„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.520
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №666
2005 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ.343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სატელეკომუნიკაციო სპეციალური სისტემების სამმართველო;
ბ) დებულების მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე”.
გ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სატელეკომუნიკაციო სპეციალური სისტემების სამმართველოს კომპეტენცია
1. სატელეკომუნიკაციო სპეციალური სისტემების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს და თანამდებობის პირებს კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი უწყვეტი, დაშიფრული საქალაქთაშორისო ,,მაღალი სიხშირის” სატელეფონო კავშირით და მოძრავ საშუალებებზე დამონტაჟებული რადიო-სატელეფონო კავშირებით;
ბ) ახორციელებს ,,მაღალი სიხშირის” საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრალური სადგურის კავშირგაბმულობის ტექნიკის ექსპლუატაციისა და სარემონტო სამუშაოების დროულ და ხარისხიან ჩატარებას;
გ) უზრუნველყოფს საველე სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სამთავრობო საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურის მუდმივ მზადყოფნას, აპარატურის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გეგმურ, დროულ და ხარისხიან ჩატარებას;
დ) სამინისტროს მიერ ,,მაღალი სიხშირის” კავშირების უზრუნველსაყოფად ახორციელებს იჯარით აღებული კავშირგაბმულობის არხების ექსპლუატაციას;
ე) ახორციელებს საუწყებო კავშირგაბმულობის სპეციალური სისტემების ექსპლუატაციის, რადიო კავშირების ქსელის დახვეწას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაციონალიზატორული და გამომგონებლობითი სამუშაოების ჩატარებას, კავშირის უსაფრთხოების ღონისძიებების რეალიზაციას;
ვ) ახორციელებს შიფრდოკუმენტაციის საქმისწარმოებას, დანაყოფების გეგმურ შემოწმებას კავშირის უსაფრთხოების ხაზით და შემოწმების შედეგების ანალიზს;
ზ) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების უწყვეტი დაშიფრული საუწყებო-ოპერატიული საქალაქთაშორისო, რადიო-სატელეფონო ქალაქის ქსელის და სხვა სატელეფონო კავშირებით მომსახურებას;
თ) უზრუნველყოფს საუწყებო ოპერატიული საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრალური სადგურისა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სააბონენტო პუნქტების აპარატურის ექსპლუატაციისა და შესაკეთებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან ჩატარებას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ,,მაღალი სიხშირისა” და უწყებრივი ოპერატიული სატელეფონო კავშირის ერთიანი საკაბელო-სახაზო ქსელის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გეგმურ, დროულ და ხარისხიან ჩატარებას;
კ) საკაბელო-სახაზო დაზიანებების დროული რეგისტრაციისა და მათ ოპერატიულ აღმოფხვრაზე სათანადო კონტროლის დაწესების მიზნით უზრუნველყოფს დაზიანების ბიუროს მუშაობის ორგანიზაციას;
ლ) საჭიროების მიხედვით და შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის განკარგულებით მონაწილეობას იღებს საკონტროლო-ინსპექტორულ მუშაობასა და ტექნიკურ აღჭურვაში;
მ) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების სატელეკომუნიკაციო (ღია და დახურული) მომსახურებას, უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების აღრიცხვას და კონტროლს;
ნ) დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (როგორც სპეციალური ქსელი) ახორციელებს, ელექტროკავშირისა და საფოსტო კავშირის ქსელების ორგანიზებისათვის კანონმდებლობით დაგენილი ლიცენზიის გარეშე;
ო) საქართველოს მასშტაბით ორგანიზებას უკეთებს და უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახაზო და რადიოკავშირის საშუალებებისა და სისტემების მუშაობას;
პ) მონაწილეობას იღებს უწყებრივი კავშირგაბმულობის ქსელების პროექტირება-დანერგვაში;
ჟ) ურთიერთმოქმედების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან და სატელეფონო კომპანიებთან;
რ) მონაწილეობას იღებს კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ოპერატიულ-პროფილაქტიკურ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მასობრივ ღონისძიებებში.”.
2. სატელეკომუნიკაციო სპეციალური სისტემების სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე.
3. სატელეკომუნიკაციო სპეციალური სისტემების სამმართველოს საქმიანობაზე, პასუხისმგებელია სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.
დ) დებულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ნ” ქვეპუნქტი:
,,ნ) ავტო-ტრასოლოგიურ და ტექნიკურ ექსპერტიზას.”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისათანავე.
ი. მერაბიშვილი