“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ"
მიღების თარიღი 03.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №4/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.007.603
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 03/08/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №4/2005
2005 წლის 3 აგვისტო
საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
2005 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არა აქვთ საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება მიეცეთ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ვადებში განცხადებით მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად.
მუხლი 2🔗.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვროს:
ა) იმ პოლიტიკური პარტიებისათვის, რომელთაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (განცხადების წარდგენისთანავე ცესკოს მიერ ეძლევათ მხარდამჭერთა სიის ფორმა) – არჩევნებამდე არა უგვიანეს 54-ე დღისა (8 აგვისტო);
ბ) იმ პოლიტიკური პარტიებისათვის, რომელთაც ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (12 აგვისტო).
მუხლი 3🔗.
ცესკოს სათანადო სამსახურმა დასკვნა ამ დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული პარტიების განცხადებასა და თანდართულ საბუთებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს განცხადების შემოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
მუხლი 4🔗.
ამ დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული პარტიების განცხადებებსა და თანდართულ საბუთებში არსებული უზუსტობების შესახებ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წერილობით აცნობოს პარტიების წარმომადგენლებს დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღის 18 საათისა, ხოლო აღნიშნულმა პარტიებმა შესწორებული განცხადებები და თანდართული საბუთები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ მათთვის საბუთების დაბრუნებიდან ერთი დღის ვადაში, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 46-ე დღისა (16 აგვისტო, 18 სთ).
მუხლი 5🔗.
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პარტიებმა მხარდამჭერთა სიები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ არჩევნებამდე არა უგვიანეს 46-ე დღისა (16 აგვისტო, 18 სთ).
მუხლი 6🔗.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, რომელსაც არ აქვს გაუქმებული საარჩევნო რეგისტრაცია, 2005 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა (17 აგვისტო, 18 სთ).
მუხლი 7🔗.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ დადგენილების მე-5 მუხლში აღნიშნულ მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და სათანადო დასკვნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს სიების წარდგენის მომდევნო დღეს, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა (17 აგვისტო).
მუხლი 8🔗.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამ დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული პარტიების რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახურის დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა (17 აგვისტო).
მუხლი 9🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოადგილე ა. ღონღაძე
კომისიის მდივანი გ. ჩალაგაშვილი