრამისა) აწვდის სტაციონარულ და/ან ამბულატორიულ მომსახურებას, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6 სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდულ/გასაცემელ ფარმაცევტულ პროდუქტზე (სამკურნალო საშუალებებზე) არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის ვალდებულება.

7. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.

დანართი №1

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

(პროგრამული კოდი 27 03 02 0