ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება საქმეზე
„ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N31349/20)
მე-11 მუხლი წაკითხული მე-10 მუხლთან ერთობლიობაში • ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს მიზეზების საკმარისი დასაბუთება აქტივისტისთვის დაკისრებული საპატიმრო სასჯელის თანაზომიერების გასამართლებლად მშვიდობიან მანიფესტაციაზე დაკავების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მსჯავრის დადების შემდეგ
სტრასბურგი
2023 წლის 11 მაისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟორჟ რავარანი,თავმჯდომარე
მარტინშ მიტსი,
სტეფანი მოურუ-ვიკსტრომი,
ლადო ჭანტურია,
მარია ელოსეგი,
კატერინა სიმაჩკოვა,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N31349/20) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ლაშა ჩხარტიშვილის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2020 წლის 19 ივნისს;
გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“) პრეტენზიების შესახებ შეტყობინების შესახებ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის და მესამე პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტების, ასევე მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
2023 წლის 14 მარტისა და 11 აპრილის დახურული თათბირების შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით იქნა მიღებული:
შესავალი
1. წინამდებარე საქმე ძირითადად ეხება მომჩივნის საჩივარს, რომ მისი დაპატიმრება მანიფესტაციაზე და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გატარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით უტოლდება მისი გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებების ხელყოფას, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევით.
ფაქტობრივი გარემოებები
2. მომჩივანი დაიბადა 1980 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას სასამართლოში წარმოადგენდა ბ-ნი ი. ჩიტაშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
I. საქმის ირგვლივ არსებული მდგომარეობის მოკლე დახასიათება
5. მომჩივანი არის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი. - მომჩივნის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების თოთხმეტი პროცესი იქნა დაწყებული მის წინააღმდეგ, მისი აქტივიზმის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში, მათ შორის, ის, რომელიც წინამდებარე საჩივარს დაედო საფუძვლად.
II. მომჩივნის დაკავება და დაპატიმრება
6. 2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ჩატარდა მანიფესტაცია. ეს იყო საპროტესტო სერიების ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა არ შეიტანა შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც მიზნად ისახავდა საპარლამენტო საარჩევნო სისტემის „შერეული საარჩევნო“ სისტემიდან პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაზე გადასვლას (იხ. საქმე Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20 და 2 სხვა, §§ 5-6, 2022 წლის 1 სექტემბერი) და მას ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. მანიფესტაციის ადგილი, როგორც ჩანს, იმიტომ შეირჩა, რომ იქ იუსტიციის მინისტრის გამოსვლა იყო დაგეგმილი. მანიფესტაციის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია, მაგრამ ღონისძიებასთან დაკავშირებული ვიდეომასალა აჩვენებს ადგილზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანს და პოლიციელთა დიდ რაოდენობას. იუსტიციის მინისტრი შენობაში პოლიციის კორდონის დახმარებით შევიდა. ღონისძიების ვიდეომასალაში ჩანს, რომ მანიფესტაციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს კორდონის გარღვევა და გზის ძალით გაკვალვა შენობის შესასვლელისკენ, ვიდრე მინისტრი იქ იმყოფებოდა. ეს ასევე გვიჩვენებს, რომ ტროტუარი და შესასვლელისკენ მიმავალი ვიწრო გზა ძირითადად ეკავა მანიფესტაციაზე შეკრებილ ხალხს, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებსაც. გადაღებული ვიდეომასალის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მანიფესტაციის მონაწილეებს ეუბნება, რომ მათი ქმედება ეწინააღმდეგება კანონს და ვერ გადაკეტავენ შენობისა და გზის შესასვლელს. ჩანს, რომ მანიფესტაციის ზოგიერთი მონაწილე გაურკვეველ ფრაზებს უყვირის პოლიციელებს, ხოლო ეს უკანასკნელნი სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ექვსი ფიზიკური პირი, მათ შორის, მომჩივანი, დაკავებული იქნა იმ დღეს სხვადასხვა საფუძვლით. არ ჩანს, რომ მანიფესტაცია დაშალეს.
7. ზემოაღნიშნული მოვლენების დროს, რაღაც მომენტში მომჩივანი მიუბრუნდა პოლიციელებს (სავარაუდოდ, პოლიციის მოწოდების საპასუხოდ, გზის გათავისუფლების შესახებ), ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ხმამაღლა ყვიროდა, რომ ლობიო იყო „მონების საკვები“. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შემდეგ მან პოლიციელებს ლობიოს მარცვლები ესროლა და თან ყვიროდა „მონების საკვები პოლიციელებისთვის“. გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ხელმისაწვდომია საქმის მასალებში, აჩვენებს, რომ მომჩივანი დაუყოვნებლივ დააკავეს. დაკავება მოხდა დილის 11:45 საათზე. მომჩივანი მიიყვანეს თბილისის პოლიციის დაწესებულებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენის გამო (შემდგომში „ასკ“ – იხ. პარაგრაფები 27-28-ე ქვემოთ).
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შესაბამისად, მომჩივანმა გადაკეტა გზა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ ბრძანებებს. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ოქმი მიუთითებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებზე, როგორც დებულებებზე, რომელთა მიხედვითაც დააკავეს მომჩივანი და აღნიშნავდა შემდეგს:
„2019 წლის 29 ნოემბერს ლაშა ჩხარტიშვილმა [მომჩივანი] გადაკეტა გზა თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ[;] შეურაცხყოფა მიაყენა და შეაწუხა [საზოგადოების წევრები;] მიუხედავად მრავალი მითითებისა, რომ შეეწყვიტა ეს ქმედებები, მან განაგრძო კანონის დაუმორჩილებლობა და მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას მოსთხოვა ასეთი საქციელის შეწყვეტა, ის უფრო აგრესიული გახდა და [ხმელი] ლობიოს მარცვლები შეაყარა მათ [;] შეურაცხყოფა მიაყენა და მონები უწოდა[.] ის დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“.
III. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მომჩივნების წინააღმდეგ
9. იმავე დღეს – 2019 წლის 29 ნოემბერს – მომჩივანი წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე. სასამართლო პროცესი: 32 საათზე დაიწყო. მხარეები თავიდანვე გააფრთხილეს, რომ მათ უნდა დაეცვათ წესრიგი და დამორჩილებოდნენ სასამართლოს მითითებებს. სასამართლოს უპატივცემულობა გამოიწვევდა სანქციებს.
10. მომჩივანმა მოითხოვა მოსამართლის აცილება და განაცხადა, რომ ყოველთვის ეს მოსამართლე იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს მანიფესტაციებზე დაკავებებთან დაკავშირებით და რომ მომჩივნის საქმე ჩაინიშნა დაუყოვნებლივ განსახილველად მაშინ, როდესაც ძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინში იყო. ეს, მომჩივნის აზრით, მიუთითებდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და რომ ის, სავარაუდოდ, ასრულებდა სასამართლოს სხდომის დარბაზის გარედან მოსულ მითითებებს. მოსამართლემ უპასუხა, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, რადგან ის არ მიუთითებდა კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძვლის არსებობას მისი აცილებისთვის. მოსამართლემ განაცხადა, რომ იმ დღეს მისი რიგი იყო, რომ შეესრულებინა მოსამართლის მოვალეობა და ამიტომ გადაეცა მომჩივნის საქმე განსახილველად მას.
11. როდესაც მოსამართლე ლაპარაკობდა, მომჩივანმა შეაწყვეტინა, ხმამაღლა იმეორებდა რა, რომ ყველა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმის განხილვას ამ მოსამართლეს ავალებდნენ. მოსამართლემ მომჩივანს სთხოვა, დამშვიდებულიყო, სასამართლოსადმი პატივისცემა გამოეხატა და საქმის განხილვის საშუალება მიეცა. მომჩივანმა უპასუხა, რომ ის მშვიდად იყო, და რომ თავად მოსამართლეს უნდა ენერვიულა, რადგან მას მოუხდებოდა პასუხისგება კანონის წინაშე ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნისთვის. მოსამართლემ განმარტა, რომ ის არ იყო დაინტერესებული არც ერთი პოლიტიკური პარტიით, რაზეც მომჩივანმა უპასუხა: „ჩვენ ამას ვხედავთ“. მოსამართლემ მომჩივანს დამშვიდება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გააძევებდნენ სასამართლო დარბაზიდან და სასამართლო პროცესი მისი დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე გაგრძელდებოდა. მომჩივანმა გაიმეორა, რომ მოსამართლე პასუხს აგებს კანონის წინაშე. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით (დაახლოებით 120 ევრო) სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო. მომჩივანს ეცნობა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.
12. მომჩივანმა მშვიდი ხმით განაგრძო მოსამართლის ბრალდება, შეაწყვეტინა რა მას საუბარი. მომჩივანი გააფრთხილეს, რომ უწესრიგო ქცევის გაგრძელება გამოიწვევდა მის გაძევებას სასამართლო დარბაზიდან. მან უპასუხა: „გამაძევეთ, არაა პრობლემა“ და გააკეთა გაურკვეველი შენიშვნა. მოსამართლემ მოითხოვა მომჩივნის გაძევება. საპასუხოდ მომჩივანმა დაიწყო ყვირილი, რომ ბ.ი.-ის „მონები“ („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ დროს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობდა), შესაბამისი მოსამართლის მსგავსად, ციხეში მოხვდებოდნენ. შემდეგ ის გააძევეს სასამართლოს დარბაზიდან.
13. გაძევების შემდეგ, განიხილა რა მომჩივნის არგუმენტი საქმეების განხილვის სავარაუდო არასწორ თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ მოხსენიებული სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მისი საქმე მოიცავდა ადმინისტრაციული დაკავების ელემენტს, რაც საქმის განხილვას აქცევს გადაუდებელი პრიორიტეტის მქონე აუცილებლობად.
14. მოსამართლემ განაგრძო საქმის განხილვა მომჩივნის დაუსწრებლად. მომჩივნის ადვოკატმა მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება და განაცხადა, რომ მას დრო სჭირდებოდა ადმინისტრაციული საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო მომჩივანთან შეხვედრა სასამართლო პროცესამდე და ამტკიცებდა, რომ პოლიციამ დამალა მომჩივნის ადგილსამყოფელი სასამართლოს სხდომის დარბაზში მის საბოლოო გადაყვანამდე. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამი საათითა და ათი წუთით გადადო ზეპირი მოსმენა. პრეტენზიის პასუხად, რომ პოლიციამ ხელი შეუშალა ადვოკატის მომჩივანთან შეხვედრის მცდელობებს, მას უთხრეს, რომ ცალკე საჩივარი უნდა ყოფილიყო შეტანილი, თუ ის მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ჩაიდინეს რაიმე უკანონო ქმედება.
15. როგორც კი ზეპირი მოსმენა განახლდა, დამცველმა გააკეთა შემდეგი განცხადება: მან მოითხოვა, რომ მომჩივანი დაეკითხათ მოწმის სახით, რადგან მას არ ჰქონდა დრო, რომ მასთან გაევლო კონსულტაცია; რომ სასამართლო განხილვა კვლავ უნდა გადადებულიყო, რადგან მას სჭირდებოდა დამატებითი დრო გასაჩივრებული მოვლენების შესახებ ვიდეოჩანაწერების მოსაპოვებლად; და რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან. ის ასევე ჩიოდა, რომ პოლიციამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას მომჩივნის დაკავებისას.
16. პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ მიიღო სარჩელი. მან დაასაბუთა, რომ მომჩივნის საქციელმა გამოიწვია მისი გაძევება სასამართლოს სხდომების დარბაზიდან გაფრთხილებების გაუთვალისწინებლობის შემდეგ და, რომ მისი მოწმის სახით გამოჩენა არ იყო გამართლებული ასეთ გარემოებებში. რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, რომლის მოპოვებასაც ადვოკატი სავარაუდოდ ცდილობდა, აღინიშნა, რომ ეს მასალა ფართოდ იქნა გავრცელებული მედიის მიერ და ადვოკატს შეეძლო ეს ჩანაწერები სასამართლოსთვის ეჩვენებინა საქმის მასალებში უკვე არსებულ მასალასთან ერთად, შემდგომი გადადების საჭიროების გარეშე. მოსამართლემ დამატებით აღნიშნა, რომ მომჩივნის დაკავება ნიშნავდა იმას, რომ სასამართლო განხილვა განსაკუთრებით დაჩქარებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ კიდევ ერთხელ გადადება საჭიროდ არ ჩაითვალა.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე ზეპირი მოსმენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ავტორმა, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ მომჩივანთან დაკავშირებით არსებობდა წარსულში მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობის შესახებ მონაცემები. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ სულ მცირე ორჯერ – 2008 და 2014 წლებში – მომჩივანს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისი მოხელე ითხოვდა, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გამოეყენებინა უფრო მკაცრი სანქცია, როგორც შემაკავებელი ზომა მომავლისთვის. მომჩივნის წარმომადგენელმა გააპროტესტა მოხელის განცხადება, როგორც დაუსაბუთებელი, გაუგებარი და უადგილო.
18. იმავე დღეს – 2019 წლის 29 ნოემბერს – თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი გაამართლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ დამნაშავედ ცნო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევით (იხ.პარაგრაფი 28-ე ქვემოთ). მომჩივანს მიესაჯა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. განაჩენი ეყრდნობოდა შემდეგ მტკიცებულებებს: 2019 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დაკავების ოქმებს; პოლიციის შიდა ანგარიშებს; დოკუმენტს სახელწოდებით „ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ“ (რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ მომჩივანს წარსულში ედებოდა ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში); მხარეთა მოსაზრებებს; მოწმეთა ჩვენებებს (მათ შორის, პოლიციელების ახსნა-განმარტებას, რომ მათ სახეში ლობიოს მარცვლები შეაყარეს); და გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც ეხება მომჩივნის დაკავებას.
19. სასამართლომ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიციელების ჩვენებები, პრინციპში, საკმარისი იქნებოდა მტკიცების ტვირთის გადასატანად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალდებულ პირზე, რადგან პოლიციელებს აქვთ გარკვეული ცოდნა და ისინი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს ადმინისტრაციული წესები და რეგულაციები, აღინიშნა, რომ მათი განცხადებები არ შეიძლება განხილულ იქნეს, თუ ისინი დადასტურებული არაა სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც წარმოადგენს გაუქარწყლებელ მტკიცებულებას საქმის გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით, იმისი გათვალისწინებით, რომ შესაბამისი პირები იყვნენ დაინტერესებული მხარეები და, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება მიზნად ისახავდა დანაშაულის დაფარვას და სანქციების თავიდან აცილებას.
20. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ... ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულმა დაუმორჩილებლობა [გამოავლინა] პოლიციის კანონიერი მოთხოვნების მიმართ და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს. ეს საქციელი შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მოქმედების სფეროში. სხვა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს სხვაგვარ დასკვნამდე მიიყვანდა, წინამდებარე საქმეში არ არის წარმოდგენილი. ...
საქმის მასალების და მხარეთა მოსაზრებების შესწავლის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ [მომჩივანს] არ ჩაუდენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები. [სასამართლოს წინაშე] არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც შეძლებდა, უდავოდ დაედასტურებინა ქმედებების ჩადენა, რომლებიც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს; კერძოდ, არ არის დადგენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გინებისა [და] საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები. ...
განსახილველ საქმეში, 2019 წლის 29 ნოემბერს თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მანიფესტაცია. მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარებას და მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფდნენ პოლიციელები. ისინი იცავდნენ უსაფრთხოებას, იცავდნენ მანიფესტაციის მონაწილეთა უფლებებს და უზრუნველყოფდნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა იმ პოლიციელებისთვის – რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ კანონის დარღვევის [აღკვეთა] – კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად.
წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები და ვიდეომასალა ადასტურებს პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულის ასეთი მოწოდებებისადმი დაუმორჩილებლობას, აგრეთვე, მის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტს. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს კანონის დამრღვევ პირს გზის დატოვებისკენ, [ხოლო] მათი ეს მოთხოვნა უგულებელყოფილი დარჩა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოუწოდებდნენ წესრიგის დაცვისკენ და, რომ მითითებები იყო კანონიერი და მიზნად ისახავდა პიროვნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, კანონის დამრღვევი პირი არ დაემორჩილა მრავალ ლეგიტიმურ ბრძანებას. მას წინასწარ უნდა განესაზღვრა რისკები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს [ასეთ დაუმორჩილებლობას]. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლებისთვის „მონის“ დაძახება წარმოადგენს ქცევას, რომელიც შეურაცხყოფს და ამცირებს პოლიციელების პატივისა და ღირსებას და წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ [მომჩივნის] ქმედებები მოექცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მოქმედების სფეროში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული პირის წარმომადგენლის მიერ მიცემულ განმარტებას, კერძოდ, რომ ჰაერში ლობიოს სროლა იყო პროტესტის გამოხატვის საშუალება..., სასამართლო მიუთითებს ... სიტყვის თავისუფლების შესახებ [კანონზე], რომელიც უშვებს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ... ამავდროულად, იმავე კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს [ამ თავისუფლებების] შეზღუდვის საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვები კანონით არის გათვალისწინებული მკაფიოდ და განჭვრეტადად და, როდესაც შეზღუდვით მიღწეული სარგებელი აღემატება მის მიერ მიყენებულ ზიანს.
მოცემულ საქმეში [სასამართლოსთვის] წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეების მოსაზრებები და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულმა პოლიციელებს „მონები“ უწოდა და ლობიოს მარცვლები შეაყარა და განაცხადა, რომ ეს იყო მონების საკვები. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის შესახებ [კანონის] 48(3)-ე მუხლი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, ხოლო [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის] 173-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას პოლიციის თანამშრომლების კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ან/და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების განხორციელებისთვის... შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელების ღირსების შეურაცხმყოფელი ქმედებები – მათი „მონებად“ მოხსენიება და ლობიოს მარცვლების სროლა შეძახილით, რომ ლობიო გამოიყენება მონების საკვებად, არ შეიძლება ჩაითვალოს პროტესტის ფორმად.
სასამართლო მიუთითებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის 111 (1) მუხლზე, რომელიც უფლებას აძლევს [პოლიციას] გახსნას გზა ... გზის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ... შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ, თუ მონაწილეთა რაოდენობის [გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია]. ...
სასამართლომ მიიჩნია, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ვიდეოჩანაწერების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების კომბინირებულ ანალიზზე დაყრდნობით, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა განსახილველ საქმეში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულ პირს არ ჰქონდა უფლება, გადაეკეტა გზა, ხოლო ... პოლიციელების არაერთგზის მოთხოვნა გზის გათავისუფლების შესახებ, [მანქანების] მოძრაობის აღდგენის მიზნით, იყო კანონიერი, [მაგრამ] არ შესრულებულა ...“
21. რაც შეეხება რვადღიანი საპატიმრო სასჯელის სანქციას, რომელიც დაეკისრა მომჩივანს, სასამართლომ მოახდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 35-ე მუხლების ციტირება (იხ. პარაგრაფი 25 ქვემოთ) და დაასაბუთა, რომ „მომჩივნის პიროვნებისა და მისი ქმედებების [სერიოზულობის] ხარისხის გათვალისწინებით“, ჯარიმის დაკისრება ან სიტყვიერი საყვედური არ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
22. 2019 წლის 1 დეკემბერს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მათ შორის, ის ჩიოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ექსკლუზიურად ეყრდნობოდა პოლიციელების მონათხრობს და, რომ ნებისმიერი ეჭვი მისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო, სისხლის სამართალწარმოებაში მოქმედი პრინციპების შესაბამისად. მან ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველი დარჩა, თუ რა კანონიერ ბრძანებებს არ დაემორჩილა ის და აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, მისი დაპატიმრება და მსჯავრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დასაბუთებას იყო მოკლებული. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ეს იყო პოლიცია, ვინც გზა გადაკეტა და, რომ მას ფიზიკურად არ შეეძლო გზის გადაკეტვა და მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო ადვოკატთან შეხვედრა სასამართლო სხდომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ცდილობდა სასამართლოს მანდატურის მეშვეობით შეხვედრის უზრუნველყოფას (ამ ფაქტის შესახებ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი). მომჩივანი არ ჩიოდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების გამო.
23. 2019 წლის 2 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებით (რომელიც მომჩივანს გადაეცა 2019 წლის 19 დეკემბერს) თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, როგორც მიუღებელი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმისწარმოების მხარეებს მიეცათ თავიანთი საქმის განხილვის შესაძლებლობა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამრიგად, მან მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, აცხადებდა რა, რომ მომჩივანს არ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება ან არ მიუთითებია ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ირგვლივ, რაც გაამართლებდა მისი საქმის არსებითად ხელახლა განხილვას.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
I. კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
24. კანონის მე-9(3) მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ... ბლოკირება.“ მე-11 (2) (ე) მუხლი ითვალისწინებს, რომ „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის“. მუხლი 111 ითვალისწინებს, რომ მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“.
II. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
25. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
26. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში შესაძლო დამამძიმებელ გარემოებებს შორის, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის გამოტანის ეტაპზე, ჩამოთვლილია „მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად“ და „წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი [ან] სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ“.
27. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, მოცემულ დროს არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას („წვრილმანი ხულიგნობა“) შემდეგნაირად განსაზღვრავდა: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. აღნიშნული დარღვევა იწვევდა დაჯარიმებას ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
28. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, მოცემულ დროს არსებული რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს [თანამშრომლის] ... კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ [პირის] სიტყვიერი შეურაცხყოფა“ ისჯებოდა ჯარიმით, მინიმალური 1 000 ლარის და მაქსიმალური 4000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
29. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 მუხლის (b) და (c) პუნქტებზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა, რომ დაირღვა მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლო დარბაზიდან გაძევების და ამის შედეგად საკუთარი თავის დაცვის შეუძლებლობის გამო და იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მის მიერ არჩეულ ადვოკატთან კონსულტაციის გავლა, ვერც სასამართლო პროცესის დაწყებამდე და ვერც სასამართლო პროცესის დროს. ის ასევე ჩიოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ძირითადად ეყრდნობოდა პოლიციელების განცხადებებს. კონვენციის მე-6 მუხლი, რამდენადაც შესაბამისია, შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ...
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
b) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; ...
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ...“
A. მხარეთა მოსაზრებები
30. მთავრობას არ გამოუხატავს პრეტენზია დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს, რომ, რაც შეეხება მომჩივნის კონტაქტს დამცველთან, მომჩივანმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ ასეთი კონტაქტის მცდელობა იყო და პოლიციამ უარი თქვა დაეშვა ადვოკატის ხელმისაწვდომობა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევით. რაც შეეხება მომჩივნის სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაძევებას, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს გამოიწვია მისმა უმართავმა და უპატივცემულო საქციელმა მოსამართლის მიმართ, ამ უკანასკნელის მრავალჯერადი გაფრთხილების საპირისპიროდ, რაც გახდა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მისი გაძევების მიზეზი. ამდენად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მის სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობასთან, თავად მომჩივნის ქცევით იყო განპირობებული. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა თავიანთი დასკვნები დააფუძნეს მრავალ მტკიცებულებაზე, მათ შორის, ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაზე, რაც საკმარის მიზეზებს იძლეოდა მომჩივნის მსჯავრდებისთვის.
31. მომჩივანმა გაიმეორა თავისი პრეტენზიები (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ).
B. სასამართლოს შეფასება
32. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში Idalov v. Russia ([GC], no. 5826/03, §176, 2012 წლის 22 მაისი), Huseynli and Others v. Azerbaijan (nos. 67360/11 და 2 სხვა, §§ 110-12 და 125-27, 2016 წლის 11 თებერვალი) და Makarashvili and Others v. Georgia (nos. 23158/20 და 2 სხვა, § 57, 2022 წლის 1 სექტემბერი).
33. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა, თუნდაც, მთავრობის ამ პრეტენზიის საპასუხოდ, სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა ადვოკატის ანგარიშისა, რომელიც მას ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ის ცდილობდა მომჩივნის ნახვასა და მასთან კონსულტაციის გავლას და, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალა მომჩივნისთვის მის ხელმისაწვდომობას. როგორც ჩანს, ასეთი მტკიცებულებები არც ეროვნულ დონეზე იყო ხელმისაწვდომი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის ადვოკატმა ეროვნულ დონეზე განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო მომჩივანთან შეხვედრა საქმის სასამართლოში განხილვამდე, რადგან არ იცოდა მისი დაკავების ადგილსამყოფლის შესახებ იქამდე, ვიდრე პოლიცია მომჩივანს სასამართლოს წინაშე წარადგენდა, ეს სხდომა სამ საათზე მეტი ხნით გადაიდო და მას თავისუფლად შეეძლო მოენახულებინა პატიმრობაში მყოფი მომჩივანი. თუმცა, როდესაც სასამართლო პროცესი განახლდა, ადვოკატი აგრძელებდა მტკიცებას, რომ მან ვერ შეძლო მომჩივანთან შეხვედრა, სარწმუნო ახსნა-განმარტების წარმოდგენის ან მასთან შეხვედრის წარუმატებელი მცდელობის რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე (იხ. პარაგრაფები 14-15 ზემოთ). მას არც საჩივარი შეუტანია ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქმის განმხილველი მოსამართლის მითითებისა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, იმის შემოწმებისას საჭიროების გარეშე, ამოწურა თუ არა მომჩივანმა შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები ამ საჩივართან დაკავშირებით, სასამართლო არ მიიჩნევს დადგენილად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალა მომჩივანსა და მის წარმომადგენელს შორის კონტაქტს.
34. რამდენადაც მომჩივანი ჩიოდა, რომ სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევება ხელს უშლიდა მის უნარს, ეფექტურად მიეღო მონაწილეობა პროცესებში, სასამართლომ დაადგინა, რომ, თუ ბრალდებული არღვევს წესრიგს სასამართლოს სხდომის დარბაზში, არ შეიძლება არსებობდეს იმის მოლოდინი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო პასიური დარჩება და დაუშვებს ასეთ ქცევას. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვა სასამართლო კოლეგიის ჩვეულებრივი მოვალეობაა და ამ მიზნით გათვალისწინებული წესები თანაბრად ვრცელდება ყველა დამსწრეზე, მათ შორის, ბრალდებულზეც (იხ. საქმე Marguš v. Croatia [GC], no. 4455/10, §90, ECHR 2014 (ამონარიდები)). წინამდებარე საქმეში სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივნის ქცევა (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ) ისეთი ხასიათისა იყო, რომ უტოლდებოდა ბრალდებულის მიერ სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტების აშკარა უგულებელყოფას (იხ. საქმე Idalov, ციტირებული ზემოთ, §176).
35. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნისადმი მიცემულ მრავალჯერად გაფრთხილებას და მის მუდმივ უმართავ ქცევას მოსამართლის მიმართ. კერძოდ, მომჩივნის სასამართლო დარბაზიდან გაძევებამდე მოსამართლემ სამჯერ ცალსახად გააფრთხილა ის, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის საქციელს (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ). მომჩივანმა განაცხადა რა, რომ მას არ ადარდებდა ეს შედეგები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ უარი თქვა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაზე. შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივნის სასამართლო დარბაზიდან გაძევებას აკლდა გონივრული გამართლება. გარდა ამისა, მომჩივნის წარმომადგენელი დარჩა სასამართლო დარბაზში, წარმატებით დაამტკიცა სასამართლო პროცესის გადადების მიზანშეწონილობა დაცვის უკეთ მოსამზადებლად და მომჩივნის სახელით წარადგინა არგუმენტები სასამართლო პროცესის განახლების შემდეგ. შესაბამისად, და მომჩივნის საქციელის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ადგენს, რომ რაიმე გაუმართლებელი შეზღუდვა დაწესდა მომჩივნის უფლებაზე, რომ ეფექტური მონაწილეობა მიეღო საქმისწარმოებაში და მიეღო პრაქტიკული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე.
36. რაც შეეხება დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროის მიცემას, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნა. უარყო რა მეორე საჩივარი ვადის გახანგრძლივების შესახებ, მოსამართლემ სათანადოდ დაასაბუთა თავისი მიდგომა (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ).
37. და ბოლოს, რაც შეეხება საჩივარს, რომ ეროვნული სასამართლოები ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების განცხადებებს, სასამართლომ აღნიშნა ეროვნული სასამართლოების წინადადება იმის შესახებ, რომ პოლიციელების ანგარიშები შეიძლება საკმარისი ყოფილიყო იმისათვის, რომ მტკიცების ტვირთი გადასულიყო მომჩივანზე (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ). სასამართლომ უკვე განიხილა მსგავსი არგუმენტი საქმეში Makarashvili and Others (ციტირებული ზემოთ, §§61-64), მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მიერ ამ მიდგომის პრინციპული კრიტიკა (იქვე, §§44 და 62). ამასთან დაკავშირებით, განაცხადების პრობლემური ხასიათის მიუხედავად, სასამართლომ არ ჩათვალა, რომ მტკიცების ტვირთი ეფექტურად იქნა გადატანილი მომჩივანზე წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში. კერძოდ, პოლიციელების განაცხადების მიუხედავად, მას მოეხსნა, სავარაუდოდ, მტკიცებულებების არარსებობის გამო, მის მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება. რაც შეეხება მომჩივნის მსჯავრდებას, საქმის მასალებში, გარდა პოლიციელების ანგარიშებისა, არსებობდა სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, მომჩივნის დაპატიმრების ვიდეოჩანაწერები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებამ, მტკიცებულების მიმართ მის მიდგომასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად გადაიტანა მტკიცების ტვირთი მომჩივანზე (იქვე, §63). ამის საპირისპიროდ, რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებულ, მაგრამ განსხვავებულ საკითხს იმის შესახებ, იყო თუ არა მომჩივნის მსჯავრდების მხარდასაჭერად ეროვნული სასამართლოების მიერ მოყვანილი მიზეზები კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით მის უფლებებში ჩარევის დასაბუთების კონტექსტში, საკითხი – რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩამოყალიბებული, როგორც ცალკე საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში – უფრო სათანადოდ განიხილება მომჩივნის საჩივრების კონტექსტში მე-10 და მე-11 მუხლების ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 39-62 ქვემოთ).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის მიმართ აღძრული საქმისწარმოება გაიმართა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის და მე-3 პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის შესაბამისი საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
აქედან გამომდინარე, საჩივრების ეს ნაწილი უნდა იქნეს უარყოფილი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
II. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა
39. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაპატიმრება მანიფესტაციაზე და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გატარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით უტოლდება მისი გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლების ხელყოფას, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევით. კონვენციის შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:
„1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
„1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება ...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ...“
A. მისაღებობა
40. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ აღძრა სამოქალაქო საქმისწარმოება პოლიციის წინააღმდეგ.
41. მომჩივანი აცხადებდა, რომ შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალება იყო ზედმეტი.
42. დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა მის წინააღმდეგ განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების დროს წამოაყენა საჩივარი – არსებითად – გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირდაპირ განიხილა ეს საკითხი და სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (იხ. პარაგრაფები 17 23 ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანს არ მოეთხოვებოდა ცალკე სამოქალაქო საქმისწარმოების დაწყება მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მისი არგუმენტების უარყოფის შემდეგ (იხ. საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §70). აქედან გამომდინარე, მთავრობის პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა იქნეს უარყოფილი.
43. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია ან მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა მოსაზრებები
44. მთავრობამ განაცხადა, რომ არ დარღვეულა დებულებები, რომლებსაც ეყრდნობოდა მომჩივანი. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი წარმოადგენდა მე-10 მუხლის მიმართ lex specialis მანიფესტაციების დროს დაპატიმრებების კონტექსტში. მათ განაცხადეს, რომ მომჩივნის უფლებებში ჩარევა ეფუძნებოდა კანონს, ემსახურებოდა არეულობის თავიდან აცილებისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ყურადღებით შეაფასეს საქმის გარემოებები სხვადასხვა მტკიცებულებაზე, მათ შორის, ვიდეომასალაზე დაყრდნობით და დაადგინეს, რომ მომჩივანმა გადაკეტა გზა და ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ ბრძანებებს, ის გახდა აგრესიული და შეურაცხყოფა მიაყენა მათ. რაც შეეხება ჩარევის თანაზომიერებას, მთავრობა აცხადებდა, რომ რვადღიანი დაკავების ადმინისტრაციული სახდელი იყო თანაზომიერი ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც ჩაიდინა მომჩივანმა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას წარსულში ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
45. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი საჩივრები განხილული უნდა ყოფილიყო კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში, მე-10 მუხლთან ერთობლიობაში, ორი დამატებითი დებულების გათვალისწინებით, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკური პროტესტის გამოხატვას. მან აღნიშნა, რომ ის დააპატიმრეს მისი „პოლიტიკური სპექტაკლის შემდეგ“, რომელიც გამოიხატებოდა მის მიერ „ლობიოს მარცვლების ჰაერში სროლაში“. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი შესრულება და სიტყვიერი პროტესტი არ იყო გამიზნული კონკრეტული პოლიციელისთვის, არამედ ეხებოდა ყველა იმ პოლიციელს, რომელიც ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას – რაც წარმოადგენს გამოხატვის ფორმას, რომელიც დაცულია სიტყვის თავისუფლების უფლებით. ის ასევე აპროტესტებდა ეროვნული სასამართლოების გამოტანილ დასკვნებს, რომ მან გადაკეტა გზა პროტესტის გამოხატვისას და, რომ პოლიციელების მიერ გზის გათავისუფლების მოთხოვნა იყო კანონიერი. მომჩივანი აცხადებდა, რომ კონვენციით დაცული მისი უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა არ იყო კანონით დადგენილი, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
2. სასამართლოს შეფასება
(a) მომჩივნის საჩივრების სამართლებრივი კლასიფიკაცია
46. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის როგორც მე-10, ასევე მე-11 მუხლს ერთსა და იმავე ფაქტებსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ ის დაპატიმრებული და დასჯილი იქნა მანიფესტაციაზე მისი ქცევის გამო. ასეთ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივრები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მე-11 მუხლის ფარგლებში, რომელიც, ამავდროულად, განხილული უნდა იქნეს მე-10 მუხლის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირადი შეხედულებების დაცვა არის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი მიზანი, როგორც ეს გამოხატულია მე-11 მუხლში (იხ. საქმე Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, §86, ECHR 2015).
(b) ზოგადი პრინციპები
47. შეკრების თავისუფლების უფლება არის ძირითადი უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში და, გამოხატვის თავისუფლების უფლების მსგავსად, არის ასეთი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი. ამდენად, ის არ უნდა იქნეს განმარტებული შემზღუდველად (იხ. საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §91, და საქმე Navalnyy v. Russia [GC], nos. 29580/12 და ოთხი სხვა, § 98, 2018 წლის 15 ნოემბერი).
48. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევა წარმოადგენს მე-11 მუხლის დარღვევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის „კანონით არის დადგენილი“, ემსახურება ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს მე-2 პუნქტის შესაბამისად და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ შესაბამისი მიზნის ან მიზნების მისაღწევად (იხ. საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §102, და საქმე Laguna Guzman v. Spain, no. 41462/17, §44, 2020 წლის 6 ოქტომბერი).
49. როდესაც სასამართლო ახორციელებს გულდასმით შემოწმებას, მისი ამოცანაა არა საკუთარი შეხედულების ჩანაცვლება ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების შეხედულებით, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის გარკვევით, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გონივრულად, ყურადღებით და კეთილსინდისიერად; მან უნდა განიხილოს გასაჩივრებული ჩარევა კომპლექსურად, მოცემული საქმის გათვალისწინებით და დაადგენს რა, რომ ის ემსახურებოდა „ლეგიტიმურ მიზანს“, განსაზღვროს, სცემდა თუ არა ის პასუხს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ და, კერძოდ, იყო თუ არა ის პროპორციული ამ მიზნისა და იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მის დასასაბუთებლად მოყვანილი მიზეზები „შესაბამისი და საკმარისი“. აღნიშნულის განხორციელებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-11 მუხლში მოცემულ პრინციპებს და, უფრო მეტიც, რომ ისინი თავიანთი გადაწყვეტილებების გამოტანისას ეყრდნობოდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას (იხ. საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §143, და საქმე Körtvélyessy v. Hungary, no. 7871/10, §26, 2016 წლის 5 აპრილი).
50. პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს ბალანსის დაცვას, ერთი მხრივ, მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიზნების მოთხოვნებსა და, მეორე მხრივ, ქუჩებში ან სხვა საჯარო ადგილებში შეკრებილი პირების მიერ სიტყვით, ჟესტით ან თუნდაც დუმილით მოსაზრებების თავისუფალ გამოხატვას შორის (იხ. საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §144).
51. დაკისრებული სასჯელის ხასიათი და სიმკაცრე ასევე წარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიც გასათვალისწინებელია ჩარევის თანაზომიერების შეფასებისას, განსახორციელებელ მიზანთან დაკავშირებით. თუ მანიფესტაციის მონაწილეებისთვის დაკისრებული სანქციები სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა, ისინი განსაკუთრებულ დასაბუთებას მოითხოვს. პრინციპში, მშვიდობიანი მანიფესტაცია არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივი სანქციის დაკისრების საფრთხეს და, განსაკუთრებით, თავისუფლების აღკვეთას. ამგვარად, სასამართლომ გულდასმით უნდა შეისწავლოს ის საქმეები, რომლებშიც ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ არაძალადობრივი ქცევისთვის დაწესებული სანქციები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის სასჯელს (იხ. საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §146, და საქმე Chernega and Others v. Ukraine, no. 74768/10, §221, 2019 წლის 18 ივნისი).
52. რაც შეეხება კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამის პრინციპებს, სასამართლომ თანმიმდევრულად დაადგინა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციის“ ან „იდეების“ მიმართ, რომლებიც დადებითად აღიქმება ან მიიჩნევა როგორც უწყინარი ან უმნიშვნელო, არამედ ისეთი ინფორმაციის ან იდეების მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაწუხებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ფართო მსოფლმხედველობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. როგორც მე-10 მუხლი ითვალისწინებს, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა იქნეს დამაჯერებლად დადგენილი (იხ. საქმე Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, §101, ECHR 2012; საქმე Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France [GC], no. 40454/07, §88, ECHR 2015 (ამონარიდები); და საქმე Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], no. 931/13, §124, 2017 წლის 27 ივნისი).
53. მისაღები კრიტიკის საზღვრები სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებით. თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობის პირები გააზრებულად მზად არიან თავიანთი ყოველი სიტყვისა და საქმის გულდასმით შესასწავლად ისე, როგორც ამას აკეთებენ პოლიტიკოსები და, შესაბამისად, მათ ამ უკანასკნელთა მსგავსად თანაბარი პირობებით უნდა მოეპყრონ, როცა საქმე მათი ქმედებების კრიტიკას ეხება. გარდა ამისა, თავიანთი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, თანამდებობის პირები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით ისეთ გარემოში, რომელიც არ იწვევს ზედმეტ შევიწროებას, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დაცვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვიერი თავდასხმებისგან (იხ. საქმე Janowski v. Poland [GC], no. 25716/94, § 33, ECHR 1999-I; საქმე Nikula v. Finland, no. 31611/96, §48, ECHR 2002-II; და საქმე Lešník v. Slovakia, no. 35640/97, § 53, ECHR 2003-IV). როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების ნაწილმა, პოლიციამ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებით მაღალი დონის შემწყნარებლობა შეურაცხმყოფელი გამოთქმების მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გამომწვევი მეტყველება იწვევს გარდაუვალი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების პროვოცირებას მათი თანამშრომლების მიმართ და აყენებს მათ ფიზიკური ძალადობის რეალური საფრთხის წინაშე (იხ. საქმე Savva Terentyev v. Russia, no. 10692/09, §77, 28 August 2018 წლის 28 აგვისტო, შემდგომი მითითებებით).
(c) ღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
54. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ჩარევა განპირობებული იყო მომჩივნის მანიფესტაციაზე დაპატიმრებით და მისი შემდგომი მსჯავრდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, რის შედეგადაც მას მიესაჯა რვადღიანი პატიმრობა. განსახილველი ჩარევა იყო „კანონით დადგენილი“, რადგან ის ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). სასამართლო ასევე აღიარებს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში ჩარევა ემსახურებოდა არეულობის აღკვეთისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, სცემდა თუ არა ჩარევა პასუხს მომჩივნის შეკრების თავისუფლების უფლებაში, რომელიც განიხილება გამოხატვის თავისუფლების უფლების გათვალისწინებით, „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ და იყო თუ არა „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“.
55. უპირველეს ყოვლისა, 2019 წლის 29 ნოემბრის მანიფესტაციის ზოგად კონტექსტთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს იყო პროტესტის სერია პარლამენტის მიერ მანამდე დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის ვერდამტკიცების წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფი 6ზემოთ; იხ. ასევე საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§5‑6). განსახილველ მანიფესტაციაში მონაწილეობით მომჩივანს სურდა, გამოეხატა თავისი უკმაყოფილება იმის მიმართ, რაც, მისი აზრით, წარმოადგენდა ხელისუფლების წარუმატებლობას ქვეყნის დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასთან დაკავშირებით. აღნიშნული იყო საზოგადოების ინტერესის საკითხი და ხელს იწყობდა საზოგადოებაში მიმდინარე დებატებს. შესაბამისად, ძალიან მტკიცე მიზეზები იქნება საჭირო, მანიფესტაციის დროს მომჩივნის მოსაზრებების გამოხატვის შეზღუდვის დასასაბუთებლად (შედარებისთვის იხილეთ საქმე Bumbeș v. Romania, no. 18079/15, §92, 2022 წლის 3 მაისი).
56. ამ ფონზე, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მომჩივანს შეეძლო ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოეხატა თავისი პროტესტი მაშინაც კი, როდესაც მან აშკარად გადაკეტა გზა ამ პროცესში, იმ მომენტამდე, ვიდრე ის ლობიოს შეაყრიდა პოლიციელებს და ეტყოდა, რომ ეს იყო. „მონების საკვები“ (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). როგორც ჩანს, მისი საქციელი გულისხმობდა, რომ პოლიციელები იყვნენ „მონები“. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც მოქმედებენ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესაბამისად, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო ზღვრებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები და გარკვეულ ხარისხამდე არაზომიერება შეიძლება მოხვდეს ამ საზღვრებში (იხ., მაგალითად, საქმე Gül and Others v. Turkey, no. 4870/02, §41, 2010 წლის 8 ივნისი, და საქმე Stomakhin v. Russia, no. 52273/07, § 106, 2018 წლის 9 მაისი.
57. თუმცა, მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მანიფესტაციის უფრო ფართო კონტექსტში (იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ) მომჩივნის ქცევა გულისხმობდა, რომ პოლიცია ემსახურებოდა ხელისუფლებაში მყოფებს და არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ქცევა არ შემოიფარგლებოდა სიტყვიერი გამოხატვით და მოიცავდა პოლიციელებისთვის საგნების – ამ შემთხვევაში ხმელი ლობიოს მარცვლების –სროლას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებს უნდა ჰქონოდათ გავლილი სასწავლო მომზადება იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ასეთ ქცევაზე, სადავო ქცევას ადგილი ჰქონდა საჯაროდ, გვერდით მყოფთა ჯგუფის თვალწინ, პოლიციელების მიერ მათი მოვალეობის შესრულების დროს (იხ. ასევე საქმე Janowski, ციტირებული ზემოთ, §34). ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ პრინციპი, რომ საჯარო მომსახურეები უნდა იყვნენ დაცული შეურაცხმყოფელი და სალანძღავი სიტყვიერი თავდასხმებისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (იქვე, §33), კიდევ უფრო აქტუალურია ისეთ საქმეებში, როგორიცაა წინამდებარე საქმე, რომელიც სცილდება სიტყვიერ გამოხატვას და გულისხმობს, როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლიციისთვის საგნების სროლას, მაშინაც კი, თუ ამ საგნების სროლა მიზნად არ ისახავს სამიზნისთვის საფრთხის შექმნას.
58. ამ ფონზე, სასამართლო აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გარდა მისი ქცევისა პოლიციელების მიმართ, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები ასევე ეხებოდა მომჩივნის დაუმორჩილებლობას მანიფესტაციის გამართვის ადგილზე, გზის გათავისუფლების ბრძანებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 20ზემოთ). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციამ დააკავა მომჩივანი მხოლოდ მისი სადავო ქცევის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 56 ზემოთ), რომელიც, ამასთანავე, იყო მის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების საფუძველი, სასამართლო მიიჩნევს, რომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სანქცია ძირითადად ეხებოდა პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ექსპრესიულ ქცევას, რომელიც – მიუხედავად ამით გამოწვეული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა – შედიოდა კონვენციის მე-10 მუხლის მოქმედების სფეროში
59. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების დისკრეცია გამოხატვასთან ან გაერთიანებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების დასჯისას თუმცა ფართოა, მაინც არ არის შეუზღუდავი და მან განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს საქმეები, რომლებშიც ეროვნული ხელისუფლების მიერ არაძალადობრივი ქცევისთვის დაწესებული სანქციები გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის სასჯელს (იხ. საქმე Taranenko v. Russia, no. 19554/05, § 87, 2014 წლის 15 მაისი). ეს იმიტომ ხდება, რომ სანქციის დაწესებამ, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ის, იმ პირის მიმართ, რომელიც თავის აზრს გამოხატავს, შეიძლება არასასურველი მსუსხავი ეფექტი იქონიოს საჯარო გამოსვლებზე (იხ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §103, შემდგომი მითითებებით; იხ. ასევე საქმე Bumbeș, ციტირებული ზემოთ §101). ამ კონტექსტში სასამართლოს არ შეუძლია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ მომჩივნის მანიფესტაციაზე ყოფნის ძირითადი მიზეზი იყო პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების მხრივ პარლამენტის წარუმატებლობასთან დაკავშირებით. მისი ქმედებები არც ძალადობრივი ყოფილა და არც პოლიციელებისთვის მიუყენებია რაიმე დაზიანება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზნად ისახავდა მათთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას. ამასთან, განსახილველ ქცევას არ გამოუწვევია ადგილზე გარემოებების ესკალაცია (შეადარეთ და შეაპირისპირეთ საქმე Osmani and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia (dec.), no. 50841/99, ECHR 2001-X). გარდა ამისა, მანიფესტაცია თავისთავად მშვიდობიანად მიმდინარეობდა და მასში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. თავისი სადავო ქცევით მომჩივანი – პოლიტიკოსი – როგორც ჩანს, გადმოსცემდა თავის აზრს, რომ პოლიციელები მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას, რომელიც წარმოადგენდა წარუმატებელი რეფორმის წყაროს (იხ. პარაგრაფები 55 და 57 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დასაბუთება არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც მომჩივნის მიერ თავისი შეხედულებების გამოხატვის მეთოდის გამართლება, უნდა გვახსოვდეს, რომ მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შინაარსს, არამედ მათი გადმოცემის ფორმასაც (იხ. საქმე Gül and Others, ციტირებული ზემოთ, §41).
60. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ მომჩივნის საქციელი გაამართლებდა ხელისუფლების ორგანოების ჩარევას (იხ. პარაგრაფი 57 ზემოთ), მათ უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გატარება წინამდებარე საქმეში გამოიყენებოდა ძირითადი თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, რაც განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. ამის საპირისპიროდ, ზემოაღნიშნული არცერთი ელემენტი არ ყოფილა განხილული, როგორც ეროვნული სასამართლოების დასაბუთების ნაწილი თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების დაკისრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ციტირებული საფუძვლები – მომჩივნის „პიროვნება“ და მის მიერ ჩადენილი საქციელის „სერიოზულობა“ – საკმარისი იყო, შემდგომი განხილვის გარეშე, რომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სანქცია მიჩნეული ყოფილიყო თანაზომიერ სასჯელად. კონკრეტულად, მიუხედავად იმისა, რომ მითითება მომჩივნის „პიროვნებაზე“ შესაძლოა ეხებოდეს წარსულში მის ნასამართლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო და მასთან დაკავშირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარდგენილ არგუმენტს (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ), არ ჩანს, რომ დაკმაყოფილებული იყო კანონით გათვალისწინებული პირობები ასეთი მოსაზრებების დამამძიმებელ ფაქტორად განსახილველად, რადგან მოქმედი სამართლებრივი დებულებები არ იძლეოდა ერთ წელზე უფრო ძველი ადმინისტრაციული სანქციების გათვალისწინების უფლებას (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). შესაბამისად, მხოლოდ ეს ელემენტი, სათანადო დასაბუთების გარეშე, არ იყო საკმარისი მომჩივნის არაძალადობრივი, თუნდაც, ხელისშემშლელი ქცევისთვის პატიმრობის სანქციის დაწესების გასამართლებლად. რაც შეეხება მომჩივნის ქცევის „სერიოზულობას“, როგორც ჩანს, ეს ეხება სასჯელის დაკისრების აუცილებლობას ზოგადად და არა არჩეული ზომის თანაზომიერებას და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად პატიმრობის ვადის – რამდენადაც ხანმოკლე არ უნდა იყოს ის – დაწესების გასამართლებლად, მომჩივნის მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელების კონტექსტში.
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მიზეზები წინამდებარე საქმეში ჩარევის თანაზომიერების დასასაბუთებლად.
62. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას, რომელიც იკითხება მე-10 მუხლის გათვალისწინებით.
III. საჩივრის დანარჩენი ნაწილი
63. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1(c) პუნქტის მიხედვით, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავება და დაპატიმრება 2019 წლის 29 ნოემბერს იყო მართლსაწინააღმდეგო და თვითნებური ქმედება.
64. სასამართლო აღნიშნავს, თუნდაც, თუ ვივარაუდებთ, რომ მომჩივანს არ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები მისი დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით, გასაჩივრებული პატიმრობა დასრულდა 2019 წლის 29 ნოემბერს (იხ. პარაგრაფი 18ზემოთ), ხოლო საჩივარი არ იყო შეუტანიათ 2020 წლის 19 ივნისამდე, როდესაც ექვს თვეზე მეტი დროს იყო უკვე გასული.
65. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის ეს ნაწილი შეტანილი იყო ექვსთვიანი ვადის ფარგლებს მიღმა და, შესაბამისად, უნდა იქნეს უარყოფილი როგორც მიუღებელი, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
66. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
67. მომჩივანმა მოითხოვა 10 000 (ათი ათასი) ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით. მას არ წარმოუდგენია რაიმე მოთხოვნა ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.
68. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო გადაჭარბებული.
69. სასამართლო სამართლიან საფუძველზე აკუთვნებს მომჩივანს 1200 ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე შეტანილ საჩივარს მისაღებად და საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად.
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას, წაკითხული მე-10 მუხლთან ერთობლიობაში.
3. ადგენს,
(a) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს 1 200 ევრო (ათას ორასი ევრო) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით;
(b) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
(c) უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ფორმით ეცნობა 2023 წლის 11 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ვიქტორ სოლოვეიჩიკი ჟორჟ რავარანი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე